მოდიოდა წყალი მღვრიე..


მოდიოდა წყალი მღვრიე და მოჰქონდა ქვები. ფონი ქვევით იყო. იქაც ჭირდა გასვლა, თან ცხენი ფეხს იტკიებდა.
ჩქარობდა კოტე.
ფეხს იტკიებდა ცხენი.
ბინა პირდაპირ იყო: გზა კი ქვევით მიდიოდა ფონისაკენ. შხეფები მაღლა ადიოდა; მერე ნაპირზე ცვიოდა. კოტეს თმასა და სახეს უგრილებდა.
ჩქარობდა.
გაღმა ბინაში კვიცი იყო ავად და კვდებოდა. რადიოთი გამოუძახეს ვეტექიმს სოფლიდან.
კოტე ვეტექიმი იყო:
ცხენს აჩქარებდა.
ცხენი კოჭლობდა.
ქვევით ფონი ლაპლაპებდა.
კოტე ჩქარობდა: გაღმა ბინაში კვიცი კვდებოდა და დახმარება იყო საჭირო. ცხენს მათრახი მოხვდა: აითრია ფეხი. ”დაბერდა, ფეხიც ახლა ეტკინა”, გაიფიქრა კოტემ და ფონში შეაგდო.
წყალი მოდიოდა მღვრიე და ლოდები მოჰქონდა.
ცხენმა ჩაიჩოქა. დატრიალდა.
კოტე მკლაურს უსვამდა. ცხენი თავს ყოფდა მაღლა. კაცი მიცურავდა და ხედავდა: ზევიდან მორი მოდიოდა ტალღებზე თამაშით: ჩაყვინთა. როცა ამოიღო თავი, მორს ჩაევლო. ქვევით ცხენი მიჰქონდა წყალს. მორი პირდაპირ მიდიოდა მისკენ, მერე შიგ თავში დაეჯახა.
კოტე მიცურავდა პირდაპირ და ვერა ხედავდა: ცხენს თავი გაუსკდა: მღვრიე წყალს სისხლის ფერი მიემატა, მერე გაქრა ის ფერი. ცხენიც აღარა ჩანდა.
წყალი მოდიოდა მღვრიე და მოჰქონდა ლოდები.

კოტე შუაცეცხლთან იჯდა და შრებოდა. ქვაბში ხორცი იხარშებოდა.
- უეჭველად გადარჩება, - თქვა მან.
- უეჭველადა? - იკითხა მეცხენემ.
- ჰო, მართალა, საწყალი იორღა, არა?
- ჰოო, შვილიც ავადმყოფი დარჩა, - თქვა მეცხენემ.
- ნუ გეშინია, მოვარჩენ.
- რა ვიცი, მორჩება?
- მე ვიცი, კარგი გამოვა ეგეცა, ჰო, მართლა, ოქმი უნდა შემიდგინოთ, რო არ დამაწერონ იორღა.
მეცხენე გავიდა. მერე ქონიანი ქაღალდი და წვერწატეხილი ქიმიური ფანქარი შემოიტანა.

[1957. მაისი]

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი