ქუჩაში ცოტა ხალხი იყო ..


ქუჩაში ცოტა ხალხი იყო და ქარი ქროდა. ქარი თბილი იყო, უსიამოვნო. მტვერი ჯდებოდა თვალებში, ყურებში, თმებში. ქუჩის შუაში თეთრ ხაზზე თეთრხალათიანი მილიციონერი დადიოდა ცარიელი კაბურით.
- მე რო ცოლი მყავდეს და მქონდეს მაგნიტოფონი, იმსაჩი თავს დავანებებდი ქურდობას, – თქვა მალხაზმა.
მერე კიდევ მოითხოვა ნახევარბოთლიანი – სმასაც თავს დავანებებდი - დაასხა ასგრამიანებში არაყი. ასგრამიანი ჭიქა სულ ორი იყო. ნოდარი ჩუმად უსმენდა.
- რად გინდა ცოლი, ისე ინატრე ფული, – თქვა ნოდარმა.
- არა, მინდა.
- არა, შენ ფული გინდა.
- ჰო, ფული მინდა.
მალხაზს დალევისას სახე დაემანჭა. ჭიქა დადგა. ვობლები არეული ეყარა დახლზე. მან ერთი გახლიჩა, მარტო იკრა ამოუღო მუცლიდან. შეჭამა და გადააგდო.
- რატო აგდებ, იკრაზე კარგი ეგ არის, – თვალი გააყოლა გადავარდნილ თევზს ნოდარმა.
- მე ვობლა აღარ მინდა, დავიღალე, – ჩამოჯდა დახლზე მალხაზი.
- მანდ ჯდომა არ შეიძლება, – თქვა ოფიციანტმა.
მალხაზი ჩამოვიდა დახლიდან და ალმაცერად შეხედა არყის ბოთლს. იქ ნახევარზე მეტი იდგა, მძიმედ მოჰკიდა ხელი და დაასხა ასგრამიანებში. სახე დაღლილი ჰქონდა, გაუპარსავი, ფეხების ტკივილს უკვე ვეღარა გრძნობდა. ის ფიქრობდა, რომ კარგი იყო ბევრი ფული, ექნებოდა მანქანა, საკუთარი ორი ოთახი, სამზარეულო, მაცივარი და მაგნიტოფონი 3600 მანეთიანი უეჭველად, იმიტომ რომ 1800-იანი ხრიალებდა ზოგჯერ, მალხაზს არ სიამოვნებდა ხრიალი, ის დაიღალა და უნდოდა მშვიდად ესმინა მუსიკისათვის.
დუქანში იურიკა შემოვიდა. პირდაპირ მივიდა მათთან და გაიცინა.
- გაჭირდა შოვნა, – თქვა მან, – მთელი დღეა დავრბივარ და ხუთი თუმანი ძლივს ვიშოვნე, კიდე ეს წავიღე. მან ჯიბიდან ექიმის გულისცემის აპარატი ამოიღო, ის ახალი იყო და გერმანულად ეწერა რაღაც.
- ზაგრანიჩნია, – თქვა ნოდარმა, მალხაზმა დაათვალიერა, ერთი ბოლო ყურში შეიდო, მეორეს შედება დაეზარა, პირველიც გამოიღო და იურიკას მისცა.
- რამდენში გავა, – იკითხა იურიკამ.
- კლიენტზეა.
- მე წავედი, კარგად, – თქვა მალხაზმა. არაყი გადაკრა და გავიდა.
დარჩენილებმა თვალი გააყოლეს. ვობლები ისევ ეყარა დახლზე. ისინი იკრიანები იყო, დაბერილი. მუშამ ახალი კასრი შემოაგორა, ფეხზე დააყენა, დახლიდარმა რკინის დარტყმით ჩააგდო ხის საცობი შიგ, უცებ დაახურა ნაროს მიბმული ჩამოსასხმელი. პირველი კათხა მღვრიე და ქაფიანი ამოვიდა.
- თითო მაიტა. – დაუძახა იურიკამ.
- ახლა კარგია, ჰოო.
- ტყუილა წავიდა ის.
- ერთი მაგისი.
- კარგი ბიჭია, ისე, ოღონ ეტყობა ეზარება სირბილი უკვე, დაიღალა.
- რა დაიღალა, ნაშას აბამს, ფულიანიაო, ამბობს.
- გაგვიმარჯოს, – თქვა იურიკამ. ლუდი ცივი იყო, ქაფი დაიწმინდა. სასიამოვნოდ გადადიოდა ყელში.
- ტყუილა წავიდა.
- მე მგონი, იმ ნაშას ფულიც არა აქვს, ერთხელ მალხაზმა თქვა თვითონ.
- მეც ეგრე მგონია, ფული რო ჰქონდეს, ჩაიცვამდა მაინც კარგად, ჰო, თვითონაც თქვა. ახლა იძახის, მილიონერიაო. არ გამოვიდა ფულის ვარიანტი და სცხვენია.
- რისი სცხვენია, დაანებოს და მორჩა.
- საქმეც ეგ არის, ვერც ეშვება!
- ალბათ შეუყვარდა.
ორივემ გაიცინა, მერე იურიკამ ცარიელა არყის ბოთლი დახლიდარს მიაწოდა. გარეთ ისევ თბილი ქარი ქროდა და ოფლიან ტანს მტვერი ეკრობოდა, შიგ ეზილებოდა. მალხაზი თავდაღმართზე მიდიოდა განერვიულებული. გუშინ გაიგო, რომ იმ გოგოს ფული არა ჰქონდა, ადრე მაინც გაეგო, გაიგო და მაინც არ უნდოდა თავის დანებება. მისი სახე წარმოიდგინა, რაღაც არ ესიამოვნა. წარმოდგენითაც კი უშნო იყო, თითქმის მახინჯი, იმისი ცოლად წაყვანა მარტო ფულისთვის ღირდა. რატომღაც 3600-იანი მაგნიტოფონი მოაგონდა, უხმაუროდ რო უკრავდა და თან მთელი საათი, კასეტის გამოცვლის გარეშე. ძალიან, ძალიან მოუნდა ეგდო მისი ხმისთვის ყური სავარძელში მჯდარს. ცალ ხელში ახალი გრძელი პაპიროსი სჭეროდა ოქროს ვარაყით, გვერდზე კი ის გოგო სჯდომოდა ან სხვა, ოღონდ მისი ცოლი მოსაჩანგლი და საწვალებელი რო არ ყოფილიყო. ის დაიღალა. აღარ უნდოდა წვალება, აღარც ფულისთვის ტროლეიბუსებში სირბილი. ახლა კი გამოირკვა, რომ იმ გოგოს არაფერი არა აქვს, მეორეს კი, იმისი ბიძაშვილისაგან იცოდა, ჰქონდა, თანაც იმ მეორეს მოსწონდა ის, მიუხედავად ამისა, მაინც უნდოდა რაღაც წვალება, თეატრში წაყვანა, კინოში წაყვანა, ლაპარაკი რამეზე და სიყვარულის ახსნა, მალხაზი კი დაიღალა. ის ახლა დაღმართზე მიდიოდა და ფიქრობდა იმ გოგოზე, რომელსაც ფული არა ჰქონდა და იყო მისი. აღარც სიყვარულის ახსნა იყო საჭირო, არც თეატრში ან კინოში წაყვანა. ხვალ წავიდოდა, მოაწერდა ხელს. მერე წაიყვანდა თავის პატარა ოთახში. წამოწვებოდა ტახტზე, ტახტის თავში იმას დასვამდა, თავს კალთაში ჩაუდებდა. გოგოს სახე უშნო და მახინჯი ჰქონდა, მაგრამ მალხაზისთვის სულ ერთი იყო, მას არც უნდოდა მისი სახის ყურება, მხოლოდ თავი ედებოდა რბილად და 3600 მანეთიან მაგნიტოფონს დაუგდებდა ყურს.

წელი 1957. ოქტომბრის 9.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი