ზღვა არცთუ ისე ღელავდა..
ზღვა არცთუ ისე ღელავდა და ტალღები იყო ხშირი და პატარა. ცაზე ღრუბელი ჩანდა რუხად, მისგან წყალსაც ნაცრისფერი ჰქონდა, ნაპირიც ჩაბურული იყო. ნაპირზე ლოდებს შუა ქვიშა ეყარა, მერე კლდიანი ფერდა იწყებოდა მწვანე ტყემდე. ერთ ლოდიანზე ორი შარვალი ეგდო და ერთი მწვანე ხალათი, ქვევით ქვიშაზე ფეხსაცმელები ეყარა, იქვე ეგდო მეორე ხალათი, დიდ კარტუზიანი ქუდი და წინდები. ტალღები თითქმის ხალათამდე უწევდნენ, შემდეგ ქვიშაში ჩადიოდა მლაშე წყალი, ისევ გადმოდიოდა ხალათამდე და ცოტას ასველებდა, ხან არ ასველებდა. ხალათი იყო მოწითალო, მხოლოდ მისი წყლისაგან დასველებული ნაწილი ყავისფერი ჩანდა. შორს, იქით, ზღვა იყო რუხი. ტალღები არ იყო დიდი. მხოლოდ წყალი მოჩანდა უსასრულო, წყნარი და საშიში. ნაპირიდან შორს არაფერი არა ჩანდა, არა ჩანდა იმიტომ, რომ შორს საერთოდ ძნელია რაიმეს დანახვა, არც იყო რაიმე დასანახი. იქ ერთი იხრჩობოდა, მეორე კი მოცურავდა. ის, რომელიც იხრჩობოდა, მარცხენა ხელით იყო ჩამოკიდებული იმის მხარზე და მარჯვენა ხელ-ფეხს გაჭირვებით უსვამდა. მარცხენა ფეხის ტერფი მოკრუნჩხული ჰქონდა; მერე შეუმჩნევლად მუხლიც მოეკრუნჩხა. ტკივილმა იმატა და მარჯვენა ფეხზეც გადავიდა. ის, რომელიც მოცურავდა წყალზე, მხოლოდ ნახევრად იწვა. ფართე, ირიბად დაქანებული პირით ღრმად ისუნთქავდა ჰაერს, ამოსუნთქული ჰაერი წყალში შედიოდა, მერე ბუშტებად ამოდიოდა ზედაპირზე. გრძელი თმები პირში ჩადიოდა, შემდეგ წყალში იშლებოდა და შესუნთქვისას ისევ ეკრობოდა სახეზე. სახე გვერდზე ჰქონდა მოღრეცილი. თმებისგან თვალები თითქმის არ უჩანდა. “გავიყვან თუ არა”, ფიქრობდა. ის კი სულ მძიმე ხდებოდა. სულ უფრო მაგრად გრძნობდა მის ხელს მხარზე. მერე ხელმა ზევით აიწია და კისერზე დააწვა. ტალღები კი ადიოდნენ მაღლა ოდნავ, აკეთებდნენ პატარა ღარს, მიდიოდნენ ნაპირისკენ. ნაპირზე ლოდები ეყარა და ისევ უკან აბრუნებდა ტალღებს. მარჯვენა ხელი ახლა უფრო მჭიდროდ მოეხვია ყელს. ყელი დაიძაბა. “გავიყვან თუ არა”, ფიქრობდა ის, მერე უფრო მოეხვია ყელს და ნელა დაძირა. თმები წყალში გაიშალა, მერე წყლის ზევით ამოსულ სახეს მიეკრა. ახლა თვალები მთლიანად დაფარა. რუხი შავად იქცა. მან ცალი ხელი ტალღებს გაუშვა, ძლივს გადაიწია თმა უკან. უცებ ჩაიძირა ორივე წყალში. ახლა მას მისი მარჯვენა ყელზე უჭერდა, ხოლო მარცხენა მაჯაში ჩასჭიდებოდა და სძირავდა. “გონება დაკარგა, მახრჩობს”, გაიფიქრა მან. სცადა ხელის განთავისუფლება, ხელმა მაჯაზე უფრო მოუჭირა. “მეც მახრჩობს”, გაიფიქრა ისევ და დაქაჩა. ისევ ჩაიძირნენ ორივენი წყალში. მერე მაჯა გაითავისუფლა. გაცურა. ისევ ჩამოეშალა თმა. ნელა წავიდნენ ქვევით. ახლა თმებში სტაცა მან ხელი. მლაშე წყალი სამ მძიმე ყლუპად გადავიდა ყელიდან მუცელში. “მეც მახრჩობს, მახრჩობს, მახრჩობს”, დაუტრიალდა თავში და თავისუფალი ხელი მუცელში ჰკრა. უფრო ქვევით წავიდნენ. უფრო მაგრა მოუჭირეს მაჯაში. კიდე ჰკრა მუცელში ხელი, მერე ფეხი. ახლა ყელი გაუთავისუფლდა, შემდეგ დაბნელდა. ერთი ნელა ჩაეშვა კიდევ უფრო ქვევით, მერე წყლის შუაში გაჩერდა, მერე სულ გაჩერდა. მეორის ფეხები კი რამდენჯერმე მოიხარა, დაეხეთქა წყალს და ზევით წავიდა. იქ, ზედაპირზე, ზღვა რუხი იყო და იყო ჰაერი. ჰაერი უჩვეულოდ დიდი, ვრცელი, ცივი და გემრიელი. აქ იყო ჰაერი. ის ფილტვებში ჩადიოდა. გულს ამუშავებდა. გული სცემდა ჩქარა, ხმაურით. “გავცურავ, გავცურავ”, ფიქრობდა ის. იწვა წყალზე. მიცურავდა. ზღვა კი არცთუ ისე ღელავდა და ტალღები იყო ხშირი და პატარა. სადღაც ლოდიანი ნაპირი მლაშე წყალში ჩადიოდა. მერე ეყოფოდა. ზევით კლდიანი ფერდა ადიოდა, ქვევით დიდ ლოდზე ისევ ეყარა ტანისამოსი, ქვიშაზე დაგდებული მოწითალო ხალათი დასველდა. ის სულ ყავისფერი ჩანდა. ახლა ტალღა უფრო ზევით იწევდა. ნელა იჟღინთებოდა წყლისგან ფეხსაცმელიც, შემდეგ ხალათი ამსუბუქდა ტალღაზე, ტალღა წავიდა ზღვაში და ის ისევ მიეკრო ქვიშას. შემდეგმა ტალღამ უფრო აამსუბუქა ის, მერე ისევ მიეკრო. როცა ტალღა მთლიანად შევიდა შიგ, ხალათი აიწია წყალზე და გაჰყვა ზღვაში. ზღვა რუხი და დიდი იყო. ხალათიც გახდა რუხი, ზღვისფერი, დიდი და უჩინარი. ის იდგა იქვე ახლო ლოდიანებთან, მუხლამდე წყალში, და გრძნობდა, რომ გადარჩა. გრძნობდა, რომ გადარჩა. მეტს ის ვერაფერს ვერა გრძნობდა. მერე კიდე იგრძნო, რომ გადარჩა, “გადავრჩი”, გაიფიქრა. და კიდევ გაიფიქრა, რომ უსათუოდ უნდა გადარჩენილიყო და ამაში არ იყო არაფერი საკვირველი. “რა საკვირველია, როგორ გადავრჩი”, ფიქრობდა მისი გონება. მერე ფეხები წყლიდან გამოვიდნენ. ის ლოდზე ეგდო და მძიმედ სუნთქავდა. ლოდი დასერილი იყო. ზურგს უჭრიდა. ის ღრმად ქშინავდა და ვერაფერს ვერა გრძნობდა, მერე იგრძნო და გადმოწვა ქვიშაზე; ქვიშა იყო რბილი და მაგარი. ის იწვა. ქვიშა რბილი იყო და არ იძირებოდა ქვევით. ტალღა კი ხან მატულობდა და ხან კლებულობდა. შემდეგ იმატა. წყლის მოხვედრისაგან ის წამოჯდა და ზღვაში დაიწყო ყურება. იქ არაფერი არა ჩანდა. ის წამოდგა და ორჯერ დაიყვირა. ხმა შორს გაიშალა სუსტად. “არ ღელავს”, გაიფიქრა მან. მერე ძუნძულით გაიქცა ნაპირზე. “უუ”, ყვიროდა ის, შემდეგ კლდეს აუყვა. კლდე წვეტიანი იყო და ფეხებიდან სისხლი სდიოდა. “ოო”, ყვიროდა ის. იქ არავინ არ იყო. ახლა ისევ ზღვისკენ გაიქცა. შეცურა და ისევ გამოვიდა. “დაიხრჩო, დაიხრჩო, შეიძლებოდა გამომეყვანა”, გაურბინეს თავში. ახლა გონება მუშაობდა. “იმისი ბრალი იყო”, ფიქრობდა ის. “ისე შორს არ უნდა შესულიყო, მერე მაჯაში მტაცა ხელი”, გონება მუშაობდა. “ჩემი ბრალია, არ უნდა შევყოლოდი, იმისი ბრალი იყო, არ უნდა ეტაცა ხელი მაჯაში, არ უნდა ეტაცა, მეც ვიხრჩობოდი, არა, ჩემი ბრალია, უნდა დამერტყა მუცელში, ის გონებას დაკარგავდა, დავარტყი კიდეც, შემდეგ თმებით უნდა გამომეთრია. ჩემი ბრალია, ჩემი, არა, იმისი ბრალია, მე ძალა აღარ მეყო, მე ძლივს გამოვედი, ხო, რაც შემეძლო, მომყავდა, რაც შემეძლო, მაინც უსინდისო ვარ, როგორ, ჩემ გვერდზე დაიხრჩო, ნეტა მეც დავმხრჩვალიყავი, ნეტა. მაგრამ არ დავიხრჩვი. როგორ გავარტყი მუცელში ხელი და დავტოვე, თუმცა რა მექნა, არა, იმისი ბრალიც არის, იმისი ბრალიც კი არა, იმისი ბრალია, თუმცა რა ექნა, დაიღალა, აღარ შეეძლო, დაიხრჩო. მე შევძელი და გამოვცურე, რა ჩემი ბრალია, ის ვერ გამოვიყვანე, ხომ მინდოდა, მომყავდა, მერე ის მეც მახრჩობდა, ის დაიხრჩო, მეც ხო არ დავიხრჩობოდი, ჰა, რო დავმხრჩვალიყავი”? ის წამოხტა და ისევ დაიწყო ყვირილი. ხმა ზღვაში იკარგებოდა. არავინ არის ახლო, ესეც ბედია, ის დაიხრჩო, მკვდარსაც ვერ იპოვიან, მე გავუკეთებ საფლავს, ზედ დიდ ლოდს დავდებ მისი პროფილით, რა პროფილი ჰქონდა მერე, კეხიანი ცხვირი და დიდი შუბლი, ნეტა მეც დავმხრჩვალიყავი, ალბათ არ შემეძლო დახრჩობა, არც მესმოდა არაფერი. ზღვა უფრო რუხი ხდებოდა, ღრუბელი შავი იყო, კლდეც მოშაო გახდა. ჩამოიბურა. ის იჯდა და არაფერზე არა ფიქრობდა, მერე გაიფიქრა, “რა ნათელი ღამე იცის ზღვაზე ღრუბლიან ღამეშიც კი, ნეტა ტანისამოსი სად არის”. ტანისამოსი ლოდზე ეყარა. ის მივიდა და ჩაიცვა. ჯიბეში, მოაგონდა, რომ პაპიროსი ჰქონდა, მაგრამ ის იქ არ იყო, მერე ხალათი მოსინჯა და პრიმა ამოიღო, ასანთი ნესტიანი იყო და არ ეკიდებოდა. “რა ვუთხრა სახლში, საერთოდ როგორ მოვყვე. დაიჯერებენ ნეტა? ჰა? იქნებ არც დაიჯერონ. მაშინაც ასე იყო. მანქანა მე მომყავდა, რეზო მოკვდა. ის ჩემ გვერდზე იჯდა, მე გადავრჩი. თუმცა მე დავეჯახე პირველი სუდაბეკერს. მერე ვიჯექი, ციხე. ახლა ისევ მარცხი. თუმცა მანქანა სხვაა. მაინც ვინ დამიჯერებს. ის უკვე დაიხრჩო, მე კი, მე კი შეიძლება, არ ვიცი. ჰო, შეიძლება ისევ მომიწიოს. როგორ ვთქვა ხალხში, ან რომ ვთქვა, რას ვუშველი, ჯობია კიდეც, არა ვთქვა. სანამ მკვდარს არ ნახავენ, ყოველთვის იმედი აქვთ, რომ ის ცოცხალია, ცოდოა მაგის დედ-მამაც, ჯობია დაკარგული ეგონოთ, ვიდრე მკვდარი. საწყლებს მეტი არავინა ჰყავთ. ხო, ჯობია, ჩემთვისაც ჯობია, თუმცა მე რა შუაში ვარ, მე გინდა გამჭორონ, გინდა დამიჭირონ, ხალხს ვინ დააჯერებს, რომ იქ არ შეიძლებოდა იმის გადარჩენა, ყველა იფიქრებს, რომ მე მშიშარა ვარ, დედალი. ის დაიხრჩო, მე კი გადავრჩი, მე კი გადავრჩი. ხო, შეიძლება მეც ეგრე მელაპარაკა სხვაზე, მეც ეგრე მელაპარაკა სხვაზე, როგორც ჩემზე ილაპარაკებენ. შეიძლებოდა სწორიც ყოფილიყო. ისევ ჩაიყო ჯიბეში ხელი, პრიმა ამოიღო. ასანთი ნესტიანი იყო და არ მოეკიდა. მხოლოდ ოდნავ გაჰკრა ნაპერწკალმა სიბნელეში. ისევ ჩაიდო ხალათის ჯიბეში და რაღაც უსიამო გრძნობამ აიტანა. მის ხალათს ჯიბეები არა ჰქონდა. ამას კი ჯიბეები ჰქონდა და იმისი იყო ვინც დაიხრჩო. არც ლოდზე, არც სილაზე თავისი ხალათი არ იყო. ისევ აიტანა შიშმა. არ იცოდა რითი წასულიყო, წასულიყო ტიტველი, უარესი იყო, მისი ხალათით წასულიყო, უფრო უარესი. ისინი ერთად წამოვიდნენ, ისე კიდე იტყოდა, რომ ის მარტო წავიდა. თვითონ კი არც უცურავია, სოფელში იყო ან გოგოსთან პაემანზე. ახლა, ახლა კი ყველაფერი ცხადი გახდა სხვისთვისაც. “რა ბნელია ზღვა”, გაიფიქრა რატომღაც. მერე იმისი ხალათი გაიძრო, შიგ მისი შარვალი და ფეხსაცმელები შეახვია. ზღვა მართლა ბნელი იყო, ცა მოიწმინდა და ქარი სულ ჩადგა. იმას გახვეული ტანისამოსი ხელში ეჭირა. ზღვის ხმაური ნელა წყდებოდა. გზა ჯერ კლდიანი იყო, მერე მწვანე ტყე იწყებოდა. ის ახლა შავი ჩანდა და საშიშად შრიალებდა. [1957 წლის სექტემბერი]
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი