მინიატურები
მინიატურები ერთი ხელის მოსმით ერთ საღამოს სათაური: `შეგიჭამე ცოცხი~ დღიურიდან: ვწერ: მიდგას შავი ღვინო: ვამატებ სიმთვრალეს: გაზაფხულის თბილი თუ გრილი საღამო მიდის: უკრავს კუბის ჯაზი: შავკანიანი თუ ყვითელკანიანი ნოდარ ზედელაშვილი ცეკვავს ბუგი-ვუგის. იწერება მინიატურები. უფრო ვთვრები. ნოდარი ხურდება: ცეკვავს მარტო. წ. 1957 მარტის 10. გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას თავს იწონებს ნაზი ია. მოგილოცავთ პირველ მაისს თქვენი ძია გოზალოვი. მერცხალი: შავი ისარივით. ამბობენ: იწყება გაზაფხული. ბუგი-ვუგი! ჰამლეტი? – არა! მეფისტოფელი? – არა! კაფეში ცეკვავს შიშველა ზანგი. შეყვარებული: ყოველდღე ვკოცნიდი, მერე? მერე მომწყინდა. ტრამალში უკრავდა გარმონი, სლავის ქალს ეჭირა ძუძუ, წყდებოდა ვარსკლავი. ქმრის დაბრუნება ქარმა მოუბერა ხრიოკში: მტვერი ავარდა სადღაც. ცრემლი შეიმშრალა ქალმა. როცა ქალი თვლემს მთვარე მთოვარე! ძაღლი მყეფარე! თოფი შემართული! ქოხი ინგრეოდა სადღაც. ახლა ოძელაშვილი არსენა! მარტო ვიჯექი მატარებელში, მტვრიან გზაზე ფაფარგაცვენილი ცხენი მირბოდა. ექსკურსიაზე გრძელფეხა ჯოჯომ ხრიოკი დასერა. ღმუოდა ქარი. `უფლისციხე – ქალაქი ძველი:~ ღმუოდა ქარი. ექსპრესიონიზმი, იმპრესიონიზმი, ჭყეტია ფერები: იდგა დოყლაპია გამოფენაზე. 1953 წ. თეთრკანიანმა როკი მარჩიანომ სცემა ამერიკელ ბოქსიორთა კერპს ჯო ლუისს. ზანგი აწყდებოდა ბაგირს, ღმუოდა ხალხი. ცხვირჩამოფხრეწილი იდგა ჩემპიონი თეთრკანიანი: როკი მარჩიანო! ზის სადღაც სპარსი შაითან-ბაზარი, კაფე-შანტანი, თვალმოჭუტული ზის სადღაც სპარსი. ჰემინგუეი! ახალი სტილი. მოხუცი ზღვაში. თევზი დაგლეჯილი ზვიგენის პირით. დაბრუნება (სიზმარი) არწივის ფრთის ქვეშ, არღუნის პირას, შატილთან ახლოს, იდგა დაღლილი, შორიდან მოსული ალუდა ქეთელაური! უკრავს ლუი არმსტრონგი არმსტრონგი უკრავს: კბილებდაკრეჭილი, თვალებდაჭყეტილი შავკანიანი ძუძუს სწოვს ლედის. თმები ბოქსი, ცხვირი ჩაჭყლეტილი შუაში, ნეკზე ფრჩხილი, მოდის მიკიტანი. ბიჭები შაყირობენ: აბა, განი! თქვენი ჭირიმეთ! – გა – ზაფ – ხულ – და! გაშლილი თმები მზეზე, თვალები ელავენ, ტუჩები მოძრაობენ: სულ ნელა. თქვენი ჭირიმეთ! – გაზაფხულდა! ტაქსი: ჭადრაკის ზოლებით, შოფერი: ტყავის ტყაპუჭით, მგზავრი: ფეტრის შლიაპით. ძაღლი ყმუოდა სადღაც, დილით მოკვდა. ჭლექი. მეზობელს გაგუდული ბავშვი ეყოლა წინა ღამეს. პოლი რობსონ გასტროლებზე ლონდონში. ლონდონში დადგეს ოტელო, თამაშობდა ზანგი: პოლი რობსონ! მეოთხე აქტი: მავრმა დაახრჩო თეთრკანიანი – თავისი ცოლი, პრინცი-ქალი – დეზდემონა! თავის დახრჩობა! გაზაფხულობით გიჟდება მტკვარი, ამომშრალი თვალები იყურებიან: დედას მოკვდომია შვილი. დედამიწა ბრუნავს, იგი მრგვალია... ამბობდა ბრუნო. მერე დაწვეს, მერე იწამეს. ჩქარა, სანადიროდ მომკილი პური, მარცვალი ჩაბნეული, გასუქდა მწყერი! მანქანა `სამოსვალი~. ფირფიტა `ბერიოზკა.~ გალიფე, ჩექმა და მითქმა-მოთქმა. ქორწილი ტრამალში. იგივე ჯაზი, იგივე ფირფიტა. უნიჭო რითმა: `გონება გამოიფიტა.~ წ. 1957. მარტის 10. ბაკურიანში, მოწყენაზე. Над ручьем весь день Ловит, ловит стрекоза Собственную тень Тие-ни Жаркого полдня разгар На облачке отдыхая Жаворонки поют აყვავდა კვირტი სადღაც. მარტია ხვალზევით. ამბობენ: ზამთარი იცისო მარტში. ვიჯექი დაღლილი. ვუკრავდი პატეფონს. მერე მომწყინდა: ვიჯექი დაღლილი. ფეხები ცეკვავდნენ. მერე გაჩერდნენ. ისევ ფართხალებდა გული. ლექსი პრეტენზიებით დაჩეხილი სახე, ხელზე ბეჭდები. ვიდექი მე, ხალხი იცინოდა, ვიდექი მე. სახლის კედლები დგას დანგრეული, აქა-იქ მოჩანს წარწერა მურით. სად? ყველგან, სადაც ბომბა დავარდა. მკითხეს: რა არისო სიყვარული?: შავი თვალები, მაღალი წელი და სქელი ტუჩები. ისევ მომიტაცა ურჯუკას ულაყმა. ისევ დავუჭირე თავი. ცხენი შფოთავდა: მე გული დამწყდა. ცხენი თუ მხედარი? ციცაბო კლდეზე ულაყი გავარდა, ტაბლასთან მივიდა პირველი. მინდიასთანა მხედარი არ ჰყოლიაო ჯერ ფშავს: ამბობდა მოხუცი ლიქოკელი. დაიცალა ხევსურეთი! გოგოთურ შეჰკრავს აფშინას არაგვი მოუკლებს სირბილს, ორწყალში სახლი დგას დაცლილი. პედერასტთა კლუბი პარიზში თვალებდაჭყეტილი. შავკანიანი თეთრი კბილებით. ამოგდებული, გაშიშვლებული. კუთხეში სხედან მიბნედილი თეთრი ძიები. გ. რჩეულიშვილი. საბოლოოდ დავქლიავდი. ჭუჭყიანი ქუდი გახურებულ ასფალტზე თხოვნა და მადლობა. ხურდა ფული, ჩაცვენილი ქუდში. ხანდახან მანეთი. გზაჯვარედინზე ზის მათხოვარა. დამსკდარა მიწა. დალეულა ხევი. ღრიალებს ქარი: ბუღი დგას სტეპში. ახველებს პაპა; მელოტი თავი; გრძელი ულვაში ყურებამდე: ახველებს პაპას. ცვივა ფიფქები ყმუიან მგლები. იმატებს თოვლი: ცვივა ფიფქები. მანქანა ტრამვაის დაეჯახა, მთელი დღე ბჭობდნენ სახლში, საღამოს წავიდა მამასთან ერთად ნოდარი კინოში. ჯურღმულში უკრავდა ზურნა, ეზოში ბოლავდა ცეცხლი, ქორწილობდა იეზიდი. რადიო მღეროდა ჰიმნს პარტიაზე. სირენა წიოდა. ენთო რეკლამა. ეგდო კურტანი. იეზიდს ეძინა სადღაც. დედას იგინებოდა ლოთი. ხურდა ფულს ითვლიდა მათხოვარი. დაკითხვაზე ბოთლზე დასმული ქურდი ყვიროდა. ლექციას კითხულობდა ლექტორი თემაზე: ალკოჰოლი და ბრძოლა მასთან. ნავსაყუდართან ვზივარ სოხუმში, ჩემს წინ დგას გემი, სავსე შუქით და ჯაზის ხმებით. ის ჩქარა გავა, ოცდახუთწუთში! უნიჭო საქსაფონი, დიდთავა ჩელო ჩაფხრეწილი ხმით მღერის. ნახევარბოთლიანს უყურებს ლოთი. ქარი მღერის, დრო გადის ფიქრებში, დრო გადის, ვბერდები. გამოფხიზლება ან ის გამოფხიზლდა! ტრამვაი მირბოდა რელსებზე, წამყვანს ეჭირა საჭე, პატარა თვლემდა გზაზე. ტრამვაი გადასცდა რელსებს, წამყვანს გაეშვა საჭე, ბავშვი აღარა თვლემდა გზაზე. დრო მიყვარდა მაშინ, არ მიყვარს ახლა. მის მერე სამი წელი გავიდა. ქისაში ეყარა მახორკა, ჩიბუხი ეგდო იქვე, იჯდა ხის სკამზე – ბაბუა ვანიჩკა. ავტოგადარბენა გუგუნი იდგა ქუჩაში, ხალხი აეყუდა კედელს, მოტორი უშვებდა სქელ ბოლს. მზე იდგა ქალაქში, ბუღში გახვეული საოცარ სიცხეებს ეჭირათ ქუჩები, მე დავდიოდი რუსთავლის გამზირზე და სიცხეს სიცხით ვიგერიებდი. ლექსები ზღვაზე მზე ჩაიძირა ზღვაში. გახურდა ღრუბელი. მეთევზემ გაშალა ბადე. მზემ ამოყვინთა ზღვიდან. გაწითლდა ღრუბელი. შეცურდა ნავი წყალში. გახურდა ნაპირი. დედიშობილა რუსი იწვა: ეტკლიცებოდა კანი. იდგა ხურუშის სუნი. გრძელი ტრუსები. დაგრეხილი ფეხები. სიშავე: – ჭუჭყიანი. არაყი, ღვინო. გახურებული ქვიშა. სომხები ისვენებდნენ ზღვაზე. კეხიანი ცხვირი, თავზე ქუდი, ტანი თეთრი და ჭორფლიანი. რუსი ებრაელი შეცურდა მლაშე წყალში. გაზაფხული ბალახი გადამხმარი, ველი რუხი, მეველე ველში, თოფი ორლულა. როგორც შავ ორმოში ფეტვის მარცვალი, ისე ჩავარდა ჩვენს შუა, ხაიამ, ათი საუკუნე. პახმელიაზე არგამოსულ ლომს გამოსასვლელად თაგვმა არაყი მიართვა, ლომმა დალოცა. თაგვმაც დალოცა... კიდე დაასხი ეს ოხერი, თითოც დავლიოთ. სიბრძნე რო ვთქვა, სულელს დამიძახებენ. – მიწა შემჭამს? – დაითვრება. – არ მოვკვდები? – სპირტში შემინახავენ. – აღარ დავლევ სამარეში? – ვახ, ხო მატლები შემჭამენ. – კოტე, დაასხი თითო არაყიც. მოვხუცდები? რას დავეძებ, რად ვიდარდებ იმ წლებს, რაც არ მქონია, ახალგაზრდა არ ვყოფილვარ არა ვდარდობ, ღმერთმა იცის, ეს ამბავი ჩემთვის არცთუ ისე ძნელია. დავიბადე არყის ბოთლით და ვიცხოვრე მასთან ერთად. კოტე, დაასხი, შესვი? ახლა მე გისხამ, შესვი, გაამოს. დღე არც მოკვდა და არც გარდაიცვალა, უბრალოდ, იყო და აღარ არი, გურამს დარდი არა ჰქონია. ერთხელ კაცი იყო, კარგად ახსოვს, და ახლა აღარ არი. კოტე! დაასხი ისევ ის არაყი, ყველას გაუმარჯოს – ესეც უბრალო სიტყვები არი. კოტე, შენ მოგწონს ჩემი ლექსები, მე შენ მომწონხარ, ნუ გეწყინება, აუ, დავლიოთ ისევ არაყი, ეს არც გვაწყენს და არც გვეწყინება. როგორ მეცოდება ქალი საწყალი, ვინც ჩემთან ერთხელ მაინც არ ყოფილა, როგორ მეცოდება ის პოლბუტილკა, რომლისგან ას გრამსაც ჩემთვის არ ასხამენ, როგორ მეცოდება, თქვენა ხართ მოწმე, ჩემო ცრემლებო, კაცი ლოთი და დედ-მამიანი. პატრონიანი. ნიაზ! ვიტიროთ ისევ იმ ცრემლებით ჩვენი პატრონი და იმათი უპატრონობა. ჰა, პირი გავაღე, რას მომჩერებიხართ, ჩემგან სიბრძნეს ელით? მოდით, მოიწით, მე არავის მოვკლავ. აჰათ, იყნოსეთ ისევ არყის სუნი. თემურ, გაგიჟდი? რას ურტყამ მაგას! ეგეც ლოთია, ეგეც ჩვენებური, ეგეც ბებერია სხეულით და სულით, ეგეც მოკვდავია, ეგეც ახალგაზრდა, ეგეც უბედური, თემურ, გაგიჟდი? რას ურტყამ მაგას... ლეილა! კიდევ გაიარე მოჭრილი თმებით, ისევ მომიკალი არყისფერი გული, ღმერთო, მითხარი! ლეილა! რომელი ჯობია – შენი სიფხიზლე თუ ჩემი მთვრალი სული. ბიჭო, ნიაზ, უძილო ხარ? თუ არყის სიზმარს ხედავ. – სად გარბიხარ? არაყს ეძებ? გინდა, რომ ცხადს ისევ არყით დაუბრუნდე. – ირაკლი, დაუსხი, გურამი იხდის. ათასჯერ დანა აქვს გურამს მოქნეული და არც ერთი გული არ დაუჭრია. ირაკლი! კაცო! ვაჭარო! ძუნწო, დაასხი შენით ამ სისხამ დილაზე, არაყი ღვთისაა, გამარჯობასავით. გურამ! შენს თვალებში ჭაჭის გრძნობა დგას, დაბერილ ძარღვებში უფერო სითხე, გულშიაც ხანჯალი რომ დაგკრან, მაინც ვერც ცისფერს, ვერც წითელს ვერ გამოგადენენ. ნიაზ! მოიტა ერთი პოლბულტილკა, ერთიც მოვწიოთ და არყის ცრემლებით ვიტიროთ ერთად. ლეილა, მე შენი თორმეტად ჩაწნული ნაწნავი ხელში მიჭირავს, და გულზე ვიკრავ, შენ კი... ვახ, რად დადიხარ თმებგაჩეჩილი, დამისხი, კოტე, გესმის არაყი. ... დაუკარით! რაც მოგინდეთ ისა, გესმით, დაუკარით!? გურამს დარდი არ ჰქონია, რას უქარვებთ... მე ჩემი საუკუნის შვილი რათა ვარ, როცა მეგობრად ხაიამი გამხდომია. ხაიამ, ნუ დამახარბებ შენ მწარე ღვინით, მაგაზე უფრო მწარე არაყსა სვამს გურამი ყოველ უზმოზე და ყოველ დილას. ლეილა! სად გაქრა სევდა შენი თვალებიდან, სპარსული უძირო ღამე და ბაიათი. ლეილა! არყის ფერივით რატომ გაიცრიცა შენი წამწამები, სახე მთვარე და ტუჩები ბროწეულის. განა იმიტომ მარტო, ო, ლეილა! რომ ჭაჭის ნექტრით გურამის გული ჩაწვას. როგორც შავ ორმოში ფეტვის მარცვალი, უკუნეთ დროში ისე უკვალოდ ჩავარდა ჩვენს შუა ო, ხაიამ, ცამეტი საუკუნე. და ერთი, რაც მოხდა, შენ ღვინოს სვამდი, მე კი არაყს ვსვამ. ხაიამ! გურამს იმდენი აღარა სცალია, რომ დოქით ღვინო და ფიალით შარბათი შესვას. ხაიამ! გურამი არაყს სვამს ერთ ჯერზე ნახევარბოთლებით და სადღაც გარბის. 1957 – 1958 თბილისი, მოსკოვი
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი