ჩამოსახრჩობი


ჯუმბერმა ნელა დაიწყო ტანზე გახდა. შარვალი უწესრიგოდ მიაგდო ქვიშაზე და ზევიდან ფეხსაცმელები დააყარა. მზემ დააჭირა. ჰაერში სიცხის ჭავლები პრიალებდნენ. ზღვიდან კისკისი გაისმა. ვიღაცები ფეხბურთს თამაშობდნენ ნაპირზე. ქოლგის ჩრდილქვეშ თავშეყოფილი რუსი ცოლ-ქმარი ვაშლივითა კბეჩდა პომიდორს.
ახლა ხალათი გაიხადა ჯუმბერმა და გრძელი ტრუსის ამარა ზღვისკენ გაემართა. ხმელ, მაღალ ტანს ზლაზვნით მიათრევდა. თასმასავით ჩამოკიდებულ მარცხენა ხელს ძალიან იქნევდა სიარულისას, ხოლო მარჯვენათი ტრუსი ეჭირა. შევარდნილი მკერდი ხშირად უცემდა, თან თვალებს შეუჩერებლივ აცეცებდა. ამ მოძრაობისას მისი ტანთან შედარებით პატარა თავი მხოლოდ ოდნავ ტრიალებდა.
ჯუმბერმა გვერდზე მოიხედა. მაღალი, ათქვირებული რუსის გოგონა ტუჩებმოკუმული გასცქეროდა ზღვას, მერე რაღაცაზე გაეღიმა და ხმამაღლა ჰკითხა მას:
- ვერ მეტყვით, ის რა გემია?
- სადა? - უხალისოდ შეაგება ჯუმბერმა.
- აგერ იქ, პირდაპირ, აგერ, აგერ. - გოგონამ თითი გაიშვირა, თან ტანით ოდნავ მიეხალა მას.
ჯუმბერს თვალები გაუბრწყინდა, უცნაურად აუთამაშდა ფეხი.
- ჰო, “რასია”.
- ოჰ, როგორ ვერ მივხვდი. - გოგონამ კიდევ მოხედა, მერე ნელა შევიდა ზღვაში. ჯუმბერმა ერთხანს უყურა, შემდეგ მზერა ქვიშაზე წამოწოლილ ხალხზე გადაიტანა, ჩქარა გოგონა სულ დაავიწყდა. ახლა მისმა თავმა მტაცებელი ფრინველის გამომეტყველება მიიღო. ნელა გაემართა ტანსაცმლის გასახდელისაკენ; ჩქარა ისევ მობრუნდა და მოაგარაკეების დიდ ჯგუფს მიუჯდა გვერდით.
- შეიძლება, მეც მათამაშეთ კარტი.
- სიამოვნებით, ამ ხელის მერე.
ჯუმბერი კიდევ ახლოს მიიწია, მარჯვენის იდაყვი წამოწოლილმა ქვიშას დააყრდნო, ხოლო მარცხენა ხელი მთელ სიგრძეზე შეაცურა მარჯვენა იღლიის ქვეშ. წინიდან ვიღაც მძლეოსნის ბეჭები ფარავდა. ძლივს მისწვდა გოგოს კაბას და ჯიბე მოუსინჯა. სახეზე უკმაყოფილება გამოეხატა. ტუჩები ოდნავ მოკრძალებით უღიმოდა, ხოლო თვალები უმოძრაოდ გასჩერებოდა. ნელა შეიკუმშა და გამართვისას უფრო ახლოს გადაინაცვლა ტანსაცმლის გროვასთან. ოსტატურად დაფარული მარჯვენათი ახლა ვიღაცის ჯიბესა სინჯავდა.
“საწყალი სამმანეთიანია”, დაასკვნა გულში და ამოღებული ფული ტრუსიკში ჩამალა. ისევ გაწვა.
- გამარჯობათ! ჩვენც გვათამაშეთ რა? - ხმაურით მოვარდნენ გივი და ვახტანგი.
- ამ ხელის მერე, ბიჭებო, აგერ, კაციც გველოდება.
ორივენი მის უკან ჩამოსხდნენ. მან მწარედ შეიკურთხა გულში და ნელა წამოდგა, შემდეგ გამოუმშვიდობებლად გასცილდა მათ.
შიშველი ზურგი მაგრად დაეწვა. ოფლმა დაასხა. მერე უხალისოდ გაიხედა ზღვისკენ. ძალიან მოუნდა ბანაობა, გასწია კიდეც, მაგრამ მახვილი მზერა ხანში შესულ მოაგარაკეზე შეაჩერა, რომელმაც ფულების დასტა ამოიღო, შემდეგ კი მანეთის ვაშლი იყიდა.
ჯუმბერმა სწრაფად ჩაიცვა და ავტობუსის გაჩერებისკენ მიმავალ ფულიანს აედევნა. შუადღის სიცხე ასფალტს ალღობდა. ოფლისაგან ფეხები ეწვოდა, მაგრამ ყურადღება არც კი მიუქცევია. გაჭედილ ავტობუსში ამავალს უკან აჰყვა. ზედ მიეკრა, მერე მარცხენათი ნაშოვნი სამმანეთიანი ამოიღო და მებილეთეს გაუწოდა, ხოლო მარჯვენა ხელი ქვევით ჩააპარა. ფულიანმა უკან მოიხედა, მაგრამ მისი გაწოდებული ხელის გარდა ვერაფერი შეამჩნია.
ჯუმბერმა ხელით მოსინჯა ამოღებული ფული და თვალი მოავლო ავტობუსს. გაჩერებაზე სწრაფად ჩახტა და ქუჩაში მიიმალა.
- თქვენი ბილეთი, - მიმართა ავტობუსის მგზავრებს შემმოწმებელმა.
- ჩემი ფული, ჩემი ფული, ღმერთო ჩემო! - აღმოხდა გაძარცულს, რომელიც ჯიბეში ბილეთს ეძებდა. - გააჩერეთ, გააჩერეთ, გაჩხრიკეთ.
- რამდენი იყო? - შეეკითხა ვიღაცა.
- ორასი თუმანი, ოჯახის შესანახი ფული მთელი თვით, ოხ, ღმერთო ჩემო.
I მგზავრი: ის იქნებოდა ნამდვილად.
II მგზავრი: რომელი, მაღალი, ხმელი, არა?
III მგზავრი: ჰო, ჰო, ამას წინაზეც შევამჩნიე.
I მგზავრი: უნდა დახვრიტო ეგენი.
IV მგზავრი: დახვრეტა ცოტაა.
ავტობუსი გაჩერდა, გაძარცული უკან გაიქცა ქოშინით, მგზავრები კი განაგრძობდნენ შფოთვას.
II მგზავრი: უნდა ჩამოახრჩო ეგეთები.
მათხოვარი ქალი: ეჰ, საწყალი, ეგ საცოდავი.
კონდუქტორი: საწყალი? საცოდავი? რას ამბობ.
მგზავრებმა ახლა მათხოვრის ლანძღვა დაიწყეს ქურდის შებრალებისათვის.
დაზარალებული ქოშინით მირბოდა წინა გაჩერებისკენ. ავტობუსი კი ძველ მგზავრებს ტოვებდა და ახლებით ივსებოდა.
წელი 1956. სექტებრის II. 10.30-II.15.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი