ცათამბრჯენებიდან მოშორებით
ქუჩაში ბნელოდა; ასფალტი მოსხმული არ იყო და ფეხი მეჩხერად ჩასობილ ქვებს ედებოდა. მერე სინათლე აინთო. ნათურა ბოძის თავზე ეკიდა ცალი ყურით, ძლივს ანათებდა სახლის კედელს და ძველ მიმპალ ბოძს. სინათლის ნაწილი ეზოს შესასვლელში შედიოდა. იქ ნაგვისყუთი იდგა, შიგ ნაგავი აღარ ეტეოდა და გარეთ ეყარა ნაწილი. მერე შუქი წყდებოდა. ეზოში ბნელოდა. აქა-იქ ბჟუტავდნენ შუშაბანდები. კედლის ჩრდილში ნაგვის ყუთთან ვიღაც იჯდა და ქექავდა. ქაღალდებს ტომარაში ტენიდა, კონსერვის ყუთებს ჩანთაში. ბოძზე ნათურა ეკიდა და ნაგვის ნაწილს ანათებდა: სიბნელეში მჯდომი ქექვას განაგრძობდა. შუქის ქვეშ ორმა შლიაპამ ჩაიარა: ერთი ქალის იყო, მეორე კაცის; ეზოში შეუხვიეს; სინათლეს გასცდნენ. სიბნელეშიაც ცოტა ნათელი იყო. ის იჯდა და ქექავდა. მათ დანახვაზე გაირინდა. კაცი და ქალი იდგნენ სიბნელეში: კაცი კოცნიდა ქალს, მერე ქალმა კისერზე მოჰხვია ხელი და მიიზიდა: მან ქექვა განაგრძო: მხოლოდ რკინის საჩხრეკი ჯოხი ჩანდა სინათლეში. კედელს აყუდებულები კოცნაობდნენ. მერე კონსერვის ყუთი იპოვა იმან და სხვა ყუთებთან ჩააგდო ჩანთაში. - ჩხაკ! - გაისმა. იმან რკინის ჯოხი ჩრდილში შეწია. ქალმა კოცნა შეწყვიტა: - აქ ვიღაც არის, - თქვა მან. კაცი შემობრუნდა: - მათხოვარია, - თქვა კაცმა. - ოჰ, - თქვა ქალმა, მერე ისევ მოჰხვია კაცს კისერზე ხელი: კაცი დაეკონა. ის კი იჯდა. მერე ადგა, ორივე ტომარა მოიკიდა მხარზე და წავიდა: ჯერ მისი თავი გამოჩნდა შუქზე, შემდეგ ბარგი. გავიდა ქუჩაში. გაუხვია. ფეხებს მიათრევდა. მეჩხერ ქვებს ეჩეხებოდა აფხრეწილი ლანჩებით: თავზე სხვა ნათურა ანათებდა ისევ: ნელა, ფეხათრევით შეუხვია სხვა ეზოში და სანაგვეს თავი ახადა. წელი 1957. მარტის 31.
შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.
© POETRY.GE 2013 - 2024
@ კონტაქტი
0 კომენტარი