სიყვარულსა მალვა უნდა


სამი ამბავი და ორი დღიური
(ნაწერი დილას, ოთხი დღის ლოთობის შემდეგ)

გაწითლება.

დღიური: გუშინ ცირკში ვიყავი. ნაზაროვამ რგოლები დაანთო. ლომები რიგ-რიგით ხტებოდნენ გავარვარებულ რკალში. რომელიც პირველად გახტა, იწვა: ცალი თვალი დახუჭული ჰქონდა და ისე უყურებდა ხალხს. ნაზაროვამ ხორცის მოზრდილი ნაჭერი ჩაუდო პირში. მხეცმა ორივე თვალი დახუჭა.
ხალხი რაღაცაზე ტაშს უკრავდა.
წელი 1957. თებერვლის 18. დილა 11-1130.

დაკვირვება: ოთხი დღის ლოთობის შემდეგ გონება იწმინდება და მხოლოდ საწერი აზრები მრჩება.
ლოზუნგი: მაშ, გაუმარჯოს შემდეგ ოთხ დღეს.

ამბავი I: ნუგზარი, თემო და ნოდარი

გაწითლება სინდისის ნიშანია, - თქვა ნუგზარმა.
- ჰო, შენ ძალიან წითლდები ხოლმე, - თქვა ნოდარმა.
ნუგზარი წამოწითლდა.
- ჩემზე უნამუსო ხო კაცი არ არის, მაგრამ მე რო გაწითლება ვიცი, ტყუილია, - თქვა თემომ.
ნუგზარი კიდე უფრო გაწითლდა, მერე ხმამაღლა ხარხარი დაიწყო. ნოდარმა “სკვაზნოი” მანქანა გააჩერა.

ამბავი II: ნოდარი, თემო და თინა

მზე ახლა უფრო დაიხარა. ოთახის შიგნით, შუა კედელზე დაკიდებული შიშველი ქალის სურათი უფრო განათდა. ნოდარი იჯდა და ლაპარაკობდა. თემო ყურს უგდებდა. მერე ყურის გდებას თავი დაანება.
- გესმის? - თქვა ნოდარმა.
- ჰა? - იკითხა თემომ.
- მაშინ ლეილასთან დავდიოდი.
- შენ ისევ გოგოებზე?
- მა რა, თორე შენ რა არ...
- რა არ, ჰო, არ მიყვარს.
- ნანა ხო გიყვარდა?
- ნანა კი.
მზე კიდევ დაიხარა, ახლა სხივი შიშველი ქალის სურათს ასცდა.
- უნდა გამოვცვალო ეს სურათი, - თქვა ნოდარმა, - ერთი უკეთესს შემპირდა.
თემოს გაეღიმა, მერე სურათს თვალი აარიდა.
ორჯერ დარეკეს.
- ჩემი მეზობელია, თინა. - თქვა ნოდარმა. თინას მოკლე ჩოლკა, შავი ვნებიანი ტუჩები და მაღალი წელი ჰქონდა.
- გამარჯობათ, - თქვა თინამ.
ნოდარი კარებშივე მიეგება. თემო გაწითლდა და სავარძლიდან წამოიწია, შემდეგ ისევ ჩაესვენა.
ნოდარი ახლა გამალებული უყვებოდა გოგოს გუშინდელ ამბავს. თემო უფრო გაწითლდა, მერე პაპიროსს მიეძალა და შეეცადა, თინასთვის არ ეყურებინა. ნოდარი ლაპარაკში გაერთო და თემოს სიწითლეს ვერ ამჩნევდა.

წელი 1957. თებერვლის 18.

დღიური: ოთხი დღეა არაყსა ვსვამ. ახლაც თავი ოდნავ შექანებული მაქვს. დილით ძალით წამიყვანეს აბანოში. მამაჩემი თვითონ აძლევდა დირექტივებს მექისეს. მხეხავდნენ. თმა მაინც ვიხსენი დაბანისგან. ცოტა დავლიე ყაზბეგში. მერე არაგვში ვიყავი. ახლა სახლში ვზივარ.

ამბავი III: მზია და ნანა (დაქალები)

მზია ცამეტი წლისა იყო. მერე თოთხმეტი წელი შეუსრულდა. დედამ სოფელში წაიყვანა. სოფლის ზევით ცივი მთის წყალი ჩამოდიოდა. წყლის მოსახვევში, კლდის ქვევით, ჩანჩქერი გადმოჩქეფდა. ჩანჩქერის ქვევით წყლის ცემისგან ჩაღრმავებული ადგილი იყო.
იქა ბანაობდნენ სოფლის გოგონები წელამდე წყალში. მზია ნანამ წაიყვანა საბანაოდ. კაბები ნაპირთან გაიხადეს, მერე ჭყივილით შევარდნენ ცივ წყალში. დაიწყეს ჭყუმპალაობა და წუწაობის თამაში. დაიღალნენ. მერე ნანამ ორივე პეშვით ნაპირზე გამოსულ მზიას წყალი შეასხა. ცალი ხელი ამხანაგის ძუძუზე მოუხვდა. მზია აილეწა.
- ჩემი შეგრცხვა? - შეეკითხა ნანა.
მზია კიდევ უფრო გაწითლდა.

წელი 1957. თებერვლის 18.

იგივე დღე. ნამთვრალევი თუ მთვრალი ვბოდავ.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი