0 2863

სიყვარული შემოდგომაზე


გრძელ, მოწყენილ ქუჩას მიჰყვებოდა ნელი ნაბიჯით ცქიტო. გაყვითლებული ფოთლები ფეხის დაბიჯებისას შრიალებდნენ. მოხუცი, დაბალი ტანის მეეზოვე ხეების ძირიდან ცოცხით ერთ ადგილას აგროვებდა მათ, კალათაში ტენიდა. ქუჩის ნაგვის ყუთში ისინი აღარ ეტეოდნენ. მეეზოვე ნაწილს იქვე ჰყრიდა სანაგვესთან. Qჭუჭყიანი პირისახის გოგო-ბიჭი ფოთლებში წყნარად თამაშობდნენ. ცქიტომ გზიდან გადაუხვია. მერე მუხლებამდე შევიდა შეგროვილ ფოთლებში და შრიალით გაიარა. მეეზოვემ წყრომის თვალით გამოიხედა, შემდეგ ისევ განაგრძო დაგვა.
ცქიტომ ახლა ვიწრო შუკაში შეუხვია. მზის გულზე მჯდარმა კატამ ზანტად დაუთმო გზა. მერე მონგრეულ ღობეზე აძვრა, თავი წინა თათებში ჩარგო და თვლემა განაგრძო. ცქიტო ფართო ეზოში შევიდა, წელში მოიხარა, გასაშრობად გამოკიდებულ სარეცხის ქვეშ გაძვრა, ქვის კიბეზე ავიდა და ზარი ჩამოჰკრა.
კარი მოხუცმა ქალმა გაუღო.
- გამარჯობათ, მასწავლებელო! - თავაზიანად მიესალმა ცქიტო.
- გაგიმარჯოს, ჩემო ბიჭუნა. შემოდი, შემოდი, აი, აქ დაჯექი.
- გმადლობთ.
- მე ახლავე შემოვალ, მანამდე აი, ეს წიგნი წაიკითხე.
მასწავლებელი გარეთ გავიდა. ცქიტო ხედავდა, თუ როგორ ჩაიარა მან დერეფანში. მარტო დარჩენილი ფეხზე წამოდგა და სარკეში ჩაიხედა. მერე ისევ დაჯდა. ცოტა ხნის მერე მასწავლებლის მიცემული წიგნის კითხვაში გაერთო.
- ცქიტო, გენაცვალე, - მოესმა მასწავლებლის ხმა, - ცოტა ხნით გარეთ გამოდი.
ცქიტო სწრაფად წამოხტა, კარი გამოიკეტა. ვიწრო შუშაბანდში მასწავლებელი გაყვითლებულ პალმას წყალს უსხამდა.
- მოგეხმარებით, მასწავლებელო.
- არა, არ მინდა, გმადლობთ. დედა როგორა ბრძანდება?
- გმადლობთ, კარგად.
- მამა და და?
- ისინიც, გმადლობთ.
- მგონი ბებო და ბაბუა იყვნენ არა ავად?
- დიახ, მაგრამ მორჩნენ. ახლა ბიძასთან არიან აგარაკზე.
- მამის დედა როგორ არის, ისევ სოფელშია?
- არა, აქ არის.
მასწავლებელი ფანჯარასთან მივიდა, გამოაღო.
- ასე სჯობია, ყვავილს უფრო მეტი ჰაერი მიუვა.
- რა თქმა უნდა.
- არ ვიცი, რა ვქნა, ჯერ კიდევ ზაფხულში დაიწყო ხმობა.
- სასუქი უნდა იქნება.
- სასუქს ხშირად ვაყრი, აგრონომიც მყავდა, ქოთანიც გამოვუცვალე. არაფერი შველის.
- ალბათ, დაბერდა, მასწავლებელო.
- ალბათ. იგი ხომ ჩემი ხნის არის. მე როცა დავიბადე, მაშინ უყიდია მამაჩემს დედაჩემისთვის საჩუქრად. მერე თექვსმეტი წლის გოგონამ გერმანიიდან თან წამოვიღე საქართველოში. როცა გავთხოვდი, ამ ყვავილისთვის ცალკე ვერანდა გავაკეთებინე. თავს ვევლებოდი, როგორც სამშობლოს, ერთადერთ, ჩემთვის ყველაზე ახლობელ ცოცხალ არსებას.
- უკაცრავად, განა აქ ნათესავი არავინა გყოლიათ, მასწავლებელო?
- ნათესავი? არა. შვილიც კი არ მეყოლა. მერე ქმარი გარდამეცვალა. კარგი ადამიანი იყო ცხონებული.
- დიდი ხანია?
- ასე ოცდაათი წლის წინათ. ქმრის ნათესავებიც მიმოიფანტნენ. მას მერე ვმასწავლებლობ. ბევრი, ბევრი მოწაფე მყავდა. ყოველთვის გვიყვარდა ერთმანეთი, მაგრამ ყოველთვის ვავიწყდებოდით მერე.
- მე არასოდეს დაგივიწყებთ.
- შენა? ჰო, შესაძლოა, შენ კარგი ბიჭი ხარ, ისინიც კარგები იყვნენ. მაგრამ მათი ბრალი არაა, რომ დამივიწყეს, რა ქნან. ბევრ მათგანს ახლა შვილიშვილებიც კი ჰყავს, ყველას თავისი საქმე აქვს. მე თქვენისთანები მიყვარს, ახალგაზრდები. მათთან ყოველთვის კარგად ვმეგობრობ. მათაც ვუყვარვარ.
მასწავლებელი ახლა წყალში სასუქის გახსნას შეუდგა.
- მომეცით, მოგეხმარებით. - უთხრა ცქიტომ.
- არა, გმადლობთ, ჩემს ბებერ, ავადმყოფ ნათესავს ვერავის ვანდობ. აგერ ორმოცდაათი წელია, ერთად ვცხოვრობთ, რა ვქნა, შევეჩვიე.
- მასწავლებელო, ყვითელი ტოტები რომ შევაჭრათ!
- რათა?
- იქნებ ახლებმა ამოიყაროს.
- არა, გენაცვალე, მაგის დღეები დათვლილია.
- მერე ახალი უნდა იყიდოთ?
- არა.
- რატომ?
- შენ ვერ გაიგებ, ჩემო ბიჭუნა, შენ ბევრი, ბევრი ახლობელ-ნათესავები გყავს, ეგ კი ჩემი ერთადერთი იყო, ისიც უსულო, თანაც ყველა სულიერზე ერთგული. ახლა კი ვატყობ, მღალატობს.
ვიღაცამ ზარს ჩამოჰკრა.
მასწავლებელი გავიდა. ცოტა ხნის მერე ოთახში ხნიერ კაცს შეუძღვა. როცა დერეფანში დაბრუნდა, ცქიტო იდგა და ნაღვლიანი თვალებით უყურებდა პალმის გაყვითლებულ ფოთლებს. მასწავლებელმა პატარას ნაზად დაადო მხარზე ხელი და ალერსით უთხრა:
- ცქიტო, ბაბუაშენი მოვიდა, სასეირნოდ უნდა წაგიყვანოს.
ცქიტომ მოიხედა. ბაბუა ოთახიდან გამოსულიყო და დერეფნის კარებში მდგარი გაღიმებული უყურებდა მას.
- წამოდი, გენაცვალე, წავიდეთ. დეიდაშენთან მინდა წაგიყვანო.
ცქიტოს თვალები გაუბრწყინდა, მერე მასწავლებელს შეხედა.
- ასე გენაცვალე, ოთხშაბათს მოხვალ, ახლა კი გიშვებ.
- გმადლობთ.
ბაბუამ ცქიტოს ხელი მოჰკიდა, გამოემშვიდობა მასწავლებელს, მერე კიბეზე დაეშვა. ბაბუა და შვილიშვილი ეზოში მიდიოდნენ ხელიხელჩაკიდებულნი. მასწავლებელი ზემოდან გაღიმებული თვალებით უყურებდა მათ. მერე მოიხედა და თვალი თავის გაყვითლებულ პალმას გაუსწორა. შემდეგ იქვე სკამზე ჩამოჯდა და უაზრო თვალებით შეხედა კედელზე ჩამოკიდებულ თავის საგვარეულო სურათს.

1956 წლის 6 მაისი. კვირა. 12-1 საათი.
კომენტარები (0)