უსახელო უფლისციხელი
რამდენიმე ხნის წინათ დამიბარეს ჟურნალ “ცისკრის” რედაქციაში და მომცეს წინადადება დამეწერა ისტორიულ-ლიტერატურული ნარკვევი უფლისციხეზე. მე დავთანხმდი, მაგრამ რედაქციიდან გამოსვლისთანავე ვინანე. მოვექეცი ჩიხში. არ ვიცოდი რა მექნა. რაღაც წამოვიდა იდეასავით და მოკვდა. მთელი კვირა ვიარე უქმად. დრო კი გადიოდა. გადავწყვიტე ისტორიის შესწავლა დამეწყო. წყაროების სიმცირე და მშრალი ფაქტები მომხვდა თვალში პირველადვე. მერე გადავწყვიტე უფრო ფართოდ შემესწავლა უფლისციხის ისტორია. გავეცანი აღმოსავლეთ საქართველოს უძველეს სავაჭრო გზებს, რომელიც აქ გადიოდა, გავეცანი მის მიდამოებს: სადღაც აესხა მძივი. შევადგინე კონსპექტი. უფრო კარგად ვგრძნობ უფლისციხეს. ახლა საღამოა. ვზივარ სახლში და ვკითხულობ კონსპექტს. ის სულ უფრო მითრევს; რამდენი ცოცხალია მკვდარ ისტორიაში, მხოლოდ ფანტაზია უნდა ოდნავ. ხვალ კი აუცილებლივ წავალ უფლისციხეში. ახლა ღამეა. მეძინება. ვიღებ კონსპექტს და ვკითხულობ ახლიდან: უფლისციხის ტერიტორიაზე პირველი დასახლებული პუნქტის შექმნა ეკუთვნის დაახლოებით მეორე ათასწლეულს ჩვენს ერამდე. ამავე დროს ეკუთვნის მისი მიდამოების დასახლება მტკვრის ორივე ნაპირზე. თუმცა ცალკეულ სამოსახლოებს ამავე ადგილებში ვხვდებით ენეოლითის დროიდანაც. ანტიკური ხანიდან იწყება ქართლის ტერიტორიაზე მდებარე სამოსახლო ადგილების გაძლიერება. ამ ხანის პირველ პერიოდში განსაკუთრებით ძლიერია მტკვრის მარჯვენა სანაპირო. აქ მტკვრის ყოველი შენაკადი ხეობა ცალკე გამაგრებულ რაიონს წარმოადგენს, რომლის ბინადარნიც თავს იყრიან რომელიმე ძლიერი სამოსახლოს გარშემო. იმდროინდელი გამაგრებული ადგილები გაშენებულია ბორცვებზე. ახლა ასეთი სამოსახლოს გათხრა მიმდინარეობს სოფელ ხოვლესთან ე.წ. ხოვლიგორაზე. მაგრამ იმდროინდელი ტექნიკისა თუ გახშირებული ლაშქრობა-ძარცვის პირობებში ასეთი გამაგრებული ბორცვები უძლურნი ხდებიან. ისინი, კლასობრივი საზოგადოების ჩამოყალიბებასთან დაკავშირებით, თანდათან კარგავენ პოლიტიკურ თუ ეკონომიკურ მნიშვნელობას. არის შემთხვევები სწრაფი დაცემებისაც. ასეთი დაცემის კვალი შემონახულია ხოვლიგორაზე. ნელ-ნელა ეკონომიკური სიძლიერე და, მასთან, პოლიტიკურიც გადადის მტკვრის მარცხენა სანაპიროსაკენ. აქ იქმნება მთელი რიგი გამაგრებული ციხე-ქალაქებისა: მცხეთა, უფლისციხე, გორი, ურბნისი. ელინისტურ ხანაში ამ ქალაქებზე გადის მსოფლიოში ერთ-ერთი უძველესი სავაჭრო გზა. გზა მოდის ინდოეთიდან, ან ჩინეთიდან, ან სპარსეთიდან ამოდის კასპიის ზღვაში, მოჰყვება მტკვარს, გამოივლის ხუნანს, ბოსტან-ქალაქს, მცხეთას, უფლისციხეს, გორს, ურბნისს, შორაპანს, გადადის კოლხეთში ფაზისამდე (ფოთი). ამ დროისათვის უფლისციხე უკვე ძლიერი ქალაქია. მისი პირველი საფუძვლიანი გამაგრება-აშენება ამავე დროს უნდა ეკუთვნოდეს. უფლისციხის აშენებაზე დახარჯული შრომა მკაფიოდ ლაპარაკობს მონის შრომის გამოყენებაზე. ამ ციხის გარშემო შენდება სოფლები. უფლისციხის დასავლეთით (გორის მიმართულებით) დადასტურებულია უზარმაზარი დასახლებული ადგილი და ხოვლიგორის მსგავსი სამოსახლო ბორცვი. აქ ამ დროისათვის უკვე სახლობს წარჩინებული–უფალი, რომლის მართველობასაც ექვემდებარება ახლომდებარე მიდამოები. მდაბიონი იქვე, ქალაქის კედლების გარეთ, სახლობენ. იმდროინდელი ტექნიკის პირობებში უფლისციხის აღება შეუძლებელია. მას ორი მხრიდან, სამხრეთიდან და დასავლეთიდან, საზღვრავს ბუნებრივი უფსკრულები, ხოლო დანარჩენ ორ მხარეს კლდეში გამოკვეთილია თხრილი, სიგანით ათ მეტრამდე და სიმაღლით ოთხ-ხუთ მეტრამდე. ახლა იგი უკვე საკმაოდ ცნობილი ქალაქია. თავისი შინაგანი სიძლიერით თუ არქიტექტურული გარეგნობით იგი ყურადღებას იპყრობს. უზარმაზარი ქვაბები, ტალანები თუ პატარა საკნები, მთელი სამლოცველოებიც კი კლდეშია შეთხრილი და საიმედოდ დაცული. შიგნიდან კედლები მოჩუქურთმებულია. ამ კედლებთან იშვიათი არ არის აქლემთა თუ ჯორცხენთა ქარავნები, დატვირთული აღმოსავლური საქონლით. ამავე დროს ეკუთვნის გორისა და მცხეთის გაძლიერებაც. ახლო კულტურული კავშირი მყარდება ამ ციხე-ქალაქებს შორის. უფლისციხე თავის მნიშვნელობას ინარჩუნებს არაბობის დროსაც. ამ ხანისათვის იგი წარმოადგენს მნიშვნელოვან ამოსავალ პუნქტს ქართლის გაერთიანებისათვის. უფლისციხის დასაპატრონებლად ერთმანეთს ეცილებიან სომეხთა მეფე, აფხაზთა მეფე და არაბთა ცნობილი სარდალი აბულ-კასიმი. შემდეგი ბრძოლები უფლისციხეს ახსოვს ძმათაშორის სისხლისღვრის დროს, როდესაც გიორგი აფხაზთა მეფე გარს შემოეწყო “ყოველითა ძალითა თვისითა და მოიყვანნა ტაოელნი მეფენი და ფადლა ეპისკოპოსი და მოადგეს უფლისციხესა და ბრძოდეს მრავალთა დღეთა და ვერარას ავნებდეს ციხესა, რომელ მრავლად დგეს შიგნით”. როგორცა ჩანს, უფლისციხის აღება იმ დროს ან მოტყუებით, ან ურიცხვი სპით შეიძლებოდა. საქართველოში არაბთა ბატონობის შესუსტებასთან და თბილისის განთავისუფლებასთან დაკავშირებით, უფლისციხე კარგავს თავის ძველ მნიშვნელობას და მყუდრო ცხოვრებას იწყებს. ახლა, როდესაც გავეცანი ამ ქალაქისა და მისი მიდამოების ისტორიას, მივდივარ მის სანახავად. დარწმუნებული ვარ, რომ ყველაფერი უკვე ნაცნობი იქნება ჩემთვის. მატარებელი დილით გადის. დილა რუხია და მოწყენილი. არა ცხელა. ლიანდაგი გზას მიიკვლევს უამრავ პატარა თუ დიდ სახლებს შორის. მერე ქალაქი თავდება. სახლების რიგი კი გრძელდება. მერე წყდება. ახლა მთაზე რაღაც საყდარი მოჩანს, შემდეგ ისევ რიგია სახლების; ზევით, მთაში, გვირაბი გაყავთ. მტკვრის მეორე მხარეს ვენახებში იფლობა დიღმის ველი. ვათვალიერებ და მინდა ერთი ადგილი მაინც დავინახო დაუსახლებ-დაუმუშავებელი. მატარებელი ზაჰესის ხიდზე გადადის, ზაჰესი უკან რჩება. წინიდან მოდიან ხრიოკი მთები. აქ ახლა არავინ სახლობს, არც ხნავს. ხანდახან საყდარი და ძველი ქვაბულები მოჩანს. მრავალჯერ განცდილი, უფრო იზრდება ჯვარი, სვეტიცხოველი, შორს სამთავრო, არმაზი, სარკინეთი. სადღაც მთებში გამოქვაბული და შიო მღვიმის მონასტერი. მერე ისევ ციხე მთაზე. ხალხი იღიმება, “მაგას ჭუჭუა მომჭამეს ციხე ჰქვია”, მიჩურჩულებს ვიღაც, მეც ვიღიმები. “რატო?” ვკითხულობ. ის ჰყვება თათართა ალყის ამბავს, შემდეგ საიდუმლო გვირაბზე ჰყვება, რომლითაც ქართველები მდინარეზე გადიოდნენ და კალმახებსაც კი იჭერდნენ. მეციხოვნენი კალმახებს ლაჯებს შუა იდებდნენ. ახელებდნენ თათრებს. “ჭუჭუა მომჭამეო”, ეძახდნენ. დამარცხდნენ თათრები. ეს ამბავი მეც ვიცოდი. მე სხვაც ვიცი. ახლა მთების იქითაც ვიხედები, მიწის შიგნითაც ვიხედები – მაგონდება ახლად ნასწავლი. იქით ხეობებია ქართლის, კლდეკარები, სააკაძის სამშობლო ნოსტე, ერთაწმინდა. აქეთ, კასპის მიწაში, ორი ათასი წლის წინანდელ სამოსახლოებს ვხედავ. მატარებელი ჩერდება. მიდის. ჩერდება. გრაკალიდან ხოვლე მოჩანს. ხოვლის ბოლოზე უძველესი სამოსახლო ბორცვი ითხრება. მატარებლიდან საკონტროლო თხრილი ჩანს შავ ხაზად. მატარებელი ისევ მიდის. ჩერდება. მე ქვახვრელში ჩამოვდივარ. აქ, ქვაში, ხვრელებია სამოსახლო – იმიტომ ქვია ქვა-ხვრელი. მწვანეში ზის ახლანდელი სოფელი. ჩემს პირდაპირ მტკვრის მარცხენა ნაპირიდან უფლისციხე იყურება გამოთხრილი თვალებით. ცხელა. მე მტკვრის ნაპირზე ვჯდები. ვისვენებ. ჩემს პირდაპირ ბორანს აკეთებენ. იმის უკან სახლს აშენებენ. დავიღალე. ამდენი შთაბეჭდილება ერთ დღეში! ერთი ადგილი ვერ ვნახე, რომ თავისი ისტორია არ ჰქონდეს, რომ ქვა არ იყოს ქვაზე დადებული. და ეს მონაკვეთი, რაც მე დღეს ვნახე, ნაწილია ერის. ვცდილობ აღარ ვიფიქრო. ჭიანჭველასავით მშრომელი და დაუზარებელი ყოფილა ჩემი ხალხი - ისევ ვფიქრობ. მერე აღარ ვფიქრობ. მზე უფრო აჭერს. მე ნელა მივყვები ბაღების ხეივანს. აქ ჩრდილია და ცოტა ვისვენებ. შემდეგ მწვანე უცებ წყდება: გვერდიდან მაცხუნებს უფლისციხე. ავდივარ ქვაბებში. ვიწყებ ზევიდან, ჩამოვდივარ ქვევით. ჯერ ვერ გავრკვეულვარ კიდევ. ქარი სისინებს ნაპრალებში. ქანი იფიტება. ქარი უფრო ღმუის. გრძელფეხა ჯოჯოები ხრიოკებს სერავენ. უარყოფით კედლებზე დარბიან ეშმაკებივით და შუა კედელზე ქრებიან. მე ქვას ვესვრი. ქვა ხვდება. ჯოჯო გაკვირვებული მიყურებს, მერე მირბის. მივდევ. უცებ კლდე წყდება და იწყება უფსკრული. ჯოჯო ქვევით ჩარბის. მერე ჩერდება და ისევ იხედება. ქვევით ხრიოკი სოფელი მოჩანს. ისტორიიდან ვიგონებ – აქ დიდი დასახლებული ადგილი ყოფილა. ახლა სოფელი გადაბუგულია; სულ არა ჰგავს ქვახვრელს. მეჩვენება: ჯოჯო იქით მიდის, მერე ისევ უკან მოდის და სხვებს აღვიძებს. “იქნებ ძველი მეციხოვნეების შთამომავლები არიან ჯოჯოები”, ვფიქრობ. “იქნებ დაპატარავდნენ ისინი და ჯავშანში გახვეულები დარბიან.” აქ ხრიოკი და უდაბნოა. ქარი საშინლად უბერავს. ცხელა. ქვიშა გეყრება თვალებში. აქ ყველაფერი შეგიძლია იფიქრო ყველაფერზე. თითქმის ბანცალით შევდივარ ღრმა ქვაბში და ქვიშაზე ვწვები. ქვიშა აქ ცივია. მე ვწევარ და ჭერს ვუყურებ. ჭერი დატიხრულია. ჩუქურთმები გამოდიან სიბნელიდან. კედლები მოხატულია ფარდაგად. აქ ჯოჯოები არ დადიან. ჯოჯოებს ეშინიათ სიცივის. ისევ ჭერის ჩუქურთმებს ვუყურებ. თვალები დაღლილი მაქვს და ძლივს ვარჩევ ჩუქურთმებს შორის ღრმად ამოჭრილ წარწერას Волков, მერე კედელზე გადამაქვს მზერა, აქ უფრო ღრმადაა ამოჭრილი Тормосов. ისევ ვხუჭავ თვალებს; მაგონდება მატიანეში ამოკითხული, რომ აქ ქვა რბილია და ადვილი დასამუშავებელი. ყველას შეუძლია ამოჭრას, რაც უნდა. მე ჯიბიდან დანას ვიღებ და ვჭრი ჩემს გვარს. კლდე იფშვნება. მაინც შეიძლება გარჩევა, რომ მე აქ ვიყავი 1957 წლის ივლისში. რაღაც სასიამოვნოა იმაში, რომ შენი ყოფნა აღნიშნო. ალბათ, ასევე ჰგვრიდა სიამოვნებას ტორმოსოვსა და ვოლკოვს. ალბათ. მეც მსიამოვნებს. გამოვდივარ გარეთ. ცხელა. ისევ ჩავდივარ ქვევით და ხელოვნურ თხრილს მივყვები ზევითკენ. მისი სიმაღლე საშუალოდ ოთხი მეტრია. ის კლდეშია ამოჭრილი. თხრილი ზევით მიდის, მერე უხვევს და ბუნებრივ ხევს უერთდება. აქედან იწყება უფსკრული. თუ არა გვირაბით, შეუძლებელი იყო ამ ქალაქში ასვლა. მე უფრო ზევით ავდივარ. აქედან უფსკრული უფრო ღრმა მოჩანს. ის საშიშია. მე მსიამოვნებს, რომ ის საშიშია: რაღაც ბუნდოვან შეგრძნებას იწვევს. მზე აჭერს. ვბრუვდები. ვწევარ და ქალაქის ისტორიაში დავბორიალობ: რამდენიმე მთავრის თუ მეფის სახელი და, მორჩა. “საინტერესოა, რატომ არ შემორჩა ვინმე გმირის სახელი, გლეხი გმირის”, - ვფიქრობ. მზე უფრო აჭერს, მე უფრო ვბრუვდები. თვალებსა ვხუჭავ. მინდა ცოტა წავიძინო. ძილი კი არ მოდის. თვალებდახუჭული უფრო მეტსა ვხედავ. მეჩვენება, რომ ღამეა და უფლისციხე გარშემოწყობილია. მეციხოვნეებს ცეცხლი უნთიათ. დიდ ქვაბებში ადუღებენ კუპრს. თხრილებთან ქვა გროვდება დასაშენად. თხრილის იქით კი მტრები დგანან. მხოლოდ უფსკრულის მხარეა ჩაბნელებული. აქ ყარაული არ არის საჭირო. აქ ამოსვლა შეუძლებელია. ღამე ცა იბურება და ჟინჟლავს. იმ წელს ადრე შემოდგომაზე მოდის თოვლი. თოვლი ზაფხულში გახურებულ კლდეს ადნება, მხოლოდ უფსკრულის მხარეს იკიდებს ფეხს. ქარი მატულობს. მერე უფრო მატულობს. მეციხოვნენი თავს იბურავენ. ქარი საბურავებში შედის და ყურებსა ყინავს. სამლოცველოში ქარი არ არის. აქ ქალები მუხლმოდრეკით ევედრებიან ღმერთს. ღმერთი ისმენს და პასუხს არ აძლევს – უსაზღვროა მისი ძალა თუ უფლება. ქალები კი მუხლმოდრეკილი ლოცულობენ თავიანთი შვილებისათვის. შვილებს კი სძინავთ: ღრმა ქვაბებში კლდის საწოლებზე თივა ყრია, თივაზე ხალიჩები აგია და იმაზე. მერე რომელიმე იღვიძებს. ტირის. უძახის დედას. ისევ იძინებს. ახლა სხვა იღვიძებს. ტირის. უძახის დედას. დედა კი ფილაქანზეა დაჩოქილი. მუხლისთავებიდან სისხლი სდის. ლოცულობს. ლოცულობს თავისი შვილისათვის – ღმერთი დიდია და მოწყალე, უსაზღვროა მისი ძალა. გარეთ ცივა. ქარი შრიალით ყრის ხევებში მიწას. თხრილის იქით მტრები დგანან და ემზადებიან. იერიში გათენებისას დაიწყება. მეციხოვნენი ცოტანი არიან, მტერი ბევრია, ბევრად მეტია. დიდი მთავარი მჭმუნვარეა - “გაუძლებს ციხე”?! – არის მისი ფიქრი. იერიში კი დილით დაიწყება. შუაღამისას ქარი ღრუბლებს ყრის. ყინავს. უფსკრულზე თოვლის ყინულები ეკიდება. უფრო მატულობს ქარი. ღრუბელი აღარ არის. ვარსკვლავები უმთვარო ღამეში მოჩანან დიდი, შორეული, ცივი. უფსრკულში კაცი მიცოცავს. ის ფეხშიშველაა. ქალამნიანი ფეხის მოკიდება აქ არ შეიძლება. კაცის თვალები არა ჩანს, არც ტანი ჩანს, არც თავი, არც სისხლიანი ხელები. ის მიცოცავს. ყინვა იჭრება მის სხეულში, თითები უხევდება: ცერი ყველაზე ადრე კვდება; მერე კვდება ნეკი. ის სამ-სამი თითით მიცოცავს. ის უკვე ექვსი საათია რაც მიცოცავს. ჯერ სწორზე მოფორთხავდა: მტერთა ბანაკიდან გზა ვაკეა უფსკრულამდე. ბანაკი კი გარშემორტყმულია. ის მისი შუაგულიდან მოფორთხავს. ის მათი სარდლის მზარეული იყო. როდის გახდა მზარეული, აღარ ახსოვს. მისი გონება ბუნდოვანია. მხოლოდ ის იცის, რომ მისი სამშობლო ეს არის, ხოლო ის, ვისაც ემსახურებოდა – მტერია. მტერს კი მისი არ ეშინია. მტერი მისი თანდასწრებით ლაპარაკობს, ადგენს გეგმებს. ის მთავარსარდლის მზარეულია დიდი ხნიდან და ენა არა აქვს. არა აქვს იმიტომ, რომ მოჰკვეთეს. მთავარსარდალს არა სჭირდება მსახური ენით. ამიტომ მოჰკვეთა ენა და ჰყავს უენო მსახური. უენომ იცის, რომ ისინი, მისი ბატონები და მისი ხალხის მტრები, საიდუმლო გზით ადიან ღამე. იცის უენომ და თქმა არ შეუძლია. ახლა ის უფსკრულის თავზე ჰკიდია. აქ შუაგზაა. ზევით ციხეა – იქ არის მისი ხალხი. ქვევით კი უფსკრულია და მტრები დგანან – მისი ბატონები. ქარი მატულობს. ყინავს. ქარი უფრო მატულობს. ეკლესიაში, სადაც დედები ლოცულობენ ბავშვებისათვის, ღრიალით იჭრება ქარი. კარები იღება და იხურება. ქარი წყდება. უენო დგას შიგ. მის უკან კარები მიხურულია. ის დგას. მერე მუხლებზე ეცემა თავისი ღმერთის წინ და ლოცულობს. ღმერთი დიდია და მოწყალე. განუსაზღვრელია მისი ძალა. ქალები კუთხეში მიყუჟულები შიშისაგან კანკალებენ და აღარ ლოცულობენ. გადის ხუთი წუთი. გადის ათი წუთი. გადის ნახევარი საათი. წინ უენო მიდის. იგი ფრთხილად ადგამს ფეხს. უკან მეციხოვნენი მისდევენ. ის უენოა და ხელით ანიშნებს. ის უენოა და ვერა კვნესის; ფეხები კი დახლეჩილი აქვს. ტერფები დახეთქილი: ლურჯი, წითელი, შავი. დილით მზე აცხუნებს უფლისციხეს. მზე აცხუნებს სალოცავს. სხივი სალოცავში სარკმლიდან შედის და ძირს ეცემა. მისი ფერია წითელი და შავი. იქ კაცია დამხობილი მუხლებზე. ლოცულობს. სიტყვები არ ისმის. ის უენოა. ქალები დასისხლიანებული მუხლისთავებით დგანან ფილაქანზე: ღმერთს მადლობას სწირავენ გადარჩენისთვის: ღმერთი დიდია და მოწყალე. გარეთ მზე ანათებს და გვამებს ბერავს. ისინი ყრიან ყველგან; უფსკრულის ძირას, უფსკრულის თავზე, თხრილის გარეთ და თხრილის შიგნით. მეციხოვნენი თხრიან უზარმაზარ სამარეს: ხვალიდან აყროლდება გვამები: დღე წყნარია და მზე აცხუნებს. ვიღაცა ჭიანურს ბერავს. დიდი მთავარი გაღიმებული დადის ტალანებში, მერე მხსნელს იბარებს თავისთან. ის მეციხოვნეებს მოჰყავთ ხელით. მას ფეხები დაყინული აქვს და სიარული არ შეუძლია. მას სვამენ ტახტზე; კიდე ერთხელ უხდიან მადლობას. სთხოვენ: თქვას თავისი ვინაობა; ის კი უენოა; სთხოვენ: დაწეროს თავისი გვარი ან სახელი; მან კი წერა არ იცის. და გვერდზე საკანში, ღმერთს შეწირული კაცი, უფლის მონა, შლის მატიანეს და წერს დიდი ასოებით: “ჟამსა ამასა და ამასა, წყალობითა ღვთისათა, დიდმა მთავარმა ვამეხმა სძლია მტერს და უკუაქცია იგი კედლებიდან უფლისციხისა”. მე ვფხიზლდებისავით. მზე ჩასულა. აღარ აცხუნებს. ქარი კი მატულობს. ვდგები. მეჩვენება, რომ მე ვიცი იმ კაცის სახელი. რაღაცას ვლუღლუღებ. ალბათ, ვაჟა ერქვა, ან, უბრალოდ, კაცებო, ან გურამი, ან რატი; ქართველებს უმეტესად ეგ სახელები ჰქვიათ, იმასაც ეს ერქმეოდა. “ჰო, უეჭველად რომელიმე მათგანია ის”, ვფიქრობ. საშინელ წყურვილს განვიცდი; მათარა თანა მაქვს. მაინც არა ვსვამ. რატომღაც მინდა უფრო მომწყურდეს. შევდივარ დიდ ტალანში, აქ ქვის სკამებია და ქვის მაგიდები. ვჯდები ქვის სკამზე. ვინ იცის, ვინ იჯდა აქ?! – შეიძლება დიდი მთავარი ვამეხიც. ვფიქრობ. ვიწყებ წერას. არ შემიძლია ამდენი ვნახო და არაფერი დავწერო. ფურცლებს ვუზიარებ ჩემს განცდას. რაღაც მაწუხებს. ვერაფრით ვერ მოვახერხე ჩამყუდროება. ქვის სკამიც კარგია, მაგიდაც კარგია: მაინც ვერ მოვეწყე. აქ ყველაფერი ძველია და საიდუმლო. ვდგები. ჩემ გარშემო კი ყველაფერი ძველია და საიდუმლო, ახალი მხოლოდ არქეოლოგთაგან დატოვებული მიწის გასატანი საკაცეები ყრია. ისინი დამტვრეულია. ალბათ, ერთი თვის წინ გააკეთეს, ერთი თვის შემდეგ კი დაიმტვრა. საკაცეებისგან მაგიდის მსგავსს ვაკეთებ: ერთმანეთზე ვდგამ სამს და ისე. ერთ საკაცეს ქვეშ ვიგებ. ვჯდები. მოვეწყე. განვაგრძობ წერას. ვერთობი. ჩემ გარშემო კი ტალანია დიდი, ცარიელი, საშიში. აქ მხოლოდ ქვის სკამები და მაგიდები დგას, ძველი, ძალიან ძველი. მე კი ვზივარ ერთი თვის წინათ გაკეთებულ საკაცეზე და ვწერ. ეს საკაცე უფრო მოხერხებულია ჩემთვის: ალბათ, ერთ დროში ვართ გაკეთებულები ორივენი და იმიტომ. [1957 წლის ივლისი]
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი