ზღვის ნაპირას, თავთხელ წყალში..
ზღვის ნაპირას, თავთხელ წყალში მდგარ ექვსი წლის ირაკლის ტალღამ წელს ზემოთ დაარტყა და ქვიშაზე წააქცია, ხოლო თვითონ კვლავ ზღვაში გაიპარა. მარინემ, ირაკლის უფროსმა ბიძაშვილმა, ხელი მოჰკიდა პატარას, ააყენა ფეხზე, მერე ზღვაში უფრო შორს შეიყვანა. ბავშვს შეეშინდა, ხელი მოუჭირა ბიძაშვილს და შეშინებული თვალებით მოიხედა ნაპირისაკენ. შორს საცურაო ადგილის განმსაზღვრელი წითელი დროშები ტივტივებდნენ ტალღებზე. დროშასთან შუა ხანს გადაცილებული მოხუცი ზურგზე დაწოლილიყო, ხელში ქოლგა ეჭირა და მთვლემარე მზერით ჭვრეტდა გზის მოპირდაპირე მხარეს ღრუბლების დინჯ მოძრაობას. ნაპირიდან წამოსულმა ნავმა ახლო ჩაუარა მოტივტივე დროშას. ნავის წვერზე ლამაზი სახის სარაფნიანი გოგონა წამოსკუპულიყო, რომელიც მზის სხივებს გაზეთის ქაღალდით იჩრდილავდა. ნავის ბოლოში ორი ვაჟი იჯდა. ისინი შურით უყურებდნენ თავიანთ ამხანაგს, ის კი ძალას არა ზოგავდა ნიჩბის ძლიერად მოსმისათვის და ზურგზე დაბერილ ლივლივა კუნთებზე კარგადა გრძნობდა ნავის ცხვირზე მჯდარი გოგონას მალულ მზერას, რაც შეუჩვეველ ხელებზე ნიჩბის მოსმისგან გადაქლეთილი წყლულებისგან გამოწვეულ წვას ავიწყებდა. იქვე, ახლოს, მანქანის გაბერილი კამერა ცხვირზე ტყავგადამძვრალ რუსის გოგონას წელზე მოერგო და ცუდად მოცურავე შავტუხა სომხის ბიჭს ეკრიჭებოდა. ამ უკანასკნელმა კამერას ხელი ჩაავლო, ცოტა შეისვენა, მერე შაბლონური კომპლიმენტი უთხრა კამერის მფლობელს: - რა კარგადა ხართ დამწვარი, ბრინჯაოსფრად, ძალიან მიყვარს ასეთი ფერი. - მართლა? ეს აქ დავიწვი ასე, თუმცა ცხვირმა კი ძალიან გამაწამა, არა შავდება და სულ ტყავი მძვრება. რა არ დავიფარე, ვერაფერი უშველა. - რასა ბრძანებთ, ცხვირიც მშვენივრად, ყავისფრადა გაქვთ მზემოკიდებული. - მლიქვნელური ღიმილით უთხრა სომხის ბიჭმა, ზღვაში ჩაყვინთა, მერე კამერის შიგნით ამოყო თავი, გოგონას მიეკრა და ლაპარაკი განაგრძო: - თქვენი ნებართვით, რა თქმა უნდა, მე, როგორც ხედავთ, ცუდად ვცურავ და ძალიან დავიღალე. - კარგი, იყავით. - ცივად მიუგო რუსმა გოგონამ, პირი იბრუნა ნაპირისაკენ და ხელები მოუსვა ტალღას. - თქვენც მომეხმარეთ, ჩქარა გაგიყვანთ და იქ დაისვენეთ, მე კი ისევ შემოვალ ზღვაში. დღე მე მხოლოდ ცურაობისთვის მაქვს დათმობილი. ზღვა კი დაუსრულებლივ აგზავნიდა თავის ტალღებს ნაპირისაკენ. - მარინე, მარინე! - მოისმა ნაპირიდან ყვირილი და წყალში გულადად, ტყაპატყუპით შემოტივტივდა ირაკლის უმცროსი, ოთხი წლის ძმა გიგული. ზღვის პატარა ტალღამ გულამდე უწია მას და რბილ ქვიშაზე წამოაქცია. გიგული იწვა ქვიშაზე და გულიანად ხითხითებდა. - მოდი აქ, ბიჭო, ხელი მომკიდე, თორემ წყალი წაგიღებს. - დაუძახა მარინემ და მისაშველებლად გაემართა. გიგულიმ მარინეს გაწვდილ საჩვენებელ თითს ხელი მაგრად ჩასჭიდა, მერე თავის ძმას შეხედა, გაუღიმა, გაეღრიჭა, დაეღმანჭა და გაბრაზება დაუწყო: - ილაკლი მშიშარა, ილაკლი მშიშარა. ირაკლიმ უცებ მიიღო შეურაცხყოფილი სახე, მაგრამ არ გატყდა, გაიღიმა, მარინეს შეხედა მგრძნობიარე თვალებით. მარინე მიუხვდა ირაკლის და უმცროს ძმასთან არ შეარცხვინა. - არაფერიც, გიგული, ირაკლი მშიშარა არ არის, ყელამდე შედის წყალში, მალე ცურვასაც ისწავლის, მერე შენც გასწავლის, თუ ჭკვიანად იქნები. ახლა გიგული გაიბუტა, ლოყები გამობერა, ფეხები განზე გადგა და გაინაბა. მარინემ ირაკლის ხელი გაუშვა, გიგული მაღლა აიყვანა, წყალში ღრმად შევიდა და წამოსულ ტალღას სიცილით დაუხვედრა პატარა ბიძაშვილის მზისგან გარუჯული ტანი. გიგული ისევ მოვიდა ხასიათზე, ზღვისკენ გაიხედა და შეეცადა, ხელიდან გასხლტომოდა უფროს ბიძაშვილს. - ამას უყურე, რა ღონეზეა! - გაიკვირვა მარინემ. მერე ნაპირზე გამოიყვანა, ირაკლისაც ჩასჭიდა ხელი და იქვე, ზღვის კენჭებზე დაყრილი ტანსაცმლისაკენ გასწია. თვითონ სარაფანი ჩაიცვა, პატარებს კი სანდლებში გააყრევინა ფეხები, მერე ფართო ჩალის პანამა დაიხურა, პატარებსაც დაახურა და საცურაოდან გასასვლელისაკენ გაემართა. წინ თვითონ მიდიოდა, მერე გიგული მისდევდა, რომელიც მის საჩვენებელ თითს მაგრად ეჭიდებოდა, ბოლოს კი ირაკლი მისდევდათ. მას გიგულის ზურგისთვის ხელი მიეჭირა, მეორეთი უკანალზე ხელს ურტყამდა, თან შეუჩერებლივ ლაპარაკობდა. - აჩუ, აჩუ, ცხენო, ჩქარა გაიქეცი, ჩქარა სახლში მიგვიყვანე, დედა გველოდება, მერე საუზმეს შევჭამთ, მერე დავიძინებთ! - ძილის გახსენებაზე გიგული ცუდ ხასიათზე დადგა. მას ჭირივით სძულდა ეს დაწყევლილი მკვდარი საათი. - ძილი არ მინდა, არ მინდა, არ მინდა. - დაიწყო ცალ ფეხზე ხტუნაობა და ქვიშა აყარა. - მარინე! მარინე! ფეხსაცმელში მიწა ჩამეყარა, - შესჩივლა ბიძაშვილს. მარინემ ხელი გაუშვა, მერე დაიჩოქა, გიგულის ცალი ხელი მხარზე გადაიდო, ფეხზე სანდალი გახადა, ქვიშა გამოუყარა, შემდეგ ისევ ჩააცვა და შეუკრა. - მოისვენეთ ახლა, ბიჭებო! - დატუქსა მოუსვენრები, - ვინც კარგად მოიქცევა, საღამოს სხვაგან წავიყვან, ვინც გამაბრაზებს, ახლავე იცოდეთ, სახლში დარჩება. ბიჭები უცებ გაჩუმდნენ, აქეთ-იქიდან ამოუდგნენ ბიძაშვილს და სახლამდე მხოლოდ თვალებით ეშმაკობდნენ. - ერბო-კვერცხი არ მინდა. - რძე არ მინდა. - აბა, რა გინდათ, თქვენი ვერაფერი გავიგე, - ჯავრობდა დედა, - იცოდეთ, ხვალვე წაგიყვანთ აქედან თბილისში, ახლავე მივწერ წერილს მამას, თუ კარგად არ მოიქცევით. აი, ნახეთ, მარინე რა კარგი გოგოა, როგორა ჭამს უხვეწრად. - მარინე დიდია. - თქვა ირაკლიმ. - ხო, მარინე დიდია. - გაიმეორა გიგულიმ. - დიდი როა, ამიტომ ორ კვერცხს ჭამს და ორ ჭიქა რძესა სვამს, თქვენ კი თითოს მეტს ვინა გთხოვთ. - ირაკლი, გიგული, ჩქარა, ულაპარაკოდ შეჭამეთ და დაწექით, თორემ აღარ გაიზრდებით. ხო ნახეთ, ნოდარს როგორი კუნთები აქვს, რამხელაა. - რატო? - იკითხა ირაკლიმ. - რატო? - გაიმეორა გიგულიმ და გაღებული პირით, რომელშიაც გადაუყლაპავი ერბო-კვერცხის ნაჭერი უჩანდა, შეხედა მარინეს. - იმიტომ, რომ ერბო-კვერცხს ჭამს. - უპასუხა მარინემ და დაუყვავა - ჭამეთ, ბიჭებო, ჭამეთ. როგორც იქნა, საუზმეც დაამთავრეს. ბიჭების დედამ სახლის უკანა აივანზე მდგარ დიდ ტახტზე ფარდაგი გაშალა, ზედ ზეწარი გადააფარა და ტიტლიკანა ბიჭები დააგორა. - მარინე, გენაცვალე, ერთი ზეწარი ზევიდან გადაახურე და შენც იქვე, გასაშლელ საწოლზე დაწექი, თორემ დაღლილი ხარ, მეშინია, არ გახდე ძალიან, დედაშენთან ხომ ეგრე ვერ ჩაგიყვან. დაწექი, შვილო, დაწექი. - ნაზად უთხრა მარინეს და სამზარეულოში შევიდა. - მარინე, მოგვიყევი რა, რამე. - მარინეს შესვლისთანავე დაიწყო ირაკლიმ ხვეწნა, თან გიგულის უჩქმიტა. - მოგვიყევი რა, - გაიმეორა ირაკლიმ და ჩუმად წიხლი ჰკრა ძმას. ახლა ისევ ირაკლიმ უჩქმიტა, მერე ისევ გიგულიმ. - უჰ! - ბოლოს ირაკლიმ ვეღარ აიტანა და დაიყვირა: - მჩქმეტს! - ტყუის, თვითონ მჩქმეტს. - უფრო მწარედ დაიჩივლა გიგულიმ და თან მუცელში ხელი ჩაარტყა, მერე ლოყაზე მწარედ უჩქმიტა. ირაკლიმ ცოტა მოითმინა, შემდეგ ზევიდან მოექცა, ხელები დაუჭირა უმცროს ძმას და დაუძახა მარინეს: - მარინე! უთხარი, ხომ ხედავ, რას მიშვრება! თუ არ მოისვენებს, ვცემ. - მოისვენეთ, ბიჭებო, თორემ არც ერთს აღარ წაგიყვანთ საღამოს. - მარინე წიგნს კითხულობდა, ადგომა ეზარებოდა და ჯერ მხოლოდ სიტყვით აწყნარებდა ბავშვებს. ამით ისარგებლა გიგულიმ და ქვევიდან მწარედ ამოარტყა წიხლი ირაკლის, რომელმაც ტკივილისგან ხელი გაუშვა და ტირილი დაიწყო. მარინემ წიგნი გადააგდო, წამოხტა; ამავე დროს დედაც გამოვიდა, ირაკლის მიუალერსა და გიგულის რბილ ადგილებში მიარტყა. პატარამ იწყინა და ტირილი დაიწყო. - მარინე, გენაცვალე, - მიმართა დედამ, - მოდი, შენ ამასთან დაწექი, ირაკლის კი მანდ დავაწვენ, თორემ ესენი არ მოისვენებენ. გადაჯგუფებულმა, ნამტირალევმა ბავშვებმა ჩაიძინეს. მარინემაც გადადო წიგნი და ჩქარა მოაგარაკეების ახალგაზრდა შემადგენლობას ტკბილი, ჯანსაღი ძილით ეძინა. სამზარეულოდან კი ისმოდა ქვაბების ჩხარუნი, დანების წკრიალი და მოფუსფუსე დედის რბილი ნაბიჯები. - გაიღვიძეთ! გაიღვიძეთ! უკვე ხუთი საათია. - გადასძახა მძინარე ბავშვებს დედამ, მერე მივიდა, დაკოცნა და სათითაოდ გააღვიძა. მალე მთელი შემადგენლობა მადიანად სადილობდა. საღამოს მარინე გამოეწყო და ბავშვების მორთვას შეუდგა. - მარინე, გენაცვალე, - დაუძახა დედამ, - მოდი აქ, ირაკლი წაიყვანე, უფროსია, ეგ ცერისტოლა კი, სულ ერთია, დაიძინებს; სჯობია სახლში დატოვო, რა დროს მაგის კინოა. გიგულიმ დროზე შენიშნა, რომ მას არა რთავდნენ და ტირილი მორთო: - მეც მინდა წამოსვლა, მეც მინდა! წამიყვანეთ! - არა, გიგული, ჩვენ გვიან მოვალთ, შენ კი აქ დარჩი, დედას მიხედე, არავინ შეაშინოს, სახლში ხომ უნდა დარჩეს ვინმე, ვაჟკაცი. - არა, არ მინდა!- თავისას გაიძახოდა გიგული. - მარინე! - მოულოდნელად თქვა მაგიდაზე მდგარმა ირაკლიმ, რომელსაც დედა წინდას აცმევდა და ბიძაშვილს თავისკენ მიახედა,- მარინე, მე აღარ წამოვალ, არ მინდა. ცოდოა გიგული მარტო. გიგულიმ გაკვირვებით შეხედა ირაკლის. - სად მიდიოდით? - იკითხა თვალებზე ცრემლშემშრალმა. - კინოში. - უპასუხა ირაკლიმ. - მართლა? მე კინოში არ მინდა, მაინც დამეძინება, თქვენ წადით. - გულამოსკვნით თქვა პატარა გიგულიმ და პირი იბრუნა, რომ მისი ცრემლები არ დაენახათ. “ცოდოა, ირაკლი მაინც წავიდეს,” ფიქრობდა პატარა გულში გიგული. დედამ აიყვანა პატარა გიგული, თვალები დაუკოცნა და მარინეს დაუძახა: - გენაცვალე, გამოუტანე გიგულის ბაბუას ნაჩუქარი ახალი მეზღვაურული ტანსაცმელი და წითელი სანდლები. წელი 1956. თვე მარტი. რიცხვი 28. 5 - 7.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი