კედელთან მიდგმულ უზარმაზარ ხის საწოლზე ..
კედელთან მიდგმულ უზარმაზარ ხის საწოლზე ბაბუა იწვა. ღუმელი ჯერ არ იყო გახურებული, ცოტა ციოდა; დიდი საბნიდან ძლივს მოჩანდა მისი ჩეპჩიკიანი თავი, რომელიც მოხუჭული თვალებით უყურებდა მოქარგულ ხალიჩას. ფანჯრებზე მძიმე ყავისფერი ფარდები ეკიდა ნახევრადგახსნილი. ერთბაშად დაცხა ოთახში. ქვანახშირმა ღუმელი გაახურა და ზამთრის მზემ მთელ დერეფანში შეანათა. სხივი გრძელ ზოლად დაეცა ხის საწოლს, ზედ კეფაზე გადაუარა ავადმყოფს. მერე კედელს აუყვა ჭერამდე. პატარა, ნახევრად საბანგადაფარებული თავი შეტოკდა, მზე კისრიდან ყურის გაყოლებით აცხუნებდა შუბლამდე. ცოტა ხნის შემდეგ შუბლზე ოფლის წვეთები დააჯდა, კიდევ შეინძრა თავი, საბანი უმნიშვნელოდ შეირხა. შიგ დიდი წვალებით ამოტრიალდა ტანი და გულაღმა დაწვა, ახლა სხივი ნიკაპიდან მარცხენა თვალამდე დაეცა. ნელა გააღო ჩამოსიებული უპე, სინათლე შიგ ჩაიღვარა. დიდი, ფართო ცრემლი ჩამოუცურდა დანაოჭებულ ღაწვებში და იქვე მიხმა. ახლა მარჯვენა თვალი გაახილა, მთელ სახეზე დააჯდა ოფლის წვრილი, მშრალი წვეთები. - რა, ბაბუა, გტკივათ რამე? – ჩამოუჯდა გურამი საწოლზე. - აარა, ჰა? – ბაბუამ პროტეზიანი კბილები დაატკაპუნა ერთმანეთზე. - აბა მოგცეთ ქილა? - აარაა, – დაძაბულობისგან უფრო დაუსველდა სახე. ოფლი ყვითელი და უხორცო იყო, მზისგან ლაქებად უხმებოდა სახეზე. გურამმა ცხვირსახოცით მოსწმინდა. ბაბუამ თავი აამოძრავა, დიდი შავი ფერიჭამია გამოჩნდა ცხვირის წვერზე სამი შავი თმით. - იის, – თქვა მან. გურამი ფარდასთან მივიდა და ჩამოაფარა. - ესა ხო? – ჰკითხა - კიდე ხო არაფერი გინდათ, ჰა. ბაბუა ოდნავ გასაგონად ჩურჩულებდა. პროტეზის ხმისგან ბგერები არ ისმოდა, შვილიშვილმა ყური მიუტანა ტუჩებთან. – ჰა? რას ამბობთ? – გაუმეორა. მოხუცმა ისევ აამოძრავა ტუჩები. შემდეგ თავი გვერდზე გადააგდო, გაყუჩდა. - რას ამბობთ, ბაბუა კოტე, რა დროს სიკვდილია. მოხუცმა თავი დაიქნია, ახლა უფრო გარკვევით მოისმა: – დროა, დროა. გურამმა მაჯა აიღო ხელში, ის მკვეთრად ცემდა: ერთი, ორი, სამი, მერე ჩერდებოდა და ისევ ცემდა. ახლა ექვსამდე ან შვიდამდე. “ექვსამდე კარგად ცემს, ზოგჯერ - შვიდამდეც, შემდეგ ჩერდება ორი-სამი დათვლა, ის შეჩერება ალბათ არის წამი, მაინც რომ გაგრძელდეს, მოკვდება, საწყალი. იქნებ სჯობდეს კიდეც ამდენ წამებას, ნამდვილად ჯობია მოწამლო, მაგრამ ეგოისტები ვართ ალბათ ყველანი, მე სხვაზე მეტად, ვიცი ეს და მაინც ვერ ვწამლავ იმისთვის, რომ ერთი დღით მეტი ვუყურო ე.ი. ერთი დღით გვიან ვიდარდო მისი სიკვდილი. ვტანჯავ რაც შეიძლება მეტ ხანს.” მოხუცმა ისევ აამოძრავა ტუჩები, სხეულის შიგნიდან ბუყბუყი მოისმა, გურამმა კისერში მოჰკიდა ხელი და პირთან ტაშტი მიუტანა. “დღეს უკვე მესამედ მოუვიდა”, - გაიფიქრა, - “ე.ი. რაც ჭამა გინდაც არ ეჭამოს, საინტერესოა კიდე როგორ ცოცხლობს, ალბათ გული აქვს მაგარი, თან ახლა არ მინდა რო რამე მოუვიდეს, ძალიან შევეჩვიე”. ბაბუამ ხშირი სუნთქვა დაიწყო, თვალები უკან გადაუვარდა, შუბლზე კოპებივით დააჯდა. ხრიალს უმატა, ნახევრად ღია თვალებიდან მხოლოდ თეთრი გარსი მოუჩანდა, თანაც ერთი თვალი უფრო დაღებული იყო თეთრად. ხრიალს უმატა. ნახევრად ღია პირიდან პროტეზი მოჩანდა ვერცხლის კბილებით. “რო მოკვდეს, მგონი თვალები უნდა დავუხუჭო და ყბა ავუკრა, ჩამოვარდნილი რომ არ დარჩეს”. შეუმჩნევლად განაგრძობდა ფიქრს გურამი. ბაბუამ უფრო უმატა სუნთქვას. სული ამოსდიოდა, შორდებოდა და ისევ ჩადიოდა უკან. გურამი აშკარად ხედავდა სულის მოძრაობას მის ტუჩებთან. “ახლა ამოვა სული, ახლა”. მან თვალი გააყოლა ჭავლს, ის სხივთან ერთად გადიოდა გარეთ. - მმტკივააა, გურამ, ჰა, არა? – მოულოდნელად ხმამაღლა ამოიხრიალა მოხუცმა. შვილიშვილმა ქილა ჩაუდგა. ბაბუა ერთხანს გაყუჩდა. მერე დაძაბვისაგან შუბლზე ძარღვები დააჯდა. “ასეთი ძალა თუ ჰქონდა, არც მეგონა”, გაიფიქრა გურამმა. - მიშველე! - ამოიხრიალა მოხუცმა ყელში ხმამაღლა. ტკივილმა ძალა მისცა – ვკვდები, არ მინდა! – ისევ დაიხრიალა. ახლა მართლა აღარ უნდოდა სიკვდილი, ტკივილმა სხეული აგრძნობინა, ახლა მას მხოლოდ სტკიოდა და უნდოდა, რომ არ სტკიებოდა. სხეულში დაგროვილი შარდი ზევით მოაწვა, ახლა უგონოდ გმინავდა ის. “რა იქნება რო არ გავუწმინდო, ალბათ ნახევრ საათში ისევ დაისველებს,” - გაიფიქრა გურამმა და ტელეფონთან მივიდა. დარეკვის ნიშანი ყრუდ მოისმა. - ისევ მანდ? შარდი არა? – შეეკითხა ქალის ხმა სასწრაფო დახმარებიდან, – ჯერ მანქანა არ არის, ჩქარა მოვა. მოხუცი ახლა წელამდე ამოვიდა საბნიდან. სახე გაებერა და ფორმა დაკარგა. - მიიშველე, გურამ! – ამოიგმინა. გურამს ოფლმა დაასხა. თვითონაც იგრძნო ტკივილი, სწრაფად მივარდა ისევ ტელეფონთან. - უკვე გამოვიდნენ, – თქვა იქიდან ქალმა. გურამმა ზარამდე გააღო კარები. - გამარჯობათ, – მიესალმა ნაცნობ ექიმს. – ჰო, ისევ შარდი შეეხუთა. - წყალი დადგით? - ჰო. ექიმი სამზარეულოსკენ წავიდა, უკან ბაჯბაჯით მიჰყვა ჩასუქებული, შავი ექთანი. - სკამები მოიტათ, – რუსული აქცენტითა თქვა ახმახმა სანიტარმა, რომელსაც ყურებიანი ბოხოხი ეხურა თავზე, – ისევ შარდი? ჰო, როგორც ჩვენები იტყვიან, “старость не радость”. ექთანმა კათეტერი ჩააგდო გამოსახარშად წყალში. ექიმი თავით დაუჯდა მოხუცს, ის ცოტა დაწყნარდა, თეთრხალათიანების დანახვაზე იმედიანად იგრძნო თავი. - ძალიან გაწვალებთ არა, ბატონო? – ჰკითხა ექიმმა. - ჰო, ბატონო, ნამეტანი, - წაიჩურჩულა ბაბუამ. - დილიდან ვმუშაობთ. უკვე ორი წავიყვანეთ საავადმყოფოში, –ალაპარაკდა სანიტარი. დიდი მხრები რაღაცნაირად უძრავად ჰქონდა გაჩერებული და ხმა პირდაპირ სიღრმიდან ამოდიოდა. – ექთანი სამზარეულოში ფუსფუსებდა. – ეს ექთანი, მარგოზე ვამბობ, – მიუბრუნდა ექიმს, – კაცივით არის. არ იღლება, საწყალი მოხუცი, – მიხედა ბაბუასაც. - რაღაა მაგისი სიცოცხლე, – თქვა გურამმა. – თვითონაც უნდა სიკვდილი, ოღონდ ახლა სტკივა. მეხვეწებოდა მიშველეო. - ოღონდაც, – ჩამოჯდა ისევ უმოძრაოდ სანიტარი, ბოხოხის ქვევიდან ოფლის წვეთები გამოუვიდა. - ყველგან ცივა, აქ კი ცხელა, შუშაბანდი იჭერს სიცხეს, მზეც ბოლომდე შემოდის, ოღონდაც თუ კვდება კაცი, უნდა უცებ მოკვდეს ან მშვიდად, სიმშვიდეში ადვილია. როცა გტკივა, არ გინდა სიკვდილი. აი იმ დღესაც გოგომ მოიკლა თავი ე.ი. ვერ მოიკლა, ტყვიამ ფილტვში გაუარა, ჰაერი ამოდიოდა იქიდან და სტკიოდა საშინლად. ჩვენ წავიყვანეთ კამოს სასწრაფო დახმარებაში. იცით, როგორ ითხოვდა, მიშველეთო, მტკივაო, ცრემლებიც კი გამომივიდა. ის კი ყვიროდა, მიშველეთ ძიაო, ესეა სიკვდილს იტანენ, ტკივილს კი ვერა. - ჰო სიკვდილი უფრო ადვილია, – ჩაურთო გურამმა და ექთანთან გავიდა. - ადვილი? ჰმ – განაგრძობდა სანიტარი ივანე. - რა ადვილი? ის არც ადვილია და არც ძნელი, უბრალოდ არ იცი რა არის, იმიტომ უფრო გინდა თუ არ გტკივა, რასაკვირველია. როცა მოკვდები, ბასტა! - აღარც ის, აღარც ის. ექთანმა მოხარშული კათეტერი შემოიტანა, მერე ქაფურს თავი წაამტვრია, - მე გავუკეთებ, - თქვა მან. - არა, მე თვითონ, - წამოდგა ექიმი. საბანი გადახადა, მოხუცი შვების მოლოდინში გაინაბა. - ქილა მომეცით, - თქვა ექიმმა, გურამმა მოაწოდა. ექიმმა ჩაუდგა, მერე მარლით ამოუღო და ნელა შეუცურა შარდსადინარში რეზინის მილი. - უუჰ, - ამოიკვნესა მოხუცმა, მთელი სახე დაუწითლდა ისევ. - ისევ ტკივილი, – თქვა ივანმა, – შვება უნდა, ტკივილს ვერ იტანს, განთავისუფლდება, იტყვის, სიკვდილი მინდაო. რა სუსტია კაცი ტკივილთან. ექიმმა უფრო ღრმად შეწია შიგ მილი, მერე საშარდე ბუშტზე დააჭირა ხელი. - არ გამოდის, – თქვა მან და უფრო ღრმად შეწია. - უჰ, - ამოიგმინა მოხუცმა. შარდი მოწმეების თანდასწრებით წკარუნით წამოვიდა მილიდან ქილაში. ნელა დაუწყნარდა ბაბუას სახე, მისუსტდა და თვალები მიხუჭა. ქილა თითქმის გაივსო. - ცუდად იქნებოდა მა რა, – გაიტანა ქილა გადასაღვრელად ექთანმა, მერე ექიმიც გავიდა ხელის დასაბანად. - ახლა კარგად არის ვითომ? – ალაპარაკდა სანიტარი, – ისევ წვალობს, ოღონდ უფრო ნელა და მეტად, დაგენიძლავებით, თქვენც მოგივიდოდათ აზრად, რომ მაგის სიცოცხლეს სიკვდილი სჯობია, არა, იქნებ მოწამვლაც გადაწყვიტეთ. არა, რომ გაგეთავისუფლებინათ, მაგრამ ვერ გაბედეთ, ხო, რა სუსტები ვართ, ოღონდ ერთი-ორი დღით გვიან შევიცხადოთ და შეგვიძლია მთელი თვე ვაწვალოთ კაცი, ჩვენს წვალებას მისი მოვლის დროს თავი დაანებე, სწორი ვარ თუ არა, თქვით, თუმცა რა საჭიროა რამის თქმა, იტყვით “არა”, გულში კი ფიქრობდით, ალბათ, “ჰოო”. - რატომ ვიტყვი “არაო”, მეც მაგას ვფიქრობ, მაგრამ სუსტები ვართ, ისე, რომ მოკვდეს, მართლა ჯობია, საერთოდ დავანებოთ მაგაზე ლაპარაკს თავი. - კარგი, დავანებოთ, რას აკეთებენ ის ქალები ამდენ ხანს ნეტა, თუმცა რაც უნდა ის აკეთონ, მაინც მორიგე ვარ ხვალ დილამდე. გურამმა ღვინო გამოუღო და დაალევინა. ივანმა უმოძრაო სახით გადაკრა ორი ჭიქა, მერე სამი და მარტო ყველი მიატანა. - დილამდე მეყოფა, - თქვა მან, - თქვენ გაგიმარჯოთ, ბაბუა, ასი წლის მერე კიდე მენახეთ, ოღონდ ჯანმრთელი, კარგად მყოფი, შენც დალიე, – მიუბრუნდა გურამს. გურამმა ბაბუა დალოცა. “ახლა კარგად იქნებით”, - უთხრა. – ჩემს შვილიშვილებს უნდა მოგასწროთ, ისე მოგივლით”. - მაშ თქვენ გაგიმარჯოთ ისევ, ბაბუა. ახლა აღარაფერს გაგიჭირვებთ, – ისევ მოიყუდა ივანმა. ბაბუა ყურს უგდებდა, სახე ისევ დაეძაბა, ოღონდ რაღაცნაირად მოშვებულად და კეთილად, შუბლიც დაეწმინდა, მაინც გაიქნია თავი. – ხედავ, ხედავ, - ჩუმად დაიწყო ივანმა, - როგორ მოუნდა სიცოცხლე. რა ოხერია კაცი. მამაძაღლები ვართ, თქვენც, ახალგაზრდები, ან ყველაფერზე თავს იქნევთ, ან ყველაფერზე იძახით, არ არისო სწორი. ნუთუ მაგის მოწამვლა იქნება, ან სიკვდილის დაჩქარება, თუნდაც იმითი, რომ არ მოვუაროთ კარგად. განა ყველა მაგ ერთი წამისთვის არა ვცხოვრობთ? გაუშვი იყოს ტანჯვა, ათჯერ მეტი, ის მაინც სიცოცხლეა, აი, ეგეთი ოდნავ იმედიანი გამოხედვისთვისაც, ახლა რო ჰქონდა მას, ღირს სიცოცხლე, თუნდა ასი წელი ტანჯვა, ან რა არის ასი წელი ან წამი სიცოცხლისთვის; ერთი და იგივე – წამი, მხოლოდ წამი – როცა მართლა ცხოვრობ, გესმის? იქ - ჯანდაბაში აღარაფერი აღარ არის, აღარც ტანჯვაა, ტანჯვა? ამ სიტყვას, უფრო სწორად განცდას, ეგრე ნუ უყურებთ. ეგ მაღლა დგას ყველაფერზე, ეგ ყველაზე სასიამოვნო განცდაა, როცა იტანჯები, განსაკუთრებით როცა იმ ტანჯვას სხვები ხედავენ, აი, ქრისტეც მაგიტომ ეწამა, რომ დაენახათ, მართალია, ის ხალხისთვის, ეს კი თავისთვის, მაგრამ ტანჯვის სურვილისთვის, ეს ერთი და იგივეა. ჩვენებური კარგი თქმაა ერთი: “Дайте сердцу воли сердцу воли и он захочет боли”. - მაგ მოხუცის, ბაბუაჩემის, გულს არავინ აძლევს მაგ თავისუფლებას, იმიტომაა ცოდო. - დაე ნუ მისცემს და ეშმაკმა დალახვროს ყველა ტანჯვა, თვით ქრისტესიც, მე ვამბობ, რომ წამი არის სიცოცხლე როგორიც არ უნდა იყოს და თითოეულის მარადიულობა. ბავშვი, რომელიც ცხოვრობს ოთხი წელი ან ათი, ის ცხოვრობს მუდმივად თავის თავისთვის, რასაკვირველია. ეეხ! კიდე გადაკრა – ცხოვრობს? ეს ნიშნავს იცი, რას? - ისევ აპირებდა გაგრძელებას, მაგრამ იქითა ოთახიდან ექიმი გამოვიდა. - მადლობთ, – თქვა გურამმა, – ქალმა მოხუცს გაუღიმა. ექიმს ექთანი მიჰყვა, ისინი სწრაფად გავიდნენ. სანიტარი გაიმართა, ყუთი აიღო და იდგა. - გეყო, ივან, ფილოსოფია ყველა ავადმყოფთან, მარტო ღლი მათ, – დაუძახა ექიმმა. - თუ არ გადაკრა, არ შეიძლება, – დაატანა ექთანმა. ივანე დიდი გაშეშებული სახით გავიდა. პატარა თეთრი ხალათი წელის შუამდეც არა ჰქონდა მოცმული და შიგნიდან ჭუჭყიანი ტელაგრეიკა მოუჩანდა სადეზინფექციო შტამპით. შუშაბანდში უფრო დაცხა. გურამმა ფანჯარა გამოაღო, მერე ბაბუასთან მივიდა, თოკივით მოშვებული ხელები საბანში ჩაუყო, ზევიდან მეორე საბანი გადაახურა. მოხუცი უმოძრაოდ იწვა მორჩილი, უაზრო თვალებით იყურებოდა მაღლა. “ნეტა მე მიყურებს?” გაიფიქრა მან, ცოტა უკან დაიწია და ისე შეხედა. ბაბუა ისევ იქით იცქირებოდა. რატომღაც ეწყინა გურამს, რომ ბაბუა მას არ უყურებდა, თან ისეთი უმწეო იყო, რომ მასზე გაბრაზებაც კი არ შეიძლებოდა, ახლა ჩეპჩიკი ჩამოახურა შუბლზე თვალებამდე, ოთახში ცივი ჰაერი შემოვიდა; მოხუცმა ცხვირი შეარხია, სუსტად დაიწყო სუნთქვა. გურამი თავთან უჯდა და მის ცხვირზე ამოსულ სამ შავ თმას უყურებდა. ისინი უშნოდ ირხეოდნენ ცხვირის განძრევისას. თავისდაუნებურად წაიღო ხელი, გრძელი ფრჩხილებით ჩაეჭიდა ერთს, მოწია. ღერი სულ ადვილად ამოძვრა და ცხვირზე პატარა სისხლისფერი ორმო დატოვა. მოულოდნელად წარმოუდგა გურამს კუბო თეთრი საფენით და ყვავილებით, კუბოს თავში იდო ბაბუას დამჭკნარი, პატარა თავი ოდნავ გასიებული თეთრი ცხვირით, რომლის წვერზეც დიდი შავი ფერიჭამია და ორი ღერი თმა ჩანდა. “მერე ვეღარ ამოვაძრობ”, გაიფიქრა ბუნდოვნად. როდის მერე, ამაზე აღარ უნდოდა ეფიქრა უფრო ცხადად. მეორე ღერი უფრო მაგრად იყო ჩასობილი. - რას შობი, რას! – ეტკინა მოხუცს და ცხვირი ააცმაცუნა. გურამი ახლად ამოძრობილ თმას უყურებდა, მერე წამოდგა და ფანჯარა დაკეტა. ისევ დაიწყო სიცხემ დაგუბება. ის ძალიან დაღლილი იყო. მისი გონება ყველაფერზე ერთად ფიქრობდა გაფანტულად. საშინლად ეძინებოდა, მაგრამ რატომღაც ვერ დაიძინა. ეჩვენებოდა გვირგვინები, აუარებელი ყვავილები და ბრაზი მოდიოდა. “სულ სამი დღის სამყოფი ფული მაქვს”, - ფიქრობდა და ისევ ეფანტებოდა გონება. ის ბუნდოვნად აზროვნებდა: თითო გვირგვინი ღირს ასორმოცდაათი, ბევრი არ იქნება, ვინ მოიტანს, იტყვიან მოხუციაო, მაინც ათიც რო იყოს, ჯობია ის ფული მომცენ, ვიცხოვრებ - ათჯერ ასორმოცდაათი ათასხუთასი - ერთი თვე მაინც ან კარგ ქელეხს გადავიხდი, აი უარესი, ასვა და აჭამო ვიღაცებს, რატო? ან საერთოდ რას მოდიან, მარტოც მოვუვლი. - უუ, – მოისმა ბაბუას ხმა. გურამი მივიდა და საბანი გადახადა, მოხუცი სულ ოფლში ცურავდა, გურამს ისევ ეწყინა, რომ ერთი ბეწო სიცხეც კი ვერ აიტანა ავადმყოფმა, რომლისთვისაც ამდენს წვალობდა. ის გვერდზე ტახტზე მიწვა, ზევით თეთრი ჭერი იყო შავი, ბუზის ნაჯდომი წერტილებით. მზე პირდაპირ ჭერს ურტყამდა, უზარმაზარი დერეფანი ძალიან ნათელი და საშიში იყო. მთელ ტანში იგრძნო სიცარიელე, ამდენ სინათლეში თავისი სხეული ერთიბეწო, უძლური ეჩვენა. შეუმჩნეველმა კანკალმა აიტანა, იქით ვეება საწოლიდან ბაბუას კვნესა გაისმა, ამ ხმამ დერეფნის სიცარიელე თითქოს შეავსო, ნელა დაწყნარდა გურამი და მიიძინა, ისევ გაეღვიძა ჩქარა, ცხადივით ახსოვდა მოკლე სიზმარი, ბაბუას ეძინა და მშვიდად ფშვინავდა, ჭერიდან მზე შუშაბანდის კიდემდე იყო გადასული ფანჯრისკენ. “ჩქარა ჩავა მზეც” გაიფიქრა და ისევ აუფორიაქდა გონება “წეღან თითქო არ მინდოდა ხალხი, ფიქრობდა, - ახლა კი სიზმარში აღარ მყოფნიდა, მთელი ქუჩები სავსე იყო და მაინც, თანაც მესამე მანქანაზე ორი გვირგვინის ადგილი დარჩა, რამდენი ვიდარდე იმაზე”, მარტოკას ყრუდ გაეცინა. “ყველაზე კარგი ის იყო, რომ შკაფი გავყიდე, კიდე ხის საწოლი ბაბუასი და ისე გადავიხადე ქელეხი, ხო, ხო, ხა, ხა”. დაიწყო ხითხითი. ნერვიულ - კარგ ხასიათზე დადგა. ოთახში დაბნელება დაიწყო, მზე შორს მთას მოეფარა “რას არ ნახავს კაცი სიზმარში ხომ, ხო, არა”? – გააჯავრა თავის თავს. “ხო, ხო, ხო, ხა, ხა, რა კარგია. არა, მართლა კარგი იქნება სიმონიანი რომ მოვიდეს, რაც გინდა იყოს, ოდესღაც იცნობდა ბაბუას, ახლაც შეიძლება მოვიდეს, მე ხო არ მივალ, ისე უხერხულია, მიხვიდე და სთხოვო სამუშაო, აქ კი, როცა ნახავს ჩემს მდგომარეობას, თვითონ მეტყვის ალბათ, თანაც იმ ქარხანაში მინდა ყველაზე ძალიან”, ნერვიულად გაიქნია თავი, გულში იცოდა, რომ არც ის სიმონიანი უნდოდა და არც მისი ქარხანა, არაფრით არ უტყდებოდა თავს, რომ პანაშვიდზე შეიძლება მოსულიყო ლეილა, ისიც შეიძლება. არა, უეჭველად მოვიდოდა, თვითონ კი არ მიდიოდა, ისიც ჯიუტი იყო. ახლა, როცა იშოვიდა მიზეზს, შეხვდებოდნენ და ყველაფერი დაიწყებოდა ახლიდან, სანამ... გურამი დაიღალა, დაღალა იმის შეგრძნებამ, რომ ყველაფერი ახლიდან უნდა დაწყებულიყო ან გაგრძელებულიყო, რასაც უკვე მორჩა. ახლა აზრები უფრო ცხადი გახდა, გაბრაზდა თავის თავზე “რაღა მის სიკვდილს ველი, თუ მინდა მისვლა, დღესვე მივალ, მაგრამ ეგრე ფასი არა აქვს, თუ რამე დიდი მსხვერპლი არ გაიღე, არ გინდა ისე არაფერი, სწორე იყო სანიტარი რო ამბობდა, კაცი ტანჯვისთვის ცოდო არ არის, პირდაპირ არავის არ უნდა არაფერი ის კი არა, ფულს რო ნატრობენ, ხო, გუშინწინ იძახდა ნოდარი, ნეტა ეგ შახტსტროის სახლი ჩემი იყოსო, გავაქირავებდი, ოთახებიდან ფულს ავიღებდი, ვიცხოვრებდიო ბედნიერად, უხ, რა მამაძაღლია კაცი, პირდაპირ ფულს კი არ ნატრობს, ეგრეც უნდა, მა რა”! - ბიიჭო. გურამი წამოდგა. - რა, ბაბუა? ბაბუას მთელ შუბლზე ახურებდა, პირი ნახევრად ღია ჰქონდა. მთელი ტანით რაღაც საშიშად ხრიალებდა. გურამი მივიდა, სინათლე აანთო. ოთახი უცებ შემოისაზღვრა და რაღაცნაირად ჩამყუდროვდა. მთლიანად გაუქრა სიცარიელის შეგრძნება. - რა, ბაბუა? - ისევ ჰკითხა. მოხუცი ხმას არ იღებდა. “ვერ იტანს, რო ვზივარ ან ვწევარ” გაიფიქრა მან და უცებ საშინელმა აზრმა შეიპყრო, რომ ყველაფერი ის, რაზეც ფიქრობდა - სამუშაოც, ლეილაც - ტყუილი იყო. არც ერთი არ უნდოდა, მხოლოდ ლოდინი, სიკვდილის მოლოდინი მთელი ერთი წელი იყო აუტანელი მისთვის, უკვე უნდოდა, რომ დასმოდა წერტილი, გინდ ის ათჯერ უარესიც ყოფილიყო. საშინლად არ ესიამოვნა ასეთი აღმოჩენა. ყრუდ იგრძნო გულში ტკივილი, შეუმჩნევლად შეეცოდა თავისი თავი. ბაბუა ხმამაღლა ოხრავდა თვალებდახუჭული, ახლა მხოლოდ მისი სხეული იყო ცოცხალი და გურამი ცხადად გრძნობდა როგორ აახლოებდა მასაც სიკვდილთან მომაკვდავი ბაბუის ყველა ამოოხვრა. აახლოებდა ზუსტად ერთი თაობით, ის შეეჩვია, რომ ყოფილიყო შვილიშვილი, ახლა კი აღარ იქნებოდა ის აღარასოდეს, პირიქით, თითონ გახდებოდა მამა, მერე ბაბუაც”. ეს ყველაფერი ბუნდოვნად უტრიალებდა თავში, ახლა ისევ მოუნდა ბაბუას დიდხანს სიცოცხლე, ოღონდ თვითონ მოხუცისთვის. წინა აზრები როგორც მოვიდნენ, ისევე უცებ გაქრნენ. ღამე სინათლემ იმატა. ნახევრად ღია გუგებში დაჭიმული სისხლის ძარღვები გამოუჩნდა მოხუცს. შვილიშვილმა დიდი ნათურა ჩააქრო. ახლა ტუმბოჩკაზე ღამის მწვანე სინათლე ენთო. ავადმყოფი იწვა უმოძრაოდ, ძლივს უჩანდა მწვანეგადაკრული სახე დიდი ბომბოლა საბნიდან, რომელიც უზარმაზარი ხის საწოლის ნახევარსაც ძლივს ფარავდა. ოთახი სავსე, მყუდრო და შეუმჩნევლად საშიში იყო. - ქილა, ბიჭო, - ძლივს გასაგონად თქვა ბაბუამ. გურამმა მიაწოდა. ფიქრები ისევ გამოფხიზლდნენ, გრძნობდა, რომ კეფამდე გადიოდნენ ისინი, იქ აწვებოდნენ - მთელი თავი იძაბებოდა და იღლებოდა. - მოვრჩი, მგონი, - თქვა ისევ ბაბუამ. - კარგი. - იყო რამე? - მიდო ბალიშზე თავი მოხუცმა. - კარგად, – ჩახრეწილად თქვა გურამმა, მერე ქილა გაიტანა და ბაბუას თავით დაუჯდა. ავადმყოფს მთელ ტანზე ახურებდა, გული დიდი ყოვნებით მძიმედა სცემდა. ცუდად იყო ბაბუას სიცოცხლის საქმე. ამოტრიალებული თვალები ამომშრალი და ჩასისიხლიანებული ჰქონდა. ნელ-ნელა ოხრავდა ახლა ის, მერე ოხვრა მიწყდა, - როგორც იყო მიიძინა. უცებ დარეკეს, წამოდგა გურამი. არ ელოდა ტელეფონის ზარს. ბაბუას ისევ ეძინა. “კარგია, რო არ გაეღვიძა”, - გაიფიქრა და ყურმილი აიღო. - შარდის საქმე როგორ არის, სასწრაფოდანა ვარ გენაცვალე, - მოისმა ქალის სასიამოვნო ხმა. – მარტო ხართ, ვიცი, დაგირეკეთ. - მადლობთ, შარდი კარგად მოდის, ნელ-ნელა. - გურამმა ყურმილი დაკიდა და უზარმაზარი ხის საწოლის გვერდზე მიდგმულ ტახტზე დაწვა. [1957 წ. ნოემბერი]
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი