ჯერ ძალიან ბნელოდა..


ჯერ ძალიან ბნელოდა: ასე იცის გათენების წინ, მერე ოდნავ გაბაცდა სიბნელე, მერე უფრო გაბაცდა, ბოლოს გათენდა. ცაზე ღრუბელი არ იყო და საიდანღაც დაიწყო მზემ ამოსვლა. მე ამის შესახებ არაფერი არ ვიცოდი: ვიწექი გულაღმა ჩემს საწოლში და მეძინა. ასე წოლა ყველაზე ძალიან მიყვარს, როცა გულდაღმა წოლით ვიღლები. საერთოდ კი მარჯვენა გვერდზე მძინავს ხოლმე.
- რამდენს ტრიალებს ძილში ეს ბიჭი, - სიზმარივით მომესმა დედის ხმა, მერე ვიგრძენი, რომ საბანი დამახურეს. მესიამოვნა. მაინც გამიტყდა ძილი. ვიწექი და ვფიქრობდი სიყვარულზე. რატომღაც მეჩვენებოდა, რომ ლია უფრო მიყვარდა, ვიდრე ნანა. ალბათ, იმიტომ, რომ მას დიდი ხამხამა თვალები და თხელი მაღალი ტანი ჰქონდა, თუმცა ნანას შავი თმა და სწორი პროფილი, რის პროფილი... სქელი ტუჩები: სულ ნელა რომ სუნთქავდნენ... არა, არ ვიცოდი, რომელი უფრო მიყვარდა.
ნელა დავიწყე ადგომა. ცოტა ციოდა. “მარტი გადის, აღარ დათბა”, გავიფიქრე. ფეხები ტახტიდან ჩამოვკიდე.
ქვევით მაღალყელიანი ფეხსაცმელები ეწყო და ზევიდან წინდები ეყარა. ავარას სტვენით დავიწყე ჩაცმა. როცა შევიკარი თასმები, მაშინღა მომაგონდა, რომ შარვალი ჯერ არა მქონდა ჩაცმული. გახდა დამეზარა. ძლივს გავტიე ერთ ტოტში ფეხსაცმელი. შარვალი ძალიან ვიწრო იყო. ტახტზე ჩამოვჯექი. “გამიჭირა რა საქმე ამ შარვლის ჩაცმა-გახდამ ყოველდღე”, გავიფიქრე, მერე მეორე ფეხი ჩავაცურე ტოტში. ვგრძნობდი, როგორ ეწმინდებოდა შალს ფეხსაცმლის მტვერი.
სახლიდან შუა დღეს გამოვედი. მძიმე მაღალყელიანებს ნელა ვადგამდი. ტაკ-ტაკ-ტაკ, ისმოდა ასფალტზე. მოკლე იტალიური პალტო უკანა მქონდა გადაწეული ბეჭებზე, ქვევიდან მარტო თეთრი დიდსაყელოიანი პერანგი მეცვა, გულგაღეღილი. უკნიდან მზე აჭერდა და მცხელოდა, წინიდან კი ცივი ნიავი შემოდიოდა პალტოში, მერე პერანგში. ღრმად ვისუნთქავდი. პალტოს ჯიბეში ასმანეთიანი მოვსინჯე. “ესეც ასე”, გავიფიქრე, მერე უბიდან ამოჩრილ თემას დავხედე, რომელშიაც წინა დღეს ხუთი დამიწერეს. ლექტორმა თვითონ წამოაყენა წინადადება მისი დაბეჭდვის შესახებ. მერე კი ასპირანტურა მელოდა, ახლა უკვე უმისოდ ვეღარ წარმომედგინა. მთელი დღე ფორმულები მიტრიალებდა თავში. არა, მაინც ჩემი უფრო სწორი იყო, თუმცა ჯერ ვერ ვასაბუთებდი მთლიანად. გამოთვლებში გავერთე. დიდ ქუჩაზე ხალხმა იმატა. ნელა გამეფანტა ყურადღება. ახლა ორი ფორმულაღა მიტრიალებდა თავში. ტრამვაი გრიალით მიდიოდა ქვევით. წინა ბაქანზე ვიღაცის აშლილ თმას მოვკარი თვალი. მერე კისკისი მომესმა. ახლა ქუჩის თავიდან ისმოდა კისკისი. ვიღაც ახმახს ხელი გამოედო ორი გოგოსთვის და რაღაცას უყვებოდა.

1957 წელი. [მარტი]

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი