უკანასკნელი აბენსერაჟი
აფხაზი აჩბა ბილიკმა ათონის ჩაის საბჭოთა მეურნეობასთან მიიყვანა. აქედან გზა ყოფილ მონასტერში მიდიოდა. ჩაფიქრებული ჩაუყვა თავადების ჩამომავალი მოკირწყლულ გზას. შორს, სადღაც, ზღვა ცაში გადადიოდა, კარგა ხანს ჭვრეტდა ზღვის სიმშვენიერეს, მერე მზის სხივებმა თვალი მოსჭრეს და გზა განაგრძო. აჩბამ ოცდათერთმეტი წელი თავისი ცხოვრებისა აფხაზეთის მთებში გაატარა. დროდადრო ჩამოდიოდა ხოლმე ბარში დროს სატარებლად. ძალიან უყვარდა შამპანური, განსაკუთრებით მოსწონდა, როცა ბოთლსა ხსნიდნენ და საცობის გავარდნასთან ერთად ტკბილი, მათრობელა სითხე რომ გადმოჩქეფდა ხოლმე. იგი ახლა სასმელზე და რუსის გოგოებზე ფიქრობდა. თითქმის მთელი წელი საქონელს უდგა. ახლა მოსწყურდა დროსტარება და ბარად დაეშვა. ყოფილი მონასტრის ეზოში დამსვენებლები ირეოდნენ. აფხაზი მალულად ჭვრეტდა მკერდსავსე გოგონებს. გალავანთან მიდგმულ სკამზე მარტო მჯდომი ქალი შენიშნა და გვერდზე მიუჯდა. როგორც იყო, თავისი დამტვრეული რუსულით გაიცნო, თავისი სითამამის თვითონ გაუკვირდა. გადაწყვიტეს, ღამის ათ საათზე შეხვედროდნენ ერთმანეთს. ქალი წავიდა. აფხაზი აჩბა კი იჯდა და ზღვას უყურებდა. მის ქვევით უზარმაზარი ყურე იყო. აქ წყალს ბაცი ფერი ჰქონდა. აქედან ზღვა ნელა იშლებოდა და გამუქებული იკარგებოდა ცაში. ჰორიზონტზე ჩამავალი მზის სხივები გაწოლილიყვნენ. თავად მზე დაღლილობისაგან ძლივსღა იმაგრებდა თავს. იჯდა აჩბა გარინდებული და თავისი თვალით უყურებდა მზის თავის დახრჩობას. ნაპირზე უკვე მუქი ფერები ჩამოწვა. მარადმწვანე ხეები იძინებდნენ, მხოლოდ მათ კენწეროებსღა ხედავდა მზე. ყურიდან ალვის ხეებისა და ევკალიპტების ხეივანი მოდიოდა მთისაკენ. აქ იგი გვირაბებს შუა მოქცეულ ტბას ერთვოდა. შემდეგ უცებ იწყებოდა მთა, რომელიც სულ მაღლა და მაღლა გრძელდება, ვიდრე სვანეთის კავკასიონამდე. მოპირდაპირე ბექობზე წიწვნარში გემოვნებით ნაშენი სახლი იდგა. აფხაზმა შურის თვალით შეხედა, მერე მზერა ისევ ხეობაში გადმოიტანა. რაღაცა არ ესიამოვნა, თითქოს ახლა დაინახა ორსართულიანი, თეთრად შეთხიპნილი რუსული სახლები. ხასიათი თავისდაუნებურად წაუხდა. ბუნებამ დაკარგა თავისი სიმშვენიერის ნაწილი. “ნეტა ეს სახლები საიდან არის, ან ვინ ააშენა,” გაიფიქრა გუნებაში. მზერა ისევ ზღვაზე გადაიტანა. ხასიათი უფუჭდებოდა, მაგრამ მიზეზს თვითონ კარგა ვერ მიხვდა. რაღაცა უცხო დაინახა ზღვაშიც, მერე ისევ ის სახლები გაახსენდა. დაისი დასრულდა. ბინდმა სულ უფრო იმატა. აჩბა შიმშილმა შეაწუხა, მერე შამპანური გაახსენდა და დუქნის გზას დაადგა. დუქანი ცარიელი იყო. მან თავისი ხელით გახსნა ბათქანით შამპანური და შუშხუნა სითხე ღიმილით შესვა. სვამდა შამპანურს, თან ცხვრის მწვადს ატანდა. ერთი რომ გამოცალა, მეორე მოატანინა, ისიც ხმაურით გახსნა. უზომოდ მოუნდა ვინმესთან ლაპარაკი. გვერდზე მაგიდასთან მთვლემარე მომტანს გამოესაუბრა; ისიც აფხაზი ჩანდა. - საიდან ხარ, მამობილო? მომტანი გასწორდა და თვალები ეშმაკურად შეათამაშა, ეტყობოდა, ლაპარაკის ჟინი მასაც მოსწოლოდა. - მე, ოჩამჩირელი, ოჩამჩირეს ზევით ათი-თორმეტი კილომეტრია ღულამდე. ხომ იცი, შენ, კაცო. - როგორ არა, იქით ხშირად დამიდის საქონელი. - საქონელში ხარ? - მომტანმა სკამი ახლო მოსწია. - საქონელში კი, მამილო. ერთი ჭიქა შემისვით. ორივენი კარგ ხასიათზე დადგნენ, ახლა მომტანმა მოიტანა თავის ხარჯზე შამპანური. დუქანში მთვრალები შემოვიდნენ. აჩბამ მოსაუბრე დაკარგა და მარტო განაგრძო სმა. ისევ შეეცვალა გუნება. ხეობაში გადაიხედა. თეთრი სახლები ნათელ ღამეში კარგადა ჩანდნენ. მან თავი გააქნია, თითქოს სახლების გამოსახულებებს ერეკებაო. ახლა იგი თავის აფხაზეთზე ფიქრობდა. მის პრიმიტიულ გონებაში ათასი ფიქრი იყო. მოუნდა მთიდან მთაზე ხიდების გადება და სადღაც, ზღვაში კოშკის ამართვა. დათვრა, ფიქრებს თავს ვეღარ ართმევდა, მხოლოდ გრძნობდა, რომ გადებული ხიდიდან თეთრი სახლები უშნოდ გამოჩნდებოდნენ. გარეთ გამოვიდა. მისი ქალი ხის ქვეშ იდგა და ხმამაღლა ელაპარაკებოდა ვიღაცა კაცს. ამ უკანასკნელმა ხმას აუწია და რუსულად შეაგინა, მერე საცემრად მიიწია. აჩბა ადგილს მოსწყდა, დარტყმით გააგორა ქერათმიანი რუსი, მაგრამ უკნიდან ყურისძირში სილა მოხვდა და დაბანცალდა, სწრაფად მობრუნდა, ახლა გვერდიდან გაარტყეს. თავგამოდებით ჩხუბობდა აფხაზეთის თავადების შთამომავალი, თან თავის ყამასა ნატრობდა. უკვე ვეღარ არჩევდა თავზე წამოხვეულ მოწინააღმდეგეებს. მერე დაიღალა. გადაწყვიტა, უკან დაეხია, აქ თხრილში ჩაუვარდა ფეხი და წაიქცა. - Бей его, - დაიღრიალა ვიღაცა მთვრალმა და ყველაფერი აირია. აჩბა გრძნობდა, რომ ხვდებოდა წიხლები, მაგრამ არ სტკიოდა. სახეზე ხელები აიფარა. - Наверно, умер, - გაიმეორა იმავე ხმამ. ბექობი წამში დაიცალა. აფხაზი აჩბა კი ეგდო და ბუნდოვნად გრძნობდა, რომ რცხვენოდა, მერე ნერვიულად გააქნია ხელები, წამოდგა. ბანცალით დაეშვა ხეობისაკენ, იქ ნათესავი ჰყავდა. ახლაღა მოაგონდა, რომ მისი ბიძაშვილიც იმ თეთრ სახლებში ცხოვრობდა, სახლების გახსენებამ სულ წაუხდინა ხასიათი. იგი შემობრუნდა და ზღვისკენ წავიდა. კენჭებზე წამოწოლილი ცოტა დამშვიდდა. რამდენიმე ხნის შემდეგ წაეძინა. წელი 1956. აგვისტოს 24.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი