შუა ზაფხულში ყველგანა ცხელა


ზღაპარი: ნამდვილი ხალხური:
ერთხელ ვანოს მანანამ თვალი გააყოლა და გაწითლდა. ვანომ თინას გამოსდო ხელკავი. “ეჰ, რა ბიჭია”, ამოიოხრა მანანამ, “მაგრამ რა ყრია, ოც გოგოსთან მაინც ჰქონია საქმე, საზიზღარი.” უცებ გაწიწმატდა რატომღაც და ტრამვაიში ავიდა. საღამოს კინოში იყო მანანა. უკან გზაზე მთვრალი ვანო შემოხვდა. არ მოეშვა, სახლამდე უნდა მიგაცილოო. მოსახვევთან სიყვარული აუხსნა მისივე სიახლოვით მთვრალ ქალს. ეუბნებოდა: “გეფიცები, შენს მეტი არავინა მყვარებია”. “რა ბედნიერებაა, ასეთ ბიჭს შენს მეტი რომ არავინ უყვარდეს”, ფიქრობდა ქალი, მაგრამ მაინც მოაგონა რამდენიმეს სახელი მორცხვად. “დედას გეფიცები”, დაიწყო ვანომ, “ჭორია, შენ შემოგევლე”. “ჭორი ყოფილა, რა საზიზღარი ხალხია, ფუ, ჭორიკნები!” დაასკვნა მანანამ და ვანოს მკლავებს მინებდა.
(ჭირიც აქა, ლხინიც აქა, ქატოც აქა, ფქვილიც აქა.)
საღამო ხანს ზღვა დაწყნარდა. ახლა უკვე კარგადა ჩანდნენ შორს გასული ნავები. ნაპირთან ბიჭები წყალბურთს თამაშობდნენ.
ჩაფიქრებული ვაჟა ჯანდიერი ნელი ნაბიჯით მიჰყვებოდა ნაპირს, რომელზედაც ტალღებს ზიგზაგებად დაეტოვებინა წყალმცენარეები. ვაჟა ჩამოჯდა ქვაზე, თვალი შორს გასულ ნავს გაუშტერა; ერთხანს ასე იყო, მერე წამოდგა, მიიხედ-მოიხედა “ამდენი ხანია ნაპირს მოვყვები და ნეტა რაზე ვფიქრობ?” გაეღიმა მას. ახლა იგი შარაზე გამოვიდა. შორს ხმისჩამწერი მოცვეთილ ლენტაზე ჩაწერილ “ისტამბულს” უკრავდა. ჭრელ კაბებში მორთული რუსის გოგოები მანჭვით გარბოდნენ ტურბაზისაკენ. “ნეტა რა უნდათ, სად მიიჩქარიან”, ორჭოფულად გაეღიმა ვაჟას და თვითონაც მოუმატა ნაბიჯს.
“ტურბაზის” კართან ადგილობრივი ბინადარნი აფხაზები, სომხები და ბერძნები ყიამყრალობდნენ. ზოგი გოგოსთან მიმავალ ბიჭს “ურევდა”. ვაჟა ტურბაზის ეზოში შევიდა და გრძელ სკამზე ჩამოჯდა. დაინახა: ვიღაცა თეთრ კაბაში გამოწყობილი გოგო ღიმილით გაემართა შავულვაშა ქართველი ბიჭისაკენ. კარვების მხრიდან კი მოდიოდნენ, მორბოდნენ მოგზაური რუსი გოგონები. ვაჟას ქალი მოუნდა, მაგრამ კარგი ვერავინ დაინახა. დაიწყო ცეკვა. უკრავდნენ ვალსს ჩქარ ტემპში, ვიღაცამ მოედანზე წაიფორთხიალა. ცეკვა გრძელდებოდა. მასთან ზურგით, იმავე სკამზე ქერათმიანი გოგონა იჯდა. მას ძალიან მოუნდა გამოლაპარაკება.
- გოგონა, - დაიწყო ვაჟამ.
მან ოდნავ შემოაბრუნა თავი და მოღუშულმა უთხრა:
- გისმენთ.
ვაჟა: თქვენ არ ცეკვავთ?
გოგონა: როგორც ხედავთ.
ვაჟა: არც იცეკვებთ?
გოგონა: არა, გმადლობთ.
“კარგი გოგოა”, გაიფიქრა ვაჟამ და დაიწყო:
- უკაცრავად, თქვენ ალბათ შორიდან ჩამოხვედით, არა?
- არც ისე, - ღიმილით უპასუხა გოგონამ, - თბილისიდან.
- როგორ? - გაოცდა ვაჟი.
- მე აქაური რუსი ვარ, ცოტა ქართულიც ვიცი, ისე რომ ფრთხილად, - მან მკაცრად გაუღიმა, მერე ტუჩები მოკუმა და მზერა საცეკვაო მოედანზე გადაიტანა. ვაჟა წამოდგა, პაპიროსს მოუკიდა, შემდეგ ჯიბეებში ჩაიწყო ხელები. ბოლოს მოედნის მხრიდან მოუჯდა ახლად გაცნობილს. გოგონას სიმპათიური სახე და ლამაზი, ფუნთუშა ტანი ჰქონდა.
- უკაცრავად, რა გქვიათ? - ჰკითხა ვაჟამ.
- რაც მეტი გეცოდინებათ, მით უფრო ჩქარა დაბერდებით, - გოგონამ გაიცინა.
ვაჟა განაგრძობდა:
- ეგ, შესაძლოა, სწორია, მართლაც, განა სულერთი არ არის, სად ისვენებთ?
- აქ, ახალ ათონში.
- მარტო? - დაინტერესდა ვაჟა.
- არა, ქმარ-შვილთან, - კვლავ გაეღიმა გოგონას.
- მაინც რა გქვიათ, როგორ მოგმართოთ ხოლმე, - კიდევ შეეკითხა ვაჟა.
- ელენა, ელენა ვლადიმირის ასული.
ვაჟამ ჩამქრალ პაპიროსს მოუკიდა. გოგო მას აშკარად მოსწონდა, მაგრამ გადაწყვიტა, არაფერი ეთქვა, მაინც არ დაიჯერებდა. პაპიროსი ისევ ჩაუქრა. მან თავი მოაბრუნა.
- ელენა ვლადიმირის ასულო, ხომ ხდება, რომ კაცს უცებ უყვარდება ვინმე?
- რას მეუბნებით, ალბათ. - ელენამ ირონიით გაიქნია თავი.
- ჰოდა, მე მგონი შემიყვარდით. - ვაჟას ხმამაღლა გაეცინა თავის სულელურ ლაპარაკზე. ელენამ არაფერი უპასუხა.
- ელენა, როგორ მოგწონთ ცეკვა? არა, მე უცებ შემიყვარდით.
- ოჰ, რა რომანტიულია, გაკლიათ მუხლზე დაჩოქება და გულზე დადებული დაშნა.
ვაჟამ კვლავ სულელურად გაიცინა, სახე ოდნავ წამოუწითლდა. ქალმა შეამჩნია და განაგრძო:
- ხომ იცით, ვინც სწრაფად ენთება, სწრაფადვე ქრება.
ვაჟა: მე სწორედ მაგრე ვარ, თუმცა, არ ვიცი.
ელენა: არ ვარგა, ჯობია ნელ ცეცხლზე დაიწვათ.
ვაჟა: რატომ განა სიყვარული ჯოჯოხეთია?
ცეკვა გახურდა. მწკრივში ჩამდგარი გოგო-ბიჭები კრაკოვიაკს ცეკვავდნენ. ვაჟი აღარაფერზე არა ფიქრობდა. სიჩუმე ელენამ დაარღვია.
გოგო: უკაცრავად, თქვენც აქ ისვენებთ?
ვაჟი: დიახ, ელენა, არ გეჩვენებათ, რომ აქ ყველას ერთი
აზრი აქვს?
გოგო: არა ღირს, მე მგონი, ადამიანთა გრძნობების ასე გაუფასურება, მაშინ ხომ ცხოვრება მართლა აუტა ნელი გახდება, თუმცა ჩემთვის იგი ახლაც ტანჯვაა.
ვაჟამ დაკვირვებით შეხედა გოგონას: აუარებელი ნაღველი ჩამდგარიყო მის თაფლისფერ თვალებში.
გოგო: თქვენი სახელი?
ვაჟი: ვაჟა.
გოგო: ვაჟა, თქვენ მუსიკა გიყვართ?
ვაჟი: უზომოდ.
გოგო: მეც, მაგრამ, მე მგონი, თქვენზე მეტადაც. ერთ დროს, სამი-ოთხი წლის წინ ვუკრავდი. მას მერე თითქმის აღარც მომისმენია კარგად დაკრული. ჯერ აქ, ათონში ვიყავი მასწავლებლად, ახლა სოხუმის პედინსტიტუტში ვსწავლობ, თან მოსკოვის უცხო ენათა დაუსწრებელზე შევიტანე საბუთები. მომწყინდა აქ, ვაჟა. თქვენც არ უნდა იყოთ მხიარულად.
ვაჟი: მე? რატომ, აქ ვცხოვრობ ჩემთვის, რადიომიმღებიც მაქვს. მართლა, გინდათ, ესენინს წაგიკითხავთ?
გოგო: დიდის სიამოვნებით მოვისმენდი.
ვაჟი:

Заметался пожар голубой,
Позабылись родимые дали.
В первый раз я запел про любовь,
В первый раз отрекаюсь скандалить.
Был я весь как запущенный сад,
Был на женщин и зелие падкий.
Разонравилось пить и плясать
И терять свою жизнь без оглядки.
Мне бы только смотреть на тебя,
Видеть глаз златокарий омут,
И чтоб, прошлое не любя,
Ты уйти не смогла к другому.

Поступь нежная, легкий стан,
Если б знала ты сердцем упорным,
Как умеет любить хулиган.
Как умеет он быть покорным.
Я б навеки забыл кабаки
И стихи бы писать забросил,
Только б тонкой касаться руки
И волос твоих, цветом в осень
Я б навеки пошел за тобой
Хоть в свои, хоть в чужие дали.
В первый раз я запел про любовь,
В первый раз отрекаюсь скандалить.
გოგო: დიდებულია, საწყალი, ეჰ, ესენინი, აფსუს, რა ცუდად დაამთავრა ცხოვრება.
ვაჟი: აბა, ელენა, მე მაინც ამ საწყლების გრძნობებზე ვფიქრობ, ქვევით რომ ცეკვავენ. ალბათ, ყველას ერთი მიზანი აქვს, არა?
გოგო: ნუ აუბრალოებთ ასე ყველაფერს, ახალგაზრდა სკეპტიკოსო.
ვაჟი: მე სკეპტიკოსი? რას ბრძანებთ, მე მხოლოდ სახარებიდან მომაგონდა რაღაც და იმიტომ ვთქვი.
გოგო: რა?
ვაჟი: “და ყოველი, ვინც უყურებს ქალს აღტკინებით, უკვე სცოდავს მასთან თავის გულში”.
გოგო: დიდებულია, ციტირება სახარებიდან უკვე რაიმეს ნიშნავს.
ვაჟი: თქვენ იღიმებით. განა მეც იგივე აზრები არა მაქვს, თუმცა არა, თქვენთან საუბარმა ამაცილა მას.
გოგო: აზრები? ჰო, ვიცი.
მოედანი ახლა ნელ ტანგოზე გადავიდა. ზოგი წყვილი წყდებოდა მოედანს და ხეებში უჩინარდებოდა.
გოგო: ვაჟა, გინდათ გაჩვენოთ მშვენიერი სურათი ღია ბარათისთვის, აგერ იქ, ფინურ სახლთან, ჩრდილში, ხედავთ?
ვაჟას გულიანად გაეცინა. გამხდარი შავთმიანი ბიჭი, თეთრ პერანგსა და შავ კოსტუმში გამოწყობილი, ხელებით დაბეჯითებით უხსნიდა რაღაცას ბრტყელსახიან უსიმპათიო ქალს.
ელენას გაეცინა:
- დაგენიძლავებით, სიყვარულს უხსნის.
- ჯენტლმენია ნამდვილი. ოჰო, ნახეთ, გულზეც კი დაიდო ხელი. - ვაჟამ პაპიროსი მოქაჩა.
- რა რომანტიკული სურათია: გოგომ თავი დახარა, უნდა, რომ დაიჯეროს. ნახეთ, პირისახეს ლამპიონის შუქი უნათებს. - ელენა ვაჟასკენ შემოტრიალდა.
ის გოგონა მოედნისკენ დაეშვა. ბიჭი მარტოკა დარჩა ჩრდილში.
ვაჟამ და ელენამ ცეკვებისკენ გადაიტანეს მზერა. სრულდებოდა ვალსი. ზოგი შემოტრიალებისას ჰაერში ხტებოდა. ელენამ გაიცინა:
- ვაჟა, ხედავთ იმ ბიჭს, რა სერიოზულად ცეკვავს უკვე მეოთხე გოგოსთან, მე ვითვლი.
მართლაც ვიღაცა ბიჭი, შთაგონებული, უნიჭო დონ-ჟუანის სახით, ეცეკვებოდა მასზე მაღალ ქალს. ეს უკანასკნელი მორთული იყო თეთრი, დიდსაყელოიანი კაბით.
- საღამოს დედოფალია. დარწმუნებულია, რომ ბიჭები ოხრავენ მასზე, თუმცა, შეიძლება, არცა ცდება. არა, ელენა, უნდა დამეთანხმოთ - ჩამოსულ გოგონებსაც იგივე აზრები აქვთ, რაც დამხვდურ ბიჭებს. ხალხი გაუმაძღარია გართობისადმი ლტოლვაში. - წაუფილოსოფოსა ბოლოს ვაჟამ.
- ვაჟა, - ელენამ ხელი მოჰკიდა, ვაჟი შეკრთა, - დაინახეთ ის ბიჭი, შავკოსტუმიანი?
შავკოსტუმიანმა ბიჭმა პაპიროსი ამოიღო, მოსრისა, მერე გადააგდო, ახლა მეორე ამოიღო, განზე ვიღაცას მოუკიდა და ძველი ადგილი დაიკავა.
ელენა: ძალიან არ უნდა სცემდე თავს პატივს, რომ პირველსავე შემხვდურს ასეთი განცდით ელოდე და რისთვის.
ვაჟა: ჰო. კიდევ ვამბობ, ყოველი მოცეკვავე ამ მოედანზე იმასავე ფიქრობს, რასაც ეგ ბიჭი.
ელენა: ცეკვა მეც მიყვარს, მაგრამ სხვა ადგილას, ოჯახში სადმე, ოღონდ ნელი ტანგო.
ვაჟა: გარწმუნებთ, ვალს-ბოსტონი ჯობია.
მოედანზე გაისმა “გამოსათხოვარი ვალსის” ხმები. ვაჟამ ხელი მოჰკიდა ელენას და კიბეზე დაეშვა. ორი ვალს-ბოსტონის სვლა. ორივეს უზომოდ სიამოვნებდა ცეკვა. სიჩუმე ვაჟამ დაარღვია.
- ელენა, შენ მართლა კარგი გოგო ხარ. - თქვა მან ქართულად.
- ვაჟა, არ ვარგა პირში ქება.
- ელენა, მე შენ შემიყვარდი, ღმერთს გეფიცები, გესმის, - ვაჟმა წელზე ხელი მოუჭირა, ცეკვამ მთლიანად ჩაითრია ორივენი.
- ვაჟა, ნუღარ ვლაპარაკობთ მაგაზე, მე არ მინდა ჩემი გრძნობების გამომჟღავნება. - ელენა მთლად მინებდა ცეკვას. ერთი წრე უხმოდ შემოუარეს მოედანს. ვაჟას გაეცინა.
- ელენა, ხომ შეიძლება, სხვა წყვილიც იმავეს ლაპარაკობდეს, რასაც ჩვენ ვამბობთ აქ მოცეკვავეებზე.
ქალს გაეღიმა.
- და განა ტყუილს იტყვიან, - თქვა მან, მერე დაღონდა, - და რა სამწუხაროა, გაითქვიფო ამ მასაში, გქონდეს იგივე გრძნობები.
ვაჟას ხმამაღლა გაეცინა უადგილოდ და ელენას თვალებში ჩახედა.
- გოგო, გიყვარს ვარსკვლავები? - ჩურჩულით უთხრა, - მერე ხელკავი გაუკეთა და ნელი ნაბიჯით ორივენი ამოუყვნენ კიბეს.

წელი 1956. აგვისტოს 14.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი