მე განა სიყვარული მინდოდა
სამი ამბავი (ორი დღეა არ დამილევია, სულ ფხიზელი ვარ, მხოლოდ ჩიბუხი მახვევს ბრუს.) დილა. 1957 წლის 19 თებერვალი. 1030-1110. ვმართავ პატეფონს: ის ხრიალებს: მე ვწერ. ამბავი I: გურამი, ვალია და ოფლი (ცხელა, თავი დამანებე.) დილით ზღვა ხმაურობდა: სადღაც დიდი ტალღა შეაჯდებოდა პატარას, მერე პატარა თავისზე პატარას, მეოთხე ისევ დიდი გამოდიოდა. ნაპირთან მლაშე წყალი სილაში ერეოდა: მასში შეჟონილი ზღვა ქაფსა ტოვებდა. დილით გრილოდა, მერე დაცხა, მერე უფრო დაცხა. შუადღეს ტალღები დაპატარავდნენ. ქვიშაზე მლაშე წყალი ამოსვლას ვეღარა ბედავდა. გურამმა დამწვარ ბეჭებზე პერანგი გადაიფარა. ვალიამ სარაფანიც გაიხადა. იწვა ტიტველა და იხრუკებოდა: მერე ახლო მიუწვა ბიჭს და ბეჭებზე ხელი დაადო. გურამი შეიშმუშნა: ის უფრო მიეტმასნა: შუადღის სიცხეში ოფლი იცის; ვაჟი წამოხტა და წყალში შევარდა. ქალი შეჰყვა. გურამმა სიჩქარეს უმატა. ვალია ჩამორჩა. წელი 1957. თებერვლის 19. პატეფონი მიდგას ყურთან. ცოტა მოშლილია, ნემსი გაცვეთილი: წივის. იწივლოს რა: სამაგიეროდ სხვა არაფერი მესმის: არც მინდა. ვუკრავ ერთსა და იმავე რაღაცას. უნიჭო ტანგოს ფირფიტა ტრიალებს, მეზარება გავაჩერო, თორემ სახელს დავწერდი მუსიკისას. წერა არ მეზარება: ეტყობა შევეჩვიე. დღეში ერთი საათი არ მეზარება. მერე კი. ამბავი II: გელა და ვიღაცეები გელამ სახელოები დაიკაპიწა, მერე თხილამურები გაასწორა და დაეშვა. ფეხები ერთად ჰქონდა, ტანი ოდნავ მოხრილი: თავზე ბერეტი ეხურა. უჯოხო ხელები თავისუფლად ეჭირა. ბოლომდე ასე ჩამოვიდა. ბოლოს დაებერტყა, უცებ წამოხტა გაწითლებული. მიიხედ-მოიხედა მალულად. ვიღაცეები სადღაც ხარხარებდნენ. ვიღაცეები სადღაც სრიალებდნენ. იქვე სურათს იღებდნენ. - კრეპლენია არ იჭერს. - თქვა თავისთვის თუ ვიღაცისთვის გელამ და შიშველი ხელებიდან თოვლი არ ჩამოუწმენდია, ისე დაიწყო მაგრად მომჯდარი სამაგრის გამაგრება. 1957. თებერვლის 19. მგონი შეყვარებული ვარ. თუმცა როდის არა ვარ. არა, ახლა ვიცი, ვინ მიყვარს. ჰო. ვიცი. ჰა? ჰო, ვიცი. ვეწევი ყალიონს უკვე, მეათეს: დავითვერი: ვბოდავ. ამბავი III: ჩემი დღე (გურამი) გურამი იჯდა. მერე ადგა. იარა: მოვიდა. მერე დაწვა. - დაღამდა, - თქვა დედამ. - ჰო! - თქვა გურამმა და დაიძინა. წელი 1957. თებერვლის 19. საცაა, ის მოვა: სად ვუშოვო ფული: ვინ არ მოვა? ერთი მაგათი. ოჰ, ნეტავ, იაპონია იყოს. არა, აქ საქართველოა: რა ვქნა? ისევ დავიწყო? ყალიონი მათრობს: ვბოდავ.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი