ლია და გია


(ამბავი)

- გია, გია, აქეთ მოდი.
ლიამ ხელი მოჰკიდა გიას, მერე დაიკუზა, პატარა, ლამაზი ცისფერი ყვავილი მოგლიჯა და გაუწოდა.
- ლია, მაგისთანა ყვავილების მთელ თაიგულს დაგიკრეფ, როცა შატილში მივალთ, ახლა კი გავიქცეთ, თორემ ჩვენები ძალიან წინ წავიდნენ.
- ძალიან წინ? - ლიამ წყენით შეხედა გიას.
- ხო, ლია, - გიამ სულელური სახე მიიღო.
არღუნი კი მოდიოდა ზათქითა და გრიალით.
ლია: გია, არ გიყვარს მთის მდინარის მზერა?
გია: ძალიან.
ლია: მეც, განა არ არის არაჩვეულებრივი?
გია: ხო.
ლია: არ გინდა, ჩამოვსხდეთ, მოვუსმინოთ, მიყვარს, როცა გავბრუვდები წყლის ღმუილისა და ქვების ხმაურისა
გან, შენ?
გია: არ ვიცი, მე მგონი გვაგვიანდება.
ლია: კარგი, წავიდეთ.
გიამ ლია წინ გაუშვა, თვითონ კი ვიწრო ბილიკით უკან მიჰყვებოდა. ბილიკმა ზევით იწყო აწევა. არღუნის ბღავილი უფრო ყრუდ ისმოდა, მალე უფრო მიწყნარდა. აქ მთის უზარმაზარი ფერდა იწვა. ბილიკმა ისევ ქვევით დაუხვია. არღუნის ხმაურმა იმატა, მალე ბღავილში გადაიზარდა. გიამ ლიას ხელი მოჰკიდა, მერე ნეკი თითი მის ნეკს გამოუყარა და ხელის ქანაობით ხიდისკენ მიმავალ გზას დაადგნენ. ხიდის თავში უზარმაზარი ლოდი ეგდო, რომლის ქვედა ნახევარსაც წყალი უვლიდა ზევიდან.
- ლია, ჩამოვსხდეთ, - უთხრა გიამ ლოყების ბერვით.
- არ მინდა, - ეშმაკურად გაიცინა ლიამ, მერე თვითონ პირველმა მოჰკიდა ხელი და დიდ ქვაზე შესკუპდა. აქ კაბა წვივებზე მაგრად გადმოიწია და ისე დაჯდა. გია მთელი სიგრძით გაწვა წყლისკენ დაქანებულ ლოდზე. გია მთას უყურებდა, ლია წყალს.
გია: ლია, ლია!
ლია: ლა გინდა, ლა გინდა?
გია: ალაფელი, ალაფელი.
ლიამ პატარა ჩანთა გახსნა, იქიდან კანფეტი ამოიღო და გიას ჩაუდო პირში.
- ოჰ, გემრიელია, - ესიამოვნა გიას.
ლიამ გაიცინა.
- რას იცინი? - იკითხა გიამ.
- არაფერს, - ლიამ გიას ცხვირზე დააჭირა ხელი.
- ნუ იცინი! - უთხრა წყრომით გიამ.
- რათა? - გაიკვირვა ლიამ.
გია: შენ თვითონ იცი.
ლია: ხოო, ახლაღა მომაგონდა.
გია: შენ განა არ იცნობდი.
ლია: გურამს? კარგად ძალიან, ნოდარსაც, ორივენი კარგი ბიჭები იყვნენ.
გია: საწყალი გურამი, განა მისი ბრალი იყო?
ლია: არ ვიცი.
- როგორ არ იცი! - წყრომით უთხრა გიამ.
- ხო, ვიცი, - დაამშვიდა ლიამ.
გია: შენ არაფერიც არ იცი. გურამს ვერ წარმოედგინა, რომ იმისთვის რაიმე ეკადრებინათ.
ლია: მერე?
გია: ნუთუ შენ მართლა კარგად არ იცი?
ლია: მე? ცოტა სხვანაირად გავიგე.
გია: ხომ იცი, გურამს ოთხი წელი უყვარდა ის.
ლია: ვინ?
გია: ვინც არის, ის. ჰოდა, მერე მასაც შეუყვარდა.
ლია: მერე?
გია: მერე, მერედა დაიწყეს ერთად სიარული. ერთხელ გურამი ბრუნდებოდა მარტო, დალეული.
ლია: ბევრსა სვამდა საწყალი, არა?
გია: ხო, ნუ მაწყვეტინებ, ყური მიგდე. ჰოდა სიბნელეში
თვალი მოჰკრა ნაცნობ ჩრდილებს; მერე ჩრდილები მობრუნდნენ. გურამმა იცნო. ის კოცნიდა ნოდარს.
ლია: რა უსინდისობაა, უმადური.
გია: მაცადე - გურამი მთვრალი იყო, თან გაბრაზებული.
დანარჩენი შენც იცი.
ლია: დანა დაარტყა?
გია: ხო.
ლია: იქვე მოკვდა?
გია: დიახ.
ლია გიასკენ მიიწია, გია ახლა ჩამომჯდარიყო და მდინარეს უყურებდა. ლიამ ხელკავი გამოსდო, მკლავი თავისკენ მიიზიდა. გიამ იგრძნო ლიას მკერდის სიმხურვალე.
- ლია, - ლუღლუღით თქვა გიამ.
- რა გენაცვალე, - ლია კიდევ უფრო მიეკრა.
- არაფერი. საწყალი გურამი, კიდევ უფრო მეცოდება, - გია სახეზე წამოწითლდა.
- ხო, ცოდოა, - ლიამ გიას თავზე ხელი გადაუსვა.
გია: ხომ იცი, რომ მე ნოდართან ერთად გავიზარდე.
ლიამ შეწუხებული სახე მიიღო. თავისთვის გაიფიქრა, “ისევ იმაზე ლაპარაკობს”.
ლია: ხო, გენაცვალე.
გია: ახლა კი გურამი უფრო მეცოდება.
ლია: ვერ გავიგე.
გიამ თავისკენ მოიზიდა ლია, მერე მისი ხშირი, წაბლისფერი თმა ხელზე დაიხვია, ცალი ხელი ავხორცად მოჰკიდა წელზე. თავი უკან გადაუგდო და დაეკონა. დიდხანს კოცნიდა მის ნაზ ყელს, შემდეგ ყვრიმალს, შუბლს, თმას. ლია დაიღალა, განაზდა და უფრო საყვარელი გახდა.
- ლია, - უთხრა გიამ.
ლიამ თვალები გააღო, წამწამებზე ცრემლი უბრწყინავდა.
- მე მოვკალი გურამი აი, ამ დანით.
გიამ დანა ამოიღო, მერე წყალში გადაისროლა, შემდეგ ლიას ტუჩებს დაეკონა.
- ლია, გენაცვალე, - გიამ თავზე გადაუსვა ხელი. ლია ტიროდა, მერე თვალებზე დაიფარა ხელი და თავი ვაჟს კალთაში ჩაუდო. გიამ ქალის თმა ორივე ხელით აკრიფა, შიგ თავი ჩარგო. შემდეგ თვითონაც ასლუკუნდა.
პირველი ლია წამოდგა. გია ისევ იწვა ქვაზე. მზე უკვე შუა ცას გაუსწორდა.
- ადექი, გია, წავიდეთ, ჩვენები ვინ იცის, როგორ შორს წავიდნენ.
გოგონამ ცრემლები შეიმშრალა. ბიჭი კი ისევ იწვა. ახლა ის მხოლოდ სლუკუნებდა.

გია ნელა წამოდგა, შეყვარებულს მხარზე ხელი დაადო, მერე ყვრიმალზე აკოცა. ორივენი ნელი ნაბიჯით მიჰყვებოდნენ ბილიკს. მზე კი სულ უფრო აცხუნებდა. მყუდრო, ჩაბურული ხეობა ძლივსა სუნთქავდა. “საწყალი ჩემი გია, რა კარგია, თან რა უბედური, ალბათ, ღამეები აღარა სძინავს, საწყალი, ნეტა როგორ მოკლა”, გიამ ხელი მოუჭირა მხარზე. გოგონას გააჟრჟოლა. “ნუთუ ამ ხელით მოკლა, უჰ, რა საშინელებაა, არა, მძულს, საზიზღარი, ურჩხული”. ლიამ ხელი გიას მხარზე დადებულ ხელს დაადო და თანაგრძნობით მოუჭირა, “არა, მიყვარს, კიდევ უფრო მიყვარს”, განაგრძობდა ფიქრს თავისთვის.
- ლია, - დაარღვია სიჩუმე გიამ, - იცი რა?
გოგონამ თანაგრძნობით მოუჭირა ხელი.
- იცი რა? - გაიმეორა გიამ, - მიყვარხარ, გესმის, მიყვარხარ, არა, ეს თავისთავად. მე სხვა რაღაც უნდა მეთქვა.
ბიჭი ჩაფიქრდა, მერე განაგრძო:
- უფრო მეტიც, შენ პირველი ხარ, ვინც ეს ამბავი გაიგო, ოხ, ეგ რა შუაშია სიყვარულთან, არა, მაინც გეტყვი. დიახ, შენ პირველი ხარ, შეიძლება, შენ უთხრა ვინმეს, წამოგცდეს. არც მაგას ვდარდობ, გესმის. ხო გაიგე, მე გავთავისუფლდი, ჩემი საიდუმლო სხვამაც იცის. მე არ ვაპირებდი იმის მოკვლას, არც მოვკლავდი. რად მოვკალი? აღარ მახსოვს, ხო, აღარ მახსოვს, მე ვდარდობ, ვნაღვლობ, თუმცა არ ვიცი, შეიძლება, კარგიცა ვქენი. ოჰ, დავიღალე.
ლია: კარგი, გენაცვალე, ნუღარ ლაპარაკობ მაგაზე, აღარ გინდა.
გია: მაშ, რა ვქნათ. თუმცა შენ მართალი ხარ.
ლია: ნეტავი ჩვენები შორს იქნებიან?
გია: არა მგონია, ალბათ სადმე ისვენებენ, ამ მზეში არ ივლიდნენ.
ლია: არ მოგწონს ჩვენი მასწავლებელი, ვანო?
გია: კი.
ლია: დიდი ხანია იცნობ?
გია: არა.
ლია: შარშან მაგისმა ცოლმა თავი ჩამოიხრჩო.
გია:???
ლია: ვერ გავიგეთ რატომ, ოხ, რა სულელი ვარ, ისევ იმაზე, მეტს აღარ, გია, გენაცვალე. მართლა, იცი,
თბილისში რომ ჩავალთ, ახალი ჯაზი იქნება.
გია:???
ლია: გია, გენაცვალე, ნუ მიყურებ ეგეთი თვალებით.
გზა ახლა პირდაპირ ხიდზე გადავიდა. აქ არღუნი წყლის შხეფებს ასხამდა. შეყვარებულები დადგნენ. გია ხარბად ისუნთქავდა ნესტიან ჰაერს, გოგონას წვეთებმა თმა შეუვერცხლისფრა. ორივენი დასველდნენ. ბიჭმა ოდნავ ჩაბუქნა, ხიდი გაინძრა, მერე რხევა დაიწყო.
ისინი ხიდზე გადავიდნენ, აქ აღმართი იწყებოდა, ცოტა ზევით წყარო გამოჩნდა. წყაროსთან გარუჯული, წვერგაბურძგნილი იჯდა მოხუცი და ყალიონს აბოლებდა. ცხვრის ფაფახი ყურებამდე ჩამოფხატოდა, ხოლო შუბლზე წინ ჩამოშლილი, ჭუჭყიანი, ოფლისგან დასველებული ჭაღარა თმა ეყარა. გვერდზე გრძელი, ცალლულიანი თოფი ედო. წყაროს თავზე ვიღაცას ძველი გუდა ჩამოეკიდა. მოხუცი კი იჯდა და გრძელი შესუნთქვებით უშვებდა რუხ ბოლს.
- გამარჯობათ, პაპა! - მიესალმნენ ახლად მოსულები.
მოხუცმა დინჯად მოაბრუნა თავი, მერე უაზროდ შეხედა ქალ-ვაჟს. “ნეტა რას დაეხეტებიან ამ მთა-ღრეში უპატრონოდ, ან ქალებ სად უშოვიათ” გაიფიქრა გუნებაში, შემდეგ წყნარად დაუქნია თავი.
- პაპა, ჩვენებმა თუ გაიარეს აქეთ?
მოხუცმა ჩასისხლიანებული თვალი მიაშტერა ბიჭს.
- ბიჭავ, მუცალ ხო არსა გინახავს?
გიამ და ლიამ ერთმანეთს გადახედეს.
- პაპა, მუცალი ვინ არის?
მოხუცმა გაკვირვებული სახე მიიღო.
- მუცალ არ იცითა? - ახლა ეჭვით შეხედა ხევსურმა მოსაუბრეს, - ჩემი მოსისხლეა ის. ჩემ დათვიკა ჰყავს მოკლულ.
გია ჩამოჯდა ქვაზე.
გია: რად მოჰკლა, პაპავ?
პაპა: ქიშპობ ჰქონიყოთ ცხენზე.
გია: მერე?
პაპა: რა ვიც, მაეკლ მერე.
პაპამ ყალიონი მოქაჩა, მაგრამ ბოლი არ ამოვიდა. “ჩამქრალ”, გაიფიქრა გუნებაში. “მაცდურ ხალხ არს ეს ქალაქელებ”, შემდეგ ტალკვესი ამოიღო. კარგა ხანს უჩხიკინა, როგორც იყო მოუკიდა. მალე ყალიონის წევაში გაერთო, თან გამოფიტული თვალებით უყურებდა ბილიკს. სიჩუმე ახლა ლიამ დაარღვია.
- პაპა, აქ ვის უცდით?
მოხუცმა ყალიონი გადმოაბრუნა, დაფერფლილი თამბაქო მუხლზე დაიბერტყა, მერე საჩხიკინებლით დაუწყო წმენდა.
- პაპა, დიდი ხანია აქ ზიხართ? - კითხვა შეუბრუნა ლიამ.
პაპა: ათ წელ იქნების.
ლია:???
პაპა: ათ წელ ჰო, დღეს ვკითხ მგელიკას.
ლია: მართლა?
პაპა: მუცალს ველი.
ლია: სად არის?
პაპა: ამბობენ ციხეში; მაგრამ ან გამაიქცავ, ან გამაუშვებენ,
მაშინ სით წავა.
ლია: სადამდე იჯდებით, პაპა, აქ?
პაპა: სანამ არ ავიღებ დათვიკას სისხლს.
გია: აქ რას ჭამთ, პაპა?
პაპა: საგზალ ან მგელიკას, ხან მზექალას მოაქვს.
გია: რა იცით, რომ აქ გამოივლის?
პაპამ ისევ გზას გახედა, მერე ყალიონი ამოიღო, ქისა გახსნა, თამბაქოს ყლორტი დააჭრა, შემდეგ ხელის გულზე დაიყარა. როგორც იყო ყალიონი გატენა, შემდეგ ტალ-კვესი აწვალა და მოუკიდა. გააბოლა. გარეშემო წეკოს მყრალი სუნი დადგა. ქალ-ვაჟი წამოდგა.
- ნახვამდის, პაპა.
პაპამ გზას გახედა. ახალგაზრდები გზას გაუდგნენ.
პაპა კი სულ იჯდა და არაფერზე არა ფიქრობდა.

წელი 1956. რიცხვი 18 და 20. თვე (ივნისი.)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი