პიონერთა ბანაკმა..
პიონერთა ბანაკმა ჩვეული ხალისით გამოიღვიძა. ნამძინარევი პატარები ხალისით მოედვნენ ეზოს, მერე პირსაბანს მიაწყდნენ. იყო სიცილი, ხუმრობა, წუწაობა. პიონერთა ხელმძღვანელები და მასწავლებლები სიყვარულით დასტრიალებდნენ ბავშვებს. “პელო დეიდას”, როგორც ბავშვები ეძახდნენ ბანაკის უფროსს, ხელში აეყვანა ოთხი წლის პეტო, რომელიც ვერ სწვდებოდა ონკანს და პირსა ბანდა. პეტო ჯერ ოქტომბრელიც კი არ იყო. იგი სტუმრად ჩამოვიდა თავის უფროს ძმა ცქიტოსთან. ის დედამ ჩამოიყვანა, თვითონ ერთი ღამით წავიდა სხვაგან, ხოლო ბავშვი სიამოვნებით დაიტოვეს ბანაკში, მისი მზრუნველობა “დეიდა პელომ” არავის დაანება. პირის დაბანის შემდეგ დაიწყო მზადება პიონერთა საპატიო ხაზზე დადგომისათვის, გაისმა საყვირის ხმა, რომელსაც დილის პირველი სხივი დაეცა და ააპრიალა. ბავშვები სულ რამდენიმე წუთში გამოეწყვნენ ხაზზე. ტრიბუნასთან თავი მოიყარეს პიონერ-ხელმძღვანელებმა, ჩაიბარეს პატაკები და ჩაატარეს დათვალიერება. ბანაკის უფროსმა პირველ რაზმეულს კარგი ქცევისათვის მადლობა გადაუხადა, მაგრამ აღნიშნა პიონერ ცქიტო ცინცაძის უღირსი ქცევა; იგი ხელმძღვანელის ნებადაურთველად წასულიყო მდინარეზე საცურაოდ. ბავშვებს თავშეკავებულმა ღიმილმა გადაურბინა. უფროს მასწავლებელს ჯერ გაუკვირდა მათი ასეთი საქციელი, შემდეგ გვერდზე მოიხედა და თვითონაც გაეღიმა. ცქიტოს პატარა ძმა, მათი დღევანდელი სტუმარი, ამომძვრალიყო ზევით და უაზროდ იღიმებოდა, თან თავის ძმას რაღაცას ანიშნებდა. “დეიდა პელომ” იგი ხელში აიყვანა და პიონერებს მიმართა: - ბავშვებო, აი, ეს გუშინდელი ჩვენი დამნაშავის ოთხი წლის ძმა არის, სახელად პეტო. იგი ძალიანა წუხს, რომ ცქიტო ცუდად მოიქცა. როცა გაიზრდება, ჩვენთან ერთად წამოვა ხოლმე აქ. თქვენ იცით, უმცროსს როგორ მაგალითს მისცემთ. ახლა კი საუზმეზე და შემდეგ ჩვენი საამაყო კოლმეურნეობა “ახალი სხივის” დასახმარებლად, მინდორში. - ვაშა, ვაშა, მეც წამოვალ ლა, დეიდა პელო! - დაიძახა პატარა პეტომ. - წავიყვანოთ, წავიყვანოთ! - გაისმა ბავშვებში. - კარგი, სიამოვნებით შევასრულებთ თქვენს თხოვნას და მის სურვილს, დაე, გახდეს ეს პატარაც სახელოვანი პიონერი. აქედანვე შეეჩვიოს გარჯას ჩვენი სახელოვანი სამშობლოსათვის. - ვაშა! პიონერებო, ვაშა! - ვაშაა, ვაშა! - გაისმა აღგზნებული ხმები რიგებში. რაზმეულის უფროსებმა ბრძანება გასცეს და მარჯვნივ მობრუნებული მწკრივები დაიძრნენ სასადილოსაკენ. პეტოსთვის ხელი ჩაეკიდა პიონერხელმძღვანელს და მწკრივის ბოლოს აჩქარებული მიაბაკუნებდა. ნოყიერმა საუზმემ ახალი ძალა შეჰმატა პატარებს. ნასაუზმები ბავშვები რაზმებისა და რაზმეულების მიხედვით ეწყობოდნენ ეზოში, მერე ბანაკის საპატიო დროშა გამოიტანეს. იგი უფროსმა აიღო ხელში, შემდეგ თვალი მოავლო მწყობრს. ყველანი სულმოუთქმელად ელოდნენ მედროშის საპატიო მოვალეობის შესრულებისათვის გამოძახებას. - ცინცაძე! - მკვეთრად გაისმა ჰაერში. - ჩემთან! არავინ დაძრულა ადგილიდან. ცქიტო, რამდენიმეჯერ წესრიგის დამრღვევი, არ ელოდა, თუ ასეთ მოვალეობას დააკისრებდნენ, მას ეგონა, რომ აერიათ მისი გვარი. - მიდი, ბიჭო, შენ ამოგიძახა. - გამოეხმაურნენ ამხანაგები. - მე? - მან გაკვირვებით მიმოიხედა, შემდეგ ბანაკის უფროსის მოღიმარ სახეს შეხედა და ყურებამდე გაწითლებული გავიდა. - უფრო გაბედულად, ცინცაძე, აი, ეს დროშა, რომელიც კარგი მუშაობისათვის მიიღო ბანაკმა ჩვენი პარტიისაგან, გამოხატავს დიდ ნდობას, დაფასებას და სიყვარულს თქვენდამი. შენ, როგორც ცნობილია, გაქვს წესრიგის დარღვევები. მე დღეს განგებ გამოგიძახე, ვიცი, ბუნებით არა ხარ ასეთი და დიდი იმედი მაქვს, გაამართლებ იმ ადამიანთა ნდობას, ვინც ეს დროშა გადმოსცა კარგი მუშაობისათვის ჩვენს ბანაკს. ცქიტო წელში გაიმართა, პიონერული სალამი მისცა და ხელში აღმართა ალამი. - ნაბიჯით იარ! - გაისმა ბრძანება და დოლის ხმაზე დაიძრნენ გასასვლელისაკენ. (1956 წ. აპრილი)
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი