პროფესორი ლევან ჯანდიერი


“ხოლო მცხეთოს, რომელი უგმირე იყო ძმათა მისთა, ესე დარჩა საყოფელთა მამისა მათისა ქართლოსისათა, რომელსა აწ ჰქვიან არმაზი. და მანვე აღაშენა ქალაქი შესაკრებელსა შორის მტკვრისა და არაგვისასა, და უწოდა სახელი თვისი მცხეთა. და დაიპყრა ქვეყანა ტფილისითაგან და არაგვთგან დასავლეთით ვიდრე ზღვამდე”.
ამოწერილი ციტატა “ქართლის ცხოვრებიდან” ლევან ჯანდიერმა გვერდზე გადადო, შემდეგ სათვალე მოიხსნა. ერთხანს ასე იჯდა, მერე რუკასთან მივიდა და არმაზის მიდამოების შესწავლას შეუდგა, თან გონებაში ამ დასახლებული ადგილის შესახებ გაგონილი ლეგენდა აღიდგინა. ასაკში შესული პროფესორი თვითონ ხელმძღვანელობდა იქ ჩატარებულ პირველ გათხრებს. დიდხანს ფიქრობდა არმაზის დასახლების წარმოშობის პირვანდელ თარიღზე, მისი გაძლიერების დროზე, ახლა ასპარუგ ერისთავის არამეული წარწერა მოიგონა და ივანე ჯავახიშვილის “ქართველი ერის ისტორია” გადაშალა. აშკარა იყო, რომ ჩვენს ერამდე დაახლოებით მე-5 საუკუნეში არმაზს ან ამავე ადგილზე მყოფ დასახლებულ პუნქტს უკვე საკმაო წონა უნდა ჰქონოდა. ამის დასტურად თუნდაც მარტო ის იყო საკმარისი, რომ არმაზის კერპს ასეთ თაყვანსა სცემდნენ ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე.
პროფესორი წერას შეუდგა: “ვიღებთ რა მხედველობაში, რომ ძველს ქართლში საყოველთაოდ ცნობილი წარმართული კერპი არმაზისა ჯერ კიდევ ჩვენს ერამდე უდიდესი ავტორიტეტით სარგებლობდა, რაზეც მიგვითითებს...@”
კარი უხმოდ გაიღო, ოთახში მისი მეუღლე შემოვიდა.
- ლევან, გეთაყვა, ჩაის არ დალევ? - ნაზად დაიწყო მან.
პროფესორმა ნერვიულად გააქნია თავი და უცებ შეწყვიტა წერა. მერე ცოლს გაუღიმა. მივიდა მასთან და შუბლზე აკოცა. მეუღლეს ლოყები შეუვარდისფერდა, თავისი ორმოცდაათი წლის მიუხედავად იერი ახალგაზრდული ჰქონდა.
სამზარეულოში ჩაი დუღდა.
- რა ჰქენი, ლევან, გაქვს ახალი რაიმე? - იკითხა ცოლმა.
- რა ვიცი, ისეთი არაფერი, ისევ არმაზზე ვმუშაობ. - მოწყენით უპასუხა მან.
- ლევან, რა ჩქარა გავიდა ოცდახუთი წელი, არა?
- ხო, ჩემო კარგო.
ლევანმა მეორე ჭიქა დაისხა, ცხელი, მაგარი ჩაი ესიამოვნა.
- არმაზი, არმაზი. - ჩაილაპარაკა თავისთვის.
- რა, ჩემო კარგო? - შეეკითხა მეუღლე.
- არაფერი, ისე, - ლევანმა ჩაი მოსვა.
ახლა ისევ დაუბრუნდა თავის ფიქრებს. ოცი წლის იყო, როდესაც ისტორიაზე სერიოზულად დაიწყო მუშაობა. იმ დროს კარგად ცურავდა. მოაგონდა ბოლო შეჯიბრი, რომელშიაც მეორე ადგილი აიღო. სწორედ მაშინ აჩუქეს თოფი, რამდენს ნადირობდა მაშინ. მეცნიერებამ თავისი გაიტანა. ლევანი დაფიქრებული მიუჯდა სამუშაო მაგიდას, მაგრამ ფიქრი ვეღარ ააწყო. “არმაზი, არმაზი”, მექანიკურად იმეორებდა. ახლა ცოლს დაუძახა, მოსული მუხლებზე დაისვა.
- გახსოვს, ნათელა, ხოხბები რომ მომყავდა?
ნათელას ახალგაზრდული სახე წამოუწითლდა და შუბლზე აკოცა.
- ნათელა, გულახდილად მითხარი, მოგწონს ჩემი შრომები?
- არ ვიცი, ლევან, ხომ იცი, მე რა სუსტად ვერკვევი ისტორიაში.
- ენების ცოდნაში მე მჯობიხარ და.
- მერე რა?
- ნათელა, იცი რა, გარდა ისტორიკოსებისა არავინ კითხულობს თურმე მათ.
- რას ამბობ, ლევან?
- გუშინ ჩემმა სიყრმის მეგობრებმა მითხრეს, ძალიან გვაინტერესებსო.
- აი, ხომ გეუბნები.
- კი მაგრამ, ჩემი “უფლისციხე და მასზე გამავალი სავაჭრო გზები” თხუთმეტი წლის წინ ვაჩუქე მათ.
- ალბათ ვერ მოიცალეს.
ნათელა ხილის მოსატანად წავიდა, როცა ატმები მიართვა მეუღლეს, ლევანმა თქვა:
- აი, ხომ ვთქვი, ჩვენს მეტი არავინ კითხულობს-მეთქი.
ნათელამ თავისი ხელით აკბეჩინა ატმისთვის.
ლევანი წამოდგა, ცოლს უთხრა, შეშის დასაჩეხად მივდივარო და სარდაფში ჩავიდა. დიდხანს ჩეხა ჯირკები, თანაც დიდი სიამოვნებით, ბოლოს დაიღალა, თანაც ხელებზე წყლულები გამოუვიდა. ცოტა წელიც ეტკინა. ნელა აუყვა კიბეს, სამზარეულოში ხელ-პირი დაიბანა და კაბინეტში შევიდა. ღიმილით გადახედა წიგნებს, გამართული მიუჯდა საწერ მაგიდას და გაწყვეტილი წინადადება განაგრძო.

წელი 1956. სექტემბრის 17.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი