პირველი დღე ზღვაზე, მივლინებაში
შორს, მთელ ჰორიზონტზე, მოჩანდა დიდი და ლურჯი ზღვა, ის აჭრილი იყო ფერებად მუქი ლურჯიდან თეთრამდე. ზღვის აქეთ მწვანე ბორცვები ეყარა თეთრი ერთსართულიანი სახლებით. ბორცვებს შუა მდორე ფშანი მიდიოდა, მერე ორად გაყოფილი ერთვოდა ზღვას. ქვევით გორაკები შეთხელდა, გზა დაეშვა; ახლა მანქანა ზღვის პირას მირბოდა. ჰორიზონტზე გემი გამოჩნდა, ჯერ ორთქლი დავინახე, შემდეგ მთელ სიგრძეზე გაწვა ის და სოხუმისკენ გაცურა, მე სოხუმიდან მოვდიოდი, ჩქარა მანქანა უფრო წინ გავარდა და გემი უკან დარჩა. ავტობუსში ოცდახუთამდე კაცი იყო, ყველა დაღლილი ჩანდა, ისინი ისხდნენ, იყურებოდნენ წინ და ყვინთავდნენ. მათთვის ზღვა არ არსებობდა როგორც სანახაობა. - შენ ახლა ჩამოხვედი? – მკითხა ჩემ გვერდზე მჯდომმა მეთევზემ, მერე პაპიროსი მომთხოვა. მე მივეცი და თავი დავუქნიე. - რა კარგი ზღვაა, არა? – ვკითხე. - წელს ცოტა თევზი იყო, – თქვა მან. ასანთი ამოვიღე, გავკარი, იმან მოუკიდა, მთელი ფილტვებით მოქაჩა. შემდეგ მითხრა, რომ ზღვამ გაზაფხულზე მთელი ზამთრის ნაქსოვი ბადეები დაგლიჯა, ისეთი ღელვა იყო. ახლა პაპიროსი მეც გავაბოლე. ავტობუსი ისევ მოწყენილი იყო, თითქმის ვნანობდი, რომ საერთოდ წამოვედი აქეთ; მგზავრობის დასაწყისის მიხედვით, მთელი კვირა უქმად, მოწყენილი ჯდომა მელოდა. ფიქრები გამეფანტა, მეც გადამედო საერთო ნირვანა. უცებ მანქანამ მთელ სვლაზე დაამუხრუჭა და ისევ გაიქცა წინ. გზის მეორე მხარეს გადარბენილი ბიჭი უშნოდ იმანჭებოდა. დამუხრუჭებისას ყველანი ინერციის დაკარგვისგან გადავცვივდით. ჩემ წინ მჯდარი ოცდაათი წლის დედაკაცი თითქმის გადაემხო მის წინა სკამს და სქელი სავსე გავების დასაწყისი გამოუჩნდა. ვიღაც ქალი სახლში დატოვებულ ბავშვზე ალაპარაკდა, ულვაშა კაცმა ქალების ლანძღვა დაიწყო – საშინელი დაუდევრები არიან, ბავშვებს უპატრონოდ ტოვებენო, უკან ვიღაცამ შოფერი გაჭორა, ასეთი სიჩქარით მარტო მაგ ლოთებს დაყავთო. გამოცოცხლდა ავტობუსი. მეც სიცოცხლე შემეპარა სხეულში. ჯერ ჩემი პატარა ბიძაშვილი მომაგონდა ქუჩაში ფეხბურთის თამაშის დროს, მერე ისევ დამებურა აზრები. ვცდილობდი ზღვისთვის მეყურებინა, მაგრამ ქალის გავების გამოსახულებას ვერ ვიშორებდი თავიდან. მანქანა ინჯღრეოდა ოღროჩოღრო ასფალტზე, ირხეოდა ჩემ წინ მჯდარი ქალის ტანიც, უფრო მეტი სითბო იღვრებოდა ჩემს სხეულში. ოცნებაში წავედი. ვიხატავდი საკუთარ ნავს თექვსმეტი წლის ჩექმებიანი გრძელნაწნავებიანი კაზაჩკით, ღელვას, ტალღებს, ხიფათს, მშვიდობიანად გადარჩენას გოგოსთან ერთად და კიდევ ბევრ რამეს. ახალ ათონში ხალხი დაგვემატა, თითქმის მუხლებზე მაჯდა ვიღაც მოსკოველი ქალი, ის უშნო იყო და ბევრს იცინოდა, რაც შეიძლებოდა მივიყუჟე კუთხისკენ. ზღვაში კი ისევ კაზაჩკიან ნავს ვხედავდი ოცნებით. პრიმორსკში ძლივს გადმოვედი გაჭედილი ავტობუსიდან. ცხელოდა. რუსების სოფელი ზევით გორაკში შედიოდა, იქვე იფანტებოდა ფშანის ნაპირზე, მე ზღვისკენ ჩავუხვიე. მწვანეში თეთრი სახლი იდგა, ცალფეხა ქალი მრგვალ ქვებს აგროვებდა კალათში. მე შევეკითხე, იმ სახლის დიასახლისი ვინ იყო, ის ღობესთან მივიდა და დაუძახა. სანამ ის უძახდა, ზღვიდან ახალგაზრდა მოსული რუსი გოგო ამოვიდა, ხალათი მოიცვა, მერე გვერდზე ჩაგვიარა ღიმილით და ეზოში შევიდა. გულში გადავწყვიტე უეჭველად ამ სახლში გავჩერებულიყავი. რუსი გოგოს დანახვამ სულ მიმავიწყა ჩემი მიზანი - “მეთევზეთა ცხოვრების შესწავლა”. ჩქარა ხელების წმენდით გამოვიდა დიასახლისი. - აი, – თქვა ჩემზე იმ ქალმა, რომელმაც მომიყვანა და წავიდა. - გამარჯობათ, – მივესალმე მე დიასახლისს, ისიც მომესალმა ღიმილით. ღიმილმა იმედი მომცა, რომ ოთახს სწორედ აქ ვიქირავებდი, მაგრამ მოვტყუვდი. დიასახლისი, მართლაც, სიმპათიური ქალი აღმოჩნდა. დამპატიჟა, საღამოობით მის ვერანდაზე მივსულიყავი დასასვენებლად, მაგრამ დაღლილობის გამო ოთახის მოქირავებაზე უარი მითხრა. მოწყენილი გავუყევი სანაპიროს. იმ გოგოსთან დაშორებამ, რომელიც არც კი გამეცნო, ზღვასაც ხალისი დაუკარგა. ზლაზვნით შევედი მომდევნო ერთსართულიან სახლში. ფეხშიშველა მოხუცი რუსის დედაკაცი პაპიროსს აბოლებდა და იპურჭყებოდა. მე ვუთხარი, რომ მინდოდა ერთი ოთახის ქირაობა. იმან თქვა, რომ ღუმელი არა ჰქონდა, მე მხრები ავიჩეჩე. გარეშემო მზე იყო და ძალიან ცხელოდა. - შეიძლება გაავდრდეს, – თქვა ქალმა. – ისე, მოიცა, ჩემი მოვა და იმასა ვკითხოთ, აგერ, მოდის კიდეც. - იმისი კაცი კოჭლობით, მეჩხერკბილებში ჩიბუხგაჩრილი მოდიოდა, ქუდიდან სწორე, მავთულივით თმა ჩამოშლოდა თვალებზე. ძლივს მესმოდა მისი ლაპარაკი. შემიყვანეს ოთახში. დედაკაცმა თქვა,, რომ ისინი აქ ახალი დასახლებულები იყვნენ, ის თვითონ 1933 წლის შიმშილობის დროს გადმოსახლდა ყუბანიდან, პირველი ქმარი იქ მოუკვდა და ის, აქ რო იჯდა, მისი მეორე ქმარი იყო, ის კი მისი მეხუთე ცოლი. ორივემ გაიცინა, მეც გამეცინა. ახლა კაცი ალაპარაკდა. მე ვუსმენდი და მსიამოვნებდა, რომ ასეთ ალალ ხალხს წავაწყდი. ისე მიყვებოდნენ თავის ამბებს, როგორც მახლობელს. კაცი დროდადრო იღებდა ჩიბუხს, გადმოყრიდა ფერფლს, ისევ ტენიდა. ბოლოს თავის შვილებზე ილაპარაკა და გაჩუმდა. მე შევეცადე ზღვაზე გადამეტანა საუბარი. - ხო, წელს ცოტა თევზი იყო, გაზაფხულზე ისეთი ღელვა ამოვარდა, მთელი ზამთრის ნაქსოვი ბადეები დაწყვიტა, – თქვა მან. - მაინც ძალიან ლამაზია აქ ზღვა, – გავუღიმე ქალს. - ზღვა კი ზღვაა, მაგრამ შარშან კოპერატივი იყო, თევზს ვაბარებდით. თევზიც ბევრი იყო, წელს კი თევზი ცოტაა. გაზაფხულზე ისეთი ღელვა იყო, მთელი ბადეები დაგლიჯა. ეხ, წელს უფრო გაჭირდა ცხოვრება. მე უცებ მივხვდი, ამდენი რატომ ილაპარაკეს სიდუხჭირეზე – ჯერ ფასზე არ ვიყავით მორიგებული – მაინც არ იყო მათი გულუბრყვილო სიეშმაკე უსიამოვნო. ბოლოს ოცი თუმანი მომთხოვეს რვა დღეში, თავისი ჭამით და ცალკე ოთახით. გამეღიმა, ვიფიქრე, ნეტა ამდენი იმიტომ ილაპარაკეს, რომ ასე ცოტა ეთხოვათ მეთქი, უხმოდ ამოვიღე ფული და პასპორტთან ერთად დავდე მაგიდაზე. მერე გარეთ გამოვედით, კაცმა ჩიბუხი მათხოვა. ახლა ზღვის პირას ბარკასებს შუა დავდიოდით. კაცს თევზაობის ამბებს ვაყოლინებდი. დილით გადიოდნენ ზღვაში ან ღამე, მერე ექაჩებოდნენ ბადეებს და გამოყავდათ ან ბევრი თევზი, ან საშუალოდ, ან ცოტა. ცოტა მაინც ყოველთვის იყო. მზე უკვე დიდი ხანია გადავიდა ციდან და ახლა ზღვაში იხრჩობდა თავს, ეს გამოთქმა ძალიან მომეწონა, ხმამაღლა ვუთხარი მოხუცს და ჰორიზონტს მივაშტერდი, სადაც წითელ ზოლებად იწვა მზის სხივი. - ზოგი ახლა გადის სათევზაოდ, – გადააწიტა მოხუცმა, - მე კი, პირადად, დილით მირჩევნია, ყველას თავისი აზრი აქვს, მე დილით უფრო კარგადა მაქვს დაცდილი. - აშკარად მეწყინა, რომ ზღვის სილამაზეზე არც თვითონ იძახდა არაფერს, არც მე. გამომელაპარაკა. როცა სიტყვა ჩამოვუგდე, ოდნავი წყრომით ვუთხარი ჩემი აზრი. - ეხ, შენ, – თქვა იმან. – რაა სილამაზე იმაზე კარგი, რო აი, ამხელა თევზს დაიჭერ, – ამოაგდო მკლავი, ჩაიხითხითა, – თქვენ ჩამოდიხართ, ვითომ სილამაზე, არა? – დაიქნია თითი, ჩაიცინა. – ჩამოდიან, შენ, არ ვიცი, ყოველ ზაფხულს ჩამოდიან და მთელი დღეები გოგოებს დასდევენ, ელაპარაკებიან ზღვაზე და წელზე ხელი აქვთ მოხვეული, ეხ თქვენ, ვის თევზი, ვის გოგო, ვის ორივე, ყველა იმას ხედავს ზღვაში, რაც უნდა. მე ჩუმად მივდიოდი, ზღვა საღამოს აღელდა და ახმაურდა. ისევ გამახსენდა მანქანაში ჩემ წინ გადაქცეული ქალის თეთრი ბარძაყები, ისევ ჩამეღვარა სხეულში სითბო. - მამა, ივახშმეთ, – მოისმა ბაღიდან. ჩვენ შევედით. იქ მაღალი, მოძრავტანიანი რუსის გოგო იდგა, ცოცხალი სახით, ზედ მარტო ვნება უთამაშებდა. ის განგებ არ მიყურებდა მე. დაღლილი ვიყავი და ადრე დავწექი. ვფიქრობდი იმაზე, თუ რა მასალა შევაგროვე მეთევზეთა ცხოვრებაზე, მერე ძილთან ერთად ქალი შემოიპარა ჩემს ფიქრებში. მარტო ვიწექი ლოგინში, თბილი საბნის ქვეშ მცხელოდა, ლოგინის გარეთ კი ციოდა. ვისუნთქავდი ცივ ჰაერს, მეთევზეებზე ფიქრი თავისთავად გადაიდო მეორე დღისთვის. თავში მხოლოდ მეთევზის ქალის ტანი მიტრიალებდა. მაგონდებოდა ათასი ამბები ქალებზე: როგორ ცივად ეჭირათ თავი დღისით, როცა მგზავრი მოსწონდათ, ღამე კი ჩუმად შედიოდნენ ოთახში მასთან და დილით ისევ მიიპარებოდნენ ქმართან. ახლა მთლიანად ჩამიჭირეს ქალზე ფიქრებმა. გარეთ მატარებელი მიდიოდა რიტმული რახრახით, მეჩვენებოდა ნაბიჯების ხმა, ფეხაკრეფით წამოვდექი, ურდულზე დაკეტილი კარი გამოვაღე ყოველშემთხვევისათვის და ისევ თბილად გავეხვიე საბანში. მეორე დილით სახლისპატრონმა გამაღვიძა, სხვა დღეებში მე თვითონ ვდგებოდი. ყოველ დილას გავდიოდით ზღვაში სათევზაოდ, მერე ვქეიფობდით თევზის ფულით. მეთევზეები საერთოდ ცოტას ლაპარაკობენ, განსაკუთრებით, თევზაობაზე. სამი დღის თევზაობის შემდეგ ნელა დაიწყო იდეამ ჩასახვა მეთევზეთა ცხოვრებაზე, ჯერ სათაური მომივიდა თავში - “მუნჯი ახმედი და სიცოცხლე”, მერე უცებ დამიდგა თვალწინ ახმედის ცხოვრება. წამოსვლისთვის მოთხრობა შავად უკვე დამთავრებული მქონდა. [1957 წლის. შემოდგომა.]
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი