ნუგეში


მეორედ ცხვირში დაარტყეს.
ისევ დაბრუვდა.
პირველი ყბაში მოხვდა: რატომღაც პირიქით მოხდა. მაშინ უფრო ეტკინა, ვიდრე დაბრუვდა.
მერე დარტყმებს ვეღარა გრძნობდა, მხოლოდ ბუნდოვნად ესმოდა, რომ ხალხი ღრიალებდა. თითქოს ამჩნევდა მსაჯის თეთრ ხალათს. მკვეთრად მხოლოდ იმის კრივის ხელთათმანებს და მის ჩამოყრილ თმას ხედავდა. ის დარტყმისას კბილებს კრეჭდა. ცქიტო იცილებდა და თვითონაც ურტყამდა.
მერე იჯდა სკამზე.
ხალხი დაწყნარდა. ვახტანგი ცხვირსახოცს უქნევდა და რაღაცას არიგებდა.
ჩამოკრეს.
ახლა ისევ იმის კრივის ხელთათმანებს ხედავდა.
დაიღალა.
ურტყამდა უღონოდ.
სადღაც გაუელვა, რომ ვარჯიშის მაგიერ სვამდა.
შექანდა.
გაბრუებული ეგდო.
როცა თავი ასწია, მსაჯი აცხადებდა: ნოკაუტით მოიგო მიქატაძემ.
უხმოდ გაიპარა რინგიდან ცქიტო, ჩაიცვა და უკანა კარიდან გავიდა. ბიჭები დარბაზში უცდიდნენ. მათი დანახვა არ უნდოდა. რცხვენოდა. მარტო მიდიოდა ქუჩაში და ჩემოდანს იქნევდა.
ყველანი იქ იყვნენ. აგონდებოდა მათი სახეები კრივის დაწყებამდე. სახეზე ახურებდა. მერე ისევ მოაგონდა, რომ მთელი თვე ლოთობდა შეჯიბრებამდე, დიდი იმედი ჰქონდა თავის. მიქატაძე კი ვარჯიშობდა. აჯობებდა მა რა, იმდენი რო ევარჯიშა, ლასლო პაპს მოუგებდა. აბა მიქატაძეს დაელია მისდენი! ალბათ, პირველივე რაუნდში დავარდებოდა დაურტყმელად. უეჭველად დავარდებოდა. სამი რაუნდი მაინც გაუძლო იმას, თანაც კარგები აჭამა. სულ შემთხვევით მოიგო იმან. თავისი ბრალი იყო: სახე დარჩა ღია. თან დაიღალა. დაიღლებოდა მა რა, სვამდა და. აბა მიქატაძეს ესვა ამდენი, ამდენი კი არა, მისი ნახევარი მაინც, მის ტოლას ყურში ჩაისხამდა ცქიტო.
ფიქრები ცოტა მოეშვა გულზე. ახლა ჯიბეში ფულს ეძებდა, მერე ნაყინი იყიდა და ჭამით განაგრძო გზა.

[1957წ.] 11 აპრილი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი