ყველაზე ძალიან ეს ბოლო სურათი მომწონდა..


ყველაზე ძალიან ეს ბოლო სურათი მომწონდა. ტექნიკურად არ იყო ძლიერი: ეს მეც კარგად ვიცოდი. ეს მხარე რომ დაეწუნებინათ, არც ისე მეწყინებოდა ან სულ არ მეწყინებოდა. კომპოზიციის სუსტად ჩათვლა? თითქმის მავნებლობა იყო. მოგონება ისევ მაგზნებდა. ბოღმა ყელში მაწვებოდა. როგორ შეიძლებოდა კომპოზიციის დაწუნება? ტექნიკური მხარე რომ დაეწუნებინათ, კიდე ჰო. მერე როგორც გავიაზრე, ისე იყო გაკეთებული, ზუსტად დამემორჩილა ფუნჯი. თავში მედგა, ვერაფრით ვერ მოვიშორე. მხოლოდ იმაზე ვფიქრობდი: როგორ დამიწუნეს, როგორ დამიწუნეს და ბრაზი მემატებოდა.
მხოლოდ მაშინ მივხვდი, ტრამვაიში რომ ვიდექი, როცა ჩამოვედი. ნელა დავუყევი ქუჩას. ტრამვაიმ ჯერ წყნარად აიღო სვლა, მერე ჩამიარა, მერე გრიალით დაეშვა ქვევით.
მე მივყვებოდი აღმართს.
ახლა მხოლოდ ყრუდა ვგრძნობდი ტკივილს. ცხელოდა.
კარები მგონი დედამ გამიღო. უღონოდ დავჯექი სკამზე და რამდენიმე შტრიხით დავხატე ჩემი დაწუნებული ნახატის გეგმა. მთელ ტილოზე წინ ვაჟკაცის მკლავი ჩანდა, სახსარში მოხრილი. ის დახლს ეყრდნობოდა. მტევანი დიდი იყო, გრძელი, ძლიერი თითებით, რომელშიაც თავი იყო ჩაფლული. ხშირი შავი თმა ზევიდან ეფინებოდა შიგ შეჭრილ თითებს, ცერი ყურზე ჰქონდა მიდებული. ყური მოჩანდა ძლიერი და შემართული. დანარჩენი კორპუსი სიბნელეში იყო. სიბნელიდანვე მოჩანდნენ კედელს აკრული ლანდები დიდი კათხებით ხელში. მხოლოდ თვალები უელავდათ. არა, ფერები და სინათლე შეუდარებელი გამომივიდა. პროპორცია მართალი იყო, სადღაც ირღვეოდა, მაგრამ განგებ გავაკეთე ასე. წინა პლანზე მინდოდა ფიზიკური ვაჟკაცობა დამედო. გამომივიდა კიდეც. მთელი დუქანი გლოვობდა. ჩაბნელებული მოდღლეზილი კორპუსები და ჩავარდნილი სიმწუხარისგან თვალები, რომლებიც ოდნავ სადღაც ელავდნენ. დახლის წინ ქონდრის კაცის ტოლა ოფიციანტი იდგა დიდი კათხით ხელში. სახეზე სიფლიდის მაგვარი ჰქონდა, მაგრამ თვალები მწუხარე. ისიც ნამდვილად განიცდიდა. ყველაზე ძალიან მაინც წინა პლანზე დახატული ბიჭი მომწონდა, რომელსაც დახლზე ჰქონდა ხელი დადებული და თავი ჩარგული თმებში. ისევ გამიტაცა ჩემმა ნახატმა: მისი ყოველი წვრიმალი წარმოვიდგინე. ნეტა აქა მქონდეს, გავიფიქრე. მერე ისევ ეჭვებმა შემიპყრო, იქნებ არც ისე კარგი იყო, როგორც მე მეგონა. არა, არ შეიძლებოდა უბრალოდ, ტექნიკური მხარე რომ დაეწუნებინათ კიდე ჰო, მაგრამ კომპოზიცია? არ ვიცი. დარწმუნებული ვარ, ვერც გაიგეს. ახვლედიანმა და ჯაფარიძემ გაიგეს. მოეწონათ კიდევაც ძალიან. ჯერ დაცვის წინ მითხრეს, ბრწყინვალეაო. ახალი გააზრება ნახეს შიგ ამბის, ბრწყინვალე ფერობრივი შესრულებით. ნამდვილად იმ რუსის ბრალი იყო. ის ვერ მიხვდა ან საიდან მიხვდებოდა. ჯერ იმაზე მომდო შარი, რატო ქვიაო,,შესანდობარი” და,,ლადო მოკვდაო” ორივე ერთად, ან ერთიც თუნდა. მე ძლივს ვამტვრევ რუსულს. უფრო დავაბნიე. მას კი რაც შეიძლება მჟავე სახე ჰქონდა. მთელი იმედები ჯაფარიძეზე დამრჩა, მაგრამ როცა ნახა ჩამოსული რუსი მხატვრის აზრი, რატომღაც თვითონაც შეიცვალა. რაღაცეები აუხსნა, მაგრამ ძირითადში დაეთანხმა. ვიჯექი და მახრჩობდა ბრაზი: საიდან უნდა გაეგო რუსს,,შესანდობარი” ან,,ლადოს სიკვდილი”. ვერაფრით ვერ დავუმტვრიე, რომ ლადო ვაჟკაცი იყო. მოჩხუბარი, დამრტყმელი, ერთი ერთზე ჩხუბობდა. ყველას სცემდა, მერე დანით მოკლეს. მას გლოვობენ-მეთქი დუქანში ბიჭები. ის მკლავი კი, რომელიც დახლზე დევს და რომელიც ყველაზე მეტად არის განათებული, სიმბოლოსავით არის მეთქი მისი ვაჟკაცობის. არაფერი გავიდა. ვერ გავარკვიე.,,Значит был хулиган, да” იძახდა, მერე ხითხითი დაიწყო,,Диплом, а нарисовал как смерть хулигана оплакивают хулиганы”. კინაღამ არ მოვადე, ერთი კი მივიწიე, მაგრამ ნოდარმა მტაცა ხელი. გამოვედი. კედლებზე სურათები აფართხალდნენ, ისე მოვიჯახუნე კარები. უ, მაგისი! ჩვენს ვაჟკაცობას დასცინის, ვფიქრობდი, დასაცინიც არის. ვისაც რაღაც შეუძლია, ხმას არ იღებს. ჯაფარიძეს რა არ მოეწონა, თვითონა თქვა, შესანიშნავიაო, მაგრამ იქ შეეშინდა, მოსკოვის მხატვართა კავშირის პარტკომის, უ მაგათი, მართლა ახია ჩვენზე. საკმარისია რაღაც დაუსტვინონ იმათ, ჩვენი,,თავები” უსიტყვოდ იხრებიან. უფრო მეშლება ნერვები. არ შემიძლია ჭამა. დედა კი უკვე დიდიხანია მეძახის, მგონი. მე არ გავდივარ. ის მოდის და ძალით მივყევარ. მოშვებული ვარ და მივყვები. ის ისევ გამოდის აქეთ. მე სავსე მათლაფა ლობიოს ვიღებ და უკანვე ვასხამ ქვაბში, სანამ არ შევჭამ არ მომეშვება, ვიცი, მე კი ჭამის თავი არა მაქვს. რაღაც მეცობა ყელში. ახლა ნახატზე აღარა ვფიქრობ. მინდა ვინმეს ვუთხრა ჩემი დარდი, ვინ გამიგებს, შორენა რომ იყოს აქ, კიდე ჰო. ნელა ვდგები და ტახტისკენ მივდივარ.
- რა ქენი, ჭამე? – ამბობს დედა.
- ჰო, – ვეუბნები მე.
მას თვალები ცრემლიანი აქვს. ხვდება, რომ რაღაც მეწყინა. ეს კიდე უფრო მოქმედებს ჩემზე. საშინელებაა უყურო ყოველდღე, თუ როგორ დარდობენ შენზე. საშინლადა მაქვს გაღიზიანებული შეგრძნება. ყველაფერი მოქმედებს. ოდნავი შეხებაც კი. დედის ცრემლებმა ახალი სიბრაზე გამოიწვია ჩემში. ვწვები ტახტზე და ვერაფერზე ვერა ვფიქრობ. ახლა მხოლოდ ბუნდოვნადა ვგრძნობ, რომ რაღაცაზე ვარ ნაწყენი. ვცდილობ დავიძინო, თითქოს წამთვლიმა კიდეც. მაგრამ რაღაც არ მაძინებს. ნელა ვაპარებ ხელს და ბარძაყს ვუჭერ. მთელ ტანში მაჟრიალებს. ლეილა მაინც იყოს აქ, ვფიქრობ. უფრო ვუჭერ ბარძაყს ხელს. ლეილა, ლეილა, ვიმეორებ, მერე ჩემ შეგრძნებამდე მოდის, რომ ლეილას ბრალია ჩემი ასეთი რეაქცია ნახატზე. თორემ ნახატის დაწუნება ჩვეულებრივი ამბავი გახდა, სულ ლეილას ბრალია. ნეტა მიყვარს? ვფიქრობ. არ ვიცი. ახლა აღარ მიყვარს! სამი დღის წინ კი მიყვარდა. ის ჩემს ქვევით იწვა, მე ზევიდან ვეწექი. ათქვირებული ტანი მოძრაობდა. ტუჩებით ვაკვდებოდი მის ტუჩებს, მერე ავაძრობდი ისევ. შემდეგი კოცნა უფრო გემრიელი იყო. ბოლოს ნელა წავიღე ხელი. კაბა და ჩემი თითები მის ბარძაყებს აყვნენ და გაჩერდნენ. სითბო მომხვდა ხელზე, გავინაბე, უფრო დავიძაბე. ჩუმად ჩავაპარე ხელი. ვიწექით ასე. იმას თვალები დახუჭული ჰქონდა, მე ხან ღია, ხან დახუჭული. ტუჩებით დროდადრო ვუწმენდავდი თვალებზე მომდგარ ცრემლებს, მერე ის ტიროდა, მერე გაჩერდა და დაიძინასავით; მე ახლა მის გვერდზე ვიწექი, იმას ჩემ ბეჭებზე ჰქონდა დადებული თავი. ტუჩებით მისველებდა კანს.
უცებ წამოვხტი ტახტიდან.
ხელი ისევ მეკიდა ბარძაყზე.
რატომღაც გამეღიმა, მერე უფრო მოვიღუშე.
პიჯაკს დავავლე ხელი და გარეთ გამოვვარდი.
- სად მიდიხარ? – მომესმა დედის ხმა.
- კუს ტბაზე, – დავიძახე შორიდანვე.
მერე მექანიკურად ავუყევი აღმართს. სად წავიდე, ვფიქრობდი. აღმართი კუს ტბისკენ მიდიოდა. თვალწინ ისევ ლეილა მედგა. რა ტკბილი იყო ყოველთვის და გუშინ რა ქნა. ვუთხარი, ვთხოვე და მაინც წავიდა; თან მომატყუა და ისე წავიდა. ნამდვილად არ მინდოდა მისი დაკარგვა. თან ვიცოდი, რომ ხმას არ გავცემდი ე.ი. გავცემ მაგრამ ჩვენ შორის ყველაფერი მორჩენილია. თანაც სამუდამოდ ან დიდი ხნით. მე ვერ ვაპატიებ ჩემ მოტყუებას. როგორც არ უნდა მინდოდეს, მაინც ვერ ვაპატიებ, რომ მე ვუთხარი და ის წავიდა. თან იცოდა, მე კი არ ავუკრძალე, ვთხოვე, ვუთხარი: “მე მხოლოდ ის დაჯერება მწამს, როცა გიყვარს ვინმე და უჯერებ. თუ არ გინდა სიყვარულის დაჯერება წადიმეთქი”, ის შემპირდა, რომ არ წავიდოდა და მაინც წავიდა.
ვიყურებოდი წინ და ვგრძნობდი, რომ სახლები უფრო და უფრო პატარები იყო. მერე გათავდა. ახლა ზევით კლდიანი ბილიკი მიდიოდა. შემოვბრუნდი, მერე ქანზე წამოვწექი. ჩემ ქვევით თბილისი იყო. პირდაპირ რაღაც სწორე ქუჩა მიდიოდა. გვერდზე მაღალი და დაბალი სახლები ედგა, შორს მოჩანდა მტკვარი. ის დიდხანს მოჩანდა, მერე იკარგებოდა სადღაც, სულ შორს ისევ მოჩანდა, ბოლოს აღარ ჩანდა.
“როგორ გააკეთა ეგ ლეილამ” ვფიქრობდი. “ალბათ, აღარ ვუყვარვარ, ჩემი ბრალი იყო. რატო, არ ვიცი, მაინც ჩემი ბრალი იყო რაღაც. მთელი ექვსი თვე ისე დავდიოდით, რომ არ მყვარებია, ერთი კვირის წინ იმ ამბის მერე შემიყვარდა. იმასაც ვუყვარდი, იმას ადრევეც ვუყვარდი, მაშინ ტიროდა ჩემთან, მეც წამომივიდა ცრემლები. უჰ, ის ცრემლები ვერ მომენელებინა. აქამდე ვერ მიპატიებია თავისთვის, როგორ ვაჩვენე გოგოს ცრემლები. როგორ!”
ისევ დავიძაბე.
ქვევით კი ისევ სწორი ქუჩა იყო, სადღაც ჩანდა და იკარგებოდა მტკვარი.
თვალწინ ისევ ლეილა მედგა. “ეს ტყუილი მისგან ღალატის ტოლია”, ვფიქრობდი, “იცოდა, როგორც ვუთხარი, ისიც იცოდა, რომ დავკარგავდი, მაინც წავიდა ე.ი. თვითონ უნდოდა ის. მე კი არ მინდოდა მისი დაკარგვა.” ისევ წარმოვიდგინე მისი სხეული. ტუჩები. მოქცევა. არა, მიყვარდა. ახლა უფრო მიყვარდა, ე.ი. არასოდეს არ მყვარებია ისე, როგორც ახლა. ახია ჩემზე, როცა იმას ვუყვარდი, მე ცივი ვიყავი, ახლა კი, ახია ჩემზე. ყველაზე ძალიან ახლა მიყვარდა და მაინც არ გავცემდი ხმას, ე.ი. მაინც კი არა, უფრო მაგიტომ. ის ჩემი ცრემლები ვერ მომენელებინა.
გადავწყვიტე დამეწერა მისთვის:,,არ გეგონოს, რომ იმიტომ ვიტირე მაშინ, ე.ი. იმიტომ რომ შენ მიყვარდი. არა, ვიტირე იმიტომ, რომ შენ სიმართლე თქვი, სიმართლე კი ყოველთვის ცრემლებს იწვევს ჩემში, მისი გაგონებისას ყოველთვის ვტირივარ. ე.ი. თითქმის არასოდეს არ ვტირივარ, რადგან სიმართლეს თითქმის არ ამბობენ”. წერილი არა, არ ვარგა, ჯობია მივცემ წიგნს და წავალ. ასე ჯობია, ხმის გაცემა კი არაფრით. თუნდაც იმიტომ, რომ ახლა ასე მიყვარს, არა აღარ მიყვარს, სამი დღის წინ უფრო მიყვარდა, როცა ის ამბავი გავიგე მასზე, ახლა მომატყუა, აღარ მიყვარს, ახლა მინდა, ძალიან მინდა.
ისევ გამეფანტა გონება.
“კიდე კარგი, დღეს ნახატის დაცვაზეც არ ვიტირე”, გავიფიქრე. “თუმცა რატომ უნდა მეტირა, იქ ხომ სიმართლე არ უთქვამთ”. ნახატის მოგონებამ თითქოს დამამშვიდა. ისევ ჩავვარდი ბურანში. ვუყურებდი ქალაქს და თავში ახალი კომპოზიცია მიჯდებოდა. ისევ გავერთე გონებაში ხატვით. მერე ნახატის ერთ ადგილას გოგო იდგა. “ლეილაა”, გავიფიქრე და ისევ შემომაწვა სიყვარულის ბრაზი. მიყვარდა. და სწორედ იმიტომ არ გავცემდი ხმას. მაგის საშუალებას არ მაძლევდა ჩემი რაღაც მე, არა, ყველაფერი მორჩენილი იყო, “თუ ჩემ ფეხებთან არ დაეცემა ტირილით, არ შევურიგდები”, გავიფიქრე. მას კი იმდენი თავი არა აქვს, ეგ გააკეთოს, როგორც არ უნდა ვუყვარდე. ყველაფერი მორჩა. მერე რა, ახლა ახალ ნახატს ჩავუჯდები, მაგრამ თუ ისიც დამიწუნეს, მერე რა, სუ ის რუსი ხომ არ იქნება.”
წამოვდექი.
ცოტა აგრილდა.
მიწა ნაწვიმარი იყო და ტალახიანი, ქანი კი ნესტიანი.
ნელა მივდიოდი ზევით: თვალწინ ჩემი დღევანდელი ნახატი და ლეილა მედგა. ნეტა რომელი უფრო მეწყინა, ნეტა რომელი. რატომღაც ამეკვიატა აზრი. ახლა ორივენი შორს იყვნენ, ნახატი აკადემიაში იდო, ლეილა სოფელში. ამ გზაზე ერთად გვივლია მე და ლეილას. სიცოცხლე მაინც სულ სხვაა. უზომოდ მომინდა ისევ ლეილა, მაგრამ ვიცოდი, რომ ხმას არ გავცემდი. ჩემი სიამაყე არ გამიშვებდა. ისევ წამოვიდა ახლა კომპოზიცია, ლეილა ისევ იდგა სურათის კუთხეში.,,საკმარისია ასეთი ძლიერი განცდა, რომ ახალი ნახატის იდეა მომივიდეს. არა, მოვკლავ ხატვაში ლეილას. თუმცა, ახლა მირჩევნია ლეილა იყოს აქ და მოკლას ხატვა. არ ვიფიქრო არაფერზე, მარტო ვიჯდე, მისი თავი მედოს კალთაში ან მას ედოს ჩემი თავი კალთაში. არც ვაკოცებდი, ვიჯდებოდი და არაფერზე არ ვიფიქრებდი.
ვერც შევამჩნიე ისე გაივაკა გზამ.
შორიდან რაღაც ხმა მომესმა, მერე ორი რუსი სალდათი დავინახე. ისინი რაღაცას მიყვიროდნენ. მე ნაბიჯისთვის არ ამიჩქარებია. ვერ მოიცდიან? ხო მივდივარ, ვფიქრობდი, მერე გავარჩიე.
- Где Лисье озеро? – ყვიროდა ერთი.
მე მთელი ტანით შევბრუნდი და ხელი გავიშვირე.
- А мы куда идем? – თქვა მეორემ.
- На Черепашье озеро. – ვუთხარი მე.
ნელა გავაბით ლაპარაკი. პირველი სალდათი ხშირად კითხულობდა რაღაცეებს, აინტერესებდა შეიძლება თუ არა ბანაობა.
გავერთე.
სადღაც მომაგონდა, რომ არ მიყვარდა რუსი. მხატვრის სახეც წამომივიდა, ნახატი რომ დამიწუნა, მაგრამ ისე აღარ ვჯავრობდი. სადღაც გაქრა სიბრაზე. ხალხი მაინც სულ სხვაა. სალდათები რაღაცას ხუმრობდნენ. მე მეღიმებოდა.
ბოლოს ტბასთან მივედით.
- თბილია? – ვკითხე ბიჭს, რომელსაც შარვალი დაეკაპიწებინა და ანკესი ეჭირა.
- თვითონ ნახე, – თქვა მან.
მე დავიკუზე, ნელა ჩავყავი ხელი წყალში. მეშინოდა ცივი არ ყოფილიყო.
წყალი იყო თბილი და სასიამოვნო. იქვე ქედზე ჩამოვჯექი და გახდა დავიწყე.

[1957 წელი. დეკემბერი]

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი