თავის ქალა ლოდიანზე იდო..


თავის ქალა ლოდიანზე იდო. გარეშემო ყველგან ჯოჯოები დაძვრებოდნენ და როცა ახლოს მივედი, გამიკვირდა, რომ ქალადანაც ჯოჯო არ გამოძვრა. ლოდზე ჩამოვჯექი და ხელში ავიღე: ის პატარა იყო და კოხტა. ცხვირი მოჭმული ჰქონდა, თვალები ჩავარდნილი; პირველად მეტი ვერაფერი შევამჩნიე, მინდოდა იქვე დამედო, მაგრამ ვერ გავიმეტე რატომღაც; მერე გადაგდება მომინდა, აქედან უფსკრული იწყებოდა და კარგი საყურებელი იქნებოდა უფსკრულში გადავარდნილი თავის ქალა, შემდეგ მომაგონდა, რომ ის ლოდიანზე იდო ზევიდან, ახლოს არც ძვლები იყო, არც უძვლო საფლავი. ლოდიანი გალავნის ძირში ეგდო შიშველ ადგილას; ვერაფრით ვერ მივხვდი, საიდან გაჩნდა იქ, მერე ახალი გათხრილი მიწა და არქეოლოგების პალოები დავინახე,,, მივხვდი, რომ გათხრების დროს იპოვნეს, მაგრამ გათხრილი ადგილი დარბაზი ჩანდა სვეტებით, ვიფიქრე, რომ შემოსევის დროს უცებ დაინგრა და შიგ მოყვა ამ ქალას პატრონი. დაცხა. დილით ცოტა გრილოდა და გრილი ქარი უბერავდა, ახლა კი ჩამოცხა და ცხელმა ქარმა დაუბერა, მტვერი ნესტოებში და პირში შედიოდა: ხშირად ვახველებდი, ნახველი მძიმე და შავი იყო. თავის ქალა ხელში მეჭირა, მერე ხალათი ამოვუკეცე ქვევიდან: ნელა დავეშვი ქვევით, აქ უფრო ცხელოდა, მაგრამ ქარი აღარ იყო, რატომღაც ჩემს შეგრძნებამდე თავისთავად მოვიდა, რომ ის ქალის ქალა იყო და შემზარა. გადმოვაბრუნე. კბილები დაკრეჭილი ჰქონდა და ორი წინა კბილი შიგ შევარდნილი. ქალა ახალგაზრდული იყო, კბილები კი ბებერი, დაჭმული. უფრო მძაფრად ვიგრძენი, რომ ქალის იყო, თან ის ქალი ან ახალგაზრდა იყო, თექვსმეტი წლის, ან მოხუცი იყო, მოკრუნჩხული დედაბერი. ორივეს ვგრძნობდი და ჩუმი ზიზღი მეპარებოდა. თავის ქალა წინათაც მენახა ბევრი, ხელშიაც მეჭირა, მაგრამ არასოდეს არც გამიფიქრია, რომ ის შეიძლება ქალის ყოფილიყო, ქალის და კაცის შეგრძნება ერთად მოდიოდა; ახლა კი ვიგრძენი ქალი, ის პატარა იყო და უსიამოვნოდ კოხტა, თან სულ მარტო ვიყავი მასთან და გონება განსაკუთრებით იყო დაძაბული. გზა კაკლის ხეებში მიდიოდა, აქ უფრო გრილოდა, ხეების შემდეგ ბაღები იყო და იქ ხალხი მუშაობდა. უფრო მაგრად დავიჭირე ქალა ხელში და განურჩეველი სახე მივიღე. თავში კი სულ მედგა, რომ ის ვიღაც ქალის იყო ან ახალგაზრდის ან ბებრის.
წინ ხალხი იყო ბაღებში გაბნეული, ვიღაცამ ურემი გამოაგორა შარაზე, თვითონ იყო შიგ შებმული. მერე ცხენის მოსაყვანად წავიდა. ცხენი ბაღში ება ხის ძირში. გამოგორებულ ურემზე ბავშვები დასხდნენ ჭყივილით. რამდენიმე შიგ შეება და შარაზე გააგორეს. ურმის პატრონი ყვირილით დაედევნა. უფრო მაგრად მოვუჭირე თავის ქალას ხელი. რატომღაც თვითონ ქალაზე აღარა ვფიქრობდი, ახლა ბავშვებს ვუახლოვდებოდი და მინდოდა მეცქირა, დამფრთხლები მისი დანახვით როგორ გაიქცეოდნენ. ურმის პატრონი ურემს ლანძღვით მიაგორებდა უკან. ბავშვები კი იქით გარბოდნენ, მერე უკან წამოვიდნენ სტვენით. მე ნელა ვუახლოვდებოდი მათ. ესენი პირველები იყვნენ ვინც მხედავდა ქალასთან ერთად, რატომღაც სახე შევუბრუნე და კეფით დავიჭირე, არ მინდოდა ბავშვების ძალიან შეშინება. თხელი და გრძელი ბავშვი სულ ახლოს მოვიდა, შემომიარა, მე გავუცინე, ის ახლოს მოვიდა უფრო და ქალას კეფაში წკიპურტი გაარტყა; მე ვიფიქრე, რომ არ იცოდა, რომ ქალა იყო.
- რასა შვები, თავის ქალაა, - ვთქვი გაჯავრებით და სახით მისკენ შევაბრუნე
- ქალა ყოფილა, ქალა, კაცის გამხმარი თავი, - დაიჭყივლა ბიჭმა და მაშინვე მთელი ბიჭები მოვარდნენ. ზოგი პირში ჩრიდა თითს, ზოგი თავში ურტყამდა, იცინოდნენ. იმათ სიტუტუცეზე ნერვები ამეშალა, მერე შევუკურთხე.
- მოეშვით კაცსა, თქვე მამაძაღლებო, - გამოხტა სქელი გლეხი ბაღიდან. ბავშვები დაიფანტნენ, ის უცებ დარჩა ქალას წინ.
- ე, კაცის თავი ყოფილა, - თქვა მან და პირჯვარი გადაიწერა. მას ბაღიდან გამოსულმა ქალმა მიბაძა, მერე გამიცინა.
- სად იშოვე? - კბილები გამოაჩინა მან.
- ჩუ, - უთხრა კაცმა და უკან შეიყვანა.
“რა მშიშარა კაცები ყოფილან”, გავიფიქრე. გზა დახეთქილ ველზე გამოვიდა, შორს მტკვარი მოჩანდა, გზისპირების ჭაობში შალაფა ხმებოდა. ყველაზე მეტად სიცხე ამომშრალ ჭაობში იჯდა. უკან მივიხედე. უფლისციხე შევარდნილი ყბებით უყურებდა ველს. ისევ მომეჩვენა ჯოჯო და ხელში თავის ქალა ვიგრძენი. ის პატარა იყო, კოხტა. ეს სიკოხტავე უფრო ამქვეყნიურს ხდიდა, უფრო მეტად ვგრძნობდი სიკვდილს, მერე მომაგონდა, რომ მეც პატარა ქალა მექნებოდა, არა, იმაზე ცოტა დიდი. შეუმჩნევლად დავდექი ცუდ ხასიათზე, შევეცადე მასზე აღარ მეფიქრა. ჯერ გადაგდება მინდოდა. ვიცოდი, სახლში არ გააჩერებდნენ, მეშინოდა კიდეც, არ მინდოდა დედაჩემზე ძალიან ემოქმედა, ის ისეც საშინლად მგრძნობიარე და ნერვიული იყო. მაინც ვერ გადავაგდე, “მატარებლიდან ვნახავ, როგორ დაასკდება მიწას”, გავიფიქრე. წინიდან მოხუცი გლეხები მოდიოდნენ, რამდენიმემ უხმოდ შემოუარა, ერთმა ისევ გადაიწერა პირჯვარი, პატარა, რომელიც ბაბუის მხრებზე იჯდა, დაიხარა და პირში შეუყო ხელი. ახლა მე ხიდზე გავდიოდი, ხიდი ჩამოკიდებული იყო დიდ ტროსებზე, ირხეოდა. “რა ყოჩაღი ბავშვები იზრდებიან ამ სოფელში და რა მშიშარაა ძველი თაობა”, ვფიქრობდი. უფრო ავუჩქარე ნაბიჯს. მეჩვენებოდა, რომ მატარებელი გამასწრებდა, არც ვაპირებდი პირველზე წასვლას, მაგრამ ახლა აღარ მსიამოვნებდა დარჩენა ქალასთან ერთად. თითქმის სირბილით წავედი ბაქნისაკენ. დაძრულ მატარებელს შევახტი, ქალა აქანდა ხელში და ძლივს ვტაცე თითი. გული გადამიქანდა, აღარ მეგონა თუ დავიჭერდი, ხელი ტვინის ღრუში მომიხვდა, ის მრგვალი იყო და მე ვიფიქრე, რომ აქ შედიოდა ხერხემლის ტვინი, საინტერესო იყო, რატომ აქამდე ვერ შევამჩნიე ეს ნახვრეტი.
მძიმე ნაბიჯებით შევედი ვაგონში. ახლა ისევ ხალხმა გამიტაცა უნებლიეთ. თითოეულ მზერას ვამოწმებდი და მაინტერესებდა რამდენად განიცდიდნენ, მინდოდა ჩემი შინაგანი ღელვა იმათ გარეგნულად გამოეხატათ, ამით თითქოს ჩემი თავმოყვარეობა დაკმაყოფილდებოდა. რამდენიმე კაცი მომიჯდა გვერდზე, ერთმა მთხოვა, გავუწოდე, მაგრამ ვეღარ ჩამომართვა, მე ამაყად გავიღიმე, ვიღაც ვიწროშუბლა გლეხი პირდაპირ დასწვდა და შეათამაშა. “ამის ოსტატი მე ვარ”, თქვა, მერე რაღაც თავისი ჭკუით სასაცილო მოყვა. სხვები უხმოდ უსმენდნენ, არავინ არ გაიცინა. გლეხმა თავის ქალა მე მომცა და წავიდა. “რას მოესწრო ამის პატრონი”, ვფიქრობდი. “სიკვდილის მერეც ყურადღებაშია, თუმცა შეიძლება ცოცხალს არავინაც არ აქცევდა ყურადღებას, თან მატარებელშიც კი ზის”. აზრები მოდიოდნენ თავში, გადადიოდნენ ერთმანეთში, შიში ქრებოდა და ნელა მეუფლებოდა სიამაყე, რომ ამ ქალაზე ყველაზე მეტი მე ვიცოდი, სხვებს კი ცოტა ეშინოდათ ან ვერაფერს ვერა ხვდებოდნენ.
- ვინ იცის, ტკბილი სიტყვაც კი არ მოსწრებია მაგას, ახლა რა პატივშია, - თქვა ჩემ უკან გლეხმა. მე ხმა არ ამოვიღე. “ნეტა რას სულელობს,” - გავიფიქრე.
- ან მატარებელს ვინ აღირსებდა, მგონი, არც დასიზმრებია ბორბალი, - გააგრძელა მან. რაღაც არ მესიამოვნა, ფანჯარაში დავიწყე ყურება. იქით ისევ დახეთქილი მიწა და თიხიანი გორები ჩანდა. ნაფოტებს შუა მზე ურტყამდა. მტკვარი ზიგზაგად მოდიოდა რიყეზე, მერე ჩვენ ქვევით იკარგებოდა. ხიდი დიდი იყო, რკინის. ფანჯრიდან ჯვარედინი არმატურა ჩანდა და ხრიალი ისმოდა. მე ვფიქრობდი იმაზე, თუ ვინ როგორ მიიღებდა თავის ქალას, აქ კიდევ გლეხები იყვნენ, ეშინოდათ შედარებით, თბილისში კი ან უფრო შეეშინდებოდათ ან პირიქით. იქ უფრო მეტი იციან სიკვდილზე ან ცოტა, მე თვითონ ვერ გავერკვიე ამაში, რაღაც ხდებოდა ჩემს გონებაში შეუცნობელი სიკვდილის შეგრძნებასა და მისი ცივი ანალიზის გაკეთებას შორის.

[1957 წლის ზაფხული]

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი