თოვლი მოდის


დღიურიდან:
პირველი დღე
ბაკურიანში.

უკანასკნელად გურამს ვაკოცე და მატარებელს შევახტი.
- მომწერე! - დავიძახე კიბიდან.
- კარგი, კარგი.
- გინდ ტყუილი.
- კარგი, ჰო. - გაიცინა გურამმა.
ნუგზარი ქუდს იქნევდა.
მატარებელმა სვლას არ უმატა. იმავე სიჩქარით გასცდა სადგურს. ახმახ გამცილებელს უხეშად გავკარი გვერდი, ნელა გავაღე გორგოლებზე შემდგარი კარი. კუპეში ბნელოდა. მარცხენა ქვედა საწოლზე ვიღაცა გათხლაშულიყო; კეპი ცხვირზე ჰქონდა ჩამოფხატული; მარჯვენაზე ორი ქალი იწვა. მეორეს პირველის გავაზე ჰქონდა დადებული თავი. ხმას არ იღებდნენ. რატომღაც მომინდა, სადგურზე დარჩენილი ნუგზარისთვის მეკოცნა.
მატარებელმა სვლას უმატა.
- რომელზე ვიქნებით ბორჯომში? - ვთქვი ხმამაღლა.
- ოთხზე, - თქვა კაცმა.
- ჰო, ოთხზე, - ამოიოხრა ქალმა.
- ან ხუთზე, - ჩაიბუტბუტა მეორე ქალმა.
მე ზედა თაროზე ავძვერი, პალტო გავშალე. ძლივს გავიხადე სამთო-სათხილამურო ფეხსაცმელები, როგორც იყო მოვირგე თავქვეშ.
გავყუჩდი:
გულდაღმა დიდხანს ვერ გავძელი.
გადმოვბრუნდი:
პიჯაკის ჯიბეში ყალიონი მედო: ზედ გულზე დამაწვა ტარით. ახლა მარჯვენა მკლავზე დავწექი. ნელა გადავიხედე ქვევით. კაცი უმოძრაოდ იწვა. ჩემი თაროს ქვევიდან ფშვინვა მესმოდა. ყალიონი ამოვიღე და ისევ გულზე გადაბრუნება ვცადე.
- სიცივეა თბილისში, - თქვა კაცმა.
- აბა, ქალო, - თქვა ქალმა.
- გავიყინე, - თქვა მეორე ქალმა.
- ნესტია, - ვთქვი მე.
ისევ სიჩუმე. მატარებელი სადღაც გაჩერდა. ვიწრო დერეფანში ახმახი გამცილებელი დადიოდა. მატარებელმა სვლა აიღო, მერე უმატა, მერე კიდევ უმატა.
- წ - წ - წ, - იძახდა ქარი.
- დგ - დგ, დგ - დგ, - იძახდნენ თვლები ლიანდაგებზე.
წავთვლიმე.
- დგ - დგ, დგ - დგ, - მესმოდა ძილში, მერე აღარ მესმოდა.
ჩქარა გამომეღვიძა. ახლა ვთვლემდი: რატომღაც ძალიან მომენატრა დედა. მომაგონდა: ორი-სამი საათის წინ ჩხუბით წამოვედი. უფრო მომენატრა. გამახსენდა: თბილისში ძალიან მომწყინდა და ბაკურიანში იმიტომ წამოვედი.
ქალაქში ციოდა: დღისით სუსხიანი ქარი ქროდა. ღამე ყინავდა. საღამოს შეშა ამომქონდა სარდაფიდან. დიდი, თეთრი კაფელის ღუმელი უცებ ხურდებოდა და ნელა ცივდებოდა. მე ვიჯექი ღუმელთან: ვწევდი ყალიონს. ნელა მოდიოდა ძილის დრო. დედა შალმოსხმული ფუსფუსებდა სამზარეულოში.
- მარინე, ალბათ, ახლაც უკრავს, - გავიფიქრე, მერე მომაგონდა, რომ უკვე პირველი იქნებოდა. სახლში ამ დროს ყველას ეძინა. - შეიძლება მამა მუშაობს მარტო - ისევ გავიფიქრე. ასე იყო ყოველთვის: დედა ფუსფუსებდა სამზარეულოში, მარინე უკრავდა, თან დედის დარიგებას უსმენდა დაკვრის შესახებ; მე ვიჯექი და ვაბოლებდი. უზომოდ მარტო და მოწყენილი ვიყავი ყოველ საღამოს.
მატარებელმა სვლას უკლო.
- დგ... დგ... დგ...დგ, - ახლა უკვე მკრთალად, მერე უფრო მკრთალად ისმოდა ხმა. მერე გაჩერდა. ბურანიდან გამოვედი.
- ნეტა ბორჯომში თოვლია? - ვთქვი ხმამაღლა.
- დიდი ძალიან, - თქვა კაცმა.
- ძლივს გახვალ, - თქვა ქალმა.
- ძლივს არა, ისა, - თქვა მეორე ქალმა.
ნელა შეირყა ჩემი თარო. მე თავი ოდნავ უკან შემიქანდა, ისევ გამისწორდა. მატარებელი სიჩქარეს იღებდა.
- დგ - დგ, დგ - დგ, - ხმაურობდნენ ლიანდაგები. დერეფანში გამცილებლის ნაბიჯების ხმა გაისმა. კარი ჭრიალით გაიღო.
კუპეში სიცივე შემოვარდა. შევიშმუშნე.
- აქ დაწვები, - თქვა გამცილებელმა და მეორე ზედა თარო ჩამოწია. ვიღაცა ქურქიანი ძლივს აძვრა. კარი ისევ გაიღო. გამცილებელი გავიდა. სიცივემ იმატა. მე მარჯვენა გვერდზე გადავბრუნდი და მოვიკუნტე. დერეფანში მიმავალი გამცილებლის ნაბიჯების ხმა ისმოდა, ჯერ მკაფიოდ: ბოლოს ყრუდ, სულ ბოლოს მიწყდა.
ქვევით გადმოვიხედე: ყველას ეძინა.
ქურქიანი უკვე კარგად მოწყობილიყო.
- დგ - დგ, დგ - დგ, - იძახნენ ლიანდაგები.
- მალე მივალთ. - თქვა ქალმა.
- ნახევარ საათში, - თქვა კაცმა.
- ნახევარში არა, ისა. - თქვა მეორე ქალმა.
მე ისევ გულზე გადმოვბრუნდი და ბნელ თოვლს დავუწყე ყურება.
- კაცს ვერ დაუძინია, - ჩაიბურდღუნა ქურქიანმა.

წელი 1956. 17 დეკემბერი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი