მოთხრობები დიალოგებით


დონბასელი მემაღაროელები

- რომელია, ნოდარ? - რვა. - დროა უკვე. - მაცადე თმის დავარცხნა. - შენ სულ ეგრე იცი. - შენ ჩემზე მეტს იპრანჭები. - მე გოგო ვარ. - მერე რა? - როგორ რა? - მაცადე თმის დავარცხნა. - უკვე რვა არის, იცოდე. - ვიცი შენზე კარგა. სარკე პატარა იყო და კამოდზე იდგა. - მორჩი? - ჰო, მოვრჩი, გაიხარე. - მე რა? - როგორ რა? - წავედით. - მაიტა ხელი. - შენ მაიტა. - შენ გოგო ხარ. - მერე რა? - როგორ რა? ქუჩაში ჟინჟლავდა. სახლი კუთხეში იდგა. - ახლა ეს მათხოვრები გააწყალებენ გულს. - რა ქნან. - როგორ თუ რა, იმუშაონ. - სად? - ახლა ეგ მადარდე. - წყვილებო, ლამაზებო, ტარიელ და ნესტან, ორი აბაზი ან ორი შაური. - მაიცა, მე მაქვს. - ამოიღე. - რაღაც ვერ ვპოულობ, ალბათ, შენ ჩხუბში დამრჩა. - ჩემს ჩხუბში? - ჰო. - ლამაზებო, ორი შაური მაინც. - არ არის. - შაური მაინც, მე ომში მომივიდა კონტუზია. - ომში ბიძაჩემიც დაიღუპა. - ჩემი ბიძაშვილიც. - ნოდარ! - ჰა. - მოდი, მივცეთ მანეთი, რა? - გაგიჟდი? - მოდი რა, მოდი. - ჩუმად, კინოში მერე? - სწორი ხარ, საშინელი მფლანგველი ვარ. - ქალი მაინც არ იყო. - მერე რა? - მერე ის რო, მე რო ვხარჯავ, ბიჭი ვარ. დიდ ქუჩაზე რეკლამები ენთო. - ნოდარ, ნოდარ, მაიტა რა სამი მანეთი. - შენთან ბოდიში, ქალბატონო, რად გინდა? - ის მიმყავს კინოში. - რომელზე? - ათიანზე. - წაიღე. - საღოლ! - კიდე კარგი მათხოვარს არ მივეცით. - მაშ! - ვახტანგი კარგი ბიჭია, არა, ნოდარ? - ჰო. - რამდენი ხანია მომწონს, იცი? - როგორ მოგწონს? - ისე, ამხანაგურად. - ისე შეიძლება. ტროლეიბუსში ჭედვა იყო. - ორი ბილეთი. - სადამდე? - რუსთაველის კინომდე, ოცდაათიანი. - აჰა ხურდა. ბილეთი, თუ ამოვიდა კონტროლიორი, მაშინ. - კარგი. - შენმა გულუხვობამ მომკლა, ნოდარ. - რას იზამ. - ნოდარ, აგერ ისევ ის მათხოვარი. ტროლეიბუსს წამოჰყოლია. - ძმებო და დებო, მართალია, ქართველი კაცი არ უნდა ვმათხოვრობდე, მაგრამ ორჯერ დამარხული, ორჯერ ამოღებული. - აჰა, წაიღე. ქუდში ხურდა ცვიოდა, აქა-იქ ქაღალდი ეგდო. - მე, ბიძინა ღლონტი, გმადლობთ, დედი, ბაბო, შეყვარებულებო, ლამაზებო, კარგებო. - ჩვენ შეყვარებულები არა ვართ. - რა მაგის საქმეა. - რათა, ნოდარ, იცოდნენ მაინც. - მერე რა. - მგონი, ვახომაც არ იცოდა, მე რო შენი და ვარ, არა? - რა ვიცი. - იმიტომ რო ჩემთან არასოდეს გამოდიხარ. - რა ხეირია. - როგორ? - ისე. - ნოდარ, იცი რა? - რა. - არაფერი, მერე გეტყვი. - კარგი, კარგი. კინოში ცოტა ხალხი იყო. აბრაზე ეწერა: Донецкие шахтеры Донецкие шахтеры წელი 1957. მარტის 7. სადილი იწვება! - ტყუილია. - რას ამბობ, ისეთმა კაცმა თქვა, რო. - ვინ? - მაგას ვერ გეტყვი. - მითხარი, რა! - არ შემიძლია. - ხო იცი, მე ლაპარაკი არ მიყვარს. - შენი ჭირიმე. - შვილებს გეფიცები. - შალიკომ. - შალიკომ? - ჰო, ქალო, წარმოგიდგენია? - არაფრით არ მეგონა, თუმცა უარესებიც ხდება. - როგორც ეტყობა. - შალიკო ისევ იქ არის? - არა, ზამმინისტრაა ახლა. - იმის ადგილას ვინ არის? - ღვინეფაძე გრიშა. - ეგ რომელია? - ქუთაისელი ბიჭია. - რა ხნის არის? - პოდპიდესიატ. - რაღა ბიჭი! - ახლა, ჩვენთან ერთად გაზრდილი როა, მიტო. - მაინც შენ რო ნაცნობობა გყავს, ტყუილია. - ეჰ ქალო, ტრაბახით არ ვიტყვი და მაგაში კი მაქვს ბედი. - კარგია, კარგი. - მე კი არ მაინტერესებს მაინცდამაინც, მარა ხო იცი. - შე ქალო, სიმდიდრეა, ხო იცი, რამდენი ნაცნობიც გყავს, იმდენი კაცი ხარო. - ქე გამოვალ გერმანიის ჯარი. - გერმანიის თუ ამერიკის. - ვის მეტი ჰყავს ვითომ? - ამერიკას ახლა. - ვითომ? - ნამდვილად. - რამდენი ეყოლება ნეტა? - ალბათ, ბევრი ძალიან. - ნამდვილად მაგრეა, ჩქარა დაიწყებენ ნეტა ომს? - როცა მოეპრიანებათ. - არ ედარდებათ ხალხი, არა? - გაგიგონია! - წერენ მაგეებს გაზეთში. - სავსეა. - ერთი წუთი მოცლა არ მაქვს საკითხავად. - მასე არ ვარ მეც! ბიძინა ყვება ხოლმე ჩვენი. - მე ქე ვკითხულობ, მარა მეოთხე გვერდზე, გასვენებას. - მაგას მეც. უხერხულია, ხო იცი. - აბა ქალო, რო გამოგეპაროს, ნამეტანი სირცხვილია. - ამას წინებზე კოვზაძე პანტელეიმონი გარდაიცვალა. - რომელი? - რაიკომის მდივანი ქე რო იყო წინ, მერე მოხსნეს. - ჰო. - ჰოდა, ბოლო დღეს წავიკითხე გაზეთში, ძლივს მოვასწარი თმის დახვევა. - ვისთან იყავი დასახვევად, ვასოსთან ისევ? - აჰ, ღმერთმა დამიფაროს. იმასთან აღარ ვარ მიმსვლელი. - რატო მერე! - იმ დღეს აფაქიძის ბოვშის ქორწილი იყო და სულ დამიწვა, ა, ნახე. - დედა, ვანიჩკას საქორწილო ბოვში ყავს? - აპა, რავა! - რა ხნისაა? - თვრამეტის. - ა! - რა, არ მოგწონს, ხო?! - გაგიგონია?! - ასე, ასე, გადეირია ახალგაზრდობა, აღარ ეკითხებიან არავის. - გეირყვნენ, გეირყვნენ ნამეტანი. - მაგ ხნის ბოვშის გათხოვება იქნება, აბა? - ახლანდელი ბოვშობა. - ჩვენ დროს ვინ იკადრებდა მაგას. - გაგიგონია! - მაშინ მახსოვს, შალიკომ თქვა. - რომელმა? - დავლიანიძემ. - დავლიანიძემ? - ჰო, შე ქალო, რა გაიკვირვე? - არაფერი, რაო, რა თქვა? - მეიწი აქეთ, ყურში გეტყვი. - ჰა, ჰა, ჰა, მართლა თქვა? - შვილებს გეფიცები, ოღონდ ჩვენ შორის იყოს. - მე მაგ არ მჭირდება. - ჰო, შენი იმედი ქე მაქვს. - რა კაცია მაინც, ა? - შალიკოს ფასი ტყუილია. - მაშ მართალია ეს ამბავი? - შვილებს გეფიცები. - თვითონ გითხრა? - აპა რავა, ჩვენი დროის ბოვშია. - შენ გაზრდას, ერთი კიდე მომიყევი დაწვრილებით. - ახლავე, მეიწი აქეთ. ქეთო მიიწია, მარო სმენად იქცა.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი