სკოლიდან გამოვარდნილი ბავშვები..


სკოლიდან გამოვარდნილი ბავშვები ტონანახევრიანს გადაუდგნენ წინ. შეშინებულმა მძღოლმა ძლივს დაამუხრუჭა მანქანა. სამი მათგანი კაბინაში ჩაჯდა, ოთხ-ოთხი კიბეზე დადგნენ, წინაც რამდენიმე დაჯდა. საბარგული გაიტენა. მანქანა ნელა დაიძრა.
- ჩქარა, ჩქარა! - ისმოდა ღრიალი.
- ერთად, ბიჭებო, ერთი, ორი, სამი!
- ჩქარა, ჩქარა, ჩქარა, - დააგუგუნა მთელმა მანქანამ.
მანქანამ სვლას უმატა, კიდევ უმატა, მერე კიდევ.
- ერთად, ბიჭებო! გაუმარჯოს სტალინს!
- აბა, ერთი - ორი - სამი - სტალინ, სტალინ, სტალინ!
- გაუმარჯოს ლენინ - სტალინს!
- ერთად, ბიჭებო, აბა - ერთი - ორი - სამი!
- ლენინ - სტალინ! ლენინ - სტალინ!! ლენინ - სტალინ!!!
წინიდან ასევე დატვირთული მანქანა მოჰქროდა.
- ლენინ - სტალინ!!
- ლენინ - სტალინ!!
გაისმა ორივე მანქანიდან.
ქუჩის ბოლოში გაღიმებული სახით მიიმალა მილიციელი.
ზევიდან დატვირთული პობედა,
ქვევიდან დატვირთული ტროლეიბუსი,
გვერდიდან ლინეიკა, გავსებული ისევ ბავშვებით.
მეორე გვერდიდან ავტობუსი გავსებული ისევ ბავშვებით.
- ლენინ - სტალინ!
- ლენინ - სტალინ!!
- ლენინ - სტალინ!!!
- ლენინ - სტალინ!!!!
მანქანები გვერდზე მიდგნენ. ბავშვებმა ყვირილი შეწყვიტეს. მთელს ქუჩაზე სტუდენტთა კოლონა გამოჩნდა. შუაგულიდან ისმოდა გაფრინდი, შაო მერცხალო.
- გაფრინდი, გაფრინდი, - მღეროდა ყველა.
კოლონის წინ სამი უზარმაზარი გვირგვინი მოჰქონდათ, გვირგვინების ორივე მხარეს
ლენინისა და სტალინის სურათები.
- ერთი - ორი - სამი - აბა ერთად.
- ლენინ - სტალინ!
- ლენინ - სტალინ!!
- ლენინ - სტალინ!!!
- ლენინ - სტალინ!!!!
ბავშვები მანქანებიდან ჩამოხტნენ. ერთად გაემართნენ. უკან მიჰყვნენ სტუდენტთა კოლონას.
- გაფრინდი, შაო მერცხალო, - ისმოდა გუგუნი.
- გაფრინდი, შაო მერცხალო, - ძლიერდებოდა გუგუნი.
- გაჰყევ ალაზნის პირსაო, - კიდევ უფრო ძლიერდებოდა გუგუნი.
ემატებოდა ხალხი. ქუჩის კუთხეში უზარმაზარი ჯერი იდგა შაქარზე. კოლონამ გაიტანა და თან წაიყოლია საყიდელზე გამოსული დიასახლისები. ზოგი ეცადა გამოსვლას. უშედეგოდ. ხალხი მიდიოდა შეუჩერებლივ, ნელა და რწმენით.
- გაფრინდი, შაო მერცხალო, - შეუერთდა ქალთა ხმები.
- გაფრინდი, შაო მერცხალო, - ემატებოდა ხალხი, ემატებოდა სიმღერის ხმები.
ცნობისმოყვარენი ჯერ ტროტუარით მისდევდნენ, მერე უერთდებოდნენ.
- გაფრინდი, შაო მერცხალო, - ემატებოდა მათი ხმაც.
გვირგვინები მთავრობის სახლთანაც დაასვენეს.
- ხალხო! - თქვა ერთმა ორატორმა.
- ხალხო!! - თქვა მეორე ორატორმა.
- ხალხო!!! - თქვა მესამე ორატორმა.
- ლენინ - სტალინ! - გაისმა ხალხში გუგუნი.
- ხალხო! - განაგრძობდა პირველი ორატორი, - ხალხო, სტალინი დიდია.
- დიდია - დიდია - დიდია! - გუგუნებდა ხალხი.
ახლა კოლონა სტალინის ძეგლისაკენ დაიძრა.
ბავშვების საძებნელად გამოსული ქალები თვითონ უერთდებოდნენ დემონსტრაციას.
ხალხი იღრინებოდა.
- რამდენი წელია, შაქარი არა ყოფილა, - ამბობდა ერთი ქალი.
- ჩულქი არა მაქვს, - ამბობდა მეორე.
- ადი ტრიბუნაზე და თქვი, - ჩაერია მესამე. ქალები ადიოდნენ.
- ხალხო! - ამბობდა ერთი დიასახლისი.
- ხალხო!! - ამბობდა მეორე დიასახლისი.
- ხალხო!!! - ამბობდა მესამე დიასახლისი.
- ჩემი ნაშრომი დაიწუნეს მაშინ, სტალინი არააო ნახსენები, - ჩურჩულით უყვებოდა ჭაღარა ჭაღარას.
- მერე?
- მერე შევიტანე, ახლა იწუნებენ, არისო.
- ჩემიც, მეც რაღაც მაგდაგვარი მაკლდა.
- ადით და თქვით, - თქვა მესამემ.
ძლივს იკვლევდნენ გზას ტრიბუნისაკენ.
- ხალხო! - ამბობდა პირველი ჭაღარა.
- ხალხო!! - ამბობდა მეორე ჭაღარა.
- ხალხო!!! - ამბობდა მესამე ჭაღარა.
- უ, უ, უ, უ, - გუგუნებდა ხალხი.
ლენინ - სტალინ!
ლენინ - სტალინ!
ლენინ - სტალინ!
ისმოდა ყვირილი.
- დედა, დედა! - ტიროდა სადღაც დაკარგული ბავშვი.
- არულალო, ჰაი და არულალო, - სუსტად გაისმა სიმღერა.
- ქართველო, ხელი ხმალს იკარ, - გაძლიერდა.
- ქართველო, ქართველო, ქართველო, - გუგუნებდა სიმღერა.
- აი და არუ ლალუ, ქართველო, ხელი ხმალს იკარ,- ღრიალებდა მოედანი.
ტრიბუნიდან ვიღაცა მოჭრილ ხელს აჩვენებდა, მერე ფეხი აწია და ძირავარდნილი ფეხსაცმელი გამოაჩინა.
მეორემ ყავარჯენი შეათამაშა და დაფლეთილი ქუდი მაღლა აისროლა.
- გაუმარჯოს დამოუკიდებელ საქართველოს!
- საქართველოს!!
- საქართველოს!!!
ხმები გაგიჟდნენ.
ხალხი მატულობდა.
საღამოვდებოდა.
ხალხი მატულობდა.
აინთო სინათლეები.
ტრიბუნაზე დასისხლიანებული დედაკაცი ავარდა.
- ხალხო!
ხალხი გაყუჩდა. ყველამ იგრძნო სისხლი. თვალები აელვარდნენ. ჰაერში მუშტები აიმართა. ხალხი კიდევ უფრო გაჩუმდა.
- ხალხო!!
ხალხი შეიკრა. გაისმა შრიალი. უკანები წინ მოაწყდნენ. კიდევ უფრო გაჩუმდნენ. ახლა ტრიბუნიდან ისმოდა დასისხლიანებულის სუნთქვა.
- ხალხო!!! თქვენი დელეგატი, გაგზავნილი დეპეშების გასაგზავნად, კავშირების სახლში მცემეს. მე გამოვიქეცი, თერთმეტი დაჭერილია.
ვიღაცამ ჩაახველა, გაისმა შრიალი, მერე იმატა, მერე იმატა, მერე იმატა, მერე იმატა. ხალხი გაიშალა, შეიკრა, კიდევ შეიკრა.
- კავშირების სახლისაკენ!
- კავშირების სახლისაკენ!!
- კავშირების სახლისაკენ!!!
- არუ ლალო, ქართველო ხელი ხმალს იკაროო...
- ქართველო! ქართველო!! ქართველო!!!
სადღაც დაიძახეს.
- ლენინ - სტალინ! - ჯერ აჰყვნენ, მერე მხედრულის ხმებში ჩაინთქა.
- ქართველო ხელი ხმალს იკარო!
- ქართველო!!
- ქართველო!!!
უკანა რიგები შეირყა, მერე წინას მიაწყდა.
- ტ. ტ. ტ. ტ. ტ. ტ.!
- ტტ ტ ტტ!!
- ტ ტ ტ ტ ტ ტ ტ!!!
- ტყუილია, ხალხს როგორ ესვრიან!
- ტყუილია!!
- ტყუილია!!!
უკანა მიაწყდა წინას. ღამე იყო.
ტ. ტ. ტ.! ტანკები!
ტ. ტ. ტ.!! ტანკები!!
ტ. ტ. ტ.!!! ტანკები!!!
- ისვრიან! ხალხი აირია.
- ისვრიან!! ხალხი ახრიალდა.
- ისვრიან!!! ხმაურისაგან ხმაური აღარ ისმოდა.
- დამჭრეს! პატარები ტანკებს ახტებოდნენ.
- მოარტყეს!!
- მოკლეს!!!

მოწაფემ ცარცი დააძრო ჯიბიდან და სვასტიკა დაახატა მუხლუხას.
ტ. ტ. ტ.!!!
ცარცი ხელიდან გაუვარდა.
ტანკიდან უსულოდ გადმოვარდა.
გვხოცავენ!
გვესვრიან!!
გვჟლეტენ!!!
ხალხი მიდიოდა ტანკებზე.
ხალხი გარბოდა.
ხალხი იბრძოდა, რითიც შეეძლო.
ქუჩაზე დავარდნილი ცარცი მოხუცმა აიღო ხელში, მის წინ დავარდნილ ბავშვს დააცქერდა, თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა, მერე გაჩერებულ ტანკს დიდი ვარსკვლავი მიახატა პატარასგან დახატული სვასტიკის გვერდით და ყრუდ გადაიხარხარა; ისევ დახედა ბავშვს, სახე აერია, ცრემლი შეუშრა. ახლა უკვე თმააშლილმა მთელი ხმით დაიწყო ხარხარი. ტანკი კი დაიძრა. წინიდან ბავშვები მორბოდნენ.
ტანკს პატარა სვასტიკის გვერდით დიდი ვარსკვლავი ეხატა.
მოხუცის მკვეთრი ხარხარი მუხლუხას ხმაურმა დაფარა.
გამოჩნდა უზარმაზარი მუხლუხა, ნელა მთელი ხალხი დაფარა, ნელავე გაქრა მისი ბორბლები. მისკენ გაქანებული ხალხი მხოლოდ პატარა სვასტიკას და გვერდით მიხატულ დიდ ვარსკვლავს ხედავდა. მოხუცის ხარხარი მატულობდა.
- ბ-ბ-ბუმ, - დაიგრგვინა ტანკმა, ხალხი გაქრა, შეწყდა ხარხარი.
გაისმა რუსული ვალსის ხმები, სადღაც პატეფონზე ჩასტუშკებს უკრავდნენ.

(წ.1956. შემოდგომა)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი