ვაჟა ჯანდიერი ჩხუბობს


ირს დავარდნილი გივი მაჭავარიანი რამდენიმე წუთის შემდეგ მოვიდა გონს. ვაჟა ჯანდიერი ახლა მის ამხანაგს ეჩხუბებოდა. მისი დაძლევა დაღლილს ცოტა გაუჭირდა. ბოლოს დრო იხელთა და მარცხენა ხელი ყბაში მოარტყა, ის დაბარბაცდა, მაგრამ არ წაიქცა, მაშინ ვაჟამ მარჯვენა პირდაპირ მუცელში სთხლიშა. ისიც წამოწეულ გიას გვერდით გაიშხვართა. შორს ყვირილი და მილიციელის სასტვენის ხმა გაისმა. სამივე მოჩხუბარი უცებ მოვიდა გონს. წამში დაცარიელდა ის ადგილი. ახლა ფანჯრები ფართოდ გაიღო.
- იმან სცემა, იმ მამაძაღლმა, - თქვა ვიღაც კაცმა.
- მარჯვედ კი ურტყამდა, - დაუმოწმა მეორემ.
- აბა, კაცო.
- ფუ, საზიზღარი, ვერ წარმომიდგენია იმაზე დიდი სიმხეცე, რომ ადამიანს გაარტყა, - ანჩხლად მიხურა ფანჯარა დიასახლისმა.
ვაჟა მეორე ეზოდან გამოვიდა, ქუჩა გადაჭრა და პირდაპირ სადალაქოსკენ გასწია.
- გაუმარჯოს, - მიესალმა მოხუცი ოსტატი.
- როგორ ხართ, ძია რუბენ?
- ესე რა, დალაქივით. - იხუმრა მან და თვითონვე ჩაიხითხითა.
- გცალიათ?
- შენთვის ყოველთვის, პროშუ.
მთელი საათი კრიჭა “კლიენტი”, მერე გაპარსა და მხარზე ხელის დარტყმით გამოისტუმრა. მან თუმნიანი დატოვა მაგიდაზე. გამოსასვლელში დიდხანს იყურა სარკეში ბიჭმა, წარბებზე ხელი გადაისვა და გარეთ ნასიამოვნები გამოვიდა.

(1956 წლის შემოდგომა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი