ცქიტო და სელიოდკა


გადაუღებლივ წვიმდა ორი დღე. ცქიტოს ცხვირი მიედო გრილ ფანჯარაზე და თვალგაშტერეული უყურებდა ატალახებულ ქუჩას. ოღტოჩოღროებში წყალი ჩამდგარიყო. შიგ მოხვედრილი წვეთები რკალებად იშლებოდნენ. ტკაპ! ტკაპ! - ისმოდა დაუსრულებლად სახურავზე წვეთების ხმა. ვიღაცა მოპირდაპირე პოდიეზდში შევიდა. მისი ნაფეხურები ერთხანს ჩანდნენ ქვაფენილზე. მერე წვიმამ წაშალა. მოხუცი დედაკაცი დახეული, შავი ქოლგით ქუჩას აღმა მიჰყვებოდა. თითოეულ ნაბიჯს დიდი სიფრთხილით ადგამდა, მოხერხებულად ხმარობდა ფეხის ქუსლს, ან წვერს, გუბის სიდიდისა და მოყვანილობის მიხედვით. ეტყობოდა, ფეხები სველი ჰქონდა.
-ვალიკო, ჩქარა დაბრუნდი! - მოისმა ყრუდ ქალის წვრილი ხმა. ქუჩა გადაირბინა ათიოდე წლის ბიჭმა. მას თავზე ძველი, ალბათ მამის, პიჯაკი გადაეხურა. ფეხები დიდ ფლარტუნა კალოშებში ჩაეყო და პატარა გუბეებს ტყაპუნით ახტებოდა. მოზრდილ გუბესთან კალოში გასძვრა ფეხიდან. იგი ასკინკილით შემოტრიალდა და წინდებში გამოყრილი შიშველი ფეხი ჩაყო კალოშში. მეზობლის ახალგაზრდა რძალმა ვედრო გამოიტანა და საწვიმარს შეუდგა გასავსებად. როცა მანქანა აივლიდა, სველ ასფალტზე საბურავების კვალი რჩებოდა.
ცქიტო მისჩერებოდა გუბეებში წვეთების ვარდნას. ერთი, ორი, სამი - სულ ახალი რკალები. ორი წვეთისგან გაჩენილი რკალები ერთმენეთს ხვებოდნენ და გადაკვეთისას წყდებოდნენ. უცებ მანქანამ ჩამოიარა და გუბეში დიდი შხეფი ჩააგდო. მსხვილმა რკალებმა მთელ ზედაპირზე გამარჯვებულად გადაიარეს. ცქიტომ დაორთქლილი ფანჯარა გაწმინდა, ქუჩა მოათვალიერა და შეეცადა, რამეზე ეფიქრა. მისი გონება უკვე დაღლილი იყო ფიქრისგან. იგი ახლაც გამალებით მუშაობდა, მაგრამ ფიქრი მის შეცნობამდე ვეღარ აღწევდა. მან კვლავ გადახედა ქუჩას, შემობრუნდა და თავისი ოთახი უაზრო მზერით მოათვალიერა. ტახტზე წამოწვა. გარეთ კი სულ წვიმდა და წვიმდა.
ერთხანს ასე თვალდახუჭული იწვა, მერე თვალები გააღო და თეთრ ჭერს მიაშტერდა. ზედ უმოძრაოდ ისხდნენ ბუზები. იშვიათად რომელიმე წამოფრინდებოდა და უღონო ბზუილით სადმე ახლოს გადაჯდებოდა. სამზარეულოში ჩაიდანი განუწყვეტლივ შიშინებდა. ხანდახან ორთქლი სახურავსა სწევდა და ნელა აკაკუნებდა.
შემოდგომის ცხელი დღე სრულდებოდა.
გარეთ კი სულ წვიმდა და წვიმდა.
ცქიტომ წათვლიმა. გადაღლილი გონება ბორგავდა და ძილში არ ასვენებდა. როცა გამოიღვიძა, უკვე ღამე იყო. წვიმას გადაეღო და დახლეჩილი ღრუბლებიდან სავსე მთვარე ანათებდა. ცქიტო ფანჯარასთან მივიდა. გუბეებში მთვარე და სწარაფად მოძრავი დახლეჩილი ღრუბლები მოჩანდა. ქარი წამოუბერავდა ხოლმე და ცის გამოსახულებას ააკანკალებდა გუბეში. ვიღაცამ ზარი დარეკა, ცქიტომ საათს დახედა. პირველი საათი იყო. მერე კარი გააღო და შემოსულ მამას მიეგება.
- სად იყავი, მამა, ამდენ ხანს?
- აი, ხაზარაძის მამა გარდაიცვალა და იმის ქელეხში ვიყავით, აღარ მოგვეშვა.
- ეგ რა არის ყუთში?
- ჰე! ეს ახალი მონადირე ძაღლია. სუფთა სისხლის სეტერი.
- სად იშოვე?
- ჯანაშვილმა მაჩუქა, ჯერ კიდევ დაბადებამდე. ახლა ქელეხიდან ერთად წამოვედით და გამოვართვი.
- რა ჰქვია?
- მე მინდა ტუჩა დავარქვა.
- არა, ლელო სჯობია.
- რას ამბობ, თუ ტუჩა არ გინდა, მაშინ ჯუნა დავარქვათ.
- არა, ეგ ისეთი მოძრავი ჩანს, ელვა მოუხდება.
- კარგი, ელვა იყოს.
იატაკზე მჯდარი ერთი თვის ლეკვი ინტერესით ათვალიერებდა ახალ გარემოს. უცებთვალი მოჰკრა ვირთაგვას, რომელიც დერეფანში გაცუნცულდა და თავის სოროში ჩაძვრა. ლეკვმა შიშისგან ჩაისვარა და მამის ფეხს კანკალით მიეკრა.
- ელვა, გეშინია? - ჰკითხა ცქიტომ.
- ეშინია, მაშ! ბიჭო, წყალი დადგი, ვაბანაოთ, თორემ ჯანაშვილს თვითონა ჰყავს რწყილები, ძაღლს კი არა.
- ახლავე დავადგამ.
ცქიტომ ნავთქურას თავი გადახადა და ასანთი მოუკიდა. პატრუქმა ბჟუტვა დაიწყო და ჩაქრა.
- ნავთი არ არის, მამა.
- კარგი, იყოს.
- არ ვაბანაოთ?
- არ უნდა. ახლა დუსტს დავაყრი. ხვალე ელექტრონი იქნება და წყალი გავაცხელოთ.
- შენ ხომ არა გშია, მამა?
- არა. ხომ გითხარი, ქელეხიდან მოვდივარ-მეთქი. შენ გშია? მგონი, დილით ფული ვერ დაგიტოვე.
- ჰო, არა უჭირს.
მამამ ჯიბეში ხელი ჩაიყო და ქაღალდში შეხვეული ბუტერბროდი ამოათრია. ქაღალდი შემოაცალა და ცქიტოს გაუწოდა.
- ჭამე, ბიჭო, მართალია, თევზია, მაგრამ შენ ხომ გიყვარს სელიოდკა.
- ჰო, მიყვარს.
მამამ საბანი ფადაწია და ტახტზე დაწვა. ტახტი აჭრიალდა. ცქიტო კვლავ გაუხდელად წამოწვა ტახტზე.
დახლეჩილი ღრუბლები შეიკვრნენ და მთვარე აღარა ჩანდა. გაისმა კანტიკუნტი ტკაპუნი წვეთებისა სახურავზე და წვიმა ისევ დაიწყო. ცქიტო კარგა ხანს უყურებდა თეთრ ჭერს, რომელზედაც ქუჩის სინათლის სხივი ციმციმებდა.
იმ ღამეს წვიმას აღარ გადაუღია.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი