მთელი თვე ვუშლიდი მალხაზს სირბილს


მთელი თვე ვუშლიდი მალხაზს სირბილს. ის მაინც დარბოდა უჩემოდ. მერე ერთი კვირა ქალაქში არ ვიყავი, როცა ჩამოვედი, მალხაზი ისევ ზემელზე იდგა და იღიმებოდა.
- სსად იყავი? - თქვა მან.
- არსად, ახლომახლო, - ვთქვი მე.
მეტი სალაპარაკოდ არ ეცალა. ხალხის თავების ზევიდან უყურებდა ტრანსპორტს. ამ დროს ის მტაცებელ ფრინველს ჰგავდა. თვალები დაურბოდნენ, თვითონ უმოძრაოდ იდგა. სულ ყველაზე შორ კუნჭულებს ხედავდა ტროლეიბუსში.
- აგერ შიმხონი, – უცებ შევამჩნიე მე ავტობუსში მძინარე კაცი. მალხაზმა ხმა არ გამცა. ის ტროლეიბუსს უყურებდა.
- არა, - თქვა მან.
- რა არა, - ვთქვი მე.
- არც იქ იყო შიმხონი, არც იქ. - ნუთუ არ იცი, რომ კაცი, რომელიც ძალიან მთვრალია, ეგრე მოხერხებულად ვერ ამოიდებს თავქვეშ ხელს. ეგ ცოტა ნასვამია და მორჩა. შშეიძლება მშიერიც კი იყოს ან დაღლილი.
ზევიდან გრიალით მოდიოდა ტრამვაი. ის უცებ გამოითიშა.
- აგე შიმხონი, - თქვა მან.
ტრამვაიში ვიღაცას ხელები ჩამოეყარა, თავი დაეკიდა და ისე ყვინთავდა.
- ხხედავ, იმის თავიც არა აქვს, რომ ხელები შეიწყოს თავქვეშ.
- მერე რატო არ მისდევ, – ვთქვი მე.
- მაგან წეღან აიარა, ორი შიმხონისტი მისდევდა, ვვერა ნახე მუსარა და რეზო, ახლა უკვე ტილიანი იქნება, მაგ დროს ყოველთვის უნდა დაიხსომო ტრამვაის ნომერი, რომ ტყუილა არა სდიო.
- პაკრიშკა რა იქნა? - ვკითხე მე.
- დაიჭირეს, კიდე ექვსი შიმხონისტი დაიჭირეს.
მე უკვე ვიცოდი, რომ პაკრიშკა დაიჭირეს და კიდე ექვსი შიმხონისტი.
- მეტი აღარ ირბენ შენ, - მტკიცედ ვთქვი მე. მალხაზი ყურადღებას არ მაქცევდა, მერე ადგილს მოწყდა. მე გამოვუდექი. ორივენი შევახტით ტრამვაის. ვაგონში ცოტა ხალხი იყო. წინა სკამზე ვიღაც რუსს ხელები ჩამოეყარა და თვლემდა. მალხაზმა ჯერ კონდუქტორი შეათვალიერა, შემდეგ ხალხი. ბოლოს წინ წავიდა. წავედი მეც. მუხლისთავი გაჰკრა მთვრალს. მთვრალი არ ინძრეოდა. მალხაზი გვერდით მოუჯდა. მე წინ ჩამოვეფარე. მეჩვენებოდა, რომ მთელი ტროლეიბუსი მე მიყურებდა. ხვითქად ჩამომდიოდა ოფლი. ძალიან მინდოდა ჩახტომა, მაგრამ ვიდექი. დიდი რამე, ვფიქრობდი, მალხაზი დღეში ათჯერ აკეთებს ასე, იმას ხო ვჭამ, ახლა რო ჩავარდეს, ჩემი ბრალი იქნება, არა, მოვეფარები. მალხაზმა მარჯვენა ქვევით დაკიდა, მარცხენა თავის იღლიაში ამოუყარა და ღრმად შეუცურა უბეში.
ტრამვაი გაჩერდა.
მალხაზმა მარცხენა ნიკაპქვეშ ამოიდო და ნაზად დაუსტვინა. თან მიღიმოდა. მე ყოველი შლიაპიანი გადაცმული თანამშრომელი მეგონა. შეუმჩნევლად ვკრავდი ფეხს მალხაზს, ვანიშნებდი, რომ ჩამომხტარიყო. ის იღიმებოდა. მერე მუშაობა განაგრძო.
ახლა კი ნამდვილად დამინახეს. კარტუზიანმა თვალი გამისწორა. ჩავვარდი, გავიფიქრე. წამოვწითლდი. მალხაზი კი იჯდა, მუშაობდა. სირცხვილი გაქრა. კარტუზიანი წამოდგა. ჩავვარდი, კიდევ გავიფიქრე, უეჭველად დამიჭირეს. კარტუზიანი ნელა წამოვიდა ჩვენკენ.
- მალხაზ, - დავიძახე და ორი მოძრაობით კიბესთან გავჩნდი, მერე ჩავხტი. უკან მომყვა მალხაზიც.
- რაა იყო, - თქვა მან.
მე პოდიეზდში შევუხვიე.
- რა და ვერა ნახე კარტუზიანი, ცოტაც და ვვარდებოდით.
მალხაზმა ბუზღუნი დაიწყო. უბეების გაჩხრეკა ვერ მოესწრო და იმიტომ.
რა სირცხვილია, რა სირცხვილი, რამდენი გიყურებს, ვფიქრობდი მე, მერე შეიძლება ჩავარდე, ჩავარდნა კიდე უარესი. ნეტა უფრო შემრცხვა თუ შემეშინდა. ალბათ, ორივე. რო მცოდნოდა, რომ ის გადაცმული თანამშრომელი არ იყო, ხო არ ჩამოვხტებოდი, ალბათ არა, ალბათ კი, არა, ნამდვილად არა. ე.ი. შემეშინდა ჩავარდნის. ჩემ თავზე ბრაზი მომივიდა. მშიშარა ვარ, მშიშარა, ვიმეორებდი გულში. მალხაზს კი არ ეშინია. ყოჩაღ, ბიჭო. მართლა რა ძნელი ყოფილა. ნამდვილად გულადია მალხაზი. ყოველთვის ამდენი ხალხი უყურებს, მერე ვინ იცის, ვინ არის მათში, მაინც იპარავს. მე კი ისე დგომის შემეშინდა. თუმცა შემრცხვა კიდეც. არა, უფრო შემეშინდა, იმიტომ რომ, როცა ის წამოვიდა, მაშინ ჩავხტი, მანამდე კი ქალები მიყურებდნენ, - მაინც ვიდექი. მერე დავიწყე მთვრალზე ფიქრი. საწყალ რუსს ხელები ჩამოეყარა და ისე ყვინთავდა. ქუდზე კირის წინწკლები ჰქონდა, ეტყობოდა მღებავი იყო. ალბათ, სამუშაოში აღებული ფულით დალია, დანარჩენი სახლში მიჰქონდა, მალხაზმა კი, კიდე კარგი, ვერ ამოაცალა. ვინ იცის, ვინ ელოდა სახლში.
- წწამო, დავლიოთ, – თქვა მალხაზმა. მე დალევა არ მინდოდა, რატომღაც მაინც ვიკითხე:
- რითი?
მალხაზმა ორასი მანეთი დამანახა.
- მმე ისე ჩამოვხტებოდი? - თქვა მან.
მე შემეზიზღა მალხაზი, არაყიც, ღვინოც.
- მე არ წამოვალ, – ვთქვი მე.
მალხაზი გაკვირვებული მიყურებდა. მერე თქვა.
- წწამო სიმონას სადღეგრძელო დავლიოთ. სსაწყალი მღებავი ჩანდა.
- მერე რატო წაიღე? – ხმას ავუწიე მე
- აბა, რა მექნა.
- არა გრცხვენია, არ მინდა, მე მაგ ფულით ვერ დავლევ.
მალხაზს ტუჩები ყურებამდე აეხია. – ჯჯერ არ დაგილევია! – თქვა მან. “მართლა და ჯერ არ დამილევია”, გავიფიქრე მე, ახლა ისევ მომეჩვენა იმ რუსის სახე; “ერთი იმისი, ნუ დათვრება ისე, ან თუ დათვრება, ფული შეინახოს, არა, მაინც არ წავალ, ცოდვაა”, ვფიქრობდი და რესტორნისაკენ მივყვებოდი მალხაზს.
- ჩჩქარა იმ რუსის სადღეგრძელოს დავლევთ, ისიც კაცია, რა ქნას, ზზოგი ისეთია, მოიპარავს და იმის სადღეგრძელოსაც არა სვამს, მე კი, შენც იცი, ყოველთვისა ვსვამ, არა, თქვი შენ თვითონ.
მე ნელა მოვდივარ ხასიათზე. მშია.
- ჰო, აბა რა, - ვეთანხმები.
ახლა თვალწინ მწვადი და წინანდალი მიდგას.
[1957 წლის სექტემბერი]

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი