ვერაგობა და სიყვარული


ოთხი ამბავი ერთი ხელის მოსმით
(ნაწერი შუა ღამეს ქორწილის შემდეგ)

გაზაფხულდა ბუჩქის ძირას
თავს იწონებს - - - - - - -
- - - - - - - - - - - - - -
- - - - - - - - - - - - - -
ძია გოზალოვი

დილით ოპერაციაა

- რა?
- წყალი.
- რად გინდა?
- მწყურია.
გურამმა პატარა ჭიქით წყალი მოიტანა. ციცკამ დალია.
- კიდე გინდა?
- არა.
გურამი ფეხთით დაჯდა. გოგომ საბნიდან ხელი ამოიღო. ბიჭმა თავისი დიდი ხელი დაადო მის თეთრ ხელს; მერე ცოტა მოუჭირა. პალატაში მორიგე ექიმმა შემოიხედა.
- დილის ოთხი საათია.
- ჰა?
- ოთხი საათია.
ციცკას ხელი სულ მოუდუნდა. გურამმა უფრო მოუჭირა.
- მტკივა.
- გაგიშვა?
- არა.
- აბა?
- იყავი ეგრე.
- გტკივა?
- არა.
გურამმა უფრო მოუჭირა.
- არც ახლა გტკივა?
- ჰო.
- გაგიშვა?
- არა.
პალატაში ისევ შემოიხედა მორიგე ექიმმა.
- დაიძინეთ, - თქვა მან.
- მძინავს, - თქვა ციცკამ.
- დილით ოპერაციაა, - თქვა ექიმმა.
- ოჰ, - ამოიოხრა გოგომ.
- გეშინია?
- ჰო.
- ძალიან?
- ჰო.
- ნუ გეშინია.
- კარგი.
გურამმა ხელი გაუშვა და ხელზე დაუწყო ფერება.
- არ წახვალ?
- არა.
გურამი დაიხარა და შუბლზე აკოცა.
- დილით ოპერაციაა, - გაიმეორა მორიგე ექიმმა.

წელი 1957. [თებერვლის] 10. დილის 430.

* * *
სურათში ყველა ლამაზია, - თქვა გურამმა.
- ჰო, - თქვა ციცკამ.
- თუმცა, დათო პირიქით გამოდის.
- დათო კი.
ოთახში საათის ტიკტიკი არ ისმოდა. მაღვიძარა მეორე ოთახში იდგა.
- რა დროა? - იკითხა გოგომ.
ბიჭი ზლაზვნით ადგა.
შემდეგ მეორე ოთახში გავიდა.
ბნელოდა.
ასანთს გაჰკრა.
საათი როიალის თავზე იდგა. ისევ გამოვიდა.
- რა დროა? - იკითხა ციცკამ.
- ოთხი საათია. - თქვა გურამმა.
- დავიძინოთ, - თქვა ციცკამ.

წელი 1957. თებერვლის 10. დილის 435.

მილიციელი ვანო

მილიციელი ვანო იდგა ქუჩის კუთხეში. “გუშინაც ამ დროს აიარეს”, გაიფიქრა გულში, მერე იარაღი მოსინჯა. ორივემ უხმოდ ჩაიარა.
ზამთარი იყო:
მაინც თბილოდა.
მილიციელი ვანო იდგა ქუჩის კუთხეში და არაფერზე არა ფიქრობდა. დილით განყოფილებაში მორიგეს ჩააბარებდა ანგარიშს: შემდეგ მთელი დღე თავისუფალი ჰქონდა.
ზევიდან ცხენოსანი მილიცია მოდიოდა. დიდი ულაყები მძიმედ ადგამდნენ ფეხებს: ღამე კარგად ისმოდა ფლოქვების ხმა.
- როგორი ღამეა? - იკითხა ერთმა ცხენიდან.
- კარგი, - თქვა ვანომ.
- მაშ, კარგია, - თქვა მეორემ.
- ჰო, შემთხვევა არ მომხდარა.
- მე სითბოზე გეუბნები.
ვანომ ვერ გაიგო.
- თბილა-მეთქი, - გაიმეორა უკვე ჩავლილმა.
ფლოქვების ხმა ნელ-ნელა მიწყნარდა. მერე სულ გაქრა.
“კარგი ღამეა”, ფიქრობდა ვანო. “შემთხვევა არ მომხდარა, ხომასურიძე კი სულ სითბოზე ფიქრობს, მაინც უმართლებს”. რატომღაც გული დასწყდა. ქუჩის ბოლოში ცოტათი მოუბერა ქარმა. პირდაპირ ეზოში ხალხი გამოვიდა. ვიღაცამ მაღალი ხმით დაიწყო “გოგონიავ, კისკისა”. “გოგონიავ კისკისა”, აიტაცეს სხვებმა. სიმღერა გახურდა. “გოგონიავ, კისკისა, კისკისა, აქ ჩამოდი წყლის პირსა”. გაისმა ტაში. ახმახმა ჩამოუარა.
“მშვიდობიანი მოსახლეობის მყუდროებას არღვევენ”, გაივლო ვანომ: ადგილიდან არ დაძრულა.
ახლა ქუჩაში გამოვიდნენ სიმღერით. მილიციელის დანახვაზე ხმას დაუწიეს: ჩაიარეს; ქუჩის ბოლოდან ისევ მოისმა “სათამაშო და ვაშლი მქონდა შენკენ გადმომიგორდა”.
“ჩემს უბანზე შემთხვევა არ მომხდარა”, ისევ გაიფიქრა ვანომ.
სადღაც გათენდა.

წელი 1957. თებერვლის 10. დილის 9-920.

***
- რამდენი წლისაა ჰამლეტი?
- რამდენის იქნება?
- რვის.
- არა, ოთხისაა.
- ამხელა? - ვანომ ყანწი მარცხენა ხელში გადაიტანა, მერე ლოყაზე უჩქმიტა პატარას:
ბავშვი აჩხავლდა.
- ასეთია, - თქვა დედამ.
- ბრაზიანია? - ხმას დაუწია ვანომ.
- მამამისს ჰგავს.
- მამამისს?
ვანომ ქეთოს სავსე მკერდისაკენ გააპარა თვალი.
- ოჯახის ყველა წმინდებს შეეწიოს ამ ოჯახს ყველა წმინდა, ყოველივე კარგს ყოველივე ჯანმრთელობა ვუსურვოთ.
- ყველა წმინდას.
- საყველაწმინდაო იყოს.
სუფრა აირია.
- ძაან ბოვში გყავს, ქეთო.
- რას ვიზამ.
- ვასო სადაა?
- მივლინებაში.
- რა ხნისაა ბოვში?
- შე კაცო, თამადა შენ იყავი და
- დიდს გავს უფრო.
- მრავალ დაბადების დღეს დაასწროს! - ნათლიამ ლოყაზე აკოცა ქეთოს.
- გამოიარეთ შენ და ვასომ.
- როცა ჩამოვა, კი.
- გმადლობთ, გმადლობთ.
გათენდა.
- ძაან ბოვში გყავს-მეთქი.
- პაპამისს ამსგავსებენ.
ვანომ ისევ შეავსო ყანწი.
დალია.
- ქეთო,
- რა?
- აქედან ისე ნუ წამიყვან, ერთჯელ რომ არ მაჩვენო კიდევ.
- ვინ?
- ჰამლეტი.
- სძინავს.
- საძილეში არ შეიძლება შესვლა? - გამოაჩინა კბილები ვანომ.
ქეთო შეუძღვა.
- ხედავ? - თქვა ეთერმა.
მიშამ თევზის ნაჭერი ჩაიდო პირში.
- რას?
- იმათ.
- ჰო.
- კარგი ქალია ქეთო, ჰა, ჰმ.
- ეგ ვანო ვინაა.
- რომელი?
- ჩვენი დღევანდელი თამადა.
ქეთომ და მიშამ ერთმანეთს შეხედეს, მერე ქეთომ თავი დაუქნია.
უკვე კარგად გათენდა.

წელი 1957. თებერვლის 10. 920-935.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი