კა და კო
ფიქრები გოგენის სურათთან:"მაშ, შენ ეჭვიანობ?" პირველი მოქმედება სცენა წარმოადგენს გოგენის სურათს "მაშ, შენ ეჭვიანობ?" წინ ზის ვეირამუტი, მის გვერდით წევს ტია-ტუ. უკან გაშლილია ველი. ჩამოდის მდინარე. მარჯვნივ ქოხისმაგვარი რაღაცა ჩანს; ველი დაგებულია სხვადასხვაფერი ნაჭრებით _ ჭარბობს ყავისფერი, ყვითელი. ტია-ტუ იხდის თავიდან ყვავილების გვირგვინს და აძლევს ვეირამუტს, რომელიც, თავის მხრივ, აძლევს ნიჟარების მძივებს; შორიდან ისმის უმნიშვნელო დაფდაფი და გოდება. ვეირამუტი სცენისკენ აბრუნებს თავს _ ეტყობა არ უნდა ტია-ტუს უყუროს _ და ეკითხება: ვეირამუტი: მაშ, შენ ეჭვიანობ? ტია-ტუ: ჰო, ჩემო და. ვეირამუტი: მე არა. ტია-ტუ: სწორედ მაგიტომ ვეჭვიანობ. ვეირამუტი: მეც რომ ვეჭვიანობდე, შენ არ იეჭვიანებდი? ტია-ტუ: არა, ცოტას. ვეირამუტი: მე ვეჭვიანობ. /ტია-ტუ წამოჯდება. ახლა ისინი ერთმანეთის პირდაპირ სხედან. მარცხენა მუხლის თავი მოქცეული აქვთ იდაყვის ქვეშ, ნიკაპები ზედ დაყრდნობილი, მერე ტია-ტუ დგება, იხრება დისკენ/. ტია-ტუ: ვისზე ეჭვიანობ? /შემორბიან კა და კო./ ვეირამუტი: ჩვენს დებზე. ტია-ტუ: ჩვენს დებზე? ვეირამუტი: კაზე და კოზე; კა და კო, მოდით აქ! როცა მიდიოდით, რა გითხრათ იმან? კა და კო: გვითხრა, რომ შორს არ წავიდეთ ტყეში. ვეირამუტი: კიდევ რა გითხრათ? კა და კო: კიდევ გვითხრა /უყურებენ ერთმანეთს/, დიდხანს ნურც სახლში დავსხდებით, თორემ შეიძლება ავად გავხდეთ. ვეირამუტი: კა და კო, მოდით ჩემთან. შენ აქ დაჯექი, კო, შენ აქ, კა. თქვენ კარგი გოგოები ხართ. კა და კო: ასე თქვა იმანაც. ტია-ტუ: იმანაც? კა და კო: ჰო, იმანაც. ვეირამუტი: მე მიყვარხართ თქვენ, წამოდით ჩემთან, ჩემო დებო, უნდა გაგიკეთოთ ასეთი გვირგვინი, მე რომ მაქვს. კა და კო: მაშინ გაუკეთე ტია-ტუსაც. ვეირამუტი: მაგას უკვე აქვს ნიჟარები დაკიდებული გულზე. კა და კო: ჩვენც გვინდა ნიჟარები. ვეირამუტი: არა, თქვენ მოგიხდებათ ყვითელი ყვითელთავების გვირგვინი. ის რომ მოვა, უფრო მოეწონებით, მეც მოვეწონები... ტია-ტუ: იმას მძივები უფრო მოსწონს. ვეირამუტი: შენ რა იცი? ტია-ტუ: თვითონ ყოველთვის მძივები ჰკიდია. ვეირამუტი: იმიტომ, რომ იმას ძუძუები არა აქვს. ტია-ტუ: ის მეომარია და სპილოს ძვალი აქვს ცხვირში. ვეირამუტი: ჰო, დიდი სპილოსი, წინათ რომ მოკლეს. ტია-ტუ: ახლა მეც ვიშოვი ძვალს. ვეირამუტი: სპილოს ძვალს ვერ იშოვი. /კა და კოს სწყინდებათ, მიდიან და ყვავილებს კრეფენ/ ტია-ტუ: მე ვიშოვი სპილოს ძვალს. ვეირამუტი: შენ სად იშოვი სპილოს ძვალს? ტია-ტუ: იქ, სადაც მისვლა სხვას არ შეუძლია. ვეირამუტი: მე ყვითელი და თეთრი ყვავილების უფრო დიდ გვირგვინს გავიკეთებ. ტია-ტუ: მე დავიხატავ მკერდზე დიდ ჩიტებს, ზღვის ჩიტებს, დიდი ფრთებითა და დიდი ნისკარტით, ძუძუებზე დავიხატავ თევზებს, რომლებსაც ისინი პირით იჭერენ. ვეირამუტი: მე დავიხატავ ძუძუების შუა ეხოს. ტია-ტუ: ეხოს?! ვეირამუტი: ეხოს. ტია-ტუ: ეხოსი ყველას ეშინია. ვეირამუტი: იმას არ ეშინია, ის ტყუილს არ ამბობს. ტია-ტუ: ეხოსი ყველას ეშინია. შენ თუ დაიხატავ, ყველა მოვკვდებით. ვეირამუტი: მე არ მეშინია. ტია-ტუ: შენ თუ დაიხატავ, ყველა მოვკვდებით. ვეირამუტი: დიდ დედას ეხატა ის ეხო და არ მოკვდა. ტია-ტუ: ის ბებერია. ვეირამუტი: ბებერ ნაოსაც ეხატა ეხო და არ მოკვდა. ტია-ტუ: ჩვენ მოვკვდებით. ვეირამუტი: ჩვენ მაშინ მოვკვდებით, თუ ვინმე დაიხატავს რქებს. ტია-ტუ: რქებს? ვეირამუტი: რქებს ვინც დაიხატავს, იმასთან ახლოს არავინ არ მივა. ტია-ტუ: არავინ არ მივა...?! ვეირამუტი: ოღონდ რქებს შუა უნდა ეხატოს პატარა ეხო, ისიც რქებით. ტია-ტუ: პატარა ეხო, ისიც რქებით...?! ვეირამუტი: ეხოს რქები უნდა იყოს წითელი, დახატული პატარა ბუსუსა პალმის წვენით ისე, რომ არ წაიშალოს. ტია-ტუ: ისე, რომ არ წაიშალოს, პატარა ბუსუსა პალმის წვენით. ვეირამუტი: იმიტომ არ უხატია არავის რქები და შუაში რქიანი ეხო. ტია-ტუ: არ ეხატა აქამდე. /ჩაფიქრებულია, სახეზე ბოროტება ეხატება/ ვეირამუტი: რატომ აქამდე? ტია-ტუ: იმიტომ, რომ შენ თვითონ თქვი. ვეირამუტი: ტია-ტუ, დამიხატე გულზე ეხო, მე დაგიხატავ ჩიტებს და ძუძუზე თევზებს. ტია-ტუ: ეხოს მე არ დაგიხატავ. ვეირამუტი: რატომ? ტია-ტუ: მაშინ მე მოვკვდები, შენც მოკვდები. ვეირამუტი: მაშინ დამიხატე უთავო ეხო, ხელში რომ ეჭიროს პალმის ტოტები. ტია-ტუ: უთავო ეხო, ხელში რომ ეჭიროს პალმის ტოტები, ეგ ლამაზია? ვეირამუტი: ეგ ეხატა გვერდზე სოფლიდან ერთ გოგოს, რომელსაც ჰყავდა მაღალი, ლამაზი ქმარი. ტია-ტუ: ვეირამუტ, შენ არ გინახავს, დიდი ფრთები რომ ჰქონოდა დახატული ვინმეს, დიდი ნისკარტი და პირში თევზები და ჰყოლოდა ლამაზი ქმარი? ვეირამუტი: არა. ერთს ეხატა მარტო ერთი ზღვის ჩიტი და ერთი თევზი და უშნო ქმარი ჰყავდა. ტია-ტუ: ძალიან უშნო იყო? ვეირამუტი: ძალიან უშნო არ იყო. ტია-ტუ: მე დავიხატავ ორ ზღვის ჩიტს, ოთხ ფრთას და ორ თევზს, მერე კიდევ დავიხატავ ფრთებს, მაშინ ჩემი ქმარი ორჯერ ლამაზი იქნება. ვეირამუტი: ორჯერ ლამაზი... ტია-ტუ: ვის ემსგავსება, თქვას ტია-ტუმ?! ვეირამუტი: თქვას... ტია-ტუ: იმ გოგოს, რომელსაც ეხატა ერთი ფრთა, ერთი ნისკარტი, ერთი თევზი, ჰყავდა ცოტა ლამაზი ქმარი, თუ მე დავიხატავ ოთხ ფრთას, ორ თევზს, მერე კიდევ დავიხატავ ფრთებს, მაშინ მე მეყოლება ორჯერ ლამაზი ქმარი, ვის ემსგავსება, თქვას ტია-ტუმ?! ვეირამუტი: იმას!! /ტია-ტუ რამდენიმე ველურ მოძრაობას აკეთებს დაფდაფის ქვეშ, გარბის, სცენაზე რჩება ვეირამუტი, ის ჩაფიქრებულია, ისმის ნაზი მუსიკა, ბავშვები კრეფენ ყვითელთავა და თეთრთავა ყვავილებს, მერე კა ჯდება და გვირგვინების კეთებას იწყებს. კოს მოაქვს ყვავილები./ კა და კოს სიმღერა: კა: კო! კო! ჩუ, შენს გვერდზე... კო: რა, ჩემს გვერდზე? კა: ჩიტი, ჩიტი, ჩიტის ბარტყი, მთელი დღე რომ უკაკუნებს. კო: /იღიმება, იმართება, მერე წვება და ხოხვით ეპარება, იჭერს ბარტყს/. ხეკაკუნა, ხეკაკუნა, მთელი დღე რომ უკაკუნებს. კა და კო: კა, კო, კა, კო. /უალერსებენ ჩიტს/ რა მარტოა საცოდავი, ნეტავ, დედა სად გაექცა. /ხის კენწეროდან ისმის კაკუნი: კა-კო-კა-კო... კა და კო მაღლა იხედებიან/ კო: კა! აგერ, აგერ დედამისი. კა: კო! აგერ, აგერ დედამისი. კა და კო: ზის მარტო და უკაკუნებს: კა-კო, კა-კო. დედა, დედა, გინდა ბარტყი? ო! როგორ თრთის საცოდავი, რა მარტოა, რა პატარა! კო: გინდა შენ, კა, შევიკედლოთ? კა: შენ არ გინდა? კო: როგორ არა. კა: მეც ძალიან. /კა და კო შუაში სვამენ ჩიტს და ურბენენ გარშემო. ზევიდან ისმის ბარტყის დედის კაკუნი, გვერდზე, მოშორებით, ზის ვეირამუტი და იღიმება/ კა და კო: რა მარტოა, რა პატარა, დედა ზის და უკაკუნებს. კა: თვითონ ჯერ არ შეუძლია, რომ გაფრინდეს. კო: /თითს ადებს ნისკარტზე/ ო! რა რბილი ტუჩები აქვს. კა და კო: დედა ზის და უკაკუნებს: კა-კო, კა-კო. გინდა შენც იქ? რა, არ გინდა? მაშ იყავი ჩვენთან, ჩიტო, გაგიკეთებთ ახალ ბუდეს. /ზევიდან კაკუნი ძლიერდება: კა-კო, კა-კო. ბარტყი მოიწყენს/ კო: რაღაც უნდა. კა: რაღაც უნდა. /ზევიდან ისმის კაკუნი/ კა და კო: აი, ეს უნდა. /იღებენ ჯოხს, აკაკუნებენ/ კა-კო, კა-კო. /ჩიტი იყუჟება, იშლება, აკეთებს მოძრაობას, ცდილობს აფრინდეს, მერე ჯდება, არ შეუძლია ფრენა/ კა და კო: აქ არ უნდა, ზევით უნდა, დედამისთან. კა, ხედავ ზევით? კა: ვხედავ, ვხედავ. კა და კო: ო, რამდენი /ითვლის თითებზე/ ერთი, ორი, სამი, ეს მეოთხე, ერთი დედა, ო, იქ უნდა, საცოდავი, თუ აქ დარჩა, ბუა შეჭამს. /ჩიტის ბარტყი ფართხალებს, ბავშვები ურბენენ გარშემო/ კა-კო, კო-კა. გეშინია, გეშინია, გული გიძგერს, აქ ცუდია და იქ გინდა? ჩვენ, კა: კა კო: და კო დედაშენთან ა- გაფ-რენთ. /ტაშს არტყამენ, ბარტყი იბუზება, კო იყვანს ხელში და ხეზე მიცოცავს/ კა: ნელა, დაო, იქ რტო არის, იქ ეკალი, მარჯვედ ადი, გაუფრთხილდი, არ წამოსდო იმ რტოს თვალი. კო: უფრო ზევით, უფრო ზევით კა და კო: დედამისი მოიბუზა, აღარ ისმის მისი ხმები: კა-კო, კა-კო. კო: მისი დები დაიმალნენ ბუდეებში. კა: შიგ შეუსვი საცოდავი. კო: შიგ შევუსვამ ასე, ასე, ნუღა თრთიხარ, მოგიყვანე. /ყველანი ინაბებიან, კო ეშვება ხის კენწეროდან. კაკუნი გაუბედავად იწყება, ჩნდება დედა კოდალა, რომელიც რტოს მიკვროდა და არა ჩანდა. რაც უფრო ქვევით ჩამოდის კო, უფრო მკვეთრად ისმის ხმები: კა-კო, კა-კო; კო ბოლო ტოტიდან პირდაპირ ხტება ძირს/ კა: ოოოჰ, კო. კო: ის იქ არის, კა. კა და კო: ის იქ არი, ისევ ისმის იმისი ხმა, ხეკაკუნა უკაკუნებს: კა-კო, კა-კო. /ცეკვავენ, ხელში ნახევრად გაკეთებული გვირგვინები უჭირავთ/ ვეირამუტი: კა და კო! კა და კო: რა, ვეირამუტ? ვეირამუტი: თქვენ დამიკრიფეთ ყვითელთავები, მე შეგიკრავთ გვირგვინს. კა და კო: ჩვენ უკვე შევკარით ნახევარი, ვეირამუტ. ვეირამუტი: ეგ კარგა არ არის შეკრული, მეორე ნახევარს მე ჩაგიწნავთ. კა და კო: ორივეს დაგვიწნავ? ვეირამუტი: ორივეს _ შენც, კა, შენც, კო. კა და კო: ჩვენ ყვავილებს დავკრეფთ. კო: მე დავკრეფ თეთრ ყვავილებს. კა: მე დავკრეფ ყვითელთავა ყვავილებს. ვეირამუტი: მე მოვკრეფ რტოს გვირგვინისთვის. კა და კო: რამდენ რტოს მოტეხ? ვეირამუტი: ორ რტოს. კა და კო: რატომ მოტეხ ორ რტოს? კა: ვეირამუტ, მოტეხე სამი რტო. კა და კო: ჩვენ დავკრეფთ ბევრ ყვავილებს, იმდენს, იმდენს, რომ შენც გეყოფა. კო: შენი გვირგვინი, ტია-ტუმ რომ მოგცა, უკვე ჭკნება. კა: ჰო, უკვე ჭკნება. ვეირამუტი: რანაირ ყვავილებს დაკრეფთ ჩემთვის? კა და კო: ყვითელთავას და თეთრთავას, ისეთივეს, როგორსაც ჩვენთვის. კო: და კიდევ ცისფერს, დიდი ფოთლებით. კა: ცისფერს, დიდი თხელი ფოთლებით. ვეირამუტი: კა და კო, ცისფერი ყვავილები, დიდი თხელი ფოთლებით, დაკრიფეთ თქვენთვისაც. კა და კო: ჩვენ არ გვინდა ცისფერი ყვავილები. ვეირამუტი: ისინი ძალიან ლამაზები არიან და მოგიხდებათ. კა და კო: ჩვენ არ გვინდა, რომ ძალიან მოგვიხდეს. ვეირამუტი: რატომ? კა და კო: ცისფერი პალმის დიდი რტოები, იმან რომ მოგვიტანა, ძალიან გვიხდებოდა. ვეირამუტი: მაშინ წავალ, ცისფერი პალმის ტოტს გიშოვით. კა და კო: არ გვინდა. ვეირამუტი: თუ გიხდებათ, რატომ არ გინდათ? /კა და კო უყურებენ ერთმანეთს/ კო: ტია-ტუმ წაგვართვა მაშინ პალმის ტოტი. კა: მერე გადაყარა წყალში. კო: ჯერ დაამტვრია. კა: მერე მე მცემა, კო გაიქცა. კო: მე გავიქეცი. ვეირამუტი: მოდი აქ, კა, დაჯექი ჩემ გვერდზე. ო, რა ლამაზი თმები გაქვს და რა ლამაზი თვალები. ამ თვალებში იდგა წყალი და მოდიოდა, როცა ტია-ტუმ გცემა? კა: არა. კო: არა, კო უყურებდა კას. ვეირამუტი: საიდან უყურებდა კას კო? კო: ხეს მოეფარა და იქიდან. კა: მე ვხედავდი, კო რომ ხეს მოეფარა. ვეირამუტი: და არ ტიროდი? კა: არა. კო: კა მაშინ ტიროდა, როცა პალმის ტოტები დაამტვრია ტია-ტუმ და წყალში გადაყარა. კა: ტია-ტუ მცემდა ჯოხით. კო: ტია-ტუ სცემდა ჯოხით და კა არა ტიროდა. კა: როცა ტია-ტუ მცემდა ჯოხით, ტიროდა კო. ვეირამუტი: გიყურებდა და ტიროდა? კა: კო მიყურებდა და ტიროდა. კა და კო: როცა ტია-ტუ წავიდა, ჩვენ ვისხედით მარტო მდინარის პირას და ერთად ვტიროდით. ვეირამუტი: მერე რატომღა ტიროდით? კა და კო: პალმის ტოტები წყალმა წაიღო და აღარა ჩანდა. ვეირამუტი: საწყალი კა. მოდი აქ. შენც, კო, როგორ გაგეზარდა თმები და რა მაღალი გახდი. ხეების ორი შეფოთვლის წინ სულ პატარა იყავი, ახლა უკვე ძუძუები გეტყობა. შენ, კა, მაჩვენე. შენც გეტყობა. ცოტა ხნის შემდეგ ჩემსავით ძუძუები გექნებათ და იმას მოეწონებით. კა და კო: ჩვენ ის გვიყვარს. ვეირამუტი: მე ის მიყვარს. კა და კო: შენ კარგი და ხარ, ვეირამუტ. ვეირამუტი: თქვენ კარგი გოგოები ხართ, კა და კო. კა და კო: ჩვენ გვეშინია ტია-ტუსი. ვეირამუტი: ტია-ტუსი მეშინია მეც. კა და კო: ტია-ტუ ცუდი და არის? ვეირამუტი: ტია-ტუ ცუდი და არ არის. კო: აბა, რატო გვეშინია იმისი? კა: აბა, რატო გვცემა ჩვენ და რატო დაგვიმტვრია პალმის ტოტები? კა და კო: აბა, რატო გეშინია შენც ტია-ტუსი? ვეირამუტი: ტია-ტუ ჩვენზე დიდია და ჭკვიანი. კა და კო: შენ ტია-ტუზე ლამაზი ძუძუები გაქვს და ტია-ტუზე გრძელი თმები. კო: ვეირამუტ, შენ გიყვარს თეთრი, ყვითელთავა და ცისფერი ყვავილები? კა: ტია-ტუს უყვარს დიდი მძივები და ძვალი. კო: `იმას~ არ უყვარს დიდი მძივები და ძვალი. ვეირამუტი: საიდან იცი ეგ შენ, კო? კო: ერთხელ მე მეკეთა დიდი დედის მძიმე მძივები, `იმან~ მომხსნა და თქვა: `შენ კარგი გოგო ხარ, კო, აჰა ყვავილი~. მერე მომცა ყვითელთავა ყვავილი. კა: იმას უყვარს მარტო ყვითელთავა ყვავილი. ვეირამუტი: მაშ თქვენ მარტო ყვითელთავებს ჩაგიწნავთ. კა და კო: მარტო ყვითელთავა, მარტო ყვითელთავა. ვეირამუტი: წადით, მოიტანეთ ყვითელთავა. კა: ჩვენ შენთვის მოვიტანთ ცისფერსაც. კო: ჩვენ შენთვის მოვიტანთ ორივეს. ვეირამუტი: რატომ? კა და კო: დიდ გოგოს როცა უკეთია ცისფერი ყვავილი, დიდი თხელი ფოთლებით, იმას უყვარს. ვეირამუტი: რა იცით თქვენ, კა და კო? კა და კო: ერთხელ დაგვიკრიფა ბევრი ყვითელი ყვავილები და თქვა: როცა გაიზრდებით, მერე მოგიტანთ ცისფერ, დიდ თხელფოთოლა ყვავილებს. ვეირამუტი: მართლა თქვა? კა და კო: მართლა თქვა. ვეირამუტი: კიდე რა თქვა? კა: /უყურებს კოს/ ვთქვა, კო? კო: თქვი, კა. კა: კიდე თქვა: ცისფერი ყვავილები მოუხდება ვეირამუტს. კო: დიდი, თხელი ფოთლებით. ვეირამუტი: მარტო ცისფერი ყვავილები? კა და კო: ჰო, მარტო ცისფერი ყვავილი, დამაგრებული ყვითელთავა ყვავილების გვირგვინში. ვეირამუტი: იმან თქვა, რომ მოუხდება ვეირამუტს? კა და კო: ჩვენ ვიცით, ჩვენ ვიცით. ვეირამუტი: თქვენ იცით? კა და კო: ჩვენ ვიცით, რატომ თქვა იმან, რომ ვეირამუტს მოუხდება ყვითელთავა ყვავილების გვირგვინში დამაგრებული დიდი, თხელფოთოლა, ცისფერი ყვავილი. ვეირამუტი: თქვენ იცით? რატომ თქვა, მითხარით, კა და კო, ორივემ ერთად, ორივემ ერთად, მე ვიტყვი გულში და მაშინ გვეცოდინება სამივეს. კა და კო: /სულმოუთქმელად/ იმას, მაღალი რომ არის, ჩვენ რომ გვაჩუქა ცისფერი პალმის ტოტი, რომელიც დაამტვრია ტია-ტუმ, იმას, რომელსაც აქვს სპილოს ძვალი გარჭობილი ცხვირში, იმას, რომელსაც აქვს სამი ფრთა, ორი პატარა და ერთი გრძელი, გედის სწორი ფრთა გარჭობილი თმებში, იმას, რომელსაც აქვს გრძელი ისარი, დიდი მშვილდი და იმას, რომელსაც გულზე ახატია ეხო, ვეფხვის თავით... ვეირამუტი: იმას! კა და კო: იმას უყვარს ვეირამუტი. /სიჩუმე/ ვეირამუტი: იმას უყვარს ვეირამუტი. კა და კო: იმას უყვარს ვეირამუტი. ვეირამუტი: ვეირამუტს უყვარს ის... და კიდე უყვარს კა და კო, თავისი დები. კა და კო: კას და კოს უყვართ ვეირამუტი. ვეირამუტი: კას და კოს არ უყვართ ის, ვინც უყვარს ვეირამუტს? კა და კო: კას და კოს უყვართ ის. ვეირამუტი: საწყალი კა და კო. კა და კო: საწყალი კა და კო. იმას არ უყვარს ისე კა და კო, როგორც უყვარს ვეირამუტი. ვეირამუტი: კა და კო კარგი გოგოები არიან, ოღონდ არიან პატარები. როცა გაიზრდებიან, კა და კო ეყვარება ისეთ კაცს, როგორიც არის ის. კა და კო: კა და კოს სხვა კაცი არ ეყვარებათ. ვეირამუტი: საწყალი კა და კო. კა და კო: საწყალი კა და კო. ვეირამუტი: ვეირამუტი იქნება კარგი და, და კა და კო იცხოვრებენ კარგად. კა და კო: კა და კო იცხოვრებენ კარგად. ვეირამუტი: ვეირამუტი უმღერებს კას და კოს კარგ სიმღერას, კა და კო დაიძინებენ და გაიზრდებიან დიდი გოგოები ლამაზი ძუძუებით. კა და კო: კა და კო მოუსმენენ და დაიძინებენ. ვეირამუტი: დაიძინებენ ჩქარა და კარგად, არ ნახავენ ცუდ ეხოებს. კა და კო: კა და კოს ეშინიათ ცუდი ეხოების, როცა თვალები დახუჭული აქვთ. ვეირამუტი: დაიძინებენ კა და კო. კა და კო: კა და კო მოუყვებიან ვეირამუტს, როცა გაიღვიძებენ და ვეირამუტი ეტყვის, ცუდი ეხოები ნახეს, თუ კარგი ეხოები. ვეირამუტი: შენ აქ დაწვები, კა, შენ აქ დაწვები, კო, შენ მომეცი ეს ხელი, კა, შენ ეს ხელი, კო. კა და კო დახუჭავენ თვალებს და ვეირამუტი დაიწყებს სიმღერას. /კა და კო ხუჭავენ თვალებს, ვეირამუტი ირწევა, მერე იწყებს სიმღერას, შორიდან ისმის მუსიკა, ჯერ არაჩვეულებრივად წყნარი, მერე ღელდება, გადადის ყრუ დაფდაფში, ფერები იცვლება, სიზმრებთან ერთად ხდება სევდიანი, საშიში და ისევ წყნარდება სიმღერის სიტყვების მიხედვით. სიმღერის ბოლოს მჯდომარე თვლემს ვეირამუტიც. დიდი ვერხვი, სადაც კოდალა ზის, საიდუმლოდ შრიალებს. სცენის ორივე მხრიდან დაბალი ნისლი იპარება. მთვლემარე ვეირამუტი მღერის, სიტყვები ისმის სულ ბუნდოვნად, მერე წყდება. სძინავს კას, სძინავს კოს, ძინავს ვეირამუტს, მუსიკა გრძელდება/ ვეირამუტის სიმღერა: სძინავს კას, სძინავს კოს, ხეკაკუნა უკაკუნებს ზევით რტოს, რტო იძახის: კა _ კო, კა _ კო. მზე გადადის, სძინავთ დებს, და ხედავენ კარგ სიზმრებს, ეღიმებათ, ეცინებათ. ო! რას ხედავთ, მომიყევით! არ მიყვებით? დავიძინებ მაშინ მეც. აი, ასე გადმოვიშვებ გულზე თმებს, თავს ჩავქინდრავ. არა, არა, მეშინია, ვიღაც არის სულ ახლოს. გადავიყრი ისევ უკან ჩემს კულულებს, და ვიფხიზლებ, ვუდარაჯებ პატარებს. მოიღუშნენ გოგონები, ნუთუ ცუდი ეხო ნახეს! /წვრილი დაფდაფი/ ოო! რამდენი ვარსკვლავი შესევია ერთ მთვარეს _ ერთი, ორი, სამი, ოთხი, ათი, ასი, ათასი. ხარის რქებო, ეხოებო, ნუ დამალავთ ნურაფერს. გეხვეწებით, დამანახვეთ ის ვარსკვლავი, ის, რომელიც სხვებზე უფრო ახლოს წევს. ეხოები თეთრებში: ეს შენა ხარ? /ამბობენ და იმალებიან/ /ვეირამუტი იხედება აქეთ-იქით, ოღონდ წყნარად, ოცნებით/ ვეირამუტი: აი, ის დიდი? ის ბრჭყვიალა? ის ხომ უნდა დაიწვას? ეხოები თეთრებში: აი, ის დიდი! ის ბრჭყვიალა! Mმარჯვნივ, ახლოს, და ის უნდა დაიწვას! /ამბობენ და იმალებიან/ ვეირამუტი: გმადლობთ, გმადლობთ, ეხოებო. სძინავს კას, სძინავს კოს, თავს ჩავქინდრავ, დავიძინებ მათ ახლოს. ის ხომ მაინც მალე, ჩქა-რა, უნდა მასთან აღარ იყოს, უნდა სულმთლად და-ი-წვას... /იძინებს ჯდომელა. აქეთ-იქით სძინავთ კას და კოს, მთვარე ანათებს, მერე იმალება, ცას დიდი ვარსკვლავი სწყდება და იწვის, მთვარეს ღრუბლები ეფარება. სიღრმიდან ისმის ტია-ტუს ხითხითი, უბერავს კუდიანი, მრგვალი ქარი. სიღრმეში ინთება ცეცხლი და მის ფონზე გამოდის ტია-ტუ/ ტია-ტუ: ჰუუუუჰუჰუჰუ, ქარი, ქარი, ქარი ქრის, ქარი თმებს მიწეწავს, ქარი თმებს მიშლის, ქარი ღრუბლებს ფანტავს, ქარი ცას წმენდს, ქარი ვარსკლავს წყვეტს, ვარსკვლავი იწვის, ვეირამუტს სძინავს, ვეირამუტის ვარსკვლავი იწვის, სულ ახლოს, მის გვერდით, ჩემი ვარსკვლავი ახლად ამოდის; ჩემი ვარსკვლავი ის არის, ის. გაიმეორეთ ეხოებო: ის არის ტია-ტუს ვარსკვლავი. ეხოები შავებში: ის არ არის ტია-ტუს ვარსკვლავი /ამბობენ და იმალებიან/. ტია-ტუ: თქვენ ხართ ეხოები, თქვენ გაიმეორეთ ისე, როგორც იმეორებენ ეხოები: ის არის ტია-ტუს ვარსკვლავი. ეხოები შავებში: ის არ არის ტია-ტუს ვარსკვლავი; ჩვენ შენი გულის ეხოები ვართ, ჩვენ ვიმეორებთ იმას, რაც არის შენს გულში. /ამბობენ და იმალებიან/ ტია-ტუ: რა არის ჩემს გულში? ეხოები შავებში: სიბნელე. /ამბობენ და იმალებიან/ ტია-ტუ: რა არის სიბნელე? ეხოები შავებში: ის, რაც არა ჩანს /ამბობენ და იმალებიან/. ტია-ტუ: რა არა ჩანს? ეხოები შავებში: არა ჩანს ღამე /ამბობენ და იმალებიან/. ტია-ტუ: არა ჩანს ღამე... ახლა ღამეა... ის დიდი ვარსკვლავი, იმასთან ახლოს, ახლაც ანათებს. ის კასი და კოსია. ვეირამუტის ვარსკვლავი როგორ დაიწვა ჩემი თვალით ვნახე. არა ჩანს ღამე... ახლა ღამეა... ღამეში არა ჩანს ტია-ტუ... ღამეში ხედავს ტია-ტუ... ტია-ტუს გულში არის თვითონ ღამე /უცებ ველურ მოძრაობას აკეთებს, ხითხითებს, გარბის, ისევ შემორბის, ინაბება, მოძრაობს ფრთხილად, რაღაცა იარაღებს და სითხეს მოათრევს, მოისმის წვრილი დაფდაფი, მუსიკის ხმა. ტია-ტუ ცეკვავს უხმოდ ველურ ცეკვას, მერე ეპარება კას და კოს და პალმის ტოტის წვერით, რომელსაც წითელ სითხეში აწებს, გულზე ახატავს ბოროტ ეხოებს, ხის რტოები იწევენ დაბლა და ფარავენ მკრთალ სინათლეებს/. ტია-ტუ: შენ, მთვარევ, მნათობთა შორის ყველაზე ნათელო, შენ, მთვარევ, მნათობთა შორის ყველაზე უწყინარო და სევდიანო, შენ, მთვარევ, სუსტო და უძლურო ღრუბლების წინაშე, შენ დამანახვე, შენ გამინათე, თუნდაც სულ მკრთალად, კას და კოს მკერდი. თქვენ, პალმის ბუსუსა წვერებო, შენ, სითხევ, დამზადებულო ხის ნაყოფისგან და შენ, სიბნელევ, ყველაზე ძლიერო ჩემივე სხეულში, შენ გამინათე. მე ჩემი დების გულებზე ვხატავ ბოროტ ეხოებს. ეს რქები _ ეს კა, ეს იმათ შორის რქიანი ეხო, ზედ წამოგებული კოს ძუძუებით, ეს ჩემი სიბნელის ხელოვნებაა, სულ ცოტაც, სულ ცოტაც... ახლა მშვიდობით, ჩემი ხელოვნების, ავი ეხოების დანახვაზე მათგან გაიქცევა ყველაზე ძლიერი, მათგან გაიქცევა ყველაზე სუსტი, კას გაექცევა კო, კოსგან გაიქცევა კა. ვეირამუტის ვარსკვლავი უკვე მოწყდა და დავრჩი მარტო მე, ტია-ტუ. მნათობთა შორის ყველაზე ნათელო, შენ გამინათე, რომ დამინახოს იმან, როცა დავუცდი შინ მობრუნებულს, გამოქვაბულის კარებთან მარტო მდგომი. ეხოებო, ოოო, ეხოებო, ჩქარა ნახავს იმას ტია-ტუ!? ეხოები შავებში: ჩქარა /ამბობენ და იმალებიან/. ტია-ტუ: ნახავს ახლოს? ეხოები შავებში: ახლოს, ახლოს. /ამბობენ და იმალებიან/ ტია-ტუ: ტია-ტუ ნახავს მას თავისთვის, ტია-ტუ შეახებს მას ხელს...! ეხოები შავებში: ტია-ტუ არ ნახავს მას თავისთვის. ტია-ტუ: ტია-ტუ შეახებს მას ხელს... ა? ეხოები შავებში: არა! /ამბობენ და იმალებიან/. ტია-ტუ: ტია-ტუს შეეხება ის? ეხოები შავებში: არა! /ამბობენ და იმალებიან/. ტია-ტუ: ის მოკვდება ტია-ტუზე ჩქარა? ეხოები შავებში: არა! /ამბობენ და იმალებიან/. ტია-ტუ: არა?! / ტია-ტუ კივის, იკლაკნება ელვაში, ხის რტოები ადიან მაღლა, ქრება ტია-ტუ, ოდნავ ნათდება. იღვიძებს კა/ კა: კო! კო: /სძინავს, ამოძრავებს ხელს და უშვებს/ კა: ვეირამუტ! ვეირამუტი: /თავს იქნევს, დიდი გაშლილი თმებიდან მოუჩანს შიშველი ძუძუები/ კა: კოს სძინავს, ვეირამუტს სძინავს, კას აღარ სძინავს, კამ ცუდი ეხოები ნახა, როცა თვალები დახუჭული ჰქონდა. /ნელა მოდის უკნიდან ტია-ტუ, ბოლო სიტყვები ესმის/ ტია-ტუ: რა ნახა კამ, როცა თვალები დახუჭული ჰქონდა? კა: /იშმუშნება/ კამ ნახა ტია-ტუ. ტია-ტუ: კამ ნახა, რომ ტია-ტუ კვდებოდა? კა: არა, კამ ნახა, რომ კვდებოდა ვეირამუტი. ტია-ტუ: საწყალი ვეირამუტი. რადგან ის ნახა კამ, ვეირამუტი მოკვდება და იქნება კას ბრალი. კა: იქნება კას ბრალი. კას არ უნდა, რომ მოკვდეს ვეირამუტი. ტია-ტუ: რა უნდა კას? კა: კას უნდა, ვეირამუტი იყოს იმისი ცოლი. ტია-ტუ: იმისი ცოლი იქნება ტია-ტუ. კა: საიდან იცის ეს ტია-ტუმ? ტია-ტუ: ტია-ტუს უთხრეს ეხოებმა. კა: კამ ნახა ეხოები, როცა ეძინა. ეხოებმა თქვეს, ჯერ მოკვდება ტია-ტუ _ კას ეცოდება ტია-ტუ, მერე მოკვდება ვეირამუტი და კა და კო იცხოვრებენ მარტო. ტია-ტუ: ის ეხო, რომელიც ნახა კამ, როცა თვალები დახუჭული ჰქონდა, ტყუის. კა: საიდან იცის ეს ტია-ტუმ? ტია-ტუ: ტია-ტუმ ნახა თვითონ ეხო. კა: ნახა ეხო? ტია-ტუ: ნახა ეხო, ეხომ აჩვენა ტია-ტუს ადგილი დიდი წყლის პირას, კლდის თავზე, მსხვილი მუხის ქვეშ, იქ დაიძინებს ვეირამუტი და აღარ ილაპარაკებს არც დღე და არც ღამე, მერე ვეირამუტს დაკიდებენ ხეზე დიდ ტომარაში, როგორც დაკიდეს ნაო, როგორც დაკიდეს კრო, როგორც დაკიდეს ის, ვინც გააჩინა კა, კო, ვეირამუტი და ტია-ტუ. კა: კას უნდა ნახოს ის ადგილი. ტია-ტუ: რად უნდა კას ეს? კა: კა ეტყვის შემდეგ. ტია-ტუ: ტია-ტუ აჩვენებს კას იმ ადგილს. /მიდიან/ /იღვიძებს შეშფოთებული ვეირამუტი, კულულებს იყრის უკან, მკერდს წინ სწევს, ახელს თვალებს, ხუჭავს, მერე მხარზე იდებს ნიკაპს, თმები იფარავს მის სხეულს, უცებ დგება/ ვეირამუტი: ოოო! ეხოები: ოოო! /ამბობენ ფარდის იქიდან/ ვეირამუტი: კა! კა! სად არის კა! ეხოები: კა არის დიდი მდინარის პირას, კა არის მარტო, კა არის ცოდო. /არ ჩანან, ისე ამბობენ/ ვეირამუტი: ოოო! ეხოები: ოოო! ვეირამუტი: სად არის კო? ეხოები: კოს ჯერ სძინავს და ვეირამუტს შეუძლია ელაპარაკოს, თუ გააღვიძებს სანამ ბნელა. ვეირამუტი: კოს სძინავს კარგად და კო ცოდოა, რომ გააღვიძოს ვეირამუტმა. ეხოები: დღისით, როცა ამოვა მზე, ვეირამუტი აღარ დაელაპარაკება კოს. ვეირამუტი: ვეირამუტი აღარ დაელაპარაკება კოს! კო! კო! გაიღვიძე, კო, სანამ ბნელა. კო: სად არის კა! ვეირამუტი: კა არის დიდი მდინარის პირას, დიდ მუხასთან. კო: კოს უნდა ნახოს კა. ვეირამუტი: რათ უნდა კოს, რომ ნახოს კა? კო: კო უნდა მოუყვეს კას. ვეირამუტი: ვეირამუტს უნდა, რომ კო მოუყვეს ვეირამუტს. /უბერავს ქარი, წამით ნათდება და ისევ სიწყნარეა/. კო: კოს უნდა, რომ ახლოს დაჯდეს ვეირამუტი. კომ ნახა მზე და ნახა მთვარე და ნახა პატარა და დიდი ვარსკვლავები, როცა დახუჭული ჰქონდა თვალები. ვეირამუტი: ყველაფერი ერთად ნახა კომ თუ ცალ-ცალკე? კო: ყველაფერი ერთად. ვეირამუტი: მოძრავი თუ მკვდარი? კო: ჯერ მკვდარი, მერე მოძრავი, მერე ისევ მკვდარი. ვეირამუტი: მწვანე, ყვითელი თუ წითელი? კო: ყვითელი, წითელი, მწვანე და შავი. ვეირამუტი: შავი?! კო: შავი. ვეირამუტი: მწვანე და შავი?! კო: მწვანე და შავი. ვეირამუტი: წითელი, მწვანე და შავი?! კო: წითელი, მწვანე და შავი. ვეირამუტი: ყვითელი, წითელი, მწვანე და შავი?! კო: ყვითელი, წითელი, მწვანე და შავი. ვეირამუტი: ოო! კო: კომ ნახა კიდევ ლურჯი. ვეირამუტი: ლურჯი?! კო: ლურჯი და ცისფერი. ვეირამუტი: ლურჯი და ცისფერი?! კო: ლურჯი და ცისფერი. ვეირამუტი: რა იფიქრა კომ, როცა ნახა ყველაფერი ის, როცა თვალები დახუჭული ჰქონდა? კო: კომ არ იფიქრა არაფერი, როცა თვალები დახუჭული ჰქონდა. ვეირამუტი: მაშ რა ქნა კომ? კო: კომ ნახა. ვეირამუტი: რა ნახა კომ? კო: ნაცრისფერი, ყვითელი და თეთრი. ვეირამუტი: კომ ნახა ტია-ტუ? კო: კომ ნახა ტია-ტუ. ვეირამუტი: რა იფიქრა კომ? კო: კომ არ იფიქრა არაფერი. ვეირამუტი: რა ქნა, აბა, კომ? კო: კომ ნახა... ვეირამუტი: რა ნახა კომ? კო: კომ ნახა დიდი, დიდი მინდორი, სულ მწვანე, ძალიან მწვანე. იქ არ იყო არც ყვითელი, არც წითელი, არც შავი, მარტო იყო ლურჯი, ოღონდ მწვანე მინდვრის ზევით, ძალიან, ძალიან ლურჯი. მერე კომ დაინახა ყვითელი და წითელი და გაიცინა. კომ გაიცინა, იმიტომ რომ დაინახა ცისფერიც. ცისფერი ამოდიოდა მწვანე მინდვრის შუაში, ის იყო პატარა და უშვებდა თხელ ფერფლს, ფერფლი იყო ბევრი და ადიოდა მაღლა, მერე სულ იყო ფერფლი და აღარა ჩანდა არაფერი. როცა ისევ დაინახა კომ, ცა იყო ცისფერი და მინდორი ჩანდა ყვითელი, შავი, წითელი, შინდისფერი. სულ შინდისფერი იყო ყველაფერი, ნელა გახდა უფრო ძალიან შინდისფერი და დაემსგავსა შავს. მერე შავი გაიზარდა, გაჩნდა ისევ ფერფლი, კო ვეღარა ხედავდა ვერაფერს. როცა ისევ დაინახა, აღარ იყო აღარც წითელი, არც ლურჯი, მწვანე, ყავისფერი, ცისფერი, თეთრი. კო დიდხანს ვერ ხედავდა ვერაფერს, იმიტომ რომ ყველაფერი იყო შავი, ძალიან შავი. კომ იმიტომ დაინახა შავი, რომ ზევით გამოჩნდა ყვითელი. კომ იფიქრა, რომ ის არის მთვარე. ვეირამუტი: კომ იფიქრა სწორად. კო: კომ კიდე ნახა წითელი და კომ იფიქრა, რომ ის არის ვარსკვლავი და სისხლი და ცეცხლი და ის არის... ვეირამუტი: ვეირამუტი! კო: ვეირამუტი. /ეკვრება ვეირამუტს/ ვეირამუტი: რატომ იფიქრა კომ, რომ წითელი არის ვარსკვლავი ან ცეცხლი? კო: წითელი იწვოდა, წითელი იწვოდა, წითელი იყო ვეირამუტი. ვეირამუტი: საწყალო კო, შენ გეძინა ცუდად, შენ ნახე ცუდი ეხოები. რა ნახე, კო, შენ ბოლოს? კო: მე არა ვნახე არაფერი. ვეირამუტი: შენ არ ნახე არაფერი? კო: მე არ ვნახე არაფერი, არ ვნახე, იმიტომ, რომ ბოლოს ყველაფერი იყო შავი. ვეირამუტი: საწყალი კო, კოს ცუდად ეძინა. კო: საწყალი კო, საწყალი კა. ვეირამუტი: კა?! კო: კა! ვეირამუტი: რატომ კა?! კო: კომ ნახა ყავისფერი და წითელი, კომ ნახა პატარა და დიდი, რომლებიც ჰგვანდნენ ერთმანეთს, კომ ნახა შავი და იქ არ იყო არც წითელი, არც ყავისფერი, იმიტომ რომ იყო მარტო შავი და მარტო ყვითელი. ვეირამუტი: წითელი? კო: წითელი აღარ იყო, ის დაიწვა მაშინ, როცა დაიმალა ყვითელი. ვეირამუტი: კომ თქვა, რომ ნახა ყავისფერი. კო: კომ ნახა ყავისფერი და ყვითელი და თეთრი. ვეირამუტი: რა იფიქრა კომ? კო: კომ არ იფიქრა არაფერი. რას ფიქრობ შენ, ვეირამუტ? ვეირამუტი: მე არ ვიცი რა ვიფიქრო. სამაგიეროდ, ვეირამუტის, კოს, კას და ტია-ტუს დედამ იცის რა იფიქროს. სანამ დედა მოვა, კო და ვეირამუტი დაუძახებენ კას. კო: კა! კა! ვეირამუტი: კა! კა! კა: ო, კო! ო, ვეირამუტ! კას უნდა თქვენი ნახვა, მაგრამ კამ არ იცის სადა ხართ თქვენ. ვეირამუტი კო } შენი დები არიან ჭრელ მინდორზე. /შემორბის კა/ ვეირამუტი კო } სად იყო კა? კა: კა იყო დიდ მუხასთან. ვეირამუტი კო } მარტო თუ ვინმესთან ერთად? კა: ჯერ სხვებთან ერთად, მერე მარტო. ვეირამუტი კო } ვინ იყო ის სხვა? კა: ის სხვა იყო ჩვენი და _ ტია-ტუ. ვეირამუტი: რა გაიგო მისგან კამ? კო: რა გაიგო მისგან კამ? კა: კამ ნახა... ვეირამუტი: კამაც ნახა? კა: დიახ, ვეირამუტ. ვეირამუტი: კამ ნახა ფერები? კა: კამ ნახა ხე. კო ვეირამუტი } ხე?! კა: ხე. ვეირამუტი: დიდი ხე, გაშლილი ფოთლებით. კა: საიდან იცის ეს ვეირამუტმა? ვეირამუტი: კომ ნახა შავი. კო: შავი, ყვითელი, ყავისფერი და წითელი. ვეირამუტი: ბოლოს კომ ნახა შავი, ვეირამუტმა იცის, რომ შავი არის ცუდი, საშიში, საიდუმლო, სხვა არაფერი არ იცის ვეირამუტმა, სხვა ყველაფერი იცის დედამ. კა და კო: სხვა ყველაფერი იცის დედამ. ვეირამუტი: იცის დედამ, იცის ბებერმა დედამ. კა და კო: კას და კოს ეშინიათ. ვეირამუტი: მათ ეშინიათ დიდი ბებერი დედის. კა და კო: ჩვენ არ ვიცით, ჩვენ არ ვიცით. ვეირამუტი: მეც მეშინია, ჩემო კა, მეც მეშინია, რისი, არ ვიცი, ჩემო კო. კა და კო: საწყალი ვეირამუტი. ვეირამუტი: საწყალი კა და კო. /შემოდის ტია-ტუ ზურგით/ ტია-ტუ: ტია-ტუს ეშინია. კა და კო ვეირამუტი } ტია-ტუს ეშინია?! /ტია-ტუ ბრუნდება/ კა და კო ვეირამუტი } ტია-ტუმ ნახა ცუდი ეხო?! ტია-ტუ: /თავს იქნევს/ კა და კო ვეირამუტი } ტია-ტუს ეშინია დიდი ხის. ტია-ტუ: ტია-ტუმ არ იცის რას ჰქვია შიში. კა და კო ვეირამუტი } საწყალი ტია-ტუ. ტია-ტუ: საწყალი ტია-ტუ. ვეირამუტი: ვეირამუტს უყვარს ტია-ტუ. კა და კო: კას და კოს უყვართ ტია-ტუ. ტია-ტუ: ტია-ტუს უყვარს თავისი დები. /ეკვრიან ერთმანეთს/ ერთად: დიდო დედა, ბებერო დედა, მოდი ჩქარა, მოდი ჩვენთან, ჩვენ გვეშინია, ჩვენ გვეშინია, ჩვენ ვნახეთ ფერები, ჩვენ ვნახეთ ხე. /შემოდის დედა დამჭკნარი, ფეხშიშველა და შიშველი ძუძუებით, ჭუჭყიანი ჩამოშლილი სწორი თმებით. სასირცხოს დათვის დაგლეჯილი ტყავი უფარავს. ცალი ძუძუ ჰკიდია მუცლამდე, ცალი ახვეული აქვს ხილაბანდით და შიგ უზის ლეკვი, რომელსაც ძუძუს თავი უდევს პირში, წკმუტუნებს და წუწნის. ტია-ტუ და ვეირამუტი სხედან, კა წევს, კო დგას, დედა შემოუვლის ყველას, მერე ლეკვს აქანებს როგორც ბავშვს/ დედა: აი, თქვენი და. ვეირამუტი ტია-ტუ }ჩვენი ახალი და. დედა: თქვენი ახალი და, ჩემი ახალი შვილი. ტია-ტუ ვეირამუტი } დედას უყვარს ჩვენი ახალი და და თავისი შვილი. დედა: დედას ის ყველაზე ძალიან უყვარს. ტია-ტუ: დედას არ უყვარს ტია-ტუ. დედა: /მკაცრად უყურებს/. ტია-ტუ: ალბათ, ლეკვმა საჭმელი მოუტანა გუშინ დედას. დედა: თქვენი ბებერი დედა თვითონ აჭმევს ლეკვს თავის ძუძუს. ტია-ტუ: როცა გაიზრდება, მაშინ მოუტანს ლეკვი საჭმელს. დედა: /უყურებს მკაცრად/. ტია-ტუ: მაშ რატომ უყვარს დედას ლეკვი? დედა: /წინ გამოდის/ დედამ ის არ გააჩინა, დედამ ის იპოვა, დედა ეჭვიანობს, რომ თავისი შვილობილი, თავის მუცელში გაჩენილ შვილებზე ნაკლებად უყვარს, დედა არ ეჭვიანობს, რომ ლეკვს დედა ნაკლებად უყვარს, ვიდრე შვილებს, რომლებიც თავისი მუცლით გააჩინა, დედა არ ეჭვიანობს, რადგან ლეკვმა არ იცის, რომ მის ახალ დედას აქვს დამჭკნარი ძუძუები, რომ ის დაბერდა. დედა ეჭვიანობს შვილებზე, რადგან მათ აქვთ ხელუხლებელი სავსე ძუძუები; თქვენ ყველა ხართ ცოდო, დედა არ არის ცოდო! დედას აღარა აქვს სავსე ძუძუები, თქვენ ყველამ ნახეთ ცუდი ეხოები, დედა არ არის ცოდო! დედა ვერ ხედავს ეხოებს. ტია-ტუ: ტია-ტუს არ უნდოდა გაებრაზებინა დედა. კა და კო: ჩვენ არ ვიცით რა ვქნათ, ჩვენ არ ვიცით რა ვქნათ. ვეირამუტი: კა და კო არიან ცოდოები. კა და კო: ჩვენ გვიყვარს დედა, ჩვენ გვეცოდება დედა, ჩვენ გვეცოდება ჩვენი ახალი და. დედა: თქვენი ახალი და? დედამაც ნახა ცუდი ეხო. ლეკვი სწოვდა ძუძუს და მერე დაიწყო ხორცის ჭამა. ჯერ შეჭამა ერთი ძუძუ, მერე შეჭამა მეორე ძუძუ, მერე თავი, მერე ფეხები, მერე მუცელი და გაეხვია შიგ, და თვითონ გახდა დედა, და დედა იყო ლეკვი, და წოვდა ძუძუს, ლეკვი უვლიდა დედას, ამიტომ უყვარს დედას ლეკვი. ტია-ტუ: რომ შეჭამა და თვითონ გახდა დედა? დედა: რომ შემჭამა და თვითონ გახდა დედა, ამიტომ მიყვარს მე ჩემი ლეკვი. ვეირამუტი: დედა ამბობს სწორს. ყველანი: დედა ამბობს, რომ უყვარს თავისი ლეკვი. დედა: დედას უყვარს თავისი ლეკვი, დედას აგონდება ბევრი ამბები, დედას აგონდება როგორ წავიდნენ ეხოები და როგორ მოიგონა სიმღერა, დედას ახსოვს სიმღერა, დედა იმღერებს სიმღერას. ყველანი: დედა იმღერებს ლეკვის სიმღერას, დედა იცეკვებს ლეკვის სიმღერას. ლეკვი: /გაბმულად წკმუტუნებს/ /ისმის ყრუ ყმუილი, დედა შუა სცენაზე შემოდის, იღებს არტისტულ პოზას, თმების ნაწილს იშლის, ნაწილს უკან იყრის. ხმა ამოდის მუცლის სიღრმიდან, დანარჩენები სხვადასხვა პოზებს იღებენ მის გარშემო, ეხმარებიან მიმიკებში და სიმღერაში, ვეირამუტი და ტია-ტუ ცალ-ცალკე, კა და კო ერთსა და იმავე მოძრაობას აკეთებენ/ დედის სიმღერა: უმუ, უუმ, უუმ, უუი. დადიოდა ტყეში მარტო ჩემი ლეკვი, იმის დედა, იმის დები. ყველანი: /ყმუიან როგორც მგლები, ლეკვი იყუჟება/ დედა: იმის დედა, იმის დები მგლებმა ჭამეს, მგლებმა ჭამეს ღელის იქით, მთების იქით შავ ჯუნგლებში, დიდ ძაძების, დიდ ხეების იქით, შუაში, ყავისფერი, ნაცრისფერი, უფერული, ხვლიკისფერი, დიდი ქვებით შემოსაზღვრულ ყვითელ ველში. ყველანი ერთად: /წვრილი ხმით, კანკალებენ/ უმუმუმუმუ, უმ, უმ, უუ. დიდი მგლები, შავი მგლები, ნაცრისფერი ძუძუებით, დაძღნენ ლეშით მაგის დედის, მაგის დების ნაწლავებით, ბარძაყებით. დედა: უუუუუ, ჰუჰუ. ქარი ქროდა, ქარი დაქრის. ყველანი ერთად: /ყვირიან როგორც ქარი/ დედა: მუხის შუაში გაქცეული, გაჩხერილი, ვიღაც ტირის, ვიღაც კვნესის; შია, სცივა, ეხოები, ეხოები. ღამე ვდგები და მივყვები, ეხოები, ეხოები. შავი, შავი, ყველგან შავი, მე მივყვები ყვითელ ეხოს. ტია-ტუ: მთვარის ეხოს. დანარჩენები: მთვარის ეხოს, დედა: მთვარის ეხოს შუა შავი, შავი, შავი დგას ღამე. თავის ზევით, უთვალებოდ, ვხედავ ყვითელს, ის ცივია, არ ანათებს, არც თვალებს მჭრის, უუუუუუუ. რქები, რქები, ჩემკენ რქები, ზედ ვეგები ძუძუებით. კა და კო: დედა, დედა. ტია-ტუ: /იქით გარბის/ მიხვდა, მგონი, მიხვდა. /ისევ მორბის/ ვეირამუტი: უუუუუ კა, უ კო, უ დედა, უ. დედა: ყვითელი სინათლე, რომელიც ცივია, რომელიც არ ანათებს, რომელიც მიზიდავს. ყვითელი ეხო, შავი რქები, მიშველეთ ჩქარა. მიშველეთ ჩქარა. მომეცით უკან ჩემი ძუძუები. /მაგრად იგლესავს ხელით დამჭკნარ ძუძუებს/ სხვები ერთად: ძუძუები, ძუძუები, ძუძუები. /ათქვირებულ ძუძუებზე ისვამენ ხელებს/ /დედა, ტრანსამდე მისული, დამჭკნარ ძუძუებს აქეთ-იქით აგდებს/ დედა: /უცებ წყვეტს სიმღერას, წყნარდება/ ეხო წავიდა. კა და კო: /გაკვირვებულები/ ეხო წავიდა! ვეირამუტი: ეხო წავიდა! ტია-ტუ: ეხო წავიდა! დედა: ლეკვი იწვა და ძუძუს მწუწნიდა. ვეირამუტი: დედას უყვარს ლეკვი, ლეკვმა მოსწოვა დედას ძუძუები, მერე შეიყვარა დედამ ის. კა და კო: ლეკვი ტირის და წკმუტუნებს, ლეკვი კანკალებს. დედა: საიდან იციან ეს კა და კომ! კა და კო: კა და კომ არაფერი არ იციან, კა და კო ხედავენ ლეკვს, რომელიც კანკალებს და კა და კოს ეშინიათ. დედა: კა და კო არიან უკვე დიდები. ვეირამუტი: კა და კოს ეშინიათ. კა და კო: ჩვენ გვეშინია, ჩვენ ვნახეთ ცუდი ეხოები. ტია-ტუ: ეხოები ნახა კომ. დედა: კო მოჰყვება თავის ეხოებს, სანამ ამოვა მზე, დედა მოუსმენს თავის შვილს, სანამ ამოვა მზე _ ყვითელი, წითელი, ბრჭყვიალა, შავი და ცხელი. /კო გამოდის წინ. ვეირამუტი, ტია-ტუ და კა მიდიან ფერად ფართო ნაჭრებთან, რომლებიც დასტად აწყვია, და უსმენენ კოს/ კო: კომ ნახა ვარსკვლავები, მთვარე, მთები, მინდორი და ხე. დედა: რა ნახა პირველად კომ? კო: კოს არ ახსოვს არაფერი, კოს ახსოვს მარტო მწვანე, ყველაფერი იყო მწვანე. /ტია-ტუ, ვეირამუტი და კა იღებენ ფართო, მწვანე ნაჭერს და აგებენ, ყველაფერი ხდება მწვანე/ დედა: /დედა ხელს იშვერს სამი დისგან დაგებულ მწვანე ფერისკენ/ იყო სიცოცხლე და იყო სიბოროტე. /სცენაზე ირევიან სხვადასხვა ტონის მწვანე ფერები, მათ ალაგებენ დები, ჩქარა, ერთმანეთის მიყოლებით/ კო: მერე იყო ლურჯი /ზევით ისვრიან ლურჯ ნაჭერს, ის იშლება და ნელა ეშვება მიწაზე, ბუნების ნახევარი იღებს ლურჯ ფერს და თანდათან გადადის მწვანიდან ლურჯში/ დედა: კო იყო ცოცხალი და კოს ეძინა, რადგან კო არ არის ბოროტი. კა: ეძინა კასაც. ვეირამუტი: ეძინა ვეირამუტსაც. ტია-ტუ: /ხმას არ იღებს/ დედა: ამოვა მზე და კო ვერ მოასწრებს თქმას. კო: კოს ახსოვს, რომ კომ გაიცინა. დედა: კომ დაინახა ცისფერი? კო: კომ დაინახა ცისფერი. /ცისფერი მოდის სიღრმიდან ნისლივით და შეუმჩნევლად, მოყოლის დროს ყველაფერი ხდება ცისფერი. ძირს აგებენ მთლიანად ცისფერ ნაჭერს/ დედა: კომ დაინახა ყველაზე დიდი და ღრმა ფერი. სამივე: რა არის ეგ ფერი, რას ნიშნავს ცისფერი? დედა: დედამ არ იცის, რა არის ეგ ფერი, დედამ მაშინ იცის რა არის ეგ ფერი, როცა თვალები დახუჭული აქვს და გაიგებს მაშინ, როცა დაკიდებენ, ტომარაში ჩასმულს, დიდი მუხის ხეზე, იქ, სადაც კიდიან დედის დედები. ტია-ტუ: ეგ ცუდი ფერია?! დედა: ეგ არ არის ცუდი ფერი. ვეირამუტი: ეგ კარგი ფერია, ეგ ფერი არის, როცა ამოდის მზე. დედა: ეგ არ არის კარგი ფერი, ეგ არ არის ცუდი ფერი, ეგ ფერი არის მაშინ, როცა თვალები დახუჭულია ქუთუთოებით. კო: კოს წყნარად გაეღიმა, როცა ნახა ცისფერი. დედა: ვინც ნახულობს ცისფერს, ყველას ეღიმება წყნარად. კო: მერე ყველაფერი იყო ცისფერი და კოს აღარ ეღიმებოდა. დედა: ვინც ცისფერის მეტს ვერაფერს ხედავს, ცოტა თეთრს მაინც, იმას აღარ შეუძლია გაიღიმოს, ის მკვდარია და იმას დაკიდებენ ტომარაში ჩადებულს, დიდ, გაშლილტოტება ხეზე. კო: კომ მაშინვე დაინახა ყვითელი, შავი, წითელი, ყავისფერი, შინდისფერი /სამივენი ფენენ ფერებს ძირს/. ყველაზე მეტი იყო შინდისფერი /სცენა თითქმის შინდისფერი ხდება - ფენენ შინდისფერ ნაჭრებს სხვებზე, პირდაპირ ზევიდან/ და კოს შეეშინდა, იმიტომ რომ შინდისფერი აღარა ჰგავდა შინდისფერს, ის იყო უფრო და უფრო შინდისფერი და გახდა შავი. /შინდისფერი ნაჭრები გროვდებიან და ზევიდან აფარებენ მთლიან შავ ნაჭერს/ დედა: კომ ხომ არ ნახა წითელი და ყვითელი. /შავ ნაჭერზე ჩნდება ყვითელი ნაჭერი და წითელი ნაჭერი. ძირითადი ფერი ისევ შავია/ კო: ნახა. ვეირამუტი: ნახა. დედა: ნახა მას შემდეგ, რაც ნახა შავი. კო: დედა ამბობს სწორს. /ცა შავდება, მერე გამოდის ყვითელი მთვარე, რომელიც გარემოზე არ მოქმედებს, ის მარტო თავისთავადაა ყვითელი, მის გვერდით მოჩანს ერთი წითელი ვარსკვლავი. ყველანი უყურებენ იმ ვარსკვლავს, ინაბებიან. სრულ სიჩუმეში ისმის დედის ხმა/. დედა: გურამ-გურამ! კა, კო: ის, ის, ის. ვეირამუტი: ის. ტია-ტუ: გურამ-გურამ?! დედა: კომ ნახა, რომ წითელი მოწყდა და დაიწვა? კო: ჰო, ნახა წითელი... /წითელი წყდება და იწვის, გარემოს ედება წითელი ფერი, მერე ისევ ჩანს შავი და ყვითელი/. დედა: /თავისთვის სცენის წინ იჩოქებს, ეფერება ლეკვს/ გურამ-გურამ, ჩემო ლეკვო, გურამ-გურამ, შენ, როგორც ეს ლეკვი, გიშვილე მე, შენ, როგორც ამ ლეკვმა, შენს დებთან, ჩემს ნამდვილ შვილებთან ერთად მოწოვე ეს ძუძები _ ეს ძუძუები, რომლებიც იყვნენ სავსე და ლამაზი, დაიცალნენ, დაიჩუტნენ და ახლა პატარა ლეკვიც ძლივს პოულობს შიგ რძეს, ოოო, ოოო, ოოო. /მოსდის ცრემლი, უცებ ბრუნდება შვილებისკენ და წინანდებურად უმეტყველო სახეს იღებს/ გურამ-გურამ მოკვდება. ყველა: ოოო. დედა: სანამ ნახავს მხოლოდ ცისფერს და მეტს არაფერს, ის მოვა აქ. ყველა: ოოო. ტია-ტუ: ო! /ის მიდის შეუმჩნევლად/ /დედა თავს უფრო იღებს ხელში/ დედა: რა ნახა ბოლოს კომ? კომ ბოლოს ნახა შავი. დედა: კომ ნახა კეთილი და ბოროტი სული, კო იცოცხლებს. კო: კა? დედა: იცოცხლებს კა. კა: ვეირამუტი? დედა: _ ვეირამუტი: ტია-ტუ? დედა: ტია-ტუ ყველაზე ადრე.. კა და კო: ყველაზე ადრე... ვეირამუტი: საიდან მიხვდა დედა? დედა: ტია-ტუს ეხო არ ამბობს არაფერს, ეხო გაბრაზებულია ტია-ტუზე, დედამ არ იცის, რატომ. ვეირამუტი: დედა არაფერს არ ამბობს დედაზე და კაზე და კოზე. დედა: ლურჯი, მწვანე და შავი არის დედა, დედა არ კვდება, დედა არ შეიძლება მოკვდეს, კვდება მხოლოდ შვილი. ვეირამუტი: კა და კოც არის ლურჯი, მწვანე და შავი. დედა: კა და კო, კა და კო. /უცებ ბრუნდება კოსკენ/ კო! კომ არა თქვა რა ფერები ნახა სულ პირველად, სანამ ნახავდა მწვანე ფერს. კო: საიდან იცის დედამ ეს? დედა: დედამ იცის, რომ პირდაპირ მწვანე და მუქი ლურჯი არ მოდიან, როცა ქუთუთოები გუგებს ხუჭავენ. კო: ჯერ მოდიან ნაცრისფერი, ყვითელი და თეთრი. დედა: საიდან იცის ეს კომ? კო: კომ ნახა ისინი, სანამ ნახავდა მწვანეს. დედა: ნაცრისფერი, ყვითელი და თეთრი?! კო: ნაცრისფერი, ყვითელი და თეთრი. დედა: /ეცემა მუხლებზე/ ოოო, ოოო, ოოო. ვეირამუტი: ოოო, ოოო. რატომ ტირის უცრემლოდ და მარტო ხმით, დედა? დედა: დედას არ შეუძლია ცრემლით იტიროს. ვეირამუტი: მაშინ რატომ ტირის ხმით დედა? დედა: დედა ვერ იკავებს თავს. ვეირამუტი: მაშინ იტირებს ვეირამუტიც, იტირებენ კა და კოც, ოღონდ დედამ თქვას, რატომ. დედა: დედას ეშინია, რომ ისინი ვერ შეიკავებენ ცრემლებს. კა და კო: თუ დედა იკავებს, ჩვენც შევიკავებთ. ვეირამუტი: ცრემლებს შეიკავებს ვეირამუტიც. დედა: ვერც ვეირამუტი, ვერც კა და კო, ცრემლებს ვერ შეიკავებენ, როცა ამოვა მზე. ვეირამუტი კა და კო } მაშ, როგორ იკავებს დედა ცრემლებს? დედა: დედას ისინი აღარა აქვს. კა და კო: ისინი აქვთ ახლა კას და კოს. კას და კოს ეშინიათ, ამოდის მზე და ისინი ვერ იკავებენ ცრემლებს. ვეირამუტი: /ვეირამუტი უყურებს დებს და ისიც ტირის/ მოდით აქ, დებო, ჩემთან ახლოს, ვიტიროთ ერთად. /დები უახლოვდებიან/ დედა: ოოო, ოოო. /უცებ სტაცებს ვეირამუტს ხელს და აქეთ ისვრის/ გეშინოდეს კასი და კოსი, მათ გულზე ახატიათ ავი ეხოები. ვეირამუტი: ავი ეხო?! დედა: ამოდის მზე. /ამოდის მზე/ ვეირამუტი: /უყურებს დებს, თითქოს საფარველი ჩამოეცალა, ისე ცხადად ჩანს მათ გულებზე დახატული ავი ეხოები _ ტატუირება, რქები, წითელი თავებით, ვეირამუტი თავში იტავებს ხელს/ ავი ეხო, ოო! დედა: ავი ეხო! კო: დედა, ვეირამუტ, მე და კას გვეშინია, ჩვენ გვინდა თქვენ ახლოს, ჩვენ გვეშინია ყვითელი, წითელი და ბრჭყვიალა მზის. /ორივენი ცდილობენ გაუშტერონ თვალები/ კა და კო: ჩვენ ვერ ვუყურებთ მზეს, ჩვენ ვერ ვუყურებთ მზეს. /გარემო გაკაშკაშებულია ყვითლად, ძალიან და ავადმყოფურად. ყვითლის გარდა, არ მოჩანს არც ერთი ფერი/ კა და კოს ეშინიათ ყვითელი ფერის, კა და კო ტირიან, ტირიან, ოოო. ვეირამუტი: ოოო. დედა: ოოო, ავი ეხო, ავი ეხო, ვინც კა და კოსთან ახლოს მივა, ის მოკვდება, კა და კომ უნდა იცხოვრონ მარტო. ვეირამუტი: /უნდა მივიდეს, თან ეშინია, კა და კო მიდიან მისკენ, ის უკან იხევს/ დაო, კა. კა: ვეირამუტ. ვეირამუტი: დაო კო. კო: ვეირამუტ. (ხელები გაშვერილი აქვთ ერთმანეთისკენ, მაგრამ ვერ მიდიან) დედა: ოოო, ბოროტმა ეხოებმა დაახატეს ბოროტი ეხოები ჩემს შვილებს, ჩემს კას, ჩემს კოს. კა და კო: ოოო. /დედა ხელებგაშვერილი მიდის შვილებისაკენ, მიდის ხელებგაშვერილი ვეირამუტიც, მიდიან მათკენ კა და კოც, სცენის სიღრმეში ცეკვავს ტია-ტუ ტრაგიკულ სამხიარულო სიმღერას. ახლოს მისვლის მაგიერ, კა და კოს დედა და და უფრო შორდებიან, ხელგაწვდილნი. ბოლო: ჩანს ვეირამუტის ხელი და დედის თმა, რომელსაც ამოვარდნილი ქარი წეწავს. კა და კო ერთმანეთისკენ ბრუნდებიან, უყურებენ ერთმანეთს/. კა: კო. კო: კა. /მიდიან ერთმანეთისკენ, მაგრამ ეშინიათ ერთმანეთის გულზე დახატული ბოროტი ეხოების, ის არის უნდა ჩაეკვრნენ ერთმანეთს, და შორდებიან, რამდენჯერმე იძახიან: ავი ეხო, ავი ეხო/ კა: კო! კო: კა! /ერთმანეთისკენ იწევენ, მაგრამ რაღაც უხილავი ძალა იჭერთ და უფრო შორდებიან ერთმანეთს გაწვდილი ხელებით, ერთმანეთისკენ გაშლილი თმებით. ბუნება ყვითელია და სიღრმეში ყვითელი ტია-ტუ ცეკვავს სიკვდილის ცეკვას, განშორების ცეკვას/ მეორე მოქმედება /სცენაზე ჩანს უზარმაზარი გამოქვაბულის შესავალი, რომელიც მიდის სულ სიღრმეში და, ბოლოს, სიბნელეში იკარგება. სიბნელიდან გამოდის მკრთალ სინათლეში ვეირამუტი, დაღვრემილი სახით. ვეირამუტი: /იყურება დასავლეთისკენ/ უკვე მზე ჩავიდა, იმას ჯერ კიდევ არ სძინავს: უკვე ღამდება, ის კი ჯერ არ მოდის, მე ვუძახი მას, ის კი არ მოდის, მე კი მარტო ვარ, მე მეშინია, ბოროტმა ეხომ ჩემი თავი დახატა დილით კედელზე და მე მოვკვდები, მე არ მინდა, რომ მციოდეს. ჩემი თავი, ჩემი ხელები, ჩემი ძუძუები ბოროტმა ეხომ კედელზე დახატა, მე ვეღარ მივალ ცეცხლთან, მე მეციება... ო, ეხოებო, არასოდეს აღარ გათბება ჩემი სხეული. /გამოქვაბულის სიღრმეში ჩანს ტია-ტუ, რომელიც ბოროტ გრიმასებს აკეთებს, მოდის წინ ისე, რომ ვეირამუტმა ვერ დაინახოს, რამდენიმე შტრიხს უმატებს ვეირამუტის სიმბოლურ გამოსახულებას კედელზე, მერე ადგილს ინაცვლებს/ ტია-ტუ: მზე ჩავიდა, ის კი არ მოდის. მის მაგიერ მოვა ღამე და სიცივე. ვეირამუტი: ტია-ტუც არის მარტო? მას ჩაეკვრება ვეირამუტი და გათბება, ვეირამუტს ეშინია თავისი დის; მაგრამ აქ სხვა არავინ არ არის, ყველაზე ძალიან კი ვეირამუტს ეშინია, როცა არავინ არ არის. ტია-ტუ: მე ჩაგიკრავ შენ ღამე, რომელიც საცაა მოვა ჩვენს გამოქვაბულში და გაგათბობ. ვეირამუტი: ტია-ტუ დიდია, ძლიერი და ყოჩაღი, იმას არ ეშინია სიცივის. ტია-ტუ: მე არ მეშინია, როცა მარტო ვარ და როცა მცივა. ვეირამუტი: არც მე მინდა, რომ მეშინოდეს, მასწავლე, ტია-ტუ, როგორ არ უნდა მეშინოდეს. ტია-ტუ: უნდა თქვა, რომ არ გიყვარს არავინ. ვეირამუტი: რომ არ მიყვარს არავინ. ტია-ტუ: რომ არ გიყვარს დედა, ლეკვი, რომელიც დედამ გაზარდა. ვეირამუტი: რომ არ მიყვარს დედა, ლეკვი, რომელიც დედამ გაზარდა. ტია-ტუ: რომ არ დარდობ კა და კოზე და გიყვარს მარტო შენი თავი. ვეირამუტი: რომ მიყვარს მარტო ჩემი თავი ტია-ტუ: მაშინ არ შეგეშინდება სხვების. ვეირამუტი: შენ არ გეშინია, ტია-ტუ? ტია-ტუ: მე არ მეშინია არაფრის. ვეირამუტი: მე მეშინია, მე მეშინია, რომ არ მიყვარდეს, მაშინ არც მე ვეყვარები არავის. ტია-ტუ: მაშინ იქნები ჩემსავით ძლიერი. ვეირამუტი: შენ არ გიყვარს არც ის? ტია-ტუ: მე ის მინდა, ის არის კაცი, მე ის მინდა ძალიან. ვეირამუტი: ო ტია-ტუ, მე მიყვარს გურამ-გურამ. ტია-ტუ: მე მინდა ის, ის არის კაცი. ეხოები: ტია-ტუ! /ტია-ტუ იხედება/ ვეირამუტ! /ვეირამუტი იხედება/ შენ მახინჯი ხარ, ტია-ტუ, შენ გეშინია თქვა, რომ გიყვარს გურამ-გურამ! შენ ლამაზი ხარ, ვეირამუტ, და ყველა შენს გრძნობას ეძახი სიყვარულს. ვეირამუტი: ო, ეხოებო, მე მეშინია, რომ არ მიყვარდეს კა და კო და დედა და ლეკვი. ტია-ტუ: შენ აღარ გიყვარს გურამ-გურამ! ვეირამუტი: მე მეშინია კიდევ ვთქვა მასზე რაიმე ხმამაღლა. ტია-ტუ: გეშინია კა და კოსი? ვეირამუტი: არა. ტია-ტუ: გეშინია დედის და ლეკვის? ვეირამუტი: არა. ტია-ტუ: გეშინია ჩემი და ეხოების?! ვეირამუტი: ჰო. ტია-ტუ: მე არ მეშინია ჩემი, მე არ მეშინია ეხოების, ჩემი ეშინიათ სხვებს. ვეირამუტი: შენი ეშინია ყველას. ტია-ტუ: მე ვარ ავი, მე ბევრ ვნებას ვაყენებ სხვებს. ვეირამუტი: ტია-ტუ, შენა ხარ ჩემი და, მე არ შემიძლია ცუდის გაკეთება, მე მიყვარს ყველა, შენც გიყვარს ყველა, ოღონდ შენ არ ამბობ მართალს. ტია-ტუ: მე ვამბობ მართალს, შენ არ გიყვარს ყველა, შენ სტყუი, ჩემო ლამაზო და. ვეირამუტი: მე არ მინდა ვთქვა ტყუილი. ტია-ტუ: მე კი თავისთავად არ ვამბობ ტყუილს არასოდეს. მე როცა ვტყუი, ყველამ იცის, მაგრამ მე ვარ ეშმაკი და ყველანი მიჯერებენ. სამაგიეროდ, მათ არ ვუყვარვარ, _ მეც ამითივე ვუხდი ყველას. ვეირამუტი: მე სულ უფრო მეშინია ჩემი დის. ტია-ტუ: მე არ მეშინია შენი. ეხოები თეთრებში და შავებში: ო, ვეირამუტ! ო, ტია-ტუ! თქვენ ორივენი ხართ დიდ, ღრმა გამოქვაბულში, რომელშიაც არის მარტო სიბნელე, თქვენ ორივეს ახვეული გაქვთ თვალები და ვერა ხედავთ სინათლეს, რომლის მძლავრი სხივიც დანახვისთანავე თვალებსა გჭრით და გაბრმავებთ. ის, ვინც ვერ ხედავს სინათლეს, დაიღუპება. ტია-ტუ: გესმის ხმები? ვეირამუტი: ო, ტია-ტუ, მე მესმის ხმები და ვერ ვარჩევ მათ. ტია-ტუ: ისინი ამბობენ, რომ ვეირამუტი არის სიბნელეში, რომ ვეირამუტს ახვეული აქვს თვალები და არ შეუძლია დაინახოს სინათლე, თქვას მართალი. ვეირამუტი: ისინი ამბობენ, რომ ვეირამუტს ეშინია, ეშინია ყველაფრის და არ შეუძლია გააკეთოს ცუდი. ტია-ტუ: ტია-ტუს ესმის სხვანაირად ეხოების, ისინი აბრაზებენ მას. ვეირამუტი: ვეირამუტს ამშვიდებენ ეხოები, ისინი არიან წყნარი და ტკბილი, როცა ვეირამუტი არის სხვებთან ერთად, როცა მასთან არიან მისი დები და კაცები; ვეირამუტს ეშინია სიმარტოვის, ეშინია მარტო ყოფნის დროს ეხოების მოსმენის. ტია-ტუ: ტია-ტუს არ ეშინია არაფრის, როცა ის არის მარტო. ტია-ტუს მაშინ ეშინია ეხოების, როცა ის სხვებთანაა, როცა მას უყურებენ მისი დები, დიდი მეომრები და როცა მას უყურებს ვეირამუტი. (შორიდან ისმის ლეკვის წკავწკავი, ყრუ ხმა ლოცვის, გამოდის სიღრმიდან დედა, ხელში აყვანილი ლეკვით, ლეკვს თავი გვერდზე აქვს გადაგდებული, საფეთქლიდან მოსდის სისხლი, წკავწკავებს. შემოდის დედა, ის უყურებს ორივეს და ვერ ხედავს ვერც ერთს) ტია-ტუ: დედა და ლეკვი! ვეირამუტი: საწყალი დედა, ის ვერ გვხედავს, საწყალი ლეკვი. ტია-ტუ: ლეკვი მოკვდება. დედა: /უცებ მიდის ტია-ტუსკენ/ მოკვდება დედაც, მოკვდება ტია-ტუც, მოკვდება ვეირამუტიც. ვეირამუტი: საწყალი დედა, საწყალი ტია-ტუ, საწყალი ვეირამუტი. ვეირამუტს სცივა, ვეირამუტს არ უნდა, რომ მოკვდეს. დედა: /აღარ უყურებს არავის, სიბრაზე ჩაქრა, იყურება ზევით, ფარდისაკენ. ფეხმორთხმული ჯდება, წინ იდებს ლეკვს, ლეკვი შეყეფს და მოკვდება/ ოოო, ოოო, ოოო! ლეკვი... პატარა ლეკვი... ის ბოლო იყო, ვინც კიდე მოწოვა ჩემი ძუძუები, ვინც გამოწუწნა საბოლოო რძე, შინ აღარ არის რძე, რძე დაიცალა, ძუძუები დაიჩუტა. ოოო, ოოო, ოოო... ურძეოდ მოკვდება დედა /უცებ წამოვარდება, მიდის ვეირამუტისკენ, მერე ტია-ტუსკენ/ თქვენ გამოწოვეთ ეს ძუძუები, ისინი კვდებიან ახლა. ოოო, მოკვდებიან ისინიც, ვინც გამოწოვა ჩემი რძე, ჩემი სიცოცხლე, მოკვდებიან რძით სავსე ძუძუებით, ცხოვრებით სავსე გულით; დედა წყევლის ყველას! დედა ლოცავს ყველას! დედას უყვარხართ თქვენ, პატარა და დიდო დებო; დედას ა-ღარ შე-უძ-ლია არა-ფერი, საწყალი დედა... /დედა მოსხლეტით ეცემა, მერე წამოიწევს, მკვდარ ლეკვს მიითრევს თავისკენ, ჩაიხუტებს მაგრად, ხელები უდუნდება, უმოძრაოდ ეცემა, კვდება. ვეირამუტი და ტია-ტუ ამ სცენაში არიან ჩაფლულები, როცა იჭრება ახალი ხმები, ძლიერი დაფდაფი, სირბილი, ნაბიჯები... მკვდარ დედას ლეკვთან ჩახუტებულს ტოვებენ შუა სცენაზე, იყუჟებიან. პირველი გარბის წინ ტია-ტუ, მისკენ მორბის დაჭრილი `ის~ _ გურამ-გურამ. ის აწყდება ტია-ტუს, მაგრამ ვერ ხედავს მას, ის ხედავს მხოლოდ ვეირამუტს. ტია-ტუ _ პატარა, უშნო, ბოროტი _ თავისთვის იყუჟება კუთხეში. წინ გამოდის ვეირამუტი _ მაღალი, ლამაზი, კეთილი გაბრწყინებული თვალებით, რამდენადაც შეუძლია, ღირსეულად თავშეკავებული/. ვეირამუტი: მე გელოდი შენ. გურამ-გურამ: მე მოვედი შენთან. ვეირამუტი: ო, გურამ-გურამ. გურამ-გურამ: ო, ვეირამუტ. ეხოები სიღრმიდან: ო, შენ მოხვედი ვეირამუტთან, ოღონდ მოხვედი ძალიან გვიან. გურამ-გურამ: /იძაბება/ გესმის ხმები, ვეირამუტ? შენ აღარ გიყვარვარ მე? ვეირამუტი: ხმები არ ამბობენ სწორს. მეომარი: /იზიდავს ქალს, სისხლიან მკერდზე იკრავს/ შენი ძუძუები მიწამლებენ მე. ვეირამუტი: შენი მკერდი არის თბილი, ძალიან თბილი, ის ათბობს ჩემსას, რომელიც იყო ცივი და რომელსაც ეშინოდა. ხმები: გურამ-გურამ /ეხოები იმეორებენ და იმალებიან/ სხვა ხმები: ვეირამუტ /ეხოები იმეორებენ და იმალებიან/ მეომარი: ვეირამუტ! მე მქონდა იმდენი ძალა, რომ შენთან მოვსულიყავი. ვეირამუტი: მეც მქონდა იმდენი სიყვარული, რომ შენთვის დამეცადა. მეომარი: შენ მიჰყავდი სხვა მეომარს? ვეირამუტი: მე მივყავდი ავ და კარგ ეხოებს თავისთან, მე ისინი წამიყვანენ ჩქარა, მე ისინი წამიყვანენ, იმიტომ რომ მოხვედი შენ. მეომარი: რომ მოვედი მე?! ვეირამუტი: ჰო, რომ მოხვედი შენ. მეომარი: მე. ვეირამუტი: ასე ახსნა ძილში ნახული ეხოები დედამ, რომელსაც ეჭირა ლეკვი, რომელმაც მოწოვა მისი ძუძუ და რომელიც მოკვდა მასთან ერთად. მეომარი: /ნაღვლიანად/ დედამ იცის ეხოების ენა. ვეირამუტი: /ნაღვლიანად/ დედამ იცის ეხოების ენა. მეომარი: /უცებ აენთება/ გურამ-გურამ წავა, გურამ-გურამ მოკლავს თავის სიყვარულს გულში, გურამ-გურამ აღარ ნახავს ვეირამუტს აღარასოდეს, ვეირამუტი იცოცხლებს დიდხანს, ვეირამუტი იცოცხლებს... ვეირამუტი: თუ წავა ის, ვისაც ელოდა ვეირამუტი, თუ წავა ის, ვისაც ცხვირში დიდი ვაჟკაცობის ნიშნად აქვს ყველა დიდ ტყეებში მცხოვრები ყველაზე დიდი სპილოს ძვალი, რომელიც ყველა სხვა ტომებში ყველაზე დიდმა მონადირემ მოკლა. ეხოები: ის მოკლა გურამ-გურამმა. ვეირამუტი: /აღგზნებული/ ის მოკალი შენ! გურამ-გურამ: მე ის მოვკალი, მე მინდოდა დამრჩენოდა მისი ეშვი. ვეირამუტი: შენ მოკლავ ვეირამუტს შენი წასვლით უფრო ჩქარა, ვიდრე ეს ეხოების სურვილია და არ დაგრჩება მისგან არაფერი. მეომარი: მე არ წავალ მისგან. ეხოები თეთრებში და შავებში: მაშინ უფრო ჩქარა მოკვდება ვეირამუტი /ორივენი იშმუშნებიან/. ვეირამუტი /სასოწარკვეთილებით/: გურამ-გურამ! მეომარი } ვეირამუტ! ეხოები თეთრებში და შავებში: დრო გადის, დრო გადის, დრო გადის /ამბობენ და იმალებიან/. /ორივენი იხედებიან აქეთ-იქით. მეომარს ძალა ელევა, კარგავს ფერს, მსუბუქად ტოკდება, ვეირამუტი კუთხისკენ იხევს მისგან შორს, ჩანს როგორ თრთის მეომრის მკერდზე ჭრილობა. მეომარი ცდილობს არ შეიმჩნიოს არაფერი, გამოქვაბულიდან ისმის ჩუმი სისინი/. მეომარი: ვეირამუტ! ვეირამუტი: ა! /იყურება კედლისკენ და უცებ გარბის მისკენ, ორ ნაბიჯზე ჩერდება. აღელვებული, გაკვირვებულია/ ჯერ ხომ არ მომკვდარა ვეირამუტი?! მეომარი: ის არ მოკვდება. ვეირამუტი: ის არ მოკვდება. მეომარი: ის უყვარს გურამ-გურამს. ის ეყვარება გურამ-გურამს მანამდე, სანამ უყურებს და უყურებს მანამდე, ვიდრე შეუძლიათ მის თვალებს უყურონ, ვიდრე შეუძლიათ მის ყურებს, რომ გაიგონონ მისი ხმა. ვეირამუტი: /სასოწარკვეთილებით/ მერე?! ხმები: მერე მოკვდება ვეირამუტი. ვეირამუტი: მერე?! /სასოწარკვეთილებით, ოღონდ წინააღმდეგობის გრძნობის გარეშე, ბედს მინდობილი. უცებ ისევ ენთება, ის ვერავის ვეღარ ამჩნევს, როცა ამბობს/: ვეირამუტს უნდა სიცოცხლე. /გურამ-გურამს უფრო ელევა ძალა, ძლივს ადგამს ფეხებს, ვეირამუტიც შეიპყრო მისმა უძლურებამ, უნდა წავიდეს მისკენ, ოღონდ არ შეუძლია, წუწუწუუ _ მოულოდნელად უბერავს ქარი გამოქვაბულიდან, წუწუუ _ განმეორებით უბერავს ქარი, სცენაზე ყველაფერი ბრიალებს, ორივენი ადგილზე ქვავდებიან, რაღაცა ძალა იღვიძებს მათში. ამ ძალას მათი უმოძრაო დგომა იმავე პოზაში, როგორც ბოლოს იყვნენ, უსვამს ხაზს. რაღაც გაჩნდა ისეთი, რომელმაც ორივენი დააბრუნა სიცოცხლესთან. ახლა უკვე მთელი გარემო შრიალებს. ოოჰო ჰო ჰოოო! _ ისმის სიჩუმეში სიცილი, მკვეთრი, მშრალი. გამოქვაბულის სიღრმიდან გამორბის თმებგაშლილი ტია-ტუ; სხვა ყველაფერი წყვდიადში ექცევა, წყვდიადში ექცევიან გურამ-გურამ და ვეირამუტიც. მთელი სინათლე ეცემა ტია-ტუზე. ის განსახიერებაა სიბოროტის. პატარა, გაძეძილი, უშნო და ბოროტად ჭკუაზე შემცდარი, ქვის ხელცულით და ქვის დანით ხელში, ის თავის გარშემო ვერაფერს ხედავს/. ტია-ტუ: ტია-ტუ, ტია-ტუ, ტია-ტუ. ეხოები: /იმეორებენ მრავალჯერ/ ტია-ტუ, ტია-ტუ, ტია-ტუუუ. ტია-ტუ: ტია-ტუს უნდა, ტია-ტუ იპოვის, ტია- ტუ იქნება ლამაზი. ხმები: იქნება, იქნება, იქნება. ხმა: მაშინ იქნება ისეთივე უშნო და ბოროტი. ტია-ტუ: ტია-ტუს არ უნდა ბოროტად ყოფნა, ტია-ტუს არ უნდა უშნოდ ყოფნა. ხმები: ის იქნება ლამაზი, ის იქნება კეთილი. ხმა: როცა არ იქნება ის, რასაც ჰქვია ტია-ტუ. ტია-ტუ: /გიჟის თვალებით, რაღაცას უგდებს ყურს/ ტია-ტუ უ, ტია-ტუ უუ _ იწევა თითის წვერებზე, მოკრძალებული. ეხოები: /დუმან და იმალებიან/. ტია-ტუ: /სახეზე კეთილი ღიმილი ეხატება/ მე არა ვარ ტია-ტუ? რა არის ტია-ტუ? მე რომ ვიყო ტია-ტუ, მაშინ ხმები დამიძახებდნენ ტია-ტუს. ჰა... ჰა რა არის ტია-ტუ? /ბავშვურად/ რაღაც მაგონდება, როცა ამ სახელს ვამბობ. ო, ეხოებო, მაპატიეთ, მე ისე დავიღალე, რომ ვერც კი მოგესალმეთ და სულ დამავიწყდა მესურვებინა თქვენთვის ლამაზი ფერები, დიდი ფოთლებით, ცივი წყლებით, ახლა მიკვირს, რომ არ ვხედავდი... აი... ოო, რა ლამაზია /გამოქვაბულიდან გამოდის მკრთალი შუქი/, ოო, რა ლამაზია. ოღონდ მე მისი სახელი არ ვიცი, მე არც მისი ფერი ვიცი, მე არ ვიცი არც მისი დედა ვინ არის. გამაცანით. მე ის მიყვარს, ეხოებო. ეხოები: იმას არა აქვს სახელი. ტია-ტუ: სახელი? განა შეიძლება იმას სახელი ჰქონდეს, ის ისეთი ლამაზია და მე ისე მიყვარს, მინდა სულ აქ ვიჯდე და ასე ვუყურო. ოღონდ თვალებს დავხუჭავ და ისე ვუყურებ. ო, ახლა ასე უფრო კარგადა ჩანს. ან რა საჭირო იყო თვალები მის დასანახად. ასე კარგია, ახლა მუსიკა მესმის. კარგო ეხოებო, რა კარგი ყოფილა, როცა არა გაქვს სახელი /მიდის ნირვანაში/. /დაძაბული მოძრაობით, შემართულები უახლოვდებიან გურამ-გურამ და ვეირამუტი ტია-ტუს, რომლის სახეც უდიდეს სიმშვიდესა და ნეტარებას გამოხატავს. მისი გამომეტყველება ედება ორივეს. ყრუ ხმით ეცემა გამოქვაბულის შუაში მეომარი, ძალაგამოლეულია, ვეირამუტი მირბის მისკენ. სანამ მიირბენდეს, მეომარი იმართება, სახეზე ტკივილი ეხატება და ისევ ეცემა, ოღონდ ახლა ვეირამუტის მკლავებში. ბუნება ბოროტად იწყებს შრიალს, ის რაღაც მშვენიერი და ლამაზი, რომელიც არ ჩანდა, ქრება/ ვეირამუტი: ო დიდო და ძლიერო ეხოებო, ო კეთილო ძალებო, ო გურამ-გურამ. მეომარი: ო ვეირამუტ! ვეირამუტი: წყალი! ხმები: წყალი, წყალი, წყალი! მეომარი: /სუსტად/ წყალი! ვეირამუტი: წყალი აქ არის. /ორ ნაბიჯზე გადმოდის წყალი, ვეირამუტი ცდილობს დააწვინოს მეომარი და გაიქცეს წყალზე/ მეომარი: ოო, ნუ მტოვებ. წყალი! ვეირამუტი: წყალი აქ არის /ცდილობს დააწვინოს/ მეომარი: ოო, ნუ მტოვებ. წყალი! ვეირამუტი: /ცდილობს თან წაიყვანოს/ ერთად წავიდეთ, მე მომეჭიდე, ხელი მომხვიე კისერზე, აი ასე, აი ასე. აქვე გადმოდის ცივი, ცივი წყალი. მეომარი: ოო, ნუ მანძრევ, ვეირამუტ, მეტს ვერ ავიტან. ვეირამუტი: კეთილო და ბოროტო ეხოებო, მირჩიეთ, რა ვქნა? ეხოები: /დუმან, მხოლოდ უხმო ელვის სინათლე ეცემა ტია-ტუს. მეხი ცოტა ხნის შემდეგ ვარდება, რომელსაც საშინელი წვიმა მოჰყვება. ვეირამუტი თვალს მოჰკრავს ტია-ტუს, რომელიც ადრინდელი ნეტარების პოზაში ზის დავიწყებული; ვეირამუტის სახეზე სასოწარკვეთილი იმედი იხატება, ცალ ხელს მაღლა სწევს/. ვეირამუტი: ნუ მოკლავთ, ძალებო, მეომარს უწყლოდ /ვეირამუტი თავს აბრუნებს ტია-ტუსკენ, რომელიც წინანდებურად მშვიდია, და ნელა უძახის/ ტია-ტუ! /ტია-ტუს ნერვიულად ეცვლება სახე, მაგრამ რაღაცას იგონებს, ისევ დამშვიდდება/ ტია-ტუ!! /იძახის უფრო ხმამაღლა. წყლის ხმა, რომელიც უკვე მდინარეს წააგავს, იზრდება; ელვა ძლიერდება, იწყებს წვიმას; ვეირამუტის გარშემო არა წვიმს. ტია-ტუ მეორე დაძახებისას უცებ ერკვევა, მაგრამ ვეირამუტი აღარ ეძახის და ისიც წინანდელ მდგომარეობას უბრუნდება/. მეომარი: ო, სულ ცოტა სიგრილე მაინც, ო, არ მინდა უწყლოდ სიკვდილი. ვეირამუტი: აჰა, აი აქ, აქ არის ნესტი. აჰა, შენია, აჰა, წაიღე, სულ შენ წაიღე. /ის აღგზნებულია, აზღუდიდან იღებს ძუძუს და აწვდის, მეომარი წუწნის ნელა და ვნებით/. ის სულ შენია, ის სულ შენია. მეომარი: ის სულ ჩემია /პირს უშვებს ძუძუს/ ვეირამუტი: ნუთუ სისველე აღარ დარჩა. მეომარი: ის გავარვარდა და ყელსა მწვავს. ვეირამუტი: კიდე მოწოვე, კარგად მოწოვე, მანდ იპოვი შენ, რაც გადაგარჩენს, ის სავსე არის შენი დახმარების სურვილით. მეომარი: /ცდილობს ისევ მისწვდეს ძუძუს, ტუჩებს ავლებს და უშვებს/. ო, ისევა მწვავს, ო რა ცხელია. ვეირამუტი: აი, მეორე ძუძუ, გურამ-გურამ, ისიც სავსეა შენი მორჩენის სურვილით. მეომარი: ო, ეგეც ყელს მწვავს, უფრო უარესადა მწვავს, ვეირამუტ. ვეირამუტი: ეხოებო, მირჩიეთ. მეომარი: მე ის ახლა ლოყას მწვავს, მე ის ახლა შუბლზე მედება. ო, მომაშორეთ ძუძუები, მომეცით სინესტე, მე წყალი მწყურია. ვეირამუტი: კეთილო და ბოროტო ეხოებო, მომეცით წყალი, მომეცით სინესტე, აავსეთ, აავსეთ ჩემი ძუძუები. ეხოები: შენი ძუძუები სავსეა ვნებით, შენ მარტო ის დაგრჩა შენი გრძნობებიდან და შიგ ნოტიო სამუდამოდ გამოილია. ვეირამუტი: რა მეშველება?! ეხოები: ჩვენ დაგვიჯერე. მეომარი: მათ დაუჯერე. ვეირამუტი: გიჯერებთ, გიჯერებთ, კეთილო ეხეობო, ნუ მოკლავთ მეომარს უწყლოდ. ეხოები: შენ ვნებამ დაგწვა, შენ ეგ გაგივლის, მაგ ვნებამ დაწვა შენი მეომარიც. ვეირამუტი: გურამ-გურამი კვდება უწყლოდ, ჩქარა გამივლის? ეხოები: როცა აღარ გერქმევა შენ ვეირამუტი. ვეირამუტი: ო, თანახმა ვარ. მეომარი: წყალი, წყალი! ო ნუ მტოვებთ. ვეირამუტი: მე თანახმა ვარ, ოღონდ წყალი, წყალი მომეცით, რომ გურამ-გურამს დავალევინო. ეხოები: როცა აღარ გექნება ვნება, აღარ დასჭირდება მეომარს წყალი. მეომარი: /ხმამაღლა/ წყალი, წყალი, წყალი /თავს სწევს მაღლა, ხვდება ვეირამუტის გადმოყრილი ძუძუები, სახეს სწვავს, უცებ იქნევს თავს და ირინდება/ ო ოოო /კვნესის საზარლად/. /მკრთალი ციდან მოდის წვიმა. ვეირამუტს ყველაფერი ავიწყდება ქვეყანაზე გარდა წყლისა, ხელიდან უშვებს მეომარს და გარბის წყლისაკენ/ ვეირამუტი: წყალი, გურამ-გურამ, მე ჩემი პეშვით დაგალევინებ შენ წყალს /თითქმის ღონემიხდილი იხრება წყლისკენ, მაღლა ამოსული წყალი ნელა იწევს ქვევით და ქრება/. წყალი... ა /ბრუვდება ვეირამუტი და უცებ ხედავს მშვიდად მჯდომარე ტია-ტუს, საშინელი ბრაზი იპყრობს, ერთ დროს კეთილი, მშვიდი ვეირამუტი მთლიანად შეცვლილია სახეზე, ორივე ხელს მაღლა იშვერს და მთელი ხმით იძახის/ ვეირამუტი: ტია-ტუ!!! ტია-ტუ: /წყნარად/ ტია-ტუ? (უცებ წამოვარდება, ნატამალიც აღარ რჩება მის არსებაში ძველი სიმშვიდის) ტია-ტუ, ტია-ტუ, ტია-ტუ ეხოები: /იმეორებენ მრავალჯერ/ ტია-ტუ - ტია-ტუ - ტია-ტუუუ! ტია-ტუ: მე ვარ ტია-ტუ! მე ვარ დიდი, მე ვარ ძლიერი, მე მქვია სახელი, შენ გამახსენე, ჩემი სახელი შენ! შენ!!! შენ!!! შენ, კეთილო ვეირამუტ. ვეირამუტი: ტია-ტუ... ტია-ტუ: მე ვარ ბოროტი!! ვეირამუტი: ტია-ტუ... ტია-ტუ: გურამ-გურამ მოკვდება უწყლოდ. ვეირამუტი: ოოო... ტია-ტუ: ის მოკვდება უწყლოდ სიკვდილზე ადრე. ვეირამუტი: ოოო... ტია-ტუ: ის მოკვდება ტია-ტუს ხელით, ის მოკვდება შენთან ერთად, შენ მოკვდები ამ ნაჯახით. ვეირამუტი: ო, ტია-ტუ. ტია-ტუ: ის მოკვდება ამ დანით და ჩემი ძუძუები დარჩებიან სავსე ვნებით, სავსე სიცოცხლის ძალით. ისინი მოკვდებიან ხელუხლებელი გურამ-გურამთან ერთად, ისინი მორწყავენ სისხლით ტია-ტუს სხეულს. ვეირამუტი: ო შემინდეთ, კეთილო და ბოროტო ეხოებო. ტია-ტუ: ო ჩაიბარეთ უკან ჩემი ძუძუები. /ირტყამს ძუძუში დანას/ ეხოები: დრო დადგა, დრო დადგა, დრო დადგა. /ტია-ტუ სისხლიანი დანით მიდის ვეირამუტისა და გურამ-გურამისაკენ, გურამ-გურამი წამოიწევს და, დაუძლურებული, ისევ ეცემა. ტია-ტუ და ვეირამუტი, დაბრმავებულები თავიანთი ვნებისგან, მიდიან წინ. _ უუუუ! _ ისმის უფსკრულში გადავარდნილი ვეირამუტის სასოწარკვეთილი კივილი; უუუუ უ! _ იმეორებს ათასი ეხო. უუუუ ოოო! უი! ოი! _ ისმის უფსკრულში გადავარდნილი ტია-ტუს სასოწრაკვეთილი ხმა. უუ! ოო! ეე! იიოო! _ იმეორებს ათასი ეხო ბანით, კრიმანჭულით, წრიპინით, მხიარულად, ბოროტად და უცებ ყველაფერი მშვიდდება, ნაწვიმარზე განსაკუთრებით გამჭვირვალეა ჰაერი და სასიამოვნოა მზე, რომელიც ჯერ არა წვავს. მზის იქით, მკრთალად განათებულში, გდია მეომარი./ გადის ხანი. შემოდის კო ნელა, მოწყენილი, ყვავილების კრეფით, ხელში ნახევრად გაკეთებული გვირგვინი უჭირავს. მეომარი: /გმინავს თავისთვის/ ო! ო! ო! /კო შეშინებული იმალება, ისევ გამოდის ფრთხილად, თითის წვერებზე./ კო: ვინ კვნესის ჩრდილში? მეომარი: ეს მე ვარ, გურამ-გურამ. კო: გურამ-გურამ! მეომარი: ო! ო! შენ ვინ ხარ თვითონ? კო: მე? მეომარი: შენ ხარ კო, მე შენ გიცნობ ხმაზე, მე შენ არ შემიძლია დაგინახო, რადგან არ შემიძლია ავწიო თავი; ის დაჭრილია, მძიმეა და სისხლიანი. კო: გურამ-გურამ!! მეომარი: ჩემო პატარა, რას აკეთებ შენ? კო: მე ვწნავ გვირგვინს ყვითელთავებისაგან. მეომარი: ყვითელთავებისაგან? კო: ჰო, ყვითელთავებისაგან და შიგ ვაქსოვ ცისფერ დიდ და თხელფოთოლა ყვავილს. მეომარი: ვეირამუტის ყვავილს? კო: ჰო, ვეირამუტის ყვავილს. მეომარი: ვეირამუტი იგვიანებს. კო: /შეშფოთებული/ სად არის ვეირამუტი? მეომარი: ის წავიდა წყალზე. კო: ის წავიდა საბანაოდ? მეომარი: ის წავიდა, რომ მომიტანოს მე დასალევად. კო: შენ დასალევად? მეომარი: ჰო, მე დასალევად ცივი, ახალი წყალი. კო: ცივი, ახალი წყალი მოდის აქვე, ჩემ გვერდზე. მეომარი: მაშ დამალევინე შენ. კო: ვეირამუტი? მეომარი: /წამოიწევს/ ვეირამუტთან მე თვითონ წავალ და იქ დავლევ. კო: როცა მორჩები? მეომარი: ჰო, როცა მოვრჩები. კო: მე მინდა, რომ შენ ავად იყო ცოტა ხანი კიდევ. მეომარი: მეც მინდა, ოღონდ ეს არ შეიძლება. კო: მაშინ მე მოგიტან მოსარჩენ ბალახს. მეომარი: მე მოვრჩები სულ ჩქარა მას შემდეგ, რაც დავლევ წყალს. კო: მე მოგიტან წყალს. მეომარი: გმადლობთ, პატარა კო. კო: მერე დავრჩები უშენოდ მარტო და შენ წახვალ ვეირამუტთან. მეომარი: მე არ მინდა წავიდე მასთან. კო: შენ არ გინდა? მეომარი: ჰო, მე არ მინდა. კო: ვეირამუტი არის კარგი და ვეირამუტს უნდა, რომ შენ წახვიდე მასთან და შენ წახვალ მასთან. მეომარი: და მე წავალ მასთან, მე შევპირდი მას, ოოოო, კო. კო: რა, გურამ-გურამ. მეომარი: წყალი. კო: კო მოგიტანს წყალს და შენ წახვალ ვეირამუტთან. მეომარი: კო მომიტანს წყალს და მე წავალ ვეირამუტთან. კო: /იფარებს გვირგვინს გულმკერდზე დახატული ბოროტი ეხოების დასაფარავად, ერთხანს ყოყმანობს, მერე პეშვით წყალს იღებს და მიდის მეომრისაკენ. მეორე მხრიდან შემოდის კა, კო უცებ დაინახავს მას _ კას გული გადაღეღილი აქვს, თითქმის ყვითლად ჩანს ზედ დახატული ბოროტი ეხო, კო შეკივლებს, ოღონდ კას არ ესმის. წყალს ღვრის და იმალება/ კა: ო, რა კარგი ამინდი დადგა წვიმისა და ქუხილის შემდეგ. წინათ, როცა დიდებთან ერთად კო და მე ვისხედით გამოქვაბულთან, სულ ვნატრობდი, რომ წვიმა მოსულიყო, ყოფილიყო ელვა, ყოფილიყო მეხი. მაშინ მე და კო ვეკროდით ერთმანეთს და ძალიან-ძალიან გვიყვარდა ერთმანეთი, ისე ძალიან, რომ შიში ქრებოდა და ჩვენ გვიკვირდა, რომ ტია-ტუს და ვეირამუტს და დედას და ლეკვს ასე ეშინოდათ მეხის. მეომარი: ოოო. კა: /შეშინებულია, ოღონდ არ იცის, მოეჩვენა თუ მართლა მოესმა ხმა/ ალბათ, მეხისა და ელვისაგან გამომყვა შიში. ახლაც მეჩვენება ის საზარელი ხმები. როგორ გადავურჩი შიშს, ო რანაირი შიში იყო: სულ მარტო პატარა, პატარა, უფრო პატარა ვიჯექი, დიდი, დიდი გაშლილტოტებიანი ხის ძირში. უზარმაზარ ღრუბლებზე ავი ეხო ხატავდა წითელი ცეცხლის ხაზებით ბოროტ სულებს, რომლებიც ერთად დაგროვილი ხმებით უცებ ღრიალებდნენ, მერე ათასი ეხო იმეორებდა მათ ხმებს, მე კი ვიჯექი დიდი ტრიალი მინდვრის შუა... მერე ცეცხლი მოეკიდა ჩემს ხეს... მეომარი: ოოო, მე ვიწვი... კა: ხე დაიწვა, ვიწვოდი მეც, იწვოდა ყველაფერი და ღრიალებდა ეხო, მაგრამ მე არ მესმოდა არაფერი, მე მივრბოდი, მე მივრბოდი და უკან მომდევდა... /ხელებს შლის, რაღაც საზარელსა და დიდს გამოხატავს/ მეომარი: ო, დაო კა, მე შენ გისმენ, მე ვიწვი წყურვილით და მე ვიწვი შენი საცოდაობით; და შენ იყავი სულ მარტო. კა: გურამ-გურამ! /ძირიდან იღებს ტოტს, ფართო ფოთლებით, და იფარავს მკერდს/ მეომარი: შენთან არ იყო არავინ. კა: ჩემთან არ იყო არავინ. მეომარი: სად იყო კო? კა: კო იყო... მეომარი: სად წავიდა კო? კა: კო წავიდა... მეომარი: კოს უნდა მოეტანა ჩემთვის წყალი. კა: სად იყო კო?! მეომარი: ის იყო აქ. კა: ის იყო აქ?! მეომარი: მას უნდა მოეტანა წყალი. კა: კოს უნდა მოეტანა წყალი? მეომარი: ოო, წყალი! კა: წყალი?! მეომარი: ჰო, წყალი. კა: მე მოგიტან წყალს. მეომარი: წყალი მოჰქონდა ვეირამუტს, წყალი მოჰქონდა კოს. კა: წყალს მოგიტან მე. მეომარი: მათ არ მომიტანეს წყალი, მათ არ მომიტანეს წყალი, უწყლოდ მე არ შემიძლია წავიდე ვეირამუტთან. კა: წყალს მოგიტან მე. მეომარი: ასე ამბობდნენ ისინიც, ასე ამბობდა კო, ასე ამბობდა ვეირამუტი. კა: /დაიხრება, გურამ-გურამის ლაპარაკის დროს პეშვით იღებს წყალს, მიაქვს. შემოდის კო. კა ხელებს შლის, წყალი იღვრება/ კო! კო: კა! /ორივენი მიდიან ერთმანეთისაკენ, მეომარი წამოიწევს, უყურებს/ მეომარი: კა და კო! /კა და კო უყურებენ დაბნეულები მეომარს, მერე გარბიან სხვადასხვა მხარეს/ ო კა! ო კო! კა: /სცენის უკნიდან/ ო გურამ-გურამ! კო: /სცენის უკნიდან/ ო გურამ-გურამ! მეომარი: გურამ-გურამ მიდის ვეირამუტთან, ის მიდის უწყლოდ. კო: /შემოდის/ ის მიდის უწყლოდ? კო მოუტანს მას წყალს /მირბის წყლისკენ/ კა: /შემოდის/ ის მიდის უწყლოდ? კა მიუტანს მას წყალს /მირბის წყლისკენ/ /ორივენი იხრებიან, პატარა პეშვით იღებენ წყალს, ცდილობენ არ უყურონ ერთმანეთს/ გურამ-გურამ: /წამოდგება და იწევს მაღლა, ის უკვე ცალ ფეხზეა წამოჩოქილი/ ო, ჩემო დებო, ო კა! ო კო! გურამ-გურამ მიდის უწყლოდ, გურამ-გურამს სწყურია წყალი. /კა და კო გარბიან მისკენ, გულიდან ეხსნებათ აკრული მწვანე ფოთლების საფარველი, გურამ-გურამ აშკარად ხედავს მათ გულზე დახატულ ავ ეხოებს, რომლებიც მიდიან მისკენ. იგი ახლა მხოლოდ ბოროტ ეხოებს ხედავს, აკეთებს ორ-სამ ნაბიჯს უკან, ხელებს ასავსავებს და მთელ სიმაღლეზე გაშლილი, ეცემა ყვირილით/ ო, ეხოები, ბოროტი ეხოები! /კა და კო ადგილზე ქვავდებიან, არ უყურებენ ერთმანეთს, მერე უცებ შეხედავენ, ერთმანეთის გულზე დახატული ბოროტი ეხოების დანახვაზე იმავე მოძრაობას აკეთებენ, რაც გააკეთა მეომარმა, და გარბიან ერთმანეთისგან/ კა: ო კო! შენ გულზე ხატია ავი ეხო. კო: ო კა! მე ვხედავ ავ ეხოს, ავ ეხოს, წითელი რქებით. კა: /სცენის სიღრმიდან, მრავალჯერ ეხოებთან ერთად/ მე მეშინია, მე მეშინია, მე მეშინია... კო: /სცენის უკნიდან, მრავალჯერ ეხოებთან ერთად/ მე მეშინია, მე მეშინია, მე მეშინია... ეხოები: /გამოუჩენლად/ ო, საწყალი გურამ-გურამ, ის წავიდა ვეირამუტთან, ის წავიდა მასთან უწყლოდ. /ხმები იშლება სხვა ხმებად, რომლებიც იმეორებენ იმავე წინადადებას, სხვა ტონებში, მათ ხმებს ემატება კა და კოს ხმები: მე მეშინია, მე მეშინია, მე მეშინია... ხმები მეორდებიან სულ უფრო და უფრო შორიდან და წყდებიან/ (დასასრული) ბოლო (მარტო კა და კო, ანუ კა და კო, ერთად) ამბავი: და ცოცხლობდნენ დიდხანს, ძალიან დიდხანს, ერთმანეთისგან რაც შეიძლება შორს, რადგან ვერ ხედავდნენ ერთმანეთს და ვერ ელაპარაკებოდნენ ერთმანეთს, ცხოვრობდნენ კა და კო. კა და კო იყვნენ პატარები, სულ პატარები, როცა დაშორდნენ ერთმანეთს, ისინი დარჩნენ ისეთივე პატარები ძალიან ბევრი, ბევრი წლები, რადგან ცხოვრობდნენ სულ მარტო, ერთმანეთისგან დაშორებით, და არა რცხვენოდათ ერთმანეთის, რომ იყვნენ ისევ ისეთივე პატარები, რომ არ იზრდებოდნენ. ისევ ისეთივე უმწეო იყო კო. კო დადიოდა მთელი დღე უზარმაზარი მუხების სამფლობელოში, უღრან ტყეში, რომლის ძირსაც არასოდეს არ ანათებდა მზე. დადიოდა დაღლილი, მშიერი, მწყურვალი, მაგრამ ვერა გრძნობდა დაღლას, შიმშილს, წყურვილს, რადგან მარტო ცხოვრებამ ის გახადა უგრძნობი. დადიოდა კო დღე, დადიოდა კო ღამე, რადგან დაავიწყდა რა იყო დღე და რა იყო ღამე. უღრანი ტყე იფარავდა მას ყველა გრძნობისაგან, გრძნობები იყვნენ დამარხული თავისთვის და ისინი რჩებოდნენ ისეთივე პატარა და გაუზრდელი, როგორიც დარჩა ტანად კო. ბევრი იარა თუ ცოტა იარა, კო მიადგა ტყის ნაპირს, რომლის იქითაც მოჩანდა სინათლე. კოს გაუკვირდა, რომ იქით მოჩანდა ისეთი რამ, რისი სახელიც მას დაავიწყდა და კოს უფრო გაუკვირდა, რომ საერთოდ გაუკვირდა ისეთი რამის დანახვა, რისი სახელიც მან არ იცოდა. კო ჩქარი ნაბიჯით წავიდა, უფრო ჩქარით, მერე გაიქცა. მირბოდა ტყიდან, მირბოდა სინათლისკენ და კომ იგრძნო, რომ დაიღალა და კოს სირბილის დროს კიდევ უფრო გაუკვირდა, რომ, გაკვირვების გარდა, იგრძნო დაღლაც. ტყე შეთხელდა, სინათლემ იმატა, კო უფრო ჩქარა გარბოდა სულ ახლო და ახლო სინათლესთან _ კო ხედავდა სინათლეს და ზედ სიბნელისა და სინათლის საზღვარზე ახალი რაღაცის _ დიდი, ყვითელი, თვალისმომჭრელი მზის _ შეეშინდა კოს და თავი მიაბრუნა უკან. უკან იდგა უღრანი ტყე _ ბებერი მუხების სამფლობელო, შავი, ბრმა, უგრძნობი. ის ჩანდა კოს ცრემლიან, მზისაგან დამწვარ თვალებში. უზარმაზარი შავი დევები ათასი რქებით, უფრო მეტი ბრჭყალებით, უფრო მეტი ეშვებით, უფრო მეტი უფსკრულებით, რომლებიც ხელში ეჭირათ, თავისკენ უქნევდნენ ხელს კოს, ცდილობდნენ მიეტყუებინათ თავისთან, ისინი ანიშნებდნენ მის გულზე დახატულ ავ ეხოებზე, ისინი აშინებდნენ, რომ ის ავი იქ, სინათლეში, გამოჩნდებოდა, რომ იქ კოს ექნებოდა გრძნობები და იქ კო იქნებოდა უბედური. სინათლისა და ბნელი ტყის საზღვარზე მდგარი კო შეყოყმანდა და უცებ კოს შეეშინდა, შეეშინდა, რომ დაბრუნდებოდა ისევ უკან, შეეშინდა, რომ იქნებოდა ყოველთვის პატარა, შეეშინდა შიშის, რომელიც აქამდე დავიწყებული ჰქონდა რა იყო, შეეშინდა და გაიქცა, გაიქცა სინათლისკენ, გაიქცა მზისკენ. კო მირბოდა და უკან მისდევდა შიში, დიდი ფეხებითა და დიდი თვალებით. მირბოდა კო დღისით, მირბოდა კო ღამით, მისდევდა კოს შიში, მისდევდა დღისით, მისდევდა ღამით და არ შეეძლო კოს გაჰქცეოდა შიშს, რადგან შიშს ჰქონდა დიდი თვალები და შიშს ჰქონდა დიდი ფეხები და უცებ, როცა კოს უღალატეს ძალებმა, როცა კოს ის იყო დაეწია შიში, დიდთვალება და გრძელფეხა, - მან დაინახა კა. კა იჯდა მთის წვერზე მარტო, მოწყენილი, ისეთივე პატარა, როგორიც კო. ის იჯდა წყალთან ახლოს, ის იჯდა სინათლეში, ის იჯდა რბილ ბალახში, ოღონდ ისიც პატარა, უმწეო, და კამაც დაინახა კო. სცენა: სცენის უკანა მხარე წარმოადგენს თეთრ გამჭვირვალე ნაჭერს, რომელიც მთელ სიმაღლეზეა ატყორცნილი. ასეთივეა სცენის მარცხენა მხარე, რომელსაც ეცემა ოთხი დიდი და ერთი პატარა ჩრდილი ტომარაში ჩადებულ მიცვალებულთა სხეულებისა. ჩრდილები უმოძრაოდ ირხევიან. სცენის მარჯვენა მხარე თავისუფალია; ფარდის ახდისთანავე იგრძნობა არაჩვეულებრივი გამჭვირვალება და სისუფთავე, ყოველი მხრიდან ჰაერში ერევა ნაზი ცისფერი სივრცე და ბოლოს მთლიანად იპყრობს გარემოს. კა ზის სცენის კუთხეში მარტო, უსურვილო. შემორბის კო. კა: ჩემო პატარა. კო: ჩემო საყვარელო. კა: ჩემო ქერათმიანო და. კო: ჩემო შავთვალა და. კა: მე გელოდი აქ. კო: მე მოვრბოდი შენთან. კა: მე გელოდი ძალიან ბევრი, ბევრი ხანი. კო: მე მოვრბოდი დღისით, მე მოვრბოდი ღამით. კა: მე აქ ვიჯექი მოწყენილი, მე აქ ვიჯექი ერთი სურვილით, მენახე შენ. კო: მე მოვრბოდი მაშინ, როცა ანათებდნენ მზის სხივები, მე მოვრბოდი მაშინ, როცა ბნელოდა და მთვარე მინათებდა გზას. კა: მე ვიცოდი, რომ შენ მოხვიდოდი აქ. კო: მე ვიცოდი, რომ შენ მელოდი აქ. კა: მოდი ჩემთან, მე მინდა ჩაგიკრა გულში, მე მინდა ჩემი მკერდი მივადო შენს მკერდს. კო: ჩემო საყვარელო. კა: ოო, რა თბილია შენი მკერდი, ო რა ლამაზად არის ის მოხატული. კო: უფრო ლამაზია შენი მკერდი, შენს მკერდზე ხატია ყვითელი და წითელი ხაზები, მე მშვიდად მეღიმება მათი დანახვისას, რადგან ორივესა აქვს ცისფერი ფერი და ორივე არის ძალიან ნაზი და გამჭვირვალე. კა: ჩემო ქერათმიანო, შენ გულზე ხატია ჰაერი, ცისფერზე უფრო გამჭვირვალე, ის ხატია ბევრი თხელი და ლამაზი ხაზებით, წითელი და ყვითელი ფერებით და არის მკრთალი ცისფერი. მე ისინი მომწონს, მე ისინი მიყვარს, ისინი ხატია შენს მკერდზე. კო: მე ვერ ვხედავ ჩემს მკერდზე დახატულ ლამაზ ხაზებს, მაგრამ მე მიყვარს ის ხაზები, რომლებიც ხატია შენს მკერდზე, ისინი მიზიდავენ თავისკენ და მინდა შევუერთო ჩემი სითბო შენს მკერდს. კა: აჰა, ჩემი მკერდი, ჩემო პატარა, ჩემო კეთილო კო. კო: ო, რა თბილი და ახლობელია ის. კა: ის იმიტომ არის თბილი და ახლობელი, რომ მას ეკვრები შენ. კო: მე მინდა ასე ჩაკრულებმა ვიაროთ ერთად. კა: ჩვენ წავალთ იქითკენ. კო: იქით ირხევიან შავი ჩრდილები. კა: შავ ჩრდილებს ეკვრებათ ცისფერი ფერი, ისინი კარგავენ თავიანთ ფერს. კო: ისინი კარგავენ ფერს, ჩვენ მივდივართ მათკენ. კა: ჩვენი გზა ხდება ცისფერი, შენი სახე ხდება ცისფერი, უფრო ცისფერი და გამჭვირვალე. კო: ჩვენ მივდივართ ერთად, ჩვენ მივდივართ იმ ჩრდილებისკენ, რომლებიც იღებენ ცისფერ ფერს. კა: ჩვენ მივდივართ ერთად. კო: ჩვენი ჩრდილები გრძლად ეცემიან ჰაერში და უერთდებიან მას. /კა და კო მიდიან მიცვალებულების შავი ჩრდილების გასწვრივ, რომლებიც სცენის მთელ გარემოსთან ერთად იღებენ ცისფერ ფერს, მათი მოძრავი ჩრდილები ეცემიან გრძლად ჰაერის გასწვრივ და უერთდებიან მას/ ფარდა [1958 წელი, მაისი _ ივნისი. მოსკოვი_ოდესა]
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი