ვაჟამ ქუჩა გადაჭრა..


ვაჟამ ქუჩა გადაჭრა, ქვაფენილზე ავიდა და “გამაგრილებელი წყლების” კედელს მიეყუდა. მზემ ის იყო გამოანათა, ღრუბლები გაფანტა და ახალ ნაწვიმარ ასფალტს მწვავედ დააცხუნა. ქვაფენილებიდან, სახურავებიდან, ცალკეული ხეებიდან თუ ხეივნებიდან სწრაფად დაიწყო წვიმის წვეთების აორთქლება. რამდენიმე ხმამაღლა მოლაპარაკე ბიჭი კაფედან გამოვიდა; ნავაჭრით დატვირთულმა დიასახლისმა ქოლგა დაკეცა, მერე ლავგარდანის ქვევით მშრალ ადგილზე დადებული ჩანთა აიღო და ქუჩას აღმა აუყვა. აივნის ქვევით მდგარმა წყვილმა ქვაფენილი სწრაფად გადაირბინა, მერე ბიჭი გოგოს მიეხმარა ახლად დაძრულ ტროლეიბუსში ახტომაზე, შემდეგ თვითონაც შეახტა და კარები გაღებული დაიჭირა, რომელშიაც კალოშების ტყაპატყუპით შეხტა ჩასუქებული, რომელიღაც დაწესებულების თანამშრომელი. “მე არ მინდა აბაზი, ქალი მინდა ლამაზი”, გაისმა გოგო-ბიჭის ჩახრეწილი, წვრილი, ნახევრად მომღერალი ხმა. ახლად ამხტარმა ძიამ უბეში ღრმად ჩაიყო ხელი, მანეთიანი ამოიღო და კონდუქტორს გაუწოდა.
- მე მოედნამდე მომეცით.
- ბიძიქო, მომეცით ერტი ქაპიკი, - დაეღმანჭა მომღერალი მათხოვარი ბიჭი.
- ქაცო, შაური მოგვეცი. - გამოეხმაურა გოგონაც და საცოდავად შეხედა თვალებში.
მსუქანმა ბიძამ კონდუქტორს ბილეთი გამოართვა და უთხრა:
- ხურდა მაგ მამაძაღლებს მიეცი, ცოდოები არიან.
კონდუქტორმა ალმაცერად გადახედა მათხოვრებს, მერე დარჩენილი ორმოცი კაპიკი ხურდიდან აბაზი თავის ჩანთაში ჩააგდო მოხერხებულად, ხოლო აბაზი გაბუტული სახით მისცა გაზუმპულ ბავშვებს.
ვაჟა დახუთულმა ჰაერმა შეაწუხა, კაფეს წინ გაიარ-გამოიარა, ბოლოს გადაწყვიტა შიგ შესვლა და კარი შეაღო. შუა ზაფხულში შავ ჯემპრეში, დახეულ სათხილამურო ფეხსაცმლებში და გახუნებულ “ბუტილკა” ყავისფერ შარვალში გამოწყობილ მომხმარებელს გამაგრილებელი წყლების გამყიდველმა ამრეზილად შეხედა. ვაჟა კუთხეში მიჯდა და დიდი, ფართო ფანჯრიდან ქუჩას დაუწყო ყურება, მერე მზერა მოპირდაპირე სახლის ფანჯარაზე გადაიტანა. “ახლა სამის ნახევარი იქნება, დრო კიდევ მთელი საათი მაქვს, ალბათ, ოთხის ნახევარზე ნანულის დედა საავადმყოფოში წავა თავის ქმართან, მაშინ კი ავალ ზევით. ოჰ, რას დავუკოცნი ტუჩებს, უჰ, რა მკერდი აქვს, დედამისსა ჰგავს ვნებიანი გამოხედვით”. ამ მოგონებაზე ვაჟას გააჟრჟოლა, მერე პაპიროსი ამოიღო, ასანთს მოუკიდა, მიიტანა პირში ჩადებულ “პრიმასთან” და ნერვიულად გააბოლა, “აუჰ, რა მოიცდის კიდე ერთ საათს.”- ახლა მოუთმენლობა დაეტყო ვაჟას.
- მოქალაქევ, აქ მოწევა არ შეიძლება, კედელზე ნახეთ წარწერა. - მკვახედ უთხრა გამყიდველმა და ხნიერ კაცს, რომელმაც წესრიგის დამრღვევ ახალგაზრდას ზიზღით გადახედა, კრემსოდის მხოლოდ ნახევარი ულუფა ჩაუსხა ჭიქაში, მერე გაზიანი წყალი დაუმატა და ღიმილით გაუწოდა.
- გმადლობთ, - ზრდილობიანად უთხრა მომხმარებელმა, ნახევარი ჭიქა ძლიერ გაზიანი კრემსოდა მოსვა და ამოისუნთქა, მერე საუბარი განაგრძო:
- აუტანელი ახალგაზრდობა იზრდება პირდაპირ, ქალბატონო, ოი, ოი, ოი!
- და, და - უნაკლო ზრდილობით უპასუხა ჩასუქებულმა წყლების გამყიდველმა და ყალბი თანაგრძნობით შეხედა ხნიერ კაცს. ამ უკანასკნელმა დარჩენილი წყალიც შესვა, გაზი საგრძნობლად გასვლოდა, ახალგაზრდას კიდევ ერთხელ შეხედა, რომელსაც პაპიროსის ჩაქრობა უკვე მოესწრო და გარეთ გავიდა.
ვაჟამ ცოტა ხანი კიდევ გაძლო მჯდომარემ, მერე წამოდგა და გამყიდველს სთხოვა, მარტო გაზიანი წყალი დაესხა. ამ უკანასკნელმა არც კი მიხედა, ისე დაუსხა და წინ დაუდგა მარმარილოს დახლზე, გაზიანი წყლის წვეთები ძირს გადმოიღვარა. ვაჟას არც კი შეუხედავს გამყიდველისათვის, ჭიქა აიღო, სულმოუთქმელად გამოცალა, მერე ათი კაპიკი დაუდო დახლზე და გარეთ გამოვიდა.
კაფეს მარჯვნივ, სახურავის თავზე დადგმული დიდი საათის ისარი უკვე სამ საათს უჩვენებდა.
შუა ქუჩაში რახრახით მოდიოდა ტრამვაი, ვაჟამ პაპიროსს მოუკიდა და გაქანებულ ვაგონს შეახტა. “ახლა სამი საათია,” ფიქრობდა იგი ”სანამ ეს ბოლომდე მივა, ათი წუთი უნდა, იქ ერთი ხუთი წუთი იდგება, უკან გზაზეც ათი წუთი, მოკლედ, ნანულის სახლთან დროზე ვიქნები.”
ტრამვაიმ ცენტრალური ქუჩიდან გადაუხვია და ქვევით დაეშვა. “ეს ერთი გაჩერება,” გუნებაში გაიფიქრა ვაჟამ, ფანჯარასთან გათავისუფლებულ ადგილზე დაჯდა და ფიქრი განაგრძო.
ზუსტად ოთხის ნახევარზე ვაჟამ ნანულის კარებთან ზარი დარეკა. ცოტა ხნის მერე დერეფანში მოისმა ნაბიჯების ხმა და ვიღაც კაცმა კარები გააღო.
- გამარჯობათ, ახალგაზრდავ, თქვენ ვინ გნებავთ? - ბოხი ხმით იკითხა მან და უცნაურად ჩაცმულ ახალგაზრდას ეჭვის თვალით შეხედა.
- მამა! მამა! - მოისმა ოთახიდან ხმა და მალე დერეფანში გამოჩნდა ცხრამეტი წლის გოგონა. - ეს ვაჟაა, მამა, ჩემთან სწავლობს. - მერე ვაჟას მიუბრუნდა:
- ვაჟა, გაიცანი, ეს მამაჩემია. დღეს დილით გამოეწერა საავადმყოფოდან.
- შემობრძანდით, ახალგაზრდავ, ოთახში. - მიმართა ნანულის მამამ და ახლა უკვე მის სამოსს თანაგრძნობის თვალით შეხედა.
- არა, გმადლობთ, მე ცოტა ხნით შეგაწუხეთ. ნანული, პოლიტეკონომიის კონსპექტი მინდოდა.
- ახლავე, ვაჟა.

 1956 წ. 28 მარტი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი