როგორ უყვართ ახლა ერთმანეთი !


ცქიტომ საბანი გვერდზე გადააგდო. მერე ფეხები მაღლა ასწია, რამდენჯერმე გაშალა და შეაერთა. შემდეგ ძირს დაუშვა, თვალები ისევ დახუჭა. ერთხანს ასე იწვა და ფიქრობდა: “დღეს ნეტა რა იქნება? ჯობია საბუთები ჩავაბარო კათედრაზე. სირცხვილია, ოთხშაბათს უნდა მიმეტანა, დღეს კი შაბათია. მერე ლეილას ვნახავ. არა, ორშაბათამდე მოიცდის. უფრო მოვენატრები. ლეილა, ეჰ! ირა რა გოგოა! ლევანმა მითხრა: მე რომ მივედი, ხულიგანი ვგონებივარ, ბანდიტი. თუმცა ეს ერთი მხრივ კარგია. თუმცა ვინ იცის?”
უსაბნოდ შესცივდა, დახორკლილი მკლავები დაიზილა და წამოდგა. მერე ივარჯიშა. ისაუზმა. ჩაიცვა და სარკეში ჩაიხედა. ცოტა არ მოეწონა თავისი თავი და ქუჩაში გამოვიდა. კიბეზე ელამი დამლაგებელი ქალი ჭუჭყიან წყლიან ტაშტში ტილოს ასველებდა. მან თავი წამოსწია, დაჭმუჭნილი სახე სულ დაემანჭა და ცქიტოს მიესალმა. ცქიტომაც ზრდილობიანად დაუკრა თავი. გარეთ პატარები ფეხბურთს თამაშობდნენ. მოპირდაპირე ალაყაფის კართან დამლაგებლის დაბალი, უშნო ქმარი იდგა და გრძელ მუნდშტუკში გარჭობილ “ავრორას” აბოლებდა. ლოთის უაზრო თვალებით უყურებდა ბურთის თამაშს. ბელეტაჟის ფანჯრიდან თავზე შალმოხვეულმა დიასახლისმა თავი გამოყო და წვრილი, უსიამოვნო ხმით დაიყვირა:
- სეროჟ, ბიჭო, აქ მო, შეჭამადი მოგიმზადე.
სეროჟა, მტვერნარევ ოფლში გაწურული, მისდევდა ბურთს და რაღაც უკმაყოფილოდ ჩაიბურტყუნა.
- არ გესმის-მეთქი, ბიჭო? ეგ გასაწყვეტი ბურთის თამაში არ გეყო? გაგონილა, ქა ამ დილაადრიანად ეგრე გაოფლვა.
- აბა, აბა! - კვერი დაუკრა ალაყაფის კარიდან გამოსულმა რომელიღაც მოთამაშის ბებიამ. - ჩვენ დროსა, თუ ბურთს არა ვთამაშობდით, იმიტომ არ იყო კაცი საწყალი ჩემი ქმარი ვანოი. სულ გაგიჟდა ახლანდელი ახალგაზრდობა.
- მაშა, მაშა! - დაუმოწმეს კედელთან მდგარმა ქალებმა.
ცქიტომ ქუჩა აჩქარებული ნაბიჯით გაიარა, მერე მზეს მოჭუტული თვალით შეხედა. “საწყალი ნინო”, ფიქრობდა “რა კარგი გოგოა, მაგრამ სულ აღარ მომწონს. ცოდვაა, მაგრამ მეზარება მასთან ყოფნა”. ცქიტო მაღალი ტროტუარიდან მოხდენილად ჩახტა, ცალ ფეხზე შეითამაშა და დაბალი ბელეტაჟის ფანჯარაში შეიხედა. ფანჯრის რაფაზე 5-6 წლის ბიჭი იჯდა ნამტირალევი. ბებია მოსჯდომოდა, რაღაცას უამბობდა და გოგლიმოგლით გადაგლესილ კოვზს პირში სჩრიდა. აღმართზე გამოქანებული მანქანები მტვერს აყენებდნენ. თხუთმეტი წლის გოგონამ დიდი ჩანთითა და ფუშფუშა ლენტით გვერდზე ჩაურბინა ცქიტოს. მერე სკოლის ეზოში შეირბინა. ცქიტომ გაიფიქრა: “რა კარგებია პატარა გოგოები. აი, ეგენია საჩვენოები”. მერე მაღალყელიან, შავ, ახლადგაპრიალებულ ფეხსაცმელებს დახედა. მათ ზემოდან მტვრის თხელი ფენა დასდებოდათ.
როცა ცენტრალურ ქუჩაზე გავიდა, ცალ ღილზე შეკრული პიჯაკი გაიხსნა, უნივერსიტეტის შენობას გახედა ალმაცერად, შემდეგ შემობრუნდა და მოპირდაპირე მხარეს წავიდა. ერთი გაჩერება ისე გაიარა, არაფერზე არ უფიქრია. უნივერსიტეტისაკენ მიმავალ ტრამვაიში გურამი დაინახა და დაუყვირა. გურამმა მოიხედა და გაქანებული ტრამვაიდან “ზადნით” ჩამოხტა.
- ბიჭო, სადა ხარ! - ჩამოხტომისთანავე დაიწყო გურამმა, - გუშინ დაბადების დღეზე ვიყავით, შენ გეძებდით, მერე თაზო წავიყვანე, მარტო მეზარებოდა წასვლა.
- მაშ ახლა პახმელია იქნები.
-ჰო, ცოტა თავი მტკივა. ერთი ხუთი თუმანი მაქვს, წამო, დავლიოთ. ას-ასი და თითო ლუდი. მეტის თავი არა მაქვს. თუ გინდა, შენ ლულა-ქაბაბი აიღე.
- რამდენს ლაპარაკობ. წამო, ჩავიდეთ.
- ვისთან გინდა?
- ტანც გეოსთან.
- ერთი მაგისი, წაჩხუბებული ვარ.
- მაშ, ირაკლისთან შევიდეთ.
- იყოს ტანც გეო. რა ფეხებს მომჭამს.
ცქიტომ და გურამმა ქუჩა გადასერეს, ტროტუარზე ავიდნენ. გურამმა გარეთ მდგარ ჯიხურში კოლოფი “ნოვიე” გამოართვა და მალე ორივენი ტანც-გეოს დუქანში ისხდნენ.
- აბა, გეო, ჩვენ ას-ასი, თითო ლუდი, ამას ქაბაბი, ჩქარა, გესმის, ლექციაზე გვაგვიანდება. იქნებ მეორეს მაინც მივუსწროთ. - გურამმა ცქიტოს შეხედა.
- ვნახოთ. - უპასუხა ცქიტომ. მერე სკამზე კარგად მოეწყო და დუქანი შეათვალიერა. როცა ას-ასი დალიეს, ცქიტომ კიდევ მოითხოვა ორას-ორასი.
- ბიჭო, - უთხრა თვალებდაწითლებულმა გურამმა ცქიტოს, - ლეილასთან როგორა გაქვს საქმე?
- ისე რა.
- ნინოს სულ დაანებე თავი?
- რა ვიცი, კარგი გოგოა, ხომ იცი, მერე მეცოდება კიდეც. ერთგან უთქვამს, მაგან რო თავი დამანებოს, გავგიჟდებიო. ცოდვაა, ისეთი გული აქვს, მართლა რამე არ დაემართოს. ჯერ ცოტა დავშორდები და მერე უფრო ადვილი იქნება.
- ჰო, ეგრე სჯობია. მაგრამ სულელი ხარ, რომ თავს ანებებ.
- როგორ, ცოლად ხომ არ მოვიყვანო?
- რატომაც არა.
- თუმცა რა ვიცი, შეიძლება მართლაც მასე ვქნა. მაგრამ მერე, სად წავა.
- ჰო, შენ ძალიან უყვარხარ.
- ვიცი და იმიტომ მეცოდება.
- ცქიტო, ნინო პატარობისას მგონი ნოდართან დადიოდა, მართალია?
- რა ვიცი, ამბობენ. თვითონაც მითხრა, ძალიან ვუყვარდიო, მერე ცოტა დავახლოვდით, როცა ახლოს გავიცანი, ჭირივით შემჯავრდაო.
- ჰო, ნიკომაცა თქვა, ეჯავრებაო ნოდარი.
- მართლა რაღაც უსიამოვნო ვინმეა ეგ ნოდარი.
- გეო, - გასძახა გურამმა, - ერთი აქეთ, პატივი გვეცი.
- ახლავე, შენი ჭირიმე.
გეომ მოირბინა. საანგარიშოზე კოტიტა თითებით ორმოცდახუთი მანეთი ჩათვალა. გურამმა ორმოცდაექვსი მანეთი მისცა და გრილი დუქნიდან ამოვიდნენ. მზე კარგად წამოწეულიყო და ნასვამ ბიჭებს მწვავედ დააცხუნა. არაყი ნელ-ნელა ერეოდათ.
ბიჭები უნივერსიტეტის კართან მივიდნენ. სტუდენტების ჯგუფი რაღაცაზე დაობდა ერთმანეთში.
- ჩვენი პედაგოგიკა მეჯავრება. მურტალი ვინმეა. - ამბობდა ერთი.
- შენ, ბიჭო, სმა-ჭამის მეტი ყველაფერი გეჯავრება. - უპასუხა მეორემ. ცქიტო და გურამი, კედელზე მიყუდებულნი პაპიროსს ეწეოდნენ და სტუდენტების ლაპარაკი კარგად ესმოდათ.
- შენცა თქვი რა, მეც ცუდი რამე მყვარებია.
- ეგ ვის არ უყვარს. ისე გითხარი.
- მართლა, სმა-ჭამაზე გამახსენდა. - თქვა მესამემ. - ხვალე ქორწილი გველის.
- ვისი? - ორივემ ერთად ჰკითხა.
- ვისი? არ გაგიგიათ? ჩვენმა ნოდარამ ცოლი შეირთო. მერე რა გოგოა, რომ ნახოთ.
- ვინ არი?
- ნინო, არ იცი? თურმე ბავშვობიდან ჰყვარებიათ ერთმანეთი.
ცქიტომ და გურამმა ერთმანეთს გადახედეს, მერე ცქიტო ზევით ავიდა.

1956 წელი. კვირა. 1 საათი.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი