კიდევ სამი დიალოგი
რვას ათი უკლია - აუჰ, - ამოიფშვინა ქუჩამ. - დარჩა უფეხოდ. - თუ საერთოდ გადარჩა. - სახე დაინახე? - ვერა. - ახალგაზრდა იყო? - არ ვიცი. - საწყალი, სტუდენტია. - თქვა ვიღაცამ. - უჰ! - აბა ახალგაზრდა ყოფილა. - უნდა ჩამოახრჩო ვატმანი. - რა ვატმანის ბრალია. - ჩუ, - ჩაერია ვიღაცა, - ვატმანის ბრალია. - უჰ, მაგისი. - უნდა ჩაალპო. - მე რო მომცა! - ფეხებით ჩამოვკიდებდი. - მეტის ღირსია. სადღაც სირენა აწივლდა. მოვარდა მილიცია. - ამის დროა? - აბა! - იმის მაგიერ წითელ ჯვარში დაერეკათ. - დედა ეტირება ვატმანს. - ის სისხლისგან დაიცლება. - რა სისხლი, შუაზე გაუჭრია. - საწყალი. - მერე სტუდენტი ყოფილა! - უბედური დედამისი. - ვინც მოკვდა, იმან იკითხოს, თორე ცოცხლად დარჩენილს რა უჭირს. - დედისერთაა ნეტა? - ჰო. - წ, წ, წ! - საწყალი, კაცო, დედისერთა ყოფილა. - არა, და ჰყავს, - ჩაერია ვიღაცა. - და? - ჰო. - საწყალი, საწყალი. მილიცია ოქმს აფორმებდა. - კაცო, რა ჩემი ბრალია. - ყვიროდა ვატმანი. - იმას მაინც არაფერი ეშველება, - თქვა ვიღაცამ. - კაცო, რა ჩემი ბრალია. - მა ვისი, - თქვა მილიციამ. - თავისი, მე ხო არ ვხედავ, უკან ვინ ახტება. - მორჩი, ჩქარა მირეკავდი. - მოაწერე აქ ხელი ახლავე. - რათა, კაცო, რა ჩემი ბრალია. - მოაწერე, თორე უარესია. - ახლავე, კაცო. - მოაწერე, უფრო უარესია, - ურჩია ვიღაცამ. ვატმანმა მოაწერა: რ. აკოფოვი. - სომეხი ყოფილა, - თქვა ვიღაცამ. - ჰო. - მაინც ცოდოა, უეჭველი ათი წელი აქვს. - ახია. - რატო, კაცო, რა მაგის ბრალია. - ნელა ატაროს. - ნელა, რა ის არის. - ნოდარ! - რა? - ისე გავერთეთ, მგონი დაგვაგვიანდა. - ჰო, მოვდივარ. - წამო რა, ჩქარა. - იარე, დაგეწევი. - წავედი, რვას ათი უკლია. - მოიცა, მოვდივარ. წელი 1957. მარტის 9. *** - ხან ცხელა, ხან ცივა. - ვა! - რა ვა? - მა როგორ გინდა? - მაინც მურტალია. - რა, ბიჭო, არ მესმის. - რა და შარშან მაისში ციოდა. - მერე? - მერე წელს ცხელა. - დიდი რამე. - იცი, რა? - რა. - გაისად ისევ ეციება. - ვინ იცის. - ნიძლავი. - ვა, რაც შენ ნიძლავი გიყვარს. - არა? თქვი შენ თვითონ. - არა. - ჩამო ნიძლავი! - მაიტა! - ვინ ჩაჭრის? - ვანო. - აბა ვანო? - ვანო. - აგე. - დაუძახე. - ვანოვ, ვანო! - რაი. - მოდი აქ, ჩაჭერი. - რაზეა ნიძლავი? - არც რაზე. ჩაჭერი. - აჰა, ეგეც საქმეა, რაზეა არც ახლა იტყვით? - რაზე და გაისად მაისში უნდა ციოდეს. - გაისამდე დაგავიწყდებათ. - მე არა, პეტრეს შეიძლება. - მე? - ჰო. - რო არა? - რო ჰო. - მოდი, ნიძლავი. - ახლაც მე ვიწყებ ნიძლავსა? - შენ ამტეხე. - მე არა. - პეტრევ, შე სასიკვდილე! - ვაიმე! - დედა გეძახის, ბიჭო. - არა, ბებოა. - ბებო არა, ის. - ბებო, გეუბნები, მე არ ვიცი? - ჩამო ნიძლავი, დედაშენია. - მაიტა! - აჰა! - ჩაჭერ, ვანოვ! - აჰა, რაზეა, არ იტყვით? - რაზე და, დედაა თუ ბაბო, რო იძახის-მეთქი. წელი 1957. მარტის 16. სათაური: როგორც არი - მტერი ჩავარდა ხალხის ყბაში. - აბა, კაცო! - ოღონდ აჭორავე ეს ხალხი და... - მეტი რა საქმე აქვთ. - კაცო, გოგოსთან ვერ გაგივლია, რო რაიმე არ თქვან, ჩემს დასთან გავლის მეშინია. - ეგ რა არი, მე უარესს გეტყვი. - ჰა? - ქეთო ჩემი გოგო ჰგონებიათ, მთელი ამბავი იყო. - აბა უყურე. - დეიდაჩემი გაგიჟდა. - დეიდა რატო? - იმისი შვილია ქეთო და ჩემი ბიძაშვილი, იმიტომ. - ვახახახა! - ოხ მაგათი, ჭორში ამოსდით სული. - გაუშვი ერთი. - გამარჯობა, გურამ! - ვინ არის ეგ ბიჭი? - გურამია, ქუთაისელი. - ძაან ხინკალი ქუდი კი დაურტყავს, მოხდისა კი რა მოგახსენო. - უზრდელები არიან, კაცო. - თავს მაინც უნდა სცე პატივი. - აბა, კაცო. - ეს ვიღაა? - ვასოა, თეატრალურზე სწავლობს. - გამარჯობა, ვასო, კაცო, როგორა ხარ? - ისე რა, შენ როგორ? - არა უჭირს, ვცხოვრობ. - ხოშიანი ბიჭია, ბიჭო. - არი რა. - რა არი, არ მოგწონს? - კი. - რა კი, თქვი. - შენ ახლო არ იცნობ. - ჰო, რა არი? - მაგისი ამბავი მე მკითხე, რას აკეთებდა. - მაინც? - არაფერს, მერე გეტყვი. - ხედავ! - ვის? - აგე. - ჰოო. - ხო იცი? - არა. - მგონი ხელს აწერენ. - ვინ, კაცო, ჯემალი და ნანა? - ღმერთს გეფიცები! - კაი ერთი. - ლეილამ მითხრა. - უ მაგისი, მაგის მერე ეგ კაცია? - აბა, კაცო, ძმაკაცს წაართვა გოგო. - ხო იცი, ვინ ცხოვრობდა მაგასთან. - პეტრე. - არა, კაცო, პეტრე მარტო დადიოდა, მანამდე. - არა. - ვაჟა. - ვაჟა?! - დედას გეფიცები. კინოს წინ სინათლე აინთო. - გამარჯობათ, ბიჭებო. - გაგიმარჯოს, ემზარ. - სალამი. - ნეტა სად მიდის? - ალბათ, ლეილასთან, საჭორაოდ. - ჰო, ჭორი მაგის მოგონილია. - კი, კაცო, ოღონდ გოგოებში ალაპარაკე, ან გოგოსავით აჭორავე. - ვერ ვიტან მაგისთანებს. - ერთი მაგათი, ეგეც იტყვის, კაცი ვარო. ბიჭებმა ბილეთის ფული ვიღაც შლიაპიანს გადააწოდეს. მათ თავზე აბრა იყო გაკრული და დიდი წითელი ასოებით ეწერა: ჩვეულებრივი ადამიანი მოსკოვის ლენ. ორდ. კინოსტუდიის მხატვრული ფილმის ნაწარმოები. 1957 წელი. [მარტის] 30.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი