მინდია იწვა გულდაღმა და ყრუდ გმინავდა..
მინდია იწვა გულდაღმა და ყრუდ გმინავდა. მოფხრეწილი ბეჭიდან შავი სისხლი ამოდიოდა. სამფეხაზე დასტაქარი იჯდა. დიდი, პრიალა დანით ჭრიდა ჭრილობას. მინდია გმინავდა სულ ყრუდ, მერე დასტაქარმა მარილი დააყარა. დათოს ბუსუსები დაასხდა. “რა ვაჟკაცია მინდია”, გაიფიქრა, “მე ერთხელ გაკაწრულზე მომხვდა მლაშე და ცრემლები გადმომაყრევინა.” შიშით განაგრძო ოპერაციის ყურება. მინდია აღარ გმინავდა. ახლა მხოლოდ მისი კბილების ღრჭიალი ისმოდა. დასტაქარი იჯდა სამფეხაზე და ჭრილობას კერავდა. ოთახში მზექალა შემოვიდა. წყალი შემოიტანა, მერე ჩუმად დაჯდა დათოს გვერდზე. ”ესეც რა ყოჩაღია, ქალია და რა ვაჟკაცურად უყურებს”, გაიფიქრა დათომ, მერე თქვა: - მზექალა, არ გეშინია, ქალო? - რაისი? - ძმას ჭრიან ბეჭზე, როგორ რაისი. - საშიშ რა არის? - როგორ?! მზექალა წყლის გამოსაცვლელად წავიდა. შემდეგ ისევ მოუჯდა გვერდზე დათოს. - რა ვაჟკაცია შენი ძმა! - თქვა დათომ. - რადა? - თქვა მზექალამ. - დაუძინებლად ჭრიან ბლაგვი დანით, თან მარილს აყრიან, მაინც არა ღრიალებს. -- რად უნდა იღრიალოს? - როგორ რად, სტკივა. - მერე რა. დათომ უაზროდ შეხედა მზექალას. - ვაჟკაც მით იყვ, რო ორ ტახ დაჰკოდ, თორე ყვირილით ვის უყვირავს, რო მაგან იყვიროს, - განაგრძო მზექალამ. დათო იჯდა და ფიქრობდა. მზექალამ მესამედ გამოუცვალა წყალი. მერე ისევ იქ დაჯდა და ჭერს დაუწყო ყურება, შემდეგ რაღაც მოაგონდა. წამოდგა, “თუ დროზე არ გავატყავე, გაფუჭდების ტახ, მინდია, ალბათ, კვირას იქნების ეგრე დაკოდილ. უმწე”. მერე დათოს შეხედა, ალბათ, უნდოდა დახმარება ეთხოვა, მაგრამ გადაიფიქრა. დანა ჩამოიღო და მარტო გავიდა. [1957 წ. მარტი]
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი