ზამთარი იწყება


- გაამოს, გაამოს! - ძია ვალიკომ ვამეხს კისრიდან თმის ღერები ამოუყარა და მხარზე ხელი დაარტყა. ვამეხი წამოდგა, თეთრი საყელო ამოიწია, მერე მაკრატელი აიღო ულვაშების შესასწორებლად. ბოლოს ნასიამოვნები მოშორდა სარკეს, დალაქს გაუღიმა და მაგიდაზე ქვითართან ერთად თუმნიანი დატოვა. ვალიკომ ფულს სიამოვნებით დახედა, შემდეგ უჯრაში ჩააგდო. სხვა დალაქებმა შურით გადმოხედეს.
- ძაან იხარჯება, აი. - თქვა ერთმა.
- შნო აქ და...
ვამეხი, ახალ პალტოში გამოწყობილი, მსუბუქი ნაბიჯებით გამოვიდა ქუჩაში, ჯიბიდან სამმანეთიანი ამოიღო. კიბესთან მჯდარმა მათხოვარმა სიამოვნებით დაახამხამა თვალები, მადლობითა და ლოცვით აავსო ჭაბუკი.
- დებო და ძმებო, მამებო და დედებო, მოიღეთ მოწყალება, ვისაც რამდენი შეგიძლიათ, თქვენი გარდაცვლილების საცხონებლად, ცოცხლების სადღეგრძელოდ.
ჭუჭყიან ქუდში დროგამოშვებით ცვიოდა ხურდა ფული. მათხოვარს მოჭრილი ხელი დალურჯებოდა სიცივისაგან. ჩოფურა სახეზე წვერი მოშვებული ჰქონდა. ნიკაპთან, ბალნის ქვევით, დაწითლებული ძირმაგარები მოჩანდნენ. მან ჭუჭყიანი, ორთითა ხელით აიღო ძირსდაცემული აბაზიანი, ქუდში ჩააგდო, მერე შავი ფრჩხილებით მოიფხანა კეფა. სახე მოეღუშა. ნელა წამოვიდა თოვლის ფიფქები. მალე ბარდნა დაიწყო.
გამვლელებს ღიმილი ჰქონდათ სახეზე.
სკოლიდან გამოსული ბავშვები ყიჟინით შეეგებნენ პირველ თოვლს.
შავი კატის ქურქიდან გასათხოვარმა გოგონამ ზარმაცად ამოიღო ხელი და ათკაპიკიანი გადაუგდო მათხოვარს.
ბავშვებმა ჟრიამული შეწყვიტეს მისი გალურჯებული შიშველი ხელის დანახვაზე. მეხუთე კლასელმა კრავაიმ ნახევრადშეჭმული ფუნთუშა გაუწოდა. მათხოვარმა ღიმილით ჩამოართვა. ბავშვებმა ჟრიამული გააგრძელეს. მან ფუნთუშის ნატეხს დახედა, მერე დააფურთხა და შორს მოისროლა. ზოზინით წამოდგა. თოვლს უკვე მოესწრო მისი ძონძების დაფარვა. უახლოესი სასადილოს კარი შეაღო.
- კიდევ შემოხვედი?
- გადი ახლავე!
- აჰა, პური.
ეძგერნენ მიმტანები მათხოვარს. ის მოლარესთან მივიდა და ხუთი თუმნის ხურდა ქაღალდის ფულად აქცია. მომტანებმა ერთმანეთს გადახედეს.
- ნახეთ, რამდენს აგროვებს?
- აბა, კაცო!
- ცხოვრობს ბედნიერად, არაფერს არ აკეთებს.
- მათხოვრობასაც რამე უნდა.
ხმამაღლა ბაასობდნენ მოლარე და ერთი მიმტანი, მერე მიმტანი მიუბრუნდა კუთხეში მდგარ მათხოვარს:
- მიდი, მანდ დაჯექი, კუთხეში.
მათხოვარი ხმის ამოუღებლად გამოვიდა გარეთ. ფეხის ათრევით მივიდა გაჩერებასთან, შიშველი მკლავი ისევ გამოაჩინა და რონოდაში ავიდა. საგზლით დატვირთული ხალხი ღიმილით უყურებდა თოვლის ფართო ფიფქებს. მან კიბიდან გამოიხედა, ღრმად ჩაახველა და გადააფურთხა. ახლადდადებულ თოვლს ყვითლად დააჩნდა ნახველი, შემდეგ ფიფქების ნაკადმა მსუბუქად დაფარა. მალე მისი ნასახიც გაქრა.
მათხოვარმა წამით შეავლო თვალი მგზავრებს. შიშველი, ძირამდე წაჭრილი მკლავი ააძაგძაგა და ქუდი მოიხადა.
- მართალია, ქართველი კაცი, - ჩახრეწილი, გაბმული ხმით დაიწყო მან, - არ უნდა მათხოვრობდეს, მაგრამ მაპატიეთ, - ყალბი ცრემლები მოერია, - მე, ბიძინა ღლონტი, ორჯერ ცოცხლად დამარხული და ორჯერ გადარჩენილი, სამამულო ომის ინვალიდი.
ხალხი შეიშმუშნა. მაღალმა, წითელ ყელსახვევში და თბილ რატინის პალტოში გამოწყობილმა კაცმა მანეთიანი ჩაუდო ქუდში. მერე სწრაფად მიბრუნდა. ქალები ორი თითით უგდებდნენ ხურდას. ვიღაცა შავებში გამოწყობილმა მოხუცებულმა ხუთმანეთიანი აჩუქა. ერთხანს უყურა, ბოლოს ოდნავი ზიზღით მანაც იბრუნა პირი.
მესამე გაჩერებაზე ჩავიდა ღლონტი, თან ხელით მოსინჯა შეგროვილი დავლა. შობა დღე იყო.
ბიძინამ ყრუ სასადილოში შეუხვია.
ხალხი მხიარული შეექცეოდა სასმელს.
მიმტანებმა ამრეზილად შეხედეს მათხოვარს, მერე მოლარემ კიდევ ასორმოცდაათი მანეთის ხურდა გაუმსხვილა.
ჯერ არ დაღამებულიყო, ისე შეაგროვა ორასი მანეთი. ღლონტი მარტოკა მიუჯდა სუფრას და არაყი მოითხოვა მწვადთან ერთად.
დახლიდარმა ზიზღით გადმოხედა, მერე მაგიდასთან მჯდარ ნაცნობს ჩაულაპარაკა:
- ფული არ უნდა მისცე მაგ მამაძაღლებს, მწვადებს შეექცევიან.
- აბა, მაგათ რო ფული აქვთ, ტყუილია.
- არამია მაგათზე, - ჩაერია მიმტანი ქალი საუბარში.
ღლონტი კი იჯდა და ჩუმადა ჭამდა მწვადს, ზედ არაყს აყოლებდა. შეთვრა. დახლიდარი მიუახლოვდა მის მაგიდას, გაბრაზებით წარუდგინა ანგარიში.
- ოცდაათი მანეთი და ორმოცი კაპიკი.
ღლონტმა სუფრაზე ოცდაცამეტი მანეთი დადო. დახლიდარს არც შეუხედავს მისთვის, ისე გადათვალა ფული და ჩაიდო ჯიბეში.
გარეთ თოვლი ისევ ბარდნიდა.
ბიძინამ ისევ გამოაჩინა მკლავი.
ხმა მოემატა. დამთვრალი ოდნავ ბარბაცებდა.
ვიღაცა ბიჭმა ფული გაუწოდა, მაგრამ ამხანაგმა გამოსტაცა და ჯიბეში ჩაუდო.
- არ უნდა მისცე მაგ გაფუჭებულებს.
- რატო, კაცო?
- ვერა ხედავ, ფეხზე ძლივსა დგას. მაგ ფულებითა ლოთობენ.
ბიჭებმა მზერა მაღალწელიან გოგონაზე გადაიტანეს, მერე სასადილოში შევიდნენ.
- ნახევარბოთლიანი კონიაკი და მწვადები. - მოითხოვა ერთ-ერთმა. მიმტანი ღიმილით გავარდა დახლიდარისაკენ.

წელი 1956. ნოემბრის 3. 11 - 12.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი