სურამის ციხე
გვიანი შუა საუკუნეები. აოხრებული, დაცემული საქართველო. მას ძალა არ შესწევს გაუმკლავდეს მტერს და დაამყაროს სიმშვიდე და წესრიგი ქვეყნის შიგნითაც. თვითნებობა, გარყვნილება, დაუნდობლობა _ აი, ის მორალური ზღვრები, რომელიც კიდევ უფრო ფიტავს ერს ფიზიკურად და სულიერად. არსაიდან ხსნა არ არის. ღვთისაგან და კაცისგან მიტოვებულ ერს დაღუპვა ელის. უფლისწული ზურაბი (ო, როგორ საჭიროა აქ ზურაბის მაგივრად გურამი ვიხმარო) მიდის მკითხავთან და ეკითხება: ვაშენებთ ციხეს და ინგრევა იგი. რაღაც ზე ძალა არ აძლევს ამშენებლებს ციხის აშენების საშუალებას. ამ ციხეს კი შეეძლო აღედგინა ძველი სიდიადე, დაეცვა მტრისგან და მიეცა გადარჩენის რწმენისათვის დასაწყისი. ზურაბს სურს გაიგოს იმ ზე ძალის მოთხოვნა. მკითხავი ეუბნება უფლისწულს, რომ არ აშენდება ციხე, რადგან ზე ძალა მოითხოვს მსხვერპლს _ ადამიანი უნდა იქნეს ჩატანებული კედლებში. ზურაბი ეკითხება, თუ ვინ უნდა იყოს იგი. მკითხავი უპასუხებს, რომ ეს უნდა იყოს ადამიანი, რომელიც შეიცნობს თავის თავში მსხვერპლს და სიხარულით შეეწირება. და ზურაბს ჩამოუთვლის იმ ნიშნებს, რა ნიშნითაც უნდა ეძებოს მან ეს მსხვერპლი. ზურაბი იწყებს ძებნას. ამ ძებნაში იხსნება აზრი და უნარი მსხვერპლად შეწირვისა. ბოლოს და ბოლოს, უფლისწული აღმოაჩენს, რომ მსხვერპლი ეს თვითონ უნდა იყოს. ამ აღმოჩენას ის ნელ-ნელა ეგუება, ჯერ ის ამ აზრს ურიგდება როგორც ადამიანი _ უნდა დაძლიოს შიში სიკვდილის წინაშე. იქნებ ადამიანის ამგვარ სიკვდილს კომპენსაცია სჭირდება? რა ღირს ამგვარი სიკვდილი? ნუთუ პატივმოყვარეობაა ეს კომპენსაცია? რასაკვირველია, არა. რადგან მკითხავმა უთხრა, რომ მსხვერპლი თავისუფალი უნდა იყოს ყოველგვარი სისუსტისაგან. წინააღმდეგ შემთხვევაში, ის მსხვერპლი კი არ იქნება, არამედ სიკვდილმისჯილი, და ციხე ამ შემთხვევაშიც არ აშენდება, რადგან ზე ძალა არ მიიღებს ამგვარ მსხვერპლს...~ მოქმედი პირები ზურაბი _ უფლისწული, რომლითაც დედოფალს მკვდრადშობილი შვილი შეუცვალეს მშობიარობისთანავე. სინამდვილეში იგი ხელმწიფის შვილია. ხელმწიფეს ის ეყოლა უსაყვარლეს ქალთან, რომელსაც ხელი ჰკრა დედოფლის შერთვის დროს (თვითონ მხოლოდ თავადი იყო ამ ქორწინებამდე). ვარდო _ ახლანდელი ხელმწიფის საყვარელყოფილია, რომელმაც არ იცის, რომ ზურაბი მისი შვილია. იგი დაარწმუნა დურმიშხანმა, რომ ბავშვი მკვდარი დაებადა (ვარდო მხოლოდ იმ მიზნით ცხოვრობს, რომ დურმიშხანის ბედნიერებაზე იძიოს შური, სინამდვილეში კი, აკვლევინებს თავის საკუთარ შვილს). დურმიშხანი _ ბავშვი რომ არ ჰყოლოდა დედოფალს, ისიც ბიჭი, იგი შეიძლება დაეთხოვათ _ ამ ფაქტმა გაამაგრა მისი ტახტზე ჯდომა. მართა _ ბებიაქალი, რომელმაც ყველაფერი იცის. რუსუდანი _ დედოფალი. საურმაგი _ ზურაბის მეგობარი და მოშურნე, მამის ჩაგონებით. სუსტი ნებისყოფის. შადიმან _ მოშუღლე თავადი, მთავარი მრჩეველი, საურმაგის მამა. გურანდუხტ _ შადიმანის ძმის ქვრივი, რომელსაც ატყუებენ, რომ ზურაბი მის ქალს შეირთავს. ამას ცდილობს თვითონაც. მოშუღლე, რიგრიგით, შადიმანისა და დურმიშხანის. სოფიო _ მისი ქალი. ყველაფერთან ერთად, გარყვნილი. ცხოვრობს ბიძაშვილ საურმაგთან. თეკლა _ აზნაურის ქალი, ზურაბის ერთგული შეყვარებული. მამალა _ თეკლას ძმა, თავდაპირველად ზურაბის მეგობარი, რომელსაც ეცოდება ის, შემდეგ _ შადიმანის. როცა გურანდუხტის წყალობით შეიტყობს, რომ ზურაბი მის დასთან ცხოვრობს, ხდება მისი მტერი. ისო ომარ _ მეციხოვნეები, მეჭორეები. თომა ლეილა _ ისოს ცოლი, რომელთანაც ცხოვრებაზე ცილსა სწამებენ ზურაბს. ზურაბისა და მტრის ლაშქარი ქარუმ-თათარი _ ზურაბის უერთგულესი, ოღონდ ბრიყვი. მთელი მოქმედება ზურაბის მტრებისა თუ თვითონ ზურაბისა, მიმართულია იქითკენ, რომ ის ციხეში ცოცხლად დაიმარხოს. თემურ ხან _ მტრის ჯარის სარდალი, რომელიც ყველას (შინაურების) მაგიერ იცოდებს ზურაბს: `ურჯულომ შეგიცოდათ და თქვენ არ გენანებათ ერთმანეთი!~ მოქმედება I სურათი პირველი ბინდბუნდი. /ციხის ნახევრად ამოყვანილი კედლები, ჩაივლის ზურაბი, კედელი ინგრევა ხმაურით./ ომარ: აუ, ხელმწიფის შვილო! თომა: ისევ დაინგრა, აქეთ, აქეთ! ომარ: უფლისწული ხომ მთელი არის, თვალი მოვკარი, სწორედ ახლა ჩამოიარა. ისო: იმისი კარგად ყოფნა ამ კედლებს ვერ გაამთელებს. ზურაბ: ეს-ეს იყო ჩამოვიარე, სულ ერთი წამით გავასწარი და ნახევრამდე ამოყვანილი ბურჯი ისევ მოინგრა. ისო: ჩვენ მხოლოდ თქვენი შეგვეშინდა. ერთი ფეხით დაგვიანება და შიგ მოყვებოდით. (ისმის კვნესა) ზურაბი: ვიღაც კვნესის ნანგრევებიდან. ომარ: ისო, თომა! ზურაბი: აი, იმ გვერდიდან ისმის ხმა, ომარ! ისო: გულმკერდი სულ შელეწილი აქვს. ზურაბი: სახელი ჰკითხეთ. ომარ: ენას ვერა ძრავს, მარტო კვნესის. ისო: სახეც სისხლში აქვს და ვერ ვარჩევ ვინ უნდა იყოს. თომა: მიმიშვით ახლოს. კაცო, რა გქვია? კაცი: ღმერთმა დასწყევლოს უფლისწული და თვით ხელმწიფეც! ზურაბი: რაო, რას ამბობს? ისო: აღსარებას. ზურაბი: სახელი ჰკითხეთ. კაცი: აქ ჩამოიარა უფლისწულმა? მე მას მოვდევდი ფეხდაფეხ. რომ დავწეოდი, ცუდი დღე გაუთენდებოდა დედოფალს. წყეულიმც იყოს. ღმერთო, დამარხე ეგ ცოცხლად ამ აუშენებელ ციხის კედლებში. მე ვკვდები... ზურაბ: /თავისთვის/ ნუთუ ის არის? /ხმამაღლა/ სახელს არ ამბობს? ისო: თქვა აღსარება და მოკვდა. ზურაბი: სახელი? თომა: ჩაცმულობაზე ეტყობა ვინმე დიდებულთაგანი უნდა იყოს. ზურაბი: თითქოს მეცნობა, არარაობად უქცევია მოხეთქილ ლოდს..! ისო: ვინც ღამე სახლში არ მიდის, დილას ცოლი ეძებს. ომარ: დილამდე ამის ცნობა შეუძლებელია. ზურაბი: გადაასვენეთ საყარაულოში და სხვებს მიანდეთ მისი ცნობა, ამ ნანგრევებს კი დარაჯობა აღარ სჭირდება. დილისთვის ისევ უნდა შევყაროთ კალატოზნი. არც დღე, არც ღამე ჩვენს სამეფოში მოსვენებით არ დაიძინებს არც ერთი კაცი და რაც გინდა უდიდესი მსხვერპლი დაგვჭირდეს, ციხის კედლები თვის ბოლოს მტკიცედ უნდა იცავდნენ დედაქალაქს. /გადის, მიცვალებული გაჰყავთ სურათი მეორე მასხარა: მშვიდობის დილა, ჩემო ქალბატონო. იმედი მაქვს, კარგად გეძინათ გუშინ ღამე. უფრო სწორად, კარგად გეღვიძათ. მე ერთ ქალიშვილს ვიცნობდი, ვინც ოთხი წელი ფეხებს ითრევდა იმის შემდეგ, რაც საურმაგთან გაატარა ოთხი საათი _ შუაღამის შემდეგ დილის მოსვლამდე. თეკლა: ჰო, ძილი პირველი მამლის ყივილამდე არ მომკარებია, შემდეგ კი აღარაფერი მახსოვს თვით დილამდე. მასხარა: ეს როგორ მოსვლია ჩემს გაზრდილს. თეკლა: დიდბუნებოვნებამ შეიწყალა ჩემი სინაზე. მასხარა: /თავისთვის/ მოტყუებულა ჩემი `ძმისწული~. ვინც ამის კატის ხასიათი იცის, ვეფხვის ბდღვინვებით, ასე ადვილად არ დაინდობდა. ეგეც არ იყოს, ნეტა, რას ავნებს თაგვს თივის ზვინი. თეკლა: რას ამბობ? მასხარა: შენისთანა ნორჩის არდანდობა არ შეიძლებოდა. თუმცა სახე არეული გაქვთ და უცნაურად სუნთქავ.. ხომ არ ეშმაკობ ჩემთან ტყუილად? თეკლა: უგუნებობა მომერია ნეტარი ღამის შემდეგ და მარტო ყოფნა მომინდა. მასხარა: მე ერთი კარგი თვისება მაქვს: თავის თავთან ვისაც მოუნდება საუბარი, ყველას თამამად შეუძლია მელაპარაკოს, მე სარკე ვარ. თეკლა: ვინც მაგ სარკეში ჩაიხედავს, თავისი თავი ეშმაკად მოეჩვენება. მასხარა: თქვენ როგორ ხედავთ ამ დილაზე თქვენს კულულებს და უმანკო სხეულს? თეკლა: თავი მიბრუის თითქოს და თუ დამტოვებ, ძალიან კარგს იზამ. მასხარა: ძნელია იხედებოდე შენი სულის სარკეში. თანაც დიდია ცდუნება შიგ ჩახედვისა. ამიტომ მაგდებენ და ისევ მეძახიან. თეკლა: ოჰ! მასხარა: გავრბივარ, გავრბივარ. /მღერის/ ერთ პატარძალს თმებში თივა ჩაეხლართა, მთვარის ნათელი... თეკლა: ძლივს არ დამტოვა ამ სალახანამ, აბეზარმა და თავის ყოფნით თითქოს მაინც შემიმსუბუქა, მასხრის თვალით დამანახვა ეს ქვეყანა და ჩემს დარდთა სიტყვად ქცევის უნარი მომცა. დაე, იცოდნენ ამ კედლებმა და ყველა ხალხმა, ვინც მე მომისმენს და ვერც კარგს და ვერც ცუდს ვერ გამიკეთებს, რომ ერთ კვირაში ვუღალატე ჩემს შეყვარებულს, თავქარიან უფლისწულ ზურაბს. უცებ გავთხოვდი, მშვენიერი სხეულის მადლით, ერისმთავრის ერთადერთ ვაჟზე. იმავე ღამეს ის გავცვალე ჩემს ქორწილშივე შეზარხოშებულ მეფის ვაჟში, რომელმაც სილა გამილაწუნა თავისთანვე ღალატისათვის. მე შევკივლე, მას საურმაგი გამოუდგა და ციხის ნგრევის მხვერპლი შეიქნა. ო, რა იმედი დავკარგე მე დედოფლობის. და ამ იმედებს რომ დაემატოს ჩემი მშვენება, ამდენსავე ვნახავ შურისძიებას მის წინააღმდეგ, ვინც მე მომიკლა სიყვარული, მერე ქმარი და ყველაზე უწინ პატიოსნება. მიფრთხილდი, ზურაბ, შურისძიებით დაიტენა ჩემი სხეული. აგერ, შადიმანიც მოდის, ჯერ კიდევ ბედნიერი მამა, სახე უბრწყინავს... /გადის/ სურათი მესამე შადიმან: აქეთ, აქეთ, ჩემო მასხარავ, კარგი სიზმარი რამე ვნახე და ხასიათი შემეცვალა თითქოს ცუდისკენ. მასხარა: მერე მე მიხმობ მაგ ხასიათის გასაღრმავებლად? შადიმან: არა, სიზმრის გასაგრძელებლად. მასხარა: მაშ მე მეფის ტახტის ფორმას მივიღებ და თქვენ ზედ დაბრძანდით, ოღონდ შემთხვევით თავამოჩრილ ლურსმანზე შარვალი არ ამოიხიოთ. შადიმან: შენ რომ არ მყავდე, სწორედ არ ვიცი, ვის დავანთხევდი ჩემს დარდს და ბოღმას. მასხარა: უფრო სწორად, იმის შესახებ ვის ეტყოდი, არა? შადიმან: ქარაგმებისთვის განვეწყვე უცებ მეც შენსავით. ვეტყოდი კი ისეთ ვინმეს, რომ ჩემი ჭკუა და შენი გრძელი ენა... მასხარა: ო, რამდენ სისულელეს ჩაიდენდნენ ერთად, რადგან მაგისთანა ჭკუისათვის ენა სწორედ დიდი მტერია. შადიმანი: ხი, ხი, ხი, უნდა გეთქვა პატიოსნებაო, არა?! მასხარა: როგორ, არ ვიცი, მე მამაჩემზე, სულ ცოტა, ხუთი-ექვსი წლით ადრე დავიბადე და მაშინ უკვე სამჯერ მკვდარი ვიყავი, როცა დედოფალმა, რომლის კალთის ერთი შეხებაც კი ჟინს დაუკარგავს ადამიანს, შენს მაგიერ ხუჭუჭთმიანი აზნაური დურმიშხანი მოიყვანა ცოლად და სამუდამოდ დაგიკარგა იმედი პატიოსანი გზით მეფედ გახდომისა. შადიმან: მაგრამ ხომ შემრჩა... კარგი სიზმარი გამახსენდა და ხასიათი ისევ მომეწამლა. მასხარა: გინდოდა გეთქვა, თავი, გამოტენილი უპატიოსნო გზებითო, არა? შადიმან: მორჩი ყბედობას. მასხარა: მე ისევე ვერ მოვრჩები ყბედობას, როგორც შენ ხელმწიფობაზე ფიქრს. შადიმან: მე რომ ხელმწიფე გავხდე, შენ სახრჩობელა არ აგცდება. მასხარა: და თუ არ შეიქნები, კიდევ შენ თვითონ შეიძლება გახდე იმის მსხვერპლი. შადიმან: ეგ მასხრობა რაღაც არ მომწონს. მასხარა: ალბათ, იმიტომ რომ სახრჩობელასთან შენ უფრო ახლოსა ხარ, ვიდრე მე. შადიმან: მაგ სიტყვებით კი მასიამოვნე. ერთი ახლოს მოდი, ეს ოქროს კვერთხი მინდა გაჩუქო. მასხარა: ნუთუ?! შადიმან: აჰა, მიიღე... ოქროს გაყიდი, ვიცი, ხარბი ხარ, ეს დარტყმა კი დაგამახსოვრდება. მასხარა: ო, ხარბო გულო, მამაჩემზე ექვსი წლით ადრე დაბადებულო, ამდენი იცი და ამ პატარა ოქროს ნამტვრევმა ასე როგორ დაგაბრმავა. თითს ვკაკვავ, ვაღიარებ, რომ ღირსეულად დამკარ ბეჭებზე... ოხ... ამის შემდეგ შენთან ახლოს აღარ მოვალ, სანამ ჩემი ხელით არ ჩამოგხსნი სახრჩობელიდან. შადიმან: რას აგეკიდა ეგ სახრჩობელა?! მასხარა: უბრალოდ, კარგი სიზმრები ცუდად მთავრდება და მე კი სულ შენს სიზმარზე ვფიქრობ. შადიმან: იცი, რა ვნახე? მასხარა: ვხვდები. შადიმან: აბა? მასხარა: ციხის დანგრეულ კედლებში შემოდიოდა მტრის ჯარი. შადიმან: კიდე? მასხარა: მეფე ეკიდა დედოფლის გვერდით, ჩამომხრჩვალი სასახლის თაღქვეშ. შადიმან: ხასიათი რად გამიფუჭდა მაშინ დილაზე? მასხარა: უფლისწული დარჩა, ალბათ, ცოცხალი. შადიმან: მოდი აქ, ძაღლო! როგორ მიდის გალავნის შენების საქმე? მასხარა: ღვთისა და ჩვენი შემწეობით, ისევ დაინგრა გუშინ ღამით და, მგონი, მსხვერპლიც მოჰყოლია. შადიმან: აუ, ღმერთებო, იმატე, მსხვერპლო, და არ აშენდე შენ, გალავანო. თეკლა: მიშველეთ, მიშველეთ! მასხარა: ერისმთავრის ვაჟი ხომ არ მოგდევს, ჟინზე მოსული? შადიმან: ხი, ხი, აბა, თქვი, თეკლავ, ჩემო რძალო! გურანდუხტ: აუ, მაგ შავ დღის არგათენებას. შადიმან: რა დაგემართათ! მასხარა: თათარი ხომ არ მოგდევს, ქალბატონო? გურანდუხტ: ვაი უბედურს! შადიმან: რა დაგემართათ!! გურანდუხტ: უბედურო ჩემო მეუღლევ, ბედდამწვარო ბებერო შადიმან!.. შადიმან: გამაგებინეთ რა გემართებათ! მასხარა: აქ სულ სხვა რაღაც საქმე დატრიალდა. თეკლა: აღარ მყავს... შადიმან: საურმაგ სად არის, შენი მეუღლე და ჩემი ერთადერთი ძე, შემატყობინეთ. /მასხარა გარბის/ გურანდუხტ: ძალა მერთმევა, გონებას ვკარგავ, გულს ვეღარა ვგრძნობ და მაინც ცოცხალი მქვია, აუ, უბედურს. თეკლა: ხსნად მხოლოდ სიკვდილი დაგვრჩა. შადიმან: სად არის, ხალხო, ჩემი საურმაგ! მასხარა: /შემორბის/ ხორცის გროვაა იმისგან მხოლოდ დარჩენილი. |შადიმან: მასხრობ?! ხომ მასხრობ, მართალი მითხარ და ამ ჯოხს მართლა გაჩუქებ, ზედ მთელ ქონებას დავუმატებ..... მასხარა: /თავისთვის/ იგრძნო ოხერმა, რომ ეს ჯოხი და მთელი ქონება მასთან დარჩება. /ხმამაღლა/ ნეტავი მართლა მასხრობა იყოს. შადიმან: ვახმე უბედურს, არარაობას, მამას უშვილოდ და ერისმთავარს უმემკვიდრეოდ. მასხარა: /თავისთვის/ დიდი ზარია ჩემთვისაც, საურმაგის, ჩემი გაზრდილის, გვამად ქცევა, მაგრამ დავკარგე ავისა და ცუდის გარჩევის ცნობა და, საოხუნჯოდ დაბადებული, მასხარად დავრჩი. თეკლა: ო, ჩემი ქმარი! გურანდუხტ: ო, ჩემი ვაჟი! შადიმან: ტახტის მფლობელად გამზადებული ჩემი მემკვიდრე, მითხარით, ვინ მოკლა?O გურანდუხტ: ვიღაცას განგებ მისი გავლის დროს დაუნგრევია ციხის კედელები და შიგ მოჰყოლია. შადიმანი: ციხის კედლები!! განგებო, ამბობთ?! მასხარა: ციხის კედლებთან ლაპარაკობდნენ, ამ საქმეს თვითონ მეფე იკვლევსო და თუ მიაგნო... /თავისთვის/ ვშიშობ, ერისთავი მასხარის გვერდით არ ჩამოახრჩოს. შადიმანი: ოოჰ, ბედისწერავ, უსამართლო, რისთვის გვაგონებ ჩვენ ავ საქმეთ,... წვრიმალ შურსა, რისთვის გვასწავლი ასე იოლად გზას ბოროტისაკენ და არ გვიტოვებ უკან დასახევ არც ერთსა ბილიკს. ამ ხელებმა ბრმამ, არაწმინდამ, თვითვე მოთხარეს თავისი ჯაფით დარგული ხე და მათვე უფრო ღრმად უნდა მიაბარონ იგი მიწას.... ვფიცავარ იმას, რაც აღარა მყავს, რომ იმ მიწიდან მხოლოდ შური პირდაპირი ამოვა ცისკენ, არ მოისვენებს ჩემს სხეულში არც ერთი ნერვი, სანამ იმ კედლებს მეხუთეჯერაც არ მოვანგრევ, ოღონდ ისე კი, რომ შიგ მოყვეს უფლისწული, მეფე-დედოფლით, და თუნდ მთელი ერიც. მასხარა: ნგრევის წინ, თურმე, უფლისწული უნახავთ იქ ჩავლილი. (შემოდის ვახტანგ) ვახტანგ: მუხლს ვიდრეკ თქვენი უსაზღვრო დარდის წინაშე. შადიმან: ო, ჩემო სიყრმის მეგობარო, მეორედ მოსვლა დაიწყო ჩვენთვის. ვახტანგ: მე შენთანა ვარ, ერისმთავარო, ოღონდ მზემოკლე იყოს ხელმწიფე. მის ვაჟიშვილზე ჭორი დადის, ზუსტი ასლია მისი ქცევისა. მის უთავბოლო ქარაფშუტობას დამატებია ავი ზრახვანი და ამ ავ ზრახვად უმსხვერპლიათ, თურმე, საურმაგ. თეკლა: ნუთუ? ვახტანგ: კიდევ ერთ ვინმეზე აქვს ხალხს ეჭვი. შადიმან: ვისზე? ვახტანგ: თქვენს რძალსა ჰკითხეთ. შადიმან: თეკლა! თეკლა: ახლა ჩემთვის მხოლოდ გლოვა არსებობს. ვახტანგ: რაღაც არა ჰგავდით გახარებულს მაშინ, ქორწილის ღამეს, რომ სხვაობისათვის დარდი ძლიერ დაგტყობოდათ. თეკლა: ჩემი დარცხვენა იმ ნეტარ წუთებში თუ უგუნებობად მიიღეთ... მასხარა: ფარდა ეხდება საშინელ საქმეთ, რომ უფრო მეტად ჩამოიბუროს. თეკლა: რაზედა ბრძანებთ, მე აღარ მესმის არაფერი, დარდისგან მოკლულს. ვახტანგ: რაზედა დარდობ, ბილწო დიაცო, შემბღალველო მეუღლის ვალის, მას, რომ არ გახდი უფლისწულის ნაზი მეუღლე, თუ რომ დაკარგე ძვირფასი ქმარი ქორწინების პირველსავე ღამეს. თეკლა: ო, ღმერთო ჩემო, ცილისწამება თავს დაატყდა ჩემს მწუხარებას. შადიმან: ერისთავთა ამაყი რძალი ამ წამებში შურისძიებაზე უნდა ფიქრობდეს მხოლოდ. რას მივაწერო, თავადო ვახტანგ, თქვენი სიტყვები! ვახტანგ: ჩემს აღელვებას. დამავიწყდა, რომ მხოლოდ გლოვა გვმართებს ყველას. მასხარა: მაშინ დავიწყოთ ხელები გულმკერდზე და ვიტიროთ. შადიმან: არა! გურანდუხტ: მე თვითონ, დედა, პირველი შევიშრობ ცრემლებს. მასხარა: მეც თქვენ მოგბაძავთ თქვენი მასხარა და სიცილს დავიწყებ. ვახტანგ: ბრძნული არის თქვენი სიტყვები. შადიმან: დამიგდეთ ყური, ჩემო ერთგულო მახლობლებო, ცოლო და რძალო, არც ერთი წვეთი ცრემლი არ დაიღვრება ჩემს ოჯახში იმ დღემდე, ვიდრე უფლისწულს და იმის მშობელთ სიცილისა და ტირილის უნარს... შემომფიცეთ. მასხარა: შეჰფიცეთ! ყველანი: ვფიცავთ. შადიმან: ახლა გავიდეთ, დავტოვოთ ეს ვრცელი დარბაზი, რომელშიც ყველა სიტყვა იბნევა და ვნებას ამცირებს შურისძიების. მე თვით მექნება საუბარი ჩემს პატიოსან რძალთან და შევეცდები ყოველი მისგან ცუდი ნაქნარი ჩემს სასარგებლოდ გამოვიყენო. ამ დრომდე გამოუკვლევლად მივუტევებ მას ყველა ცოდვას. თეკლა: ყველა მიზეზი მაქვს მე შურის საძიებლად და არც ერთი სიყვარულისათვის, სისუსტესა ვგრძნობ მარტო ყოფნისას. ნეტავ, პირველმა გაიმარჯვოს უკანასკნელზე. მასხარა: როცა სისუსტე მომაწვება, მე შადიმანს მივმართავ ხოლმე და მისი ერთი დანახვაც კი ყველაფერს დევნის, ბოროტის გარდა, ჩემი გულიდან. თეკლა: შენ ყურს მიგდებდი! მასხარა: არა, ისე, საქმეთა ვითარებას გულისხმიერად ვადევნებ თვალყურს. შადიმან: /შემოდის/ მცირე ოთახში მოიცდიან დედოფალი და დიდებულებიც, მე დიდ არენას დიდ საქმეთათვის ვარჩევდი და აქ მსურს ჩემს რძალთან ლაპარაკი. შეგიძლია, რომ შენც დაესწრო. მასხარა: დიდო ბატონო, მე თანახმა ვარ, რადგან ბნელ ზრახვათ ღია ფერებში ჩაცმული მასხარასავით არაფერი არა ფარავს. შადიმან: სიამოვნებით ჩავიცვამდი მე მაგ სამოსელს. მასხარა: მე კი თქვენსას, მაგ სამოსელში მასხრობა უფრო იოლია. შადიმან: იატაკზე, იატაკზე დაჯექი-მეთქი... ჩემო რძალო, დიდი თავადის აღელვება რას მივაწეროთ? თეკლა: თვით იმას ჰკითხეთ. შადიმან: მე მიზეზს ვეძებ და არა შედეგს. მასხარა: ცუდად ეძინა თეკლასავით, ალბათ, იმასაც ან ჩვენმა დარდმა დაუკარგა ჭკუა-გონება. შადიმან: ჩემო რძალო, ერთი მითხარი, ძლიერ დაითვრა ჩემი ვაჟი გუშინ ქორწილში? თეკლა: მე მას სიმთვრალის ვერაფერი შევამჩნიე. შადიმან: აბა, უფლისწულს როგორ ჰკადრა ხმამაღლა სიტყვა! თეკლა: ზურაბი გახლდათ უგონოდ მთვრალი. შადიმან: თავქარიანი... თუ სთქვა რამე... თეკლა: ალბათ, არ მახსოვს. შადიმან: შენზე ამბობენ, რომ გაწითლდაო! თეკლა: დიახ, სიცხისგან. შადიმან: შენ ყოველთვის სწორს ამბობ. მე ჩემი რძლის კარგ ქცევაში ეჭვის შეტანა უაღრესად დამამცირებდა და თავს არ ვკადრებ მაგნაირ რამეს, მაგრამ ხომ იყო ქორწილამდე ერთი შემთხვევა, როცა უფლისწულს მონდომებია გაარშიყება მსუბუქად, ოდნავ... მე, როგორც მამას და შენს პატრონს, ნუ დამიმალავ. თეკლა: დიახ, იყო. შადიმან: ღვინოს წარსულში გადაჰყავს კაცი, და რაც დაკარგა იმ წუთებში, ყველა უნდა, რომ უცება ქნას. მასხარა: ესეთ ბუნდოვან საუბარში ამდენი ნათელი აზრი ჯერ არ მსმენია. თეკლა: მე კი არ მესმის, საითკენ მიგყავთ საუბარი. მასხარა: ქვევითკენ, ქვევითკენ. შადიმან: შესაძლო არის, რომ ზედმეტად შეაქო ღვინონასვამმა თქვენი თვალ-წარბი! თეკლა: დიახ, შეაქო. შადიმან: როცა ენას ფარად იყენებს კაცი, მაშინ მხოლოდ სხეულის ერთ ნაწილსა ფარავს. მასხარა: ის ნაწილი კი ყოველთვის შიშველი რჩება, რაც ამოძრავებს. თეკლა: ისედაც მოკლულს დარდისაგან, გთხოვ, ნუ მაწამებთ. შადიმან: წადი, ჩემო რძალო... მოიცა, მხოლოდ მეფესთან გაიმეორე, თუ შეგეკითხონ. ღვინონასვამი ზედმეტად აქებდა-თქო ჩემს თვალ-წარბს. თეკლა: მერე ეგ ვითომ შეუმსუბუქებს საურმაგს ხვედრს? შადიმან: ახლა მე შენი სიპატიოსნე მაინტერესებს და ხალხს, ვინც ზედმეტს ლაპარაკობს, პირში ბურთს ჩასჩრი უმტკივნეულო გულახდილობით. თეკლა: ბატონი ბრძანდები. /გადიან/ მასხარა: ქორწინების, ბედნიერების პირველსავე ღამეს საურმაგ მოკვდა. ეს საწყისია... ტრაგედია ახლა იწყება. შადიმან: ჩემი რძლის ერთ ნაზ სიტყვას მე იმდენ ჩუმ ცეცხლს დავუმატებ, რომ სასაკლაო დატრიალდეს მთელ სამეფოში. სურათი მეექვსე ვარდისახარ: კატო, გოგო, სარკე მომეცი. კატო: რომელი სარკე, ქალბატონო, ცოდვათა ქმნის თუ მონანიების? ვარდისახარ: პატარა სარკე, ვაზის ჩარჩოთი, ოქროს პატარა არშიით და ბრილიანტებით, რომელშიც მოჩანს ცუდიც და ავიც. მხოლოდ საკუთარ საქმეთათვის მცალია ახლა. /კატო ბებერი ქალია, რომელმაც იცის მისი შვილის საიდუმლო/ კატო: იგი მე ჯერ თვალითაც არ მინახავს. ვარდისახარ: ის მე დავმალე კიდობნის უკან, როცა შევფიცე ეშმაკსაც და ანგელოზს ერთად, მამაკაცს არ გავკარებოდი, ჩემს სახეს მზე არ დაენახა, ტანს წყალი არ მოხვედროდა, თმას სავარცხელი და სულს მშვიდობა, ვიდრემდის.. კატო: ვიდრემდის მაგ ნივთს ვიპოვიდე, ხომ არ მიიღებთ, ქალბატონო, სამარჩიელოდ მოსულ მომლოდინეთ. ერთი კაცია, დარდისგან მკვდარი, იმისი შვილი ჩუმად მოუკლავთ აკვანშივე, მას მიჰყოლია იმისი ცოლიც, ყმაწვილი ქალი, ხოლო ქალის დარდს გადაჰყოლია დედამისი. ვარდისახარ: ნეტავი მაგათ, შვება უნახავთ. კატო: ვაჰ ეგეთსა ხსნას! ვარდისახარ: ეს კაცი მკვდარს ჰგავს, დარდისგან დამჭკნარს? ხომ ვერ გამიგებ მის სახელს? კატო: ახლავე, ქალბატონო, ვარდისახარ: მოიცა, გოგო, თუმცა წადი და სახელთან ერთად სარკეც მომიტანე. კატო: ახლავე, ქალბატონო, არ დამავიწყდება. ის კაცი კარებს უკან იცდის. ის სარკე კი კიდობნის ქვევით არის დამალული, არა? ვარდისახარ: წადი. კატო: რამდენი ხანია. რაც ის სარკე იქა დევს? ვარდისახარ: წადი და ახლავე მომიტანე. კატო: რა დარდები გაქვთ, ქალბატონო, სხვის დარდის მკურნალს, ვერ მომახსენებთ? თქვენს ერთგულ მსახურს სურს, რომ რითიმე შეგიმსუბუქოთ. ვარდისახარ: შენ კიდევ აქ ხარ?!.. /კატო გადის/ რა ვერაგია ხალხი ბუნებით. ეს უცვლელი მოახლე ქალიც ცდილობს გაიგოს ქალბატონის გულისნადები, რომ მოიკლას თავისი ჭორი და მით იარა გამიღრმაოს. რა ნაცნობია ჩემთვის ეს გრძნობა, ჩემთვის, რომელმაც მარჩიელობის ამ ულევ წლებში, ხალხის პატარა ტკივილიც კი ზეპირად ვიცი. რომელიც კურნავს ერთის მუწუკს, რომ მით მეორეს რაც შეიძლება მაგრად ატკინოს. სწორედ ამიტომ შორს გავარდნია ვარდისახარს და მის ხელობას, შიშისა და შვების მომგვრელი მარჩიელის, გაჭირვებისას საჭირო და ლხინის, ქეიფის, სხვა ამქვეყნიურ დროსტარების დროს დასაცინი, შემზარავი და გასაკიცხი სახელი. კატო: /შემოდის/ ქალბატონო, იმ კაცს ზურაბი ჰქვია, ეს სარკე კი შუაზე გაბზარულა. ვარდისახარ: ზურაბი?! კატო: დიახ, უფლისწულის სეხნია გახლავთ. ხოლო ცოლი და დედა დარდს კი არ მოუკლავს, როგორც მოგახსენეთ, არამედ იმ ციხის კედლებს, რომლებიც ისევ დაქცეულან და სალოცავად მიმავალნი შიგ მოუყოლებიათ. მეფის შიკრიკი: /შემოვარდება/ ვარდისახარი რომელი ხართ, კიდით კიდემდე ცნობილი მარჩიელი? ვარდისახარ: ის დღეს არ იღებს. მეფის შიკრიკი: ხელმწიფის ბრძანებით, ხვალ დილას მის კარს უნდა ეწვიოთ სამარჩიელოდ... მტერი საცაა გამოჩნდება, ციხის კედლებს კი არაფერი ეშველა. ვარდისახარ: ვეახლები. /შიკრიკი გადის, კატო აცილებს/ ეს სარკე ტყუილად არ გაბზარულა, არც ის მოსულა, უფლისწულის ერთსახელა, ამ დილას ისე, მეც ტყუილად არ დამძვრია შურისძიების ხელოვნურად და დიდი ძალით მივიწყებული ტვირთი, რომელსაც 21 წელს მშვიდად ეძინა. ყოველი იგი, ვინც ამ სარკეში ჩაიხედავს, საშინელ ტანჯვით დაიღუპება. /სარკეში იხედება/ უუ, ღმერთებო! სისხლის ნიაღვარს ვხედავ, რომელიც მე ვარ, და შიგ ქარიშხლისგან გზააბნეულ ნავებივით მიცურავენ სხვა დანარჩენნი. და თუ ხელმწიფეს, ვინც მე მიყვარდა, ქალური სიფაქიზით თვითონ ვერ ვავნე, ვისგანაც მკვდარი შვილი მეყოლა სწორედ იმავ დღეს, როცა სამეფო ეგებებოდა ჩვენს უფლისწულს, და ყველას ლხინი ჩემს ნაღველსა და დარდს აღრმავებდა... მაშ შეტრიალდი, ბედისწერავ, ჩემგან შექმნილო, დაწყებულო ჩემს უნებურად და ამ ტრიალში თუნდ მეც მიმსხვერპლე. ჩამოიწეწეთ დედაბერივით, ჩემო თმებო, ბროლივით თეთრ სახეზე აიკარ ყველაზე უფრო შავი ნიღაბი და მოემზადე ხვალ დილისათვის. სისხლის წუწნა არათითიდან სისხლის აშკარა ღვრით შეიცვლება. /გადიან/ (დაუმთავრებელი) [1960 წელი. თბილისი]
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი