ნიკო ფიროსმანაშვილი
სუფთა თეთრ კედელს პირდაპირ ეფარება ირმის სურათი. მის ფონზე იწერება სურათის შესავალი წარწერები. მიდის დიქტორის ტექსტი: 1918 წელს ქალაქ თბილისში უაღრეს სიღარიბესა და სულიერ მარტოობაში გარდაიცვალა თვითნასწავლი ქართველი მხატვარი ნიკო ფიროსმანაშვილი. დრომ თითქმის არ დატოვა მოწმე, რომელიც მოგვითხრობდა მისი ცხოვრების შესახებ. მოკვდა ის ისეთივე მარტო, როგორიც იყო მთელი სიცოცხლის მანძილზე: ლოთი, უპატრონოდ, უამხანაგოდ ბნელ სარდაფში მიტოვებული. უკვალოდ მიიკარგა სადღაც საფლავი, დარჩა ლეგენდა მთვრალ ფიროსმანაშვილზე _ ამბავი იკითხება მხოლოდ მისი ნახატებიდან. ისტორიამ თითქოს ცნობისმოყვარეობის გასაღიზიანებლად შემოინახა რამდენიმე ფრაგმენტი მისი ცხოვრებიდან: დაიბადა 1863 წელს ისტორიულად უბატონო მხარე ქიზიყში, სოფელ მირზაანში. მამის სიკვდილის შემდეგ დედა, 7-8 წლის ქალ-ვაჟით სახლდება თბილისში /მიდის დოკუმენტური სურათები თბილისის ყოფიდან/. ცხოვრობდა ღარიბთა უბანში. მრავალფეროვანია თბილისური ბოჰემა, მოქეიფე ყარაჩოხელები, კინტოები, ბაზარი, დუქანი, დაღლილი ჭუჭყიანი მეკურტნეები, ხელოსნები, ქალები ხელგაწვდილი ბავშვებით, ინტელიგენცია გახუნებულ და ახალ ფრაკებში პენსნეებით, პოლიციელები, მეეზოვე – აშკარა სურათი რევოლუციამდელი დეკლასიური საზოგადოებისა. ასეთ ატმოსფეროში წამოზრდილი ფიროსმანაშვილი ხსნის რძის საწარმოს, აქვს გარკვეული წარმატება ვაჭრობაში, მაგრამ, თავისი ხელგაშლილობის წყალობით, ორ-სამ წელიწადში კოტრდება, ხდება ლუმპენპროლეტარი და ნაცნობები კარგავენ მის კვალს. აღმოაჩინეს ის, უკვე როგორც მხატვარი, 1912 წელს, ფიზიკურად მოტეხილი, გალოთებული. ამ დროისათვის მას უკვე ჰქონდა მოხატული თბილისის დუქნების დიდი ნაწილი, უამრავი აბრა და ტილო. ხანმოკლე გამოდგა მხატვართა წრეებთან მისი ნაცნობობა. უკვალოდ იკარგება ფიროსმანაშვილის მედიდური პიროვნება თბილისის ჯურღმულებში. თითქმის უცნობია ამ ადამიანის მხატვრული ბიოგრაფიაც, რომლიდანაც შიგადაშიგ ცნობილი ხდება: უმეტესი ცხოვრება გაატარა ბნელ სარდაფში /ჩანს ეკრანზე ყველაფერი/, რომლის ერთ კედელს ღებავდა თეთრად, მეორეს შავად, ზელდა თავისი ხელით ბუხრიდან გამოღებულ ჭვარტლს, ფშვნიდა ფეხით ცარცს, ხატავდა თეთრ კედელზე შავით, შავ კედელზე თეთრით უცებ, უბრალოდ, ხელის რამდენიმე მოსმით. შავ მუშამბაზე მუშაობის დროს ფონის ნაცვლად ტოვებდა მასალის პირვანდელ ფერს. ფერებიდან ხმარობდა აგრეთვე წითელს, ცისფერს, მწვანეს, ყვითელს, რომელთა შერწყმითაც იღებდა საკუთარ საღებავს. ჩრდილს იყენებდა არა განათებისათვის, არამედ ფორმის შესაქმნელად /დეტალი/. ____________ ხატავდა ნიკო ფიროსმანაშვილი ერთ ჭიქა არაყზე და უსასყიდლოდ, შემკვეთთა სურვილით და თავისი ნებით. მუშაობდა შიგ დუქნებში ქეიფის დროს, ხალხის თანდასწრებით, თავის შედევრებს ამთავრებდა საათებში. ივსება თეთრი და შავი კედლები მოქეიფე კინტოებით, მოქალაქეებით, ყველგან, მუყაოსა თუ მუშამბებზე, რჩება თავშეუკავებელი ლხინი, გაკვირვებული კინტოს თვალებივით, ხელებაწეული, გულუბრყვილო ლხინი. მოქეიფეები არღანზე, მოქეიფეები დილით, მოქეიფეები საღამოს, მეცენატ-შემკვეთთა სახის ზუსტი ასლები, რომელთა დაკვეთაც საოცარი შინაგანი ჰარმონიით ერწყმება მხატვრის სურვილს, ერთ მთლიან სხვის ღრეობად არის გადაქცეული თითქმის მუნჯი შემოქმედის ნახატები. წარმოშობით მასავით გლეხი მედუქნე უკვეთს დახატოს სოფელი: მიწა, კალო. იქმნება გენიალური ფრესკა კალოზე მომუშავე გლეხებისა; ღმერთული ტკბობა, გამოწვეული დოვლათის შექმნით /სურათი _ `კალო~/. საკუთარი სურვილით თუ მეცენატ-მედუქნეთა დაკვეთით, გაუთავებლად ეძლევა ლხინს, შრომას, ბავშვობის სილაღეს /სურათები. მისი ფუნჯით ასახული კახეთი/. ჩვენ წინ დევს უტყვი, არაცოცხალი ლხინი /ნატურმორტი/, რომელიც დაწყებას ელის, ნაყოფი, რომელიც ელის მოკრეფას. დიდებული კახური ნატურმორტი. მასში იხატება მაღალი ხელოვნების არსი: აქ ყველაფერი გაქვავებულა უზარმაზარი სიცოცხლისაგან. თითქოს ხორცი შეისხა ამ სურათში /სურათი `რთველი~/ ნატურმორტმა. შრომა, ქეიფი, ღვინო, დათვი, უკანა ფეხებზე დამდგარი, გაქვავებული უძრავი კაცი, ფეხებჩაწყობილი საწნახელში, საქართველოს ცხოველმოქმედი კერპივით. ავტობიოგრაფიული შტრიხივით იყოფა მხატვრის ოჯახის ქალაქში გადმოსახლების დროიდან სურათი _ ქალი, მიმავალი გზაზე კოკით და ბავშვებით /`ქალი კოკით და ბავშვებით~/. ფიროსმანაშვილების ოჯახი მოდიოდა სოფლიდან ცარიელი, უდოვლათო. აქ, ნახატში, თითქმის მოშორებულია მთელი გარეგნული მხარე მისი ბიოგრაფიისა: სამივენი დატვირთულები არიან სიცოცხლით, იმედით სავსე კოკებით, მხოლოდ დედას ეხატება სახის ოვალში ოდნავი შეშფოთება. უცნაური, ხაზგასმული უშიშრობით მიდის წინ პატარა ბიჭი, არავითარ სიმძიმეს არა გრძნობს ის დიდი კოკისგან, რომელიც საოცარი ძალდაუტანლობით უჭირავს მას ხელში. მარადიული ბიბლიური ფრესკებივითა დგანან გამოსახულებები /სურათები/: დედა, რომელიც ბავშვს აწვდის ყურძენს, ბაბუა, რომელიც უკვე წამოზრდილს ღვინოს აგემებს. გადმოცემის მიხედვით, უყვარდა ფიროსმანს ილია ჭავჭავაძე და ვაჟა-ფშაველა, იცნობდა საქართველოს წარსულს. თავისებურად აცოცხლებს მისი ფუნჯი შამილის დროს, მიურიდებს, /სურათი `ყაჩაღი მთვარიან ღამეში~/, რომელმაც ცხენი მოიპარა, ხატავს თამარ დედოფლის და ერეკლე II-ის პორტრეტებს. დიდი შინაგანი ძალით ამეტყველებს იმ ადამიანთა სახეებს, რომლებიც ისტორიულ ფიცს აძლევენ გიორგი სააკაძეს /სურათი/. ახლა ჩვენს წინ დგება სულ სხვა სამყარო, დახატული არაჩვეულებრივი სიმარტოვისა და უდიდესი შემოქმედებითი გულახდილობის დროს. ხის ტანის ფონზე ზის შველი, სიცოცხლით სავსე სხეულითა და თვალებით: ლომი, ირემი, ერთ ნახტომად შემართული ჟირაფი, ღორი მთელი ოჯახით, დათვი ბელებით, მარტო დათვი გადაჭრილ ხეზე მთვარის ქვეშ, დატვირთული აქლემი, ჯუჯა მეუდაბნოეთი და სხვ. ოდესღაც ფიროსმანაშვილს გამცილებლად უმუშავია მატარებელზე. ყველაფერი ხატია ამ პეიზაჟში: ვაგონები, გემი, ზღვა, ბათუმის სახლები. შემდეგ სურათებში უფრო მთლიანად იპყრობს ბუნებას მისი ტალანტი: /სურათი/ `ნადირობა~ _ სურათის ცენტრში ოლიმპიური სიმშვიდით კლდის ქიმზე მდგარი ჯიხვით, ქოხი და ურემი ფრინველების ფონზე. /სურათი/ დაუსრულებლად ღრმა მთვარიან ცაში /სურათი/: მწყემსი მიერეკება ნახირს, მიდის მარტო ურემი და ისევ ხალხი /სურათი/. ყველგან _ ხალხი და ღრეობა, ყაბახი, წინ გამოსული მოხუცითა და ბავშვით. დიდი მხატვრული ტექნიკით იქმნება ორთაჭალელი მეძავი ქალები, უნაზესი ყვავილების ფონზე, სავსე ხორცითა და ანგელოსურად ჰაეროვანნი. აი, მისი შეყვარებული `აქტრისა მარგარიტა~, ვნების განსახიერება და ბავშვის ნაკეთები ფიტულივით მიუკარებელი. ამ ქალს უძღვნა, ლეგენდის მიხედვით, შეყვარებულმა ნიკალამ არარსებული შავი ვარდი, რის ყიდვასაც მთელი ქონება შესწირა. ფიროსმანაშვილის გამოფენის მნახველები ერთხმად თანხმდებიან `მეეზოვის~ გენიალობაში: უცნაურად თეთრი წინსაფარი ჰკიდია ამ კაცს, ხელში, როგორც ხედავთ, არა ცოცხი, არამედ სკიპტრა უჭირავს. თავზე მას სახელმწიფო გვირგვინი ადგას, წარწერით Дворник. ეს მარტოსული, თავისებური უარმიო, უცნობი მბრძანებელი, მედიდური და საცოდავი. კლდეებშუა, შიგ წყალში დგას მებადური, ლოქოთი ხელში /სურათი/. ერთმანეთის პირისპირ დგანან მუდმივად ფეხზე სადგომად განწირული მოუხერხებელი ფიგურები მუშებისა /სურათი/. მარტო პორტრეტი მეკურტნისა, ასეთი ნაცნობი, ახლობელი სახელით: `მუშა სოსო~. მძაფრად იჭრება ხალხების ცხოვრებაში ომი. თავისი მხატვრული ვალი მოიხადა მის მიმართ ფიროსმანაშვილმაც /სურათები: `ომი ზღვაზე~, `დაჭრილი სალდათი~, `არწივი გლეჯს კურდღელს~ და სხვ./. თითქმის მთავრდება ნიკო ფიროსმანაშვილის სურათების გულისტკივილამდე მოკლედ ჩვენება. კოლოსალურად დიდი რაოდენობა შექმნა მან ნახატებისა, უმრავლესობა დროის უმოწყალობით, დაუდევრობისაგან, საღებავის ცუდი ხარისხისაგან დაიკარგა სამუდამოდ. მცირე, მაგრამ ყველაზე დამახასიათებელი ნაწილი შენახულია. `მილიონერი უბავშვებოთ და ღარიბი ბავშვებით~ წარმოადგენს უდიდესი ეპოქალური ღირებულების ფრესკას, თავისი სიმარტივით და ჩანაფიქრის სიღრმით. დიდ ობიექტურ სიმაღლემდეა ასული ნახატი `დიდმარხვა საქართველოში~, რომელიც ავტორს ბუნების წიაღში გამოუტანია. დინამიურობის მაგალითს წარმოადგენს ეს პატარა დეტალი: ორი ბავშვი, დამხობილი და ხელებაშვერილი. ამბობენ, ძალიან უყვარდა საწყალ ნიკალას აღდგომა დღე, მისტიური ქეიფი ამ დროს ბუნების წიაღში /სურათი/. ლეგენდად იცხოვრა, თქმულებად დარჩა მისი ამბავი ამქვეყანაზე, ამის შესახებ ჰყვებიან მისი უკვდავი ქმნილებები. დგას პატარა ბატკანი სააღდგომო სამზადისში, წითელი დროშით და მხატვრის ხელით მიწერილი სიტყვებით: `მადლობა ღმერთსა რო დაგვასწარით აღდგომასა, ქრისტე აღსდგა ჭეშმარიტად!~ აღდგომა დღეს მომკვდარა მხატვარი /დიდი სურათი: ბატკანი, ბრტყელი, წითელი ლენტით კისერზე/. 1958 წლის შემოდგომა
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი