საბავშვო


- დათუნა! დათუნა! - მოესმა ბავშვს შორიდან დედის ხმა.
დათუნამ ერთხანს ყური მიუგდო, მერე ჯოხის ცხენს შემოჰკრა მათრახი და პატარა ბარდებზე ხტუნაობით წყაროსკენ გაიქცა.
- დათოო! - კვლავ ისევ მოეწია წყაროსთან დედის ხმა.
დათუნა შემობრუნდა, დაიფრუტუნა, დაიჭიხვინა და ბუზღუნით სახლისკენ გამოჭენდა, “უჰ, ახლა გოგლიმოგლი გამიჭირვებს საქმეს, ან რძე, უჰ!” გააჟრჟოლა ტანში ბავშვს. უცებ წინ ხვლიკმა გადაურბინა. მან სწრაფად მოიმარჯვა თავისი ჯოხის ცხენი და ქვეწარმავალს დაარტყა. ხვლიკმა კუდი ადგილზე დატოვა, თვითონ კი სასწრაფოდ მიიმალა. დათუნამ დაიწყო ჯაგების ქექვა, შემდეგ რაღაცა სორო იპოვა და ჯოხით ამოჩიჩქნა.
- დათო! ბიჭო, არ გესმის, დედა რომ გეძახის? წამო ახლავე სახლში. - წყნარად უთხრა თავზე წამომდგარმა მამამ. დათუნა დაემორჩილა და ფეხმოთრევით გაჰყვა.
- ბიჭო, შენ ახლა უკვე ბავშვი კი აღარა ხარ, ხვალზევით თოთხმეტი წლისა ხდები.
დათუნამ ეშმაკური თვალებით გახედა წყალზე საწუწაოდ მიმავალ ტიტლიკანა სწორებს და უნებლიეთ ხელი გამოსტაცა მამას, მაგრამ ადგილიდან არ დაძრულა.
მამამ წყნარად გადმოხედა, მერე მხარზე დაადო ხელი და საუბარი განაგრძო:
- ბიჭო, მე რაზე გელაპარაკები, შენ კი სულ ცელქობაზე გიჭირავს თვალი. ცელქობა კარგია, რა თქმა უნდა, ძალიანაც კარგი, მაგრამ უნდა იცოდე დრო. მე სამი დღის მერე მივდივარ თბილისში და ოჯახი შენ უნდა დაგიტოვო. შენ იცი, როგორ დაუჯერებ დედას და მოუვლი შენს პატარა ძმებს. ახლა დედას გაუგონე ყველაფერი და დაბადების დღეზე ისეთ საჩუქარს მოგიტან, როგორიც არც ერთ შენს ტოლს არ ექნება. მე მგონი, მისი ღირსი შენ უკვე ხარ.
დათუნამ ყურადღება დაძაბა.
- რას, მამა? - ვეღარ მოითმინა პატარამ. მამამ გაუღიმა.
- მოითმინე ცოტა. ეგეც ვაჟკაცობაში შედის. კარგი ვაჟკაცი ყოველთვის მომთმენია.
- რათა? განა ვინმემ რო გამარტყას, არ ვუპასუხო?
მამა ცოტა არ იყოს დაიბნა.
“რა ვუთხრა”, გაიფიქრა თავისთვის. “არ გაარტყას, უშნო შვილი რად მინდა, გაარტყას, ჩხუბიც არ ვარგა”.
- ვანო, კაცო, შენ რაღა მოგივიდა, ჩქარა ამოდით. - გადმოსძახა აივნიდან დედამ.
მამა-შვილს უცებ დაავიწყდა ლაპარაკის თემა და აივანზე ასულები სუფრას შემოუსხდნენ.

ორი დღის შემდგომ, დაბადების დღეზე მამამ დათუნას გეკოს მარკის თოფი მოუტანა.
დათუნამ თოფს კარგა ხანი უყურა, მერე დინჯად გამოართვა, თავის საწოლთან დიდი ლურსმანი დააჭედა და ზედ ჩამოჰკიდა. ახლა უკან დაიხია, შორიდან დაუწყო ყურება. მამა, სავარძელში მჯდარი, გაზეთის ზევიდან სიამოვნებით უყურებდა ბიჭის განცდებს. დათო შემობრუნდა, მამას ხელი ჩამოართვა, გადაკოცნა.
- მოდი, ბიჭო, დაჯექი, არა, ჯერ თოფი მომიტანე, აგიხსნი, როგორ უნდა მოვლა, ხმარება.
დათუნამ თოფი ჩამოიღო კედლიდან, სკამი მოიტანა. მამამ მუხლზე დაირტყა ხელი.
- აქ დაჯექი, გენაცვალე.
- არა, მამა, სკამზე ჯობია! - ოდნავ დამორცხვებით უთხრა დათუნამ, რომელსაც, ჩვეულებრივ, ძალიან უყვარდა მამის მუხლებზე ჯდომა. “ოჰო, ასეთ დიდ შედეგსაც არ მოველოდი, რა უცებ დასერიოზულდა”, გაიფიქრა მამამ, მერე თოფი გამოართვა.
- აი, ეს არის კონდახი, ეს ლულა, ისინი დაკავშირებული არიან ამ ორი ხრახნით. ლულას შიგნიდან აქვს ჭრილები, რათა ტყვია შორს და მიზანში წავიდეს.
დათუნა სკამიდან ჩამოვიდა, სავარძლის სახელურზე დაჯდა და სულმოუთქმელად ადევნებდა მამის თითებს თვალყურს. “რას იტყვიან რეზო და ნოდარი, როგორ გაუკვირდებათ. მათაც ვასწავლი სროლას, მერე სანადიროდ წავალთ. ჰო, ჩვენს ქოფაკსაც წავიყვანთ, ტყეში ცეცხლს დავანთებთ”. დათომ მამას შეხედა, რომელიც დინჯად განაგრძობდა ახსნას. ცოტა ხანი ყური მიუგდო, შემდეგ ოცნებამ გაიტაცა. დათუნა თავს ებრძოდა, მაგრამ მთელი გულისყურით მაინც ვერ უსმენდა მისთვის ასე ძვირფას საუბარს. ახლა მამა ყველაზე საინტერესო ადგილას მივიდა:
- აი, ეს გამონაშვერი არის სამიზნე. ჯერ უნდა გახედო ქვევითა სამიზნეში, შემდეგ, როცა იქიდან დაინახავ ზედას, ეცადე, რომ ქვედას თავზე გამავალი სწორი ხაზი, რომელსაც შენს გონებაში გაავლებ, მიებჯინოს ზედას წვერს. შემდეგ გამოსწევ ჩახმახს, ოღონდ ისე, რომ თოფი არ გაინძრეს.
დათუნა ახლა დაძაბული უსმენდა. თან ერთი სული ჰქონდა, თოფი თვითონ აეღო ხელში.
- ახლა გაიქეცი, ბიჭო, და ჩემი ჩანთა მომიტანე.
მოტანილი ჩანთიდან მამამ პატარა კოლოფი ამოიღო, შემდეგ თავი მოხადა.
- აი, ამ კოლოფში, როგორც ხედავ, არის გეკოს ტყვიები, სულ ორმოცდაათი. პირველი, რაც საჭიროა თოფის ხმარებისას, იცოდე, ესაა სიფრთხილე! სიფრთხილე! და სიფრთხილე! ჯერჯერობით თოფს მხოლოდ ერთად ვიხმართ.
- შენ რომ ხვალ მიდიხარ, მამა?
ვანოს გაეღიმა.
- კარგი, დაგიტოვებ, დღეს კი გასწავლი ხმარებას.
მამა წამოდგა. ორივენი აივანზე გამოვიდნენ.
- აი, ეს არის ჩამკეტი, გადმოსწევ ასე, შემდეგ ტყვიას მისცემ ლულაში და ჩაკეტავ. მაშ ასე, აგერ იმ ვაშლს ხომ ხედავ. კარგი. ვიდებ მხარზე კონდახს. ვუმიზნებ.
მამამ ჩახმახს გამოჰკრა. ვაშლი გაქრა.
- მოხვდა. - თქვა მამამ.
- ხო, მოხვდა. - დაამოწმა დათომ.
- მამა!- თხოვნით შეხედა ბავშვმა.
- ახლავე, ბიჭო, ახლავე. - მამამ ტყვია ჩადო. - გამომართვი თოფი და მოიმარჯვე, როგორც გასწავლე.
დათუნამ წყნარად ჩადო ტყვია და დაუმიზნა მეორე ვაშლს. მერე მაგრად მოჭუტა ცალი თვალი.
- პც! -დაიძახა ტყვიამ.
ვაშლი ადგილზე დარჩა.
- ეგ არაფერი, ბიჭო, ჩქარა შეეჩვევი. ოღონდ თვალს ასე გამწარებით ნუ ხუჭავ. თოფი თავისუფლად გეჭიროს და სროლის დროს სუნთქვა ოდნავ შეაჩერე. აბა შენ იცი, ფრთხილად, მე კი წავალ ახლა, სამუშაო მაქვს.
მამა ოთახში შევიდა. დათუნამ კი გაიფიქრა, “რა სირცხვილია. როგორ ავაცილე. ახლა კი აღარ ავაცდენ.” იგი ძალიან გაერთო სროლით, მაგრამ მიზანს ვერ აღწევდა.
პატარამ გზას გახედა. შორს დედა დაინახა, რომელიც სანოვაგით დატვირთული ბრუნდებოდა ბაზრიდან. მან თოფი სასწრაფოდ ჩამოკიდა ადგილზე და სირბილით წავიდა დედის მისახმარებლად.
- ოჰო, შენ სახლში ხარ? - გაუკვირდა დედას.
- ჰო! დიახ!
დედამ თავზე გადაუსვა ხელი; დათუნამ კალათი ჩამოართვა და მხარზე გაიდო.
- რა იყო, დათუნა, რამ ჩაგაფიქრა. გენაცვალე, დღეს რა, არ იწუწავეთ?
- არა, დედა, არ მეცალა.
- რათა, მამას ეხმარებოდი?
- არა, თოფის სროლას მასწავლიდა.
- რა თოფის?
- დღეს ჩემი დაბადების დღის აღსანიშნავად მიყიდა.
“რამ აყიდინა ვანოს თოფი, ახლა ამისთანა ცელქი ბავშვისთვის როგორ შეიძლებოდა იარაღი”, გაიფიქრა დედამ, მერე ალერსით უთხრა:
- დათო, გენაცვალე, გარეთ არ გაიტანო ბავშვებში.
- არა, დედა.
დათუნამ სანოვაგე მაგიდაზე დადო, მერე “საიდუმლო კუნძული” აიღო და ბაღში ჩავიდა საკითხავად.
“რა ვაჟკაცი იყო ჰერბერტი? როგორ ეხმარებოდა თავისებს, თანაც, მგონი, ჩემი ტოლა იყო. ნეტა მე რას ვიზამდი იმის ადგილას. ალბათ, ისევე მოვიქცეოდი. მართლა რა საინტერესოა, არა, უნდა ვეცადო, ისეთივე ვაჟკაცი გავხდე, ბოლოს და ბოლოს, ბავშვი ხომ აღარა ვარ. აი, მამამ თოფიც კი მიყიდა. მაშ ღირსი ვარ. ნეტა სანადიროდ თუ გამიშვებენ?” ფიქრები მშობლის ხმამ შეაწყვეტინა.
- დათო, შვილო, საუზმეა.
- ახლავე, დედა, მოვდივარ.
დათომ წიგნი ჩანიშნა, მერე სწრაფი ნაბიჯით ავიდა აივანზე.
დედამ და მამამ ერთმანეთს გადახედეს, მერე მამამ ორაზროვნად გაუღიმა დედას.
- ქეთო, მე ხვალ მივდივარ. ალბათ, შენი და დღეს საღამოს ამოიყვანს პატარებს, ეყოთ ამდენ ხანს სტუმრად ყოფნა.
- როდის ჩამოხვალ, ვანო?
- ასე ერთ კვირაში. მანამდე კი დათუნას ვტოვებ ოჯახში შენ დამხმარედ, ახლა ეგ უკვე ვაჟკაცია, მაგას აღარ დასჭირდება დარიგება.
“მართლაც, რაღა დროს ჩემი დაუჯერებლობაა, პატარა ხომ აღარა ვარ, თოფიც კი მაქვს”, გაიფიქრა დათუნამ და ოდნავ წამოწითლდა.
- მქონდეს შენი იმედი, ბიჭო? - თქვა ვანომ.
- დიახ, მამა.
- სადილის მერე რას აკეთებ?
დათუნამ წყლისკენ გაიხედა. ამ დროს იქ პატარები ერთმანეთს ეჭიდებოდნენ, წუწაობდნენ.
- არაფერს, მამა, წიგნი უნდა ვიკითხო.
- არა, შვილო, სადილის მერე ცოტა დაისვენე, მერე კი წადი ბიჭებთან, ითამაშე.
დათუნამ შვებით ამოისუნთქა. შემდეგ გადაწყვიტა ეთამაშა, მაგრამ დროზე დაბრუნებულიყო.
მეორე დღეს დედამ, დათუნამ და მისმა ორმა ძმამ მამა სადგურზე გააცილეს. უკან გზაზე თოთხმეტი წლის დათუნამ ხელი ჩაჰკიდა პატარებს და ცოცხლად მიჰყვა დედას. გული აღარ უთმენდა, ერთი სული ჰქონდა, სანამ სახლში მივიდოდა; ძალიან უნდოდა თოფის ხელში აღება, რომელიც ამ მოკლე ხანში ასე შეუყვარდა. თან გადაწყვეტილი ჰქონდა, რადაც არ უნდა დასჯდომოდა, კარგი სროლა ესწავლა.
- დათუნა, შვილო, რაზე ფიქრობ? - გამოელაპარაკა დედა.
- არაფერზე, დედა.
- მე მგონი, შენ ისევ იმ თოფზე ოცნებობ, არა?
- ხო, დედა.
- დათო, შენ სახლში აიყვანე პატარები, მე აქ შევალ, საქმე მაქვს. შეგიძლია, ასაუზმო?
- კი, დედა.
- შემდეგ დააძინე.
- კარგი.
- მე წავედი.
დედამ გზიდან გადაუხვია. იგი აშკარად ამჩნევდა დათოს დასერიოზულებას და ზევით უფროსი ვაჟის ანაბრად მიმავალ ბავშვებს სიყვარულით უყურებდა.
როცა დათუნამ პატარები დააძინა, ჩამოიღო თოფი, მერე გაუტენავად, რამდენიმეჯერ დაუმიზნა ვაშლს. “ასე, ახლა კი აღარ ავაცდენ. ხო, ჯერ ჩავდებ ტყვიას, ახლა ჩავკეტე, ჩახმახი ფეხზე დგას, ვიდებ გულზე. სულ ყველაფერი რიგზეა, ერთ ხაზზეა სამივე წერტილი.”
- პც, - გავარდა თოფი.
“აღარ არის ვაშლი,” სიხარულით დაასკვნა გულში დათუნამ, მერე მეორეს ესროლა.
- ასცდა.
კიდევ ესროლა.
- მოხვდა.
“ასე, სამში ორს ვარტყამ უკვე, მაგრამ ვაშლი ხომ ცოცხალი არ არის, არ ინძრევა. მთავარია, ცოცხალ რაიმეს მოვარტყა. აი, თუნდაც ჩიტს”.
დათუნამ თოფი მოიმარჯვა. მეზობლად მდგარ ბლის ტოტზე გატიკნული ღობემძვრალა ქანაობდა.
- პც, - დაიძახა თოფმა.
ჩიტი გაქრა. დათუნა ხისაკენ გაიქცა.
“მოვარტყი, მოვარტყი”, უხაროდა პატარას. მერე მამის სავაზნე და საგუდავები ჩამოიტანა, რომელზედაც მოკლული ჩიტი დაიკიდა.
ჩიტების პატარა გუნდმა თავზე გადაუქროლა და იქვე, მახლობლად დაჯდა. დათომ ესროლა, - კიდევ მოხვდა.
მთელი საათი ნადირობდა პატარა დათო და შვიდიოდე ჩიტი ჩამოაგდო.
ახლა იგი მსროლელი, ნამდვილი მსროლელი იყო; უნდოდა, რომ მამა მალე ჩამოსულიყო, - როგორ გაახარებდა. დარწმუნებული იყო, რომ ის ტყეში წაიყვანდა სანადიროდ, იქ კი დიდ ნადირს მოკლავდა. ალბათ, ბიჭებს გაუკვირდებოდათ, რომ მათი ამხანაგი მონადირე გახდა. მათ ხომ თოფი არც კი სჭერიათ ხელში, მან კი უკვე შვიდი ჩიტი მოკლა.
ბეღურა ვაშლის კენწეროზე შემოჯდა და ტოტმა ლამაზად დაიწყო რხევა. დათუნამ გადაწყვიტა, ეს ჩიტიც მოეკლა და მერე დაესვენა. დათუნამ თოფი მოიმარჯვა. პატარა ჩიტი ყელმოღერებული იჯდა კენწეროზე. მზე ღრუბელს მოეფარა და მორუხო ცის ფონზე ფრინველის გვერდზე მშვენივრად ჩანდა. პატარა მონადირეს ძალიან მოუნდა, რომ ამ ფრინველისთვის შიგ თავში მოერტყა. მან დინჯად დაუმიზნა თოფი.
- პც, - გაისისინა ტყვიამ.
დათუნამ ჩიტს შეხედა. ფრინველი უღონოდ დაეშვა ქვედა ტოტზე, აქ ცოტა ხანს გაჩერდა, მერე უფრო ქვევით ჩამოეშვა. საწყალი ჩიტი დაჭრილი ჩანდა. დათუნას გააჟრჟოლა, თოფი კუთხეში მიაყუდა და სავაზნე, საგუდავებიანად, რომელზედაც შვიდი ფრინველი ეკიდა, მოიხსნა. დახოცილი ჩიტების დანახვა რაღაც აღარ ესიამოვნა. ახლა იგი ხის ძირისაკენ გაიქცა. აქ, ხახვის კვლებში იჯდა პატარა ჩიტი. “ცოცხალია,” შვებით ამოისუნთქა პატარამ, მაგრამ რაღაც არ იძვრის, ალბათ, დავჭერი. რაც გინდა იყოს, მოვარჩენ,” მისცა თავს პირობა, მერე დაიხარა და ფრინველი ხელში აიყვანა. “ოი”, უნებლიეთ აღმოხდა ბავშვს “საწყალი, საწყალი”. ჩიტმა თავი ახლა მთლიანად მოაბრუნა. ნისკარტის ადგილას მხოლოდ წითლად გამოყოფილი ენაღა ჰქონდა. პატარა მკერდი ჩქარ-ჩქარა უცემდა. დათუნას გული შეემკუშა, “ეს რა ვქენი,” გაიფიქრა მან. მერე ნელა წამოვიდა აივნისკენ, აქ ჩიტი ნაზად დასვა მაგიდაზე და წყალი მოუტანა. ჩიტი შეშინებული იყურებოდა, მკერდი სულ უფრო ხშირად უცემდა. “ოხ, მხეცი ვარ, მხეცი! როგორ მომივიდა ეს, ნეტა მომეკლა მაინც, თუმცა რად მინდოდა. წავალ, ვაშლს დავუჭრი, იქნება შევაჭამო როგორმე”. დათუნამ კიბე ჩაირბინა, აქვე, ღობეზე ჩამოკიდებულ მგუდავებს მოჰკრა თვალი, რომლებზედაც საცოდავად ჩამოხრჩობილი ქანაობდნენ ფრინველები. დათუნას გული შეეკუმშა. “რა ბოროტი ვყოფილვარ, რა უსინდისო, რისთვის დავხოცე, თუმცა ჰერბერტიც ხომ ხოცავდა, და სხვა მონადირეებიც, ვინც ვაჟკაცებად ითვლებიან.” ამის მოგონებაზე ცოტა შვება იგრძნო. ვაშლის ხის ძირში ტყვიისგან დაფხრეწილი ხილი ეყარა. “ესეც აღარ იჭმება, სულ დამიგლეჯია”, დათომ ისევ უხერხულად იგრძნო თავი, მერე ერთი ვაშლი აიღო, აივანზე წვრილად გახეხა და ჩიტს მიუტანა, ფრინველი კი იჯდა და სულ უფრო საცოდავად სუნთქავდა. “რა სულელი ვარ, უნისკარტოდ ეს ვერც შეჭამს, ვერც დალევს, მაშ რა მოუვა ნეტავი? საწყალი, ალბათ, შიმშილით მოკვდება, რომ მოვკლა, აჯობებს, ნამდვილად აჯობებს. ხო, მოვკლავ, წამებას გადარჩება.” დათომ ჩიტი ხელში აიყვანა, “როგორ მოვკლა, საწყალი”, პატარას ცრემლები მოადგა, მერე ლოყაზე ბუძგებმა დააყარა, მისი ხელით მოკვლა არ შეეძლო; ქვევით ჩაიყვანა ჩიტი, იქ, ღობეზე დასვა, თავი დაანება, შემდეგ ისევ აივანზე დაბრუნდა და წიგნი აიღო, მაგრამ კითხვა ვერ შეძლო. იგი თვალს ვერ აშორებდა ღობეზე მჯდარ ფრინველს. “მაინც რატომ ხოცავენ საწყლებს. მამაჩემიც ხომ ხოცავს, ნეტა არა რცხვენია? რათა ხოცავს? საწყალი ჩიტები, როგორ მეცოდებიან, ნეტავ რად ხოცავენ, ან რატომ ითვლებიან ვაჟკაცებად. მამა თვითონ ამბობდა, შენზე სუსტსა და პატარას არა სცემოო. ბავშვმა ძლივს გაამახვილა ყურადღება წიგნის კითხვაზე. ქვევით მოთხრობილი იყო, ჰერბერტი როგორ გამოვიდა სანადიროდ. ახლა ამ ბიჭმაც ოდნავ დაკარგა მის შეგრძნებაში პატივისცემა.
დათუნამ ისევ ჩიტს გახედა, მას თავი მიებრუნებინა და უმწეოდ იყურებოდა. “ნეტავ, რას უყურებს”, ძლივს მოასწრო გაფიქრება, რომ მეზობლის კატამ ერთი სკუპით მოხსნა ჩიტი ღობიდან და ტყრუშულს გადაევლო. დათუნა სწრაფად წამოხტა და თოფით ხელში გამოუდგა კატას, მაგრამ კატა გაუჩინარდა. “ოხ, რა ვერაგები არიან კატები, სიამოვნებით დავხოცავდი, ტყუილა არა მძულდა, საწყალი ჩიტი, რას ერჩოდნენ.” ღობესთან ისევ დაინახა ჩამომხრჩვალი ფრინველები. ნიჩაბი აიღო და მათთვის საფლავის თხრას შეუდგა. მიწის მიყრის შემდეგ ლამაზად შემოულაგა ქვები და გადაწყვიტა, ხვალვე ზედ ყვავილები დაერგო, მერე დაენანა, რომ ერთი კატამ გაიტაცა და შეიძლება შეჭამა კიდეც. დათო ზევით ავიდა. წიგნის კითხვა განაგრძო, თან კატა ეჩვენებოდა.
ახლა იგი იმ ადგილას იყო, სადაც ჰერბერტმა ფრინველი მოკლა, ხელში აიტაცა და გახარებულმა დაიძახა:
- დღეს ჩვენ მშვენიერი ბულიონი გვექნება!
- მართლაც და ყოჩაღ, ასეთი სადილი თვით მეფესაც შეშურდებოდა, როგორსაც ამ ფრინველისგან ჩვენი მაიმუნი დაამზადებს. - დასძინა პროფესორმა.
დათუნამ წიგნს თვალი მოაშორა და მზერა სივრცეში გადაიტანა. ქვევით სოფლის მტვრიანი გზა მოჩანდა, რომელზედაც ურემი მიიზლაზნებოდა. შარაგზა მამამისის ნაცნობმა მონადირემ გადასერა და ბუჩქებს შეერია. “ეგეც სანადიროდ მიდის. რა გემრიელ სადილს აკეთებს მერე ძია სიკოს ნანადირევიდან დეიდა თამარა,” გაიფიქრა მან.
“მიაუ,” დაიკნავლა ამ დროს მეზობლის კატამ და მოაჯირზე ამოძვრა, პირში ჩიტის ბურტყლები ჰქონდა გაჩხერილი. დათუნამ სწრაფად დაავლო თოფს ხელი, მერე ისევ დაუშვა. “მაგას ჩემზე ნაკლები დანაშაული აქვს,” ბუნდოვნად ფიქრობდა იგი “მაგან შეჭამა მაინც, ალბათ, მაგისთვის გემრიელი იყო, მე კი სულ ტყუილა დავხოცე”.
დათუნა ძალიან, ძალიან დაღალა ამდენმა ფიქრმა. იგი ბურანში გაეხვა, შემდეგ ჩაიძინა, კატა კი ფეხებთან მიუჯდა, თავი ტერფზე დაადო და მანაც ჩათვლიმა.

წელი 1956. თვე ივნისი. რიცხვი 14-15.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი