კისკისებენ ქალები


კისკისებენ ქალები!
ულაყი დასდევს ფაშატს.
შუშის თვალებში
წყალი ჩაუდგა პაპას!

- მამა, ბილეთი ავიღე ხვალისთვის.
კოტე იჯდა და უაზრო თვალებით უყურებდა ქეთოს.
- გესმის, მამა? - გაიმეორა ქეთომ.
მოხუცმა თავი დაიქნია. მერე გაახსენდა, რომ ის ბილეთი ზუგდიდში ჩაიყვანდა; იქიდან ჭკადუაშში წავიდოდა მანქანით. ჭკადუაში კი მისი საგვარეულო სოფელი იყო. იქ ცხოვრობდა დიდი მთავარი მამია დადიანი, პაპა მისი, როსტომ დადიანი, მამამისი და ის, კოტე დადიანი: ქალების მუსუსი. სულ ბუნდოვნად აგონდებოდა ხოლმე თოთხმეტი წლის ციცინო, თხუთმეტის ლეილ და სხვა ვინ მოთვლის. აგონდებოდა: საყვარელი ულაყი ცქვიტი, უნაგირზე ისევ მოტაცებული ქალები.
ახლა თვლემდა.
ძლივს გაიხსენა რაღაცა და იქვე დაავიწყდა.
ეძინებოდა.
ბუნდოვნად გრძნობდა, რომ გვიან შემოდგომამდე, თუ მანამ იცოცხლებდა, სოფელში იქნებოდა, მერე, ალბათ, ისევ ჩამოიყვანდნენ. წინათ მგზავრობის წინ ბანაობა უყვარდა კოტეს. ახლაც აექავა ტანი.
- ქეთო, - თქვა მან.
- რა, მამა?
- პაპიროსი მომიტანე.
- მანდ არ გიდევს, კაცო.
კოტემ გააბოლა, მერე დაფიქრდა, სხვა რაღაც უნდა ეთქვა და დაავიწყდა. ისევ მოაგონდა.
- ქეთო!
- რა?
- აბანო მუშაობს?
- ჰო, ახლა უნდა წაგიყვანო, მამა, თორე შემოდგომამდე შენმა მტერმა არ იბანავა. კოტე დამშვიდდა. ისევ ჩავარდა სიცარიელეში. მიხვდა, რო აბანავებდნენ და გაირინდა. აღარ ფიქრობდა არაფერზე.
შვილმა ჩააცვა.
კოტე არა ფიქრობდა.
მერე სადღაც იჯდა. ხალხი ხურხურებდა. ცხელოდა. შვილმა კისერი შეუხსნა. ცოტა დაგრილა: მაინც ვერა გრძნობდა ვერაფერს.
კაცების რიგი არ ილეოდა.
კოტე ძლივს იჯდა დაღლილი.
“რა ვქნა”, ფიქრობდა ქეთო, “შევუშვა მარტო: უეჭველად დაეცემა, არა და, როგორც ეტყობა, არ გვიწევს ნომერი, მე ხო არ შევალ კაცების საერთოში”, გაეღიმა თავზე.

ნომრები დღეისათვის აღარ არის.

გამოაკრეს წარწერა.
“შემოდგომამდე ვერ იბანავებს”, გაიფიქრა ქეთომ.
- მამა, ძალიან გინდა ბანაობა?
კოტემ უაზრო სახე მიიღო.
- გინდა, მარა, - თქვა ქეთომ.
- გავს, მინდა, - თქვა კოტემ.
- თუ მოითმენ შემოდგომამდე.
- მოვითმენ.
კოტემ პაპიროსი მოქაჩა, ბოლი იქვე იშლებოდა ჰაერში.
- გამარჯობა, ქეთო, - წამოვიდა ვიღაც ქალი.
- ოჰ, მარო.
ქალები აკოცნდნენ.
ქეთო თავის გასაჭირს მოუყვა.
- ქეთო, - თქვა მარომ.
- რა?
- მოდი ქალებთან შევიყვანოთ.
- რას ამბობ?
- რა მოხდა მერე, ძალიან მოხუცია.
- ვკითხოთ.
- ბაბუა, ბაბუა, ჩვენთან შეგიყვანთ. - დაუყვავა მარომ.
კოტემ შვილს შეხედა.
- ჰო, მამა, თორე შემოდგომამდე ხო იცი.
კოტეს აღარ უნდოდა ბანაობა, საერთოდ აღარ უნდოდა არაფერი.
- შენ იცი, - თქვა მან.

საერთოში ქალები ხითხითებდნენ. კოტე შუშის თვალებით იყურებოდა. დარბაზში ორთქლი იყო და არაფერი არა ჩანდა. მერე თვალი შეაჩვია. ძლივს გაარჩია თეთრი სხეულები. მალულად ჩაუდგა თვალებში ცრემლი. ქეთო და მარო ბანდნენ.
ქალები კისკისებდნენ.
ვიღაც ყველაზე ხმამაღლა კისკისებდა.
რაღაც მოაგონდა კოტეს: სულ ნელა გააჟრჟოლა. საპნიანი ხელი ულვაშზე გადაისვა და მაროს თეთრ კანს თვალი გაუსწორა.
უფრო გააჟრჟოლა.
მარო ახალგაზრდა იყო.
ქალები ხეხავდნენ: მოხუცს არა რცხვენოდა. ხელი მაროს ბარძაყს მოჰკიდა. დაეყრდნო.
- დამეყრდენი პაპა, დამეყრდენი, - კისკისებდა ქალი. კოტე უფრო დაეყრდნო, მერე უფრო.
კისკისი მატულობდა.
მაროს სიცილისგან ტანი აუთამაშდა.
ისევ გააჟრჟოლა კოტეს: სადღაც ამოძვრა გურიელის ქალის სახე, შიშველი რო ჰყავდა აბანოში დამწყვდეული და ისევ ჩაქრა.
კისკისი არ ჩერდებოდა: არ იღლებოდნენ ქალები.
კოტე დაიღალა.
ხელი გაუშვა ქალის ბარძაყს: ახლა ისევ შუშის თვალებით უყურებდა შიშველ ქალებს და ვერაფერზე ვერა ფიქრობდა. მხოლოდ ბუნდოვნად გრძნობდა, რომ ხეხავდნენ თბილი წყლით და სიამოვნებდა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი