როგორ გამოიცვალა 'უკეთესობისკენ' იგორ კობლუკოვი


- Парня молодого полюбила я, - დაიწყო უსმენოდ წვევამდელმა იგორ კობლუკოვმა, მერე მიმოიხედა და კისრამდე შეკრული საყელოს ზედა ღილი გაიხსნა. “მეთაური ბარე ერთი ათ წუთს არ მოვა,” გაიფიქრა მან და მეორე ღილიც გაიხსნა, კისერი შვებით აამოძრავა.
- იგორ, ძმობილო, - გამოეხმაურა გვერდზე მჯდომი დუბოვი, - ვინ იცის, ჩვენი გოგოები ახლა მაგ სიმღერას გვიმღერიან, აგერ ორი თვეა, რაც ჯარში ვართ და უკვე სამი წერილი მივიღე ჩემი კატიასაგან. ვიცი, სულ ჩემზე ფიქრობს, ოჰ, რო იცოდე, რა ქალია, - დუბოვი როლებში იჭრებოდა.
- ადექ! სმირნა! - გაისმა ათმეთაურის წრიპინა ხმა.
სალდათები უსიტყვოდ წამოცვივდნენ, საყელოები მექანიკურად შეიკრეს.
- თავისუფლად! - გასცა ბრძანება ოცეულის უფროსმა.
- თავისუფლად! - გაიმეორა ათმეთაურმა.
- ათმეთაურო, მოაწყვეთ ჯგუფი ფრონტით აღმოსავლეთისკენ, ორ მწკრივად! - გასცა განკარგულება ოცმეთაურმა.
ათმეთაურმა ადგილი ამოარჩია.
- ჯგუფო, ორ მწკრივად, და-დექ!
აწყობილმა ჯგუფმა ათმეთაურის მარცხნივ დაიკავა ადგილი.
- ამხანაგო უმცროსო სერჟანტო, ერთ საათის შემდგომ ჯგუფი იქნება მდინარის პირას, სასროლზე.
- არის! - ხელი აუღო ათმეთაურმა.
- ჯგუფო, ჩემ უკან ნაბიჯით იარ!
რვა კაცისაგან შემდგარი ჯგუფი ერთი კაცივით დაიძრა.
- Если завтра война, если завтра в поход, - დაიწყო ვიღაცამ.
- Если завтра война, - აიტაცეს სხვებმაც, - სიმღერამ ხალისი შემატათ. მიდიოდნენ მწყობრად. მზე კი სულ უფრო მწვავედ აჭერდა. სალდათები მიდიოდნენ ფეხაწყობილნი. არავინ არ ფიქრობდა არაფერზე, რიტმი, ორ თვეში გამომუშავებული რეფლექსი, ბატონობდა ყველაზე. “ცხელა, ეშმაკმა დალახვროს”, გაიფიქრა იგორ კობლუკოვმა, რომელიც ყველაზე ძნელად ეგუებოდა ჯარს. “ჩრდილიც არსად არის, გინდაც იყოს, ვინ მოგცემს უფლებას, თავი შეაფარო, მიმიფურთხებია ასეთი ცხოვრებისათვის, უჰ, რა გაძლებს აქ სამი წელიწადი, ამ ორ თვეში ლამის გავგიჟდე. დუბოვი ბედნიერი კაცია, წერილებს იღებს, წერს, მე კი მარტო ვარ. ვის მივწერო წერილი. თუმცა რატომ, აგერ ივანოვი თავის საცოლეს არც კი იცნობს, აქ არის მისამართები, იწყებენ მიწერ-მოწერას, მერე ხვდებიან ერთმანეთს. ოჰო, უეჭველად მივწერ. აი, რა დავწერო, ესაა საქმე.” იგორი ფიქრებში გაერთო. ახლა რიტმში ჩავარდნილი, სიცხეს ვეღარა გრძნობდა, მებრძოლთა უნიჭო სიმღერაც სიამოვნებდა. ჯგუფმა ნახნავებში გადაუხვია. სალდათებმა სიმღერა შეწყვიტეს. სიცხე აუტანელი ხდებოდა. არავინ ფიქრობდა რაიმეზე, აღარ ფიქრობდა იგორ კობლუკოვიც.
სადილის მერე იგორმა საწერ-კალამი აიღო და წერას შეუდგა. მისამართი მას კულტკლუბში მისცეს: ვორონეჟი, ლენინის ქ. ¹21, სართული მე-4, ბინა ¹16, Макова Марина. იგორს უყვარდა ეს სახელი, ალბათ, ამიტომაც ამოირჩია ეს გოგო.
წერილის წერა არ ეწყობოდა: “ჩემთვის ძვირფასო უცნობო ქალიშვილო გოგონავ, მეგობარო” (იგორი ნელ-ნელა უსვამდა ხაზებს), მერე გადაწყვიტა, ასე დაეწყო: “უცნობო მეგობარო, მე ბევრი ვიფიქრე, თუ როგორ დამეწყო თქვენთან წერილის წერა, ბოლოს ჩემს თავს მივეცი უფლება, თქვენთვის მეგობარი მეწოდებინა. თქვენ მე არ გიცნობთ, არც თქვენ მიცნობთ მე, მაგრამ, რადგან გამოსთქვით სურვილი, საბჭოთა არმიის რიგებში მდგარ რომელიმე სალდათს გასცნობოდით, ამით უკვე მომეცით უფლება, თქვენთვის მეგობარი მეწოდებინა, რა თქმა უნდა, უცნობი”. (იგორმა წერილს გადახედა: “რა ამბავია ამდენი “თქვენ”, ბრაზით გაიფიქრა გულში, ალბათ, მომიხდება გადაწერა”). “მე თქვენ შესახებ (ეშმაკმა დალახვროს, ისევ ეს “თქვენ”) არაფერი ვიცი, გარდა თქვენი მისამართისა”. იგორს ჩაეღიმა, “ფუი ეშმაკს,” ”რას გადამეკიდა ეს “თქვენ”. არა, სჯობია, ხვალე დავამთავრო, მწყობრში მოვიფიქრებ კარგად.”
“ნეტა როდის მომივა პასუხი, ალბათ, შევუყვარდები, უეჭველად შევუყვარდები, განა ისე შეიძლება, მე უკვე მიყვარს”, ფიქრობდა იგორ კობლუკოვი მწკრივში.
- ერთი, ერთი, ერთი, ორი, სამი. - უთვლიდა ფეხს მეთაური.
- მარჯვნისა-კენ! - მოისმა ბრძანება.
- რიგითო კობლუკოვ, თქვენ ისევ აურიეთ ფეხი.
- ჯგუფო, სდექ!
- რიგითო კობლუკოვ, ორი ნაბიჯით წინ ნაბიჯით იარ!
კობლუკოვი ზლაზვნით გამოვიდა.
- რიგით კობლუკოვს მწკრივში დისციპლინის დარღვევისათვის ვუცხადებ ორ რიგგარეშე მორიგეობას, - მეთაურმა პატივი სცა და უბრძანა, თავისი ადგილი დაეკავებინა. “ნეტა როგორი სახე აქვს”? განაგრძობდა ფიქრს იგორი. “ჯარს როცა გავათავებ, თუმცა ჯერ ორი წელი და რვა თვე დამრჩა, მაგრამ, ალბათ, უფრო ადრე გამიშვებენ, ვიყიდი მანქანას, კარგ კოსტიუმს და ისე ჩავუვლი ჩემს მარინას. ნეტავი ჩვენი ქარხანა როგორ მუშაობს”.
- შესვენება ათი წუთი, და-ჯექ!
ჯგუფი დაეშვა.
იგორი კი განაგრძობდა ფიქრს: “ჩვენთან, სამოტოროში ყოველი მეხუთე მოტორი წუნდებულია. აფსუს, არ წამოვეყვანეთ აქ, მე ხომ ვიცი, რისი ბრალიცაა. ორ თვეში ისე გავაკეთებდი, რომ ყოველი მეოცე ყოფილიყო მარტო წუნი.” იგორმა გამოანგარიშებები დაიწყო.
მეორე დღეს კობლუკოვი სამზარეულოში მორიგეობით იხდიდა თავის სასჯელს. დილით ადრე იატაკები დააკრიალა, მერე ორი უზარმაზარი ქვაბი გახეხა, მთელი ორი საათი ეკიდა თავდაყირა შიგ.
- ყოჩაღი ბიჭია ჩვენი იგორი. - გადაულაპარაკა ერთმა მზარეულმა მეორეს.
- ჰმ! ეგ ქარხანაში უნდა გენახა, რა ბიჭი იყო.
- ჰო, აქებდნენ.
- ნეტა აქ რატომ იღებს ამდენ საყვედურებს, ეგეთი მარჯვე.
- ვინ იცის.
იგორი მწვანე სალდათის სახელოთი იწმენდდა ოფლს, მერე მზარეულებს თვალი ჩაუკრა:
- ჩაიბარეთ ქვაბები, თქვე ძაღლის შვილებო.
- ყოჩაღ, იგორ, ყოჩაღ! - უთხრა სიცილით ერთმა.
- ბიჭო, შე მამაძაღლო, რამდენი დაგრჩა?
- ორი და რვა თვე.
იგორი აიმრიზა.
- შენა?
- ბოლო წელი მიდის.
მზარეულებმა ჭუჭყიანი ტომრებიდან ფუთობით ვერმიშელი ჩაცალეს უძირო ქვაბში.
- იგორ, ბიჭო, მე ხორცზე მივდივარ, არ მიგეწვეს, იცოდე, ეგ ქვაბი, თორემ ჰაუპტვახტი არ აგცდება.
იგორმა დიდი ჩამჩა აიღო და მოურია.
- დარდი ნუ გაქვს.
“ყალიბში”, კობლუკოვი მოტორების პროპორციებს ადგენდა გონებაში, “ვუშვებთ თორმეტ კილოგრამ ფოლადს. ზუსტად ეს ასე, როცა მეტი მოდის, გინდა ნახევარი კილოგრამით, ან ნაკლები. მაშინ ცვდება, გამოცდისას. თავიდანვე ვეუბნებოდი ივან იაკოვლევიჩს, მაგაში დამთანხმდა, მაგრამ სქემა, სქემა ვერ მოვიგონეთ ფოლადის შენადნობის ზუსტი გაშვებისათვის. ეშმაკმა დალახვროს, ხუთში ერთხელა ტყუის, ტყუის აღმრიცხველი, რა მოსდის, ნეტავი. ჰო, ჰო, ჰო”. კობლუკოვი მზარეულის მაგიდისაკენ გაიქცა, მიუჯდა, დასტაცა მის ფანქარს ხელი და რვეულის ყდაზე ანგარიშს შეუდგა. მთელი საათი ითვლიდა ციფრებს, შლიდა, ისევ ითვლიდა. “ასე, მორჩა, ხვალვე გავუგზავნი ქარხანაში”.
- კობლუკოვ! - მოისმა ყვირილი ყურთან.
იგორი სმენაზე დადგა.
- ვერა გრძნობთ დამწვრის სუნს, მომეცით ეგ ნაჯღაბნი.
ფანჯარასთან თავი მოიყარეს სალდათებმა.
- ისევ კობლუკოვია.
- ეჰ, მეც ეგეთი ვიყავი.
- შენ რა, ვასია რომ იყო, ტყუილია.
- მერე რა, ახლა ხავერდივითაა.
- ჰო, გამოსწორდა.
- აბა, როგორ!
- სმენა! - დაიძახა სასადილოს მორიგე ლეიტენანტმა, - რიგით კობლუკოვს სასადილოში მუშაობის დროს წესრიგის დარღვევისათვის ვუცხადებ ხუთი დღე თავისუფლების აღკვეთას, სასტიკი პატიმრობით!
ლეიტენანტმა ხელი აუღო, შემდეგ დაუმატა:
- მხედველობაში იქონიეთ, ყოველი დღე, რომელსაც გაატარებთ საპატიმროში, ემატება თქვენს სავალდებულო დღეების რიცხვს.

მეექვსე დღეს საპატიმროდან გამოსულ კობლუკოვს ათმეთაურმა ურჩია:
- იგორ, აიღე წესდება და წაიკითხე, შენ ჯერ კიდევ ორი წელი და რვა თვე უნდა იყო ჯარში.
- კობლუკოვ, თქვენი წერილია, მაკოვასაგან.
იგორმა გახსნა კონვერტი, სახეზე ღიმილმა გადაურბინა, მერე მოიღუშა, წერილი მაგიდაზე დადო, ცოტა ხნის მერე წესდებას კითხულობდა.
სალდათებმა ხელი ჰკრეს ერთმანეთს:
- როგორ შველის კაცს ჰაუპტვახტი.
- ჰა, ჰა, ჰა, ჰა.
იგორი კი განაგრძობდა კითხვას:
მუხლი II. “იყავი უსიტყვოდ მორჩილი შენს ზევით მდგომი ჩინებისა. შეასრულე ბოლო ბრძანება ყოველგვარი ყოყმანის გარეშე, შენ მასზე არ აგებ პასუხს. პასუხს აგებს ბრძანების გამცემი”.
“რა მენაღვლება”, გაიფიქრა იგორმა, “მეტი რა ძალაა, უნდა შევასრულო, კაცმა რომ თქვას, სწორიცაა” იგი დაფიქრდა. “ალბათ, სწორია. ყველა ასე იქცევა, ვინც არა, აგერ, ბელოუსოვს ასთორმეტი დღე აქვს გატარებული ციხეში, ახლა სამ თვენახევარი კიდევ უნდა იმსახუროს.” მან მარინას წერილს დახედა. “ეს გოგო კი სულ ტყუილა გამეჩხირა, ვინ იცის, როდისა ვნახავ, ან სანამ ვნახავდე, რას აკეთებს, ერთი მაგისი”, იგორმა წერილი მოისროლა.

- კობლუკოვი ამ თვეში საგრძნობლად გამოიცვალა უკეთესობისაკენ.
- სწორია, - დაამოწმა ათმეთაურმა ოცეულის უფროსის შეხედულება.
“ავიტან, როგორც იქნება, ბოლოს და ბოლოს რა გახდა ეს ოცნება, სხვები ხომ იტანენ, ასე უფრო ჩქარაც გადის დრო”.

- იგორ, რამდენი დაგრჩა?
- ერთი წელი და ხუთი თვე.
- ისე, როგორაა შენი საქმეები, ბიჭო? ვხედავ, დაუწინაურებიხართ, ეფრეიტორობა მიგიღია.
- ხო.- იგორმა ხელი აუღო და გაიარა.
მერე ვიღაცა სალდათს დაუძახა.
- შეიკარით საყელო, და გახსოვდეთ, რომ ჩვენი სამხედრო წესდება წმინდა რამაა, სადაც სწერია, რომ სამხედრო ფორმის დამრღვევი მიჩნეულ უნდა იქნას დისციპლინის დიდ დამრღვევად.
შეშინებული სალდათი გამოჭიმული იდგა.
- სალდათო ივანოვ, რამდენი დაგრჩათ?
- ორი წელი და ცხრა თვე.
იგორს გაეღიმა.
- არა უჭირს, შეეჩვევით.

პოლკში ლაპარაკობდნენ, რომ იგორ კობლუკოვი, ყოფილი წესრიგის დამრღვევი, სამაგალითო ეფრეიტორი და მოქალაქეა.
1956 წლის (ივლისი)-აგვისტო.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი