მუსტანგები


გადამხმარი ბალახი თითქოს შრიალებდა. იქით, ძალიან იქით, გამოფიტული თიხის გორები იდგა.
სულ ნელა ბოლავდა სიცხისგან სტეპი.
გორის ძირი სველი იყო: შეუმჩნევლად ჟონავდა წყალი. მუსტანგები ენით ლოკავდნენ სველ მიწას. მიწა იყო თიხის. იზილებოდა და ილიპებოდა ნალოკი. აქა-იქ დაუნალავი ჩლიქის კვალი რჩებოდა.
სულ ნელა ბოლავდა სიცხისგან სტეპი.
მუსტანგები იდგნენ და ენით ლოკავდნენ სველ მიწას.
შორიდან, სტეპის სიღრმიდან ფლოქვების ხმა ისმოდა. ცხენებზე კაცები ისხდნენ: ერთზე მეგზური, მეორეზე ფოტორეპორტიორი. მუსტანგებს ესმოდათ ფლოქვების ხმა, ან არ ესმოდათ: იდგნენ, ლოკავდნენ, მერე იდგნენ და არა ლოკავდნენ.
მხედრებმა გორა იფარეს; ფოტორეპორტიორი აქ დაქვეითდა. ფეხით მიეპარა და “ჩხაკ”, გადაიღო, კიდევ “ჩხაკ” და გადაიღო. მუსტანგები იდგნენ, მერე შეფრთხნენ. ერთ მათგანს გაკვირვებული სახე ჰქონდა.
სულ ნელა ბოლავდა სიცხისგან სტეპი.

კონკურსზე საუკეთესო სურათის წარდგენისათვის ვიღაც ფოტორეპორტიორმა პირველი პრემია მიიღო:
სურათზე დამფრთხალი მუსტანგები ეხატა გამოფიტული თიხის გორების ძირში და ერთ მათგანს გაკვირვებული სახე ჰქონდა.

წელი 1957. აპრილის 20.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი