შურისძიება


ცქიტომ დანა გახსნა და კუთხეში შეშინებული თვალებით ატუზულ ვაჟას ყელზე მიაბჯინა.
- შენ იცი, ხვალაც მოაცილე, - ირონიულად გაიცინა მან, მერე მოშორდა. ვაჟა ნელა დაიძრა ადგილიდან, ჩქარა კუთხეს მიეფარა და ნაბიჯს მოუმატა. დიდ ქუჩაზე გასვლას მოერიდა, მთელ ტანში საშინელ ტკივილსა გრძნობდა, თანაც დასიებული თვალიდან ვეღარ იხედებოდა.
იმ წელს დაამთავრა ცქიტომ თერთმეტი კლასი.
მერე გავიდა პირველი კურსი.
მერე გავიდა მეორე კურსი.
მომტანმა უკვე მესამე ნახევარბოთლიანი არაყი დადგა სუფრაზე.
ისიც დალიეს. დუქანში ხალხი აირია, დახლს ცხელი ხინკლის ოხშივარი აუვიდა. მომტანი ახლა მეოთხე ნახევარბოთლიანზე წავიდა.
მეორე დილას ცქიტოს თავი ოდნავ სტკიოდა. სახლიდან ადრე გამოვიდა ბორჯომის დასალევად. წყლებთან ბიჭებს მოეყარათ თავი. ლაპარაკობდნენ ჩხუბზე, ვიღაცამ მისი სახელი ახსენა. ნავარჯიშევი, მაღალი მალხაზი მოსაუბრეს რაღაცაზე შეეკამათა, ისევ ახსენეს მისი სახელი. ცქიტომ თავი მოიყრუა.
- რაც გინდა იყოს, ცქიტო პატიოსნად ურტყამს, თავის ბიჭებს არავის დაახვევს, - ამტკიცებდა პირველი.
- რა? ეგ არ იყო, რო ლეილასთვის გურამს, ნოდარს, კიდე ვის გინდა, დანა დაარტყა, წაქცეულს სცემა, არ გახსოვს.
ცქიტო აიმღვრა, მერე ნელი ნაბიჯით გამოვიდა და მოკამათეს ხელი გამოუყარა. იგი მასზე მაღალი იყო. წავიდნენ მთაწმინდისკენ. ყველანი უხმოდ მიხვდნენ, რომ აქ უჩხუბრად არ დამთავრდებოდა საქმე. მიყრუებულ ქუჩაზე დაიწყო ჩხუბი. თავს მაღალი ესხმოდა, მერე ცქიტომ გასვლა გაუკეთა მხარს ქვევიდან და ცხვირში სთხლიშა მუშტი. ცქიტო გახურდა, ზედიზედ გაუკეთა სამი დარტყმა, ახმახი დაეცა. მერე მუხლზე წამოიჩოქა. გამრტყმელი იდგა და მშვიდად უყურებდა, როცა წამოდგა, კიდევ დაარტყა.
ახმახი ისევ გაიშხლართა. ცქიტო ნელი ნაბიჯით წამოვიდა სახლისკენ.
- ნახე რა ვაჟკაცია.
- აბა, აბა.
- წაქცეულს არ ურტყამს.
- სულელია.
- რა სულელი, ვაჟკაცია.
- რაინდობს.
- რატო არ უნდა ირაინდოს?
- აბა, ლეილას საქმე ყოფილიყო.
- მტრისას.
- მაშინ დანასაც ხმარობს, სულ კარგავს ხოლმე გონებას.
- ხო, მეც ვიგემე. ერთხელ ნაგანით გამოგვიდგა, ექვსნი ვიყავით, დაბადების დღიდან ვაცილებდით.
ცქიტო ნელი ნაბიჯით აუყვა თავის აღმართს, სახლში შესული სავარძელზე დაესვენა და მთელი საათი გარინდული იჯდა, მერე მაგიდასთან დაჯდა. კალმისტარი მოიმარჯვა, სანამ წერას დაიწყებდა, რადიო ჩართო. მელოდიურმა ჯაზმა ცოტა დაამშვიდა, შემდეგ ნელა დაიწყო ასოების გამოყვანა: “ლ-ე-ი-ლ-ა‘”. როცა დაწერა, მიიხედ-მოიხედა, დერეფანში მოფუსფუსე დედა დაინახა და გაწითლდა. ახლა დაიწყო პარალელური ხაზებით დაწერილის წაშლა. როცა სულ გაურჩეველი გახადა, თავი დაანება.
მერე გადმოიღო თაროდან “გველის პერანგი”. ტექსტმა, რომელიც უკვე კარგად ნაცნობი იყო მისთვის, თავისი მუსიკით ისევ გაიტაცა. შეშურდა დიდი თავადი ირუბაქ ირუბაქიძის ბედი, რომელსაც ნიადაგ მზის ნიშანი ჰქონდა გულზე. მოუნდა მასავით მიეშვა ცხენისთვის ლაგამი და უდაბნოში დაკარგულიყო, მასავით გადაეგდო თავისი ხელით განგმირული ცოლი წყალში - სინდისის შენახვისთვის გაეწირა შთამომავლობა. რადიოში მელოდიური ჯაზი აფრიკულმა ბუგებმა შეცვალეს, იგრძნო ირუბაქიძის შთამომავლებივით “უეცარი გახელება”. აფრიკაში შექმნილმა შავკანიანთა საორგიო მუსიკამ რატომღაც ქართული ლეკური გაახსენა. თვალხუჭელა შლიდა მუსიკის შესაფერ ტექსტებს;
ახლა მელოდიური ჯაზის დაოკებულ ხმაზე ქარავანი უდაბნოში მიიკვლევდა გზას, გაისმა ზარების რეკვა და ნელი ტაქტი შეიცვალა “ბუგების” ახალი ნაკადით. “ოჰ, ახლა ბეთჰოვენის მეცხრე სიმფონია,” განაგრძობდა კითხვას.
ისევ მოაგონდა სიყვარული, ახლა ღობეზე შემომჯდარი ბიჭები მღეროდნენ:
“ლაშხის ქალო მატასი,
მინდა გაკოცო ათასი”.
ძლივს შეელია უსაყვარლეს წიგნს და გარეთ გამოვიდა, ქამარში გარჭობილი ნაგანი სიამოვნებით მოსინჯა. გზაზე ვახტანგი შემოხვდა;
- გამარჯობა, ვახო, - გაუღიმა ცქიტომ.
- გაგიმარჯოს, კიდევ იჩხუბე?
- ჰო.
- ცქიტო, წამო სოფელში, ჩემთან უკვე შუა ზაფხულია, არ გცხელა, კაცო?
- რას ამბობ, ბიჭო?
- რატო, დრო არ არის თუ რა?
- სანამ ის აქაა, ხომ იცი შენც.
- მოეშვი ერთი.
ცქიტომ ხელი გამოუყარა მეგობარს და დაღმართს დაუყვა. ქუჩის ბოლოში მთელი მისი ძმაკაცები იდგნენ. ვიღაცამ სცადა გაცინება, არავინ არ აჰყვა და გაჩუმდა. დაიწყო ლაპარაკი ზღვაზე.
ცქიტოს გაგონებაც არ უნდოდა აქედან წასვლის.
- სპარტაკა სად არის, გამოვიდა? - დაიწყო ერთმა.
- ხო, ზღვაზეა, სამი წელი იჯდა თავისი გოგოსთვის და, როცა გამოვიდა, გათხოვილი დახვდა. - გამოეხმაურა მეორე.
- ოხ გოგოების, - თქვა მესამემ.
- არ არიან ღირსი სიყვარულის.
- გიჟი ხო არა ხარ, მაგათი სიყვარული იქნება?
- რა გული აგიყრიათ, - ჩაერია საუბარში ცქიტო.
- ღირსები არიან და იმიტომ. ბიჭო, შენც მოდი ჭკუაზე.
- რა? განა დავკარგე.
- არა, ისე, შენ იცი, თუმცა დაკარგე და ეგ არის, ერთ ამბავში ხარ მისი გულისთვის.
მთელი კომპანია დიდი ქუჩისკენ მიმავალ გზას დაუყვა, მერე ცქიტომ ზევით აუხვია, უკან ვახო გაჰყვა.
- ლეილა სახლში არ არის. - უთხრა ბიჭებს მეზობლის ქალმა.
- უკვე მესამე დღეა, არაა სახლში. - თქვა ცქიტომ.
- შენც ნუღარ მიხვალ.
- რატომ?
- რა გინდა, წამო ზღვაზე.
- ხომ არ გაგიჟდი?
- ცქიტო, უყვარხარ ლეილას?
- არა მგონი, ალბათ, მოვწონვარ.
- მოეშვი, - ვახოს ხმა გაებზარა და თვალზე ცრემლი მოადგა.
ცქიტომ ერთხანს უყურა, მერე მოაგონდა, რომ სამი დღე სახლში არა ხვდებოდა “ის” და თვალებიდან ცრემლი წამოუვიდა. ვახომ ცქიტოს თვალები რომ დაინახა, გული ამოუჯდა და ბნელ პოდიეზდში შეუხვია. ბიჭებმა ხელი გადახვიეს ერთმანეთს და აცრემლდნენ. კარგა ხანს იდგნენ ასე, მერე კარიდან მოხუცი ქალი გამოვიდა და კეთილი ღიმილით გაემართა გასასვლელისაკენ. ცქიტოს ბებო მოაგონდა, ცრემლებმა იმატეს, მერე შეიშრო და ჩახრეწილი ხმით იკითხა:
- ავად არის, ბიჭო?
- არა.
- აბა? - ცქიტოს ნესტოები დაებერა.
- ყველაფერი ხდება, ხო იცი, წინათ ვიღაც ჰყვარებია.
- ხო და რა?
- არაფერი, ჩვენ არც ვიცოდით, ისე ჩამოსულა.
- მერე?
- არაფერი, მგონი, არ ვიცი, ერთი სიტყვით.
- თქვი, გათხოვდა, არა? მივხვდი მაშინვე, იმიტომ ავტირდი. ოხ, როგორ მივხვდი!!!
ცქიტომ ცრემლები შეიშრო, ნაგანს ტარი მოუსინჯა. უცებ გაურბინა თავში მთელმა მოტაცების გეგმებმა, რომელსაც ოთხი წელი აწყობდა. ვინ მოთვლის, რამდენჯერ იყო მთებში ბინის მოსაწყობად, რამდენჯერ აიტანა ყველაფერი, გაამზადა. მოაგონდა მანქანა ორი ხევსურით. თავისი თავი მასთან მოსაუბრე. ბიჭები ნიშანს ელოდნენ, ვერ მისცა, ვერ გაბედა.
ცქიტო ჩამოჯდა.
არ შეეძლო, ან როგორ უნდა მიეცა ნიშანი, რომ სტკენოდა რაიმე “იმას”; იქნება დედამისს გული გახეთქოდა. ცოტა ხნის შემდეგ ისევ ახალ გეგმას აწყობდა, უკეთეს ადგილას სძებნიდა სახლს. ერთხელ ეჯდა კიდეც თავისი ნებით მანქანაში, მძღოლი ნიშანს ელოდა, ისევ ვერ შეძლო გატაცება, მოერიდა, შეეცოდა.
ცქიტო წამოდგა.
რამდენს სცემა მისი გულისთვის. რა მისი? - თავისი გულისთვის. თვითონ უყვარდა. რა მისი ბრალია. ოჰ, როგორ უყვარდა. ახლაც უყვარს, არა სძულს!!! გააჟრჟოლა.
ისევ მოუსინჯა ნაგანს ტარი. ახლა კი გადაწყდა, ვახო მანქანისთვის წავიდა. ცოტა ხნის შემდეგ საჯდომზე გადაწოლილი იმისი მეუღლის სადგომისაკენ მიჰქროდა. რაც უფრო უახლოვდებოდა, მით უფრო ემატებოდა ძალა.
- ცქიტო, - დაიწყო ვახომ - გესმის? ბიჭები ზევით არიან უკვე, ვიცი, ნახავ თუ არა, გაფუჭდები, შენ წადი მთაში, ამოგიყვანთ.
- არა.
- წადი, გესმის?
- გაგიჟდი.
ვახო გაჩუმდა.
- ვახო, მოდი, ქმარი მოვიტაცოთ.
- ჯობია, - ვახოს ცოტა გაეღიმა, - ხო, ჯობია, გინდ მოვიშოროთ, მე მგონი, ჯერ ყველაფერი არაა დამთავრებული.
- ვნახოთ.
აგარაკის ბოლოში კიდევ ერთი მანქანა იდგა. იქიდან გადმოსულმა ნოდარმა მოსულები ტყით წაიყვანა. შორს ვიღაცა ხარხარებდა, მეორე კისკისებდა. ცქიტო წინ წავიდა. თვალებზე ცრემლი მოადგა, ნელა გადასწია ბუჩქი, მერე წყნარად მობრუნდა და წამოვიდა, ბიჭები უკან გამოჰყვნენ. მანქანა დაიძრა ქალაქისკენ.
- რატო წამოვედით? - თქვა ვახომ.
- ხო, ცქიტო, რა მოგეჩვენა ისე უცებ? - დაუმატა ნოდარმა.
მერე სიჩუმე ჩამოვარდა. გაჭირდა სუნთქვა.
ბიჭები რესტორანთან ჩამოვიდნენ, ცქიტომ სულმოუთქმელად გადაჰკრა ჩაის ჭიქით კონიაკი და წავიდა სხვა დუქნისკენ, იქაც დაუმატა ორი ჩაის ჭიქა. დუქნები ქუჩის მარჯვენა მხარეს იყვნენ ჩამწკრივებული.
- უკვე კილო ოთხასი დალია. - თქვა ვახომ, რომელმაც ახლაღა ამოიღო ხმა.
- აბა, მაგრამ არაფერი ეტყობა. - დაუმატა ნოდარმა.
ცქიტომ ამღვრეული თვალებით მოიხედა.
- ბიჭებო, იცით, რა ვნახე იქ?
- არა.
- ო-რ-ივე-ნ-ი იწვ-ნენ ჰა-მაკ-ში, იმას მის თმაში ხელი ჰქონდა და იცინოდნენ. - ენის ბორძიკით თქვა და ცრემლები წამოუვიდა.
კიდევ მოიყუდა სასმელი, მაგრამ ვერ დაცალა და უღონოდ დაეცა იატაკზე.
მეორე დილას ძლივს გაეღვიძა, საშინელ ტკივილსა გრძნობდა მთელ ტანში, ოთახიდან ვახო გამოვიდა.
- ბიჭო, მთელი ღამე ცუდად იყავი, მაგდენი სმა იქნება, ბოდავდი.
- ხო, ხელიც ვერ შეგიშალეთ. @- დაამატა ნოდარმა.
ცქიტომ ლეიბის ქვევიდან ნაგანი ამოიღო, ბიჭებმა ერთმანეთს გადახედეს; მან უხმოდ გაიცინა და კუთხეში მიაგდო იარაღი. წამოდგა, თაროდან რობაქიძის “გველის პერანგი” გადმოიღო, მერე ერთი ხელის მოსმით დააწერა: “ლეილას ცქიტოსაგან” და ვახოს სთხოვა, იმისთვის წაეღო აგარაკზე.

წელი 1956. სექტემბრის 22.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი