კიდევ სამი ამბავი. ორი დღიური.


ცეხში ამოსვრილი მაზუთიანი ქალი და ხურუში

ნელა დაიწყო ზევით აზიდვა, მერე ონკანი გაჩერდა. უზარმაზარ მაგნიტს მანქანის მოტორი ეკიდა. ახლა შენობის პარალელურად წავიდა. შუაში ისევ გაჩერდა: ნელა დაიწყო ქვევით ჩამოშვება. დნტ - დნტ - ისმოდა ჩამოსასხმელი ცეხიდან. კაუჭი ეცემოდა რკინას - დნტ, მერე რკინა ედებოდა მაგნიტს, მაგნიტი ირთვებოდა - დნტ - ისმოდა მანქანის კაბურაში ჩადებისას.
ვანო ბორბლებს ქვევიდან გამოძვრა, გამურული ხელი სახეზე მოისვა. უფრო გაუშავდა ცხვირი. კაბინიდან ვიღაც წვრილი ხმით ყვიროდა, მერე გოგმანით გადმოვიდა: გრძელი სპეცხალათი ეცვა და მაზუთიანი სახე ჰქონდა. ვანო ისევ შეძვრა ბორბლებს ქვეშ. კაბინიდან გადმომძვრალი ზევიდან მოტორს იღებდა. “რა სახმარია”, გაიფიქრა ვანომ.
- კაცო! - დაუძახა მოტორის მიმღებს ვიღაცა გალსტუკიანმა, რომელიც თვალებს შეშინებული აცეცებდა.
- მე კაცი არა ვარ. - კბილები გამოაჩინა გრძელსპეცხალათიანმა.
უცნობმა თვალები დააჭყიტა.
- აბა? - თქვა მან.
- ქალი, - თქვა ქალმა.
- ჰი, ჰი, - გაიკრიჭა უცნობი.
- აბა! -თითებს შუა ცერი გამოაყოფინა ქალმა:
ნელა აიწია თითის წვერებზე. ტანი დაეძაბა. შარვალი ლაჯებს შუა ამოაჯდა. ბრეტელები დაეჭიმა, ხალათი ამოეწია და სულ ცოტა ჭუჭყიანი ხორცის ნაჭერი გამოუჩნდა წელთან. უცნობმა ზიზღით აარიდა თვალი. “რა სახმარია”, გაიფიქრა ვანომ და ბორბლის მოჭერა განაგრძო.
წელი 1957. თებერვლის 22.
კრიზისმა გაიარა. გუშინ არ დავლიე. კინაღამ გავგიჟდი. ისე დავიცალე. ვიჯექი სახლში. გარეთ თბილოდა. მერე დამირეკეს. გზაზე დამარტყა ერთმა: გამოვცოცხლდი. ჯერ იმას ვინახავ. ვაგრძელებ ბოდვას.

მაგი ცირკში

არენაზე გამოსასვლელთან მაგი იდგა, უზარმაზარი ნიკაპით, შევარდნილი შუბლით და რაღაცა ცხვირის მსგავსით. იდგა და არ ინძრეოდა. მთელი არენა გიჟობდა. ჩინელი ქალები იმანჭებოდნენ, მერე ვან-იუ-ლი აწრიპინდა. რაღაცა ყუთი გამოათრიეს. კარგა ხანს იწრიპინა კიდევ, მგონი რუსულად, რუსეთში გაზრდილმა ჩინელმა. მერე ყუთის კარები გააღო: სიცარიელე ყველას დაანახვა. კიდევ აწრიპინდა: ბოლოს ხელი ჩაყო და ფრთებშეკვეცილი ნამძინარევი მტრედები ამოათრია, მერე ქათმები, მერე ბატი. ბატი გაიჭიმა და გოგმანით შემოუარა არენას. ბოლოს ხელს ორი იხვი ამოაყოლა.
ხალხი ღრიალებდა.
ყუთის კედელში მიკუზულმა იხვებმა თავი თავისუფლად იგრძნეს. ორივემ სასწრაფოდ დაიწყო ქექვა. ტრიალი. ზმორება.
- გაიყიდა ვანიჩკა, - თქვა ერთმა.
- ერთი მაგისი! - თქვა ბევრმა.
ბატი ამაყად დადიოდა.
ხალხი ტაშს უკრავდა.
ვანი ისევ აწრიპინდა.
იხვები არიფებივით განაგრძნობდნენ ქექვას. ჯერ კიდევ არ ესმოდათ: რატომღაც ყოველდღე ათ საათზე ტენიდნენ ბრტყლად ყუთის კედლებში, ხოლო კვირას სამჯერ: დილით თორმეტზე, სამზე და ათზე ისევ.
ბატი შეეჩვია.
კარებთან ბებერი მაგი იდგა და არ იღიმებოდა: ნიკაპი წინა ჰქონდა, შუბლი შევარდნილი, ცხვირი სადღაც.
ისევ გამოვარდნენ გოგოები. სინათლე ჩაქრა: რუსეთში აღზრდილი ჩინელები ორმხრივცეცხლმოკიდებული ჩირაღდნებითა ცეკვავდნენ.
სინათლე უფრო ჩაქრა:
ვიღაცამ დიდი ჩირაღდანი გამოათრია.
მაგი უმოძრაოდ იდგა, მერე ჩირაღდნის შუქზე მისი ტანი ამოძრავდა, მერე უფრო ამოძრავდა, ბოლოს გაგიჟდა. ორმხრივცეცხლმოკიდებული ჩირაღდანი დახტოდა მის ხელებზე, ბეჭებზე, ფეხებზე და ფეხებს შუა.
ხანდახან მისი სახე ნათდებოდა: უზარმაზარი ნიკაპი წინა ჰქონდა წამოწვდილი, შუბლი შეწეული, ცხვირი სადღაც: სახე უმოძრაო და მკვდარი იყო. ჩირაღდანი განაგრძნობდა ტრიალს, მერე გაჩერდა.
დარბაზში სინათლე აანთეს.
მაგი იდგა და ღრმად არა სუნთქავდა.
- ვანის მარჯვენა ხელი, - ჩაილაპარაკა აკრობატმა.

წელი 1957. თებერვლის 22.

ლამაზია გურჯის ქალი

აღა ბიი. აღა ბიიმ თავი გამოყო. წვიმა ისევ მოდიოდა. უფრო ჩამობნელდა. ნელა დაიძრნენ ლეკები. გამზა მარჯვე იყო, ოსმანიც, ალი არა.
აღა ბიი მათი მეთაური.
ტყის პირას სახლი იდგა.
გამზა აივანზე აძვრა,
ოსმანიც, აღა ბიიც.
ალის ცხენები ეჭირა.

დილით უკვე კავკასიონს გადასცდნენ.
- ყადორზე გადავიარეთ, – თქვა აღა ბიიმ და ხელები ალაჰისკენ აიშვირა. სხვებმა სახეები ასწიეს:
- დიდი არს ალაჰი!
ხელები დაკავებული ჰქონდათ: ალის დატყვევებული მამა გაედო, ოსმანს და, გამზას თვითონ თინათინ.
მთელი ღამე აწვალეს ტყვეებმა. მაინც დაიმორჩილეს. შეკრულებს თითებიდან სისხლი სდიოდათ, თავპირი დასიებული ჰქონდათ ცემისგან. თინათინ ინძრეოდა კიდევ. გამზას მაგრად ეჭირა.
- ოი ალაჰ, - უცებ ამოხდა გამზას და ვენიდან გადმოჩქეფილ სისხლს პირი შეაშველა. თინათინმა ლეკის სისხლი გადმოაპურჭყა. გამზამ ხანჯალი დააძრო; თინათინმა ნაბდიდან გამოყო თავი და შავი თვალები შეანათა.
- რაღას უცდი, - თქვა აღა ბიიმ. სხვებმაც დასტური მისცეს.
გამზა გაშეშდა, მერე ხანჯალი ჩააგო.
- რაღას უცდი, - გაიმეორა აღა ბიიმ.
- ლამაზია გურჯის ქალი, - თქვა გამზამ.

წელი 1957. თებერვლის 22

ეს პირველი ამბავი ალბათ დასაწყისი იქნება ნოველების დიდი ციკლისა ისტორიიდან. ჯერ ოღონდ შესწავლა უნდა. ხოშიანი მუსიკა იყო რადიოში ახლა: იმან მომაგონა ლეკიანობა, მერე სადკო წავიდა: უცებ გამივარდა კალამი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი