სეითა
სეითა, თექაში გახვეული, კლდის ნაპრალში იყო შეყუჟული. გაზუმპული მეცხვარული ბოხოხიდან დიდი წვეთები ჩასდიოდა კისერში. კისერი ჭუჭყიანი და აქირცნილი ჰქონდა, თექა ეხახუნებოდა დახორკლილ ტყავს. წინიდან კი ქარი სახეში ურტყამდა წვიმას. ერთმანეთს მიკრული ცხვარი კანკალებდა, მეხი იქვე კლდეებს ეცემოდა და შეშინებული პირუტყვი უფრო მაგრა ეკვროდა ერთმანეთს. სეითა კი იდგა კლდის ნაპრალში მარტო, უყურებდა ცხვარს. იმან არ იცოდა რომ ციოდა, არც ის იცოდა რო უკვე სულ სველი იყო. ასე იყო ის ყოველდღე, რაც ფეხი აიდგა მის შემდეგ. სეითას ტანი კანკალებდა, თვითონ კი ფიქრობდა, “ჩემი ცხვარი ხუთასცამეტია, ეს ოხერი ნადირი თუ მოვიდეს, დარჩება ხუთასთორმეტი, ან უფრო ცოტა, მერე რა ვუთხრა ბრიგადირს, თან ცხვარიც ცოდოა”. ქუხილმა იმატა, მერე სეტყვა მოაყარა ფერდას. “ჩქარა დაღამდება”, გაიფიქრა სეითამ და ცხვარს დაუარა. ნელა დაძრა ფარა ბინისკენ. - სუყველაა? – კითხა ბრიგადირმა - იახში, არის, – თქვა სეითამ და ცხვარი ბაკში შედენა, მერე თვითონ ბინაში შევიდა, კედლიდან გუდა ჩამოიღო: უმადოდ დაიწყო ამოღებული გორდილას ლოღვნა. დიდ გობში კალტი ეგდო, ის მიატანა ცივ მოხარშულ მჭადის ფქვილს. - ძაღლი ყეფს, ნახე, – ყრუდა თქვა ბრიგადირმა და ისევ გაეხვია ნაბადში. სეითა გარეთ გავიდა, იქ ისევა წვიმდა და საჭმელი დაუსველდა. ახლა უფრო გემრიელად დაიწყო ლოღვნა. - არაფერია, – თქვა შემოსულმა სეითამ და თექაზე მიწვა. - აქაც წვიმს, - თქვა ბრიგადირმა, მერე ნაბდიდან წყალი გადაიბერტყა. ღამე წვიმამ გადაიღო, ღრუბელმა გადაიყარა. ნაწვიმარ ჰაერში ვარსკვლავები მკვეთრად ატანდნენ. ისინი ძალიან, ძალიან ბევრნი იყვნენ – ეს იცოდა მათ შესახებ სეითამ, ის ღია კარებიდან იყურებოდა ცაში და ფიქრობდა, “ღამე თუ ნადირი მოვიდეს, საქონელს წაიღებს, ბათო კი კარგი ძაღლია, უსუფაც კარგი ძაღლია”. ის იწვა, ხან ხუჭავდა თვალებს, ხან აღებდა პატარა ხმაურზე ან ძაღლის ყეფაზე. სეითას ეძინა. იმას ყოველთვის ასე ეძინა და არ იცოდა, რომ შეიძლებოდა სხვანაირი ძილი. დილით მზის ამოსვლამდე თენდებოდა მთაში. სეითა გორდილას ლოღნიდა და ბაკიდან ერეკებოდა ცხვარს. ცხვარი მწკრივზე გაშლილი გარბოდა ოთხ-ხუთ რიგად. სეითა ითვლიდა, მერე იწყებდა კივილს, სტვენას. წინ წასული თხები მწყემსის ხმაზე ბრუნდებოდნენ წყლისკენ; ფარა ნახევარი საათი სვამდა წყალს. მწყემსი ისევ კიოდა, შემდეგ ჩუმად მიჰყვებოდა უკან ფერდას შეფენილ ფარას. ცხვარი სულ ზევით მიდიოდა იალაღის წვეროებისკენ, იქ უკვე მზე იყო. სხივები ცხვრის მატყლს ეხვეოდა შუადღისთვის. ცხვარი ერთმანეთს ეკვროდა, თავს მეორის ჩრდილში აფარებდა და მძიმედ იწყებდა სუნთქვას. მზე სეითასაც ურტყამდა თექაზე, უხურებდა დიდ ბოხოხს. ის ყველაზე მაღალ ადგილას იჯდა და დროდადრო უსტვენდა ცხვარს ხმამაღლა. ცხვარი თავს წევდა მაღლა. - მეე, – იძახოდა რომელიმე. სცხელოდა ცხვარს, სცხელოდა სეითას, არც სეითა იხდიდა თავის ბოხოხს და თექას, ვერც ცხვარი იძრობდა მატყლს. მზე უფრო აჭერდა. სეითას უხურდებოდა ხერხემალი, მერე მთელ ტანში უდგებოდა ნელი სითბო. ის იზმორებოდა. სითბო ემატებოდა ტანს, დიდ დაკოჟრილ ხელს უსვამდა ბარძაყებს და სიამოვნებდა. შემდეგ უფრო მაგრა იზელდა, ტანი მთლიანად დაძაბული ჰქონდა, ხერხემალში ნახევარ რკალად მოხრილი იჯდა და სახეზე ახურებდა. სხეულში რაღაც ივსებოდა პირამდე და იცლებოდა. მსუბუქად დგებოდა სეითა, ისევ უსტვენდა ცხვარს. იქითა ფერდას ქარი ურტყამდა, იქ გრილოდა და გაშლილი ცხვარი დაღამებამდე ჭამდა ბალახს. აგვისტოს ბოლოს პარსვა დაეწყო ცხვარს. ახლა სეითა კანტორისკენ მირეკავდა ყოველდღე ფარას. აქ საპარსავში მანქანები იდგა ელექტრონის, ხმაურით სცილდებოდა მატყლი ხორცს. გახვლეპილი ცხვრები კუნტრუშით მირბოდნენ ადრევე გაპარსულებისაკენ. სამი ცხვარი აქ დაკლეს, საპარსავში, ახლა ფარაში ხუთას ათი დარჩა. უმატყლო პირუტყვი მთელი ღამე ძაგძაგებდა, დღისითაც ციოდა, როცა წვიმდა, მაგრამ ერთ კვირაში მატყლი წამოვიდა და ისევ დაათბო. ახლა ნერბვა დაეწყო ცხვარს. სეითა ყოველ დილას სანერბეში მირეკავდა ფარიდან ოცდაათ-ორმოც ცხვარს. მწყემსი თვითონ ეხმარებოდა თავისი ფარის დანერბვაში ზოოტექნიკს. ზოოტექნიკი იდგა თეთრ ჭუჭყიან ხალათში და იბღვირებოდა. სეითა ოთახში შედევნიდა ათ ცხვარს, მერე მიაყენებდა ბაგასთან. ცხვრები მორჩილად ყოფდნენ თავს აპეურში. ზევიდან ფიცრით იკეტებოდა. კისერგაყოფილი პირუტყვი ფიცხობდა, ხტუნაობდა. ზოოტექნიკი ჩადიოდა ამოღრმავებულ ადგილში ისე, რომ ცხვრის დუმისათვის პირდაპირ ეცქირა, მერე სეითა ფეხებს შუა მოიქცევდა ცხვრის უკანალს და დუმას უწევდა მაღლა. ზოოტექნიკი საშვილოსნოში შეყოფდა მრგვალ სარკეს ბოლომდე. ცხვარი კანკალებდა. ახლა დედლის კვერცხუჯრედში შეჰქონდა გრძელი იარაღი ყოჩის თესლით და ისროდა. ხელოვნურად განაყოფიერებული ცხვარი რჩებოდა გვერდზე, ახლა მეორეს უწევდა დუმას სეითა და ასე მთელი დღე, მეორე დღე, მესამე დღე. იღლებოდა სეითა. მაინც ფხიზლად ეძინა და ისევ ერეკებოდა დილით სანერბესაკენ. შესასვლელში სათესლედ არჩეული ყოჩები ტოკავდნენ, ერთმანეთს ასხდებოდნენ და დედა ცხვრისაკენ იწევდნენ. ახლა ცხვარს სხვა გადააჯდა და დუმა აუწია. სეითა ზოოტექნიკის უკან იდგა. მრგვალი სარკე ტექნიკმა ბოლომდე შეიტანა შიგ. სუფთა სწორი საშვილოსნო გამოჩნდა, მერე კვერცხუჯრედი; მან გრძელი იარაღით ესროლა კვერცხი და სხვა ცხვარზე გადავიდა. სეითა ისევ უყურებდა, სულ შეუმჩნევლად გაუხურდა ხერხემალი. საღამოს ისევ გამორეკა ცხვარი ბინაში; მეორე დილით იალაღებისაკენ წაასხა, ხელოვნურად დანერბილი დედაცხვარი გაფართხული შეეფინა ფერდას. მზე ისევ აჭერდა და სეითა ფიქრობდა, რომ ჩქარა ავდარი მოვიდოდა. შუადღეზე მზემ უფრო დააჭირა, სხივები თექაში ჩაეხლართა მწყემსს და ხერხემალი გაუხურა, ნელა შეეპარა ტანში სითბო, მერე სითბომ იმატა, უფრო სასიამოვნოდ ჩაიღვარა სხეულში. ერთმანეთთან მიყუჟული დედაცხვარი მძიმედ ქშინავდა, თან შეუმჩნევლად იწევდა წყლისაკენ. ფარის კიდეში დიდდუმიან შიშაქს ჰქონდა თავი შეყოფილი, ქშინვისაგან დუმა ირხეოდა, ძაგძაგებდა. ეს შიშაქი კარგად იცოდა სეითამ რომელი იყო. საერთოდ ყველა ცხვარს ცნობდა სათითაოდ და ყველაზე დიდი დუმა ამ შიშაქს ჰქონდა, თვალებიც უფრო დიდი უჩანდა, წყლიანი. სეითამ სტვენა დაიწყო, მერე რატომღაც სასქესოაკრული ყოჩები მოაგონდა, ცხვარზე რო იწევდნენ. ახლა ის ნათლად ხედავდა დუმის ქვევით თეთრ გრძელ საშვილოსნოს მილს, იმის იქით კვერცხუჯრედს და ხელში აწეული დუმის სიმკვრივეს გრძნობდა. სეითამ უფრო ჩუმად დაიწყო სტვენა, ხერხემალი დაეძაბა, შემდეგ ნელა მიუახლოვდა ფარას. კიდურა შიშაქი იდგა უმოძრაოდ, მარტო დუმა ერხეოდა. ნელა დასწვდა მწყემსი ფეხში და თავისკენ მოიზიდა. მარცხენა ხელი წინა ფეხში ჩაავლო, მარჯვენათი დუმა აუწია, მერე ორივე ხელები წინა ფეხებში ჩაავლო, ზედ მიკრული გაირინდა. ცხვრის დუმა ქანაობდა ისევ, ოღონდ უფრო შეკრული და მძიმე. განთავისუფლებული შიშაქი ტორტმანით წავიდა ფარისაკენ, გაფართხული ფეხებით მიათრევდა დუმას. საღამომდე კიდევ ერთხელ დაიჭირა შიშაქი სეითამ. ამ დღის მერე სეითას საღამოს მარილი გამოჰქონდა ან გორდილას ნაჭერი და ჩუმად აჭმევდა თავის შიშაქს. შიშაქიც შეეჩვია და საძოვარზე მასთან ახლო დადიოდა ტორტმანით, მერე მალაყებს აკეთებდა ჰაერში. სექტემბრის ბოლოს ცხვარს მატყლი მოუვიდა და მოღონიერდა. მთელ საძოვრებზე ისმოდა კივილი, სტვენა. საზაფხულო ბინებს ურმებზე უდებდნენ, გზაზე გაშლილ ფარებს ძუნძულით მისდევდნენ ძაღლები. დიდი ვაცები ფარის წინ მიდიოდნენ, ბოხოხა ქუდიან მწყემსის უკან. გზები ვიწრო იყო, ტალახიანი, მერე იწყებოდა გაშლილი ვაკე ადიდებული წყლებით. ძლივს გადიოდა ცხვარი წყალში. ზოგან ურმებით გადაყავდათ. სეითა მუშაობდა ჩვეულებრივ, არც ერთგულად, არც არაერთგულად. ის ფეხის ადგმიდან აქ იყო და თავისი საქმე იცოდა, ვერც წარმოედგინა სხვა რამე. მხოლოდ მწირ ადგილებში თავის საგზლიდან აჭმევდა თავის შიშაქს და წყლებზე მხარით გადაყავდა. წყლებმა ქვევით იმატა, სადღაც რიყეზე ქვა დააჯახა სეითას შიშაქს. ფეხმოტეხილი ცხვარი უნდა დაიკლას. სეითამ მხარზე აიკიდა და ზამთრის ბინებამდე ისე ათრია, იქ თავისი ხელფასით იყიდა შიშაქი, დაკრეფილი ბალახით გაატანინა ზამთარი. გაზაფხულისთვის დამძიმდა ცხვარი. პირველი ბატკნები მარტის ათში გაჩნდნენ. აბღავლდა და აკივლდა საძოვარი. სეითას შიშაქს გვიან ეყოლა ბატკანი, ის პატარა იყო, ყველაზე სუსტი და რძეს ძლივსა წოვდა. სეითა გაკვირვებული უყურებდა ბატკანს და რატომღაც ბატკანი არ ეგონა. ისევ დაიძრა ბინები საზაფხულო საძოვრებისაკენ. უკან გზაზე სეითამ თავისი შიშაქი დაკლა და ხორცი გაყიდა. ახლა ბრიგადირმა ის ბატკანში გადაიყვანა. ხორცის ფულით თავის ბატკანს უყიდა სოსკა და ბოთლი, კიდევ რძე. სეითა თავისი ხელით ასმევდა რძეს თავის შიშაქის ბატკანს და მთაში ხურჯინში ჩასმული მიჰყავდა. გზა უფრო ზევით გადიოდა, მერე დიდი ქალაქი იდო, ხმაურიანი. ცხვარი გარეუბნებზე გადიოდა გამალებული და უკან ჭუჭყიან ქუჩას ტოვებდა. სეითა უსტვენდა ძველებურად, მთის მოახლოება უხაროდა და მხარზე გადაკიდებულ ხურჯინში ჩასმულ ბატკანს ჩუმად უსტვენდა. გამოფენილი ხალხი მუშტრის თვალით უყურებდა ცხვარს. - ვა, რა დუმა აქვს, - თქვა ყასაბმა ოთხი წლის დედა ცხვარზე და თავის შვილს კამფეტის მამალი მისცა, დილითვე ნაყიდი. სეითამ მამალი დაინახა და რატომღაც თვითონვე მოუნდა იმისი ყიდვა, მაგრამ ცხვარი ჩქარა მიდიოდა და ყიდვის დრო არ იყო. შუადღისთვის ქალაქს გასცდა ფარა. [1957 წლის შემოდგომა]
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი