სალომე და მე


მოქმედება I
სურათი პირველი

/ქუჩა/
გურამი: `ჩქარა, ჩქარა წინ, წინ გაიქეცი, თორემ დაიგვიანებ. იქ გელიან მაღალთაღება, თხელსვეტება ცისფერ დარბაზში, ოქროსფერი ვარაყებით მოხატულ ტალანებში; იქ დგას ის, რამაც უნდა მოგცეს ახალი გზა და უფრო წინ გაგაფრინოს.
ო, ღმერთო ჩემო, როგორა ჰგავს ჩემი გზა მილს, რომლის ბოლოდანაც მკრთალად ანათებს სინათლე, ჩემი სხეული, მომზადებულია სწორედ მილში მხრებში მოხრილი სიარულისათვის, უზარმაზარი ბიცეპსები რკინის კედლებზე ხლას იტანენ და უწინ რკინა გაცვდება თვითონ, ვიდრე მათ შეეტყობოდეთ რამე. ო, როგორ გაიშლებიან მხრები ამდენი ხნის მოხრილი სიარულის შემდეგ.
სწორედ ასე უნდა ვიარო მე გარეშემო დახურულ ჭურჭელში, რომ გვერდებიდან ვერავინ დამინახოს, რომ წინიდან ვერავინ დამინახოს. მილის უკანა მხარეს მე ჩავკეტავ ჩემი სხეულით და იქნება წინიდან გამოჩენილი სინათლე ჩემი გზის მაჩვენებელი, რომელსაც ამ ჭურჭლიდან მხოლოდ მე ვხედავ. ამით ვგრძნობ თავს მდგომარეობის უფროსად, რადგან სინათლეს აქეთ, სიბნელეში, არაფრის დანახვა არ შეუძლია, ხოლო მე სიბნელიდან ვხედავ მას, სინათლეს.
ჩემი სხეულის ბიცეპსები მზად არიან, სწორედ წელში ათჯერ მოხრილებმა იარონ მილში. მხოლოდ სული ვერა გრძნობს იმ ტანჯვას, რაც სხეულმა უნდა აიტანოს _ ის მსუბუქია ჭკუითაც და გონებითაც, მასზე ოდნავი ნიავიც კი მოქმედებს, ხოლო იქ, მილის სიღრმეში, გამოჩენილი სინათლე მას გონებას უკარგავს და სული აიძულებს ისეთივე გახდეს სხეულიც, სდიოს მას უკან, სადღაც დაუსრულებელი მიზნისაკენ. იტანჯება სხეული, მაგრამ უკან ჩამორჩენა არ შეუძლია, რადგან უკან დარჩენილს დატოვებს სული, ხოლო უსულო სხეულს მხოლოდ მძორი ჰქვია.
ო, გაჭენდი, გურამ, შენი სულითა და ხორცით.
ო, გაჭენდი, გურამ, შენი სხეულით და ნუ მიაქცევ ყურადღებას იმას, რომ წინ ლტოლვა ერთ ადგილზე სირბილსა ჰგავს, ხოლო დიდი ნახტომი _ ერთ ადგილზე სირბილის დროს `ჰოპ~-ის დაძახებას.
ისულელე? გეყოფა.
სალომე: გურამ!
გურამი: ნამდვილი არტისტი გავხდი, მარტოსაც კი მეჩვენება, რომ ხალხში ვდგავარ.
სალომე: გურამ! სად გაიქეცი!
გურამი: ახლა ვეღარ დამინახავს სადარბაზოში.
სალომე: პატარა ბავშვივით არის.
გურამი: უუ!
სალომე: ჩუუ, რა დროს ეგ არის, ღმერთო ჩემო, ახლა რა ვთქვა. /შემოდის შოთა/ გამარჯობა, შოთა.
შოთა: ო, სალომე, მე ვერც კი დაგინახე.
სალომე: ჰო, მეც შემთხვევით შეგამჩნიე.
შოთა: მე მეჩქარება, სახლისკენ ხომ არ მოდიხარ?
სალომე: არა, ანდროს საქმეზე ვარ აქეთ.
შოთა: საქმის დროზე გაკეთებას გისურვებ. /მიდის/
სალომე: გურამ!
გურამი: შემოდი აქ.
/სადარბაზო/

გურამი: სალომე, ხედავ ამ ოდნავ განათებულ კიბეებს?
სალომე: გურამ!
გურამი: სიგიჟემდე მიზიდავენ კიბეები, ყოველი მოსაბრუნის შემდეგ მეჩვენება, რომ რაღაცა ახალი უნდა გამოჩნდეს. აი, ასე შემიძლია დაუსრულებლივ ვიარო მაღლა კიბეებით.
სალომე: არ გესმის? ახლა აქ შოთამ მნახა.
გურამი: ოო, ამ სინათლეზე მეჩვენები ასეთი თუ წინათ არ შემიმჩნევია შენი მკერდი, რა ფერი აქვს შენს ტუჩებს! ხმა არ ამოიღო, ეგ ტუჩები იმისთვის არის, რომ მარტო კოცნო.
სალომე: ნუ მკოცნი, მე ავვარდები კიბეებზე, პირველივე კარებში დავიწყებ კაკუნს. აი, აზრი!
გურამი: სად? დაგავიწყდა ჩემი კუნთები? გტაცებ ხელს, აი, ასე... ახლა ასე ხელში აყვანილს მე თვითონ აგიყვან კიბეებზე.
სალომე: გურამ, ნუ მიგყავარ იქამდე, რომ გაბრაზება აღარ შემეძლოს.
გურამი: რომელ კარებზე გინდოდა დაგეკაკუნებინა? ოო, აქ ვინმე კილაძე ცხოვრობს, აქეთ _ ქაშაყიშვილი. მოდი, აქ დავაკაკუნოთ. რას მიძალიანდები, შენ თვითონ არა თქვი დავუკაკუნებო?! მაკოცე ტუჩებში.
სალომე: არა, არა, არ დაგაკაკუნებინებ. ჩამომსვი ქვევით, ღმერთო ჩემო, არა, გეჭირო ეგრე აყვანილი, ახლა ყველაფერი სულ ერთი ხდება ჩემთვის.
გურამი: ისიც, რომ ამ კარებში მარშანია ცხოვრობს? მოდი, აქ დავაკაკუნოთ.
სალომე: როგორ? შენი ხელები მე მიჭირავს.
გურამი: ოჰო, შენც მოგინდა, რომ დავაკაკუნო?!
სალომე: მოიტა შენი ტუჩები, გტკივა თმები, როცა გწიწკნი? ო, გურამ, რას მიშვრები, რას? მე ხომ თავი დავკარგე, ღმერთო ჩემო, ანდრო.
გურამი: ნუ იგონებ ანდროს.
სალომე: ნუ უბრახუნებ კარებს, ანდრო.
გურამი: ნუ იგონებ ანდროს.
სალომე: ანდრო! ანდრეი! ჩემი ქმარი! ეშმაკმა შემაცდინა მე, მე შენ გღალატობ გურამთან.
გურამი: ნუ ყვირი, თორემ ხომ ხედავ, კარები ჩამოვიღე ფეხის რახუნით, რომ ეგ სახელი არ გავიგონო.
სალომე: ანდრო!
გურამი: აჰ, ეგრე! კიდევ ყვირი შენი ქმრის სახელს, ახლა მე მიყურე.
სალომე: არ გინდა, ბიჭო.
გურამი: ანდრო, ძმაკაც, შენი ცოლი ჩემი საყვარელია.
სალომე: ჩვენ ორივე გავგიჟდით, გურამ!
გურამი: ხი, ხი, ხი, აბა, შენ მაჯობებდი, გეგონა?
სალომე: მოიტა კიდე შენი ტუჩები.
გურამი: ჩუუ, ახლა იმათ აღარა სცალიათ, უნდა...
სალომე: რატო?....
გურამი: რო ვაბრახუნეთ, პასუხის გაცემა არ უნდა?
სალომე: გამიშვი ხელი, ვიღაცა მოვიდა კარებთან.
გურამი: არა, ასე მეყოლები აყვანილი.
მარშანია: ჩემთანა ხართ?
გურამი: ქალბატონი სალომე და ბატონი გურამი.
მარშანია: სასიამოვნოა, გთხოვთ, მაგრამ მეშინია, რომ ორივე ერთად ვერ შემოეტევით, მოგიხდებათ გაშლა.
სალომე: უჰ შენი, გურამ, აი თმები.
გურამი: ჩუმად, სალომე,
სალომე: უკაცრავად.
მარშანია: მორჩა, მორჩა, მე ვიცი ბიჭუნების ცელქობა, გთხოვთ ჩემთან ოთახში.
გურამი: უცნაური სტუმრები ვიქნებით, არა?
მარშანია: საკმაოდ, საკმაოდ უცნაური.

/შედიან/
სურათი მეორე

/ისევ ის ქუჩა/

შოთა: აი, ახლა უნდა შოთას ჭკუა, ვუთხრა ანდროს? რას მოვიგებ მე თვითონ ამით? თუ არ მოვიგებ, მაშ ტყუილა ენაჭარტალა რატომ უნდა გავხდე, არადა სალომეს ძუძუები დღე თან დამყვება ქალაქის გახურებულ ქუჩებში, ღამე ჩემს გვერდით ეწყობა ბალიშზე, მეწევა თავისკენ, მერე ქრება და მარტო დარჩენილს მიათკეცებს ჩემს ოთახში ჩამობურულ შიშს.
არა, არ ვეტყვი _
მაშ არ ვუთხრა? არც ამასა აქვს რაიმე აზრი, ვინ გაიგებს ამქვეყანაზე, რომ დღეს, აი, ამ წამში, მე დიდსულოვნება გამოვიჩინე, ორი ადამიანი, შეიძლება სამიც, საშინელ ხვედრს გადავარჩინე.
არა, ვეტყვი, ახლავე გავიქცევი, მაგრამ მაშინ ხომ ყველა იმედსა ვკარგავ. ოო, იმედი არცა მქონია არასოდეს.
... საკმარისია ასე დავაწყო ჩემი ფიქრები, რომ იმედი გამიათკეცდეს.
მაგრამ ეს ენა, ენას რა ვუყო, საიდუმლოს თქმის სურვილის წინ ყველა ვნება ქრება, თვით სალომეს ძუძუებიც სადღაც იკარგებიან, ვკარგავ ლოგიკასაც და მინდა ვთქვა, მინდა ვიყვირო, მე ის ვიცი, რაც სხვისთვის უზარმაზარი საიდუმლოა, რასაც შეუძლია ორი ოჯახი ერთ წამში დაღუპოს, მაგრამ მე ვიცი, ეს სურვილი ხვალვე გამივლის, მერე ვინანებ, გვიანღა იქნება, მაგრამ ცოდნა არა მშველის, ის უკან იხევს, პატარა და სასაცილო ხდება ამ უზარმაზარი ნდომის წინ, რომელიც მომაწვა, რომ ვთქვა ეს საბედისწერო საიდუმლო, ვთქვა ჩურჩულით, ოდნავ უკანდახევით, ხელების ფშვნეტით, ყალბი ხმით: ანდრო, ძმაო ანდრო, სად არის ახლა სალომე? _ როგორ? შენ საქმეზე? ჰო, გურამი ხომ არ გინახავს, ა? რატომ აღელდი! მე ვთქვი, რომ ერთად იყვნენ-მეთქი შენი ნებართვით წასული.
ოო, აღარ შემიძლია, ალბათ, გავგიჟდები, რომ ვინმემ არ გაიყოს ჩემთან ერთად ეს საიდუმლო! აუ, ვინა ხართ აქ ახლოს?
ღამის ყარაული: რა გაყვირებს?
შოთა: იცი, რა მაყვირებს?
ღამის ყარაული: არ ვიცი და არც მინდა ვიცოდე.
შოთა: არ გინდა იცოდე?
ღამის ყარაული: ახლა გაიარე, თორემ დავუსტვენ.
შოთა: ნუთუ შეიძლება, რომ მთელი სხეულით არ გინდოდეს, იცოდე საიდუმლო.
ღამის ყარაული: არ მესმის.
შოთა: ეს კაცი, ალბათ, ყრუ არის ან გიჟია.
ღამის ყარაული: გიჟი მამაშენი იყო, შენ რო გაგაკეთა.
შოთა: იცი, იქ რა ხდება? ამხანაგი იმ ამხანაგის ცოლს, რომელიც საწოლზეა მიჯაჭვული და დღეს-ხვალ მოკვდება, კატა-თაგვობანას ეთამაშება.
ღამის ყარაული: მაგაზეა ნათქვამი: ძმა ძმისთვის, შავი დღისთვისო.
შოთა: ჰო, შენ სწორი თქვი, მეც მაგათი ძმა ვარ და ახლავე უნდა გამოვადგე სამივეს.

/ადის მოსასმენად/

სურათი მესამე

/მარშანიას ოთახი/

მარშანია: თქვენისთანა წყვილი იშვიათად მინახავს, ორივე მაღლები, ორივე ლამაზები და ავსილები ხართ.
გურამი: მე ვატყობ, რომ ჩვენ კარგ ადგილას მოვხვდით.
სალომე: თქვენ გინახავთ ჩემი ქმარი, ანდრეი? აი, ლამაზი ვინ არის, მე კი მაინც ვღალატობ ამასთან ისეთ კაცს. რომ იცოდეთ, როგორ გვიყვარს მე და ჩემ ქმარს ერთმანეთი, ის ერთ-ერთი ულამაზესი კაცია თბილისში.
გურამი: გაჩუმდი, ჩემს სინდისზე თამაშს აქ თავი დაანებე.
სალომე: ის ვერ იტანს, როცა მის გარეგნობას სხვას ამჯობინებენ. აი, მისი სინდისი. მე მხოლოდ ჩემს თავს ვუჯავრდები.
მარშანია: სასიამოვნო საუბარია, მხოლოდ ჩხუბის ტონს ნუ მისცემთ, რომ მეზობლებმა არ გაიგონ, მარშანიამ ხალხი შეიკედლაო.
სალომე: მერე რა, გაიგოს ყველამ, რომ სალომე თავის ქმარს ღალატობს. აღარა მაქვს მე მეტი სირცხვილი. აი, თქვენ თვალწინ ვაკოცებ ისევ გურამს, ის ისევ მზად არის გამომიწოდოს თავისი ტუჩები. ხედავ, ანდრეი, შენს ძმაკაცს.
გურამი: სალომე! გესმის? კიდე სიტყვა ანდრეიზე და შენს თმებს დავიხვევ ხელებზე.
სალომე: ანდრეი, ანდრეი! ხედავ შენს ძმაკაცს, გურამს, როგორ იცავს შენი ცოლის ნამუსს?
გურამი: ო, ეშმაკის გაკეთებულო, აი, მიიღე ჩემი მუშტები.
სალომე: ო, როგორ უყვარს თავისი მეგობარი, ო, როგორ იცავს მის სახელს. ამ სახელის უადგილო ადგილას ხსენებისათვის ის მზად არის მუშტებით გაუსწორდეს ყველას, იქნებ მოკლას კიდეც, ა!
მარშანია: ა, მაშ მე ჩავკეტავ უჯრას, რომ დანა არ ამოიღოს, აქ საქმეები სიყვარულზე რთული ჩანს.
გურამი: გააღე უჯრა, დანა მოიტა, მე დავკლავ ამ ძაღლის შექმნილს.
სალომე: თუ დანა ვერ იშოვა, უეჭველად დამახრჩობს.
გურამი: შენ თვითონ ირჩევ იარაღს, რითი უნდა მოგკლა.
სალომე: ეს ყელი იმიტომ შეიქმნა ასეთი, რომ შენი კოჟრიანი ხელებით დაიხრჩოს - დახ-რჩ...
მარშანია: ო, აზრზე მოდით, რასა შვრებით, კაცო, ვაჟკაცო, სატანის ხმას ჰყვები?
გურამი: ხი, ხი, ხი, ხი, რატომ აღელდით ასე, მასპინძელო, თქვენ გგონიათ, რომ მე მართლა დავახრჩობ ამას?
სალომე: მაგას არ ეყოფა მაგის გამბედაობა.
გურამი: ხი, ხი, ხი, გამბედაობა მარტო ამას ჰყოფნის, რომ თავისი ქმრის სახელი ახსენოს, იყვიროს.
სალომე: თითქოს, ასე მოქმედებს ეგ შენზე!
გურამი: მოქმედებს? იცი, ახლა შენ რა თქვი?
მარშანია: პირჯვრის გამოსახვა თუ მიშველის, ვის უნდოდა ასეთი სტუმრები შუაღამისას.
გურამი: ნუ ღელავთ, თქვენ, ბატონო ბუკინისტო, არა, ექიმო. თუმცა ექიმი და ბუკინისტი ორივე ერთია.
მარშანია: ბუკინისტო?
გურამი: იმიტომ გეგონათ დავახრჩობდი, წიგნებში რომ ახრჩობენ ასეთ დროს ერთმანეთს. თქვენ, ალბათ, ბევრს კითხულობთ.
მარშანია: ზუსტად იმდენს, რამდენსაც ბუკინისტები, მხოლოდ სათაურებს. თქვენ ისეთი გაბრაზებული იყავით...
გურამი: მერე რა, აი, ახლა ვწევ პაპიროსს.
მარშანია: ჯანმრთელობაში, ჯანმრთელობაში, როგორ შეეძლო მას მართლა თავის ქმრის სახელი ეხსენებინა.
სალომე: თქვენ ვერ გაიგებთ მაგას, ვერც შენ, გურამ!
გურამი: ნეტა, მართლა ეგრე იყოს, მაშინ მართლა დაგახრჩობდი და თეატრალურ მიზანსცენას არ გავითამაშებდი ტყუილად, ნახევრად გაბრაზებული.
სალომე: შენ გესმის ჩემი.
გურამი: ჰო, ლამაზო, სალომე.
სალომე: გმადლობთ, გურამ, მართლა გმადლობთ, შენ იცი, როცა ხმამაღლა მე თვითონ ვყვირი ჩემი ქმრის სახელს, თითქოს ფარდა ეხდება ჩემს დანაშაულს და საიდუმლო, მავნე ხმები აღარ მეძახის ყურში: მოღალატე, უნამუსო, ანდროს მოღალატე. მათ მაგიერ ერთი ხმა ისმის, ჩემი ხმა, და მხოლოდ ამითი ვფარავ იმ პატარა, მჩხვლეტავ, უსიამოვნო ხმებს. უმწეო ავადმყოფი მაინც არ იწვეს ლოგინში...
გურამი: თუმცა მე მესმის შენი, სალომე, გეყოფა ამდენი ლაპარაკი.
მარშანია: ორივეს ესმის ერთმანეთის. უცნაური იქნება, თუ გაგიგებთ თქვენ, ორივეს, ქმარი და ამხანაგი, ანდრო, არა?
გურამი: ისევ ანდრო? არა, ნუ გეშინიათ, მე არ ვიწევ თქვენზე. რა უნდა გაეგო მას _ ის, რომ მის ცოლთან ცხოვრობს მისი ძმაკაცი? სასიამოვნო მოსასმენია ქმრის ყურებისათვის და, ალბათ, არც მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომ გაებედა ამისი თქმა მისთვის პირდაპირ, და როცა ვფიქრობ, რომ ეთქვა კიდეც, თითქოს ამითი ჩემი ცოდვა შემცირდებოდა, რომლის საზღვრები უსაზღვროა. მე ეს მჯერა გულით, მისთვის ყველანაირ დანაშაულს ავიტანდი, ოღონდ, გიჟივით, წონას ჩემი დანაშაულისას ხელში ვერა ვგრძნობ. ცოდნის წინ იზრდება ლტოლვა, სიყვარული სალომესადმი, რაც არ ამცირებს ჩემსა და ანდროს შორის მეგობრობას და ხანდახან, როცა მას ვესაუბრები, მინდა გავაღო პირი, ვიცი, რომ საბედისწეროდ, ოღონდ მაინც, და ვუთხრა: ანდრო, ბიჭო, მე და სალომეს ერთმანეთი გვიყვარს, დიდი ხანია ერთადა ვართ. მე ახლაც გიჟივით ვხედავ, როგორ დგება ამ სიტყვების მოსმენის შემდეგ ის ფეხზე, მთელი სახე უღიმის, გულით ნასიამოვნებია, მეხვევა, მკოცნის. ო, ზურგი ამითამაშდა, ისეთი შეგრძნება მაქვს, თითქოს დანა ჩამარტყა ვიღაცამ მოხვეული ხელით.
შოთა: მე თქვენ ყურს გიგდებთ ჭუჭრუტანიდან, გამიღეთ კარები... ოჰო, უცებ შუა ოთახში აღელვებული სახეები. მე, მე მინდოდა მეთქვა, რომ ხო, დიახ, მე თქვენ ყურს გიგდებდით, მე მოვისმინე ყველაფერი, მე ეს ვიცოდი დიდი ხანია, დღეს იყო ბოლო წამი, მე აღარ შემეძლო არ მეთქვა, თქმა მომაწვა ყელში და მახრჩობდა, მე წავიდოდი ანდროსთან, ვეტყოდი ყველაფერს, მაგრამ როგორ ვუთხრა ავადმყოფს, ლოგინად ჩავარდნილ კაცს ეს უბედურება. ჯობდა თქვენთვისაც, ვინც იცოდით ყველაფერი, იმისთვის მეთქვა.
გურამი: ო, მამაძაღლო, თვითონ გაები შენგანვე დაგებულ მახეში, მახეში ვეღარ გასძელი, რომ არ გეყვირა. /ეცემა/
შოთა: გურამ, გურამ, მე არ მინდა, ჯერ არ მინდა.
მარშანია: ო, ღმერთო ჩემო, ჩემს ოთახში.
სალომე: გურამ, რას შვრები?
გურამი: მოუჭირეთ, ჩემო თითებო, ამ მურტალ ყელს, სულ მაგრა და მაგრა, რომ ვეღარასოდეს ერთი სიტყვაც კი ვერ ამოგორდეს მყრალი, სიშმორით გაჟღენთილი.
შოთა: /ხიხინით/ გურამ, ნუ მახრჩობ, ეს ჩემი ბრალი არ იყო, მე შენთან დამნაშავე არა ვარ, მე მიყვარდა სალომე. ეს შურია, მხოლოდ შური.
გურამი: ხი, ხი, ხი, შურია მაშ ეგ? ეს კი მაგ შურისთვის შურისძიებაა.
მარშანია: მე მილიციას დავუძახებ, ღმერთო ჩემო.
სალომე: გურამ, რას შვები, ნუ იღუპავ თავს მაგ მურტალის გულისთვის.
შოთა: ო, მახრჩობს, ო, დედა...
სალომე: გურამ, ლამაზო, გურამ, ძვირფასო, მე ვკოცნი შენს ტუჩებს, შენს ყელს, შენს ხელებს, იქნება ჩემი ძუძუების ვნებით დავახრჩო შენი სიხელე, ჩარგე ამ ანთებულ ძუძუებში შენი სახე, ესენი დაგამშვიდებენ შენ.
გურამი: მე ძალას ვკარგავ, მოაშორე ეგ ძუძუები.
შოთა: ო, ყელი, ყელი აღარ მემორჩილება.
გურამი: აი, ამ ძუძუებს უმადლოდე და კიდევ ჩემს უძალობას იმათ წინაშე.
მარშანია: რა შუაში ვარ მე, მოხუცი ბუკინისტი, ექიმი, აქეთ მოიწი, ყელს გადაგიხვევთ.
შოთა: ორი წამის წინ კი შეიძლებოდა მე დავეხრჩვე.
გურამი: სალომემ გიხსნა, ამას უმადლოდე.
შოთა: სალომემ მიხსნა?! არა, მაგან დამღუპა. მე, როგორც ლეკვი, დავდევ მას უკან, რომ მარტო ყნოსვით მაინც მისი არომატი შევიგრძნო და იმითი დავტკბე.
სალომე: ჩუმად იყავი, უღირსო, ენაჭარტალა.
შოთა: მერე რა, ენაჭარტალას არ შეუძლია სიყვარული?
გურამი: როგორა ბედავ ჩემ წინ სიყვარული აუხსნა სალომეს?
შოთა: მომისმინეთ ყველამ, მე ხომ გისმენდით ჭუჭრუტანიდან, სიბნელიდან. თქვენ აქ ამბობდით ყველაფერს, რისი თქმაც კი შეგეძლოთ, სალომეც კი მთელი ხმით ყვიროდა თავისი ქმრის სახელს, მე კი უნდა მეთმინა. არავინ იყო, ვისაც შეეძლო ჩემთვის მოესმინა, ღამის ყარაულს ვუთხარი, როცა მეტის მოთმენა აღარ შემეძლო, და იმან გიჟად ჩამთვალა; ერთი გზა დამრჩა, რომ თქვენთვის მეთქვა და მე ვერ გავუძელი ამ ცდუნებას. გურამმა ხომ თავისი პირით თქვა, ცოდნის მიუხედავად, ვერა ვგრძნობო, როგორ შეიძლება ანდროს ეწყინოსო მართლის მოსმენა. ჩემი ცოდვა ხომ ათჯერ ნაკლებია, ეს ლეკვის ცოდვაა, რომელიც პატრონს დასდევს და ხანდახან წკმუტუნებს. და აი, მე მეგონა, რომ თქვენ ყველას გაგიხარდებოდათ... მაპატიეთ, მე წავიდე?...
გურამი: არა... ჩვენ ყველანი ერთად წავიდეთ.
მარშანია: გმადლობთ, რომ გვიკადრეთ და სტუმრად მოხვედით.
გურამი: შენ დაგავიწყდა და მე ისიცა ვთქვი, ანდროს მოხვევის შემდეგ ზურგში დანის ჩარტყმა ვიგრძენი-მეთქი.
შოთა: არა, მე ეგ არ დამვიწყნია, მე ახლაც ვხიხინებ, ჩემს ყელს ახლაც ეტყობა შენი თითები.
გურამი: ნუთუ არა აქვს ამ კაცს თავმოყვარეობა.
შოთა: აქვს, ოღონდ დამალული, ან შეიძლება მართლა სულაც არა აქვს.
მარშანია: ღამე მშვიდობისათ!
გურამი: ო, ჩვენ ისევ შენს ოთახში ვდგავართ?
მარშანია: დგახართ, დგახართ.

/გამოდიან კიბეებზე/

შოთა: იცი, მე შენ ძალიან მიყვარხარ, სალომე.
სალომე: მაინც როგორ ბედავ?
შოთა: მე მივაღწევ, რომ შენც გიყვარდე.
სალომე: ჩუმად, დაგავიწყდა გურამის თითები?
შოთა: პირიქით, არაფერი მე არ მავიწყდება.
სალომე: გურამ!
შოთა: ო, გთხოვ, ნუ ეტყვი ნურაფერს.
მარშანია: როცა გინდათ, მაშინ მობრძანდით, გურამ.
გურამი: გმადლობთ ყველაფრისთვის.
შოთა: სალომე, დაიხსომე, მე გავიმარჯვებ, იმდენად მართალი ვარ ჩემს სიყვარულთან.
სალომე: გურამ!
გურამი: ახლავე... ამ დღეებში შემოგივლით.
შოთა: ო, გთხოვ, სალომე, ჩუუუმად.
გურამი: რა იყო?
სალომე: /შოთას/ უ, შე მართლა ლეკვო, არცა ღირს შენზე ლაპარაკი, /გურამს/ მომხვიე შენი ხელი მხარზე, ცოტა შემცივდა.
მარშანია: მე წავალ, დავიძინებ.
შოთა: დიდი ხანია შენი ძილის დრო იყო.
მარშანია: რა მითხარით?
შოთა: არაფერი, ღამე მშვიდობისა გისურვეთ.

/სადარბაზოში, დაშორების შემდეგ/

შოთა: აი, ბედნიერი და თვითკმაყოფილი ხალხი. ცოლი ქმარს ღალატობს, ის ამხანაგს ატყუებს, მე კი, უბედური, ლეკვივით დავდევ ამ ბოზს და მის ღიმილს ველი, რომელიც რაც უფრო იგვიანებს, უფრო მახელებს.
მაგრამ მე მჯერა, ჩემსას მივაღწევ, ბოლოს და ბოლოს. რითი ვარ მე მათზე ნაკლები, ბედნიერებით? _ სრულიადაც არა. მე რომ თავს ვიმცირებ, ეგ იმათ სიბრიყვეზე ლაპარაკობს და არა ჩემს დაბალ ბუნებაზე. ეს, უფრო სწორად, ჩემი ცხოვრების ბრძოლის ხერხია. ვინ პირდაღებული, ვინ პირმომუწული, აქა-იქ ჩაკრული სიტყვებით... სამაგიეროდ, ის ჩაკრული სიტყვა თავისში იტევს მთელი სიჩუმის დროს დაგროვებული სათქმელის სიმძიმეს.
აი, თავის გამართლება. ადამიანი კი მხოლოდ იმიტომ ცხოვრობს, რომ როგორმე თავისი არსებობა გაამართლოს _ თვითგამართლებისთვის. მაშ ვინ წამართვა მე ამის უფლება? საკმარისია ჩავარდე შენს ყველაზე ბუნებრივ ფორმაში, რომ თავი ბედნიერად და პატიოსნად იგრძნო და რამდენიც არ უნდა თქვა ხმამაღლა, რომ ეს ასე არ არის, შინაგანი ხმა მაინც მშვიდია, იმიტომ რომ შენი სინდისია წმინდა. აბა, ჰკითხონ იმათ თავიანთ თავს ან თქვენ თქვენს თავს, პატიოსნება მხოლოდ ჩვენი შესაძლებლობის მაქსიმუმია, ხოლო ვინც სხვისი შესაძლებლობით ზომავს, ის ყოველთვის უკმაყოფილოა და, წარმოიდგინეთ, ბოროტიც ხდება საკუთარი თავის მიმართ _ ეს კი ყველაზე დიდი ცოდვაა, რადგან შინაგანად უკვე გეზიზღება მთელი კაცობრიობა. აი, მე დავწყნარდი. აბა, თქვით რამე თქვენ, სხეულით ბედნიერებო, რომ მე მტყუანი ვარ, ა? ამ წამში მე შევასრულე ჩემი მისია და გავიმართლე თავი, მაგრამ მეყოფა ეს სხვა წუთებში?
როგორც გინდა იყოს, მე მირჩევნია, რომ სხვებმა იფიქრონ ჩემზე ცუდი, ვიდრე მე ვფიქრობდე მათზე ცუდს _ თავის მოტყუება ჭეშმარიტებით ამაზე მეტად არ შეიძლება _ და თუ ასეა, მაშ წადი, შოთა, და ყველა ხერხით ეცადე სალომეს დაპყრობას. გაუშვი, იფიქრონ შენზე ცუდი, შენ ხომ, როგორც ნამდვილ ქრისტიანს, ისინი მაინც გიყვარს...
რამდენიმე თქმით და უმნიშვნელო თავის მობეზრებით, კაცს შეჯავრდები, რა თქმა უნდა, მაგრამ თუ ეს გრძელდება წლობით, ყოველდღე, ყოველ წამს, ვისზედაც მიგაქვს იერიში, მას თავბრუ ესხმის, ეჭვები იპყრობს და თუ პირდაპირ უხეშად არ შეეჯახები, დრო როცა გავა, ყველაფერს გითმობს...
გურამი: /შოთაზე, თავისთვის/ ხო არის ხალხი, არაფერს ცუდს არ აკეთებს და მაინც არ გსიამოვნებს.

სურათი მეოთხე
/საბილიარდო/

მარკიორი: ყოველღამე დილამდე, ყოველდილა ღამემდე, კარგით, რა.
I მოთამაშე: ყოველღამე 500 მანეთი გვერდზე ჯიბეში, ჯერ მარტო ჩვენგან.
II მოთამაშე: დილით ორი მაგდენი, ვისთან გადადის, დუპელ ვ უგოლ.
მარკიორი: ფული იმიტომ მინდა, რომ ვიცხოვრო, არა? კაცურად დრო გავატარო.
II მოთამაშე: შარი ამოიღე, მაგდენი გცოდნია, შენ, კაცო, მეცნიერი ყოფილხარ, გეტყობა.
მარკიორი: მაინც რომ ვერ ვეშვები ამ ფულს?!
მაყურებლებიდან: ნახე, რა, შენც ადვილი მოსაშვები.
მარკიორი: მე მეცნიერი კაცი არა ვარ, მაგრამ ზოგჯერ ისე მეჩვენება, თითქოს ჩემი სინდისი ამ ფულში ჩადის და რაც უფრო მეტი ფული მაქვს, მით მეტი სინდისი მემატება.
მაყურებლიდან: მაშ, შენ ახლა, სულ ცოტა, მილიონის სინდისი გექნება.
მარკიორი: აბა, მილიონი სად მექნება.
II მოთამაშე: პირდაპირ მეორეთი, ჰა, გამოტყდი, შენ სახელზე ვურტყამ.
მარკიორი: აფიორა, მაიტა ორასმანეთიანი, შენგან თუმანს ავიღებ.
II მოთამაშე: მიდი, დაარტყი, დავკარგე თუმანი...
მარკიორი: პირდაპირ მეორეთი...
ბიჭებიდან: ვაა, ჩავარდა.
მარკიორი: შენთვის მიჩუქნია თუმანი.
II მოთამაშე: კაცო, ჩემთვისაც გეჩუქნა.
მარკიორი: მაიტა, შენთან აფიორა, შენგან 100 მანეთი, ჩემგან 1000 მანეთი.
II მოთამაშე: აიღე.
ბიჭები: ახლო მოდით.
მარკიორი: დუპელ ვ უგოლ... მიჩუქებია ასი მანეთი.
II მოთამაშე: უცებ არ გაგვამდიდრა ორივე!
მარკიორი: 110 მანეთის ზარალი ვნახე ორ წუთში. აბა, მე მილიონს ვინ მომცემს?
ბიჭები: სხვა ზარალი ნუ გენახოს.
მარკიორი: ვაჰ, 110 მანეთი განა რამეა, განა ეგ რა ფულია... მით უმეტეს, ნაღდი ხომ არ მიმიცია, ან ეგენი რისი მომცემები იყვნენ, მაგრამ მაინც ეწყინება კაცს, რომ იქნებ შეიძლება ჩემი ყოფილიყო, აი, ახლა სულ ჯიბე მეწვის, ხასიათიც დაიკარგა; მორჩით, დავხუროთ.
ბიჭები: მა ეს ფული სად წავიღოთ, თუ არ წავაგეთ.
II მოთამაშე: ერთი გაფიცებ, ეგ როგორ თამაშობს, ა?
მარკიორი: თუ ეგრე განაგრძო, დაღუპავს თავის მამას, აი.
ბიჭები: ჰე, ჰე, ჰე... მამას დაღუპავს.
მარკიორი: ფულს მე მოგცემთ, ოღონდ წადით.
II მოთამაშე: ჯერ მაიცა, კაცი მოვიდეს.
ბიჭები: ჰო, ჯერ გურამი არ მოსულა.
მარკიორი: ვაა, აი კიდე ერთი ხათაბალა.
II მოთამაშე: ძალიან გადავარდა, აი, გოგოებში.
ბიჭები: ფული იმათშია.
II მოთამაშე: პირდაპირ აფიორა.
I მოთამაშე: აიღე აფიორები. შენ გოგოებთან ნახე, დღეში 1000 მანეთიანია.
ბიჭები: ფული იმათშია.
მარკიორი: იმ დღეს 100 მანეთი მესესხა, ერთ ქალიშვილთან იყო.
ბიჭები: გოგოს ფული უნდა.
მარკიორი: ახლა ვისთან არი?
II მოთამაშე: ვახ მე, სულ არ წავაგე!... ვისთანაც არი, არი. მორჩით, რა.
I მოთამაშე: ერთი ისეთი გოგოა, მაგას რო სიყვარული შეეძლოს, შეუყვარდებოდა.
მარკიორი: ოღონდ ფული დააძროს, ცივ ქვაზე რომ დასვა, ფულს გააკეთებს.
ბიჭები: ფული იმათშია, ძუძუების შიგადაშიგ.
გურამი: სმენა! გამარჯობათ.
ბიჭები: გამარჯობას გისურვებთ, ამხ...
მარკიორი: რა ჩინი აქვს, კაცო?
ბიჭები: ქურდი და პოეტი.
გურამი: კი!
მარკიორი: რომელში?
გურამი: ოთხივე კუთხეში მიყოლებით, ზედიზედ.
ბიჭები: გაუმაზე.
მარკიორი: 100 ასზე, მეც ხასიათზე მოვედი.
გურამი: აჰა, ასი მანეთი, თავი დამანებე.
მარკიორი: აი, საღოლ!
ბიჭები: სად იყავი?
გურამი: გოგოებში.
ბიჭები: ფული იმათშია.
გურამი: მოდით ახლო.
მარკიორი: მეც მოვიდე?
გურამი: ყველაზე ახლო.
მარკიორი: ლექსი უნდა თქვა?
გურამი: ჯერ არ მოგისმენია.
მარკიორი: ვა, ქურდებში პირველი პოეტი ხარ, როგორ არა.
გურამი: დღეს ისეთ გოგოსთან ვიყავი, უუჰ! ყველაფერი თავის ადგილზე ჰქონდა.
ბიჭები: ვა, ფული იმათშია.
მარკიორი: ფულს იქით მივცემ, შენ ნაშა მიშოვე.
ბიჭები: ვა, კიდე შეგიძლია?
გურამი: ხვალვე მოგიყვან. ჩამომეცალე, მარკიორო, მაგიდასთან ლექსს ამბობს უზარმაზარი უსაქმური, ქურდი და პოეტი.
ბიჭები: გურამ, გურამ, მიდი, გურამ!
გურამი: დილიდან ღამემდე ბილიარდს თამაშობთ,
როგორ არ გრცხვენიათ,
გარეთ გამოდით, გოგოებს შეხედეთ.
_ რა უზრდელები არიან ეს ბიჭები,
როგორ არ რცხვენიათ, როგორ არ რცხვენიათ!
ბიჭები: ვახაახააა... შაირით იწყებ?
გურამი: მე შაირი არ მინდოდა, არც ძალად გითქმევინებიათ ჩემთვის.
ბიჭები: მიდი, მიდი.
გურამი: არყის ფული.
I: 25.
II: 50.
III: 30.
IV: 15.
გურამი: უარყოდ ლექსები ვის გაუგონია?
მარკიორი: აბა, გავარდი.
II მოთამაშე: ხუთ წუთში აქა ვარ.
გურამი: რა გვაქვს ახლა ჩვენ, ბიჭებო?!
ბიჭები: სურვილი.
გურამი: რა გვაკლია?!
ბიჭები: არაყი.
გურამი: ხი, ხი, ხი, არაყი, არაყი გვაკლია ჩვენ, გესმით თქვენ, ხალხო! ეს საფეხურია, რომლის იქითაც ბედნიერი კაცი ტირის და უბედური იცინის. არაყი წინა საფეხურია საფლავისა, არა, საფლავზე მეტია. აქ, სიცოცხლეშივე, სწორდება დიდი და პატარა, ღარიბი და მდიდარი, მაღალი და დაბალი სული. თუმცა შეიძლება იყო მთვრალი უარყოდაც, ისე, როგორც მე, თავის მოტყუებით. ა! მაშ, რა არის არაყი, თუ არა თავის მოტყუება?! არა, არაყს ერთი უპირატესობა აქვს: შეგიძლია სხვას აჩვენო ცარიელა ბოთლი იმის ნიშნად, რომ რაც შიგ იყო, შენ დალიე, ხოლო სანამ არ დაგილევია, მთვრალი მაინც არა ხარ, არ გითვლიან. რა გვაკლია ჩვენ, ბიჭებო!
ბიჭები: არაყი!!!
გურამი: რა გვაქვს ჩვენ, ბიჭებო!
ბიჭები: სურვილი.
მარკიორი: ახლავე იქნება არაყი.
გურამი: გამოცანა შენ გერგება, მარკიორო, ოცდახუთიანი ჩემზე იყოს, ვალად ჩამიწერე.
ბიჭები: ხი, ხი, ხი, გამოცანა შენ გერგება, მარკიორო.
გურამი: რა გვაკლია ჩვენ?
ბიჭები: არაყი.
გურამი: არაყი მოიტანეს.
ბიჭები: არაყს გაუმარჯოს!
გურამი: ყველაფერი გვაქვს ახლა ჩვენ: ფული, არაყი, მარკიორი, კიები საჩხუბრად და ბილიარდის ბურთები ერთმანეთის თავში სათხლეშად, ბილიარდის მაგიდა საცეკვაოდ.
ყველაფერი გვაქვს ჩვენ. ხელები... ხედავთ ჩემს თითებს? ამ თითებში მილიონი პატიოსნებაა, ეს თითები ათასჯერ სცემიან სხვას ყელში და დაუხრჩვიათ მათ ოდესმე ვინმე?!
ბიჭები: არასდროს.
გურამი: უქნიათ მათ ოდესმე ცუდი?
ბიჭები: ისინი აკეთებენ უდიდეს საქმეს.
მარკიორი: ისინი აცლიან სხვას ჯიბიდან ფულს.
გურამი: ხი, ხი, ხი.
ბიჭები: აცლიან არყის ფულს.
ერთად: გაუმარჯოს არაყს!
მარკიორი: ისინი წერენ ლექსებს.
გურამი: ისინი წერენ ლექსებს.
ბიჭები: ისინი ქურდობენ და წერენ ლექსებს.
მარკიორი: არ შეიძლება ლექსის მოპარვაც?!
ბიჭები: ხი, ხი, ხი.
გურამი: შენი შანსის ამბავია.
ბიჭები: ეგ თითები იპარავენ ლექსებსაც.
გურამი: მაშ, ყველაფერს მოპარულს გაუმარჯოს!
ბიჭები: ფულს და ლექსებს.
გურამი: ეს თითები სრესენ იმ ძუძუებს, რომელიც სხვას ეკუთვნის.
მარკიორი: ეგ თითები იპარავენ ძუძუებსაც?!
ბიჭები: ხი, ხი, ხი.
გურამი: ეგ ერთადერთია, რასაც ორივე ხელი ერთად იპარავს.
მარკიორი: ძუძუების მოპარვაც შეიძლება?!
ბიჭები: რისი მოპარვა არ შეიძლება?! ხი, ხი, ხი.
გურამი: მაშ გაუმარჯოს მოპარულ ძუძუებს, მოპარულ ფულს, მოპარულ ლექსებს!
მარკიორი: თქვენი რაღა დარჩა, კაცო, ამ ქვეყანაზე!
ბიჭები: ხელები, რომლებიც იპარავენ ფულს, ენა, რომელიც ამბობს ლექსებს, ტუჩები, რომელიც კოცნის ძუძუებს.
გურამი: და სურვილი, რომელიც გვაიძულებს ყველაფერი ეს გავაკეთოთ. აი, გუშინ მე ერთი გოგოს ფანჯარაზე ავძვერი ღამის სამ საათზე და ერთი ლექსი მოვპარე, რომელიც იმისი ამხანაგისთვის დაუწერია თავის შეყვარებულს; იმ გოგოს ხელით, რომელსაც ლექსი მოვპარე, ზედა ჰქონდა იმ ფურცელს დაწერილი:
`შენ რომ ჩემს ამხანაგს მზერა მოსტაცე,
ნეტა ჩემთვის მოგეტაცა,
შენ რომ ჩემს ამხანაგს აზღუდი შეხსენი
და ძუძუ მოჰპარე,
ნეტა ჩემთვის მოგეპარა.~
გურამი: როგორა ვცდილობთ ჩვენ, რომ ყველაფერი უხამსი გავხადოთ, თითქოს გვეშინია, რომ პატიოსანი ვიყოთ, ამაში სენტიმენტალობას ვხედავთ.
მარკიორი: ვა, ვა, თვითონ ნდომებია.
ბიჭები: აბა, თვითონ კაცს რო არ უნდოდეს, ვინ რას წაართმევს.
გურამი: მე რომ ფულს ვაცლი,
იმიტომა ვარ ქურდი.
მე რომ ლექსის მოპარვა მინდა,
იმიტომა ვარ პოეტი.
მე რომ ღამე, სამ საათზე, სხვის
ფანჯარასთან ვზივარ,
შეყვარებულიც იმიტომა მქვია.
მარკიორი: აბა, შენ ყოფილხარ!
გურამი: მაშ, ხმა რომ არ მაქვს, სიმღერა ვეღარ მითქვამს.
ბიჭები: ჩვენ რომ სიმღერის თქმა გვინდა,
მომღერლებიც იმიტომა გვქვია.
ყველანი ბნელაში დაბმული,
ერთად: თივით სავსე თავლიდან
ასფალტიან ქუჩაზე,
ნალებით დაჭედილი,
გალესილი რქებით,
გამოვარდნენ ხარები.
გურამი: მარკიორო, კიები! მე მოვარჯულებ ხარებს.
ყველანი შუაში გაიყო ქუჩები,
ერთად: მილეწა რკინის კარები,
ხალხი უყურებს, იძახის,
ღვთის რისხვაა თუ ხარები.
გურამი: თფშ, თფშ, თფშ.
ყველანი კედელთანა დგას გურამი,
ერთად: კედლისკენ მირბის ხარი,
ალესილი რქებით.
მარკიორი: ბიჭო, კიით რას უზამ ხარებს?
ყველანი საწყალი ხარები.
ერთად: კედელში დატოვეს
თავისი რქები,
გურამი დგას და იცინის.
ურქებო ხარები...
გურამი: მარკიორო, ხედავ ამ კიებს?
აი, ასე დავლეწავ რკინის კარებს.
მარკიორი: ვახ, ჩემი კიები!
ბიჭები: ხა, ხა, ხა, ხა.
გურამი: ვალი ჩაწერე: კიდე ორი კი და ეს ერთი ბურთიც, გზაზე ვინმეს ფანჯარას ვესვრი.
მარკიორი: ვა, შარია!
ბიჭები: წავედით, წავედით.
მარკიორი: ოღონდ აქედან წადით და ღამე მშვიდობისათ!

სურათი მეხუთე

/ქუჩა. მარტო გურამი/

გურამი: საით მიდიხარ ახლა, ჩემო უღვინოდაც მთვრალო თავო. რამდენი ხმაური იყო და რა სიჩუმეა უცებ. ალბათ, ჩქარა უნდა გათენდეს, მე კი სულ მივდივარ და ვერ მივაღწიე ჩემს სახლს. უსიამოვნო შეგრძნება მიპყრობს მარტო დარჩენილს, თითქოს კედლებიდან გამოდის ხალხი, უსხეულო, ბოროტი და გაუსამართლებლად ითხოვს ჩემს ჩამოხრჩობას. ალბათ, სიმთვრალე მომერია, თუ მარტოდ დარჩენილი შიშმა დამჩაგრა?! ისევ, ისევ იმათთან, ხალხთან გინდა წახვიდე, რომ ისევ მარტო იგრძნო თავი, ნუთუ ისეთი მშიშარა გახდი, რომ არ შეგიძლია მარტო დარჩენილმა პასუხი აგო ათას სხვა სინდისებთან, რომლითაც ივსება ეს ქუჩა; არ შემიძლია. ისევ წავალ იქ, ხალხში, და მარტო დავრჩები, მხოლოდ იმათთან ვგრძნობ ნამუსსა და სიმარტოვეს. ისევ ვიმღერებ იმათთან ერთად იმათი სიტყვებით ხმამაღლა და ისევ საიდუმლო, მხოლოდ ჩემი უბგერო ხმა, რომ ყველაფერი ტყუილია, მეც ტყუილი ვარ, ჩემი გართობაც, ამ გართობით მოგონილი თავის შექცევაც გამომყვება უწყვეტი კაკუნით, როგორც სინდისის ქენჯნა, რომელიც ჩემი ბგერიანი ხმის გაზრდასთან ერთად იზრდება. – იქ, ხალხში, მარტოობას კიდევ ავიტან, იქ მე ვტყუივარ, იქ სხვას ვატყუებ, ხოლო აქ, როცა სულ მარტო ვარ და არ ვიცი ვის ვატყუებ, მე მეჩვენება, რომ ჭკუიდან ვცდები. აბა, რომელი ჭკუათამყოფელი მოატყუებს თავის თავს.
ო, რომ ვიცოდე რა ადგილას ვტყუივარ მე, მე დავიფიცებდი, რომ აღმოვფხვრიდი იმავე წამში ამ ტყუილს. მაგრამ მე ვტყუივარ ყველაფერში, რასაც ვაკეთებ და რასაც არ ვაკეთებ, იმაში იმითი ვტყუივარ, რომ არ ვაკეთებ. ნუთუ ასეა ყველა და მეც ვერ ვამჩნევ ისევე იმათ, როგორც ისინი მე ვერ მამჩნევენ... ო, მთვრალო თავო, ნუ იწევ ისევ იქითკენ. მაგრამ ხომ უნდა ვიცოდე მე ვარ მარტო ასე თუ სხვაც ასეა გაორებული, გაათებული.
ვისთან შემიძლია ავიდე ახლა, ამ ღამეს. ჰო, სალომეს დასთან, იასთან, იმას ცალკე ოთახი აქვს. ჰა, ჰა, ჰა, იპოვე, გურამ, მიზეზი? ღმერთო ჩემო, შენ, გურამ, ასეთ გულად ბიჭს, ნუთუ ამდენი ლაპარაკი, თავის მართლება გჭირდებოდა, რომ დაწოლის წინ ერთხელ კიდევ მოგეკლა შენი ხურუში.
თუმცა არა, სერიოზულად, ახლა გადავძვრები ფანჯრიდან იას ოთახში და წყნარად, როგორც დასთან, ისე დავიძინებ მის გვერდით, მეც ხომ ვიღლები საბოლოოდ.

/აძვრება მეორე სართულზე და აკაკუნებს ფანჯარაში/

ია: გადმოდი, გურამ.
გურამი: დილა ადრე მშვიდობისა, ია.
ია: ჩუ, მეორე ოთახში გაიგებენ.
გურამი: რომ მთხოვო, მაინც ვერ ვიყვირებ.
ია: დაღლილი ხარ, ბიჭო.
გურამი: ია!
ია: რა, გურამ?
გურამი: გიყვარვარ შენ?
ია: მე მგონი, გურამ, _ შენ რომ იცოდე რა საფრთხეში ვარ, იქით დედ-მამას სძინავს.
გურამი: მომეცი შენი ხელი, ია.
ია: აჰა, ჩემი ხელი, გურამ, რად გინდა ის?
გურამი: მე დავიღალე, ია, მინდა ზედ დავდო თავი და დავიძინო.
ია: სად იყავი, გურამ?
გურამი: ჰო, ია, შენთვის რაღაც უნდა მეკითხა და აი, დამავიწყდა.
ია: დაიძინე, გურამ, ოღონდ მხოლოდ ერთი საათით, იცოდე. უკვე ჩაეძინა, როგორი მთვრალი და დაღლილია და მაინც რა ჯანსაღი და ბედნიერი ჩანს. ყველა რომ ეგეთი იყოს, ალბათ, უბედური არ იქნებოდა ამქვეყანაზე. როგორ მინდოდა მეც დამეძინა მის გვერდით, ის კი გაიჭიმა მთელ საწოლზე. არც კი მომაქცია ყურადღება, ისე დაიძინა. შეიძლება უსინდისო ვარ, მაგრამ ის ჩემთან ყოველთვის ასე შვრება. ნუთუ ისედაც დარწმუნებულია, რომ გაგიჟებით მიყვარს და ყურადღებას აღარ მაქცევს. გესმის, გურამ, მე შენ ძალიან, ძალიან მიყვარხარ.
გურამი: მესმის, ია, მე ვისვენებ შენთან.
ია: გურამ!
გურამი: ჰო, ია.
ია: რატომ ისვენებ ჩემთან, რატომა ხარ ასე წყნარი. მე ხომ შენ გიცნობ როგორც მოუსვენარს, ყველაზე ცოცხალს და ბედნიერ კაცს, ნუთუ შენც იღლები?
გურამი: მე, ბედნიერ კაცს, ყველაზე ცოცხალს და ბედნიერს... ჰო... ჰო, ასეთიც ვარ. ეს ისე, იქით რომ არ გაიგონონ, იმიტომ გავჩუმდი.
ია: არ გიხდება სიწყნარე, გურამ.
გურამი: არ მიხდება? გოგო, მე ისე, ისე გავჩუმდი, გესმის, რომ სიჩუმის შემდეგ უფრო გეგრძნო როგორ მინდოდა აქ ამოსვლა.
ია: აი, ასეთს გიცნობ შენ.
გურამი: მაშ ვიყოთ ისეთები, როგორებიცა ვართ, გინდა ვიყვირო ფანჯრიდან?
ია: ო, რაც გინდა არ შეიძლებოდეს, მაინც მინდა.
გურამი: გესმით უუუ _ მეზობლებო, მე ია მიყვარს, მე ია მიყვარს.
ია: გადახტი, მოდიან.
ხმა იქითა
ოთახიდან: რა ხმაურია მანდ?
ია: არ ვიცი, დედა, ვიღაცა ბიჭი ყვიროდა ქუჩაში. გადახტი ფანჯრიდან!
გურამი: მინდა, რომ ვინმე შემოვიდეს.
ია: შენთვის არაფერია, მე კი, მე რა უნდა ვუთხრა დედას. ჩუ, ჩუ, აკაკუნებენ, გადახტი ფანჯრიდან!
გურამი: მამაძაღლი.
ია: რა არის?
გურამი: ხედავ, ვინ გაიარა ფანჯრის ქვევით?
ია: კოტემ?
გურამი: ალბათ, მთელი ღამე გვითვალთვალებს.
ია: არა, გვიან, დილით ბრუნდება სამუშაოდან. ჩუუ, ისევ აკაკუნებენ. ახლავე, ვდგები, გადახტი ჩქარა!
გურამი: ისევ იქა დგას, მე არ მხედავს, გადავხტე?
ია: დაგინახავს, უეჭველად დაგინახავს, რა ვქნა ახლა! ო, საცა შენა ხარ, იქ არ შეიძლება ალიაქოთი არ ატყდეს. რა გეცინება, ნუთუ არ არის მდგომარეობა, რომ შენ ჩაფიქრდე, ანდა დაღონდე.
გურამი: მე? ხედავ, ისევ აკაკუნებენ, რას მირჩევ?
ია: აქ დაიმალე, კარადის უკან.
გურამი: კარადის უკან! ჩქარა, მოიგონე სხვა რამე, სულ არ მინდა ძველი თეატრალური ტრიუკის გამეორება შეყვარებულის სახლში, დაშნაღა დამაკლდება და ბატის ფრთით ქუდი.
ია: ისევ აკაკუნებენ.
სალომე: ია!
ია: სალომეა, ჩემი და.
გურამი: მოიგონე რამე ორიგინალური.
ია: არ არის მაგის დრო, ჩქარა. როცა საქმე მოითხოვს, იქ შაბლონი არ არსებობს და ეგ სიტყვაც თავის აზრს კარგავს. გურამ, გთხოვ.
სალომე: ია, ადექი?
ია: მოვდივარ. /გურამი იმალება/
გურამი: /თავისთვის/ აი, მე, დამალული, როგორც უკანასკნელი მამაძაღლი, იძულებული ვხდები ვუსმინო სხვების ლაპარაკს, თუმცა, ეს ჩემს სინდისზე არა მოქმედებს, პირიქით, ოდნავ ცნობისმოყვარეობაც მიპყრობს, ორი შეყვარებული დიდან, რომელი უკეთესი აზრისაა ჩემზე. თუ უცებ გამომლანძღეს წვრილი სიტყვებით? როცა უშვერად და მაგრა გაგინებენ მსხვილი სიტყვებით, მაშინ გულს ხვდება და თითქოს თავმოყვარეობას იკმაყოფილებ, ხოლო, როცა ისე, ზერელედ გაგინებენ, ამას ვერ ვიტან და, ალბათ, გიჟივით გამოვვარდები აქედან, რომ მეტი საგინებელი მივცე: მე ხომ ყოველთვის შიში მიპყრობს, რომ ჩემზე რაიმე უმნიშვნელო შეიძლება თქვან, მაშინ როდესაც მნიშვნელოვანი არასოდეს არაფერი გამიკეთებია. მაგრამ აბა, სცადეთ და ანგარიში გაუწიეთ, როცა სხვისი პირით ისმენთ თქვენს თავზე სიმართლეს. ოჰო, მე უკვე გავერთე ჩემი დაბალი როლით, არის ყველაფერ ამაში, სწორედ აქ დგომაში, რაღაცა საზიზღარი და წვრილმანი. რაც უფრო მეტს ვფიქრობ, მით უფრო უძლური ვხდები და არავითარ ძალას არ შეუძლია მაიძულოს, რომ, როგორც პატიოსანი ადამიანი, გამოვიდე აქედან და, თუ გამოვალ, ხომ არ იქნება ეს უფრო მეტი სისულელე და უსინდისობა, ვიდრე აქ დგომა? მაშინ ხომ სამუდამოდ შერცხვება ია და პირდაპირ ვაწყენინებ სალომეს; მაშ, დავუჯერებ რეჟისორს, რომელმაც ჩემი როლი ასე გაანაწილა _ ვიდგები აქ პირში წყალდაგუბებული და შევეცდები არ ჩავფლავდე, არ შევარცხვინო... ო, რა ადვილი ხდება, როცა ჩვენს გამოუვალ მდგომარეობას სხვა განაგებს და ჩვენ თვითონ ფიქრი აღარ გვჭირდება; როგორ გვიყვარს ადამიანებს გულზე მოშვება, თავის ნუგეში და ჩვენი ცოდვის სხვა ვინმეზე გადაბრალება. თუმცა რას ვყბედობ ამდენს _ იჯექი, როგორც ლეკვი, და ყური უგდე, გინდა-არგინდა, როგორც მამაძაღლმა.
ია: როგორ არის ანდრო, სალომე?
სალომე: თითქოს უკეთ გახდა, ახლა ჩაეძინა, მე კი ვერაფრით ვერ შევძელი თვალის მოხუჭვა.
ია: ჩემო სალომე, ამდენი ღამე უძილობისაგან, როგორღაც გაფითრდი... არა, სხვა რაღაც მინდოდა მეთქვა.
სალომე: საწყალი ანდრო, ძლივს ჩაეძინა.
ია: მან ისევ არ იცის არაფერი?
სალომე: აბა, ვინ ეტყვის, რომ დღეს თუ ხვალ უეჭველად უნდა მოკვდეს? და გინდაც უთხრან, აქვს ამას რაიმე აზრი?
ია: როგორ უძლებ ამ დარდს, სალომე?
სალომე: აკი ვერ ვუძლებ ამ დარდს, ია.
ია: წამოწექი ჩემს საწოლზე, თავი დაუდე ცოტახანს ბალიშს, იქნებ ჩაგეძინოს.
სალომე: მე აქ მაგისთვის არ მოვსულვარ, ია.
ია: ჰო, მესმის, შენ ანდროზე დარდი გინდა რომ გამიზიარო.
სალომე: ო, ღმერთო ჩემო, მოკვლა ცოტაა _ ქვებით ჩაქოლვა პატიებაა და ჩამოხრჩობაა თავისუფლება შენი დისთვის.
ია: ჰო, ძალიან იტანჯება ანდრო, დაწყნარდი, მაგ სიტყვებით ხომ ვერ შეუმცირებ იმას ტკივილებს.
სალომე: ო, რომ შემეძლოს ჩემი სხეულით მისი ტკივილის შემცირება, ერთი წამითაც კი არ დავფიქრდებოდი, ისე დავთმობდი, სიამოვნებით, ჩემს უღირს გულს.
ია: დაწყნარდი, სალომე, შენ ხომ ჯერ ახალგაზრდა ხარ, უნდა აიტანო დარდი ანდროზე.
სალომე: როგორ თქვი? ახალგაზრდა? ხო, ხო, მე ახალგაზრდა ვარ, ძალიან ახალგაზრდა; უფრო მეტად კიდევ, ახალგაზრდა სინდისის მქონე.
ია: რატომ აბრალებ ბუნების უსამართლობას შენს სინდისს?
სალომე: ჩემს სინდისს? ის, რომ სხეული და ვნება მეტი მომცა ბუნებამ, ვიდრე სინდისი? ეს გინდოდა გეთქვა?
ია: შენ ანდროზე აღარ ლაპარაკობ.
სალომე: იმაზე? აღარ. ის მოკვდება, ვიცი, მაგრამ მე ვრჩები უსინდისო, ამ ქვეყანაზე საწამებლად, რომ მომაკვდავ ქმარს საწოლის უკან ვღალატობდი.
ია: სალომე?!
სალომე: ო, გთხოვ, ნუ მაჩუმებ. ისევ მეცა ის შეუკავებელი და გამოსულმა იმის საძებნად, მხოლოდ შემთხვევით შემოვიხედე შენს ოთახში და აქ შენთან სიტყვებით მინდა დავღვარო მთელი ჩემი ვნება და ეს დაღვრა ორჯერ მეტია, ვიდრე ღალატი, რადგან აქ სინდისსაცა ვგრძნობ და ვნებასაც, ხოლო იქ მარტო ვნებაა და სინდისი სასაცილო, არასაჭირო სიტყვად იქცევა ხოლმე.
ია: შენ ღალატობდი ავადმყოფ ანდროს?
სალომე: ო, შენ ეს გიკვირს?
ია: სალომე?!
სალომე: მე ეს მტანჯავს, აი, აქ გულს, ტვინს მწვავს, შენ კი როგორც ჭორს, ისე იღებ და ისე ნაზად მეკითხები, თითქოს ათას ერთი ღამის ზღაპარს ვყვებოდე.
ია: დაწყნარდი, სალომე!
სალომე: მე აქ ამისთვის არ მოვსულვარ, ვტყუი, ია, ყველაფერს და მაპატიე, თუ მე მხოლოდ ყვირილით შემიძლია დაწყნარება, რადგან ჩემს სხეულს მხოლოდ ყვირილი ესმის და სინდისი მხოლოდ ხელსა მკრავს იქითკენ, რომ გონება დავკარგო.
ია: სალომე, დაო, გთხოვ, მოდი, გაკოცო ან მოგეფერო. მე შენი მესმის და მაპატიე, თუ შენთან ერთად მეც არ ვყვირი, მე ხომ გაცილებით სუსტი ვარ შენზე, მაგრამ აქ, სიღრმეში, მეც ისე ვიწვი, როგორც შენ.
სალომე: ო, ნეტავ შემეძლოს მეც ეგრე ვიწოდე წმინდად, როგორც შენ.
ია: არა, მე ცოდვილი ვარ.
სალომე: შენ მომაკვდავი ქმრისთვის არ გიღალატია. ნუთუ შეუძლია ადამიანს სამმაგ ცოდვას და ერთ სურვილს ისე გაუძლოს, რომ საკუთარ დასაც კი არ უთხრას.
ია: მოყევი, ყველაფერი თქვი, ჩემო სალომე, განა არ იცი, რომ ერთნი იმიტომ ჩნდებიან ქვეყნად, რომ მეორეებს უსმინონ და თანაუგრძნონ და თუ მე არ ვყვირი, ალბათ, ნაკლები მაწუხებს დარდი, უფრო სწორად, ჩემში ცოტაა განცდა ზოგადად, ხოლო თავშეკავება ამქვეყანზე ყველას, ალბათ, ერთნაირი გვაქვს.
სალომე: შენ მართალს ამბობ და როცა განცდა სჭარბობს ამ საერთო თავშეკავებას, მაშინ ვყვირით. მაგრამ რატომღაც სიჩუმესა ვგრძნობ გულის სიღრმეში, თითქოს დავწყნარდი, ალბათ, იმიტომ რომ პირველობა აქამდე დაგითმე და უსიტყვოდაც ჩემი გაიგე.
ია: ნუღარ მოჰყვები ნუღარაფერს. მე შენი მესმის და გამართლება არ შემიძლია, თუმცა შენს ადგილას, შენი სურვილებით, მეც, ალბათ, მასვე გავაკეთებდი და მეც, როგორც შენ, არავინ არ გამამართლებდა.
სალომე: ეს ყველაფრი გამართლებაზე უფრო მაღლა დგას. არა, მაღლა კი არა, უფრო წინა დგას. აქ სიტყვა მაღლა ჩემს მდაბალ ქცევას არ მოუხდება, მე მინდა გითხრა ყველაფერი, სულ, სულ ბოლომდე.
ია: /თავისთვის/ ღმერთო, რატომღაც მეშინია ბოლომდე რომ თქვას, ნეტავ არ მოჰყვეს.
სალომე: მოვყვე იმიტომ, რომ მერე უფრო ვიტანჯო.
ია: ნუ, ნუ მოჰყვები, მე არ მინდა, რომ შენ შემიჯავრო, ჩვენ ხომ ვერასოდეს ვერ ვაპატიებთ იმ მეგობარს, ვინც ჩვენ, ნაცემს, სისხლი მოგვბანა და გვითანაგრძნო, ვინც თავისი თვალით მოწმე იყო ჩვენი სისუსტის.
სალომე: ო, ღმერთო ჩემო, რამდენი რამე შეიძლება ამქვეყანაზე რომ სწორი იყოს, გარდა იმისა, რასაც ყოველი ჩვენგანი ყოველ წამსა გრძნობს ღრმად, დაფარულად და, იტყვი თუ არა მას, რასაცა გრძნობ, იმავე წამში იმავ გრძნობისთვის ტყუილად იქცევა და სათქმელი კი საიდუმლოდ თავისთვის რჩება. ო, რომ შემეძლოს, ვიყვირებდი, რომ მე... გინდა იცოდე? ვიცი, რომ გინდა, მაგრამ თქმის შემდეგ ეს ნდომა არნდომად იქცევა და საიდუმლოს გაგების შემდეგ იტყვი: ნეტავ, არ მცოდნოდაო.
ია: ჰო, ჰო, მინდა და ათასჯერ უფრო ძლიერ, ვიდრე შენ გგონია, ოღონდ მაგ ნდომისთვის გთხოვ, რომ ნუ იტყვი. /თავისთვის/ ღმერთო ჩემო, ნუთუ ის არის. როგორ ისწრაფის გული, რომ ჩქარა სიმართლე იცოდეს და როგორ ეშინია ჩემს არსებას მისი მოსმენის.
სალომე: არა, არ ვიტყვი. დე, უფრო მეტად გაიზარდოს ჩემში ეს ტანჯვა და ის, ვინც მისი მოზიარეა, ჯერ ჩრდილში დარჩეს, რომ არ გაიყოს ჩემთან ერთად სინდისის ქენჯნა. /გურამი ჩუმად გამოდის და ფანჯრიდან ხტება/
ია: ო, ნუღარ მტანჯავ, დაო, სალომე.
სალომე: შენც იტანჯები?
ია: ჰო, შენთან ერთად.
სალომე: მაშ მე წავალ და მეცოდინება რომ ვიღაცა ჩემი დარდების მეასედს მაინც გულით ატარებს. /თავისთვის/ ნეტავ შემეძლოს იმავეს თქმა ყოველთვის და ყველგან ერთნაირად უდარდელ გურამზეც. /გადის/
ია: ღამე მშვიდობისა, სალომე. ო, გათენებულა. ღამის ნათურა თავის შუქს კარგავს. გურამ! გურამ! ვეღარ გაუძლო, ალბათ, ჩვენს ჭორებს, ქალურ ლაპარაკს და დრო იხელთა გადასახტომად, ან იქნებ... ო, ეს ეჭვი, რომელიც მეცა ჩემი დის პირველივე სიტყვებიდან, ახლაც მაწვალებს. იქნებ... მაშ რად გაიქცა. თუ არ სინდისმა, სხვამ რამ აიძულა გაქცეულიყო. მე ხომ ვიცი, რომ ეგეთ კაცსაც კი აქვს სინდისი, მე კი, ლაპარაკს ვერ გაუძლო-მეთქი ვიფიქრე. არა, საიდან... ისე კი გვანან ჩემი და და ეგ ერთმანეთს, ორივეს რაღაც ერთნაირი აქვს ისეთი, რაც სხვას ატყუებს, ისე რომ თვითონ არც კი იციან ამის შესახებ. მაგრამ მე? მე, მეც ხომ მიყვარს და, მე მგონია, ჩემს დაზე უფრო. მაშ რაღადა ვწევ უკან ამ ჩემ სიყვარულს და ჩემ გულში სალომეს უფრო მეტ უფლებას ვაძლევ, როცა ათასჯერ ნაკლებადა აქვს თავის მდგომარეობაში ამისი ნება. მაგრამ ეგეთი ხალხი, როგორიც ეგენი არიან, ნებართვას არ კითხულობენ. ალბათ, ამიტომ უნებურად... ო, რას ვსულელობ, გურამი ხომ ანდროს მეგობარია... მაგრამ მაინც რაც თითქმის მჯერა, აი, არ მინდა, რომ ეს მჯეროდეს. ჩემს დას, სალომეს, ვუთმობ მის სიყვარულს, როცა მასზე უფრო მეტად მიყვარს მე თვითონ. ჰო, რაღაცა არის მათში, ორივეში, რაც სხვას ატყუებს და აიძულებს, უნებლიეთ, თავისი გრძნობა უკან დახიო.
მე უიმედო წამებულის როლს უფრო კარგად შევეგუებოდი, ვიდრე გამარჯვებული შეყვარებულის...

სურათი მეექვსე

გურამი: და დავრჩი მე უძილო ღამესთან ერთად
მარტო...
რა სიწყნარეა ამ ბნელ შუკაში,
თვითონ სასტიკი წყევლის ხმაც კი აქ აღარ
აღწევს,
თითქოს საშინელ სიზმარში ვიყავ, ოფლში
გაღვრილი,
რომლის შემდეგაც გამოფხიზლება
გაზაფხულივით მოვიდა ჩემთან.
ამ სიწყნარეს, როგორც ზვირთების დაგუბებას,
ისე ვგრძნობ ტანით,
ისევე როგორც ხის კვირტები, წლის ამ დროს,
ჯერ გაუშლელნი.
თითქოს ივსება ეს იდუმალი, სანუკვარი წამი,
ადის ჯებირის გამაგრებულ თავამდისაც კი,
და იქ სიმშვიდე, მიღწეული უკიდურესობამდე,
ინაბება,
და როცა ყველაზე სავსედ გრძნობს ის თავს,
გადავსებული, ზათქით, ღრიალით
უფსკრულისაკენ ეშვება ისევ,
თითქოს იპობა, იპარება იმ სიმშვიდეში,
როგორც სიჩუმე საუკუნეთა, ქულა ნისლებს
მოფარებული,
საბედისწერო ისევ ის კითხვა:
ყოფნა?! არყოფნა?! გაორკეცებით იპყრობს ჩემს
სხეულს,
და ის უნარი წინ აღუდგე, მოუყრუო,
დაუბრმავდე ამ დასმულ კითხვას,
სასაცილო, უსუსური ჩანს იმ დიდ სენთან,
რისთვისაც ტანჯვა შეურქმევიათ მრავალ
თაობათ.
ეს სენი არის ის შემოქმედი, რომლის
უფლებაც
ამქვეყანაზე ჯერ არავის გაუზომია,
რომელიც ყოველს ყოველდღიურად უბრუნებს
კითხვას _
მეც ავადმყოფი, უძლური იმის წინაშე,
როგორც პეპელა, ფრთაგაშლილი, ღამის
წყვდიადში
თავის დამღუპველ სინათლისაკენ, საბედისწეროდ
ვცდილობ მის ცნობას, მის შუაში გავლას.
ხომ შეიძლებოდა მე არ ვყოფილიყავ, არ
გავეჩინე სიცოცხლეს,
მაშინ აღარ იქნებოდა ჩემი ტანჯვაც.
მაგრამ ეს კითხვა, თვალბედითი, აქ არ
ჩერდება,
ერთხელ დასმული, ძირებამდე ლამობს
ჩახდომას:
მაშინ იქნებოდა სხვა, შეპყრობილი ამავე
სენით.
ო, რა კარგი იქნებოდა ეს ჩემთვის,
მაგრამ იქნება ის სხვა, სხვის მაგიერ
შექმნილი კაცი,
სწორედ მე ვარ და მხოლოდ იმიტომ ვიწვი ამ
ცეცხლზე,
რომ ის არ გაჩნდა, ასპარეზი კი მე დამითმო.
მაშ, სად არის გამოსავალი, თუ პირველი
ყოფილა ტანჯვა
და იმას თვითონ შეუქმნია ადამიანი,
მიუცია მისთვის გრძნობა და კაზმული ათასი
სიტყვა,
რომ თავის თავზე ლაპარაკი შესძლებოდა
განსატვირთველად,
რომ ამ განტვირთვით ძველის ადგილზე
ასკეცი ძალით დასწოლოდა ახალი ტანჯვა.
როგორ მაგონებს ეს ჩვენი ცდა მოტყუებულ
ოკეანეს,
რომელიც, პირამდე სავსე მლაშე წყლით,
როგორც ჩვენ სიტყვებს, მოზღვავებულს,
ვუშვებთ ჰაერში
და შევჩივით ჩვენივ გაჩენას,
ისე შესჩივის აორთქლებულ წყალს,
თან აყოლებს გულის ვარამს ლაჟვარდ ცაში,
რომ იქ ის, მის უნებურად, შავ წვიმის
ღრუბლად იქცეს,
და ის ცის ლაჟვარდიც, რომლის ნეტარი
სიმსუბუქეც
ოკეანიდან გაგზავნილი მძიმე ხვედრის
სულ მცირე წვეთსაც კი ძლივს იტანს,
ისიც იმისთვის, რომ მეორე წამსვე ისევე უკან
თავსხმასავით დაუბრუნოს ოკეანეს წვიმის
წვეთები,
როგორც სიმძიმისგან განტვირთვის
უმწეო ცდის დამარცხებული მაგალითი.
კაცნი არიან წარმავალნი.
მეც, თვითონ გურამს, ბევრი დღე, ალბათ, აღარა
მაქვს,
რომ შემეძლოს მთელი სენის ჩემში ჩატევა,
მისი თან წაღება
და განთავისუფლება ჩემი შემცვლელის
ამქვეყანაზე ამ მძიმე განცდისაგან.
მაგრამ პირიქით, პირიქით ვშვრები,
და თუ დაგვწყევლის შთამომავლობა, მხოლოდ
იმიტომ,
რომ ჩვენ ვაღვივებთ ჩვენში ჩასახულ პატარა
განცდას
იმისათვის, რომ სხვას გაორკეცებით
გადავულოცოთ.

სურათი მეშვიდე

/გურამის ოთახი, ბებო მარტოკა/

ბებო: ოხ, შენ, გულო, ამხედრებულო, თვითონ არ იცი რისთვის და ვის წინააღმდეგ. სად დაძრწიხარ ამდენი ხანი, საკუთარ ბებოსაც კი არ აძლევ მოსვენებას, რომ თვალი მოატყუოს შუაღამეს მაინც, და სხვას რა ხეირს დააყრი.
დაგწყევლო თუ დაგლოცო, ღმერთმანი, აღარა გამეგება რა. ყველაზე უვნებელი სიტყვაც კი, რითაც შენ გლანძღავ, გულს მიმძიმებს და წინათგრძნობა უცნაური აღარ მასვენებს მერე მთელი ღამეები.
არა გყავს დედა შენ, არა გყავს მამა, კიდევ კარგი, ბებო მაინცა გყავს, რომ დაგირეცხოს და შუაღამეს მაინც გაჭამოს; ნეტავ არ გყავდეს ეგ ბებო, რომ წიგნი ვერ გასწავლა და უმაღლესში ვერ შეგიყვანა, ნეტავ არ გყავდეს ეგ ბებო, რომ დედაშენს ვერ მოუარა, რომ იმდენი ხანი მაინც ეცოცხლა, სანამ შენ გაგზრდიდა.
ნეტავ, ჩქარა მოგიკვდეს ეგ ბებო, რომ მისი დღეები შენ მოგემატოს. სადა ხარ, ბიჭო, გურამ, ამდენი ხანი.
გურამი: აქა ვარ, ბებო, კარი გამიღე.
ბებო: ღიაა, ბიჭო!
გურამი: მერე არ გეშინია, ბებო?
ბებო: შენზე უარესი ვინ შემოვა, შვილო, აქ, თფუ, თფუ _ ისევ დავიწყევლე. დილა მშვიდობისა, ჩემო ბატონო.
გურამი: ბრაზობ, ბებო?
ბებო: საკრამენტო, კიდევ ბედავ ამდენ ლაპარაკს!
გურამი: მაპატიე, ბებო.
ბებო: მე შენ გაჩვენებ პატიებას, გაიხადე, ახლავე ჩაწექი ლოგინში.
გურამი: ვწვები, ბებო.
ბებო: შენ რა, ცოცხით ცემა მოგინდა?
გურამი: კარგი, ბებო, ბავშვი ხომ აღარა ვარ.
ბებო: მე შენ გაჩვენებ, ვინცა ხარ.
გურამი: ბებო, ვინ შემოვიდა, ა?
ბებო: ვინა?
გურამი: ა, ხომ აგიყვანე ხელში. მოდი ვიმღეროთ, ბებო, სიმღერა.
ბებო: გამიშვი, შე მამაძაღლო, სული შემეგუბა.
გურამი: აი, აქ დაჯექი, ბებო, მე აქ დავჯდები შენ ფეხთით. დაიწყე რა, ბებო, სიმღერა.
ბებო: მაინც მომალბო ამ ეშმაკის კერძმა. რა დროს სიმღერაა, ბიჭო, საცაა გათენდება.
გურამი: ერთად, რა, ბებო, ერთად ვიმღეროთ, მერე უცებ დაგვეძინება.
ბებო: Жил был у бабушки
Серенький козлик.
გურამი და ბებო: Вот как, вот как,
серенький козлик
ბებო: Бабушка козлика
очень любила.
გურამი: а козлик бабушку тоже!
ბებო, აბა ერთად, სხვა ტონში.
გურამი: У Попа была собака
ბებო: თავი მოგვეჭრა მეზობლებში.
/ცეკვავენ, მღერიან/
Попа... собака...
გურამი: შენ უკვე ამოდიხარ, მზეო, გალამაზებული და გამოძინებული ღამის წყვდიადში, მე კი ჯერ არ დამიძინია. არაუჭირს არტისტი გამოვიდოდა ჩემგან. ისევ რაღაცა არაბუნებრივი მწვდა ყელში ამ სიტყვების თქმისას, რომელიც თითქოს გულით წარმოვთქვი. ალბათ, იმიტომ იყო უჩვეულო, როგორც თვითონ ეს სიტყვა `უჩვეულო~, რომ ამ სარდაფში პატარა ფანჯრიდან არც ჰაერი ჩანს და არც თვითონ მზე, მაგრამ რაც გინდა იყოს, ჭუჭრუტანებში შემოსული ეს რამდენიმე სხივი, რომელშიაც აუარებელი თვალით ხილული სხეული დაცურავს, ფიქრსა ჰგავს, რომელიც სადღაც გაშლილი სამყაროს შუიდან გამოგზავნა მზემ, ხოლო ეს ბინძური ოთახი სხეულს მაგონებს, ჭუჭყიან სხეულს, რომელმაც იმ წმინდა ფიქრს ბინა უნდა მისცეს, რადგან ისეთი არაწმინდა ჭურჭლის გარეშე, როგორიც სხეულია, ყველაზე წმინდა სულიც კი არარაობას წარმოადგენს.
რამდენიც უნდა ვიცინო მე ჩემს ჭკვიანურობაზე, მაინც დილის სხივებმა მომანიჭეს მე ეს აზრები თავის გამომჟღავნების და თავის დაცინვის.
მადლობელი ვარ, მზეო, შენი, მთელი არსებით და ნუ მიაქცევ ყურადღებას იმ ჭუჭყიანი სხეულის ხარხარს, რომელიც მესმის ამ სიტყვების თქმის დროს ჩემი სხეულიდან.
ო, შენ დააცხუნე საწყალ ბებიაჩემს, რომელმაც ეს-ეს არის ჩაიძინა. ო, გთხოვ, ნუ აცხუნებ მას თვალებში. ნახე, მზეო, რა გულჩვილი გავხდი მე. მაპატიე, რაღაც არ მინდა, რომ შენს სხივებს რამე ჩამოვაფარო. ჯობია ავიყვანო ბებოს პატარა სხეული და აქეთ, ჩემს საწოლში, გადმოვაწვინო..

მოქმედება II
სურათი პირველი

/მოედანი ზემელზე/

მამები: ეი, თქვენ, ისევ მანდ დგახართ?!
ბიჭები: აბა, სად წავიდეთ?
მამები: დილიდან ღამემდე თქვენ სარჩენად წელი გვწყდება მუშაობაში.
ბიჭები: ჩვენ კი თქვენ მაგივრადაც ვდგავართ აქ.
მამები: გაფუჭდა დროება, მადლობის მაგიერ დაგვცინიან შვილები.
ბიჭები: ეს იმის მაგიერია, რომ თქვენ თქვენს მამებს დასცინოდით.
მამები: რა გათახსირებაა ასე თქმა პირში ყველაფრის.
ბიჭები: ახლა ასეთი დროება დადგა, გამარტივდა ყველაფერი.
მამები: რა დროებაც გინდა დადგეს, ჩვენ მაინც მამები ვართ თქვენი.
ბიჭები: და ვინ უარყოფს მერე მაგას?
მამები: თქვენ, თქვენი საქციელით.
ბიჭები: ჩვენ, ჩვენი საქციელით? პირიქით, ხაზს ვუსვამთ მაგ ამბავს.
მამები: ჩვენ არ ვესხედით მამებს კისერზე, ჩვენ არ ვიყავით ზარმაცები.
ბიჭები: ჩვენ? ზარმაცები? თქვენ გგონიათ, ეგრე ადვილია დილიდან ღამემდე დგომა ერთ ადგილას?
მამები: პასუხი მზად აქვთ, რაც შეიძლება ბრიყვული, თუმცა, აგერ მათი მეთაური, აგერ მათი მასწავლებელი.

/შემოდის გურამი/

ამან გააფუჭა ესენი.
გურამი: მე გავაფუჭე? ამათ განა კიდე გაუფუჭდებათ რამე?
მამები: შენ გყვებიან ისინი, შენ ასწავლი მათ...
გურამი: ჩვენ ყველა ტიტვლები ვიბადებით და გზადაგზა ვიცვამთ გარშემო დაყრილი უზარმაზარი გარდერობიდან იმ ტანსაცმელს, რომელიც ყველაზე უფრო გვიხდება.
ბიჭები: უუუ... საყვირი, სამუშაო იწყება.
მამები: წავედით, რომ თქვენთვის ვიშრომოთ, ნაშრომის საჭმელად მაინც ამოდით საღამოს სახლში.
ბიჭები: საწყალი მამები.
გურამი: სულელი შვილების ხელში.
ბიჭები: შენ რა, ჭკვიანი ხარ?
გურამი: მე მამა არა მყავს, ჩემ საჭმელ ფულს მე თვითონ ვშოულობ.
ბიჭები: ქურდობით?
ბიჭი: მაგას სჯობია, რომ იმათხოვრო.
გურამი: მე მირჩევნია სხვას ვძულდე, ვიდრე ვძულდე კიდეც და ვეცოდებოდე კიდეც.
ბიჭები: ეგ არის ჩვენი ფილოსოფია.
გურამი: /თავისთვის/ ოდნავ მიაშველე ხელი და ყველა საზიზღრობა უცებ პოულობს გზას მათ გულებში და როგორც დამხრჩვალები დამპალი ტირიფის ფესვებს, ისე ეჭიდება ყველა, ლოგიკურ და თუნდაც ბინძურ აზრებს. /ბიჭებს/ რას იტყვით ახალს?
ბიჭები: ახალგაზრდობას გაუმარჯოს!
გურამი: ჩუმად!
ბიჭები: რა იყო, რა მოხდა, ოჰო, ია!
გურამი: სამსახურში მიდის.
ბიჭები: არა, აქეთ მოდის.
გურამი: აქეთ?
ბიჭები: ხი, ხი!
ია: გურამ! თუ შეიძლება, ერთი წამით.
ბიჭები: მინდორში, ბალახ-ბულახში, თავს იწონებდა იაო,
ვარალო, პატარა გოგონიაო.
გურამი: ახლავე, ია.
ბიჭები: ია გაწითლდა ყაყაჩოსავით.
გურამი: ჩუმად!
ია: გურამ, ბოდიში.
გურამი: რისთვის, ია?
ია: მე ჩემი გულისთვის არ გაწუხებ შენ.
გურამი: რატომ გეშინია, რომ შენი გულისთვის შემაწუხო?
ია: არ ვიცი, გურამ, ეგ მერე. ანდრო ცუდად არის.
გურამი: ეგ ვიცი. ალბათ, დღეს ვნახავ.
ია: არა, უფრო ცუდად. მისი სიცოცხლის გაგრძელება კიდე მთელი თვე შეიძლება, წამალი რომ ვიშოვოთ.
გურამი: ვერ შოულობთ წამალს თუ ფული...
ია: არა, წამალი არ არსებობს, არის მხოლოდ შხამი ოპიუმის, რომლისგანაც ის კეთდება. საიდუმლოდ, ერთი ნაცნობი ექიმია, ის იღებს თავზე, შეიძლება განკურნოს კიდეც.
გურამი: ოპიუმი, ოპიუმი მარტო საწყობებშია, მისი შოვნა შეუძლებელია.
ია: ამიტომ მოვედი შენთან.
გურამი: მე რა შემიძლია?
ია: სალომემ გთხოვა. ანდროს გულისთვის, მეც ვიცი, შენ ეს შეგიძლია გააკეთო.
გურამი: ხვალ დილით მოგიტანთ.
ია: ნუ გააკეთებ ამას, გურამ, შენ შეუძლიათ დაგიჭირონ, გესმის?
გურამი: ოჰო, შემთხვევით ეს ექიმი ხომ არ არის? ჩვენკენ მოდის კოტესთან ერთად.
ია: მე გთხოვ არ გააკეთო, სალომემ რაც გთხოვა. ამოირჩიე ახლა, რომელიც გინდა. მე შენი გულისთვისა გთხოვ.
გურამი: სალომე თავისი ანდროსთვის, ანდრო ჩემი მეგობარია, მე შემიძლია ანდროს სიცოცხლე ერთი თვით გავაგრძელო, თუმცა, არა აქვს მაგას მნიშვნელობა, მე ყოველთვის ვარჩევ გავაკეთო რამე, ვიდრე არ გავაკეთო. ამიტომ ვუჯერებ შენს დას.
ია: /გვერდზე/ და, ალბათ, სწორეთ ამიტომ უყვარს ის (თუ ის არის, ვინც მე მგონია) ჩემზე მეტად. მაგრამ ხომ არ შემიძლია საყვარელი ადამიანი ასე გავტანჯო, იქნებ ციხისთვისაც...
ხმა: თუ არ შეგიძლია, არ შეგიძლია მაშ სიყვარულიც.
ია: ღმერთო ჩემო, თავბრუ მეხვევა უძილობისაგან.
გურამი: ისინი იქ დგანან და, მგონი, ჩვენ გველიან.
ია: გურამ, თუ კოტემ გკითხა რაიმე ჩემ შესახებ, უთხარი, რომ ჩვენ ამხანაგები ვართ მხოლოდ. ნუ მიყურებ ეგრე, მე არ შემეძლო ყველაფერი მეთქვა მისთვის, მე არ შემეძლო, ნუ იცინი ეგრე მზაკვრულად.
გურამი: გამარჯობა, კოტე.
კოტე: გურამს სალამი, გაიცანით.
ექიმი: ჩვენ, ჩვენი გამარჯვება.
გურამი: /თავისთვის/ ოჰო, მარშანია! გამარჯობათ, გურამი.
ია: /მარშანიას/ ეს დათანხმდა, ხვალისთვის იქნება.
ექიმი: ნახვამდის.
ია: ჩვენ ერთად წავალთ, ნახვამდის.
კოტე: მე დაგვიანებით მოვალ სამსახურში.
ბიჭები: გურამ, წავედით ქვევით.
კოტე: გურამ, შენთან საქმე მაქვს.
ბიჭები: გურამ, ჩვენ წავედით ქვევით.
გურამი: მოვდივარ ახლავე.
კოტე: გურამ, თითო რაღაც მინდოდა დაგველია.
გურამი: სასმელისთვის სულს გავყიდი. დაგეწევით, ბიჭებო.
ბიჭები: სასმელისთვის სულს გაყიდის.
ბიჭი: და რა ღირს რო?
ბიჭები: ხი, ხი, ხი.
Атаманишка наш любит водку выпивать.
ბიჭები: /იმეორებენ./

სურათი მეორე

/ყრუ ქუჩა. დგას შოთა. შემოდის მარშანია/

შოთა: ეჭვი არ მეპარება, უარი არა თქვა.
მარშანია: ხვალ იქნება თრიაქი, ჰაშიში, ოპიუმი, პლანი, ანაშა _ რაც გინდა, ის დაარქვი.
შოთა: მაშინვე დათანხმდა?
მარშანია: ია ელაპარაკა.
შოთა: აი, ხალხის სისულელე სადამდე მიდის.
უსუსურები, გულჩვილები და სულსწრაფები,
ყოველ წამს, არც კი ფარავენ, ისე უკლავენ
ერთმანეთს სინდისს,
სამართებელს უფშვნიან ერბო-კვერცხში,
გულ-მუცელს სწვავენ საკუთარ დედებს
და ძმაკაცი ძმაკაცს რაღას დაინდობს,
შემდეგ კი, როგორც რეტდასხმულებს მათივ
შხამისგან,
დაინახავენ, ეცემიან როგორც შლეგები
და შემოდგომას მათივე ხელით გადახერხილ
ხეს
შუაზაფხულში, გვალვებისა და უტენობის დროს,
სისხლის ფასად ნაშოვნ წყალს უსხამენ.
მარშანია: ყველაფერი ეგრეა, ხვალ პლანი იქნება.
შოთა: შენ რაღა გიხარია, ბებერო, შენ სადღა დაკარგე სინდისი... თუ არც გქონია ის.
მარშანია: ჩემგან რა გინდა, მე ექიმი ვარ, საღამოს პლანი იქნება.
შოთა: როგორ შეგიძლია, შე ბებერო, ეგრე გიხაროდეს... შენი მოგონილი ოინბაზობის გულისთვის კაცი უნდა ჩასვან ციხეში.
მარშანია: შენ, შენ, შენ არ მომეცი გუშინ იდეა პლანის შოვნის! პლანი იქნება. მე მის მოწევას ციხეში შევეჩვიე. ჩვენ ვეწეოდით, ვეწეოდით და ვიცინოდით, ზოგი ტიროდა, პირიქით, მე კი სულ ვიცინოდი, მერე მარტო ვიღიმებოდი, ხი, ხი, ხი...ახლა ისე ვარ, თითქოს პლანს ვეწევი.
შოთა: ამ საწამლავისათვის კაცის დაჭერაზე თანხმდები, ერთი წამი რომ გაიხარო, ნახევარი ფეხით საფლავში მდგარო, უ...
მარშანია: ნუ იწევ ჩემზე, მე რა, მე რა, შენ არ მომეცი ეს იდეა?
შოთა: მე? მე მაწყენინეს, მე უარი მითხრეს სიყვარულზე და ამ სიყვარულისათვის მახრჩობდნენ, მე რითი ვარ იმაზე ნაკლები ღონით. ვნახოთ ვინ ჭკვიანია, ვის ერგება სალომე, ვნახოთ. ო, უმადურო მამაძაღლო, ერთობი ძმაკაცის ცოლთან, დროს ატარებ და ვერ ამჩნევ შენ გარშემო ისეთ პატარა ხალხს, როგორიც შოთაა.
მარშანია: შენ პატარა ხარ, კაცო?
შოთა: თაგვს კატაზე დიდი არავინ ჰგონია. შენ ჩემი კატა ხარ, შენი სურვილი ნარკოტიკის მიღებისა ისეთი საწინდარია, ისეთი ფიცია, როგორც არაფერი ამქვეყანაზე, თვით საკუთარი შვილის მძევლად დატოვებაზე მეტი. მაშ, მიიღე ნარკოტიკი და მოკვდი შენთვის ნელ-ნელა, რომ მეზობლებმა შენი სიკვდილი შენი მძორისაგან დაყენებული სუნით გაიგონ.
მარშანია: რატომ მლანძღავ მე, მე არ მოვკვდები, შენც არ აკეთებ ამ საქმეს?
შოთა: უ, შე ბებერო, მარტო შენ გაზივარ ახლა ბეჭებზე, შენთანა ვარ გულახდილი მარტო, რადგან მხოლოდ შენა ხარ ჩემს ხელში სიკვდილზე მეტი ფიცით შეკრული. ეგეც თავისებური სიყვარულია, ოღონდ ეს ისეთი წყნარი სიყვარულია, რომლის შესახებაც ყვირილი არ შეიძლება _ ყველას ხომ არა აქვს უფლება იყვიროს. მე აღარ წამოვეგები მეორედ ყვირილის სურვილის სულელურ ანკესზე _ ზოგს ხმა იმიტომ აქვს, იღრიალოს, ზოგს იმიტომ, ჩუმად იჩურჩულოს. ჩემი ხმა იმიტომაა, რომ მხოლოდ ვიფუჩუნო, მით უმეტეს, რომ მაგალითი მიღებული მაქვს. ჰუ, ბებერო ოპიუმის მწეველო, კაცს აჭერინებ.
მარშანია: რატომ ვერ მიტან, განა ორივე ერთად არ ვაკეთებთ ამ ამბავს?
შოთა: /მარშანიას/ რომ საკუთარი სინდისის ქენჯნა თუ გამაჩნია, გულშივე ჩავკლა. /თავისთვის/ როდის ყოფილა რომ ორ მკვლელს ერთმანეთი ჰყვარებოდა, მათ ეშინიათ ერთმანეთის და რომელსაც უფრო ეშინია, ის ადრე მოკვდება. შენ ბებერი ხარ, მე მინდა, რომ ის შენ იყო, რომელიც ადრე მოკვდება.
მარშანია: მე არა ვარ მკვლელი, მე მარტო ვურჩიე იმათ ოპიუმის შოვნა. შენი დარიგებით და ჩემი სურვილით, მართალია. ოღონდ მე არ მინდა, რომ ის დაიჭირონ. უჰუ, უჰუ...
შოთა: მე კი მინდა, იმიტომ რომ მე ოპიუმი არ მინდა. მაშ ასე, მილიციას დავაყენებ თავზე, როცა გამოიტანს საწყობიდან გარეთ; ვეტყვი, მე მომცეს ერთი კოლოფი დასამალად, მერე კი ვიტყვი სალომესთან, რომ მეც მიჭერდნენ და გადავაგდე-მეთქი.
მარშანია: მე კი მოვწევ და მოვწევ.
შოთა: ალბათ, მეც გავსინჯავ გემოს, ოღონდ ეგ მერე. შენ ისევ მარტო ხარ სახლში?
მარშანია: ყოველთვის, რაც დავიბადე. მე ძალიან მიყვარს ყველა, მაგრამ მაინც ძალიან მარტოხელა კაცი მქვია.

/ისმის მილიციელის სასტვენის ხმა/

სურათი მესამე
/მეზობელი ქუჩა/

კოტე: ეე. ეს მესამე ურნა, ბრახ, ბრახ! მე ვარ კოტე, მოდი აქ შენ.
გამვლელი: რა ამბავია?
გურამი: არაფერი, დაუთმე, კაცი დათვრა.
კოტე: დამითმოს, მე ამას ვაჩვენებ.
გამვლელი: ჩამომეხა კოსტუმი, ხელი გამიშვი!
კოტე: სულ ჩამოგიღებ მაგ ყბებს.
გურამი: წამოდი აქეთ, კოტე.
მილიციელი: დაწყნარდით, მოქალაქე, დათვერი _ წადი სახლში, რა.
გურამი: მე წავიყვან.
კოტე: ეგ ვინღა არის! ორი, ორი დაუსტვინე, ერთი...
მილიციელი: შეურაცხყოფას ნუ გვაყენებთ, ჩვენ პატიოსანი ოსი ვართ.
კოტე: ერთი შენი, მე კოტე ვარ.
მილიციელი: ერთად დავაწყნაროთ, შენც მომეხმარე.
გურამი: არ მინდა შენი მოხმარება, წადი, ხომ ხედავ, ნერვები ეშლება.
მილიციელი: ორივეს წაგიყვანთ განყოფილებაში.
კოტე: ვის წაიყვან?
მილიციელი: შენ წაგიყვან, თუ არ დაწყნარდები.
გურამი: ახლავე დაწყნარდება.
მილიციელი: ხელს იკვრევინება.
კოტე: ორივე ყბას ჩამოგაცლი, მე პოეტი კაცი ვარ, გესმის, მილიციელო.
მილიციელი: მე შენ გაჩვენებ.
გურამი: მოიცა.
მილიციელი: მა, რასა მკრავს ხელს?
მილიციელები: რა ხმაური ატყდა ეს, კაცო!
მილიციელი: აი, ეს მამაძაღლი, სახეში ხელს მარტყამს, დედას მაგინებს.
მილიციელები: ესა?
მილიციელი: მაშა, ესა, გააკავეთ ეგეც, ამას ალიყური.
გურამი: რას ურტყამთ, კაცო.
მილიციელი: ჩუმად, შენც მოგხვდება.
კოტე: რას მირტყამთ, კაცო, რა დავაშავე?
მილიციელი: როგორ მოტყდა უცებ.
კოტე: მარტო ვუთხარი, რა გინდათ-მეთქი.
მილიციელი: მარტო მოიგდე მილიციელი, წამოდი ახლავე მილიციაში.
კოტე: მე არ დამიშავებია, კაცო, არაფერი.
გურამი: კარგით, რა, მე წავიყვან, მე მათხოვეთ ეს კაცი.
მილიციელი: ეს პატიოსანი კაცი ჩანს, გავატანოთ.
მილიციელები: ერთიც მიარტყი მაგას.
კოტე: ნუღარ მირტყამთ, რა, წყნარად წავალ, რა, ჩემთვის სახლში, დედას გეფიცებით.
გურამი: მოეშვით, მე წავიყვან.
მილიციელები: თუ ამაზე მეტი შნო არა ჰქონდა შენს ამხანაგს, რას იქაჩებოდა?
გურამი: ჰკითხე, რა ვიცი.

სურათი მეოთხე

/სადარბაზო/

კოტე: ვაჰ, კიდე კარგი არ წამიყვანეს.
გურამი: აბა, კაცო, ძაან დაძვერი, /თავისთვის/ წაეყვანათ სჯობდა შენისთანა მამაძაღლი, მილიციაში ჩაჯდომაც არ შეუძლიათ წესიერად.
კოტე: მე, მე, ხომ იცი, ჩემთვის არ ვთხოვდი, დედას გეფიცები, აი, ყველაფერს გეფიცები, მე, თუ გინდა, ახლავე წავალ, არ მეშინია დახვრეტისაც, მაგრამ აი, ამისთვის, ამ კაკლისთვის ვთხოვდი, რომელიც იამ მომცა ერთხელ. მე პოეტი კაცი ვარ, აღგზნებული, ხომ იცი, როგორ მოქმედებს. არა, შენ არ იცი, მე იმიტომ გეუბნები, რომ შენ იმისი ამხანაგი ხარ, ჩვენ ხომ ვილაპარაკეთ სმის დროს, მე გითხარი შენ, რა კარგი ამხანაგი ხარ იასი. გამიგე?
გურამი: ზედმიწევნით,
კოტე: მე ვერავინ, ვერავინ ვერ მიგებს, მარტო შენ გამიგე, მაგრამ ახლა სულერთია, მე მაინც უნდა გითხრა. ახლა სულ ერთია ჩემთვის ყველაფერი. მე იას გულისთვის არ წავედი მილიციაში, აღარ ვიჩხუბე მეტი, მინდოდა ეს კაკალი მომეცა შენთვის, რომ იასთვის მიგეცა, იმიტომ რომ მე ხვალ თავს მოვიკლავ, მე წავალ აქედან, ნუ ადიხარ მაღლა კიბეებზე, ასე იდექი. აი, ამ კაკალს კბილებში დავიჭერ და შენამდე ხოხვით მოვალ, მე მსიამოვნებს კიბეებზე რომ მივხოხავ, მაღლა.
გურამი: /თავისთვის/ აი, გველი უჭკუოთ. /კოტეს/ მე მესმის შენი კოტე. ძნელია შემოქმედ კაცს სხვამ გაუგოს. ეგ გტანჯავს, ალბათ. მე ერთადერთი ვარ, ვისაც ესმის შენი სულის წვა.
კოტე: სულის წვა, სულის წვა, ჰო გესმის? მე ვიცი, შენ ყველაფერი გესმის. აი, მე შენ წინ ვიჩოქებ ორივე მუხლზე, თავს ვიქნევ, შენს ფეხებს ვკოცნი, რადგან შენ ჩემი გესმის, რადგან მე ია მიყვარს.
გურამი: ადექი, მე გადავცემ ამ კაკალს იას, მაგრამ გთხოვ, ნუ მოიკლავ ჯერ თავს.
კოტე: არა, მე მივდივარ უკვე ამ ქვეყნიდან, მე არ მიმართლებს სიყვარულში.
გურამი: სამაგიეროდ ლექსებს დაწერ უფრო კარგად. ვისაც ყველაფერში უმართლებს, იმას აღარაფერი საქმე არა აქვს ამქვეყანაზე.
კოტე: ა? მართალი ხარ, მაგრამ მე რომ რაღაცას ვამბობდი... მე რომ იმას არ ვუყვარვარ?
გურამი: ადექი, გეყოფა ჩემს ფეხებთან მუხლებზე დგომა.
კოტე: მომეცი, რა, ისევ ეგ კაკალი, მე კიდევ უნდა ვაკოცო მაგას, მერე კი წავალ, სულ, სამუდამოდ წავალ, იას კი დარჩება ეგ სამახსოვროდ.
შოთა: ერთი საინტერესოა, გული აქვს თუ არა მაგ კაკალს?
გურამი: /თავისთვის/ აი, კიდე ერთი. /შოთას/ შენ საიდან?
შოთა: აქ, კოტესთან მივდივარ, მეოთხე სართულზე. კაკალი რომ მოგცა კოტემ ახლა, დავინახე და მე ვიფიქრე, კიბეებზე იმიტომა ზის, რომ კაკლები დაამტვრიოს-მეთქი.
კოტე: შოთა, ძმაო!
შოთა: ამოდი ზევით, შენთან საქმე მაქვს.
კოტე: წავიდეთ, გურამ, შენი იმედი მაქვს.
გურამი: იცოდე თავის მოკვლაზე ფიქრს თავი დაანებე. ალბათ, ყველაფერი გამოვა.
/გადიან შოთა და კოტე/ არც უფიქრია თავის მოკვლა მაგ კატის კნუტს, ძაღლის შობილთან დღენიადაგ რომ ძმაკაცობს. აი, ეგ ორი ღირსეული სამკაული ერთი ბეჭდის. ორივე მშიშარა და მათ შორის ერთი გაიძვერა, მეორე სულელი. საინტერესოა, რომელი იგებს. ალბათ _ სულელი, რადგან თავის ნაკლს თვითონ ვერა გრძნობს და გინდაც მართლა დღესვე ღამით მოიკლას თავი, მაინც მე პირზე ღიმილს მომგვრის და არა ცრემლებს. ეგეთი კაცის ტრაგედია სასაცილოა და ეს კაკალი, ვით სახსოვარი გულის სატრფოსთვის, მისი უმწეო ფანტაზიის გამოგონილი, კვირტში რომ შეჯდეს ისევ უკან და ფესვებიდან გაიპაროს ხიდან მიწაში, ისა ჯობია. უცებ ვიფიქრე, წავუყრუებ-მეთქი, რომ პატიოსნად ვიყო ჩემს თავთან, მაგრამ ამისი ბოლო ეს არის /ამტვრევს ფეხით/.
ახლა კი წავალ, საღამოსთვის შევემზადები.

სურათი მეხუთე

/მარშანიას ოთახი/

მარშანია: რა დარჩენია ჩემსავით მოხუცს,
მარტოხელა კაცს, საფლავთან მისულს,
თუ არა ტკბილად, უფიქრელად დახუჭოს
თვალი,
არც კარგი რამის გაკეთებით იტანჯვის სული,
არც ცუდი აზრი რამე ტრიალებს ჩემს მელოტ
თავში.
ხი, ხი... მხოლოდ ფილტვები გრძნობენ,
რომ ოპიუმი უნდა მიიღოს ჩემმა გონებამ;
როგორც სიზმარი, დიდი ხნის წინ ნანახი და
დავიწყებული,
მოიგონოს ოცნებით თრობა,
სიჭაბუკის ჟამს უღვინოდაც ბევრჯერ განცდილი.
მე რა საქმე მაქვს, თუ ვიღაც ბინძურს
სურდა ვიღაცის ტყუილად დაღუპვა.
მე ვკვდები უკვე და ყველაფერი `ვიღაცა~ ხდება,
მაგრამ ეს ფიქრი შემაშფოთლად რატომ
მომდის, თუ არაფერი აღარ მინდა?
ანდა ამ ფიქრთა შეჩერებას რატომა ვცდილობ,
სიკვდილის სიახლოვისთვის ხაზის გასმით?
ნუთუ მეც შიში მეპარება, რომ დამიჭერენ, თუ
გაგვიგებენ,
ან იქნებ ბიჭი მებრალება.
ო, თქვენ, ფიქრებო, მომწყდით თავიდან,
დამაცადეთ ტკბილად სიკვდილი,
დამაცალეთ, რომ ოპიუმს გავაცნო ჩემი ტკივილი,
მარტოხელა მშიშარა კაცისგან გულის
სიღრმეში დამარხული.
ა! აგერ მოდის ეშმაკის შვილი,
მაგრამ მისი მძორისაგან მოსულ სიმყრალეს
ჰაშიშის არომატი ფარავს.
ო, მარშანია, გცემონ, გლაძღონ, დაგამცირონ,
შენ ხომ უნათესაო, მარტოხელა კაცი ხარ
და შენი სულის მეტმა არავინ იცის შენი
დამცირება, შენი ცვედანკაცობა.
მაშ, მოსწიე ოპიუმი, რომ მანაც აღარ იცოდეს.
ერთდროს მქონდა მეც ნდომა, მინდოდა კაცი
დასაკმაყოფილებლად,
ვიმცირებდი ამისათვის თავს,
ზოგჯერ ჭკვიანი ვიყავი, ზოგჯერ _ პირიქით,
და თავის დამცირება სულ უარვყავი, ისე
შევეჩვიე.
ახლა გამიქრა ყველა სურვილი
და საიდანღაც თითქოს ახლიდან დავიბადე.
ისე მოვიდა ჩემთან ფიქრი,
თუ ეს იყო ყოველთვის და, ნდომისაგან
დაბრმავებული, ვერ ვამჩნევდი.
მე ვხედავ,
ყველაფერს შეგიძლია გაექცე, გარდა ფიქრისა,
რომელიც გიტევს ყოველი მხრიდან,
და რაც უფრო უფიქრელად ყოფილხარ წინათ,
თვით სიკვდილის წინ მით მაგრა გიქცევს თავის
ბრჭყალებში.

/შემოდიან შოთა და კოტე/

შოთა: ვერ მოგიტანე ვერაფერი.
მარშანია: ა?
შოთა: რა იყო, შეგეშინდა, ბებერო?
მარშანია: ოპიუმი ვერ მოიტანე, ოპიუმი...
შოთა: აჰა, მოსწიე...
კოტე: ზის მამაძაღლი.
შოთა: ყველაფერი მშვენივრად აეწყო, ამას უმადლოდე. კოტემ გამოართვა, მერე მე გადმომცა, მილიცია ადგილზე იდგა.
კოტე: ჩემი სიკვდილი უნდოდა, არა?
შოთა: ვერ დავაწყნარე იმის შემდეგ. კაცი შენი ხელით დააჭერინე და კიდე ეჭვი გეპარება?
კოტე: არა, მეშინია, არ გაიგოს.
შოთა: საიდან გაიგებს. აი, მარტო ჩვენ სამმა ვიცით.
მარშანია: აბა, სადა დევს, სადა დევს?
შოთა: ჩემოდანში, გახსენი.
მარშანია: აი, ყალიონი, კიდევ მეორე ყალიონი, მე უკვე ვიწყებ მოწევას.
/ეწევიან სამივენი/
კოტე: მახველებს ამისგან.
მარშანია: ასე მოსწიე, ღრმად, რამდენიმე ნაფაზი ზედიზედ, შეუჩერებლივ.
კოტე: თითქოს სასიამოვნო ჭიანჭველებმა დამირბინეს ტანში.
მარშანია: იფ, იფ, იფ, ნამდვილი პლანია.
შოთა: ხი, ხი, ხი, უკვე გამიჯდა მეც.
კოტე: ხა, ხა, ხა, ა? რა უნდა მაშ გურამს, უნდოდა, რომ მე თავი მომეკლა?
შოთა: არ გახსოვს, გითხრა, თავი არ მოიკლა, გთხოვ-ო? აშკარად გაქეზებდა, აშკარად.
მარშანია: ჩემი ბებერი სხეული სულ გათბა, მე ვგრძნობ, როგორ მიდიან უკან აზრები და უფორმო ოცნება იპყრობს ჩემს არსებას. იქ არ არის ცუდი და კარგი, იქ არის მარტო ჩვენებები.
კოტე: მე მეცინება, რატომღაც მეცინება და არ შემიძლია თავი შევიკავო ამ სიცილისგან _ ხა, ხა, ხა. მე რომ თავი მომეკლა, მე რომ თავი მომეკლა...
შოთა: მაშინ გურამი იცინებდა.
კოტე: ახლა სატირლადა აქვს საქმე, შოთა. კიდევ კარგი, შენ გამაფრთხილე... ხა, ხა, ხა.
მარშანია: ო, ვეღარავის ვერ ვხედავ ამ ოთახში, თითქოს მარტო ლანდები დადიან, ნისლზე უფრო მსუბუქი, ყველა შეწოვასთან ერთად ნისლიც ქრება.
კოტე: ხა, ხა, ხა... მკვდარი კოტე, თავისი ხელით მკვდარი, რა სანახავი იქნებოდა!
შოთა: ისე, ცუდი სანახავი მართლა არ იქნებოდა.
კოტე: ხა, ხა, ხა, მაქეზებდა, მე კი როგორ ვენდობოდი, მე საერთოდ ყველას ვენდობი, ასეთი ბუნება მაქვს, მე პოეტი ვარ და იმიტომ.
შოთა: ამ ხალხს ეგონება, რომ პოეტობა უჭკუობას ნიშნავს. მე მიმადლეთ, თორემ შენი პოეზია ვერ გიშველიდა.
კოტე: მე კი ია მიყვარს, ახლაც მიყვარს, ყველგანაც ვიტყვი. როცა მოვკვდებოდი, ვეღარ მეყვარებოდა.
შოთა: ია? ხი, ხი, იასთან გურამს, ხომ გითხარი.
კოტე: ხა, ხა, ხა, ვიცი, ვიცი, ეგეც შენ მითხარი. გმადლობთ, ძმაო შოთა, შენი გულისთვის მე მეტს გავაკეთებდი, შემეძლო ადგილზევე მომეკლა გურამი, დამეჭერინებინა კი არა.
შოთა: არც იქნებოდი დამნაშავე, იმან კინაღამ თავი არ მოგაკვლევინა, აშკარად გიხსენი.
მარშანია: ყველანი დაიხოცნენ და ქვეყანაზე აღარავინ დარჩა, რომ იგლოვოს, ამიტომ სიკვდილს აღარა ჰქვია სიკვდილი და სადარდებელი არ არის; მიცვალებულები იღიმებიან კეთილად, მათი სახეები ერთდება ერთ სახედ, ერთ დიდ ღიმილად, მე შემიძლია კიდევ ვთქვა, რომ ეს ნისლია, მარტო მე თვითონ გამოვცემ ამ ნისლს და ერთადერთი ცოცხალი ნისლი ვარ სხვა ნისლებს შორის. ყველანი მოდიან ჩემკენ. ისინი არიან უწონო ღიმილები, რომლებსაც არცა სწყინთ არაფერი, არც უხარიათ არაფერი. მარტო მე, მარშანია, მოხარული ვარ, რომ ეს გრძნობა სიხარულის მარტო მე დამრჩა, ცოცხალ ნისლს, რომ არ ეხება ჩემს სხეულს, გარდა ამ დიდი, მშვიდი სიყვარულისა, არაფერი.
კოტე: გესმით, ხა, ხა, ხა, ბებერი უკვე სულ სხვაგან არის.
შოთა: სამაგიეროდ, მე მაინც ვდგავარ აქ, ამ იატაკზე. აბა, ადექი, კოტე, შენც.
კოტე: არ შემიძლია, ვბორძიკობ, ვეცემი, ხა,ხა...
შოთა: მაგრა არ დაეცე, თორემ მოკვდები იცოდე და მეტს ვეღარ გიშველი.
მარშანია: ყველა მოკვდა, კეთილად მოკვდა, არავინ არა გლოვობს, არავინ არა ტირის.
კოტე: შოთა, მომეცი ხელი, ვერა ვდგები ფეხზე.
შოთა: სხვის ხელს ნუ ენდობი, ეცადე შენ თვითონ ადგე.
კოტე: მე სულ ვიშხლართები, თავის აწევაც კი აღარ შემიძლია.
მარშანია: მოკვდა კოტე. ის აღარ იბრაზებს, ის აღარ იცინებს, მარშანია კმაყოფილია, რომ სულ უფრო მშვიდად დარჩება.
შოთა: კოტე მოკვდა და გაშხლართული წევს.
კოტე: კოტე მოკვდა?! მოკვდა?! კოტეს არ უნდა სიკვდილი, კოტე გთხოვთ, ამის მერე აღარ იზამს, ამის მერე მეტს აღარ მოკვდება.
შოთა: ხა, ხა, ხა... მეტს აღარ მოკვდება.
მარშანია: ამ სულელმა მეც კი გამომაფხიზლა, კოტე მოკვდა? ხა, ხა, ხა.
კოტე: ნუ ხარხარებთ, ნუ გიხარიათ კოტე რომ მოკვდა, ის არ იყო, დედა მომიკვდეს, ცუდი კაცი. მერე რა, რომ გურამი დააჭერინა, ეს შოთამ გააბრიყვა, შოთამ უთხრა, გურამს შენი სიკვდილი უნდოდაო... ჰო, აი, აი, მე ავიღებ და ყველგან ვიტყვი, რადგან აი, ამ ხელებს ვგრძნობ, ამ თავს ვგრძნობ. მე ვიცი, რომ მკვდარი აღარ ვარ. მე ყველგან ვიტყვი, რომ კოტე გააბრიყვეს, გურამი მოატყუეს შოთამ და მარშანიამ. ხალხო, მოატყუეს, მოატყუეს!
შოთა: გაჩუმდი, შე მურტალო!
კოტე: არა, ვიყვირებ, რომ მე არ მომკლათ. მე მკლავენ პლანით, მე მათრობენ ოპიუმით, რომ მომკლან.
შოთა: არ ჩუმდები? ეგეც ამ ვირისთავს.
მარშანია: ეგ იტყვის ყველგან, ჩვენ დაგვიჭერენ და ციხიდან ვეღარ გამოვალ. მე, მე მოხუცი ვარ, მე არა ვარ ცუდი კაცი.
შოთა: გაჩუმდი, შე ბებერო ექიმბაშო!
კოტე: არ გავჩუმდები, შოთამ მომატყუა.
შოთა: ოხ, შენი დახრჩობა ცოტაა შენზე. მოდი, ამის შემდეგ კაცს სიკეთე უყავი.
მარშანია: ვინ გიფასებს, ვინ გიფასებს...
კოტე: მიშველეთ, მახრჩობენ!
ხმა გარედან: გააღეთ კარები, ახლავე გააღეთ!
შოთა: სალომეს ხმა არის.
მარშანია: ახლავე, ახლავე!
კოტე: რა იყო, რა მოხდა, ვის ახრჩობენ?
შოთა: ჩუუ, სალომეს ხმა იყო.
სალომე: ანდრო ცუდად არის! ქეიფობთ?
მარშანია: ოდნავ, ოდნავ.
სალომე: სად არის წამალი?
მარშანია: წამალი? ახლავე...
შოთა: ჩქარა, თორემ სალომე იმის სიკვდილს ვერ გადაიტანს.
კოტე: ვერ გადაიტანს, თუ გაიგო, რომ...
შოთა: კოტე?
კოტე: ხა, ხა, ხა.
სალომე: გაჩუმდით ახლავე, თქვე თხიპნია მამაკაცებო, ქალებისგან შარვლის ჩაცმით და მოკლე თმებით რომ განსხვავდებით, რასაც თქვენ თქვენს გრძელ ჭკუას აწერთ. ამას შეხედე, ქალაჩუნა, ახლა ახრჩობდნენ, კიდე იცინის, კისერი მაინც გაიმსხვილე, შე საცოდაო, გველს რომ ჰგავხარ სულით და სხეულით, შოთასგან მაინც ისწავლე შხამის გაშვება შენი ჭიანი კბილით კბენის დროს, შენ, ბებერო ექიმბაშო, ჯერაც არ მოკვდი?
მარშანია: მივრბივარ, მივრბივარ. თუ არ ვიჩქარე ნარკოტიკებით, ციხე არ ამცდება.
კოტე: ო, იას ვკარგავ მე სამუდამოდ.
სალომე: შენ რაღას უცდი?
შოთა: შენ გასვლას.
/გადიან ყველანი/

სურათი მეექვსე
/სადარბაზო, შოთა და სალომე/

შოთა: შენ ჯერ მოიცა.
სალომე: გზას მიღობავ? მე ყველაზე უწინ უნდა გავრბოდე.
შოთა: მომაკვდავ ქმარს რომ სიკვდილის წინ ერთგულება დაუმტკიცო, არა?
სალომე: შენს დაბალ სულს ეგ არ შეჰფერის, რომ პატიოსნება და სიყვარული ერთად გაიგოს.
შოთა: თუ შენ სიყვარულს ღალატს ეძახი, მაშინ მესმის.
სალომე: შენ მართლა ფიქრობ, გზა ჩამიკეტო, პატარა ლეკვო?
შოთა: ჯერ მითხარი, ოჯახის ერთგულო, ვის წირავ ვისთვის, პატიოსნებას სიყვარულისთვის თუ სიყვარულს პატიოსნებისთვის. ქმარს სხვასთან ღალატობ და იმ სხვას ქმრისთვის სასიკვდილოდ ან ხანგრძლივ ციხისთვის მაინც აგზავნი.
სალომე: უფრო გარკვევით ჩამაწვეთე შენი შხამი, ლეკვზე დამპალო.
შოთა: შენი წმინდა სიყვარული დაჭრეს, დაიჭირეს და შეიძლება მოკვდეს კიდეც, თუ დროზე არ უშველა ვინმემ; ამით შოთამ აგაცდინა შენ შენს საქციელს, წამალიც გიშოვა ქმრის მოსარჩენი... დაკმაყოფილდა შენი პატიოსნება?
სალომე: ო, ღმერთო, მე სიყვარული მინდოდა და არა პატიოსნება. მაშ გურამს უჭირს, შეიძლება მოკვდეს კიდეც. ეშმაკმა წაგიღოთ ერთ დღეს ყველანი, თუ ჩემი სიყვარული აღარ იქნება. ნუთუ დაჭრილი ჩემივე ხელით, ჩემი გულისთვის, ის წევს ციხეში და მე აქ ვდგავარ, ამ უასაკო და უსქესო ლეკვთან.
შოთა: მაგ ლეკვს აქვს სქესი.
სალომე: ო, გურამ, შენზე დარდმა მე გამაშეშა და ამასაც ვერ ვგრძნობ, თუ ვისთან ვდგავარ.
შოთა: შენ მასთან დგახარ, ვინც იმ განზრახვის შესრულებაში შენ დაგეხმარა.
სალომე: შენ შენი ხელით დააჭერინე?
შოთა: ჰო, ამ ხელებით, აი, ამ ჭკუით, და ისევე შეუძლიათ, რომ გამოუშვან.
სალომე: მომეცით გონება, რომ რამე ვიღონო.
შოთა: მაგას შენი გონება არ უშველის, მაგას მხოლოდ შენი სხეული უნდა.
სალომე: წაიღეთ ყველაფერი ჩემგან, ჩემი გონებაც, ჩემი სხეულიც, თუნდაც ამას მიეცით, ამ ქვეწარმავალს. ისინი მე არ მეკუთვნიან. წაიღეთ ჩემი პატიოსნებაც, რომლისთვისაც მე მართლა ჯერ არ მიღალატია. მაგრამ მომეცით, სამაგიეროდ ყოველივესი, სიყვარული... ა, შენ გინდა ჩემი სხეული? მოდი ახლოს, მშიშარა თაგვო, მოდი, წაგლიჯე მას შენც შენი წილი. გეშინია? აჰა, მიიღე /არტყამს/. არ მოქმედებს შეურაცხყოფა. რატომ არა ვარ შენზე ძლიერი, რომ მოგახრჩო წიწილასავით.
შოთა: მაშინ გურამი სამუდამოდ იქ დალპებოდა.
სალომე: შემომფიცე ნამუსგაცლილი კაცის სახელით, რომ მე სხეულით გამოვისყიდი იმ კაცს ციხიდან.
შოთა: ვფიცავ იმ ნამუსს, რომელიც მე არ გამაჩნია და რომელიც ასე უხვადა გაქვს შენ.
სალომე: მაშ, რას დგახარ! მე თვით სატანას დავუჯერებ, როცა გურამის თავისუფლებას ისა მპირდება. სულსაც მივყიდი, თავით ფეხებით გადავეშვები უღრმეს ცოდვებში, თუნდაც იმიტომ, რომ გავიგო რას ჰქვია ცოდვა, რომელიც მე არ ჩამიდენია. გურამთან ხომ ეს ცოდვა არ იყო, მასთან მე არ ვგრძნობ დამნაშავედ თავს, მიუხედავად საქციელის საზიზღრობისა. ის გულღიობა და პირდაპირი ვნებათა ღელვა თითქოს გამოგვყოფს ჩვენ ორივეს ყველა ღირსეულ და უღირს მცნებათაგან და ეს შეგრძნება თვით უდიდეს დანაშაულსაც კი არარად ხდის და ეს ტუჩები, მთელი ღამის ალერსის შემდეგ, ჩემი სიყვარულის გამო ოდნავ სირცხვილსაც კი არა გრძნობენ, როცა ანდროსთან იმავ გურამზე, როგორც ოჯახის მეგობარზე, ლაპარაკობენ... აი, აქ დგას სხვა მდაბალი სული, იმავე ვნებით შეპყრობილი, რითაც ჩვენ ყველა, მაგრამ უბრალო ლაპარაკიც კი მის თანდასწრებით მხოლოდ ცოდვაზე, უწმინდურობაზე, საზიზღრობაზე მიმითითებენ. ო, მხოლოდ ამ მდაბალ ვნებასა ჰქვია, ალბათ, დანაშაული, გინდაც ის იყოს ნებადართული, ხოლო შეფარვით, სხვის მოტყუებით, როცა ის მოდის, მაშინ ათასი უმსგავსობა ერთიანდება და მხოლოდ ქალის სუსტ ჭკუას თუ შეუძლია, რომ ყველაფერი ეს აიტანოს.
შოთა: თუ არ აიტანს, ისევე წააგებს.
სალომე: ისევე წააგებს, ჰო, მესმის, ისევე წააგებს. რას წააგებს იმაზე მეტს, რასაც სანაცვლოდ ის მიიღებს. პატიოსნებას? ეს არ მჭირდება, თუ სიყვარული ტყვეობაშია და რაც უფრო ჩქარა გავა ეგ წამი, მით უფრო ჩქარა მოვა მისი ნახვის საათი. რას დგახარ მანდ, შე უბედურო, გეშინია, რომ ახლოს მოხვიდე თუ გრცხვენია? აქ ხომ სირცხვილი აღარ არსებობს?
შოთა: ო, ღმერთებო, არ მესმის მართლა და არცა მჯერა, თუ ჩემისთანა მდაბალ არსებას სხვა ყველას თვალში თავის თავთან იმდენი პატიოსნება ექნებოდა, რომ წლების განმავლობაში ნაოცნებარ წამს ასე უღონოდ შეხვდებოდა. ეს ერთი იყო, რისთვისაც ამდენს ვიღვწოდი და მე მასაც მივაღწიე. რაღა დამრჩება?
სალომე: ჩქარა, გესმის? მე მხოლოდ ცდად ვიქეცი.
შოთა: ო, ქალთა უმადურობავ,
საყვარელი დააჭერინე, ციხეში ლპება, ქმარი გიკვდება
და შენ აქ ჩემთან ღალატობ,
და მას ეძახი, შენს მდაბალ სურვილს,
ცოდვის გაზრდით რომ ათკეცდება,
წმინდა სიყვარულს?
არა, ძალიან ბევრი ველოდე მე,
ყელგამხმარმა წყურვილისაგან, შუა უდაბნოში,
რომ პირველივე ოაზისის დანახვისთანავე,
როგორც შლეგი მას დავეწაფო.
დე, შენც მომეცი მაშინ ფიცი,
შენი მაღალი სიყვარულის სახელით,
რომ აღარ შესვამ იმ ტკბილ შარბათს იმის სხეულის,
რომელიც ჩემი დახმარებით ორი დღის შემდეგ გარეთ იქნება.
და მისი გარეთ გამოსვლის შემდეგ ჩემი გახდები.
სალომე: ჩვენ ვაგვიანებთ.
შოთა: ფიცი მომეცი.
სალომე: ვფიცავ! შენც დაიფიცე, რაც წეღან თქვი, რომ შეასრულებ.
შოთა: მე შენს ფიცს ვფიცავ.
/გადიან/

მოქმედება III

სურათი პირველი

/საგიჟეთი. ექიმის ოთახი/

`გურამ! ოპიუმის საქმე ჩაწყობილი იყო შოთასა და მარშანიასგან, რომლებმაც მე გამაბრიყვეს, მე კი იას პირით შემოგითვალე. მე არ ვიცი, რისი გულისთვის დათანხმდი შენ. მართალია, მე იამ მითხრა, რომ შენ მხოლოდ მოქმედების გულისთვის წახვედი, რადგან გირჩევნია აკეთო რამე, ვიდრე არ აკეთო, მაგრამ მე, თუ მომცემ ნებას, ვიქნები შენი სიყვარულის ძალიან მადლობელი, თუმცა არ მესმის, რა შუაშია აქ მადლობა. დაჭერაში პირდაპირი როლი ეკუთვნის მაგ დოყლაპიას, კოტეს, რომელსაც შოთა გამოგზავნის საგიჟეთში დაკითხვაზე შენ საშველად _ ასეთი პირობა მომცა მე, მაგრამ არ ენდო. რა ვიცი, რა უზით გულში. შენ გამოსვლამდე შოთას მე გავუსწორდები, გინდა გიშველოს კოტემ, გინდა არა. იყო აქ გარკვეული პირობა ჩემგან დადებული შენი გამოყვანისთვის, მაგრამ პირობას ჩემთვის მნიშვნელობა არა აქვს.
სალომე.

P.S. გინდაც მოხდომოდა ეგ წამალი ანდროს, მაინც ერთი-ორი დღით თუ გაუგრძელებდა ცხოვრებას. გმადლობთ შენ, ჩემო შეყვარებულო, სიყვარულისთვის გაღებული მსხვერპლისთვის. იცოდე, რომ მე არა ვარ უმადური და გადაგიხდი.

სალომე.~

გურამი: ა? მადლობასაც წერს,
ო, უმადურო! გურამ, რაზე აგიშფოთდა ისევ სხეული,
ნუთუ სალომეს სიყვარულისგან.
ო, ბოზო, ჩემო შეყვარებულო,
შენ გგონია, რომ მე შენთვის ჩავჯექი აქ,
თუ შენ ფიქრობ, რომ მე, სულელი,
მხოლოდ იმიტომ გავიქაჩე,
რომ ტყუილად ყოფნა არ შემეძლო ბიჭებთან ერთად.
თქვი, გურამ, შენს თავს მაინც უთხარი,
რომ ერთი წამიც ვინმეს სიცოცხლე რაღაცას ნიშნავს
და მერე ვისი? ჩემი ანდროსი,
ვისთანაც ერთად გავიზარდე მე ბავშვობიდან,
იმისი სიცოცხლის ერთი წამისთვის მე გავისარჯე,
ეს ერთი წამი რითი არის მაშინ ნაკლები ას ათას წელზე,
რომელიც სიცოცხლისათვის და სამყაროსთვის ისეთივე უსუსურია,
როგორც წამი, თვალის ჩაქნევა
და ამ მიწაზე ეს ერთი წამი სიცოცხლისთვის
1000 წელსავით ხანგრძლივი არის.
ეს თუ ასეა, აი, ისევ ეჭვმა დამქროლა,
მაშინ რად ვილტვით, ერთი კი არა, ორი წამი მაინც ვიცოცხლოთ
და თან იმწუთში ისე მოვეწყოთ,
რომ კარგად ყოფნა ჩვენი სხვებს შურდეთ,
მე ხომ ეს უსასრულოდ დიდი და ამდენითვე პატარა დრო
მინდოდა მეჩუქებინა ანდროსთვის,
კაცისთვის, ვისთანაც ერთად მე გავიზარდე
_ ის კი, სალომე, თავის სიყვარულს,
თან მოკრძალებით, რომ არ ავღელდე,
ახვევს ჩემ საქმეს, მე კი მხოლოდ ჩემს კარგ კაცობას.
ისევ გავვორდი და აღარ ვიცი როგორ შევატყო,
რომელი უფრო ტყუის ჩვენ ორში,
თუ არ ვტყუივარ, ფაქტი აქ არის,
მე ხომ ზურგში მახვილს ვცემ ძმაკაცს, მაგრამ,
ო, გურამ, შენ თვითონ მაინც თქვი ერთხელ სიმართლე
_ მე ხომ მიყვარს ანდროს სიცოცხლის ის ერთი წამი,
რომლის ჩუქებაც, ჩემი აზრით, მე მოვინდომე,
მაგრამ გონებას, რომელიც მიხურს,
აქ გამომწყვდეულს, გაგრილება სჭირდება, ალბათ... აი, ახალგაზრდა ფსიქიატრი და კარგი თანამოსაუბრე.

/გურამი და ახალგაზრდა ფსიქიატრი, გურამის ნაცნობი./

გურამი: ძალიან გაგიჟებული მოიყვანეს, ძლივს მოათრევს ორი კაცი ქვევით.
გიჟი: გამიშვით, არა ვარ გიჟი!
ახ. ფსიქიატრი: გამარჯობა, ეგეთები აქ ყოველდღე მოჰყავთ.
გურამი: შეათრიეს როგორც იყო, უკან გამოვიდნენ მომვლელები. უცნაურია, ასეთი სატანჯავი სამუშაოა და მაინც ღიმილი უთამაშებთ სახეზე, ლოყებიც ისე დაბრაწვიათ, თითქოს აგარაკზე არიან, თუმცა აქ ისეთი ჰაერია, არ შეიძლება არ მოიკეთო. უცნაურია, რა ჯანსაღად იცინიან ორივენი, უბრალოდ, მშურს, ისე კარგად მიუგნიათ თავისი ადგილისათვის.
ახ. ფსიქიატრი: თანამდებობა შეგშურდა მაგათი?
გურამი: თანამდებობა კი არა, ადგილი რომ ნახეს თავისი ცხოვრებაში და იმ ადგილით არიან კმაყოფილები ან უკმაყოფილოები, ეგ სულ ერთია, მთავარი ის არის, რომ გამოსავალი წერტილი უნახავთ, საიდანაც უნდა შეხედონ ცხოვრებას.
ახ. ფსიქიატრი: გინდა მოგაწყო შენც აქ რამე ადგილზე?
გურამი: ეგ რომ ადვილი იყოს?
ახ. ფსიქიატრი: მე მომანდე.
გურამი: ეგ თანამდებობა? არა, გმადლობთ, ეგ საკმაოდ ბევრია ჩემთვის. სასაცილო იქნებოდა, რომ მანდ მოვხვდე, უფრო სასაცილო, რომ შევიფერო ეგ ადგილი. მაღლა კი, თუნდაც მთავრობის თავმჯდომარედ ან რომელიმე პროფესიის სათავეში რომ მოვხვდე, მე თვითონ შემჯავრდებოდა ჩემი თავი. ხალხი, პატივისცემით და ჩუმი სიძულვილით შეპრყობილი ყველა პროფესიისადმი, იტყოდა: `აი, მოხვდა კაცი თბილ ადგილზე~. ჩვენ ხომ, ქართველებს, ისე გვეზიზღება გულის სიღრმეში ყველა პროფესია... ისინი თავს იტყუებენ ოსტატურად, მე კი ვერაფრით ვერ შევითვისე ეს ტექნიკა.
ახ. ფსიქიატრი: მაშ, რა გინდოდა ან რად შეგშურდა იმათი ჯანსაღი ლოყების, თუ მართლა აურიე საგიჟეთში ყოფნის დროს?
გურამი: შეიძლება, მართლაც, ავურიე, მაგრამ შენ თუ მეტყვი, მე რა მინდა, ან ვინმე თუ მეტყვის, საერთოდ, ჩემი თავის ჩათვლით, მე გადავეხვეოდი მას და სიცოცხლის ნახევარს გავუყოფდი ამ რჩევისთვის, ხოლო მეორე ნახევარს ისე ვიცხოვრებდი, როგორც მან მირჩია.
ახ. ფსიქიატრი: შენ შავნაღველამ შეგიპყრო, როგორც გატყობ, და მართლა დაგჭირდება მკურნალობა.
გურამი: ნეტავი ეგ მაინც იყოს. ოღონდ მიმაგნებინა ჩემი ავადმყოფობისათვის, თუნდაც მას სიფილისი ან კეთრი ერქვას, ჩემი სულის ფსიქოლოგიურ გამომხატველად ქცეული, და მზადა ვარ ახლავე.
ახ. ფსიქიატრი: არა, შენ უეჭველად მუშაობა უნდა დაიწყო. აი, ხომ ხედავ, დარდიც შენზე მეტი მაქვს, ცოლ- შვილი მოსავლელი, სამუშაოც, მაგრამ ვგრძნობ, რომ მაინც კაცი ვარ, რაღაცას ვაკეთებ.
გურამი: შენ მაპატიე, ძმაკაცო, მაგრამ მე შენს ადგილას ისე უბედურად ვიგრძნობდი თავს, რომ მუშაობას თავს დავანებებდი, იმიტომ კი არა, რომ არ მეკადრებოდა თანამდებობა, პირიქით, მეტი იქნებოდა ის ჩემთვის, ისევე როგორც გიჟების სანიტარის ადგილი, ან უფრო პატარა, ყველაზე მცირეც. არ არის თანამდებობა, რომლის ღირსიც მე ვიყო.
ახ. ფსიქიატრი: შენ თუ ეგრე გააგრძელე, გურამ, გიჟის ადგილი არ აგცდება.
გურამი: უბედურება ის არის, რომ შენც იცი, მაგასაც არ მომცემს ჭკვიანი ხალხი.
ახ. ფსიქიატრი: მაშინ ისევ ციხეში მოუხდებათ შენი გადაგზავნა.
გურამი: ეგ ჩემზე იყოს, სამ დღეში სიგიჟის ცნობას ავიღებ და აქედან გავალ.
ახ. ფსიქიატრი: აქ ნამდვილი გიჟები წვანან და 9 ბ-ს იმათ არ აძლევენ.
გურამი: ნამდვილი გიჟები ეგ სხვა ამბავია, ყველაფერს ჭკუა უნდა. მე კი იმდენი ჭკუა მაქვს, რომ სიგიჟის ცნობა მომცენ, ოღონდ ცოტა შენც უნდა დამეხმარო, როცა ჩემს წარსულს გკითხავენ.
ახ. ფსიქიატრი: მაგაში მოუტყუებლად გავიმარჯვებთ.
გურამი: კარგ ხუმრობას გაუმარჯოს, ეგ სულ სხვა საქმეა, ამ დროს სამ მეოთხედზე გავიწყდება, რომ სახუმაროდ არა გაქვს საქმე, თუმცა რატომ, ალბათ, აქაც 1/2-ზე, რადგან იმდენივეა ამ ქვეყანაზე საცინელი, რამდენიც სატირელი.
ახ. ფსიქიატრი: დრო მოვიდა, მე უნდა ჩავიდე გიჟებთან. შუადღის შემოწმების შემდეგ ეზოში გიცდი. შენ იცი, თავს როგორ დაიჭერ.
გურამი: ჩემი თავდაჭერილობის იმედი საწყალ ბებოჩემს არა ჰქონია.
ახ. ფსიქიატრი: სწორედ იმიტომა მაქვს იმედი, რომ რაცა ვთქვით, იმას გააკეთებ. /გადის/

სურათი მეორე

/ისევ საგიჟეთი. ეზო/

ახ. ფსიქიატრი: /შემოდის/ რა ქენი?
გურამი: დღეს შენ გამოგიძახებენ, ალბათ, ხვალ მოგცემენ.
ახ. ფსიქიატრი: ყოჩაღ, არ მეგონა. აი, აქ ორი აშკარა გიჟი დგას, სულ ყვირიან და მაინც არ აძლევენ. რა კარგი განსაცდელია, ოხ, ოხ.
გურამი: ეგ იმიტომ, რომ დირექციას აბრაზებენ, ინვენტარს ამტვრევენ. კიდევ გეუბნები, ეგ გიჟები ჭკვიანად რომ მოქცეულიყვნენ ჩემსავით, მაგ ცნობას უცებ აიღებდნენ.
ახ. ფსიქიატრი: ოხ, ოხ, ხუმრობ და ხუმრობ, შე გიჟო.
გურამი: /თავისთვის/ მე მგონი, ვერც ეს მოახერხებდა სიგიჟის ცნობის აღებას. /ფსიქიატრს/ ასეა, ჩემო კარგო, საქმეები.
გიჟები: მოვდივართ, მოვდივართ!
ახ. ფსიქიატრი: მოდიან, ნახე, მოდიან. ოხ, ოხ, რა კარგი განსაცდელია.
გურამი: მეც შევუერთდე?
ახ. ფსიქიატრი: ოხ, გურამ, შენ მომკლავ სიცილით.
გურამი: მეხი კი დაგაყარე მაგ თავზე.
ახ. ფსიქიატრი: ხი, ხი, ხი, მეხი, მეხი... რა...

/შემოდიან გიჟები/

I გიჟი: ალეეე, ოპ!
II გიჟი: პო, ეეელა...
III გიჟი: /ჯერ გადახტება, მერე იძახის/ ალეეე, ოპა!
I გიჟი: არ ითვლება.
IV გიჟი: აქ გიჟი ხომ არა გგონია ვინმე, რომ გადახტომაში ჩაგითვალოს.
I გიჟი: ვერ ხედავ, რამდენი მოწმე დგას?
II გიჟი: ეგრე იყო, მამუკა,
რაც იხტუნავა, მას უკან.
III გიჟი: კარგით, ალეე ოპ! /გადამხტარი, ადგილიდან ხტება უკან/
I გიჟი II-ს: მგონი, გიჟია, ხო იცი.
IV გიჟი: სიუ, სიუ, სიუ, ჩქარა, ჩქარა!
III გიჟი: ვის, საით, მე კი არ მეჩქარება.
IV გიჟი: ჩქარა, ჩქარა!
III გიჟი: მოჩქარეს მოუგვიანდეს, ვინც დადგა, დააგვიანდა.
IV გიჟი: რას უყურებთ მაგას, ვერ ხედავთ, გიჟია, თავი დაანებეთ.
I გიჟი: აბა, ვინ წინა და ვინ უკანა.
II გიჟი: აბა, ერთად, მე სულ ზევით მინდა.
IV გიჟი: მზე ამოდის, ჩქარა, ჩქარა, წყალს აშრობს და ვაშლი მწიფს.
III გიჟი: სულელები არიან ამხელა ხალხი, ამ შუადღეზე, საუზმის წინ, მაგათ ასაკში რა დროს `ვაშლის ხეზეს~ თამაშია.
I გიჟი: (ხიდან) შენ ასაკში რაღა დროს სიგიჟეა.
III გიჟი: სიტყვას ვერ მოგიჭრის თუ...
IV გიჟი: ერთი თვე, ორი თვე, სამი თვე, ბიჭებო, ბიჭებო, დამწიფდით!
გიჟები: დავმწიფდით, დავმწიფდით.
III გიჟი: პირდაპირ ღვივიან.
IV გიჟი: გრრ, გრრ, ვარხევ ხეს, მწიფე ცვივის, მკვახე ზედ დარჩეს.
/ტყაპანით ცვივიან გიჟები ძირს/
III გიჟი: მწიფე ცვიოდესო, მკვახე რჩებოდესო.
IV გიჟი: ვინ არის მკვახე!
III გიჟი: კარგ მთქმელს კარგი გამგონე უნდაო.
IV გიჟი: /ვარდება თავით/ ეგეც შენ, ვინ არის შენი მკვახე?!
III გიჟი: ახლა კი ნამდვილად დამწიფდი.
გურამი: ეგეთი ღირსეული გიჟი ჯერ არ მინახავს.
IV გიჟი: ისევ ხეზე, სიუ, სიუ, გრრ, აბა, ჩქარა!
III გიჟი: ყველაზე ზევით, დედასთან, ჩემი ადგილია.
IV გიჟი: მოეწყვეთ, ჩამორიგდით ტოტებზე.
გიჟები: მოვეწყვეთ, მოვეწყვეთ, ჩამოვრიგდით ტოტებზე.
IV გიჟი: ცოტა ხანი დამწიფებას დაუცადეთ.
III გიჟი: შენ დაარხიე. ვინც მწიფეა, თავისთავად ჩამოვარდება.
IV გიჟი: გრრ, გრრ.
I გიჟი: მარტო მე ჩამოვვარდი.
II გიჟი: მწიფე იყავი?
გიჟები: არ იყო მწიფე.
II გიჟი: ყუნწი ჰქონდა სუსტი.
I გიჟი: შეცდომით ჩამოვვარდი.
IV გიჟი: ამოდი ისევ.
გიჟები: ამოდი, ისევ ამოდი, ჩქარა ამოდი, თორემ ვღვივივართ..
III გიჟი: Да, Да...
გურამი III გიჟს: ერთი წამით, შეიძლება?
III გიჟი: ზრდილობის ფარგლებში, სიამოვნებით.
გურამი: მაგ ფარგლებში სწორედ, თქვენი სახელი მიბოძეთ.
III გიჟი: მაგ ფარგლებში? ფილოსოფიის ისტორიის და მომავლის დოქტორი. ხი, ხი, თქვენ გგონიათ, რომ ფოიხტვანგერობას ვიჩემებ? არავითარ შემთხვევაში – მიცნობდეთ, ბატონი ვარლამი.
IV გიჟი: მზე აჭერს, საცაა ყველანი მოიწევიან.
გიჟები: ისევ ჩავარდა, ჯერ არ იყო მწიფე, ისე ჩავარდა.
I გიჟი: ისევ ჩამოვვარდი.
III გიჟი: ბატონო ექიმო და თანამოსაუბრე, მაგაზეა ნათქვამი, მწიფეს ესროდნენ და მკვახე ცვიოდაო.
ახ. ფსიქიატრი: ნამდვილად, ბატონო ვარლამ, სასიამოვნო განსაცდელია თქვენი სიტყვები. წავედით, გურამ.
გურამი: სად წავედით, ბიჭო.
ახ. ფსიქიატრი: წამოდი, ბიჭო, აქეთ, გიჟებს ნუ მიფუჭებ.

/ხმები შემოსასვლელიდან/

/სურათი: შოთა და კოტე/

ყარაული: არ შეიძლება მანდ შესვლა, საგიჟეთია.
კოტე: ჩემთვის შეიძლება, მე დაბარებული ვარ დაკითხვაზე საგიჟეთში.
გურამი: გამოუშვით, გამოუშვით, გამოუშვით, მაგისთვის შეიძლება.

/საყარაულოში იცინიან/

კოტე: გურამ, არ მიშვებენ.
ახ. ფსიქიატრი: არცა ხარ ღირსი, ალბათ.
გურამი: არყის ბოთლი ჩაარტყი თავში.
კოტე: ბოთლი სადა მაქვს?
გურამი: მაშ, ისე რას მოდიოდი, შე კარგო კაცო. /ახ. ფსიქიატრს/ ჩემ საქმეზეა დაბარებული მოწმედ.
ახ. ფსიქიატრი: გამოუშვით, ეგ კაცი ჩემთან მოდის.
კოტე: გამარჯობათ, ასეთი ამბავი დამაწიეს.
გურამი: ალბათ, ჭკვიანი ეგონე. გაიცანით ჩემი მეგობარი, ოღონდ გიჟი არ არის.
III გიჟი: კარგად იყავი, მე მასთან საქმე არა მაქვს.
კოტე: გაწვდილი ხელი დამიტოვა, არ მოვეწონე.
გურამი: ეტყობა, მეტოქედ გიცნო, კარგად ბრძანდებოდეთ, ბატონო ვარლამ.
კოტე: ვინ არის ეგ კაცი?
გურამი: ჩვენი მეგობარია.
ახ. ფსიქიატრი: რა ქენით დაკითხვაზე?
კოტე: დღეს გამოირკვევა, ოხ, აქ რა ამბავია?

/გიჟები ტყაპატყუპით ცვივიან ძირს/

IV გიჟი: აბა, ჩქარა, წამოდექით ფეხზე, თორემ დალპებით დაჟეჟილები.
III გიჟი: ნათქვამია, დაჟეჟილს გატეხილი სჯობიაო.
IV გიჟი: /გიჟს ხეზე/ შენ რა, არ დამწიფდი?
გიჟი ხეზე: მე ერთი საწყალი კაცი ვარ და არა ვმწიფდები.
II გიჟი: ჩვენ თუ ვიწევით.
გიჟები: ეგ მარტო ერთხელ მოიწია.
III გიჟი: გიჟები არიან და იმდენი მამაძაღლობა კიდევ აქვთ, რომ თავისთან ერთად სხვასაც მოატეხინონ კისერი, ნახეთ, როგორ შეუჩნდებიან ახლა.
გიჟები: ჩქარა ჩამოვარდი, გინდაც მკვახე იყო.
გიჟი: მე ისეთი მაგარი ყუნწი მაქვს, რომ ვერა ვძვრები ტოტს.
გიჟები: ახლავე დავარხევთ ხეს.
II გიჟი: ჭკუაში გვატყუებს, გიჟები ვგონივართ, დაარხიეთ ხე.
გიჟები: არც ახლა ჩამოვარდები, ისე დაგარხევთ. აი, ასე დავარხევთ, მკვახეც რომ იყო, მაინც ჩამოვარდები.
გიჟი ხეზე: სამი შვილი მყავს.
II გიჟი: მაგრად დაარხიეთ.
გიჟები: ყველამ ერთად.
გიჟი ხეზე: სამი შვილის მამა ვარ, მეშინია, ხელი რომ გავიფუჭო, ოჯახს როგორ ვარჩენ, ჭკუა მე არა მაქვს და...
IV გიჟი: უფრო მაგრად დაარხიეთ.
გიჟი ხეზე: ვეღარც თოხს ვიხმარ, ვეღარც ბარს.
გიჟები: ჩამოაგდეთ ეგ გორსალა.
გიჟი ხეზე: მე თვითონ ჩამოვვარდები, სამი შვილის მამა ვარ.
გიჟები: ხი, ხი, ხა, ხა, დაიმტვრა, გასკდა...
ჩამოვარდნილი
გიჟი: ვაი, ხელი, ვაი, ცოლ-შვილო!
გიჟები: ისევ ხეზე, ისევ ხეზე!
ჩამოვარდნილი
გიჟი: ერთი ისეთი გოგო მყავს, უნდა ყანა გავმარგლო და ქოშები ვუყიდო.
II გიჟი: აქ სავაჭრო რიგი კი არ არის.
III გიჟი: აქ ყანა კი არ არის.
გიჟები: ხეზე, ხეზე ჩქარა, ხეზე!
IV გიჟი: ეს არ ამოდის.
გიჟები: ჩქარა ადი ხეზე!
ჩამოვარდნილი
გიჟი: ერთი ხელი უკვე მოვიტეხე. ორი ბიჭი მყავს, იმ გოგოს გარდა.
გურამი: მერე რა დროს შენი სიგიჟე იყო.
ჩამოვარდნილი
გიჟი: რა ვქნა, აბა.
გურამი: რა ხნისა ხარ?
ჩამოვარდნილი
გიჟი: ბევრი ხნისა ვარ, ერთი ისეთი პატარა გოგო მყავს, ორი საცოლშვილო ბიჭი.
გურამი: მერე მაგ ხნის კაცმა ჭკუა ვერ ისწავლე, რომ აქ არ მოეყვანეთ?
ჩამოვარდნილი
გიჟი: უსწავლელი ვარ, ექიმის მეგობარო.
III გიჟი: მაშ, ეპატიება. მე, აი, დოქტორი კაცი ვარ და მაინც აქა ვარ.
ჩამოვარდნილი
გიჟი: ვაიმე ხელი, ვაიმე წითელო გოგოს წითელო ქოშებო.
ახ. ფსიქიატრი: ხი, ხი, ხელი მოიტეხე, ძია კაცო?
ჩამ. გიჟი: ეჰ, რა არ მოვიტეხე.
III გიჟი: აქლემსა ჰკითხეს, კისერი რადა გაქვს მოგრეხილიო და რა მაქვს რო სწორიო.
გიჟები ხიდან: ჩვენზეა ნათქვამი, ჩვენზეა ნათქვამი.
/შემოდიან მილიციელები/
IV გიჟი: აბა, მწიფე და მკვახე ერთად.
/ცვივიან. გარბიან/
გურამი: ხედავთ, მაგ გიჟებსაც აქვთ ჭკუა.
მილიციელი: შენ და შენ წამოხვალთ, ექიმის კაბინეტში იქნება დაკითხვა /გურამი, კოტე და მილიციელები გადიან/
ახ. ფსიქიატრი: ხი, ხი, ხი...

სურათი მესამე

/ქუჩა საგიჟეთის წინ. შოთა და სალომე/

მილიციელი: ამხანაგო დამნაშავე და ამხანაგო მოწმე, მე ჩემს ვალად ვთვლი, როგორც აქ, საგიჟეთში, მთავრობის წარმომადგენელმა ფეხზე ადგომით ჩამოვართვა ხელი ყველა მოქალაქეს და მივულოცო გუშინ სამყაროში დედამიწიდან ჩვენი მთავრობის მიერ რაკეტის გაშვება.
ახ. ფსიქიატრი: /ხმა გარედან/ ავადმყოფებო, მოგილოცავთ ახალ ერას, მოგილოცავთ რაკეტის გაშვებას, გაუმარჯოს, ჩვენს მთავრობას, ვაშა!
მილიციელი: აბა, ერთად ყველამ, ვაშა!
გურამი: ვაშაა!
მილიციელი: თქვენ რატომ არ ყვირით, ამხანაგო?
კოტე: მე? მე!.. უკაცრავად.
გურამი: ეგ საგიჟეთს არ ეკუთვნის. ეგ გარეთ რომ გავა, მაშინ იყვირებს.
მილიციელი: აჰ, ჰო, გასაგებია... აი, სანამ მე საქმეებს გადავათვალიერებდე, შეგიძლიათ ნახოთ გაზეთები.
გურამი: ოჰო, საინტერესოა, ნამდვილად ასეა. მშვენიერი ფრაზაა, ამხანაგო მილიციელო: `ხალხი ჩვენი სამშობლოს ყველაზე ძვირფასი სიმდიდრეა~, მერე მოდის ძროხის წველადობაზე ლაპარაკი, შემდეგ წერია გენიალური სიტყვები. თქვენი ნებართვით ამოვიკითხავ, თუ შეიძლება: `ძროხა იწველის რძეს, ხოლო ხალხი იძლევა საერთაშორისო რაკეტას~.
მილიციელი: მე ეგ სიტყვები დილითვე ზეპირად ვისწავლე. გენიალური სიტყვებია, რას იტყვით?
გურამი: მაგაზე ორი აზრი არ შეიძლება იყოს. თქვენი აზრით, რომლის მოწველა უფრო ძნელია _ ძროხის თუ ხალხის?
მილიციელი: დღეს ისეთი დღეა, მე ყველა შეკითხვაზე სიამოვნებით ვაძლევ პასუხს პატიმარსაც კი.
გურამი: რატომ, რატომ?
მილიციელი: ამითი გამოვხატავ ჩემს ჰუმანურ აღტაცებას და ვუერთდები მილიარდებს მშვიდობის მომხრეთა ბანაკიდან. რაც შეეხება წველადობას, თქვენ მშვენიერი სიტყვა იხმარეთ დასახასიათებლად. დიახ რომ ასეა, ჩვენ ნებაყოფილობით ვიწველით რძეს რაკეტისათვის, ხოლო ძროხა იძულებით.
გურამი: მოდით ყველანი შევუერთდეთ ამ აღფრთოვანებას, გაუმარჯოს სამყაროს გამკვეთს, გავიდეთ ერთად ქუჩაში.
მილიციელი: რაა?
გურამი: თავისუფლად გავიჭრათ ქუჩებში, ისე როგორც რაკეტა, მე წავედი!
მილიციელი: მოქალაქე, ადგილზე! თქვენ გავიწყდებათ სადა ხართ.
გურამი: იმ ადგილას, საიდანაც გასროლილი რაკეტა დედამიწასაც კი გასცილდა.
მილიციელი: ბალანსისთვის შენ ციხეში ამოგალპობთ. გეყოფათ აღფრთოვანება, ჩვენთვის ცნობილია თქვენი წარსული და ისიც, რომ სრულიად ნორმალური კაცი ხართ. ჩვენთან არ გავა არაფერი, ჩვენ ეს დოყლაპია ფსიქიატრები კი არა ვართ, ვისი მოტყუებაც შეიძლება.
გურამი: ჰო, თქვენ სულ სხვა ხალხი ხართ.
მილიციელი: რა გაგებით თქვით ეგ?
გურამი: თქვენთან სულ სხვანაირად, სერიოზულად უნდა მოიქცეს-მეთქი ხალხი. იმათი მოტყუება კიდევ შეიძლება, მაგრამ თქვენთან სხვა გზა არ არის, ყველაფერს შეგიძლია შემოუარო, გარდა...
კოტე: ამხანაგო მილიციელო, ფანჯრიდან გეძახიან.
/მილიციელი მიდის ფანჯარასთან. გურამი ურტყამს თავში ბოთლს/
გურამი: ჰო, რას ვამბობდი? გარდა ამათი სიბრიყვისა. ასეთი ბოთლი უნდა თავში. გმადლობთ, კოტე, რომ დაუძახე. ოჰო, ერთიც მოკვდა. ეს ნაგანი გამომადგება.
კოტე: გურამ, რა ქენი? მე... მე...
გურამი: შენ რა აზრის ხარ რაკეტაზე, რომელიც იქ, სადღაც გაუშვიათ?
კოტე: გურამ, მე, მე შენ გამოსახსნელად მოვედი აქ, შენ საშველად ყველაფერი მზად იყო.
გურამი: რატომ ღელავ, კოტე, აი, ახლა შენი დახმარება აღარ იქნება საჭირო. რატომ დაკარგე ფერი, კოტე, გენაცვალე. შენ რაკეტის გაშვების ამბავს გუშინვე გაიგებდი, ალბათ, ლექსიც მოამზადე საგაზეთოდ უკვე. გთხოვ, რომ ამ პატივცემულ აუდიტორიას, ერთი ცოცხალი დამნაშავე გიჟის და ერთი მკვდარი მილიციელის დასწრებით, წაუკითხო. ტაშს მარტო მე დაგიკრავ, საწყალ ოპერს მაგისი თავი აღარა აქვს, როგორც ამჩნევ, თუმცა, მე მგონი, ტაშის დაკვრას თავი საერთოდ არა სჭირდება, რას იტყვი, ა?
კოტე: გურამ, მე... მე დამნაშავე არა ვარ, მე შოთამ მომატყუა, მე იმან მითხრა, რომ ჩემი სიკვდილი გინდოდა და გავბრიყვდი.
გურამი: რატომ ღელავ, კოტე, მე შენთან მაღალ თემებზე მინდა ლაპარაკი, აი, პოეზიაზე, რაკეტაზე... კოტე, გენაცვალე, შენ, როგორც გეტყობა, ძალიან უნდა გიყვარდეს ახალი სიმინდის კომბინატი, ამას წინებზე შენი ლექსი წავიკითხე გაზეთში მის შესახებ: `და კომბინატი, როგორც მეტეორი სამყაროსათვის, ერთი წვეთია იმ დიდი ზღვისა, რომელიც აშენებს კომუნიზმს...~ შენც ამ მილიციელის ძმა ხარ, არა? ისიც წეღან ძროხასა და სიმინდზე ლაპარაკობდა, თუ გახსოვს.
კოტე: გურამ, გთხოვ, მე მაგისი არაფერი არა ვარ, მე პოეტი ვარ, გესმის, სულით პოეტი, ამიტომ სუსტი ვარ და სოციალურ ამბებში ვერ ვერკვევი... ო, წაიღე ეგ ნაგანი იქით... მე დამავალეს და გავაკეთე, ეგ ჩემი ბრალი არ არის... დავალებაა, გესმის!?
გურამი: რას ამბობ, კოტე, როგორ არ მესმის, მე სწორედ მაგიტომ არ ვიდებ ნაგანს ჯიბეში, რომ ეჭვი მაქვს შენზე, იქნება ჩემი მოკვლა დაავალეს-მეთქი და, შენ რომ გიცნობ, ისეთი წესიერი და კეთილსინდისიერი ხარ ვალის წინაშე, მეშინია არ აასრულო.
კოტე: მე პოეტი ვარ, მარტო ლექსების წერა შემიძლია. მკვდარი რომ ვიყო, ალბათ, მაინც დავწერ.
გურამი: კოტე, მართლა, კინაღამ უსინდისოდ არ მოგექეცი.
კოტე: ხო, ხო, კინაღამ. აი, ასე, გურამ, ვიცოდი მიხვდებოდი.
გურამი: ნამდვილად მივხვდი. აიღე ის სამელნე ბოთლი, კოტე.
კოტე: ავიღო? ვიღებ, ვიღებ. იქით გასწიე ნაგანი, გურამ, გაგიჟდი, შენ?
გურამი: თანაც ოფიციალურად.
კოტე: გურამ, რას აპირებ?
გურამი: ახლა მოიყუდე და დალიე.
კოტე: გურამ, შენს მუხლებს ვაკოცებ, გურამ, რას აპირებ?
გურამი: დალიე, შენი დედის სული არ იყოს.
კოტე: ო, მაპატიე, ღმერთო, რისთვის ვიტანჯები ასე?
გურამი: დალიე, თორემ მოგკალი, აი ეგრე, დაჩოქილმა, დალიე, მოვიდა ჩემი დრო, ჩემებურად ვიძიო შური ყველა თქვენგანზე, ეგრე, ეგრე სვი, რა? ცუდად გახდი, ტუჩებზე გეღვრება? ო, თუ აღარ შეგიძლია, აი, კალმის წვერი და დააყოლე, დააყოლე ახლავე.
კოტე: ო, ო, მოვკვდი... /ეცემა/
გურამი: ო, მამაძაღლი, იმის მაგიერ, რომ თავში ჩაერტყა ჩემთვის ეს ბოთლი, სულ ჩაიცალა თავის მუცელში და ახლა, პირზე დუჟმორეული, ჩქარა მოკვდება.
რადიოს ხმა: 36000 კილომეტრი დედამიწიდან განვლო რაკეტამ დღე-ნახევარში, მთვარესაც ჩასცდა და ამ სამყაროს სულ მთლად გასცილდა.
გურამი: სულ მთლად გასცილდა?
ნუთუ მოიკლა ხალხმა ვნება,
თუ თვითონ რაკეტას ჰქონდა ეს ვნება,
რომ გაჭრილიყო ატმოსფეროდან
და ათასობით ტანჯული სული
აქ დედამიწისთვის, როგორც
მოტყუებული პირუტყვი,
პირდაღებული გაეწირა
და თვალებაპყრობილთ მაღლა მთვარისკენ,
ჭკუა-გონება სულ დაჰკარგოდათ.
გონება, ალბათ, არასოდეს არცა ჰქონიათ,
მაგრამ გული ხომ ყოველთვის იყო,
რომ სხვა მისთანა შებრალებოდა,
ის რომ იქ არის, ყველაფერს გასცდა,
აქ, ამ მიწაზე, ხომ დარჩა მაინც ჩვენი ცხოვრება,
რომელშიც მე ვდგავარ მარტოკა
და ამ წამებში ჩემი თავი,
ვგრძნობ ფიზიკურად, რომ მეცოდება.
გურამ, გამაგრდი, ჯერ დრო არ არის
და ამ პისტოლეტს შენ საფეთქელთან
ნუ ათამაშებ,
ჯერ ბევრი რამე არის აქ კიდევ გამოსარკვევი,
თუნდაც რისთვისაც ხალხის ფარები
თავ-პირსა იმტვრევს,
რისთვისაც ცდილობს, რომ სხვა იყოს
მის გამგებელი
და თავის გულ-ღვიძლს საკორტნ-საჯიჯგნად
რაღაცა მეტალს უდებს ხახაში,
რომ გამაძღარი ათასი ლეშით, ჯანზე მოსული,
უსასრულობისკენ ის მაინც გაიჭრას,
აი, ამ მიზნისთვის არ დაეძებს ხალხი
თავის მსხვერპლს.
ეს არის მათი, ალბათ, უდიდესი ვნება,
დამალული მათ არსებაში ქვეშეცნეულად,
ეს არის, ალბათ, ჩემი ვნებაც,
მაგრამ მე ჩემი გულ-ღვიძლი
ჩემს თავშივე შევუხამე,
გაძეხი, ბიჭო?
თუ ამ საგიჟეთში ორ მკვდარს შუა მდგარი,
შიშმა შეგიპყრო,
ისევ იმ შიშმა, რომელსაც შენი
თავქარიანი საქციელით
და ბრიყვი ხალხის თვალში ვაჟკაცობის
გამომხატველი სერიებით ფარავ.
გამიძეხი, შიშო, ისევ წინ,
ჩემი შიში კი ისე დიდია
და ისე მეშინია მე მისი,
რომ არასოდეს არავინ მას ვერ შემატყობს,
ხოლო მე ჩემს შიშს მაშინ ვატყობ,
როდესაც ფილოსოფიის ხასიათზე მოვდივარ
და რომელიც მაიძულებს ხალხში ყოფნის დროს მხოლოდ ვიცინო.
წადი და განაგრძე შურისძიება,
იმ შიშისგან გამოწვეული,
რომ შენმა თავმა შენვე მშიშარა არ დაგიძახოს.

/ძვრება ფანჯრიდან/

მოქმედება IV

სურათი პირველი

/სცენაზე მოჩანს ერთდროულად დიდი საყდრის ნაწილი, მერე გაჭრილი ღრმა ქუჩა, შემდეგ კოტეს სახლის ნაწილი. განათებულია ეკლესია/

დებილი დიაკონი: მაინც ძაან საინტერესოა, მამაო, როგორ მიიღო ღმერთმა ჩვენი საჩუქარი?
მღვდელი: უფალი მოწყალეა, განუზომელი გულის პატრონი.
დებილი დიაკონი: ხი, ხი.
მღვდელი: სასწაულია მისთვის ყოველი.
დებილი დიაკონი: რა ოინი იქნება, რომ იმას მოხვდეს. აი, მამაო მღვდელო, თქვენ თვითონა თქვით, საით არის ღმერთი? – მაღლა, რა თქმა უნდა. საით გავისროლეთ რაკეტა? მაღლა, რა თქმა უნდა. ვინ გაისროლა? – ჩვენ, ჩვენი შეწირულობების დახმარებით, როგორც გუშინდელ ლოცვაში მოიხსენიეთ. გამოდის, რომ ჩვენ ჩვენი ხელით ვესროლეთ ღმერთს. არა მგონია, ამისთვის იქ მადლობა გვითხრან. თუ მოკვდა ღმერთი, კიდევ არა გვიჭირს რა, გამკითხავი აღარავინ იქნება, მაგრამ თუ მარტო დაიჭრა, მაშინ მე საერთოდ უარს ვამბობ სიკვდილზე, ღმერთმა დაგვიფაროს დაჭრილი მსაჯულის წინ წარდგომისგან.
მღვდელი: სულელო, ღმერთის შემწეობით მოხდა ყველაფერი.
დებილი დიაკონი: მაშ, ღმერთს თვითმკვლელობა განუზრახავს, არა, მამაო მღვდელო?
მღვდელი: ღმერთო დიდებულო, აპატიე ამ სულელს, რადგან სულელები რომ არ მოგეცა ჩვენთვის, ეკლესია დაულაგებელი იქნებოდა და მტვერში ვისხდებოდით. ჩქარა, ჩქარა გადაწმინდე ყველაფერი.
დებილი დიაკონი: მე მტვერშიაც კარგა ვძლებ და ჩემს მეტი მაინც აღარავინ დადის აქ.
მღვდელი: მაშ, მე ლოცვებს ვისთვის ვკითხულობ?
დებილი დიაკონი: ჩემთვის, ალბათ, მამაჩემო, იმიტომაც მეძახიან დებილს. ისე მაინც საინტერესოა: ყველაფერს ჭკვიანურს ვლაპარაკობ, რომ დაუკვირდეს კაცი, შენ, მამაო, რაღაცეებს გაუგებარს ლუღლუღებ და მე მაინც სულელი ვარ, შენ _ ჭკვიანი. როგორ უნდა ავხსნათ ეგ?
მღვდელი: იმითი, რომ შენ ეგ ყველაფერი ახლა გაიგე და გიხარია მაგეების ლაპარაკი, მე კი მომწყინდა უკვე და ყველა სიტყვამ აზრი დაკარგა, გარდა იმისა, რომ თვითონ ბგერას სასიამოვნო ჟღერა აქვს.
დებილი დიაკონი: უფალო, შე-იწ-ყალე მღვდელი ჩვენი.
მღვდელი: თავისი მრევლიიი-ით...
დებილი დიაკონი: ხი, ხი.
მღვდელი: დიაკონო, აგე, ვიღაცეები მოდიან. სიმართლე გითხრა, ჭირივით მეზარება ლაპარაკი. მოდი, შენ გაუძეხი, რაღაც ჭკვიანობის ხასიათზე ხარ.
/გადის/
დიაკონი: რამეთუ ღმერთმა წელსა 1959-სა გამოითხოვა მოციქული თავისი მიწიდან ხორცითა და სულითა, ღერბითა და წარწერითა, რომლითაც ქრისტე ამდენივე წლის წინათ ჩამოსვა ზევიდან სრულქმნილი ხორცითა დედამიწაზე.
გურამის ბებო: მამაო, მიიღე ეს შეწირულობა ჩვენგან.
დიაკონი: თქვენ, ძველებსღა, გწამთ ღმერთი. ღმერთო, მადლობას გიძღვნით თქვენ. თქვენი ამბები, გაჭირვებები მეორევე რაკეტით გაიგზავნება ცაში იმასთან. ეს საგრძნობლად შეამოკლებს გზას.
ბებო: აიღე, შენ ნუ მომიკვდები, შენ თვითონ ჭამე ეგ ქადები, გურამისთვის გამომცხვარი. ის ვერა ვნახე თვითონ და, ციხისკენ წამოსულმა, აქ შემოვუხვიე.
დიაკონი: შვილიშვილი დაგიჭირეს, ბაბო?
ბებო: იმის გამოშვებისათვის გინდა ილოცო? მას ლოცვა არ უნდა, თვითონ მოუხერხებია გამოქცევა, ჩვენ სათხოვნელად არავისთან არ დავდივართ, დიაკონო.
დიაკონი: არც ღმერთთან?
ბებო: რომელთანა, დიაკონო?
დიაკონი: იმ ღმერთთან, რომელიც აქ არის. მაშ, ეკლესიაში რას მოდიოდი, თუ ღმერთი არა გწამს? იქნება...
ბებო: არა, დიაკონო, რაღა დროს ჩემგან ღმერთის წამებაა, დავბერდი ქალი. მე, აი, ეკლესია მწამს, სიჩუმეა, შეგიძლია ისე იჯდე, არავის ხელი არ შეუშალო. თუ ლაპარაკი მოგინდა, კი არ იყვირო, როგორც ქუჩაში შვრებიან, წყნარად ილაპარაკო, გული გადააყოლო, ღმერთსაც მეტი არაფერი ენდომება, შენ რას იტყვი?
დიაკონი: მე ერთი ებრაელის აზრზე ვდგავარ, რომელსაც უთქვამს, როცა უკითხავთ, ღმერთი გწამსო? – მწამსო, რატომაც არაო _ თუ არ არის და ისე ვიწამე, ვის რა დაუშავდება ამითაო, ხოლო თუ არის, რატომ გავიფუჭო მასთან დამოკიდებულებაო?
ბებო: აგე, კიდევ ხალხი მოდის, შენ იმათ მიხედე, მე კი აქ ჩემთვის წავილოცებ.
ღმერთო, შენი სახელის ჭირიმე, მიეცი ჩემ ბიჭს მშვიდობა, მიეცი წყნარი გული, რომლის მიცემაც მე ვერ შევძელი.
სალომე: ძლივს მოვედით წყნარ ადგილას.
დედა: ღმერთს ნუ სცოდავ, ეს იმის სამყოფელია.
დიაკონი: იმისი ნება და სურვილია აქ ყველაფერი.
ია: ღმერთო, შენ გთხოვ, მხოლოდ შენ, რადგან შენა ხარ ერთადერთი, ვისაც შემიძლია ვუთხრა მე, რაც გულში მაქვს და რის თქმასაც ვერ შევძლებ, არ ავღელდები, მეცოდინება, რომ უთქმელადაც გამიგო.
დედა: აი, ეს შეწირულება მიიღე, დიაკონო, ამისი ქმრის სახელზე, ჩვენი სიძის სახელზე, იქნება ღმერთმა ტანჯვა გაუადვილოს.
დიაკონი: ეტყობა, ძალიან გიჭირთ, დედა, რომ აქ მოსულხართ, ან იქნება სულაც იმედი აღარაფრისა გაქვთ?
დედა: მარტო ღმერთი დარჩა ჩვენი შემწე.
დიაკონი: ჭეშმარიტად, დიდი შვებაა გაჭირვებისას მისი სახელის მოხსენიება, იმისი სახელი თავის თავზე იღებს ჩვენს ცოდვებს, უბედურებებს და თუ იმ ცოდვის გამოსწორებაში ვერ დაგვეხმარა, მისი შედეგის გაქარწყლებაში უზომოდ დიდია ჩვენს გულებში ჩაღვრილი მხურვალე ლოცვის დროს იმისი სითბო.
დედა: ჭეშმარიტად, დიდია მისი სახელი.
დიაკონი: წყალობითა ღვთი-სა-თა...
ბებო: სალომე, შენც სალოცავად მოხვედი?
სალომე: ჩემი ცოდვები მინდა ვიტირო სხვაზე ლოცვით, იქნება იმათ ეშველოთ რამე. ვისზე ვილოცო, ბებო, მირჩიე, გაფიცებ.
ბებო: ჩვენ თვითონ იმდენი გვაქვს ჩვენს თავზე სალოცავი, რომ დიდი ცოდვა იქნებოდა ღმერთის წინაშე სხვისი გულისთვის შეგვეწუხებინა ის.
სალომე: მე რომ არა მწამს ღმერთი, ბებო?
ბებო: ღმერთი ვისა სწამს? ჩვენ ჩვენი ცოდვების სიდიდე და მისი თავიდან მოშორების სურვილი გვწამს _ ილოცე ამისთვის, შენს თავზე ილოცე, თუ გინდა რომ სხვას დაეხმარო და შენს სათხოვარს სხვას ნურასოდეს ნუ დააბრალებ, ამითი ტანჯვას ვერ შეიმცირებ და თუ შესძელი თავის მოტყუება, ცოტა ხნის შემდეგ ის შენი ცოდვა, სხვისადმი ლოცვაში ნათქვამი, ორმაგი ძალით დაგიბრუნდება.
სალომე: მაშ, ჩემი თავის გულისთვის ვილოცებ, ბებო.
ბაბო: მეც მარტო ჩემი თავისთვის ვლოცულობ, სალომე.
სალომე: მე რომ ლოცვა არ ვიცი, ბებო.
ბებო: მაშ, მე დამიგდე ყური და ერთად ვილოცოთ.
ბებო და სალომე: ღმერთო, ჩვენ შენ წინაშე უძლურები ვართ, ჩვენ აღარა შეგვიძლია რა, ჩვენი სათხოვარი კი შენ წინაშე უსაზღვრო არის _ მით უფრო, რომ ახლა ჩვენს თავზე არ უნდა გთხოვოთ შენ, ჩვენ გთხოვთ, გურამი კარგად ამყოფე და თუ ჩვენს თავზეც გაწუხებთ, მხოლოდ იმას გეტყვით, რომ ჩვენთან ახლო ამყოფე ის.
დედა: ღმერთო, შენს სახელს ვენაცვალე, კარგად მიმყოფე, შეუმსუბუქე ტანჯვა ჩემს სიძეს!
ია: ღმერთო, შეუმსუბუქე სიკვდილის ტანჯვა ანდროს!
სალომე: ღმერთო, შეუმსუბუქე სიცოცხლის გზადაკარგული ხვედრი გურამს!
ბებო: ღმერთო, ჩვენთან ახლოს ამყოფე ის.
ბებო, ია: იმისი მოუსვენარი სული არის ჩვენთვის სიყვარული, იმისი კარგად ყოფნა იქნება ჩვენი კარგად ყოფნა.
ბებო: მე ბებო ვარ და იმის მეტი არავინა მყავს.
ია: მე ის მიყვარს და იმიტომ მინდა მისი კარგად ყოფნა, გინდაც რომ სხვაგან უჩემოდ იყოს.
სალომე: მე ის მიყვარს და იმიტომ მიყვარს, მე იმისი კარგად ყოფნა მარტო იმიტომ მინდა, რომ ჩემთან ერთად იყოს. ღმერთო, აპატიე სალომეს, კარგად ამყოფე ის და ნუ დატანჯავ ისედაც უბედურ ქალს უფრო მეტად. აი აქ, ამ საყდარში, მარტო მე შემწევს იმისი უნარი, რომ ჩემს თავზე ვილოცო მხოლოდ და ამისგან დაწყებული ლოცვა სხვაზე არ გადავიტანო, როგორც ეს ბებოს და მეც მომივიდა დაწყებისთანავე. ღმერთო, ნუ დამსჯი ამის გულისთვის. თუ გინდა დამსაჯე კიდეც ათას ჯოჯოხეთით იმ ქვეყანაში, ოღონდაც აქ ჩემს გვერდით მყავდეს შეყვარებული და თუნდაც ის ცეცხლი იყოს ინკვიზიციის და მე მასზე ვიდგე.

/სიბნელეში მიდის ეკლესია/

სურათი მეორე

/ნათდება კოტეს სახლის მიდამო/

მომტირალი
ქალები: შვილო, ვის უნდოდა შენი სიკვდილი, ვის რას უშავებდი, ერთი პოეტი და კეთილი ბიჭი იყავი, ცუდი არავისთვის გდომებია და თუ ის გიქნია, მარტო იმიტომ, რომ ის ცუდი იყო დედამიწაზე, ის ცუდი იყო ჰაერში გაფანტული და შენც სხვებსავით მასა სუნთქავდი შენს უნებურად.
დედა კოტესი: ვაიმე, შვილო, აგერ, იაც მოვიდა, შენი შეყვარებული. შენ ხომ შენი ხუჭუჭა თმებით მე მიყვებოდი ყველაფერს.
მომტირლები: იტირე, იტირე შენც, მკვდარი ბიჭის შეყვარებულო, გაიშალე თმები და ისე იტირე, ტირილი შვებას აძლევს, ცრემლებთან ერთად გარეთ გამოდის გულის სიმწარე და მოწმენდილი კურცხალი თავსაფარზე შრება. მაშ, ერთად ვიტიროთ ყველამ.
დედა: ვაიმე, შვილო, შენი სიყვარული უხმოდ ტირის, შენ კი არ გესმის.
მომტირლები: ცრემლები ღვარად მოდიან თვალებიდან. მკვდარს რომ შეეძლოს ამ ცრემლის ყურება, ატირდებოდა თვითონაც.
დედა: იმას ისეთი ნაზი გული ჰქონდა. აი, შენი მეგობარიც მოვიდა.
მომტირლები: იტირეთ, მეგობრებო, იტირეთ მეგობარი, იმდენჯერ, ისე მაგრა იტირეთ, რომ ცრემლებმა წონა დაკარგონ, თვალებმა _ უნარი მათი დაღვრის.
დედა: იტირეთ, ჩემი შვილი იტირეთ.
მომტირლები: თუნდა იცინეთ. დედავ, დაგვიჯერე, ჯობია იცინონ, რომ ტირილი დაგროვილი გულში დარჩეთ, თორემ ტირილის შემდეგ სიცილი რჩებათ, ის ახრჩობთ და მოვაშორებთ თუ არა თვალს, სულ უაზროდ იხარხარებენ.
შოთა: კარგი მეგობარი იყავი შენ ჩვენთვის, კოტე, ჩვენ აქ სატირლად მოვსულვართ.
მეგობრები: ჩვენ არცა ვტირით, არც ვიცინით, ჩვენ ვხედავთ ჩვენივე ტოლს მკვდარს, რომელიც კუბოში წევს და გული გვიცარიელდება ორივე გრძნობისგან.
მომტირლები: ჩვენ ვტირით, ქალები.
აუ, აჰუ...
/ქრება/
/ნათდება შუკა/

სურათი მესამე

I ბიჭი: მე ვერ შემოვალ, ვერ ვიტან პანაშვიდებზე სიარულს.
II ბიჭი: ჰო, მეც ცუდად მიხდება გული მკვდრის დანახვაზე.
III ბიჭი: არ მესმის, ხალხი როგორ უყურებს. წავიდეთ, ჯობია გასვენებაზე მოვიდეთ, თანაც მე მეჩქარება.
I ბიჭი: მე მგონი, ქვევით იქნება, ორთაჭალისკენ, გურამი. ერთი ადგილი მეგულება, დედა-შვილი არიან ბოზები, იმათთან უყვარს ხოლმე დამალვა, როცა რამე ანგარიშია.
II ბიჭი: არ გინდა მაგაზე ლაპარაკი, ვინმე გაიგონებს. ხომ იცი, როგორ ეძებენ.
III ბიჭი: ისე კი ძალიან გამოქცეულა. ეტყობა, მაგან ჩაარტყა მილიციელს ბოთლი, მაგრამ კოტემ მელანი რატომ დალია, არ მესმის. თანაც სულ ჩამოღვრილი ჰქონია გულზე.
II ბიჭი: უნდა ვნახოთ გურამი, გავიგოთ რაშია ერთი საქმე.
I ბიჭი: ალბათ, ძალით დაალევინა თვითონ. მე ადრევე გავიგე, კოტეს ჩაუგდია ციხეში.
III ბიჭი: წავიდეთ ორთაჭალაში, იქ ადვილად ვიპოვით.
I ბიჭი: შენ იცი იმ დედა-შვილის სახლი?
III ბიჭი: როგორ არა, მეცა ვყოფილვარ იქ.
II ბიჭი: წავედით. იქ იქნება უეჭველად გურამი.
გურამი: ჩუ, ჩუ, გურამი აქ არის.
II ბიჭი: გურამ!
გურამი: ჩუმად, ათასი გამვლელია, პანაშვიდზე არ ადიხართ?
III ბიჭი: მაიცა, ჯერ გვითხარი როგორა ხარ?
II ბიჭი: ჰო, მართლა...
გურამი: რა მართლა? როგორა ვარ? ვერა მხედავთ? კარგად. ადით პანაშვიდზე.
III ბიჭი: არ შემიძლია, მე მკვდრის დანახვას ვერ ვიტან.
II_I: ვერც ჩვენ ვიტანთ. თანაც ისეთი ნატანჯი სახე ჰქონია, გული გამიხდება ცუდად. არ გვიყვარს ეგეთი რამე.
გურამი: ამათ უყურეთ! იმის მაგიერ, უთანაგრძნონ, საკუთარ თავს უფრთხილდებიან, რომ გული ცუდად არ გაუხდეთ.
III ბიჭი: მაინც ჩვენ რას ვუშველით?
გურამი: თქვენი შველა ვის რად უნდა, თქვენ თვითონ ხომ გინდათ, რო თქვენს გასვენებაში მოვიდნენ, თანაც რაც შეიძლება მეტი ხალხი, არა? ჰოდა, წინასწარ უნდა ჩააწყოთ საქმე _ თქვენ ახვალთ, თქვენთანაც მოვლენ.
II ბიჭი: შენ რა, აქ დარჩები?
გურამი: არა, რატომ? მეც ამოვალ.
III ბიჭი: რო აგწიონ იქიდან?
II ბიჭი: თანაც, ხო იცი, შეიძლება ვინმემ იფიქროს, რომ შენ იყავი...
გურამი: ნუ ლაპარაკობთ ამდენს, წავიდეთ. თქვენ წინ წადით, ოღონდ მე მერე შემოვალ. /გადიან/ ჰა, რას აპირებ, ჩემო არეულო თავო, ჩაგესახა ისევ რამე საბედისწერო იდეა, რომლის გაუკეთებლობასაც შენი სუსტი ნერვები ვერ აიტანენ? თუ ეშმაკი, ძლიერი ყველა ანგელოზზე, ჩაგიჯდა სულში და მიგაქანებს აღმართზე მშიშარა კურდღლის სისწრაფით, რომ უფრო მალე ჩაუვარდე ხელში იმ მონადირის ძმაკაცს, რომელიც უკან მოგვდევს და თავისი, მთის წვერზე ჩასაფრებული, მეგობრისკენ მიგერეკება, თუ, სულ უფრო სწორად, ქვის ნატეხი ხარ, რომელსაც სიმძიმე მარტო იმიტომა აქვს, რომ უფრო კარგად დაგორდეს ოდნავი ბიძგის დროს მთის წვერიდან უსწორმასწორო დაბლობზე. _ ო, რომ შველოდეს საკუთარ თავთან აღიარება რამეს?
მომტირლები: აუ, ბედშაო კოტე, იმ ადგილას მოკვდი, საცა სხვები ცხოვრებას იწყებენ.
გურამი: მაშ, ასე, ყველაფერი ადგილზეა: კუბო, მომტირლები, ჭირისუფლები და პანაშვიდზე მოსული ხალხის მთავარი მოქმედი გმირი. მე აქა ვარ, მოვ-დი-ვარ!

სურათი მეოთხე

დედა: ჩემო ლამაზო ბიჭიკო, ჩემო პოეტო, ლექსების დამწერო, აუ მე, კიდევ მოვიდნენ ბიჭები, ვერ შეძლეს, რომ არ მოსულიყვნენ და იმიტომაც მოვიდნენ, ვერ შეძლეს, უკანასკნელად არ ენახათ თავიანთი მეგობარი. რა დაუბარე, კოტე, სიკვდილის წინ ამ ბიჭებს _ სიყვარული დაუბარე იმათ...
მომტირლები: ისინი დარჩნენ ამქვეყანაზე შენ სატირლად, დედისერთაო! ისინი დარჩნენ ამქვეყანაზე შენ მაგიერ საცინლად, დროს სატარებლად, დედისერთაო! ისინი დარჩნენ ლექსების საწერად, გოგოების საჭვრეტად, დედისერთაო!
დედა: აუ მე, დედისერთაო, ჩემო კოტე, მე შენ მაგიერ შენს ამხანაგებს ვეხვევი, ბიჭო.
ია: გურამ!
გურამი: გამატარე, ია.
ია: მე ვიცი, რომ ეს შენ ქენი, უსინდისო!
გურამი: მე? ჰო, მე.
ია: არცა მალავ?
გურამი: პირიქით, მე ამის სათქმელად მოვედი აქ.
ია: არ გაბედო, გურამ, გთხოვ, გემუდარები, გესმის, შენ დაგხვრეტენ, ჯერ მარტო მილიციელისათვის.
გურამი: რატომ მთხოვ, ია, რადა ღირს ასეთი უსინდისოს ცხოვრება, რომელიც კოხტაობს კიდეც თავისი უსინდისობით და მის სათქმელად ამდენი ხალხი ნახა, რომ ყველას უთხრას. რადა ღირს, ა, ია?
ია: სიცოცხლედ, გურამ, შენს სიცოცხლედ. იყავი ათასჯერ უსინდისო, მე არ მინდა შენ მკვდარი გნახო და თანაც ციხეში დამწყვდეული მკვდარი, გურამ – გთხოვ, გურამ, ხალხი გვიყურებს, შეგამჩნიეს, ნუ იზამ მაგას. ეგ ერთი რამე გააკეთე ჩემი გულისთვის, გესმის ჩემი...
გურამი: ჩუუ, მე ტირილს ვუგდებ ყურს.
მომტირლები: უჰუ, უჰუ, უჰ, ცრემლებს ვერ ვიკავებთ. პანაშვიდი, გლოვა იმიტომაა, ცრემლი დაიღვაროს. იტირეთ, ყველაფერი იტირეთ, რისი დარდიც გქონიათ ოდესმე, ტირილით დაწყევლეთ ის, ვინც არ ინდომა კოტეს სიცოცხლე.
დედა: აუჰ მე, დასწყევლიდეს იმას გამჩენი ყველაფრის.
მომტირლები: ვინ, ვინ ქნა ეს, იქნება განა ისეთი ღმერთი, რომ ის შეიბრალოს, ისეთი გული, რომ ის გაამართლოს თავის სიღრმეში მაინც...
ია: იქნება, იქნება.
გურამი: ჩუმად, ია.
დედა: ვის უნდოდა ეს, ვის?
გურამი: მე ეს არ მინდოდა.
ია: გურამ!
მომტირლები: ვის უნდოდა ეგ, ვისა, ბეჩაო?
გურამი: ოღონდ მე ეს გავაკეთე, მე დავალევინე კოტეს მელანი.
დედა: აი, ჩემი ბიჭი, იმან მეორე ჩემს ბიჭს მელანი დაალევინა, უცებ რომ მოეკლა, მაგრამ რომ არ მახსოვს, როდის გავაჩინე ეს მეორე, რა კარგი ბიჭი, რა მადლობელი ვარ ღმერთის, რომ მის მაგიერ ეს გამომიგზავნა. ოი, რა ლამაზია, იმაზე ლამაზია, რომელიც აღარა მყავს, ეს ციდან ჩამოვიდა და თქვა: ის იმიტომ მოვკალი, რომ ღმერთმა თქვა, ახლა შენ იყავიო მისი შვილი. რა დიდი და მოწყალეა, იმისი სახელის ჭირიმე. რა გქვია შენ, ჩემო ახალო შვილი?
გურამი: გურამი მქვია მე... მე...
დედა: არა, არა, მეტს ნუღარ იტყვი. მე ვიცი, ყველაფერი ვიცი, ოღონდ არ მინდა, რომ ის სხვამ მითხრას. გთხოვთ, ხალხო, ყველას, თუ შეიძლება, ცოტა ხანი ასე ვიქნები.
მომტირლები: აუ ბეჩავ, სულ გადირია, სულ გადირია შვილის მტირალი დედა და მისი გულის მკვლელი შვილი ჰგონია თავისი ღმერთის საჩუქარი. აუ, შე წყეულო, მოხვედი განა დედას გულის მოსაკლავად?
ხალხი: მკვლელი, მკვლელი, მკვლელი შეკარით, ჩაქოლეთ მანდვე ეგ არაკაცი.
დედა: ო, გთხოვთ, ნუ ერტყმებით გარეშემო, ესეც არ მომიკლათ, ამას ხელს ნუ ახლებთ, ამასთან მარტო მე მივალ ახლოს, აი ასე, უფრო ახლოს დაიხარე ჩემკენ.
მომტირლები: ჭკუაზე მოდი, ბეჩაო!
დედა: ასე! /ეცემა/ აი, ახლა ვარ ჭკუაზე და თმებით ვათრევ ამ, ამ...
ხალხი: მოკალით ეგ!
ია: ო, გურამ!
ბიჭები: ვუშველოთ!
დედა: კოტეს აღარაფერი ეშველება.
ბიჭები: უშველეთ გურამს!

/გურამი გარბის/

დედა: უუ, შე წყეულო, აღარ გეცოცხლოს ამ ქვეყანაზე, მოსამსახურედ ჰყოლოდე ჩემს შვილს იქ, სადაც არის. უუ, კოტე, დედისერთა ჩემო.
მომტირლები: არა, იცოცხლე, გურამ, მკვლელო, მხოლოდ იმიტომ, რომ უფრო მეტი დახოცო კიდევ, რომ არა გქონდეს მოსვენება არც დღე, არც ღამე და დღენიადაგ ამქვეყნიურ ჯოჯოხეთშიც ცეცხლში იწვოდე.
დედა
მომტირლები: წყეული იყავ, წყეული იყავ!
დედა: ღმერთო მაღალო, რატომ არ მაცალე ვყოფილიყავი გაგიჟებული! რა დაგიშავეთ, ხალხო, მაგისი! აი, ახლა ხომა ვარ ისევ ჭკუაზე, ხომ მკვლელსა ვწყევლი! ოჰ, ის სიგიჟე ნეტავი ცოტა ხანს კიდევ ყოფილიყო.
/შუკა. ბნელა. ის ადგილი განათებულია, სადაც გურამი დგას. ყრუდ ისმის წყევლა, ტირილი, მერე სამარისებური სიჩუმეა/

სურათი მეხუთე

სურათის ბოლოს იჭრება გალობის და პანაშვიდის მუსიკის ხმები _ ეკლესიიდან და პანაშვიდიდან მიდის ხალხი. გურამი კუთხეში იყუჟება. სალომე ეკლესიაში რჩება.

სურათი მეექვსე

სალომე: დიაკონო!
დიაკონი: /თავისთვის/ უ, რა კარგი ქალია, /იმას/ გისმენთ, ქალიშვილო.
სალომე: ეგ როგორა ხდებოდა ხოლმე წინათ აღსარების თქმა?
დიაკონი: სულ უბრალოდ, ოღონდ ქალს უნდა ჰქონდეს თავზე შავი მანდილი მოხვეული, იდგეს სულიერი მოწმის წინაშე მუხლებზე და მისი ხელი მკერდზე ჰქონდეს მიდებული, რომ გულისთქმა ადვილად გაიგოს.
სალომე: ახლა არ შეიძლება უმანდილოდ? აი აქ, თითქოს გულზე მაწვება და ართქმა არ შემიძლია.
დიაკონი: როგორ არა, როგორ არა, ოღონდ უმანდილოდ სულიერი მამის ორივე ხელი უნდა დაიდო გულზე, რადგან როცა თვალები ახელილი გაქვს და ბევრ ნივთებს ერთად უყურებ, უფრო ადვილია ტყუილის თქმა.
სალომე: სად უნდა დავიჩოქო მე?
დიაკონი: აქეთ, აქეთ. ადგილი უეჭველად უნდა იყოს ბნელი.
სალომე: და თქვენი ორივე ხელი გულზე უნდა დავიდო, არა, დაჩოქილმა?
დიაკონი: ჰო, ჰო. აი, ჩემი ხელები, აქ დაიჩოქეთ, არა, ჯობია ამ დაბალ სამფეხაზე დაჯდეთ. აი, ჩემი ხელები.
სალომე: ხი, ხი, ხი, ფრთხილად იყავით, დიაკონო, ხელები არ დაიწვათ, თქვენ არ იცით, როგორა წვავს ჩემი მკერდი.
დიაკონი: არა, არა, ქალიშვილო, ნუ იფიქრებთ...
სალომე: ეს ჩემი ყველაზე დიდი აღსარება იყო, მეტი მე არაფერი მაქვს სათქმელი. აქ თუ დავრჩი, მხოლოდ იმიტომ, რომ იმათთან ერთად წასვლა არ მინდოდა და, კიდევ, ღმერთი ვილოცე, რომ ის, ვისი ნახვაც ყველაზე ძალიან მინდოდა, აქ მოსულიყო.
/შემოდის კედელს მიფარებული შოთა/
შოთა: წარმოიდგინე, სულ არა მქონდა შენი პატიოსნების იმედი, რომ ამდენ ხანს აქ დამიცდიდი.
სალომე: ოჰო, მოვიდა ჩერჩეტი მებაღე იმ ხილის მოსაკრეფად, რომელიც მისთვის უკვე ჩამოცვივდა.
შოთა: აი, მესმის ლექსიკონი.
დიაკონი: ლექსიკონი ჰო, ხო.
სალომე: /თავისთვის/ მართლა, როგორ დავიწყე ლაპარაკი. მით უკეთესი, არაფერი აღარ მინდა დავიტოვო ჩემში კარგი _ თუ ვცოდავ, ბოლომდე და ყველაფრით. /შოთას/ ეგ ლექსიკონი ისეთი ტუჩებიდან ამოდის, რომლის გულისთვისაც შენ არაფერს დაზოგავ, როგორც ვიცი.
შოთა: სწორედ მაგისთვის მოვედი აქ, მინდა მაგ ტუჩების ცოდვა გავიყო.
სალომე: ლექსიკონის სიმდიდრით?
შოთა: დაგავიწყდა ფიცი?
სალომე: რა თქმა უნდა. რას ნიშნავს ჩემთვის ფიცი? შენც იცი, მე მაგაზე მეტი ფიცი გამიტეხია.
შოთა: სალომე, რას ამბობ, მაშინ ხომ თანახმა იყავი ყველაფერზე.
სალომე: მერე რატომ მაშინ არ მოინდომე. ეს ოაზისი, რომელზეც შენ ლაპარაკობდი, უკვე დაშრა შენთვის, მის შესასმელად სხვა არის ისევ, ძველი მეუდაბნოე, რომელიც მთელი საუკუნე მარხულობდა, შენზე ლოცვაში გართული, ციხის კედლებში.
შოთა: ოხ, ჩემო უჭკუო თავო, ამ სატანას რომ აჰყევი, რა, რა არ გყოფნის შენ? ჭკუა თითქოს გაქვს, მაგრამ გიტაცებს შენივე თავი და ფუჭ ოცნებას უფრო მეტს აძლევ, ვიდრე მის ნაყოფს, ესენი კი აქ არ ოცნებობენ, მხოლოდ, მიმდგარი ცხოვრების ბაღთან, ნაყოფსა კრეფენ, მე კი, ვით ძაღლი მოდარაჯე, ვუღრენ მათ სურვილს დაკრიფონ ხილი, რომლის გასინჯვაც მე თვითონ არ შემიძლია.
დიაკონი: ავი ძაღლივით, რომელიც თივას არც თვითონა ჭამს და არც სხვას აჭმევს, არა?
შოთა: არა, ეგენი მაინცა ჭამენ და ავ ძაღლებზე ორჯერ მეტი ცოფიანები არიან, ოღონდ ცუდი კაცი მაინც მე ვარ მარტო.
დიაკონი: ეგ იმიტომ, რომ შენს თავზე მარტო ცუდსა ფიქრობ და საქმესთან ცუდი გულით მიდიხარ. ცუდი და კარგი კი იმითი იზომება, შენს სამოქმედოსთან როგორი განზრახვით მიდიხარ, ავით თუ კარგით, და შედეგს მნიშვნელობა არა აქვს.
შოთა: ჰა? ეგ მართალია, დიაკონო?
/შემოდის გურამი, სალომე წინ აეფარება _ კოცნის ტუჩებში/
მაგრამ ვინ მოგცა მითხარი ნება,
რომ აფათურო შენი ხელები ჩემს სულში ასე განუკითხავად?
თუ სისულელე და კარგი გული,
რომლითაც მიხსნი შენ ჩემს ნაკლ მხარეს,
უფლებას გაძლევს გალანძღო კიდევაც,
გინდაც საყდარში, და მერე მე რომ თავი მოვიკლა,
ანდა შენივე ხელით მომწამლო, ღმერთი არ დაგსჯის,
რადგანაც ჩემთვის კარგი გინდოდა.
მაგრამ ვინ ზომავს შენს გულს წინასწარ,
რა სასწორია ისეთი ზუსტი,
ვისაც სიმძიმე თვითონ ნივთისა არაფრად უღირს
და ხარისხს, როგორც შენა თქვი, ზომავს მხოლოდ.
სალომე: გული, ჰო, გული. ეგეთი ზუსტი სასწორი არ გამოგონილა ამ ქვეყანაზე,
ხედავ, როგორ დასწონა გულმა,
იმას ლაპარაკი არ უყვარს,
ის მარტო ცემს
და როცა ორი გულის ცემა ერთმანეთს ემთხვევა,
ისინი თავის გარშემო ვეღარავის ვერა ხედავენ.
შოთა: ოჰო, გურამი გამოპარულა. ახლა უფრთხილდი, შოთა, შენს ტყავს, თუ გინდა, რომ ეგ ტყავი, რომელიც არავის არა სჭირდება, გადაარჩინო. /გარბის/
დიაკონი: და მოუსვენარმა ღმერთმა, რომელმაც ყველა თავისი საქმე მოათავა და აღარ იცოდა რა ექნა, შექმნა სამყარო და თავის ამ სურვილს უწოდა სიყვარული...
გურამი: ოო, ეკლესიაში ვყოფილვარ.
სალომე: დიაკონი გეტყვის დანამდვილებით.
დიაკონი: ეკლესიაა, ნამდვილად ეკლესია, რომლის გუმბათებში მტრედები ბუდობენ და მნათე კი იმ მტრედებს პეშვით სიმინდს უყრის დილა-საღამოს, რომ იმრავლონ. ასეა აწყობილი ყველაფერი. მტრედების სიყვარულის დამტკიცებას გამრავლება ჰქვია. ნეტარი და საამოა საყრდისათვის, ხოლო ადამიანების იმავე სურვილს, ღმერთო, ნუ მათქმევინებ ამ პატიოსანი ხალხის წინაშე...
სალომე: გეყოფა სისულელე, დიაკონო, ხო იცი, ახლა სულელები აღარავის არ ეცოდება, რადგან მიხვდნენ, რომ სულელი სულელია და მეტი არაფერი.
დიაკონი: მე ერთი დიაკონი ვარ.
გურამი: შეეშვი. ეგ ისეთი როლია, თუ ერთხელ იკისრებ ცხოვრებაში, მილიონი სიჭკვიანე რომ გააკეთო, მაინც ვერ გამოხვალ. აი, მე სიგიჟე და მოუსვენრობა მიკისრია და როგორც არ უნდა დაღლილი ვიყო, მაინც ვერ ვისვენებ..
დიაკონი: მანამდე დაღლილი არა ხარ, სანამ არ იკისრებ შენ თვითონ, რომ დაიღალო. აი, მეც ეგრე ვარ, ვერ გამიბედია, რომ ვთქვა ჭკვიანი ვარ-მეთქი, დავბერდი და მაინც ვერ ვბედავ, თან არც შეეფერება ჩემს თანამდებობას.
გურამი: მეტისმეტი სისულელე არც ერთ თანამდებობას არ უხდება.
დიაკონი: რას მიბრძანებ, ჩემო ბატონო.
სალომე: ეს არც ისეთი უჭკუოა.
გურამი: ფულის შოვნის ჭკუა ყველას აქვს.
დიაკონი: ჭეშმარიტად, ზოგს გამოყენება უჭირს მხოლოდ.
გურამი: აჰა, ეს შენ. ახლა აქვე სადმე ერთი ღამით ოთახი მიშოვე.
დიაკონი: სულ ზევით რომ იყოს, მტრედებთან?
გურამი: ხი, ხი... მით უკეთესი.
დიაკონი: მე მგონი, მტრედების ღუღუნს არ მოერიდებით.
გურამი: წადი, ისინი გააფრთხილე და ბოდიში მოუხადე, თუ ჩვენი ღუღუნი ცოტა მაინც შეაწუხებთ.
დიაკონი: ერთად წავიდეთ. აი, აქეთ.
/გადიან/
გურამი: ეს ერთი ღამე კიდევ განცხრომის და მერე წინ ისევ შენგან წამოწყებული შურისძიებისაკენ, რომელიც მხოლოდ გაკავშირებს ამ ქვეყანასთან და ყველა შენს ვნებას ფორმას, მიზანს აძლევს. მე ისეთი შეგრძნება მაქვს, რომ, მიუხედავად თავისი უცოდველობისა, ანდრო, ჩემი მომაკვდავი ძმაკაცი, ყველაზე მეტად დამნაშავეა ჩემთან და ყველაფერი ეს იმიტომ ხდება, რომ იმაზე ვიძიო შური. ჯერ ერთი, მე იმის ცოლს ნამუსს ვხდი მთლიანად, მეორე _ ის ჩემი ძმაკაცია, მესამე _ ის ავად არის და კვდება. იქნებ სწორედ ამ სიკვდილისთვის ღირსია ის, რომ შური ვიძიო მასზე. თქვენ განმსაჯეთ, ღმერთებო, თქვენგანვე შექმნილი კაცი ასეთი შეგრძნებით, რადგან ჩემი გრძნობის გამართლებას მე უკვე ვეღარა ვპოულობ. მაშ, კიდევა გაქვს საქმე შენ თვითონ გასაკეთებელი ამქვეყანაზე და გჭირდება სიცოცხლე, მერე კი მე დავისვენებ ან სიკვდილთან, ან ციხეში. ო, როგორ დავისვენებ, რომ ჩემი სხეულის სურვილებზე სხვა იზრუნებს.
სალომე: გურამ! აქ ისეთი კარგი და პატარა ოთახია.
დიაკონი: მტრედებთან ახლოს. ადი, გელოდება.
გურამი: ღამე მშვიდობისა, დიაკონო. ეს აბსტრაქტული შურისძიებაა, რაღაცნაირი, რომ მე ცოცხალი ვარ, ის კიდევ კვდება _ რა უფლებით.
შურისძიება იმისა, რომ მე ცოცხალი ვარ და უნდა ვიმოქმედო. ო, რომ შეეძლოს კაცს უქმად ჯდომა და სისულელის ან სისაზიზღრის არჩადენა, როცა არაფერი საქმე არა აქვს.

[1959 წლის ზამთარი]

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი