თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი


იაკობ გოგებაშვილს

შენ „დედაენით“ მწუხრს მიჰკაფავდი,
სიძნელეს გზისას არად აგდებდი.
როგორც ილიას, ვაჟას, აკაკის,
გშვენის დიდების შარავანდედი.

გულის ღადარში წიგნი წრთობილი
მტრის შუქს აქრობდა, ჩვენს გულს ათბობდა.
შენ ბიბლიური იაკობივით
ერკინებოდი უსამართლობას.

წიგნი კი არა, ჩვენთა მართვეთა
სიტყვა, სიმღერა ხალისიანი,
წიგნი კი არა, ფარი ქართველთა,
ამოღებული ხმალი ფხიანი.

წიგნი კი არა, ყრმობის ზღაპარი,
წყაროს ჩუხჩუხი, ფშვინვა იათა,
წიგნი კი არა, წმინდა ლამპარი,
შეჭიდებული ღამის წყვდიადთან...

ტოროლა, ცად რომ მიიტყორცნება,
მაღლა აჭრილი მთები მზიანი,
ხამისპერანგა ბიჭის ოცნება,
ნამგლის წკრიალი, ყანის შრიალი...

წიგნი კი არა, მიმოფანტული
კაბადონებზე სხივთა მარმაში,
სიტყვა ქართული, სული ქართული
ჩართული დედის იავნანაში.

ჩვენ კარგად ვიცით სიბრძნე ნამდვილი,
შენს წმინდა წიგნში ამოქარგული;
თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი,
გულში გაკლია ცეცხლი ქართული.

ჩვენ კარგად ვიცით აზრი ხალასი,
რაც გვიანდერძა წიგნმა ნათელმა:
თუ დედაენით შვილებს არა ზრდი,
თავი ტყუილად მოგაქვს ქართველად.

ჩვენ გვიყვარს წიგნი სიტყვახატული,
განა სიტყვები?... ნატვრის თვლებია.
თუ დაივიწყე ენა ქართული,
მაშ, საქართველო დაგვიწყებია...

ვინა სთქვა, ვითომ ბედმა დაგვცინა,
ძე არ გაღირსა, როგორც ილიას,
ვისაც მამულის მადლი აცხია
შენი ძე არის, შენი შვილია.

განა რა ძალით დაიკეცება
ან ეს ტრამალი, ან ეს ჩვენი ცა...
მოდგმიდან მოდგმას გადაეცემა
შრიალი შენი „დედაენისა“.

შეგიძლიათ გააზიაროთ მასალა, თუ მიუთითებთ ავტორს.

0 კომენტარი

© POETRY.GE 2013 - 2024

@ კონტაქტი