ფეხბურთი იწყება!


დღის თორმეტი საათიდან დაიწყო ხალხმა დენა. ქუჩა თავშივე გადაეკეტათ ორ წყებად მდგარ მილიციელებს.
- ბილეთები, მოქალაქე, ბილეთები ამოიღეთ; სწორია, გაიარეთ.
- ტუ! ტუ! - ყვიროდნენ ავტომანქანები, რომელთაც ფანჯარაზე საშვები ჰქონდათ გაკრული.
- გამოეცალე, ბიჭო, რა შიგ ბორბლებში ძვრები? - ყვიროდა აღელვებული მძღოლი.
- ვა, შენ რა გიჭირს, არხეინად მანქანაში ზიხარ გაჭიმული, ახლა მე მკითხე, ვრჩები უნახავი. - თავისთვის ბუტბუტებდა უბილეთო ბიჭი.
- გამარჯობა, სევერიან! С приездом, ფეხბურთიზა ჩამოხვედი?
- აპა არა! მოვკვდები და ვერ გავაცდენ, с сорок пятого года შეხვედრა არ გამიცდენია.
- კი მარა, ასე უცებ ბილეთი სად იშოვე. აქ ვცხოვრობ, დღეს მელიტონს რომ არ მოეტანა, გარეთ ვრჩებოდი.
- მელიტონი რომელი, რაცხა მეცნობა.
- დირექტორის მოადგილე, ქე როა სელხოსნაბში.
- ბიძა, ბილეთი არ გინდათ! - მივიდა მათთან ქუდჩამოფხატული, ტელაგრეიკიანი ბიჭი.
- გეიარე, ბიძიკო, შენი გზით. - ცალყბად უთხრა მელიტონმა, ამხანაგს ხელი გამოუყარა და შესასვლელისკენ წაიყვანა.
- რას უცდი, ჩერჩილ? - დაუძახა ხალხიდან ანზორმა, - ბილეთი თუ გაქვს?
- აბა, აქ უბილეთოდ რას შეხვალ, ეს არის ახლა ვიყიდე, ხუთი თუმანი მივეცი თითოში.
- ორი რად გინდოდა, კაცო?
- ერთი ვანიჩკასთვის ავიღე გუშინ, ასი მანეთი მომცა, შენი ჭირიმე, სულ რომ დახარჯო, რამენაირად იყიდეო.
ანზორს ბოლო სიტყვები არც გაუგონია, ხალხმა ისე მიაგდო მილიციელთა წყებას. ხმაჩახრეწილი და ქანცგამოლეული წესრიგის დამცველები პირნათლად ასრულებდნენ თავის მოვალეობას.
- მოქალაქე ეგ! დაიხიეთ უკან, თქვე...! სწორია.
- მაჩვენე ბილეთი! - დაიწრიპინა მილიციის ლეიტენანტმა, მერე ჩერჩილას და ვანიჩკას ბილეთებს დახედა.
- ერთმა გაიარე! სწორია, თქვენ მოიცადეთ, მოქალაქე, თქვე მამაძაღლო, ახლა გაჩვენებთ, როგორ უნდა ფალშივი ბილეთების გაკეთება! ჯინჭარაძე! ტოკლიკიშვილი!
- არის, უფროსო! - გამოეჭიმნენ გამხმარი, დაბალი ტანის მილიციელები.
- ეს კაცი შააგდეთ ვარონაშია და თბილისის ზღვიდან აყურებინეთ ფეხბურთი! მაგის...
- ბიძა მე, მე რა შუაში ვარ, მომყიდეს! ხუთი თუმანი მივეცი, ვიყიდე.
- მოქალაქე, წამოდით, თქვენ ხელს უწყობთ სპეკულაციას.
ვანიჩკას ხმა არ ამოაღებინეს, ისე მიათრიეს მანქანასთან, მერე კარებთან მიდგმულ კიბეზე აიყვანეს. აქ, როგორც იყო, შემოტრიალდა ვანო და პირდაღებულ ჩერჩილას თვალები გადმოუტრიალა:
- ჩერჩილ, შენი დედა...!
მილიციელებმა, ეტყობა, ნაცნობი კაცის სახელი გაიგონეს, მაგრამ კარგად ვერ მოიგონეს, სად გაეგოთ, თუ სად ჰყავდათ გაცნობილი ეს “ჩერჩილი”. ამან ცოტა შეაჩერა ვანიჩკას შეგდება მანქანის კამერაში. შემდეგ მილიციელებმა გაორმაგებული ძალით ჰკრეს ხელი და შეაგდეს შიგ გაცეცხლებული ვანიჩკა, რომელიც მთელი ამ დროის განმავლობაში ყვიროდა.
ხალხი კი სულ მიდიოდა დაუსრულებლივ. ხალხის ნაკადს მილიცია პირნათლად ახარისხებდა, უმეტესობას უშვებდა, უფრო ცოტას სპეკულიანტებისკენ აგზავნიდა, მათზე უფრო ცოტას კი “ვორონებში”” ათავსებდა და ქალაქგარეთ ისტუმრებდა ჭკუის სასწავლებლად.
- ბიჭო, აი ნახე, რა თამაში იქნება დღეს, - გულდაგულ არწმუნებდა თამაზი გივის - ანდრო, ავთო, ხოჭოლავაც ისეთ ფორმაში არიან, რო ტყუილია. ვინაა ტატუშინი, მე არ ვუყურე შეჯიბრზე, მარცხენა სულ არ უვარგა, ოჰ, ჩვენ ერთი სიმონიანისთანა ცენტრი მოგვცა!
გივი ხალხის დინებას მიჰყვებოდა და ცნობისმოყვარეობით ათვალიერებდა ცხენოსან მილიციას. როცა ცხენს გვერდზე ჩაუარა, ლაგამს ხელი მოჰკიდა, ფაფარზე ხელი გადაუსვა და ამოიხვნეშა, “უჰ, ახლა ერთი ცხენი მთელ ფეხბურთს მირჩევნია!”
გვერდზე ვიღაცა გაცხარებული ებაასებოდა თავის თანამგზავრ ქალს:
- რა სიამოვნებაა ამ ფეხბურთში? როგორ, ფეხბურთი ეს...
თამაზმა გვერდით მოიხედა, მერე უკმაყოფილო სახით მიაჩერდა გივის:
- ბიჭო, გესმის, მესხისგან ფეხბურთელი დადგება, ტყუილია! შენ ყურს არ მიგდებ, ვა, რა კაცი ხარ, ფეხბურთი არ გაინტერესებს.
- რა ვქნა, მაინტერესებს, მაგრამ ისე არ მიყვარს, ცხენოსნობა კიდევ ჰოო.
ხალხი კი მოდიოდა შეუჩერებლივ. როცა მილიციელთა პირველ წყებას გასცდებოდა, ცოტა ამოისუნთქავდა, მაგრამ ახლა წინ მეორე ხვდებოდა, მერე მესამე, მერე მეოთხე და კარი, კონტროლიორები, კვლავ მილიცია. ზედ კარებთან ვიღაცას ბილეთი გაუვარდა. მან სცადა დაკუზვა, მაგრამ ხალხი მოაწვა და უბილეთოდ შეათრია. ერთი მოაჯირზე მიეჭყლიტათ. ფართოგავიან დიაცს უკან ჩასუქებული დაბალი ბიჭი ამოსდგომოდა და ხშირ-ხშირად სუნთქავდა. ორ ახალგაზრდას ხელი ერთმანეთისთვის ჩაეჭიდა და მეგობრის დას იცავდნენ ხალხის მოწოლისაგან. გივი ხმამაღლა ბუზღუნებდა, თამაზს თვალები ჰქონდა დაწითლებული, სახე აღგზნებული, ხალხის მოწოლას ვერცა გრძნობდა. ვიწრო შესასვლელში დაჭირხნული ხალხი უკვე შიგ ეზოში იშლებოდა, მერე სირბილით ახალგაზრდები, ჩქარი ნაბიჯით უფროსები, ასპირანტები და დოცენტები მიისწრაფოდნენ კიბეებისაკენ.
ფეხბურთი საღამოს ხუთ საათზე იწყებოდა.
სტადიონი. ზღვა ხალხი. ყაყანი. კიბეებზე უთვალავი მაყურებელი, მოწოლა, ჭყლეტა. ვიღაცა მარჯვედ აპობდა კიბეებზე მდგარ ხალხს, სხვები ბუზღუნებდნენ. შლაპიანმა ჩასუქებულმა ულვაშა ბიძებმა ხვნეშით ჩამოიარეს კიბე შუამდე, მერე მეექვსე რიგს შეყვნენ. ვიღაცამ დაიყვირა, სახე დაემანჭა და ნატკენ მაზოლზე ხელი მოიკიდა. მილიციის პოლკოვნიკი, რომელიც ცოლთან ერთად მოსულიყო, დამჯდარ სტუდენტს ბილეთს უჩვენებდა, სინდისს აფიცებდა, ემუქრებოდა. სტუდენტი მეზობელს აწვებოდა, მეზობელი თავის მხრივ სხვას, როგორც იყო, ადგილი ცოტა განთავისუფლდა. ის მაშინვე დაიკავა პოლკოვნიკის ცოლმა, მერე, როგორც იქნა, პოლკოვნიკიც დაჯდა.
- შალიკო, კაცო! - კიბიდან იძახოდა თეთრშლაპიანი, კოსტუმში გამოწყობილი მოქალაქე, რომელსაც შარვალზე ლურჯი კანტები ჩასდევდა.
პოლკოვნიკმა მოიხედა და სახე გაებადრა.
- გამარჯობა, კაცო! ადგილი გაქვს?
- ადგილი? არა.
- აქეთ შემოდი, იქნება რაცხაფერად მოვახერხოთ რაიმე.
ნაცნობმა ბოდიშებით დაიწყო რიგში შემოსვლა, პოლკოვნიკი შალიკო კი მეზობელს მიუბრუნდა:
- მოქალაქე, ერთი პატივი გვეცით, ოდნავ, სულ ოდნავ უნდა შეგაწუხოთ.
გვერდზე უსიამოვნო სახით დაიწყეს ჩაწევა, მაგრამ სკამი მაინც ვერ განთავისუფლდა. შალიკომ თავისი ნაცნობი, რომელსაც საკმაოდ დიდი ღიპი ედო, თავისსა და მეზობლის შუა, თითქმის თავის ფერდზე ჩამოსვა. ახლადმოსული ცოტა გაიწ-გამოიწია. მალე ისიც კარგად მოეწყო.
გივი და თამაზი აივნის პირველ რიგში, ამხანაგის ფეხებთან ჩამოსხდნენ და საკუთარი ფეხები ქვევით გადაჰკიდეს. “ამდენ წვალებად არა ღირს, ჩემმა მზემ”, ბუზღუნებდა გივი. თამაზი ვიღაც რუსს ეკამათებოდა. შეშინებული რუსი უვნებლად კბენდა თამაზს, რომელმაც საყოველთაო ყურადღება მიიქცია და საუბარში ჩაითრია მოყვარულები.
სტადიონის დიდმა საათმა ხუთი უჩვენა. თამაზი გაჩერდა. “დავრჩით უადგილოდ”, გაიფიქრეს ფეხზე მდგომებმა. კიბეზე ჩამავალნი იქვე, ადგილზე ჩასხდნენ. მიწის ქვევიდან მსაჯთა ტრიუმვირატი გაემართა მოედნის ცენტრისაკენ. ჰაერში გაისმა ფეხბურთელთა ჰიმნი. შუაში მდგარი დაბალი, ჩასუქებული, თავტიტველა მსაჯი, რომელსაც ერთ ხელში ბურთი ეჭირა, ხოლო მეორეს ღირსეულად იქნევდა, თავის ორ თანაშემწესთან ერთად, რომელთაც ჭადრაკისებურად მოქარგული დროშა ეკავათ, ღირსეულად უახლოვდებოდა მოედნის ცენტრს. ხალხი სულგანაბული ელოდა ბურთის მოედანზე დადებას. უფრო გამოცდილნი კი ფეხბურთელთა ამოსასვლელისკენ იყურებოდნენ, იქ მიწიდან წელამდე ამოსული რამდენიმე ფეხბურთელი მოჩანდა. თავდადებულმა მოყვარულებმა უკვე მეორე დასკვნა გააკეთეს თამაშის შედეგის შესახებ. პირველი დასკვნა გაკეთდა მსაჯის დანახვისთანავე.
- ტუ! ტუ! ტუ-ტუ-ტუ-ტუ! - გაისმა სასტვენის ფშუტუნა ხმა. ფეხბურთის ჰიმნმა ახალი ძალით დაიგუგუნა.
მოთამაშე მეტოქე გუნდები ცენტრალურ წრეზე ნახევარრკალებად ერთმანეთის პირდაპირ გამწკრივდნენ. მსაჯმა კენჭი ჰყარა. მეკარეებმა თავიანთი ადგილი დაიკავეს.
ბურთთან მივიდა თბილისელთა სამი თავდამსხმელი. კალოევმა მოედანს თვალი მოავლო.
- ტუ! - გაისმა სასტვენის ხმა მსაჯისა, რომელმაც საათს დახედა.
ზუსტად ხუთ საათზე შეხვედრა თბილისის “დინამოსა” და მოსკოვის “სპარტაკს” შორის დაიწყო.

(1956 წ. აპრილი)

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი