პინგ-პონგი


დღიურიდან:
გუშინ, ჩემთან

ვაჟამ ნაღრძობი ხელი კისერზე გადაკიდებულ მარლის ჩამოსაკიდში ჩადო, პალტო ჩაიცვა და თოვლიან გზას ჩაუყვა. ყინავდა. თოვლი ხრაშუნობდა. ვაჟას სიამოვნებდა ასეთი ხმები. უფრო მაგრად ურტყამდა ფეხებს. გახურდა. გაყინული თოვლი კი ჭრიალებდა. თეთრი ბერეტი შუბლზე ჩამოიფხატა. სოფლელმა გოგოებმა რაღაცა დაუძახეს, მერე სიცილით გაიქცნენ. ვაჟა თამბაქოს საყიდად დუქანში შევიდა. ოთახი სავსე იყო ბავშვებით:
შაქარს არიგებდნენ.
- ვანოვ. - წრიპინებდა ერთი.
- რაი?
- ვერ გეტყვი გამოცანასა?
- ვერა.
- გეტყვი, დახე.
- ვერც მეტყვი.
- აბა რა არი, ყველას რო უნდა ჰქონდეს?
- არც რაი.
- რო ჰო.
- შეშაი.
- არა.
- შაქარი.
- არა.
- მაშ ღორი ან სალაი.
- არა, გითხრა მე?
- თქვი, რა?
- რაი და სახელი, მიწასაც უნდა, შეშას, წყალსაც, შაქარსაც, სალასაც, ენდე, აკი გითხარ.
ვაჟას გაეღიმა: თვითონაც ვერ გამოიცნო, მერე პაპიროსი გამოართვა. ფეხქვეშ ისევ აუჭრიალდა თოვლი. ახლა ფოსტაში შეუხვია. თავის გვარზე მოთხოვნამდე გამოგზავნილი რაიმე მოსთხოვა და მოლოდინში ნაღრძობი ხელის თვალიერება დაიწყო.
- თქვენი გვარი? - თქვა თავშალში გახვეულმა ახალგაზრდა ოსის ქალმა.
- ჯანდიერი, - გაუმეორა ვაჟამ.
გამოწვდილი დეპეშა ჩამოართვა, დიდხანს ატრიალა. ძლივს გაარჩია ასოები. რაღაც შემოაწვა გულზე სიხარულივით, ხელის ტეხა შეუჩერდა. მერე ეჭვებმა შეიპყრეს. კიდევ ჩაიკითხა. დეპეშაში გარკვევით ეწერა: პროექტი მოგიწონეს ძალიან, მოგილოცავთ დედა, და, მამა.
ვაჟა მსუბუქი ნაბიჯებით გამოვიდა გარეთ. უზომოდ სიამოვნებდა ყინვა. ფოსტიდან პირდაპირ “დინამოში” მივიდა. აქ ოსის ბიჭები და თბილისელი მოთხილამურეები გამალებული თამაშობდნენ პინგ-პონგს.
- პინგ, პინგ, - იძახდა ბურთი მაგიდაზე დაცემისას.
- პონგ, პონგ, - იძახდა ბურთი ჩოგანზე მოხვედრისას.
ვაჟამ დარბაზი მოათვალიერა, მერე ნაცნობებს მიესალმა და სავარძელში ჩაჯდა. გრძელტარიანი ყალიონი ამოიღო. გოგოებმა გაიცინეს, ბიჭებმა გაკვირვებით დაუწყეს ყურება. მან ახლად ნაყიდი მახორკა ჩატენა და გააბოლა. ბოლი იყო თეთრი და ყვითელი. ვაჟა იჯდა და ფიქრობდა. ბურთი კი დახტოდა და იძახდა:
- პინგ-პონგ, პინგ-პონგ.
ვაჟამ ისევ მოათვალიერა დარბაზი, რატომღაც გული დასწყდა, რომ მის სიხარულს არავინ იზიარებდა. გოგოები დომინოს თამაშობდნენ, ბიჭები ქაღალდს. ორი ბაკურიანელი და ერთი სვანი მასთან დასხდნენ.
- სად გიშოვია? - იკითხა სვანმა.
ვაჟამ ყალიონი შეათამაშა.
- ხევსურეთში მაჩუქეს.
- იქ რა გინდოდა?
- ისე ვიყავი.
- სვანეთში ყოფილხარ?
- ჰო.
- წამოხვალ ხვალე კოხტაზე? - თქვა ბაკურიანელმა.
- წავიდეთ.
- დილას ჩამოდი.
- კარგი.
მერე დაიწყეს ბობსლეიზე ლაპარაკი, მერე სწრაფდაშვებაზე, მერე სროლაზე, ბოლოს გოგოებზე.
ვაჟა ყალიონს ეწეოდა და ახლა უკვე სიამოვნებით საუბრობდა.
- შენი ჯერია, - დაუძახა თბილისელმა.
ვაჟამ ნატკენ ხელს დახედა, მერე ჩოგანი ჩამოართვა და თამაში დაიწყო. ჯერ გაივარჯიშა, შემდეგ ანგარიშზე დაიწყეს.
გახურდა ჩოგანი.
გახურდა ვაჟა.
- პინგ-პონგ, პინგ-პონგ. - იძახდა ბურთი.

წელი 1956. 21 დეკემბერი. ბაკურიანი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი