სურათი ჩემ კედელზე


ჩემ წინ კედელზე თერთმეტი სურათია გაკრული: ორი ტიტველა ქალის, ერთი ნახევრადშიშველასი, ერთი ხევსურული ცხოვრებიდან ოჩიაურის ბარელიეფი: მიწაზე ვაჟკაცია გაშოტილი, სულთმობრძავს ხელში სანთელი უჭირავს, ხელი გულზე უდევს; ფეხებთან მისი ძმადნაფიცია ჩაჩოქილი. ამ სურათის ზევით ფრანგ მსახიობ ჟან მარეს სურათია აკრული: მას სახე შეშლილი აქვს, ყელზე ჟინჟილაკები ჰკიდია: საზარლად იკრიჭება. მის ქვემოთ ვერიკო ანჯაფარიძის პორტრეტია პროფილში: გამოკვეთილი შუბლი და ცხვირი სახის სიძლიერეს უსვამს ხაზს, ნიკაპი კუთხით ეწყება, მერე ღაბაბი აქვს უშნოდ. ეს სიუშნოე უფრო აძლიერებს პორტრეტს: თითქმის სწორი თმა ყურის ნაწილს ფარავს და მხრებზე ეფინება ალბათ: პორტრეტი თმის შუაში წყდება. მისგან მოშორებით ძველი ტილოა, ორიგინალი თუ რეპროდუქცია: ბედუინები გრძელ, თეთრ მოსასხამებში სხედან კარავთან: სურათის კიდედან აქლემის თავი ჩანს მხოლოდ ენაგადმოვარდნილი. მერე ჰკიდია სურათი დედის, მამის და დის გამოსახულებით: მამა ოდნავ იღიმება. დედას ჩემი დისთვის მოუკიდია ხელი, იცინის. ზუსტად ჩემ პირდაპირ ჩემი შეყვარებულის ფერადი სურათია ჭიკარტით მიკრული, მის Gგვერდით ჩემი ნოველის ილუსტრაციაა, რომელიც ამხანაგმა დამიხატა. ნოველას ჰქვია ”ნელი ტანგო.” სურათზე ჩანს დიდი პატეფონის ფირფიტა, მის ქვედა კუთხეში ცალთვალა კაცი ზის და გიტარაზე უკრავს. იქვე ჰკიდია ჩემი სურათიც. “რა საჭიროა ჩემი სურათი”, ვფიქრობ, მერე ხელში ვიღებ და ვინახავ. ისევ განვაგრძობ მუშაობას: ახლა კედელზე ათი სურათი ჰკიდია.

[1957 წელი. მაისი]

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი