უღელტეხილი


დილით უღელტეხილზე ამოვედით. მზე ჯერ არ იყო ამოსული, მერე ნელა დაიწყო ამოსვლა. ჩვენ ვიდექით და მთის ორივე მხარეს მშვენივრადა ვხედავდით. მზესთან ერთად ხეობიდან ნისლებმაც დაიწყეს ამოსვლა. ჯერ მთების კალთები კიდევა ჩანდა, მერე ისინიც ნისლში გაეხვივნენ, მერე ნისლები ზევით ამოვიდა და ჩვენც დაგვმალა. როცა ნისლი გაიფანტა, მზე აცხუნებდა. ჩვენ ვიდექით და მთის ორივე მხარეს მშვენივრადა ვხედავდით. ორივე მხარეს ხეობები იყო და წყალი ძლივს შესამჩნევად მიიკვლევდა გზას.
- აგერ წყალი, - ვთქვი მე.
- მანდ წყალი არ არის, მშრალი ხევია, - თქვა ბერდომ. - მე აქ გავიზარდე.

ჩვენ ვისხედით ჯებირის თავზე და არა ვსვამდით. არა ვსვამდით იმიტომ, რომ სასმელი არა გვქონდა.
- რა კარგი იქნება ახლა ღვინო, - თქვა სულხანმა.
- ღვინო და მწვადები, - თქვა ბერდომ.
- ჩქარა მაინც გააკეთონ მანქანა, - ვთქვი მე.
- ყოველთვის აგრეა ამ ხევში, გზები გაფუჭდება, მთელი დღე დგას მერე მანქანა, - თქვა ისევ ბერდომ.
ჯებირის ქვევით ხევში ცოტა წყალი მიდიოდა; ჯებირის ზევით კი მთელი ტბა იდგა. მარჯვნივ, კლდეში, გვირაბი შედიოდა და იქ გადიოდა ტბიდან წყალი. ჯებირი ძალიან დიდი იყო; მთელ ხეობას კეტავდა. მის გარშემო ყველგან უდაბური ტყეები ჩანდა, ქვევით, ხევშიაც, გზა თითქმის არ იყო და ყველას უკვირდა მისი აქ აშენება.
- ნეტა უგზოდ როგორ ააშენეს, - თქვა სულხანმა.
ჩვენ ვისხედით ისევ იქ, ჯებირის თავზე, ხევში მდგარ გაფუჭებულ მანქანას ვუყურებდით და ვფიქრობდით მწვადებზე. ძალიან შორს, ხევის მოსაბრუნში, ნისლი გამოჩნდა. ნელა წამოვიდა ზევით. მერე მთებიდანაც დაეშვა ნისლი. მთის კალთები ჩამოიწმინდა, ხეობა კი ჩაიბურა და ჩამრგვალდა. ნესტიანზე ტყე მოჩანდა ძალიან მწვანე. ტყიდან პატარა გზა გამოდიოდა ჯებირისაკენ, ზედ ვიღაც კაცი მოდიოდა; მას ჩეხური ფეხსაცმელები და გალიფე ეცვა, თხელ წინდებში ჰქონდა ჩატანებული და დიდი პრიალა ქინძისთავით დამაგრებული. ის რატომღაც იღიმებოდა.
- გამარჯობათ! - თქვა მან სამჯერ.
სულხანი და ბერდო წამოდგნენ. ხელი ჩამოართვეს, მერე მე გამაცნეს.
- გმადლობთ, გმადლობთ, ღმერთს ვმადლობთ. - უსიამოვნოდ წელავდა ის სიტყვებს. - თქვენისთანა ნაკითხი, განათლებული ხალხის ნახვა ჩემთვის, თქვენთან საუბარიც განძია ჩემთვის, გაიცანი, ვანავ (ვანა ჩუმად მოპარულიყო; თმა უკან გადაევარცხნა და ბაკები ჰქონდა გაშვებული). ვანავ, ეს ხალხი ჩვენისთანა ასს ჯობია, ათს ჯობია, სულ მეოთხე-მეხუთე კურსელებია, ეს ამხანაგიც მათი ამხანაგია, წელს ამთავრებს, არა? დიდად განათლებული, კარგი ოჯახის შვილი.
ვანა სათითაოდ გვართმევდა ხელს, მეორეთი თმას ისწორებდა. მე საშინლად არ მსიამოვნებდა მისი გაწელილი ლაპარაკი, მაგრამ რატომღაც ვიღიმებოდი; ალბათ, ქებამ თავისი გააკეთა, მაინც მომეფხანა გული.
- შენ როგორღა ხარ, მთიულო? - ხელი დაჰკრა მას მხარზე სულხანმა.
- ცუდად, ცუდად, თქვენ რო კაცი ვერ დაგვხვდებათ, როგორ უნდა ვიყო, - დაიწყო ისევ მან; მერე თქვა: არაყი არა მაქვს, არც ხორცი, ხო იცით მთის ამბავი, მწირია ნიადაგი, არც მოდის, იშვიათად თუ იშოვება.
- აქ ვერსად ვიშოვით სასმელს? - იკითხა სულხანმა. გალიფიანმა ჯებირის იქით მდგარ საყარაულო სახლისკენ გაიხედა, მერე ჯიბეები მოიჩხრიკა. შეიძლება ყარაულს ჰქონდეს, - თქვა მან. სულხანი წავიდა. მერე სამი ბოთლი არაყი მოიტანა. ორი ბოთლი ხელში ეჭირა, ერთი ჯიბეში ედო. მან ჩვენ წინ ბეტონზე დააწყო არყები და ჩამოჯდა. დავიწყეთ სმა. მოსული ენას არ აჩერებდა. სვამდა და ლაპარაკობდა, ვანაც ლაპარაკობდა.
- ახლა მწვადები! - ინატრა ბერდომ.
- ბოდიში, ბოდიში, - ამბობდა ვანა, - ერთი პაპიროსი არ გექნებათ?
- რისი ბოდიში, აიღე.
ვანამ ხელი მაჯაზე დამარტყა ზრდილობისთვის, მერე პაპიროსი ამოიღო.
- ერთსაც ავიღებ, - თქვა მან და კიდევ ამოიღო.
მე გალიფიანსაც გავუწოდე, მანაც ორი აიღო, ერთი ყურში გაიჩარა, მეორე პირში ჩაიდო და ასანთი მომთხოვა.
შევთვერით.
გალიფიანი კი ლაპარაკს არ ათავებდა. კიდევ მოვიტანეთ ორი ბოთლი. ის ისევ ლაპარაკობდა, მერე წამოდგა, დაცლილ ბოთლებს ალმაცერად დახედა და ლოშნა-ფიცილი დაიწყო. შიგ ტუჩებში მაკოცა, შემდეგ უცებ მიტრიალდა ვანასკენ
- მოდი, ვანავ, შენც გაკოცო, - თქვა და გადაეხვია. მე უხმოდ ვაწმენდდი ჩემს მხარს ტუჩებს. ის ისევ მოტრიალდა; მთვრალს სახე მობრეცოდა და უფრო უშნო იყო. გვერდით ამოგლეჯილი კბილებიდან ნერწყვი მოსდიოდა, მწვანე გალიფეზე ეცემოდა შავ ლაქად.
როგორც იყო, გაკეთდა მანქანა.
ჩავსხედით.
მანქანაში დარჩენილი მგზავრები თვლემდნენ.
გალიფიანი ჯებირიდან გადავიდა და ტყეში შემავალ ვიწრო გზას გაუყვა. ვანა ისევ იქ იდგა. ახლა მანქანა ნელა მიგორავდა ხევში, მერე გზაზე გავიდა. გზამ მეორე მოსახვევი აიღო, ტყე უფრო გახშირდა. მე ვიჯექი გაბერილი. რაღაც საშინლად არ მსიამოვნებდა, არ მსიამოვნებდა ის, რომ მთაში ამოსვლისთანავე ასეთი ხალხი შეგვხვდა.
- ხევსურებს გვარცხვენენ, - თქვა თავისთვის სულხანმა.
- გამამაძაღლებულ გლეხზე მამაძაღლი ტყუილია, - თქვა ბერდომ.
- ჩემს თავზეც ბრაზი მომდის, - თქვა ისევ სულხანმა. მერე კიდევ თქვა, - გლეხი რო კულტურაში შედის, სანამ შევა, ყველაზე ცუდი მაშინ არის.
- ალალი, ნამდვილი გლეხი სულ სხვაა, - ვთქვი მე.
- ალალი გლეხი? ალალი გლეხი კი, - თქვა ვიღაცამ ჩემ უკან.
- ჩვენი ხევსურები აიღე, ვინც არ გარყვნილა ჯერ, - გული მოეცა სულხანს.
მე ვიცოდი, რომ ხევსურები მართლა ვაჟკაცი ხალხია, ეს ორი ძმაკაციც ხევსური იყო. “რა ბიჭები არიან ხევსურები”, ვფიქრობდი, “რა ვაჟკაცები, მართლა არცხვენენ ისეთები სხვებსაც.”
მანქანა ისევ ზევით მიგორავდა. ნისლები ნელა ჩადიოდნენ ხევში დასაძინებლად. ზევით ცა ცოტა ჟამი იყო და ჟინჟლავდა. გზა სულ ტინი იყო; ჩქარა ტყე გათავდა და დაიწყო იალაღი. იალაღიდან ტყისპირისაკენ ნახირი ეშვებოდა, ტყისპირებში ბინები იდგა, მწვანეზე საქონლის ბარაკები შავადა ჩანდა. ცხენების ჯოგი ქვევიდან ზევით მიდიოდა ძოვით. მეჯოგე ფაშატს აჭენებდა ბილიკზე.
- ერთი ცხენი მაჭენებინა! - ვინატრე მე.
სულხანი ჩუმად იჯდა; ბერდო ვიღაც ქალს ელაპარაკებოდა. მე ცხენებს ვუყურებდი და ჭენებაზე ვფიქრობდი. მანქანა კი სულ ზევით მიდიოდა; მერე კიდევ ზევით ავიდა, მერე გაჩერდა. აქედან გზა ისევ ქვევით ეშვებოდა, ოღონდ იქით მხარეს.
- უღელტეხილია, - თქვა მძღოლმა.
ჩვენ ჩამოვედით.
მანქანა ისევ დაიძრა. ჩვენ ვიდექით და ვუყურებდით, როგორ მიგორავდა ის ქვევით.
- ცრემლები მერევა, როცა ჩემს ძირებს ვუყურებ, - თქვა სულხანმა.
ბერდოს გაკვირვებული სახე ჰქონდა, მერე ხმამაღლა დაიწყო ხევსურული გოთას სიმღერა. გარეშემო სიწყნარე იყო და ხეობაში ნისლები იწვა. რატომღაც არ მესიამოვნა სიმღერა.
- გიტირია ოდესმე, სულხან? - ვკითხე მე.
- არა, - თქვა სულხანმა.
ჩვენ შარაგზიდან გადავუხვიეთ და ბილიკს დავუყევით. სულ უფრო ცუდად მოჩანდა ხეობა, მერე აღარ მოჩანდა. მთები იყო შავი, ხეობა უფრო შავი და საშიში.
- ჩქარა მთვარე ამოვა, - თქვა ბერდომ.
- მთვარეს რა უნდა, გუშინ დაიწყო თვე, - თქვა სულხანმა.
ჩვენ დაშვება დავიწყეთ.
ბერდო ისევე მღეროდა, სულხანი და მე ჩუმად მივდიოდით. ჯერ მინდოდა ბერდოს გაჩუმება, მაგრამ მეხათრებოდა, მერე შევეჩვიე და მეც ავღიღინდი. სულხანი ისევ ჩუმად მიდიოდა წინ.
მერე დავსხედით და ვისვენებდით.
ცა მოწმენდილი იყო. ვარსკვლავები მთაში კრიალა და დიდი მოჩანს. შორიდან მოტორის გრიალი ისმოდა. ჩვენს თავზე შხუილით მიდიოდა რეაქტიული, მას ბოლოზე რაღაც თეთრი მასა ება, ოდნავ განათებული, უკან მეორე მოსდევდა სროლით. “ალბათ, მანევრები აქვთ”, გავიფიქრე.
- მანევრები აქვთ, - თქვა ბერდომ.
- ძაან კი მომშივდა, - თქვა სულხანმა.
მეც ძალიან მშიოდა, მაგრამ არ ვამბობდი, რატომღაც მესიამოვნა, რომ სულხანმა თქვა პირველმა შიმშილზე და არა მე.
მე ვიჯექი, თვითმფრინავებს ვუყურებდი და ვფიქრობდი “ახლა ქვევით ხევსურები ქეიფობენ. არაყსა სვამენ და მწვადებსა ჭამენ. ალბათ, ბერდოს ძმა არის თამადა. ნეტა როგორ მწვადსა წვავენ ხევსურები.”
- წავიდეთ, - ვთქვი მე.
სულხანი ისევ წინ წავიდა. ჩვენ უხმოდ მივყევით. სადღაც ძაღლები აყეფდნენ. მე ნაკელის სუნი მეცა. უფრო მოვუმატეთ ნაბიჯს. ბერდოს სახლს უხმოდ შემოვუარეთ. ძაღლებმა იცნეს პატრონი და ლოკვა დაუწყეს. უცებ დავადექით მოქეიფეებს თავზე. ჩაწითლებული სიფათებითა და დიდი თათებით ისხდნენ ხევსურები.
- ვინც მოვიდა, გაუმარჯოს! - თქვა ბერდოს ძმა ალექსიმ. ხევსურები ხმაურით წამოიშალნენ. ყველა ერთად ლაპარაკობდა. ვიღაცა ძალიან ხმამაღლა დუდუნებდა, “ღმერთო შეუნდე ბერდიას.” ალექსი ჩემთან მოვიდა, ხელი კეფაზე მომკიდა, მეორე ხელით ჟიპიტაურით სავსე ყანწი მომიტანა პირთან და თავი გადამიწია. არყის მყრალი სუნი მეცა, მაინც დავიწყე სმა. ზოგი ყლუპი გულზე მეღვრებოდა, მერე შარვლის სათავეში ჩადიოდა და ბარძაყებს მისველებდა.
გახურდა სმა.
სუფრაზე მოხარშული ხორცი და გამოხრული ძვლები ეყარა.
ჩაწითლებული სიფათებითა და დიდი თათებით ღრეობდნენ ხევსურები. მალე გარმონიც მოვიდა. მზექალა სუფრის კუთხეში იჯდა და უკრავდა. მე მის გვერდზე ვიჯექი და ვუყურებდი. არაყი ტანში მივლიდა. მე ვიბერებოდი სასმელისაგან, უფრო ახლო ვეკრობოდი მზექალას. ის კი უკრავდა, თან წვრილი ხმით ამღერებდა! “ქისტებმა ციხე გასტეხეს, ბოლი ადინეს ქვაზედა”. მერე აღარ უკრავდა. ახლა ბერდო მღეროდა მთელი ხმით, “ჰაიდა გოთავ, გოთაო, როდისღა მახვალ გონთაო”, მოსძახოდნენ ხევსურები, მოვძახოდი მეც და უფრო ვფართოვდებოდი. მზექალა მე არ მიყურებდა. ტანი ჩემკენ ჰქონდა, სახე კი გარმონზე ედო. მისი ძუძუ მკერდზე მხვდებოდა.
- მაგის საქმრო აქა ზის, - მიჩურჩულა ბერდომ. მე ამღვრეულად შევხედე, მერე ნელა შევუპარე ხელი იღლიის ძირში. მისგან ერბოსა და წივის სუნი მოდიოდა. უფრო მემატებოდა ჟინი.
სუფრის იქით რაღაც ჩოჩქოლი ატყდა.
სიმღერა მიწყდა.
ვიღაცას აკავებდნენ ხევსურები. ის ვიღაცა კი ჩემკენ იხედებოდა და იმუქრებოდა. მე აქეთ კუთხეში ვიჯექი. ის იწევდა და ყვიროდა:
- თბილის გგონავსა აქ?
ვიღაცამ მეც მტაცა ხელი, ახლა მეც ვიწეოდი და ვყვიროდი:
- აქ თბილისი კი არ არის!
მერე მივხვდი, რომ მეც იმასვე ვყვიროდი, რასაც ის. რატომღაც ცოტა დავწყნარდი. ის უფრო გახელდა.
- აქ, ხევსურეთში ას ეგ! - თქვა ვიღაცამ ჩემზე.
- შენ ბედ რო თბილისს არ ვართ, სტუმარ ხარ ჩვენ! - იძახდა ის.
- მორჩებ თუ არა, მინდიავ! - დაიყვირა ბერდიას მამამ და სილა სთხლიშა იმას.
მინდია გაყუჩდა, მერე თავჩაწეული გაიყვანეს.
- მაგის საცოლეა მზექალა, - მითხრა ბერდომ.
- გავიგე, - ვუთხარი მე.
- აბა შენი საცოლე იყოს? - თქვა ბერდომ.
მე ვიჯექი, ღრმად ვსუნთქავდი და უკვე ვნანობდი. “რა კარგი ვაჟკაცი ყოფილა მინდია, სტუმარი რო ვარ, დამითმო, მე კი მის ადგილას არ ვაპატიებდი არავის, არც სტუმარს. ის თვითონაც არაფერს არ გაუბედავდა ჩემს საცოლეს არაფრით. მე კი...? ალბათ, აღელდა ძალიან, იმიტომ დაიწყო მუქარა, გინებით კი არ შეუგინია”. მერე ისიც მომაგონდა, რომ ბერდოს მამამ სახალხოდ სილა დააკრა და იმან ხმა არ ამოიღო. გამოვფხიზლდი. აშკარად მომწონდა ასეთი პატივისცემა უფროსისადმი. “მართლა ვაჟკაცი და ალალი ხალხი ყოფილან ხევსურები, რას ნიშნავს გაურყვნელობა?” ვფიქრობდი.
- კარგა მოიქცა, რო გაჩერდა მინდია. - ვთქვი მე.
- მამამ რო გაარტყა? - იკითხა ბერდომ.
- აქ წეს არ არს. ხევსურეთში უფროსს ვერც ხელს შეუბრუნებ, ვერც დანას დაარტყამ. - არყის ყანწის გავსება დაიწყო სულხანმა. ის უკვე მთვრალი იყო და ხევსურულად უქცევდა. “რა ვაჟკაცი ხალხი ყოფილა აქაური ხევსურები”, ვფიქრობდი. “ისინი, გზაზე რო შეგვხვდნენ, უეჭველად შეუბრუნებდნენ ხელს.”
ისევ გაგრძელდა სმა. ისევ დავითვერი. ჩაწითლებული სიფათებითა და დიდი ყანწებით ხვრეპდნენ ალალაის ხევსურები. ჩემ პირდაპირ კედელზე ხევსურული ფარდაგი ეკიდა. მის შუაში ფარი იყო მოხატული. ფარები იყო მრავალფერი, ჭრელი და თვალები მერეოდა. მზექალას ადგილას ლელა იჯდა და “თუში ვარ, მაგრამ კარგი ვარო”, წრიპინებდა, ვიღაც ბანსავით აძლევდა. სადღაც ყაყანი წყდებოდა და ყვინთვას იწყებდა ქეიფი. როგორ ჩამეძინა, აღარ მახსოვს.
დილით თოფის ხმასავით ხმა შევიგრძენი. თავი წამოვწიე, ის არყისგან გაბრუებული იყო და მტკიოდა. ეზოში ბერდიას დები კიოდნენ. სამ ხევსურს მინდია ჰყავდა გაკავებული, მე ბაჯბაჯით ჩავედი ქვევით; ბალახებში ბერდიას მამა ეგდო და მწვანეს წითლად ღებავდა გახლეჩილი მკერდიდან. ქალები კიოდნენ. გაკავებული მინდია გადაგდებულ თოფს უყურებდა; აღარა შფოთავდა. ის აივანზე აათრიეს. ხელ-ფეხი გაუკრეს. ხელფეხგაკრული ეგდო ძირს და ჩუმად იმეორებდა:
- უფროს კაცს ას, ვერც ხელს შეუბრუნებ, ვერც დანას ვკრავ, რა უნდ მექნ, თოფ ვესროლ, რა უნდ მექნ სხვა.

წელი 1957. მაისის 28.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი